ნახვები: 521
საქმის ნომერი: ას-1025-967-2015
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: საქართველოს უზენაესი სასამართლო
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი(თავმჯდომარე), ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: არ ექვემდებარება გასაჩივრებას, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები: 2ბ/397-19, 2ბ/486-18, ას-1412-1332-2017, ას-1219-1139-2017, ას-1084-1004-2018, ას-764-2019, ას-1235-1155-2017, ას-758-2020,
რეზიუმე:
ციტირებისთვის: საქართველოს უზენაესი სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №ას-1025-967-2015 (2015-12-23), www.temida.ge
საქმის № 010210014411298
საქმის № ას-1025-967-2015

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       23 დეკემბერი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე:
ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები:
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე,

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს “E-“ (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “E-“ (მოპასუხე, შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 02 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

I. სასარჩელო მოთხოვნა და სარჩელის საფუძვლები:


1. შპს “E--მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს “E--ის“ მიმართ, რომლითაც მოითხოვა:

1.1. მასსა და მოპასუხეს შორის 2013 წლის 17 მარტს დადებული ნარდობის ხელშეკრულება №C003 და 2013 წლის 12 ივლისს დადებული დამატებითი შეთანხმების შეწყვეტილად აღიარება;
1.2. მოპასუხისათვის 280,992 ლარის გადახდის დაკისრება და
1.3. პირგასამტეხლოს - 351,580 ლარის გადახდის დაკისრება.

2. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ 2013 წლის 17 მარტს მხარეებს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს პროექტის შესაბამისად უნდა ეწარმოებინა სამშენებლო სამუშაოები ქ.ქ-ში, ა-ის ქ.№554-ში. სამუშაოების ზუსტი ჩამონათვალი, შემადგენლობა და ვადები განსაზღვრული იყო ნარდობის ხელშეკრულების დანართებით. სამუშაოთა ღირებულება და ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო სამუშაოს შესრულების აქტებით. მოპასუხემ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო შესრულებული სამუშაოები იყო უხარისხო.

2.1. 2013 წლის 12 ივლისს, მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება დანართი №20, რომლითაც შემსრულებელმა იკისრა ვალდებულება ქ.ქ--ში, ა-ის ქ.№554-ში მშენებარე ობიექტზე განეხორციელებინა ხარვეზების გასწორება და დაესრულებინა სამშენებლო სამუშაოები. სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2013 წლის 26 აგვისტო. მიუხედავად ამისა, მოპასუხეს არ დაუწყია ზემოაღნიშნული სამუშაოების შესრულება, რის გამოც, დამკვეთი იძულებული გახდა საკუთარი სახსრებით უზრუნველეყო მშენებლობის დასრულება და ხარვეზების გამოსწორება.

II. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა და საფუძვლები:

2. მოპასუხე შპს “E---მა“ სარჩელი არ ცნო და თავდაპირველ სარჩელთან ერთად განსახილველად წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა შპს “E-ისათვის“ 242,489.13 ლარის გადახდის დაკისრება.

2.1. შეგებებული სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2013 წლის 17 მარტს მხარეებს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, შეგებებული სარჩელის ავტორს უნდა ეწარმოებინა სამშენებლო სამუშაოები ქ.ქ-ში, ა-ის ქ.№554-ში. სამუშაოების კონკრეტული ჩამონათვალი განისაზღვრა დანართებით. თუმცა პროექტი შეგებებული სარჩელის ავტორისათვის მოსარჩელეს არც გაუცვნია და არც გადაუცია.

შეგებებული სარჩელის ავტორი სამუშაოებს ასრულებდა ხელშეკრულებაზე დართული დანართებით. დამკვეთი ვალდებული იყო თავისი მასალით მოემარაგებინა შემსრულებელი, თუმცა ხშირად მასალას არ აწვდიდა და შემსრულებელი იძულებული იყო თავისი ხარჯით შეეძინა მასალა. მოსარჩელეს არ შეუსრულებია ნაკისრი ვალდებულება და არ უნაზღაურებია შეგებებული სარჩელის ავტორისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულება. მისი დავალიანება შეადგენს 242,489.13 ლარს.

III. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებზე მითითება

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს “E--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შპს “E----ის“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს “E--ს“ შპს “E---ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 242 489,13 ლარის გადახდა.

