საქმის ნომერი: 2ბ/2199-11
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე(თავმჯდომარე), ქეთევან კუჭავა, თამარ ალანია,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, არსებითად იქნა განხილული, სრულად გაუქმდა
ინსტანციური ისტორია: ას-1809-1783-2011
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია მამის მიერ შვილი ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ” 1980 წლის ჰააგის კონვენციის შესაბამისად არამართლზომიერად დაკავებულად და ბავშვის ინტერესების შესაბამისად, გადაწყვიტა ბავშვის დედასთან დაბრუნება.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/2199-11 (2011-10-27), www.temida.ge
საქმის № 2ბ/2199-11

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       27 ოქტომბერი, 2011 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე:
თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები:
ქეთევან კუჭავა, თამარ ალანია,

სხდომის მდივანი - ლელა მეტრეველი

აპელანტი - გ. ს.
წარმომადგენელი - ნ. კ.

მოწინააღმდეგე მხარე - გ. ჭ.
წარმომადგენელი - ქ.კ., მ.ბ.

მესამე პირი - მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო: სოციალური მოსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომახურების ცენტრი
წარმომადგენელი - ხ.ჯ.

ცენტრალური ორგანო - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

თარჯიმანი - მ. კ., ი. მ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.05.2011წ. გადაწყვეტილება

დავის საგანი - ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ” 1980 წლის ჰააგის კონვენციის შესაბამისად არასრულწლოვანი ლ. ჭ.-ს უკრაინაში დაბრუნება

1. აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ” 1980 წლის ჰააგის კონვენციის შესაბამისად არასრულწლოვანი ლ. ჭ.-ს უკრაინაში დაბრუნება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

გ. ს.-ს უარი ეთქვა ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ” 1980 წლის ჰააგის კონვენციის შესაბამისად უკრაინიდან გადაადგილებულ (დაკავებულ) არასრულწლოვან ლ. ჭ.-ს უკრაინაში დაბრუნების შესახებ - შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე;

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები

2.1. არასრულწლოვანი ლ. ჭ. დაიბადა უკრაინის ქ. ხარკოვში 2004 წლის XX ი.-ს. ლ. ჭ.-ს მშობლები არიან: გ. ჭ. და გ. (ა.) ს..

2.2. გ. ს. არის უკრაინის მოქალაქე, ხოლო გ. ჭ. კი საქართველოს მოქალაქე.

2.3. გ. ჭ. და ლ. ჭ. არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები.

2.4. ლ. გ.-ს – ძე ჭ., დაბადებული 2004 წლის XX ი.-ს რეგისტრირებულია უკრაინის მოქალაქედ 18.05.06 წლიდან. ეს უკანასკნელი ირიცხება 1-ა კლასში ხარკოვის რეგიონში ხარკოვის საქალაქო საბჭოს №X პედაგოგიურ ლიცეუმში.

2.5. ლ. ჭ. სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში (№XXX) ირიცხებოდა 30.06.2010წლამდე, საიდანაც ამოირიცხა სკოლაში შესვლასთან დაკავშირებით.

2.6. ლ. ჭ. სწავლობს ქ. თბილისის №XX-ე საჯარო სკოლის I კლასში

2.7. ლ. გ.-ს – ძე ჭ., (დაბ. 2004წ.) იმყოფება აღრიცხვაზე საქართველოში ფსიქიატრიის ს/კ ინსტიტუტის პოლიკლინიკაში 16.11.2010 წლიდან დიაგნოზით _ ადაპტაციის დარღვევები _ F43.2. ცნობის გაცემის დროისათვის (12.01.2011წ.) კვლავ უგრძელდება ღამის ენურეზი (გაიშვიათებული სახით) უტარდება მკურნალობა ამბულატორიული დაკვირვების ქვეშ.

2.8. გლდანი-ნაძალადევის რაიონის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის დასკვნის თანახმად ლ. ჭ. ცხოვრობს ბიძის, თ. ჭ.-ს ოჯახში (მდებარე გ. X მ/რ, კორპ. №X, ბ. №XX). აღნიშნულ ოჯახში ბავშვის პირველადი საჭიროებები მაქსიმალურად დაკმაყოფილებულია. დადის ქ. თბილისის №XX-ე საჯარო სკოლის I კლასში. ბავშვი ძირითადად მეტყველებს რუსულ ენაზე. დადის ქართულ სკოლაში და მიჰყვება სასწავლო პროცესს. ლ. ბიძასთან და ბიძაშვილებთან თავს კარგად გრძნობს და არ სურს დედასთან დაბრუნება (ასახულია სოციალურ მუშაკთან ლ. ჭ.-ს მონაყოლი).

2.9. გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის 12.04.2011წლის დასკვნის თანახმად, მცირეწლოვანი ბავშვი ლ. ჭ. ცხოვრობს ბიძა – ბაბუის ოჯახში, რომელსაც გააჩნია მშობლებთან ურთიერთობის დეფიციტი. ბავშვის სრულყოფილ, ჯანსაღ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის და ამ უკანასკნელის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია ბავშვის მშობლებთან ურთიერთობა.
ამავე დასკვნის თანახმად, ,,ლ. ჭ.-ს სურვილია მამასთან ერთად საქართველოში ცხოვრება”.

2.10. დ. ვ. ე.-ს ოჯახი შედგება 4 პიროვნებისაგან

1. დ. ვ. დაბადებული 1930წ.
2. ს. ი. დაბადებული 1958წ.
3. ს. ა. (გ.) დაბადებული 1981წ.
4. ჭ. ლ. დაბადებული 2004 წ.

2.11. ა. ვ.-ს-ას ს.-ს, მცხოვრები მისამართზე: უკრაინა, ქალაქი
ხარკოვი, ქუჩა კ., XXX, ბინა XX _ ოჯახის საბინაო საყოფაცხოვრებო
პირობების გამოკვლევის აქტის თანახმად _ ბინა, რომელიც არის იზოლირებული,
საცხოვრებელი ფართით 48,7 კვ.მ, განლაგებული შვიდსართულიანი სახლის მეექვსე სართულზე საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელია (მცხოვრები 4 სული).
მცირეწლოვან ლ. ჭ.-სთვის დედასთან ერთად გამოყოფილია 14,5 კვ.მ ოთახი და შექმნილია ამ უკანასკნელის ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობები.

2.12. გ. ს-მ დაამთავრა ხარკოვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2004 წელს. 25.08.2010 წლიდან გადის ინტერნატურას ხარკოვის საოლქო №X კლინიკური ფსიქიატრიული საავადმყოფოს ბაზაზე სპეციალობით ,,ფსიქიატრია” ექიმი-ინტერნის რანგში და ხასიათდება დადებითად.

2.13.. გ. ს.-ს მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობით _ ,,პირველადი ფსიქიატრიული შემოწმების გავლის შესახებ” და სერტიფიკატით _ ,,პროფილაქტიკურ ნარკოლოგიური შემოწმების გავლის შესახებ” _ შემოწმების შედეგებით რაიმე უარყოფითი მოვლენა არ გამოვლენილა.

2.14. მცირეწლოვანი ლ. ჭ.-ს საქართველოში წამოყვანა განხორციელდა 2010წლის აგვისტოს თვიდან, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო ივლისის თვეში თი. ჭ.-ს ტრაგიკულად დაღუპვის გამო ლ. ჭ.-ს ჯანმრთელობის (ფსიქიკური ტრამვის მიღება) მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. წამოყვანამდე ლ. ჭ. რეაბილიტაციის კურსს (სეანსებს) გადიოდა _ ,,დელფინარიუმით”. დედის, გ. ს.-ს განმარტებით, ბავშვის მკურნალობის სრული კურსის გავლა იმ პერიოდისათვის ვერ მოხერხდა.

2.15..ხარკოვის ოლქში უკრაინის შსს რგ ხსს სს კიევის რაიონის გამომძიებლის 01.08.2010 წლის დადგენილებით _ ,,მოქალაქე თი. გ.-ას ჭ.-ს (დაბ. XX.XX.2006წ.) სიკვდილის ფაქტთან” სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარი ეთქვა _ უკრაინის სსსკ მუხლი 6, პუნქტი 2 საფუძველზე _ დანაშაულის არარსებობის გამო.

2.16. თი. ჭ. (ლ. ჭ.-ს და) დაიბადა უკრაინის ქალაქ ხარკოვში XX.XX.2006 წელს, ხოლო გარდაიცვალა XX.XX.2010 წელს ხარკოვში.

2.17. ქ. ხარკოვის კიევის რაიონული სასამართლოს 22.03.2011 წლის გადაწყვეტილებით _ მცირეწლოვან ლ. გ.-ს-ძე ჭ.-ს საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედასთან, გ. ს.-სთან ერთად მისამართზე: ქ. ხარკოვი, ჩ.-ს ქ. სახლი XXX, ბ. XX.

ქ, ხარკოვის კიევის რაიონის სასამართლოს 2010 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით _ (საქმე №2-7981/10/04) მცირეწლოვანი ლ. გ.-ს-ძე ჭ. (დაბ. XX.XX.2004წ.) გამოთხოვილი იქნა გ. ჭ.-სგან, რომელიც ჰყავს მისამართზე: ქ. თბილისი, გ., X მ/რ, კორპ. X, ბინა XX და დააბრუნოს იგი წინანდელ საცხოვრებელ ადგილზე: უკრაინა, ქ. ხარკოვი, ჩ.-ს ქ. X/X, ბ. XX.

2.18. გ. ნ.-ს-ძე ჭ.-სთვის ქ. ხარკოვის კიევის რაიონული სასამართლოს 14.12.2010 წლის და 22.03.2011 წლის გამოტანილ გადაწყვეტილებებზე სასამართლო სხდომების განხილვის შეტყობინების თაობაზე გ. ჭ.-სთვის ცნობილი არ ყოფილა ((ამ უკანასკნელის განმარტებით) მხარეს აღნიშნული სადაოდ არ გაუხდია).

