საქმის ნომერი: 1ბ/781-18
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ვეფხია ლომიძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: 1/2905-18
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1ბ/781-18 (), www.temida.ge
საქმის № 1ბ/781-18

განაჩენი
საქართველოს სახელით
       , წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ვეფხია ლომიძე

ლელა ბახტაძის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის: გიორგი მერაბიშვილის
ბრალდებულის: ა. ბ.-ს
ადვოკატის: თ. გ.-ს
მონაწილეობით,
ღია სასამართლო სხდომაზე ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ გიორგი მერაბიშვილის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №006180XXXXXX) ა. ბ.-ს მიმართ. ა. ბ. დაბადებულია 1983 წლის 1 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი №XXXXXXXXXXX), უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ. თ.-ში, ი. კ.-ს №X.
წარდგენილი ბრალი: საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის 2018 წლის 25 ივნისის დადგენილებით ა. ბ. ცნობილი იქნა ბრალდებულად და წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. ბრალდების ფორმულირების მიხედვით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ა. ბ.-მ ჩაიდინა თვითნებობა, ესე იგი ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ა. ბ.-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 18 მარტს ქ. თ.-ში, ა.-ს გამზირი №XXX-ში მდებარე კომპანია ,,ს. პ.-ს“ სპეციალური საჯარიმო ავტო სადგომიდან თვითნებურად, შესაბამისი ნებართვის გარეშე გაიყვანა მის მფლობელობაში არსებული ,,ტოიოტა ქამრის“ ფირმის ავტომობილი ს/ნ XXXXXX. აღნიშნული ქმედებით კომპანია ,,ს. პ.-ს“ მიადგა 100 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორის გიორგი მერაბიშვილის შუამდგომლობა ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა მეტრეველსა და ბრალდებულ ა. ბ.-ს შორის 2018 წლის 25 ივნისს გაფორმებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და ამ უკანასკნელის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე, რომლითაც იგი ცნობილი უნდა ყოფილიყო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განსაზღვროდა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკუარტურის სტაჟიორმა გიორგი მერაბიშვილმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის განჩინების გაუქმება, შუამდგომლობაში მითითებული პირობებით საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა და საპროცესო შეთანხმების დამტკიცება ბრალდებულ ა. ბ.-სთან.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე საჩივრის განხილვისას ბრალდებულმა ა. ბ.-მ და მისმა ადვოკატმა თ. გ.-მ მხარი დაუჭირეს საჩივარს და მოითხოვეს მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის განჩინება ბრალდებულ ა. ბ.-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, ამოწმებს, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება, არსებობს თუ არა ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და არის თუ არა კანონიერი და სამართლიანი სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი.

საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება.

პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელებას იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ა. ბ.-ს მიმართ წარდგენილი კვალიფიკაციის (თვითნებობა) ობიექტურ ნიშანს წარმოადგენს მნიშვნელოვანი მატერიალური ან მორალური ზიანი. არის თუ არა დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი მნიშვნელოვანი, ამის დასადგენად აუცილებელია დაზარალებულის პოზიცია. აღნიშნულის დადგენის გარეშე კი გამორიცხულია ქმედების საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირება. საქმის მასალებიდან დგინდება, რომ ა. ბ.-ს ქმედებამ გამოიწვია ,,ს. პ.-ს“ მიმართ 100 ლარის ღირებულების ზიანი. საქმეში არსებული ,,ს. პ.-ს“ მენეჯერის 2018 წლის 25 მაისის წერილი ადასტურებს ,,ს. პ.-ზე“ მიყენებული 100 ლარის ღირებულების ზიანს, მაგრამ სხვა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ დაზრალებულ ,,ს. პ.-სთვის“ მიყენებული ზიანი იყო მნიშვნელოვანი, საქმის მასალებში არ მოიპოვება.

საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების თავში სისხლის სამართლის კოდექსი თვითონვე განმარტავს ქონების უკანონოდ დაუფლებით გამოწვეული მნიშვნელოვანი ზიანის მინიმალურ ზღვრულ ოდენობას (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით). აღნიშნულისაგან განსხვავაებით საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლში მნიშვნელოვანი ზიანის ოდენობას კანონმდებელი არ გვთავაზობს. შესაბამისად, მითითებული მუხლის დისპოზიციაში ჩამოყალიბებულმა ქმედებამ გამოიწვია თუ არა მნიშვნელოვანი ზიანი, აფასებს და წყვეტს საქმის მწარმოებელი ორგანო - პროკურატურა და სასამართლო. თვითნებობით გამოწვეული ზიანის მნიშვნელოვანი ოდენობის დასადგენად, ბუნებრივია, გათვალისწინებული უნდა იქნას დაზარალებულის მატერიალური მდგომარეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთიდაიგივე ოდენობის ზიანი ერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, მეორეში კი - არა. ამდენად, ა. ბ.-სთვის ბრალად შერაცხული ქმედების აუცილებელი ობიექტური ნიშნის - მნიშვნელოვანი ზიანის არსებობის დასადგენად აუცილებელია როგორც დაზარალებულის მიერ მიყენებული ზიანის მნიშვნელოვნად მიჩნევა, ასევე ამ გარემოების რეალურად დადასტურება.