4. გადაწყვეტილებაზე ორივე მხარემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.

V. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება. შპს “E--ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს “E--ს“ დაეკისრა შპს “E-ის“ სასარგებლოდ 5001.89 ლარის გადახდა. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს “E-ის“ შეგებებული სარჩელიც და შპს “E--ს“ დაეკისრა 165,823.66 ლარის გადახდა.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. 2013 წლის 17 მარტს შპს “E-ის“, როგორც „დამკვეთს“ და შპს “E--ს“, როგორც „შემსრულებელს“ შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე შემსრულებელს უნდა განეხორციელებინა სამშენებლო სამუშაოები ქ--ში, დ.ა-–ის გამზ №554-ში. შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი მოცემული იყო ხელშეკრულების „დანართებში”, რომელიც შეიცავდა შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებასაც.

6.2. მხარეთა მიერ ხელმოწერილია 13 დანართი. ამათგან, დანართი №6-ით შეთანხმებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულების ვადა, ხოლო დანართი №20-ით კი, დადგინდა დამატებით შესასრულებული სამუშაოების ჩამონათვალი.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უშუალოდ, შესასრულებელი სამუშაოები მხარეებმა შეათანხმეს დანართებით: №1; 2; 3; 4; 5; 7; 8; 9; 10; 11; 14.

6.3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დანართი №6-ის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შემსრულებელს უნდა დაესრულებინა 2013 წლის 10 ივნისამდე, თუმცა ეს ვალდებულება მან ჯეროვნად ვერ შეასრულა. ამიტომ, 2013 წლის 12 ივლისს მხარეებმა დადეს ახალი შეთანხმება, რომელსაც უწოდეს ხელშეკრულების „დანართი №20”.

6.4. დანართი №20-ით მხარეებმა განსაზღვრეს შემსრულებლის მიერ გასაწორებელი და დასამთავრებელი სამუშაოების ჩამონათვალი”, კერძოდ:

- კედლების მოწყობა ბლოკებით (შიდა ტიხრების გარდა); - კედლების ლესვა იატაკის ხსნარით;

- იატაკის მოჭიმვა ცემენტის ხსნარით (დეფექტების გასწორება); - სავენტილაციო და საკანალიზაციო სამუშაოების დამთავრება;

- კარ-ფანჯრების აწყობა და მონტაჟი;

- კარ-ფანჯრების ჩარჩოებსა და კედლებს შორის დარჩენილი ცარიელი ადგილების ამოშენება და გალესვა;

- ვიტრაჟების ძირების ჩასხმა;

- კარ-ფანჯრების ჩარჩოების გაწმენდა ცემენტის ხსნარისაგან (თუ ეს გამოწვეული იყო შემსრულებლის ბრალეულობით) და სამშენებლო ნაგვის გატანა.

ამის შესაბამისად, ნათელია, რომ ამ დანართში ჩამოთვლილი სამუშაოების გარდა სხვა სამუშაოები შემსრულებელს შესრულებული ჰქონდა.

6.5. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ დანართში ჩამოთვლილი სამუშაოებიდან დასრულებული იყო იატაკის მოჭიმვა ცემენტის ხსნარით, თუმცა გასასწორებელი იყო დეფექტები; შენობაში ჩასმული იყო კარ-ფანჯრების ჩარჩოები - წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩარჩოებსა და კედლებს შორის ცარიელი ადგილები ვერ იარსებებდა და ცემენტის ხსნარით კედლების ლესვის სამუშაო, ნაწილობრივ მაინც შესრულებული იყო, თორემ „შემსრულებლის ბრალეულობით” ჩარჩოები ვერანაირად დაისვრებოდა.

6.6. სასამართლომ აღნიშნა, რომ დანართი 20-დან არ ჩანდა დაწყებული იყო თუ არა საერთოდ ბლოკებით კედლების მოწყობის, კარ-ფანჯრების მონტაჟისა და ვიტრაჟების ძირების ჩასხმის სამუშაოები, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებმა შეათანხმეს „გასასწორებელი და დასამთავრებელი” და არა „შეუსრულებელი” ან „შესასრულებელი” სამუშაოების ჩამონათვალი, გონივრულად იქნა მიჩნეული, რომ შემსრულებელს ამ სამუშაოთა ნაწილი მაინც ჰქონდა შესრულებული.