2.19. განცხადება, რომელიც დამოწმებულია ნოტარიულად 30.07.2010 წლის ხარკოვის სანოტარო ოლქის კერძო ნოტარიუსის მიერ, რასაც ხელმოწერით ადასტურებს ა. ვ.-ს ასული ს., ეს უკანასკნელი, დედა ა. ს. იძლევა თანხმობას შვილის, ლ. გ.-ს-ძე ჭ. (დაბ. XX.XX.2004 წლის) გაემგზავროს საზღვარგარეთის ქვეყნებში, რუსეთის ფედერაცია, საქართველო და დაბრუნდეს უკრაინაში 2010 წლის 30 ივლისიდან _ 2011 წლის 28 თებერვლამდე, მამის გ. ნ.-ს-ძე ჭ.-ს თანხლებით.
ა. ს., ასევე იძლევა თანხმობას, მისი მცირეწლოვანი შვილი ლ. ჭ. შემდგომ დამოუკიდებლად და დროებით გაემგზავროს საზღვარგარეთ.

2.20. გ. ჭ. 2007 წლიდან 2011 წლის მაისის თვემდე სამედიცინო აკადემიის ნეიროქირურგიის კათედრაზე,სწავლების გავლის განმავლობაში, როგორც კათედრის ასპირანტი და სტაჟიორი ხასიათდება დადებით პიროვნებად.

2.21. გ. ჭ.-ს 2004 წლის 30 ივნისის ხარკოვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით მიენიჭა ექიმის კვალიფიკაცია.

2.22. გ. ჭ.-მ რუსეთის დიპლომის შემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიაში სწავლების განმავლობაში გაიარა კლინიკურ ორდინატურაში მომზადების სრული კურსი სპეციალობაში _ ნეიროქირურგია.

2.23. გ. ნ.-ს – ძე ჭ.-მ დაამთავრა სამედიცინო აკადემიის ნეიროქირურგიის კათედრაზე ,,ასპირანტურის” სწავლება და ამჟამად ცხოვრებას განაგრძობს თავის ოჯახთან ერთად ქ. თბილისი გ. X მ/რ, კორპ. №X, ბ. №XX-ში.

2.24. სასამართლო პროცესის მსვლელობისას მოწინააღმდეგე მხარის, გ. ჭ.-ს მიერ შეთავაზებული იქნა მორიგება გ. (ა.) ს.-სთან იმ პირობებით, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე _ რვა თვე ყოფილიყო ლ. ჭ. საქართველოში ( ამ უკანასკნელის სასწავლო პროცესის გამო), ხოლო 4 (ოთხი) თვე, აქედან ერთი თვე ზამთარში _ დედასთან უკრაინაში. ბავშვის წასვლა-წამოსვლის ხარჯებს კისრულობდა მამა გ. ჭ.. მოცემული პირობები არ იქნა მიღებული გ. (ა.) ს.-ს მიერ.

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

2.25. გ. ჭ. ლ. ჭ.-ს უკრაინიდან საქართველოში გადაადგილების დროისათვის სარგებლობდა ამ უკანასკნელის მეურვეობის უფლებით. ლ. ჭ.-ს უკრაინიდან საქართველოში გადმოადგილება მოხდა დედის, გ. (ა.) ს.-ს თანხმობით 2011 წლის 28 თებერვლამდე, რითაც მამის, გ. ჭ.-ს მხრიდან ადგილი არ ჰქონია, ბავშვის უკანონო გადაადგილების ფაქტს, რასაც თავად შუამდგომლობის აღმძვრელი მხარეც არ მიუთითებს ბავშვის უკანონო გადაადგილების შესახებ.

სასამართლო ვერ გაიზიარებს შუამდგომლობის აღმძვრელი მხარის მითითებას იმის თაობაზე, რომ გ. ჭ.-მ დაარღვია მცირეწლოვანი ლ. ჭ.-ს დედის გ. ს.-ს მეურვის უფლება, როდესაც განხორციელდა არამართლზომიერი ქმედება, 2010 წლის 25 აგვისტოდან დააკავა ბავშვი საქართველოში და აღარ დააბრუნა უკრაინაში. მოცემულ შემთხვევაში ერთპიროვნულად სახეზე გვაქვს და უდავოა თავად ის გარემოება, რომ გ. ს.-ს მიერ მოხდა უკრაინაში ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის მიცემა, რათა ლ. ჭ. ა/წლის 28 თებერვლამდე ყოფილიყო სქართველოში. შუამდგომლობის აღმძვრელი მხარის მიერ არავითარი მტკიცებულება არ არის წარმოგენილი რითაც დადასტურდებოდა, რომ ლ. ჭ.-ს საქართველოში ყოფნა 2010 წლის 25 აგვისტოდან იქნებოდა უკანონო და გაუმართლებელი.

საქმეზე ასევე არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მიმდინარეობდა ზ/აღნიშნული დროიდან (2010 წლის 25 აგვისტოდან) ბავშვის დაბრუნებასთან დაკავშირებული ორმხრივი პროცედურების გამართვა, რაც გ. ს.-ს მოსაზრებას არგუმენტირებულს გახდიდა. ამასთან სასამართლო პროცესზე იქნა დადასტურებული გ. ს.-ს მიერ, რომ ფსიქიკური ტრამვის გამო მოხდა ბავშვის საქართველოში გადაადგილება (საქართველოში გადაადგილებამდე დედას დაჰყავდა ლ. ჭ. დელფინარიუმში მკურნალობის მიზნით).

საქმეზე არ მოიპოვება მტკიცება იმის შესახებ, რომ გ. ჭ., რომელიც ზრუნავდა პიროვნებაზე, ეფექტურად არ ახორციელებდა მეურვეობის უფლებას მისი გადაადგილების ან დაუბრუნებლობის პერიოდში.

2.26. სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი ბავშვის, ლ. ჭ.-ს ასაკიდან და სხვა გარემოებებიდან გამომდინარე უკრაინაში დაბრუნება ბავშვს ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის.
სასამართლო ხსენებულ თვალსაზრისამდე მივიდა ბავშვის ასაკისა და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მხარეთა განმარტებების, სოციალურ მუშაკთა დასკვნების, ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებით და სხვა მტკიცებულებებით.

სასამართლოს მიერ დადგენილად მიიჩნევა ის გარემოება, რასაც ასევე მხარეები არ ხდიან სადავოდ, რომ 2010 წლის ივლისის თვეში მოხდა ტრაგიკული შემთხვევა, კერძოდ IV სართულზე არსებული საცხოვრებელი ბინის ფანჯრიდან გადავარდნილი იქნა თი. ჭ., რაც ამ უკანასკნელის გარდაცვალებით დასრულდა, ყოველივე აღნიშნულის შემსწრე შეიქმნა გარდაცვლილის ძმა, ლ. ჭ., რომელმაც მომხდარის გამო მძიმე ფსიქიკური ტრავმა მიიღო.

