საქმის ნომერი: 1ბ/122-18
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ვეფხია ლომიძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: 1/3271-17
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1ბ/122-18 (2018-03-23), www.temida.ge
საქმის № 1ბ/122-18

განაჩენი
საქართველოს სახელით
       23 მარტი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ვეფხია ლომიძე

ლელა ბახტაძის მდივნობით,

სახელმწიფო ბრალმდებლების: თინათინ ჭურღულიას, ანი მაისურაძის
მსჯავრდებულის: ო. მ.-ს
ადვოკატის: ლ. ა.-ს მონაწილეობით,

ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ო. მ.-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. ა.-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №001260617004): ო. მ.-ს მიმართ, დაბადებული 1970 წლის 9 ავისტოს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #XXXXXXXXXXX), უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის: ქ. გ., ს.-ს ქუჩა NXX, ფაქტობრივად მცხოვრების: თ., ა.-ს ქუჩა NXX-ში.

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126[1]-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო. მ.-მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, დამცირება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ო. მ.-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 26 ივნისს, დაახლოებით 10:30 საათზე ქ.თ.-ში, ა.-ს მეორე შესახვევის მიმდებარე ტერიტოტრიაზე ო. მ.-მ მეუღლეს - თ. ნ.-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მოქაჩა თმები და ხელი დაარტყა სახის არეში. თ. ნ.-მ დააღწია თავი და გაიქცა, რა დროსაც ზურგში და თავში ბრალდებულმა ესროლა ქვები. შედეგად დაზარალებულმა თ. ნ.-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენით:

ო. მ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126[1]-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

ო. მ.-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

ო. მ.-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 6 დეკემბრიდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 26 ივნისიდან 2017 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ო. მ.-მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ა.-მ, რომლებმაც მოითხოვეს განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ ო. მ.-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ო. მ.-ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი. სასამართლო უთითებს, რომ სახეზეა ერთმანეთთან თანხვედრაში მყოფი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება წარდგენილ ბრალდებაში ო. მ.-ს ბრალეულობა. ამიტომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - გამამატყუნებელი განაჩენი მსჯავრდებულ ო. მ.-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის დროს გამოიკვლია ბრალდების მხარის მტკიცებულებები: შეტყობინების ოქმი, ო. მ.-ს ბრალდებულის სახით დაკავების ოქმი, ლევან სამხარაულის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 29 ივნისის #003727117დასკვნა, მოწმეების ზ. ნ.-ს, ზ. ნ.-ს, გ. რ.-ს და ლ. ჯ.-ს დაკითხვის ოქმები და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებები, რაც დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე. გამოკვლეული იქნა სადავო მტკიცებულება - 2017 წლის 28 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ხოლო დაზარალებულმა თ. ნ.-მ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოიყენა კანონმდებლობით - საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მისთვის მინიჭებული უფლება და, როგორც ბრალდებულ ო. მ.-ს ახლო ნათესავმა, უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.“ ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გინივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. აღნიშნული სტანდარტი დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, რომელიც არაერთ გადაწყვეტილებაში (no.65899/01 ECHR 30/11/2005 და no. 40852/05. & 56, ECHR 09/02/2016) უთითებს, რომ წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმციების ერთობლიობიდან.