6.7. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2013 წლის 12 ივლისის შემდეგ შემსრულებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები აღარ უწარმოებია.

6.8. 2013 წლის 20 აგვისტოს შემკვეთმა შემსრულებელს წერილობით მოსთხოვა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება და, ამასთან, აცნობა, რომ წყვეტდა ხელშეკრულებას. თავის მხრივ, 2013 წლის 27 აგვისტოს წერილით შემკვეთმა შემსრულებელს ასევე წერილობით აცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

6.9. უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ 2013 წლის 17 მარტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ამჟამად, დასრულებული იყო. ამის შესაბამისად, ტექნიკური თვალსაზრისით, იმის განსაზღვრა ამ სამუშაოთაგან რომელი შეასრულა შემსრულებელმა და რომელი სხვა პირმა - შეუძლებელი იყო.

6.10. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ შემკვეთს შემსრულებლისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან გადახდილი ჰქონდა 280,992 ლარი.

6.11. მხარეთა მიერ შეთანხმებული „დანართებით” დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ შემსრულებელს უნდა შეესრულებინა შემდეგი სამუშაოები:

დანართი 1 - ფასადზე მეტალოპლასტმასის ვიტრაჟების, კარებისა და ფანჯრების დამზადება - სამუშაოების მაქსიმალური ღირებულება - 155 000 ლარი;

დანართი 2 - მეტალის მოაჯირების დამზადება და მონტაჟი აივნებზე და პარაპეტზე - სამუშაოების მაქსიმალური ღირებულება - 80063,2 ლარი;

დანართი 3 - სახურავზე დახრილობის მოწყობა - სამუშაოების მაქსიმალური ღირებულება - 45 000 ლარი;

დანართი 4 - კანალიზაციის, ვენტილაციისა და წყალგაყვანილობის მოწყობა -

სამუშაოების მაქსიმალური ღირებულება - 80 000 ლარი;

დანართი 5 - ფასადზე კედლების, აივნებისა და სახურავის მობათქაშება ცემენტის ხსნარით - სამუშაოების მაქსიმალური ღირებულება - 80 000 ლარი;

დანართი 7 - შიდა კედლების მობათქაშება ცემენტის ხსნარით - სამუშაოების მაქსიმალური ღირებულება - 70 000 ლარი;

დანართი 8 - შესასვლელი კარის ჩაყენება - სამუშაოების მაქსიმალური ღირებულება - 12 000 ლარი;

დანართი 9 - შიდა ელექტროქსელის გაყვანა - სამუშაოების მაქსიმალური ღირებულება - 38 000 ლარი;

დანართი 10 - გარე კანალიზაციისა და წყალგაყვანილობის სისტემის ნაწილის მოწყობა -

სამუშაოების მაქსიმალური ღირებულება - 20 114,34 ლარი;

დანართი 11 - საფასადე ტიხრების და ბლოკების მოწყობა - სამუშაოების მაქსიმალური ღირებულება - 50 000 ლარი;

დანართი 14 - კიბის უჯრედის მოწყობა - სამუშაოების მაქსიმალური ღირებულება - 35 000 ლარი.

უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ დანართები №12 და N13 არ არსებობს.

6.12. შემსრულებლის განმარტებით, ხელშეკრულების საფუძველზე მან შეასრულა შემდეგი ღირებულების სამუშაოები:

დანართი 1-ის საფუძველზე - 52 600 ლარის სამუშაო; დანართი 2-ის საფუძველზე - 74 548 ლარის სამუშაო; დანართი 3-ის საფუძველზე - 38 400 ლარის სამუშაო; დანართი 4-ის საფუძველზე - 76 567,84 ლარის სამუშაო; დანართი 5-ის საფუძველზე - 39 825 ლარის სამუშაო; დანართი 7-ის საფუძველზე - 88 350 ლარის სამუშაო; დანართი 9-ის საფუძველზე - 25 617,11 ლარის სამუშაო; დანართი 10-ის საფუძველზე - 13 751,6 ლარის სამუშაო; დანართი 11-ის საფუძველზე - 20 506 ლარის სამუშაო; დანართი 14-ის საფუძველზე - 20 290,69 ლარის; 6 612,5 ლარის; 4 185,6 ლარის, 479 ლარისა და 5 384,32 ლარის, ე.ი. სულ - 20 290,69+6 612,5+4 185,6+479+5 384,32=36 952,11 ლარის სამუშაო.