საქმეზე წარმოდგენილი შვიდ წლამდე ასაკის (შვიდი წლის ხდება 2011 წლის XX ი.-ს) ლ. ჭ.-ს _ ,,ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებით” ასახულია, რომ გამოკვლევის პროცესში მოხდა არასრულწლოვან ბავშვის ქცევაზე დაკვირვება, მოახდინეს გამოკვლევის შედეგების ინტერპრეტაცია, ასევე შეაფასეს ბავშვის ემოციური სფეროს თავისებურებები და მშობლებისადმი დამოკიდებულება. გამოკვლევის პროცესში _ ბავშვის ქცევაზე დაკვირვებით აისახა, რომ ,,ლ. ჭ. ფიზიკურად აქტიური და მოუსვენარია. გატაცებით ყვება საკუთარი თავის შესახებ, სიამაყით აცხადებს, რომ ,,არაფრის ეშინია და ჩხუბებში ყოველთვის იმარჯვებს”; თუმცა გამოკვლევის პროცესში ნაკლები მონდომებით ერთვება: ,,დავიღალე ამდენი გამოკითხვებით. ყველაფერს ხომ აქვს დასასრული და ეს სასამართლოებიც დასრულდება”. ინსტრუქციებს ადვილად იგებს, შეთავაზებულ დავალებებს ძირითადად დამოუკიდებლად, დახმარების გარეშე ასრულებს. ლ. განსაკუთრებული სიყვარულით საუბრობს ბაბუაზე (ნ. ჭ.), ამბობს, რომ ბაბუა ყველაფერს ასწავლის, _ ცურვას, ქართულს, მეცადინეობაში ეხმარება, ასეირნებს. ბატონი ნ., რომელიც ვიზიტებზე ახლდა ბავშვს, ყურადღებიანია ლ.-ს მიმართ, გამოხატულ სითბოს და ზრუნვას იჩენს. როცა დავალებების შესრულებისას ლ.-ს რაიმეს დაზუსტება სჭირდება, ის მაშინვე ბაბუას მიმართავს და ბატონი ნ.-ც გულისყურით, დაუყოვნებლივ რეაგირებს ბავშვის მიმართვებზე. ლ. ასევე სიყვარულით საუბრობს მამაზე. საყურადღებოა, რომ ლ. საკუთარი ინიციატივით არასოდეს ახსენებს დედას, თუმცა ფსიქოლოგის მიერ დედის შესახებ დასმულ პირდაპირ კითხვებზე გულახდილად პასუხობს, გამოხატავს სიყვარულს და მონატრებას დედის მიმართ; შეკითხვაზე, ,,რას აკეთებდი ხოლმე დედასთან ერთად?”, ლ. იხსენებს, როგორ შეღებეს ერთად სააღდგომო კვერცხები და დანანებით ამბობს: ,,მაშინ ყველაფერი კარგად იყო, ყველა ერთად ვიყავით”. ბავშვი ამბობს, რომ დედა არასოდეს სცემდა და თუ ლ. რამეს დააშავებდა, დედა მხოლოდ აფრთხილებდა: ,,მეორედ ასეთი რამ არ გააკეთო”. შეკითხვაზე, ,,რა არის მისი ყველაზე დიდი ოცნება”, _ ლ. პასუხობს: ,,გ.-მ დიდი სახლი იყიდოს და დედასთან ერთად ვიცხოვროთ ყველამ. სულ ვეუბნები გ.-ს, რომ შერიგდნენ”. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ლ. საუბრისას და დავალებების შესრულებისას არასოდეს ახსენებს გარდაცვლილ უმცროს დას, რაც მისი ტრავმირებულობის მაღალი ხარისხის მაჩვენებელია (გარიდების რეაქცია).” კვლევის შედეგების და ინტერპრეტაციის თანახმად _ ,,ბავშვის აზროვნება, ყურადღება, მეხსიერება, ინტელექტი _ დარღვევების გარეშე. ლ.-ს ასაკის შესაბამისად შეუძლია განზოგადება, ანალიზი, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარება.
თვითშეფასება _ დაქვეითებული. ,,თვითშეფასების ტესტში” ლ. ამბობს: ,,ჩემი თავი არ მიყვარს, შეიძლება სულ ცოტათი მიყვარს“.
ლექსიკური მარაგი, ზოგადი ცოდნის დონე _ ასაკის შესაბამისი.
ბავშვის ემოციური სფეროს თავისებურებების თანახმად _ ,,აგრესიულობის კითხვარით” გამოვლინდა ფიზიკური აგრესია, გაღიზიანება, ასევე უნდობლობა თანატოლთა და უფროსების მიმართ. აგრესიულობის ეს გამოვლინებები შეიძლება განვიხილოთ, როგორც ლ.-ს თავდაცვითი რეაქცია მისთვის გაუგებარი სიტუაციის მიმართ. ,,ფრუსტრაციის ტესტში” და ,,დაუმთავრებელ წინადადებებში” გამოვლინდა შფოთვის მაღალი დონე, მომავლის შიში. ასევე გამოჩნდა, რომ ლ. განიცდის როგორც დედასთან, ისე მამასთან ემოციური ურთიერთობის დანაკლისს. ლუშერის ტესტმა აჩვენა, რომ ლ. სიტუაციას აღიქვამს, როგოც გაუგებარს, რომელში გარკვევაც არ შეუძლია”.
ბავშვის მშობლებისადმი დამოკიდებულებით _ ,,გამოიკვეთა ლ.-ს დადებითი დამოკიდებულება მამისა და მამის მხრიდან უახლოესი ნათესავების მიმართ. ბავშვს განსაკუთრებით ახლო ემოციური ურთიერთობა აქვს ბაბუასთან. მეთოდიკაში ,,პირადი სივრცე” ლ. ხალისით აყენებს თავის პირად სივრცეში ადამიანების პატარა მოდელებს და განმარტავს, რომ ,,მისთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები არიან: გ. (მამა), ბაბუ, თ., ლ., ს.. მცირე შეფერხების შემდეგ, ყოველგვარი ჩარევის ან მითითების გარეშე, აქვე ათავსებს დედას: ,,დედაც აქ უნდა იყოს, და მაშინ ბედნიერი ოჯახი იქნება და შვილიც მხიარული”. საუბრისას ლ. არაერთხელ აღნიშნავს, რომ თბილისში ყოფნა ურჩევნია, რომ აქ ყველა სურვილს უსრულებენ.
ლ. დადებითად ახასიათებს დედას, მის მიმართ სიყვარულს გამოხატავს. ასევე სითბოთი და სიამოვნებით იხსენებს დედასთან ცხოვრების პერიოდს, რომ იქ 2 ძაღლი ჰყავდა, ყვება ხარკოველ თანატოლ მეგობრებზე. თუმცა, დედასთან მოსალოდნელ შეხვედრასთან დაკავშირებით ძლიერ შფოთვას და გაღიზიანებას ავლენს”.
,,ბავშვის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა _ ორივე მშობელთან ემოციური ურთიერთობის დანაკლისი. ლ.-ს აქვს გამოკვეთილად დადებითი დამოკიდებულება მამისა და მამის მხრიდან ახლო ნათესავებისადმი. ხოლო დედის მიმართ _ გაორებული დამოკიდებულება: ერთი მხრივ, სიყვარული, თბილი გრძნობები, და მეორე მხრივ, ძლიერი შფოთვა. ლ. აფიქსირებს მამასთან და მამის მხრიდან ახლო ნათესავებთან ცხოვრების სურვილს, თუმცა მათთან ერთად დედის ყოფნის სურვილსაც გამოთქვამს. ემოციურ სფეროში გამოვლინდა ძლიერი შფოთვა, აგრესიული რეაქციები (ფიზიკური აგრესია, გაღიზიანება, უნდობლობა), დაბალი თვითშეფასება, მომავლის შიში. აღნიშნული ფსიქოლოგიური მახასიათებლები შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ბავშვის რეაქციები გადატანილ ფსიქოტრამვაზე და მისთვის რთულ, ძნელადგასაგებ ამჯამინდელ სიტუაციაზე”.
ზ/ხსენებული ,,ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები”, რომლის დასკვნაც გაცემული იქნა საქართველოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მომსახურების ცენტრის დავალებით შესაბამისი უწყების ფსიქოლოგის მიერ სადავო არ გამხდარა მხარეებს შორის.
სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადაც წარმოდგენილია ფსიქოლოგის (ე. თ.-ს) კატეგორიული ხასიათის მქონე დასკვნა იმის შესახებ, რომ ლ. ჭ.-ს მიღებული აქვს მძიმე ფსიქოლოგიური ტრამვა, მაღალი ხარისხის ალბათობით, ბავშვის უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში, ამ უკანასკნელს შეუქმნის _ “ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს, ან სხვაგვარად ჩააყენებს ბავშვს აუტანელ მდგომარეობაში. (კონვენციის მე-13 მუხლის თანახმად)
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვან ლ. ჭ.-ს მძიმე ფსიქიკური ტრამვა მიღებული აქვს უკრაინაში ყოფნის დროს, რასაც თავად არც შუამდგომლობის აღმძვრელი მხარე ხდის სადავოს, ამასთან უთითებს, რომ ბავშვის საქართველოში წამოსვლის წინ _ ფსიქიკური პრობლემების დაძლევის მიზნით ამ უკანასკნელს უტარდებოდა გარკვეული სახის მკურნალობა _ ,,დელფინოთერაპიის” სახით. ლ. ჭ.-ს ფსიქიკურ ტრამვას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ ლ. ჭ. ,,საუბრისას” არასოდეს არ ახსენებს თავის გარდაცვლილ დას თი. ჭ.-ს, რაც ბავშვის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების თანახმად _ ,,ლ. ჭ.-ს ტრამვირებულობის მაღალი ხარისხის მაჩვენებელია”. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ ლ.-მ გაიხსენა თავის ხარკოველი მეგობრები და თუნდაც ,,სააღდგომოდ შეღებილი კვერცხები” და არ გაახსენდა არცერთხელ მასთან ერთად გაზრდილი თავისი გარდაცვლილი და.
,,ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების”თანახმად სასამართლო განსაკუთრებულ ხაზგასმას აკეთებს იმ გარემოებებზე, რომ _ ,,ლ. ჭ.-ს მიერ გამოვლინდა _” შფოთვის მაღალი დონე _ და მომავლის შიში”, ,,დედის მიმართ გაორებული დამოკიდებულება, სადაც იგულისხმება როგორც სიყვარული და თბილი გრძნობები, ასევე ძლიერი შფოთვა”, ამავე დასკვნის თანახმად გამოვლინდა, როგორც ,,ორივე მშობელთან ემოციური ურთიერთობის დანაკლისი”, ასევე ,,დადებითი დამოკიდებულება მამის და მამის მხრიდან ახლო ნათესავებისადმი” განსაკუთრებით ბაბუისადმი (ნ. ჭ.-სადმი).
სასამართლო ასევე განსაკუთრებულ ხაზგასმას აკეთებს იმ გარემოებაზეც, რომ არასრულწლოვანი ლ. ჭ. გამოხატავს თავის ნებას იცხოვროს მამასთან და მამის მხრიდან ახლო ნათესავებთან. ამასთან, გამოხატავს სურვილს დედის (გ. ს.-ს) მათთან ყოფნისა.
სასამართლო ყურადღებამისაქცევ გარემოებად გარემოებად მიუთითებს სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის სპეციალისტის მიერ გაცემულ დასკვნას,რომლის თანახმადაც ასახულია ბავშვის ლ. ჭ.-ს ნების გამოხატვა, სადაც მითითებულია, რომ ამ უკანასკნელის სურვილია იცხოვროს საქართველოში, ,,იმ გარემოში სადაც ეხლა არის”.
სასამართლო საქმეზე არსებული მტკიცებულებებიდან ასევე დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებებსაც, რომ არასრულწლოვანი ლ. ჭ. ინტეგრირებულია საქართველოში არსებულ გარემო-პირობებთან, აქვს ყველა ის პირობა რათა თავი იგრძნოს მისთვის თბილ და სასურველ გარემოში (გარდა იმ გარემოებისა, რომ მისი მშობლები იყვნენ მასთან, რითაც ,,თავს უფრო ბედნიერად იგრძნობს”).
სასამართლო ვერ გაიზიარებს შუამდგომლობის აღმძვრელი მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ბავშვს დედასთან განშორებისა და საქართველოში დაკავების გამო აღენიშნება ადაპტაციის დარღვევები. აღნიშნული მოსაზრება არ არის გამყარებული რაიმე მტკიცებულებებით, არ არის არგუმენტირებული. შესაბამისად სახეზეა მცდელობა, რომ მამის მხრიდან ხორციელდება ყველა ის ღონისძიება რაც დაკავშირებულია ბავშვის ჯანმრთელობის, კერძოდ ფსიქიკური დაავადების აღმოფხვრის მიზნით.