საქმეზე შეკრებელი და წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სახეზეა იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის მახასიათებელი ყველა ნიშანი, რისთვისაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ო. მ. იქნა მსჯავრდებული.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს პალატა აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულელების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ თითქოს საქმეში არ მოიპოვება არათუ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი, რომელიც დაადასტურებდა ო. მ.-ს მიერ ინკრიმინირებული ქმედების ჩადენას და რომ თითქოს პირველი ისტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას იხელმძღვანელა მხოლოდ ირიბი მტკიცებულებებით, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარის სტანდარტს.
მოწმეების - გამოძიების ეტაპზე დაკითხული ზ. და ზ. ნ.-ს ჩვენებებით, რომლებიც დაცვის მხარეს პირველი ინტანციის სასამართლოში სადავოდ არ გაუხდია, დადგენილია შემდეგი:
თ. ნ. არის ზ. და ზ. ნ.-ების დედა, რომელიც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ო. მ.-თან - ეს უკანასკნელი არის მათი მამობილი. დედასა და მამობილს შორის არსებულ კონფლიქტს ისინი ხშირად შესწრებიან, რა დროსაც ო. მ.-ს არაერთხელ მიუყენებია თ. ნ.-სათვის ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა. 2017 წლის 26 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე მათთან სახლში მივიდა თ. ნ., რომელიც იყო აღელვებული და ატირებული. დაინტერესდნენ, თუ რა დაემართა დედას, რადგან იგი ამ დროს სამსახურში უნდა ყოფილიყო. დედამ მათ უამბო, რომ სამსახურთან მისულს გზად დახვდა ო. მ., რომელსაც დანახვისთანავე მოარიდა თავი და უკან გამობრუნდა, თუმცა იგი თან გამოჰყვა ლანძღვა- გინებით და როდესაც მათ სახლთან ახლოს მივიდნენ, დაეწია, მოქაჩა თმებში, გაშლილი მარჯვენა ხელი დაარტყა ერთხელ სახის არეში მარცხენა მხარეს. თ. ნ.-მ თავი დააღწია მას და გაიქცა სახლისაკენ, თუმცა ო. მ.-მ ესროლა ძირს დაყრილი ქვები და ხრეში. ერთი ქვა დაზარალებულს მოხვდა თავში, დანარჩენი კი - ზურგის არეში. მიუხედავად ძლიერი ტკივილისა, იგი არ შეჩერებულა, რადგან შეშინებული იყო და სირბილით მივიდა მათთან სახლში.
აღნიშნული პირების მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ინფორმაციით ასევე დგინდება, რომ როდესაც თ. ნ. მოცემული შემთხვევის შემდეგ სახლში მივიდა მათ ნახეს, რომ იგი თავზე ხელს და სველ ტილოს იდებდა, რადგან განიცდიდა ტკივილს. გარდა აღნიშნულისა, მითითებული პირები გამოკითხვის ოქმებში დეტალურად გადმოსცემენ დაზარალებულის ფსიქო ემოციური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, კერძოდ, ისინი აღნიშნავენ, რომ თ. ნ. იყო ძალიან გაღიზიანებული და აღელვებული. გარდა ამ კონკრეტული შემთხვევისა, ზ. და ზ. ნ.-ები არაერთხელ გამხდარან მათი მამობილის მხრიდან დედის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტის შემსწრენი. შესაბამისად, მათ მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია დაზარალებულის მიმართ მიყენებული დაზიანებების განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით განხილული უნდა იქნას, როგორც მნიშვნელოვანი და საქმისათვის რელევანტური მტკიცებულება.
ამდენად დაზარალებულის შვილები მართლა არ შესწრებიან უშუალოდ დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მაგრამ ისინი შეესწრნენ მის შემდგომ მოვლენების განვითარებას და გამოძიებას მიაწოდეს ინფორმაცია იმ გარემოებებზე, რაც უშუალოდ დაინახეს. მოწმეთა ჩვენების გარკვეული ნაწილი შეეხება იმ ინფორმაციას, რომელიც მათ უშუალოდ მიიღეს - პირადად დაინახეს სახლთან ახლოს მისული ოთარ მაზმიშვილი და პირადად ნახეს ნაცემი დედა, რომელიც იყო აღელვებული, განიცდიდა ტკივილს და ხელს და სველ ტილოს იდებდა სხეულის მტკივან ადგილებზე. ჩვენების დანარჩენი ნაწილი კი დაფიქსირებულია დაზარალებულისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც ბოლომდე ავსებს მათ მიერ ნანახი სურათი, ამიტომ მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ არსებობს. ისინი საქმეში არსებულ სხვა შეთანხმებულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ცალსახად ადგენენ ო. მ.-ს ბრალეულობას და ეჭვი არ აჭარბებს დასაშვებ - გონივრულ ზღვარს - ეს მტკიცებულებები გამორიცხავენ დაზარალებულის მიერ დაზიანებათა მიღების სხვა ვერსიების შესაძლებლობას.
რაც შეეხება ზ. და ზა. ნ.-ების გამოკითხვის ოქმების ტექსტების მსგავსებას, მოცემულ შემთხვევაში ეს გარემოება არ შეიძლება მიუთითებდეს მათი მტკიცებულებითი ღირებულების სიმცირეზე და არ იძლევა მათში ეჭვის შეტანის საფუძველას.