6.13. გარდა ამისა, შემსრულებლის პოზიციით, მან შეასრულა, აგრეთვე, ე.წ. დანართი N12 და დანართი N13-ით გათვალისწინებული სამუშაო 29 718 ლარისა და 5 250,97+12 195=17 445,97 ლარის ღირებულებით. მისი განმარტებით, ეს სამუშაოები ეხებოდა შენობაზე ალუმინის ვიტრაჟის მოწყობასა და შენობაში არსებული ორი, ე.წ. საჩვენებელი ბინის რემონტს. თუმცა, როგორც აღინიშნა, №12 და №13 დანართები არ არსებობს და ამ სამუშაოთა შესრულების დასამტკიცებლად შპს ე-–- კ---მა სასამართლოს, მხოლოდ, მის მიერ შედგენილი შესრულებულ სამუშაოთა აქტები (ტ. 1, ს.ფ. 250; 254-256; 263-265) წარუდგინა.

როგორც აღინიშნა, 2013 წლის 12 ივლისის შეთანხმების შინაარსიდან გამომდინარე, ზემოხსენებული სამუშაოები შპს ე-–კ--მა სრულად ან ნაწილობრივ მაინც შეასრულა.

6.14. ამის შესაბამისად, დანართი 20 არ მოიცავდა, სულ 222 681,19 (74548+38400+25617,11+29718+17445,97+36952.11) ლარის ღირებულების სამუშაოს.

6.15. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ შემსრულებელმა სახლზე მოაწყო ალუმინის ვიტრაჟები და გაარემონტა ორი ბინა.

სასამართლოს მითითებით, ამ სამუშაოთა შესრულების თაობაზე მხარეთა შორის შეთანხმების არსებობა საქმის მასალებით არ დასტურდებოდა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

ამავე კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კი ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

6.16. უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ მხარეთა შორის დადებული იყო ნარდობის ხელშეკრულება და ვიტრაჟის მონტაჟისა და ქონების რემონტის შესახებ შეთანხმებაც ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობას წარმოადგენდა.

ამის შესაბამისად, ეს შეთანხმება დადებულად ჩაითვლებოდა იმ შემთხვევაში, თუ მხარეები მის არსებით პირობებზე შეთანხმდებოდნენ.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხოლოდ ის, რომ დანართ N11-ს დანართი N14 მოსდევდა დანართი N12 და N13. მით უმეტეს, ამ დანართებით გათვალისწინებული ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმებას არ ნიშნავდა.

მხარის განმარტებით, №12 და №13 დანართები არ შედგა იმიტომ, რომ ამ დანართებით გათვალისწინებული, სავარაუდო სამუშაოს ჩატარება შემკვეთმა გადაიფიქრა და, ამის გამო, მათზე შეთანხმებაც არ მომხდარა. პალატის აზრით, ეს ახსნა სავსებით აკმაყოფილებდა ფაქტების მითითების ტვირთს.

6.17. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა ისიც, რომ მოგვიანებით, მხარეებმა ხელი მოაწერეს დანართს №20, ისე, რომ დანართები №15-19 არც კი შეუდგენიათ. ამის შესაბამისად, მხოლოდ დანართების ნუმერაციით საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა შეუძლებელი იყო.

6.18. ამ სამუშაოთა შესრულება არ დაუდასტურებიათ არც სასამართლოს სხდომაზე დაკითხულ მოწმეებს.

6.19. შემსრულებლის ინიციატივით დაკითხულ მოწმეთაგან გ-მა და ვ--მა ისაუბრეს სახლის ფასადის სამუშაოებთან დაკავშირებით; ა-ემ - ფანჯრების შესახებ; გ--ამ ბლოკის წყობის, იატაკის მოჭიმვისა და შიდა ლესვის თაობაზე.

6.20. აღნიშნული ფაქტი არ დაუდასტურებია არც აპელანტის ინიციატივით დაკითხულ მოწმეს, გ-ილს და არც კ--–ს.

6.21. „ვიტრაჟები” ჩვენებაში ახსენა მხოლოდ მოწმემ, შემსრულებელს საქმის მწარმოებელმა, მ-ემ, რომელმაც განმარტა - ისინი სამჯერ ჩამოგვახსნევინესო, თუმცა, შემდეგ დააზუსტა, რომ ზუსტი ინფორმაცია არ ჰქონდა, რადგან ამ სამუშაოებს არ ხელმძღვანელობდა.

