საქმის ნომერი: №2ბ/3470-17
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე(თავმჯდომარე), ირაკლი ბონდარენკო, მერაბ გაბინაშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი განუხილველი დარჩა, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: ას-99-99-2018
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: მესაკუთრეს სახელშეკრულებო და კანონისმიერი ბოჭვის ფარგლებში შესაძლებლობა აქვს თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით. მას ასევე შეუძლია სხვა პირთა მიერ მისი კანონეირი ქონებით სარგებლობა არ დაუშვას და აგრეთვე, განკარგოს ის იმ შემთხვევაში, თუ ამით მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები არ შეილახება ან ეს მოქმედება პირის მიერ უფლების ბოროტად გამოყენებად არ ჩაითვლება.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №№2ბ/3470-17 (2017-11-28), www.temida.ge
საქმის № №2ბ/3470-17

განჩინება
საქართველოს სახელით
       28 ნოემბერი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე:
თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები:
ირაკლი ბონდარენკო, მერაბ გაბინაშვილი,

სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი

აპელანტი - ნ. ა. (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ნ. ქ.

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ნ. (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - მ. ხ.- ღ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გურჯაანის რაიონული სასამართლოს 04.05.2017წ. გადაწყვეტილება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 04.05.2017წ. გადაწყვეტილებით:

1. ნ. ნ. სარჩელი დაკმაყოფილდა;
2. მოპასუხე ნ. ა. გამოსახლებულ იქნა ქალაქ გურჯაანში, ჩიხი X თავისუფლების №X-ში მდებარე, №XX.XX.XX.XXX საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან და უძრავი ქონება მოსარჩელე ნ. ნ.-ს გადაეცა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში;
3. მოპასუხე ნ. ა.-ს მოსარჩელე ნ. ნ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის და ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი თანხიდან 160 ლარის ანაზღაურება.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები

2.1 ქალაქი გურჯაანი, ჩიხი №X თავისუფლების №X-ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №XX.XX.XX.XXX საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელის ნ. ნ.-ის სახელზე.

2.2 მოპასუხე ნ. ა. მოსარჩელე ნ. ნ.-ის თანხმობის გარეშე ფლობს მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქალაქი გურჯაანი, ჩიხი №2 თავისუფლების №6.

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

2.3 საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს
სადავოდ არ გაუხდიათ.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.4 სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები
ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, ქალაქ გურჯაანში, ჩიხი №X თავისუფლების №6-ში მდებარე, №XX.XX.XX.XXX საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, მოსარჩელე ნ. ნ.-ის საკუთრებას წარმოადგენს.

აგრეთვე, საქმის განხილვით დადგენილია, რომ მოპასუხე ნ. ა. ცხოვრობს მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში. მის მფლობელობაშია მთლიანი საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი და მოსარჩელეს ხელს უშლის ქონების ფლობაში.

სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრების უფლების დაცვის აღიარებული სანივთო– სამართლებრივი საშუალებები სავინდიკაციო და ნეგატორული სარჩელებია. ვინდიკაციას მაშინ მიმართავენ, როდესაც მესაკუთრეს წართმეული აქვს ნივთზე მფლობელობა. ვინდიკაციის ვითარებაში მესაკუთრეს შერჩენილი აქვს მხოლოდ ნივთზე საკუთრების უფლება, რომელიც თავისთავად არამატერიალური უფლებაა და ვის ხელშიც არ უნდა იყოს საკუთრების ობიექტი, მესაკუთრეს ეს უფლება არ წაერთმევა. ვინდიცირების წესი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გზითაა მესაკუთრის ხელიდან საკუთრების ობიექტი გამოსული. როდესაც მესაკუთრის ნების გარეშე გამოდის ქონება მისი ხელიდან, ვის ხელშიც არ უნდა აღმოჩნდეს ეს ქონება, მისგან ნივთის გამოთხოვა გარდაუვალია.

საკუთრების დაცვის მეორე საშუალებაა ნეგატორული სარჩელი. ამ შემთხვევაში საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე.

უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველი სარჩელი არის ვინდიკაციური, ვინაიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, ფლობს მოპასუხე ნ. ა. და არ არსებობს მხარეებს შორის შეთანხმება უძრავი ქონების ფლობასთან დაკავშირებით. გამომდინარე აქედან, მოპასუხე ნ. ა.-ის მოქმედებით, მოსარჩელეს, უძრავ ქონებაზე ფლობის უფლება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე აქვს ჩამორთმეული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მოპასუხე ნ. ა.-ის მიმართ მოსარჩელის პრეტენზია, სადავო ქონების უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე, ფაქტობრივი და სამართლებრი თვალსაზრისით დასაბუთებულად მიიჩნია და დააკმაყოფილა.

2.5 რაც შეეხება მოპასუხე მხარის განმარტებას, რომ უძრავ ქონებაში მასთან ერთად სხვა პირებიც ცხოვრობენ და ისინი მოპასუხეებად არ არიან დასახელებულები, სასამართლომ ამ ნაწილში მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა და საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მოსარჩელეს თავისი დარღვეული თუ სადავოდ გამხდარი უფლების დასაცავად შეუძლია მიმართოს სასამართლოს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედებს დისპოზიციურობის პრინციპი, რაც ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებულია მხარეთა შესაძლებლობა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მატერიალური კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების დაცვის მიზნით ყოველი პირი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს სარჩელით. ამასთან, სასამართლოსთვის მიმართვის დროს იგი ვალდებულია დაიცვას სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, სარჩელში მითითებული უნდა იყოს მოსარჩელის, მისი წარმომადგენლის (თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს), მოპასუხის, მოწმის, სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი და ა.შ.. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის
მიხედვით მოსარჩელე ვალდებულია მიუთითოს მოპასუხე და მისი მისამართი.