2.27. სასამართლოს მიერ გაზიარებულ ვერ იქნება შუამდგომლობის აღმძვრელი მხარის წარმომადგენელთა თვალსაზრისი იმასთან დაკავშირებით, რომ კონვენციის მიზანს წარმოადგენს მარტოოდენ ხელშემკვრელ სახელმწიფოში არამართლზომიერად გადაადგილებული ბავშვის სწრაფი დაბრუნების უზრუნველყოფა და რომ კონვენცია მთლიანობაში ეფუძნება მხოლოდ ბავშვის უკანონო დაკავებაზე (გადაადგილებაზე) საერთო თანხმობას და იმ რწმენას, რომ ამ პრობლემის საერთაშორისო მასშტაბით დასაძლევად საუკეთესო მეთოდია არ იქნას აღიარებული ამ გადაადგილების სამართლებრივი შედეგები. აღნიშნულთან მიმართებაში სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის დაბრუნება გარკვეულწილად მართლაც წარმოადგენს კონვენციის საბაზო პრინციპს, მაგრამ შესაძლო გამონაკლისები მისი უზრუნველყოფის ზოგადი ვალდებულებიდან მნიშვნელოვანი ელემენტია იმისათვის, რომ ამ ვალდებულების ზუსტი შინაარსი გავიგოთ. გამონაკლისები ბავშვის დაუყოვნებელი დაბრუნების უზრუნველყოფის ვალდებულებიდან კი განპირობებულ იქნა ბავშვის ინტერესების უზენაესობით, რადგან კონვენციით წარმოდგენილი მიზანი, ერთი პრევენციული, ხოლო მეორე _ მიმართული ბავშვის ჩვეულ გარემოში დაუყოვნებლივი რეინტეგრაციისაკენ მთლიანობაში პასუხობს ,,ბავშვის ინტერესების უზენაესობას“, და ამდენად, განსახილველი კონვენციის მე-13 მუხლის ,,ბ“ პუნქტში ჩამოყალიბებული გამონაკლისი აშკარად ეფუძნება ბავშვის ინტერესების გათვალისწინებას, რა შემთხვევაშიც ბავშვის ინტერესი _ არ იყოს მოწყვეტილი ჩვეულ საცხოვრებელ ადგილს ახალი მდგომარეობის სტაბილურობის საკმარისი გარანტიების გარეშე _ უკან იხევს ყოველი ადამიანის იმ უპირველესი ინტერესის წინაშე, რომელიც გულისხმობს მის უფლებას არ აღმოჩნდეს ფიზიკური თუ ფსიქიკური საფრთხის წინაშე, ან აუტანელ მდგომარეობაში.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.28. “ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ” კონვენციის პრეამბულაში კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოების მიზანს წარმოადგენს, უზრუნველყოფენ ბავშვის საერთაშორისო დაცვა მათი არამართლზომიერი გადაადგილების ან დაკავების მავნე შედეგებისაგან და დაადგინონ პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ სწორად დაბრუნებას მათი ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში და აგრეთვე იძლევიან კონვენციის პრეამბულაშივე უმთავრეს მნიშვნელობაზე.

კონვენცია ემსახურება რა ბავშვების საერთაშორისო გატაცების ფაქტების აღკვეთას, ამავდროულად კონვენციის უმთავრესი მიზანი სწორედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების დაცვაა. აღნიშნულით კონვენცია განიხილება როგორც ბავშვთა უფლებების დამცველი და არა გატაცებული ბავშვის მშობლის უფლებების დამცველი, ანუ ბავშვის გატაცებისას უპირველესად დაზარალებულია ბავშვი, რომელიც ტრავმირებულია ჩვეული გარემოდან უცხო სამყაროში მოხვედრით და მშობლებთან დაცილებული.

კონვენცია არეგულირებს რა ბავშვთა გატაცების სამოქალაქო ასპექტებს, უდავოა, რომ კონვენციის ფარგლებში განსახილველ ყველა ფაქტს საფუძვლად უდევს მართლსაწინააღმდეგო, უკანონო ქმედება – ბავშვის გატაცება, უკანონო გადაადგილება, უკანონო დაკავება. არც ის წარმოადგენს სადავოს, რომ ასეთი უკანონო ქმედება უნდა აღიკვეთოს, მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ არის იგი ჩადენილი, თუმცა კონვენციისათვის მნიშვნელოვანს და მოცემულ დავასთან დაკავშირებით, არსებითს წარმოადგენს, რომ უკანონო ქმედების – ბავშვის გატაცების აღკვეთას მოჰყვეს ბავშვის უფლებების დაცვით მისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. სწორედ ამიტომაც ადგენს დასახელებული კონვენცია გამონაკლისებს ბავშვის დაბრუნებასთან მიმართებით, კერძოდ, კონვენციის მე-13 მუხლით, მიუხედავად წინამავალი მუხლის დებულებებისა, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული არ არის, გასცეს განკარგულება ბავშვის თაობაზე, თუკი პირი, დაწესებულება ან სხვა ორგანო, რომელიც მის დაბრუნებას ეწინააღმდეგება, დაადგენს ამავე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებს.

საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას ბავშვის გატაცებამდე არსებულ გარემოში ბავშვის ინტერესების დარღვევის გარეშე დაბრუნების შესაძლებლობისა. უფრო მეტიც, შუამდგომლობის აღმძვრელი მხარე ითხოვს რა ბავშვის დაბრუნებას, მისი მოთხოვნა ემყარება ზემოაღნიშნული კონვენციის ვიწრო გაგებას, ვინაიდან იგი ვერ ადასტურებს მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთით უფრო მაღალი მიზნის მიღწევას და ვერ გამორიცხავს, რომ მცირეწლოვანის მამასთან და მის ოჯახთან დაშორებით უფრო მეტად არ დაირღვევა გატაცების მსხვერპლის – ბავშვის ინტერესები და უფლებები. ბავშვის დაბრუნებასთან დაკავშირებული ფსიქიკური საშიშროებები და პრობლემები კი ნათლად წარმოჩენილია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლის საწინააღმდეგო მტკიცება, როგორც უკვე აღინიშნა, შუამდგომლობის აღმძვრელ მხარეს არ წარმოუდგენია.

ამ კონვენციის ფარგლებში არ არის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი, თუ ვის უნდა დაეკისროს ბავშვის მეურვეობა.

სასამართლო ხაზგასმით განმარტავს, რომ ბავშვის დაბრუნების დაკმაყოფილება(დღეის მდგომარეობით) მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დაუშვებელია, ვინაიდან შუამდგომლობის აღმძვრელმა მხარემ ვერ შეძლო, გამოერიცხა მცირეწლოვნის მამასთან (მამის ოჯახთან) დაშორებით ბავშვის ფსიქიკისათვის შესაფერისი და სტაბილური გარემოს შექმნის შესაძლებლობა.

ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის მეორე ნაწილით მონაწილე სახელმწიფოები შესაძლებლობისამებრ მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნებასა და ჯანსაღ განვითარებას, ხოლო, ამავე კონვენციის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპენტეტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.

“ბავშვის უფლებათა კონვენციის” მე-18 მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. მოცემულ დავაში ბავშვის მცირეწლოვან ლ. ჭ.-ს დაცვის ჭეშმარიტი ინტერესი მისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნაა, რაც მშობლების და ამავდროულად სახელმწიფოს კომპენტეტური ორგანოების უმთავრესი ზრუნვის საგანს წარმოადგენს.

2.29. ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ” 1980 წლის ჰააგის კონვენციის მე-13 მუხლის ,,ბ” პუნქტის თანახმად, ამ კონვენციის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული დებულებების მიუხედავად, მომთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სასამართლო, ან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული არ არის გასცეს განკარგულება ბავშვის თაობაზე, თუკი არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ მისი დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ, ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად იქნა მიჩნეული უდავოდ ის ფაქტი, რომ გ. ჭ. წარმოადგენს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს. უკრაინის სახელმწიფო საგადასახადო ადიმინისტრაციის მიერ გ. ჭ.-სათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების შესახებ გადასახადის გადამხდელის ბარათით და გ. ჭ.-ს მიერ 17.11.2010წ. თ. ჭ.-ს სახელზე გაცემული მინდობილობით დასტურდება, რომ გ. ჭ. ასევე არის უკრაინის მოქალაქე და ფაქტობრივად ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში.

3.2. გადაწყვეტილებით არასწორადაა უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიჩნეული, რომ ლ. ჭ. წარმოადგენს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირს. დადასტურებულია, რომ ასეთი სტატუსის მინიჭება განხორცილედა გ. ჭ.-ს მიერ გ. ს.-სთან შეუთანხმებლად. ამასთან, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარკოვის რეგიონში მოქალაქეობის, იმიგრაციისა და ფიზიკური პირების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცნობით დგინდება, რომ ლ. ჭ. წარმოადგენს მხოლოდ უკრაინის მოქალაქეს.