6.22. აღსანიშნავია ისიც, რომ მ-ის ჩვენებით შემსრულებელმა ჩამოასხა ვიტრაჟების ძირებიც, თუმცა დანართი №20-დან ჩანს, რომ 2013 წლის 12 ივლისისათვის ეს სამუშაო შესრულებული არ იყო, ამის შემდეგ კი, შემსრულებელს სამუშაოები აღარ გაუგრძელებია. მნიშვნელოვანია, რომ ვიტრაჟების ძირების ჩასხმის შესახებ არც შესრულებული სამუშაოს აქტშია მითითებული.

6.23. ეს კი ნიშნავს, რომ ამ ნაწილში, მ---ის ჩვენება დამაჯერებელი არ არის.

6.24. ამგვარად, სახლზე ალუმინის ვიტრაჟების მოწყობისა და ორი ბინის რემონტის ნაწილში შპს ე-– კ--ის მოთხოვნა დაუსაბუთებელია.

6.25. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემკვეთი ვალდებულია მენარდეს გადაუხადოს, მხოლოდ, შეთანხმებული საზღაური.

6.26. სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შეთანხმებულზე უფრო მეტი საზღაურის გადახდის ვალდებულება შემკვეთს წარმოეშობა მხოლოდ მაშინ, როცა შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა მიახლოებითია.

6.27. მხარეთა მიერ ხელმოწერილი ფორმებიდან ჩანს, რომ მათ დაადგინეს შესასრულებელი სამუშაოების მყარი ფასი და გადასახდელი თანხის მაქსიმალური, ზღვრული ოდენობა.

6.28. ეს ნიშნავს, რომ მხარეებს შეთანხმებული ჰქონდათ არა მიახლოებითი, არამედ მყარი ხარჯთაღრიცხვა და აპელანტი არ არის ვალდებული მოწინააღმდეგე მხარეს გადაუხადოს ანაზღაურების ზღვრულ ოდენობაზე მეტი თანხა.

6.29. დანართი 7-ით გათვალისწინებული შიდა კედლების მობათქაშებითი სამუშაოების მაქსიმალური ღირებულება იყო 70,000 ლარი, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. ფორმა 2-ში შესრულებული სამუშაოების ღირებულება 88,350 ლარითაა განსაზღვრული (ტ. 1; ს.ფ. 231), შპს ე-– კ---ი აპელანტისაგან ამ სამუშაოებისათვის 70,000 ლარზე მეტ თანხას ვერ მოითხოვს.

6.30. იგივე ეხება დანართი №14-ით გათვალისწინებულ სამუშაოებს, რომელთა მაქსიმალური ღირებულება 35,000 ლარზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, თუმცა ფორმა 2-ით, ამ ნაწილში შესრულებულ სამუშაოთა ჯამი 36,952.11 ლარია.

6.31. ამის შესაბამისად, ვიტრაჟების მოწყობისა და ბინების სარემონტო სამუშაოების გამოკლებითა და დანართების პირობების შესაბამისად, აპელანტის სასარგებლოდ შეასრულა სულ, 446 815,55 (52600+74548+38400+76567,84+39825+70000+ 25617,11+13751,6+20506+35000) ლარის ღირებულების სამუშაო.

6.32. პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას იმის თაობაზე, რომ შემსრულებელს ზემოხსენებული სამუშაოები ფორმა 2-ებში მითითებული მოცულობით არ შეუსრულებია.

6.33. პირველ ყოვლისა, პალატა აღნიშნავს, რომ ფორმა 2-ებში მითითებული შესრულებული ერთეული სამუშაოს ფასი ყველა შემთხვევაში შეესაბამება და ნაკლებია კიდეც დანართებით შეთანხმებულ ფასზე, ხოლო შესრულებული სამუშაოს საერთო მოცულობა, გარდა მე-7 და მე-14 დანართებით გათვალისწინებული სამუშაოებისა, სავსებით შეესაბამება შეთანხმებულ მოცულობას.