მოცემულ შემთხვევაში დაზარალებული კომპანიაა ,,ს. პ.“, რომელსაც თავისი საქმიანობის სახისა და მასშტაბების გათვალისწინებით აქვს სოლიდური მატერიალური შესაძლებლობები და მათი მხედველობაში მიღებით არ უნდა იქნას მიჩნეული მნიშვნელოვან ზიანად ა. ბ.-ს ქმედებით გამოწვეული მატერიალური ზიანი 100 ლარის ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანის არსებობის დადასტურებისათვის საკმარისი არ იქნებოდა ,,ს. პ.-ს“ ფორმალური განცხადება, რომ ზიანი მნიშვნელოვანია. ეს გარემოება უნდა დადგინდეს უტყუარი მტკიცებულებებით. უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდების მიერ საჩივარში მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 6 ოქტომბრის 2149აპ-07 განჩინებაში მითითებული შემთხვევა განსხვავდება მოცემულ საქმეზე განსახილველი ქმედებისაგან იმით, რომ მასში დაზარალებულს წარმოადგენდა ფიზიკური პირი, რომელსაც არ ჰქონდა დაფიქსირებული, რომ თვითნებობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

საჩივარში მოყვანილია ჰიპოთეტური მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ერთდროულად მსგავსი ათასი დარღვევა ,,ს. პ.-ს“ ასი ათასი ლარის მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებდა, რამეთუ მისი შემოსავალი სწორედ ამ ასლარიანი საჯარიმო თანხებით ივსებაო. ასევე მითითებულია, რომ ა. ბ.-ს ქმედებას ექნება წამახალისებელი ეფექტი, თუკი მას სისხლისსმართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებაო.

აღნიშნულთან დაკავშირებით აპლატა განმარტავს, რომ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ იმ აკრძალული ქმედების ჩადენისათვის, რომელიც გათვალსიწინებულია სისხლის სამართლის კოდექსით. ამიტომ ა. ბ.-სთვის პასუხისმგებლობის დაკისრება დაუშვებელია, ვინაიდან მის შესაძლო ქმედებას დაზარალებულისათვის მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოუწვევია. მნიშვნელოვანი ზიანის არარსებობის გამო კი მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება დანაშაულს არ წარმოადგენს. დაუშვებელია ა. ბ.-ს ქმედების კვალიფიკაციისათვის გამოვიყენოთ ის შესაძლო ზიანი, რომელიც მიადგებოდა ,,ს. პ.-ს“, ბ.-ს მსგავსი ქმედება ერთდროულად ათას პირს რომ ჩაედინა.

პალატა ასევე დაუშვებლად მიიჩნევს ა. ბ.-ს დასჯას მხოლოდ იმიტომ, რომ მსგავსი ქმედება სხვამაც არ ჩაიდინოს. როგორც აღინიშნა, სისხლისასმართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია საქართველოს სსკ-ში პირდაპირ იყოს გათვალსწინებული კონკრეტული ქმედების დასჯადობა. ა. ბ.-ს მიერ რეალურად განხორციელებული შესაძლო არამართლზომიერი ქმედების პრევენცია, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს დანაშაულს, სცილდება სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებს.

პალატა ასევე არ იზიარებს საჩივარში ჩამოყალიბებულ მსჯელობას ,,ს. პ.-სთვის“ მნიშვნელოვანი მორალური ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით. ა. ბ.-ს ქმედება არ არის იმ მასშტაბისა და ინტესივობის, რომელიც უარყოფითად იმოქმედებს ,,ს. პ.-ს“ იმიჯზე. მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის კომპანია, რომელიც თავის მომსახურეობას გვთავაზიბს სხვა კონკურენტი კომპანიების გვერდით და მის მიმართ თვითნებობის ჩადენა დასცემდა მის ავტორიტეტს მომხმარებლის თვალში. ,,ს. პ.“ მოქმედებს არაკონკურენტულ გარემოში და რეაგირებს იმ დარღვევებზე, რომლებიც გათვალისწინებულია ადმინისტრაციუალი სამართალდარღვევათა კოდექსით. კანონმდებლობით უზრუნველყოფილია მითითებულ ნორმათა სავალდებულო შესრულება და ისეთი თვითნებური ქმედება, როგორიც ბრალად აქვს შერაცხული ა. ბ.-ს, არ გამოიწვევს მორალურ ზიანს იმ სუბიექტისათვის, რომელიც ამ ნორმათა დარღვევაზე რეაგირებს.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორის გიორგი მერაბიშვილის შუამდგომლობა ბრალდებულ ა. ბ.-ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ, არის კანონიერი და დასაბუთებული, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელი. შესაბამისად, საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 212-ე, 213-ე, 215-ე მუხლებით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორის გიორგი მერაბიშვილის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორის გიორგი მერაბიშვილის შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე ბრალდებულ ა. ბ.-ს მიმართ;

სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ ა. ბ.-ს მიმართ დაუბრუნდეს ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონულ პროკურატურას;

განჩინება კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე;

განჩინება შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ.ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.