3.3. სასამართლომ სოციალური მუშაკის დასკვნიდან არასწორად ამოკრიფა მცირე მონაკვეთი და აღნიშნული ამონარიდიც არ არის მოცემული სიტყვსიტყვით, როგორც მოითხოვს ციტირების წესი. მოცემული დასკვნის ობიექტური შეფასების პირობებში შესაძლებელი იყო სასამართლოს დაედგინა გარემოება მასზედ, რომ მიუხედავად მამის მხრიდან ფსიქოლოგიური ზემოქმედებისა, ლ. ჭ. არათუ წინააღმდეგი არ იყო დედასთან ურთიერთობისა, არამედ ასეთი ურთიერთობა წარმოადგენდა მისი გუნება-განწყობილების ამაღლების საფუძველს და წყაროს.

3.4. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ქ. ხარკოვის რადას კიევის რაიონის ბავშვთა უფლებების დაცვის კომისიის 12.10.2010წ. კომისიის გადაწყვეტილებით მცირეწლოვან ლ. გ.-ს ძე ჭ.-ს მიზანმიმართულად განესაზღვრა ცხოვრება დედასთან, ხოლო 14.12.2010წ. ქ. ხარკოვის კიევის რაიონის სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ლ. გ.-ს ძე ჭ.-ს გ. ნ.-ს ძე ჭ.-საგან გამოთხოვის და წინანდელ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების შესახებ.

3.5. სასამართლომ მხოლოდ მოპასუხის განმარტების საფუძველზე დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ გ. ჭ. დაამთავრა სამედიცინო აკადმიის ნეიროქირურგიის კათედრაზე სწვალება და ამჟამად ცხოვრობს ოჯახთან ერთად. აღნიშნულის დამადასტურებელი სარწმუნო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

3.6. სასამართლომ არ გაიზიარა შუამდგომლობის აღმძვრელი მხარის განმარტება იმის შესახებ, რომ მოპასუხემ განახორციელა არამართლზომიერი ქმედება და 2010 წლიდან დააკავა ბავშვი საქართველოში. სასამართლო დაეყრდნო ნოტარიულად დამოწმებულ თანხმობაში მითითებულ თარიღს - 28 თებერვალს, მაშინ როდესაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე შესაძლებელი იყო საწინააღმდეგო დასკვნის გამოტანა. 2010 წლის 30 ივლისის გ. ს.-მ თანხმობა გასცა მცირეწლოვანი შვილის გამგზავრებაზე საზღვრაგარეთის ქვეყნებში და იმ ვარაუდით, რომ მამას საახალწლოდ და ზამთრის არდადეგების პერიოდშიც ჰქონოდა ბავშვის დაუბრკოლებლად გადაადგილების უფლება, დაბრუნების ბოლო ვადად მიუთითა 2010 წლის 28 თებერვალი. ბავშვი იყო სასკოლო საკის და ჩარიცხული იყო მისი ჩვეულებრივ საცხოვრებელი ადგილას განთავსებულ სკოლაში. მამას ბავშვი დედასთან უნდა დაებრუნებულიყო 25 აგვისტოსთვის, რათა დედას სწავლის დაწყებამდე მოემზადებინა ბავშვი სკოლაში შესასვლელად.

3.7. დასაბუთებას მოკლებულია სასამართლო გადაწყვეტილების 3.2.2 ქვეპუნქტში გადმოცემული თვალსაზრისი, რომლის თანახმადაც სასამართლო მიიჩნევს, რომ ბავშვის ასაკიდან და სხვ გარემოებებიდან გამომდინარე უკრაინაში დაბრუნება ლ. ჭ.-ს ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის.

3.8. განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა წესრიგდება ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ” 1980 წლის ჰააგის კონვენციით. უპირველესი ასპექტი, რომლის მოგვარებასაც კონვენცია სიღრმისეულად ცდილობს - უკანონონოდ გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის დაბრუნებაში მდგომარეობს. ამასთან, კონვენციის დისპოზიციური ნაწილი არ შეიცავს არავითარ უპირობო მინიშნებას ბავშვის ინტერესებზე, როგორც კონვენციის მიზნის მაკორექტირებელ კრიტერიუმზე, თუმცა ეს კონვენცია შემუშავებული იქნა იმ სურვლით, რომ საერთაშორისო მასშტაბით დაცული იქნეს ბავშვი უკანონო გადაადგილებისა და დაუბრუნებლობის მავნე შედეგებისგან. კონვენციის ორივე მიზანი პრევენციული, ხოლო მეორე მიმართული ბავშვის ჩვეულ გარემოში რეინტეგრაციისაკენ, მთლიანობაში პასუხობს ”ბავშვის ინტერესების უზენაესობის” კონცეფციას. ბავშვის ინტერესია არ იყოს მოწყვეტილი ჩვეულ საცხოვრებელ ადგილს ახალი მდგომარეობის სტაბილურობის საკმარისი გარანტიების გარეშე, ხოლო რაც შეეხება ბავშვის აზრს დაბრუნების თუ არდაბრუნების საკითხზე, ასეთი შეიძლება გადამწყვეტი იყოს იმ შემთხვევაში, თუ კომპეტენტური ორგანოები დაადასტურებენ, რომ მან შესაბამის ასაკს და სიმწიფეს მიაღწია.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის “ე” პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. 385-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

ფაქტობრივი დასაბუთება

4.1. არასრულწლოვანი ლ. ჭ. დაიბადა უკრაინის ქ. ხარკოვში 2004 წლის XX ი.-ს. ლ. ჭ.-ს მშობლები არიან: გ. ჭ. და გ. (ა.) ს. (იხ.: დაბადების მოწმობა, ტ.I, ს.ფ.13, 57, 70).

4.2. გ. ს. არის უკრაინის მოქალაქე.
(იხ.: რწმუნებულება, ტ.I, ს.ფ.227).

4.3. გ. ჭ. არის საქართველოს მოქალაქე, ასევე უკრაინის მოქალაქე.
(იხ.:საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ტ.I, ს.ფ. 124; იხ.: გ. ჭ.-ს, როგორც უკრაინის მოქალაქის მიერ 17.11.2010წ. გაცემული მინდობილობა, ტ.I, ს.ფ.119 (მინდობილობა აღბეჭდილია CD დისკზე)).

4.4. XX.XX.2004წ. უკრაინის ქალაქ ხარკოვში დაბადებული ლ. გ.-ს ძე ჭ. უკრაინის მოქალაქეა. რეგისტაციის თარიღი: 18.05.2006წ..
(იხ.: ცნობა №61264, ტ.I, ს.ფ. 63,28).

4.5. ლ. ჭ.-ს საცხოვრებელი ადგილი იყო უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში. ლ. ჭ. სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში (№XXX) ირიცხებოდა 30.06.2010 წლამდე, საიდანაც ამოირიცხა სკოლაში შესვლასთან დაკავშირებით.
(ტ.I, ს.ფ.56).

4.6. გ. ს.-მ 30.07.2010წ. წერილობით გასცა თანხმობა მასზედ, რომ ლ. ჭ. გამგზავრებულიყო საზღვარგარეთ ქვეყნებში: რუსეთის ფედერაცია, საქართველო და დაბრუნებულიყო უკრაინაში 30.07.2010წ.-დან 28.02.2011წ.-მდე.
(ტ.I, ს.ფ.125, 126). ამდენად, თანხმობა გასცა მშობელმა (დედამ), რომელთან ერთადაც ფაქტობრივად ცხოვრობდა ლ. ჭ. და რომელიც ბავშვზე ფაქტობრივად ახორციელებდა მეურვეობას.

პალატა იზიარებს აპელანტის განმარტებას მასზედ, რომ თებერვლის ბოლომდე ვადით თანხმობის გაცემა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ მამას საშუალება მისცემოდა ბავშვი არდადეგებზე წაეყვანა არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ ზამთარშიც. აღნიშნულ მსჯელობას ამყარებს ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი ლ. ჭ. დედის განცხადების საფუძველზე ჩაირიცხა 1-ა კლასში ხარკოვის რეგიონში ხარკოვის საქალაქო საბჭოს №X პედაგოგიურ ლიცეუმში, სადაც მან ვერ შეძლო სწავლის დაწყება, რამეთუ დღემდე არ მომხდარა მისი უკრაინაში დაბრუნება (ტ.I, ს.ფ.59).

პალატას მიაჩნია, რომ ლ. ჭ. წარმოადგენს ”ბავშვთა საერთაშორისო გატაცემის შესახებ” კონვენციის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად დაკავებულ ბავშვს, რამეთუ ამჟამინდელი მონაცემებითაც კი, ანუ 27.10.2011წ. მდგომარეობით, ბავშვის მამა და ის პირები, ვისთანაც ფაქტობრივად იმყოფება ბავშვი ამჟამად, უარს ამბობენ მის უკრაინაში დაბრუნებაზე. ამდენად, დაბრუნება არ განხორციელებულა 28.02.2011წლის შემდომ პერიოდშიც.

4.7. პალატა ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ ბავშვის უკრაინიდან წამოყვანაზე თანხმობის მიცემიდან ( 30.07.2010წ.-დან) და წამოყვანიდან მალევე მიმართა გ. ს.-მ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე უკრაინის ცენტრალურ ორგანოს - უკრაინის იუსტიციის სამინისტროს, რომელმაც თავის მხრივ, 2010 წლის 18 ნოემბერს უკვე მიმართა საქართველოს იუსტიცის სამინისტროს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით საქართველოში უკანონოდ დაკავებული ლ. ჭ.-ს დაბრუნების თაობაზე მიმართა 02.12.2010წ.. (ტ.I, ს.ფ.1,2). ამდენად, საქართველოს სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებისათვის ბავშვის უკანონო დაკავებიდან არ იყო ერთი წელი გასული. რაც შეეხება წერილობით გაცემულ თანხმობაში განსაზღვრულ დაბრუნების ვადას, 28.02.2011წ., იქიდან ერთწლიანი ვადა საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის მომენტშიც კი არ არის გასული.