სასამართლო მხედველობაში იღებს საქმის სპეციფიკას, იმას, რომ სახეზეა ოჯახური ძალადობის ფაქტი და ბრალდების მხარე მტკიცებულებებად არ იყენებს მაგალითად, პოლიციელთა ჩვენებებ, რომელთა სანდოობის ხარისხი დაბალია საქმის შედეგისადმი მათი სუბიექტური დამოკიდებულების გამო. დაზარალებულის შვილები იყვნენ ერთად და დანაშაულის ჩადენის შესახებ მიიღეს იდენტური ინფორმაცია. ამიტომ მათი ჩვენებების შინაარსიც იდენტური იქნება. რაც შეეხება ჩვენებებში ფრაზების გამეორებას (ტექსტის შესაძლო კოპირებას), ეს განხილული უნდა იქნას, როგორც გამოკითხვის ოქმების გაფორმების ხარვეზი და არა როგორც მათ შინაარსში ეჭვის შეტანის საფუძველი.
ზ. და ზა. ნ.-ების გამოკითხვის ოქმებში მითითებული ინფორმაციის სანდობაასთან დაკავშირებით სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს: გარდა იმისა, რომ დაცვის მხარეს ისინი სადავოდ არ გაუხდია, არც დაზარალებულს უარყვია ამ ოქმების შინაარსის სისწორე. მან მხოლოდ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და ოჯახის წევრის წინააღმდეგ სასამართლოში არ მისცა მამხილებელი ჩვენება, რაც სასამართლოს არ ზღუდავს, შეაფასოს სხვა დანარჩენი მტკიცებულებები. ამდენად, დაუსაბუთებელია დაცვის პოზიცია, თითქოს დაზარალებულის მიერ ოჯახის წევრის მიმართ მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარი სასამართლოს მიერ განიმარტება მსჯავრდებულის საწინააღმდეგოდ.
ზ. და ზა. ნ.-ების გამოკითხვის ოქმებში ასახული ინფორმაცია მთლიანად დასტურდება საქმეში არსებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც ,,მოქალაქე თ. ნ.-ს 26.06.17 წელს პირადი შემოწმების მომენტისათვის აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით (მათი აღწერილობა და ლოკაცია იხ. პირადი შემოწმების მონაცემებში). აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს. ექსპერტის მიერ დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ შესამოწმებელი პირის გადმოცემით 26.06.17 წელს, 10:30 საათზე ქ.თბილისში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მეუღლემ - ო. მ.-მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, საქმეზე შეკრებილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, დაასკვნას, რომ ო. მ.-მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.
მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე - დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და შეაფასა შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი (არ გააჩნია) გარემოებები, მსჯავრდებულის პიროვნება, წარსული ცხოვრება, დანაშაულის მოტივი და მიზანი, მისი საზოგადოებრივი საშიშროება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი და ჩათვალა, რომ გამოყენებული სასჯელი თანაზომიერი და პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ ო. მ.-ს მიმართ დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო მხედველობაში იღებს მოცემული დანაშაულის სპეციფიკასა და სახეს და ითვალისწინებს, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ მსჯავრდებული დაუბრუნდება ისევ იმ გარემოს - ოჯახს, სადაც ყოველდღიური სოციალური ურთიერთობების ფონზე წარმოიშვა კონფლიქტი, რამაც დანაშაულის ჩადენა განაპირობა. ამიტომ სასამართლო თვლის, რომ მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა სწორედაც რომ დაკავშირებული უნდა იყოს მის რეალურ მოთავსებასთან თავისუფლების აღკვეთის ადგილას, რათა მან ბოლომდე გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგობა, დაფიქრდეს და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. სასამართლო თვლის, რომ სწორედ თავისუფლების აღკვთის სახით დანიშნული სასჯელის რეალურად მოხდა უზრუნველყოფს სასჯელის ასეთი ეფექტის მიღწევას. სხვაგვარად სასჯელის გამოყენებას ფორმალური ხასიათი ექნება და იგი ვერ უზრუნველყოფს დანაშაულის პრევენციის მიზანს.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენი ო. მ.-ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ო. მ.-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. ა.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენი ო. მ.-ს მიმართ დარჩეს უცვლელი;

ო. მ. ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126[1]-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ო. მ.-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

ო. მ.-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 6 დეკემბრიდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 26 ივნისიდან 2017 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.