6.34. ასე მაგალითად, დანართი №1-ის თანახმად, 1მ2 ვიტრაჟის, ფანჯრისა და კარის მონტაჟის ფასი იყო 3,9 ლარი, მაშინ, როცა შესაბამისი ფორმა 2-ით 1მ2 ფასი 3,31 ლარია. დანართი №4-ით გათვალისწინებული ერთი საკანალიზაციო წერტილის ფასია 27,17 ლარი, შესაბამისი ფორმა 2-ის თანახმად კი - 23 ლარი; სარდაფში წყლის სისტემის მოწყობის ფასი 1900 ლარია, ფორმა 2-ით კი - შესრულებული სამუშაო 1600 ლარად არის შეფასებული; დანართი 5-ის შესაბამის ფორმა 2-ში შესრულებული სამუშაოს ფასი, საერთოდაც, შეთანხმებულის ნახევარზე ოდნავ მეტს შეადგენს და ა.შ.

6.35. სადავო არ არის, რომ ამჟამად, 2013 წლის 17 მარტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სამუშაო შესრულებულია. საქმის მასალებით დგინდება, რომ სამუშაოთა ძირითადი ნაწილი, სწორედ, შემსრულებელმა შეასრულა.

6.36. ამას, უკვე განხილული გარემოებების გარდა, ამტკიცებს სასამართლოს სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებიც.

6.37. მოწმეებმა, გ-–მა და ვ-–-მა ძალზე დამაჯერებლად განმარტეს, რომ სახლის ფასადი სწორედ მათ შელესეს და დაამუშავეს.

6.38. ამ მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთს ავსებს და ადასტურებს. ასე, მოწმე გ--მა აღნიშნა, რომ სახლის ფასადის მხოლოდ ერთი მხარე შელესა, ხოლო დანარჩენ სამ მხარეს ე.წ. სვანების ბრიგადა მუშაობდა. ეს ბრიგადა სამუშაოს უფრო სწრაფად ასრულებდა და, ამიტომ, შემკვეთის წარმომადგენელი, „ოლია”, მასაც იმავეს სთხოვდა. მანვე აღნიშნა, რომ სახლის ფასადის მხარეს ყველა ფანჯარა ჩასმული იყო და მეტალო-პლასტმასის სამუშაოებზე „სხვა ბიჭები” მუშაობდნენო.

6.39. მოწმე, ვ---მა უაღრესად ნათლად და გულწრფელად მოახსენა სასამართლოს საქმის მისთვის ცნობილი გარემოებები. არსებითად, დაადასტურა გ–ის ნათქვამი და განმარტა, რომ სვანეთიდან ჩამოყვანილ ჯგუფთან ერთად გალესა სახლის 3400 კვ.მ. - ფასადის სამი მხარე, პრაქტიკულად, ყველა „საძნელო” საქმე მოაგვარა, შემკვეთიც კმაყოფილი იყო და, მოულოდნელად, როცა ერთი კვირის სამუშაოღა ჰქონდა დარჩენილი, ობიექტზე აღარ დაუშვეს.

6.40. მოწმე ა---ემ განმარტა, რომ სამუშაოების 90% უკვე შესრულებული ჰქონდა, თუმცა ბოლომდე დასრულება ვეღარ მოახერხა, რადგან დამკვეთმა არ შეუშვა.

6.41. მოწმემ, გ-ამ აღნიშნა, რომ ჩაატარა ბლოკის წყობა, იატაკის მოჭიმვა და შიდა ლესვა.

6.42. ყველაზე სრულყოფილი კი სამუშაოთა მწარმოებლის, მ---ის ჩვენება იყო, რომელმაც ლესვითი სამუშაოების გარდა, ლიფტის, სახურავების, სანიაღვრეების, კანალიზაციის, იატაკის მოჭიმვის, სენსორული განათების, ელექტროენერგიის გაყვანილობისა და ფანჯრების ჩასმის სამუშაოთა შესრულება დაადასტურა.

6.43. ამ მოწმემ აღნიშნა, რომ ლიფტისა და სახურავების მოწყობასთან დაკავშირებით „შავი სამუშაო” შემსრულებელმა შეასრულა, თუმცა შემდეგ, შემკვეთმა იგი სხვას დაასრულებინა; კანალიზაციის მოწყობისათვის საჭირო სამუშაოებიდან აგვისტოში „გაითხარა 100 მეტრი”, ხოლო დანარჩენი უკვე გაკეთებული იყო; ელექტროქსელიდან ნახევარზე მეტი შემსრულებელმა გაიყვანა, ხოლო სენსორული ნათურები ექვს სართულზე დაამონტაჟა; ასევე, დაასრულა კედლების სამი ნაწილი და ჩასვა ფანჯრის რაფები.