სასამართლომ, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე განმარტა, რომ მოპასუხე მხარეს უთითებს მოსარჩელე, იგი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომელმაც დარღვეულ, თუ სადავოდ გამხდარ უფლებაზე პასუხი უნდა აგოს. სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავად აირჩიოს მოპასუხე მხარე. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მოპასუხედ მხოლოდ ნ. ა. მიუთითა და განმარტა, რომ მოსარჩელის უფლებას მხოლოდ დასახელებული მოპასუხე ხელყოფს. ამასთან, გარდა მოპასუხისა, სხვა პირების მხრიდანაც რომ ჰქონდეს საკუთრების უფლების ხელყოფას ადგილი, აღნიშნული გარემოება ვერ გახდება წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვინაიდან, საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხე ნ. ა.-ის მხრიდან ადგილი აქვს მოსარჩელის საკუთრების უფლების დარღვევას. შესაბამისად, მოპასუხის მითითება, რომ მასთან ერთად სხვა პირებიც ცხოვრობენ მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაში, არ წარმოადგენს
სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

3.1 სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა სხდომის გადადებაზე.

3.2. აპელანტის მითითებით სადავო საცხოვრებელ სახლში მასთან ერთად ცხოვრობს მისი და, რომელიც ამ სახლში დაიბადა და სხვა საცხოვრებელი არა აქვს. მათთან ერთად ცხოვრობს ასევე მოპასუხის დედა.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

4.1 სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის აღძვრისას უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები:
- მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე;
- მოპასუხე უნდა ფლობდეს მოსარჩელის კუთვნილ ნივთს და
- მას არ უნდა გააჩნდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავო არ გამხდარა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი გურჯაანი, ჩიხი №X თავისუფლების №X საკადასტრო კოდით №XX.XX.XX.XXX საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე (ტ.I, ს.ფ.16).
- უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი გურჯაანი, ჩიხი №X თავისუფლების №X საკადასტრო კოდით №XX.XX.XX.XXX მოპასუხის მფლობელობაშია.

4.2 პალატა იზიარებს გურჯაანის რაიონული სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მოპასუხეს არა აქვს სადავო უძრავი ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მისივე მოვალეობაა. ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული.

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

ვინდიკაციურ სარჩელებზე მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად უნდა გადანაწილდეს: მოსარჩელე მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომ ის წარმოადგენს იმ ნივთის მესაკუთრეს, რომლის გამოთხოვასაც ის ითხოვს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და, რომ ეს ნივთი იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში.

მოპასუხის მტკიცების ტვირთს კი წარმოადგენს მის მიერ სადავო ნივთის ფლობის მართლზომიერების დადასტურება.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ქალაქ გურჯაანში, ჩიხი №X თავისუფლების №X-ში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი: №XX.XX.XX.XXX) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიმართ, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. უდავოა, რომ მოპასუხე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს.

მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მისი მხრიდან უძრავი ქონების ფლობის მართლზომიერების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. შესაბამისად, იგი უკანონოდ ფლობს უძრავ ქონებას, რადგან მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მესაკუთრე შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან (აპელანტთან) მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის, შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები და გამოითხოვოს ნივთი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან.

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაკმაყოფილდა მესაკუთრის სარჩელი.

სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების გამომრიცხავ ან შემაფერხებელ გარემოებაზე.

4.3 რაც შეეხება აპელანტის განმარტებას, რომ უძრავ ქონებაში მასთან ერთად სხვა პირებიც ცხოვრობენ და ისინი მოპასუხეებად არ არიან დასახელებულები, სააპელაციო პალატა ამ ნაწილში სრულად იზიარებს პირველი ინტანციის სასამართლოს მსჯელობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედებს დისპოზიციურობის პრინციპი, რაც ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებულია მხარეთა შესაძლებლობა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მატერიალური კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების დაცვის მიზნით ყოველი პირი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს სარჩელით. ამასთან, სასამართლოსთვის მიმართვის დროს იგი ვალდებულია დაიცვას სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, სარჩელში მითითებული უნდა იყოს მოსარჩელის, მისი წარმომადგენლის (თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს), მოპასუხის, მოწმის, სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი.

ამდენად, თავად მოსარჩელე ირჩევს მოპასუხეს, განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლებმაც დარღვეულ, თუ სადავოდ გამხდარ უფლებაზე უნდა აგონ პასუხი. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოპასუხედ მხოლოდ ნ. ა. მიუთითა. შესაბამისად, წინამდებარე საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება შეეხება უშუალოდ ნ. ნ.-ს და ნ. ა.-ს შორის ურთიერთობას და ადგენს უძრავი ნივთის უშუალოდ მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვას.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.


6. საპროცესო ხარჯები

ნ. ა.-ის მიერ სააპელაციო საჩივარზე ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი 160.00 ლარი რჩება ბიუჯეტში გადახდილად.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ა.- ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელი დარჩეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 04.05.2017წ. გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.