4.8. ამჟამად ლ. ჭ. ცხოვრობს საქართველოში, თბილისში. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს (სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის რაიონის სოციალური მომსახურების ცენტრის) 10.02.2011წ. სოციალური მუშაკის დასკვნის თანახმად, ლ. ჭ. ცხოვრობს ბიძის, თ. ჭ.-ს ოჯახში (მდებარე გ., X მ/რ, კორპ. №X, ბ. №XX). რაც შეეხება ბავშვის მამას, იგი ძირითადად ცხოვრობს რუსეთში, პერიოდულად ჩამოდის ბავშვთან (ტ. I, ს.ფ. 149,150). პალატა დამატებით იმასაც აღნიშნავს,რომ გ. ჭ. საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის პერიოდშიც რუსეთში იმყოფებოდა.

4.9. თბილისის საქალაქო სასამართლომ მოთხოვნა ბავშვის უკრაინაში დაბრუნების თაობაზე არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ ლ. ჭ.-ს ასაკიდან და სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, უკრაინაში დაბრუნება ბავშვს ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის.

პალატა არ იზიარებს ამ დასკვნას, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.9.1. ლ. ჭ. დაბადებიდან იზრდებოდა უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში და იგი იყო ადაპტირებული იმ გარემოში;

4.9.2. როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს 10.02.2011წ. დასკვნაშიც არის აღნიშნული, „ლ. ჭ. 6 წლისაა, იგი XX-ე საჯარო სკოლის I კლასისი მოსწავლეა. ბავშვი ძირითადად მეტყველებს რუსულ ენაზე, თუმცა დადის ქართულ სკოლაში და მიჰყვება სასწავლო პროცესს” (ტ. I, ს.ფ. 149,150);

4.9.3. ბავშვი იმყოფება აღრიცხვაზე საქართველოში ფსიქიატრიის ს/კ ინსტიტუტის პოლიკლინიკაში 16.11.2010 წლიდან დიაგნოზით - ადაპტაციის დარღვევები _ F43.2. ცნობის გაცემის დროისათვის (12.01.2011წ.) კვლავ უგრძელდება ღამის ენურეზი (გაიშვიათებული სახით) უტარდება მკურნალობა ამბულატორიული დაკვირვების ქვეშ (ტ.I, ს.ფ.122).

4.9.4. ლ. ჭ.-ს ფსიქოლოგიური ქცევები არაადექვატურია. იმისთვის, რომ მოხდეს მისი ინტერესების დაცვა, აუცილებლობას წარმოადგენს ბავშვის მშობლებთან ურთიერთობა.
ამ მხრივ პალატა ამახვილებს ყურადღებას გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის მიერ 12.04.2011წ. შედგენილი იქნა დასკვნაზე, რომელიც შედგენილია სოციალური მუშაკების მიერ განხორციელებული ინტერვენციის საფუძველზე, რაც მოიცავდა ვიზიტებს, საუბარს ლ. ჭ.-სთან და დაკვირვებას მის ქცევაზე. სოციალურმა მუშაკებმა ინტერვენციის განხორციელების მიზნით ორგანიზება გაუკეთეს ლ. ჭ.-ს და გ. ს.-ს რამოდენიმე შეხვედრას(ტ.I,ს.ფ. 281-283).

დასკვნაში აღნიშნულია შემდეგი: ” როდესაც ქალბატონი ა. ვაჟს ხელს ხვევდა და, საპასუხოდ, ლ.-ც ეხუტებოდა დედას, ბატონმა გ.-მ ბავშვს თვალებით მინიშნება მისცა, რის შემდგომაც ლ. შეკრთდა და ხელები მოაშორა დედას. მსგავსი ფაქტი ორჯერ განმეორდა. ბატონმა გ.-მ მსგავსი მითითებების მიცემა ჩვენს მიერ გაწეული დირექტივების შემდეგ შეწყვიტა. პირველი შეხვედრა დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა. ლ.-მ შეკითხვაზე: ”სურდა თუ არა მეორე დღესაც ენახა დედა?” - თანხმობა განაცხადა. მეორე დღეს, ბატონ გ.-სთან სატელეფონო შეთანხმების საფუძველზე შეხვედრა დედა-შვილს შორის ჩვენი, მამის, ბიძის და ორი არასრულწლოვანი ბიძაშვილის თანხლებით შედგა გლდანის რაიონის ”ვარდების რევოლუციის პარკში”. თავდაპირველად ბავშვი წინა დღესთან შედარებით თავს ლაღად გრძნობდა, დედას მხიარულად ესაუბრებოდა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდგომ დედას მჭიდროდ ჩაეხუტა, მამასთან მიირბინა და სახლში წასვლა მოითხოვა. შეკითხვაზე: ”თუ რატომ უნდოდა სახლში წასვლა?” - პასუხი არ განაცხადა, მაგრამ მეორე დღეს დედასთან შეხვედრის სურვილი კვლავ გამოთქვა. მესამე დღეს დედა-შვილს შორის შეხვედრა კვლავ ზემოხსენებულ პარკში შედგა ჩვენი, ბაბუის, ბიძის და ბიძაშვილების თანხმებით. შეხვედრისას ცნობილი გახდა, რომ ბატონი გ. რუსეთში გაემგზავრა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შეხვედრა დაახლოებით 4 საათი გაგრძელდა, მთელი ამ დროის განმავლობაში ლ. ურთიერთობდა დედასთან, იყო ძალიან ლაღი, მხიარული, აქტიური. იგი დედის თანხლებით ბიძაშვილებთან ერთად ატრაქციონებზე თამაშობდა, პერიოდულად დედას ეხუტებოდა. ქალბატონმა ა.-მ ჩემთან საუბრისას აღნიშნა, რომ ლ. ინტერესს იჩენდა უკრაინაში მცხოვრებ მისი ყველა მეგობრისა და დედის ოჯახის წევრებზე და მათ შესახებ შეკითხვებს უსვავდა. ჩვენი თანდასწრებით დედა-შვილს შორის შედგა 3 შეხვედრა. ქალბატონი ა. უკრაინაში გაემგზავრა. გამგზავრებიდან დაახოლოებოთ ერთ კვირაში მან დამირეკა და მითხრა, რომ ლ.-ს ოჯახის წევრები არ აძლევდნენ სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებას. ამ ფაქტის შესახებ ლ.-ს ოჯახის წევრებმა გვითხრეს, რომ თავად ბავშვს არ სურდა დედასთან საუბარი. 2011 წლის 7 აპრილს ჩვენს მიერ განხორციელდა ვიზიტი ლ.-ს საცხოვრებელ მისამართზე. ბატონმა ნ.-მ განგვიცხადა, რომ იგი შვილიშვილს ამეცადინებდა და ბავშვის სამეცადინო ოთახში შეგვიძღვა. ლ.-მ არ მოინდომა ჩვენთან საუბარი და საწერი მაგიდის ქვეშ შეძვრა. შეკითხვაზე: ”თუ რატომ დაგვემალა?: - გვიპასუხა, რომ ” მას სურს მამასთან ერთად საქართველოში ცხოვრება”. კითხვაზე ”თუ რა მიზეზის გამო არ სურდა დედასთან საუბარი?” - განაცხადა, რომ მიზეზი აქვს, მაგრამ მიზეზი არ უთქვამს.
ჩვენს მიერ განხორციელებული ინტერვენციის საფუძველზე, რაც მოიცავს ვიზიტებს, საუბარს ლ. ჭ.-სთან და დაკვირვებას მის ქცევაზე, ვფიქრობთ, რომ მას აქვს არაადექვატური ქცევები, რაც შემდგომში მდგომარეობს: დედასთან ურთიერთობის სურვილი, შეხვედრისას დედის მიმართ სიყვარულის გამოხატვა, მოფერება, სილაღე, შემდეგ კი უარის თქმა მასთან სატელეფონო საუბარზე. ხაზგასასმელია დედასთან ურთიერთობისას მამის მინიშნებების შესრულება და დაძაბულობა. იქიდან გამომდინარე, რომ ლ. ცხოვრობს ბიძის და ბაბუის ოჯახში, მას აქვს მშობლებთან ურთიერთობის დეფიციტი (ვინაიდან არცერთი მშობელი არ ცხოვრობს მასთან). იმისთვის, რომ მოხდეს ბავშვის სრულყოფილ, ჯანსაღ პიროვნებად ჩამოყალიბება და იმისთვის, რომ მოხდეს მისი ინტერესების დაცვა, აუცილებლობას წარმოადგენს ბავშვის მშობლებთან ურთიერთობა” (ტ. I, ს.ფ. 281-283)

ასევე მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიცინის განვითარების ფონდის მიერ გაცემული დასკვა - „ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები” (ტ. I, ს.ფ.304,305).