6.44.საინტერესოა, რომ შემსრულებლის მიერ სამუშაოთა ძირითადი ნაწილის შესრულება, გარკვეულწილად, დასტურდება აპელანტის ინიციატივით დაკითხული ერთადერთი მოწმის, გ--- ჩ-–ის ჩვენებითაც. კერძოდ, ამ მოწმის თქმით: მოწინააღმდეგე მხარის მიერ „კედლები არ იყო სწორად ნაშენები, პრობლემა იყო შელესვაზე, ძალიან ბევრი ფანჯარა დაამზადეს და ამ ფანჯრებში წყალი ჩადიოდა”, რის გამოც „დეფექტების გამოსწორებისთვის” მისცეს ვადაო.

6.45. ამდენად, ამ ჩვენებიდანაც ჩანს, რომ ყოველ შემთხვევაში, სამუშაოთა მნიშვნელოვანი ნაწილი, სწორედ, შპს ე-კ----მა შეასრულა და მათი დასრულებისათვის „დეფექტების გამოსწორებაღა” იყო საჭირო.

6.46. უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ აშენებული ნაგებობა ეკუთვნოდა აპელანტს. ამ ქონებას იგი დავის განხილვის პერიოდისათავისაც ფლობდა. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს 2013 წლის 12 ივლისის შემდეგ ამ ნაგებობაზე წვდომა აღარ გაჩნდა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები სწორედ შემკვეთმა დაასრულა. ამის შესაბამისად, იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რა სამუშაოები შესრულდა 2013 წლის 12 ივლისის შემდეგ, შეეძლო და უნდა წარმოედგინა კიდეც შემკვეთს.

6.47. აპელანტმა თავისი პოზიციის დასადასტურებლად წარმოადგინა, მხოლოდ, რ- ც---ასა და ზ-ის მიერ შესრულებული სამუშაოს „აქტები”. რ-- ც--ას მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ აქტში მითითებულია, რომ 2013 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 15 ივლისამდე ამ პიროვნებამ შეასრულა ელექტროსამონტაჟო სამუშაოების ნაწილი, ხოლო 2015 წლის 15 ივლისის შემდეგ კი დაამონტაჟა „დამიწების კონტურის” 1 კომპლექტი; ზ---ის სახელით შედგენილ აქტში კი აღნიშნულია, რომ მან 2015 წლის 15 ივლისამდე დაამონტაჟა შიდა კანალიზაციისა და შიდა ვენტილაციის 340-340 დგარი და შიდა წყალგაყვანილობის 117 დგარი, ასევე, დაამონტაჟა სარდაფში კანალიზაცია, წყალგაყვანილობა და ვენტილაცია.

6.48. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ეს მტკიცებულებები აპელანტის განმარტების არც-ერთ ნაწილს არ ადასტურებდა. პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ აქტებში დასახელებული პირები სასამართლოს სხდომაზე მოწმედ არ დაკითხულან და, ამის შესაბამისად, როგორც მხარეებს, ასევე სასამართლოს მათი განმარტებების კრიტიკულად შეფასების შესაძლებლობა არ მისცემიათ. ამის გარეშე, კი „აქტების” მტკიცებითი მნიშვნელობა მცირეა.

6.49. ამასთან, სააპელაციო პალატას მითითებით ეს აქტები სულაც არ გამორიცხავს დანარჩენ სამუშაოთა შესრულებას საწარმოს მიერ დაქირავებული სხვა პირების მიერ.