დასკვნაში აღნიშნულია შემდეგი: ,,ლ. ფიზიკურად აქტიური და მოუსვენარია. გატაცებით ყვება საკუთარი თავის შესახებ, სიამაყით აცხადებს, რომ ,,არაფრის ეშინია და ჩხუბებში ყოველთვის იმარჯვებს”; თუმცა გამოკვლევის პროცესში ნაკლები მონდომებით ერთვება: ,,დავიღალე ამდენი გამოკითხვებით. ყველაფერს ხომ აქვს დასასრული და ეს სასამართლოებიც დასრულდება”. ინსტრუქციებს ადვილად იგებს, შეთავაზებულ დავალებებს ძირითადად დამოუკიდებლად, დახმარების გარეშე ასრულებს. ლ. განსაკუთრებული სიყვარულით საუბრობს ბაბუაზე (ნ. ჭ.), ამბობს, რომ ბაბუა ყველაფერს ასწავლის, - ცურვას, ქართულს, მეცადინეობაში ეხმარება, ასეირნებს. ბატონი ნ., რომელიც ვიზიტებზე ახლდა ბავშვს, ყურადღებიანია ლ.-ს მიმართ, გამოხატულ სითბოს და ზრუნვას იჩენს. როცა დავალებების შესრულებისას ლ.-ს რაიმეს დაზუსტება სჭირდება, ის მაშინვე ბაბუას მიმართავს და ბატონი ნ.-ც გულისყურით, დაუყოვნებლივ რეაგირებს ბავშვის მიმართვებზე. ლ. ასევე სიყვარულით საუბრობს მამაზე. საყურადღებოა, რომ ლ. საკუთარი ინიციატივით არასოდეს ახსენებს დედას, თუმცა ფსიქოლოგის მიერ დედის შესახებ დასმულ პირდაპირ კითხვებზე გულახდილად პასუხობს, გამოხატავს სიყვარულს და მონატრებას დედის მიმართ; შეკითხვაზე, ,,რას აკეთებდი ხოლმე დედასთან ერთად?”, ლ. იხსენებს, როგორ შეღებეს ერთად სააღდგომო კვერცხები და დანანებით ამბობს: ,,მაშინ ყველაფერი კარგად იყო, ყველა ერთად ვიყავით”. ბავშვი ამბობს, რომ დედა არასოდეს სცემდა და თუ ლ. რამეს დააშავებდა, დედა მხოლოდ აფრთხილებდა: ,,მეორედ ასეთი რამ არ გააკეთო”. შეკითხვაზე, ,,რა არის მისი ყველაზე დიდი ოცნება”, - ლ. პასუხობს: ,,გ.-მ დიდი სახლი იყიდოს და დედასთან ერთად ვიცხოვროთ ყველამ. სულ ვეუბნები გ.-ს, რომ შერიგდნენ”.

ბავშვის ემოციური სფეროს თავისებურებების თანახმად _ ,,აგრესიულობის კითხვარით” გამოვლინდა ფიზიკური აგრესია, გაღიზიანება, ასევე უნდობლობა თანატოლთა და უფროსების მიმართ. აგრესიულობის ეს გამოვლინებები შეიძლება განვიხილოთ, როგორც ლ.-ს თავდაცვითი რეაქცია მისთვის გაუგებარი სიტუაციის მიმართ. ,,ფრუსტრაციის ტესტში” და ,,დაუმთავრებელ წინადადებებში” გამოვლინდა შფოთვის მაღალი დონე, მომავლის შიში. ასევე გამოჩნდა, რომ ლ. განიცდის როგორც დედასთან, ისე მამასთან ემოციური ურთიერთობის დანაკლისს. ლუშერის ტესტმა აჩვენა, რომ ლ. სიტუაციას აღიქვამს, როგოც გაუგებარს, რომელში გარკვევაც არ შეუძლია”.

ბავშვის მშობლებისადმი დამოკიდებულება - ,,გამოიკვეთა ლ.-ს დადებითი დამოკიდებულება მამისა და მამის მხრიდან უახლოესი ნათესავების მიმართ. ბავშვს განსაკუთრებით ახლო ემოციური ურთიერთობა აქვს ბაბუასთან. მეთოდიკაში ,,პირადი სივრცე” ლ. ხალისით აყენებს თავის პირად სივრცეში ადამიანების პატარა მოდელებს და განმარტავს, რომ ,,მისთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები არიან: გ. (მამა), ბაბუ, თ., ლ., ს.. მცირე შეფერხების შემდეგ, ყოველგვარი ჩარევის ან მითითების გარეშე, აქვე ათავსებს დედას: ,,დედაც აქ უნდა იყოს, და მაშინ ბედნიერი ოჯახი იქნება და შვილიც მხიარული”. საუბრისას ლ. არაერთხელ აღნიშნავს, რომ თბილისში ყოფნა ურჩევნია, რომ აქ ყველა სურვილს უსრულებენ.
ლ. დადებითად ახასიათებს დედას, მის მიმართ სიყვარულს გამოხატავს. ასევე სითბოთი და სიამოვნებით იხსენებს დედასთან ცხოვრების პერიოდს, რომ იქ 2 ძაღლი ჰყავდა, ყვება ხარკოველ თანატოლ მეგობრებზე. თუმცა, დედასთან მოსალოდნელ შეხვედრასთან დაკავშირებით ძლიერ შფოთვას და გაღიზიანებას ავლენს”.

დასკვნითი ნაწილის თანახმად: ,,ბავშვის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა - ორივე მშობელთან ემოციური ურთიერთობის დანაკლისი. ლ.-ს აქვს გამოკვეთილად დადებითი დამოკიდებულება მამისა და მამის მხრიდან ახლო ნათესავებისადმი. ხოლო დედის მიმართ - გაორებული დამოკიდებულება: ერთი მხრივ, სიყვარული, თბილი გრძნობები, და მეორე მხრივ, ძლიერი შფოთვა. ლ. აფიქსირებს მამასთან და მამის მხრიდან ახლო ნათესავებთან ცხოვრების სურვილს, თუმცა მათთან ერთად დედის ყოფნის სურვილსაც გამოთქვამს. ემოციურ სფეროში გამოვლინდა ძლიერი შფოთვა, აგრესიული რეაქციები (ფიზიკური აგრესია, გაღიზიანება, უნდობლობა), დაბალი თვითშეფასება, მომავლის შიში. აღნიშნული ფსიქოლოგიური მახასიათებლები შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ბავშვის რეაქციები გადატანილ ფსიქოტრამვაზე და მისთვის რთულ, ძნელადგასაგებ ამჟამინდელ სიტუაციაზე”.

ზემოაღნიშნული დასკვნებით დასტურდება, რომ მისთვის რთული და ძნელადგასაგებია ამჟამინდელი სიტუაცია. შესაბამისად, თავად ლ. ჭ.-ს ინტერესებიდან გამომდინარე, როცა არ იკვეთება ბავშვის დედასთან დაბრუნების ფაქტის მის ფსიქიკაზე უარყოფითად ზემოქმედების საფრთხე, მიზანშეწონილია იგი დაბრუნებულ იქნეს მშობელთან (განმცხადებელ გ. ს.-სთან) მის ძირითად საცხოვრებელ ადგილას.

4.10. უარი ბავშვის დაბრუნებაზე ასევე მოტივირებულია იმ ფაქტორით, რომ თი. ჭ. (ლ. ჭ.-ს და) დაბადებული უკრაინის ქალაქ ხარკოვში XX.XX.2006 წელს, გარდაიცვალა XX.XX.2010 წელს ხარკოვში (ტ. I, ს.ფ. 127-131), რითიც ლ. ჭ.-ს მიადგა ფსიქიკური ტრავმა. პალატა აღნიშნავს, რომ ამ ფსიქოლოგიურ ტრავმაზე უთითებს საქმეში წარმოდგენილი ფსიქოლოგის დასკვნაც (ტ.I, ს.ფ.304,305), თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ მისთვის რთული და ძნელადგასაგებია ამჟამინდელი სიტუაციაც (ტ.I, ს.ფ.304,305).

ამდენად, ისედაც ტრავმირებული ბავშვის მშობელთან დაშორება არ შეიძლება შეფასდეს ბავშვის ინტერესბის შესაბამის გადაწყვეტილებად. როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილებაშიც არის აღნიშნული, ლ. საქართველოში წამოყვანამდე გადიოდა რეაბილიტაციის კურსს დელფინარიუმში. ამასთან, მისთვის საზიანოდ არ შეიძლება შეფასდეს დედასთან ცხოვრება, რომელიც 25.08.2010 წლიდან გადის ინტერნატურას ხარკოვის საოლქო №X კლინიკური ფსიქიატრიული საავადმყოფოს ბაზაზე სპეციალობით ,,ფსიქიატრია” ექიმი-ინტერნის რანგში, ხასიათდება დადებითად (ტ.I, ს.ფ.234-237).

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხარკოვის ოლქში უკრაინის შსს რგ ხსს სს კიევის რაიონის გამომძიებლის 01.08.2010 წლის დადგენილების თანახმად, მოქალაქე თი. გ.-ს-ას ჭ.-ს (დაბ.XX.XX.2006წ.) სიკვდილის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე არ იქნა აღძრული უკრაინის სსსკ მეექვსე მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე - დანაშაულის არარსებობის გამო (ტ. I, 249-254).

4.11. გ. ჭ.-ს 2004 წლის 30 ივნისის ხარკოვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით მიენიჭა ექიმის კვალიფიკაცია (ტ.I, ს.ფ. 137,138). გ. ჭ.-მ რუსეთის დიპლომის შემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიაში სწავლების განმავლობაში გაიარა კლინიკურ ორდინატურაში მომზადების სრული კურსი სპეციალობაში - ნეიროქირურგია (ტ. I, ს.ფ. 139).

4.12. გ. ს.-ს მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობით _ ,,პირველადი ფსიქიატრიული შემოწმების გავლის შესახებ” და სერტიფიკატით _ ,,პროფილაქტიკურ-ნარკოლოგიური შემოწმების გავლის შესახებ” - შემოწმების შედეგებით რაიმე უარყოფითი მოვლენა არ გამოვლენილა (იხ: სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №3222/ო (21.07.2010წ.) და სერტიფიკატი №374916 (23.09.2010წ.) ტ.I, ს.ფ.239-244).

4.13. დ. ვ. ე.-ს (გ. ს.-ს ბაბუა) ოჯახი შედგება 4 წევრისაგან: დ. ვ. დაბადებული 1930წ., ს. ი. დაბადებული 1958წ., ს. ა. (გ.) დაბადებული 1981წ., ჭ. ლ. დაბადებული 2004 წ. (ტ,I, ს.ფ.61).

საყოფაცხოვრებო პირობების გამოკვლევის აქტით დასტურდება, რომ ა. ვ.-ს-ას ს.-ს საცხოვრებელი ბინა, მდებარე უკრაინა, ქალაქი ხარკოვი, ქუჩა კ., X/X, ბინა XX, არის იზოლირებული, საცხოვრებელი ფართით 48,7 კვ.მ, განლაგებული შვიდსართულიანი სახლის მეექვსე სართულზე საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელია (მცხოვრები 4 სული). მცირეწლოვან ლ. ჭ.-სათვის დედასთან ერთად გამოყოფილია 14,5 კვ.მ ოთახი და შექმნილია მათი ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობები (ტ. I, ს.ფ. 267-269).

4.14. ქ. ხარკოვის კიევის რაიონული სასამართლოს 22.03.2011 წლის გადაწყვეტილებით - მცირეწლოვან ლ. გ.-ს-ძე ჭ.-ს საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედასთან, გ. ს.-სთან ერთად (ტ. I,ს.ფ.264-266).

4.15. ქ, ხარკოვის კიევის რაიონის სასამართლოს 2010 წლის 14 დეკემბრის დადგენილებით - (საქმე №2-7981/10/04) მცირეწლოვანი ლ. გ.-ს-ძე ჭ. (დაბ. XX.XX.2004წ.) გამოთხოვილი იქნა გ. ჭ.-საგან, რომელიც ჰყავს მისამართზე: ქ. თბილისი, გ., X მ/რ, კორპ. X, ბინა XX და დადგინდა მისი დაბრუნება წინანდელ საცხოვრებელ ადგილზე უკრაინაში ქ. ხარკოვი, ჩ.-ს ქ. X/, ბ. XX (ტ. I, 245,246).

სამართლებრივი დასაბუთება

4.16. “ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ” კონვენციის პირველი მუხლის თანახმად კონვენციის პირველი მუხლის თანახმად:
კონვენციის მიზნებია:
a) რომელიმე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არამართლზომიერად გადაყვანილი ან დაკავებული ბავშვების სწრაფი დაბრუნების უზრუნველყოფა; და
b) უზრუნველყოფა იმისა, რომ მეურვეობისა და ურთიერთობის უფლებანი, გათვალისწინებული ერთ–ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, ეფექტიანად სრულდებოდეს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფში.

კონვენციის მე-2 მუხლით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ყველა სათანადო ზომას იღებენ თავიანთი ტერიტორიების ფარგლებში ამ კონვენციის მიზნების რეალიზაციის უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით ისინი იყენებენ ხელთარსებულთაგან უსწრაფეს პროცედურებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13051 მუუხლის თანახმად, კონვენციის მიზნებისათვის ცენტრალური ორგანოს ფუნქცია აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

პალატა ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ გ. ს.-სათვის ბავშვის დაბრუნების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოში განცხადება წარდგენილ იქნა სწორედ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ “ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ” კონვენციის შესაბამისად.

4.17. კონვენციის მე-3 მუხლი განსაზღვრავს ბავშვის გადაადგილების ან დაკავების არამართლზომიერად მიჩნევის კრიტერიუმებს. კერძოდ:
ბავშვის გადაადგილება ან დაკავება არამართლზომიერად უნდა ჩაითვალოს, როდესაც:
a) ეს წარმოადგენს დარღვევას მეურვეობის უფლებებისა, მიკუთვნებულისა პირისთვის, დაწესებულებისთვის ან სხვა ორგანოსთვის, ერთობლივად თუ ცალკე, იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, რომელშიც ბავშვი ჩვეულებრივ ცხოვრობდა უშუალოდ გადაადგილებამდე ან დაკავებამდე; და
b) გადაადგილების ან დაკავების დროისათვის ეს უფლებები რეალურად გამოიყენებოდა, ერთობლივად თუ ცალკე, ანდა ამგვარად გამოყენებული იქნებოდა, რომ არა გადაადგილება ან დაკავება.
ზემოთ, a) ქვეპუნქტში მოხსენიებული მეურვეობის უფლებანი შეიძლება, კერძოდ, წარმოიქმნას კანონის მოქმედების შედეგად, სასამართლო ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილების საფუძველზე, ანდა ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით კანონიერი ძალის მქონე შეთანხმების საფუძველზე.

კონვენცის მე-4 მუხლით,კონვენცია გამოიყენება ნებისმიერი იმ ბავშვის მიმართ, რომელიც ჩვეულებრივ ცხოვრობდა ხელშემკვრელ სახელმწიფოში მეურვეობის ან ურთიერთობის უფლებათა დარღვევამდე. მე-5 მუხლის თანახად, ამ კონვენციის მიზნებისათვის „მეურვეობის უფლებები“ მოიცავს უფლებებს, რომლებიც შეეხება ბავშვის პიროვნებაზე მზრუნველობას და, კერძოდ, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის უფლებას.

4.18. კონვენციის მე-13 მუხლის თანახმად, მიუხედავად წინამავალი მუხლის დებულებებისა, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული არ არის, გასცეს განკარგულება ბავშვის თაობაზე თუკი პირი, დაწესებულება ან სხვა ორგანო, რომელიც მის დაბრუნებას ეწინააღმდეგება, დაადგენს, რომ:
a) პირი, დაწესებულება ან სხვა ორგანო, რომლის მზრუნველობის ქვეშაც იმყოფება ბავშვის პიროვნება, რეალურად არ სარგებლობდა მეურვეობის უფლებებით გადაადგილების ან დაკავების დროისათვის, ანდა დაეთანხმა ან მოგვიანებით შეეგუა გადაადგილებას ან დაკავებას; ან
b) არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ მისი დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფოთხეს შეუქმნის, ან სხვაგვარად ჩააყენებს ბავშვს აუტანელ მდგომარეობაში.
სასამართლო ან ადმინისტრაციულ ორგანოს აგრეთვე შეუძლია უარი განაცხადოს ბავშვის დაბრუნების შესახებ განკარგულების გაცემაზე, თუკი იგი აღმოაჩენს, რომ ბავშვი მისი დაბრუნების წინააღმდეგია და მან უკვე მიაღწია ისეთ წლოვანებასა და მოწიფულობის ასაკს, როდესაც მიზანშეწონილია მისი აზრის გათვალისწინება.

პალატას მიაჩნია, რომ არ არასებობს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ლ. ჭ.-ს უკრაინაში დაბრუნების დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება, ამასთან, თავად 2004 წლის XX ი.-ს დაბადებული ლ. ჭ.-ს არ მიუღწევია ისეთი ასაკისათვის, რომ მიზანშეწონილი იყოს მისი აზრის გათვალისწინება. გარდა ამისა, როგორც საქმეში არსებულ დასკვნებზე დაყრდნობით უკვე აღინიშნა, ლ. ჭ.-ის ფსიქოლოგიური ქცევები არაადექვატურია, სახეზეა მშობლებთან ემოციური ურთიერთობის დანაკლისი.

4.19. კონვენციის მე-14 მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:
იმის დადაგენისას, ჰქონდა თუ არა ადგილი არამართლზომიერ გადაადგილებას ან დაკავებას მე–3 მუხლს მნიშვნელობის ფარგლებში, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციულ ორგანოებს შეუძლიათ უშუალოდ იხელმძღვანელონ ამ სახელმწიფოში ოფიციალურად აღიარებული თუ არ აღიარებული სასამართლო ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილებებით ისე, რომ არ მიმართონ სპეციალურ პროცედურებს, გათვალისწინებულს ამგვარი კანონის დასადასტურებლად ან საზღვარგარეთ მიღებული გადაწყვეტილებების საღიარებლად, რომლებიც წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებადი იქნებოდა.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. ხარკოვის კიევის რაიონული სასამართლოს 22.03.2011 წლის გადაწყვეტილებით - მცირეწლოვან ლ. გ.-ს-ძე ჭ.-ს საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედასთან, გ. ს.-სთან ერთად (ტ. I,ს.ფ.264-266), ასევე, ქ. ხარკოვის კიევის რაიონის სასამართლოს 2010 წლის 14 დეკემბრის დადგენილებით - (საქმე №2-7981/10/04) მცირეწლოვანი ლ. გ.-ს-ძე ჭ. (დაბ. XX.XX.2004წ.) გამოთხოვილი იქნა გ. ჭ.-საგან, რომელიც ჰყავს მისამართზე: ქ. თბილისი, გ., X მ/რ, კორპ. X, ბინა XX და დადგინდა მისი დაბრუნება წინანდელ საცხოვრებელ ადგილზე უკრაინაში ქ. ხარკოვი, ჩ.-ის ქ. X/X, ბ. XX (ტ. I, 245,246).

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს ბავშვის დაბრუნების დამაბრკოლებელი გარემოება.

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი წინასწარ იქნა გადახდილი 150 ლარის ოდენობით. (ტ.I, ს.ფ.373). გათვალისწინებით იმისა, რომ მხარეები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”თ” ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან არამართლზომიერად გაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან დაკავშირებულ საქმეებზე, გ. ს.-ს სახელწიფო ბიუჯეტიდან უკან უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. გ. ს.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.05.2011წ. გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

1.1 გ. ს.-ს მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

1.2. XX.XX.2004წ. დაბადებული ლ. ჭ. დაუბრუნდეს დედას XX.XX.1981წ. დაბადებულ გ. ს.-ს, მცხოვრები უკრაინაში ქ. ხარკოვი, კ.-ს ქუჩა № X/X, ბინა XX.
2. გ. ს.-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან დაუბრუნდეს მის საპელაციო საჩივარზე ლ. ა.-ს მიერ 20.06.2011წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.