6.50. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა ისიც, რომ რ-- ც---ას მიერ შესრულებულ სამუშაოთა აქტსა და დანართი №9-ის შესაბამის შესრულებული სამუშაოების აქტის მონაცემები, გარკვეულწილად, ერთმანეთს ემთხვევოდა. ასე მაგალითად, ორივე აქტის მიხედვით, 3X4 მოცულობის სპილენძის ელ.კაბელი გამოყენებული იყო 5987 მეტრი; 4X10 მოცულობის გამოყენებული კაბელის საწარმოს მიერ წარმოდგენილ აქტში ნაკლები იყო კიდეც - რ-- ც--ას აქტის მიხედვით, გამოყენებული იყო 165 მ. ხოლო შემსრულებლის აქტის მიხედვით - 160 გ.მ. ამ აქტებით ერთმანეთისაგან 1000-1000 გ.მ-ით განსხვავდებოდა 2X2,5 და 3X2,5 დიამეტრის გამოყენებული კაბელების სიგრძე და დამონტაჟებული სენსორული განათებების რაოდენობა. ასევე, რ- ც--ას მიერ შესრულებული სამუშაოების აქტში ასახული არ იყო სხვადასხვა სახის ელექტრო მოწყობილობის - კერძოდ, ამომრთველების, მრიცხველებისა და ალუმინის კაბელების მონტაჟის ფაქტი, თუმცა, ამ მოწყობილობების მონტაჟი დაადასტურა სასამართლოს სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა მ--ემ და ამ განმარტებას აპელანტის წარმომადგენელი არ შეწინააღმდეგებია.

6.51. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ელექტრო სამუშაოების ჩატარების ვალდებულების თაობაზე არც დანართ 20-ში იყო მითითებული. ამის შესაბამისად, რ- ც---ას მიერ შესრულებული სამუშაოების აქტი სარწმუნოდაც რომ ყოფილიყო მიჩნეული, იგი სრული მაინც არ იყო.

6.52. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა, თუ რამდენი ცალი სენსორული განათების ნათურა იყო დამონტაჟებული სახლში, აპელანტს ხელეწიფებოდა, თუმცა ეს მტკიცებულებები შპს ე-– დ---ს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

6.53. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო დანართი 9-ის შესაბამისად, ელექტროქსელის გაყვანის სამუშაოებისათვის შემკვეთს უნდა გადაეხადა 38000 ლარი. ამ დანართით განსაზღვრული არ იყო ანაზღაურება ცალკეული შესრულებული სამუშაოსათვის.

6.54. სააპელაციო სასამართლოს მითითებით საქმის მასალებიდან არ ირკვოდა, რომ შემსრულებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეუსრულებია. პირიქით, სწორედ რ- ც---ას მიერ შესრულებული სამუშაოს 2013 წლის 27 აგვისტოს აქტით დგინდებოდა, რომ 2013 წლის 15 ივლისის შემდეგ, დასამონტაჟებელი იყო მხოლოდ დამიწების კონტურის 1 კომპლექტი. ფორმა 2-ის თანახმად, 1 ცალი კომპლექტის ღირებულება იყო 360 ლარი. ეს ნიშნავდა, რომ შემსრულებელმა, ყოველ შემთხვევაში, ელექტროსამონტაჟო სამუშაოები, ძირითადად, შეასრულა და, ამიტომ, მისი მოთხოვნა ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ნაკლები ანაზღაურების თაობაზე მართლზომიერი იყო.

6.55. სასამართლომ მიუთითა, რომ ზ---ის მიერ შესრულებული სამუშაოების აღწერის აქტი ეხებოდა სახლში საკანალიზაციო, სავენტილაციო და წყალგაყვანილობის სისტემის მონტაჟს. ეს სამუშაოები გათვალისწინებულია ხელშეკრულების დანართი №4-ით.

მნიშვნელოვანი იყო, რომ ზ---ის მიერ შესრულებული სამუშაოების აღწერის აქტში მითითებული მონაცემები ეწინააღმდეგება თავად აპელანტის განმარტებას, რომლის მიხედვითაც სახლში იყო სულ 320 ბინა და 2 კომერციული ფართი და თითო ბინაში დამონტაჟდა თითო-თითო ვენტილაციის, წყლის სისტემისა და კანალიზაციის დგარი. ამის შესაბამისად, აშკარა იყო, რომ სულ სახლში თითოეული სახის დგარის რაოდენობა არ უნდა ყოფილიყო 322-ზე მეტი. მაშინ, როცა აქტის თანახმად, ზ---ემ სახლში შიგა კანალიზაციისა და ვენტილაციის 340-340 დგარი დაამონტაჟა - თუ თითოეულ ბინაში კანალიზაციისა და ვენტილაციის, მხოლოდ, ერთი დგარი უნდა ყოფილიყო, მათი საერთო რაოდენობა 340 ვერანაირად იქნებოდა.

6.56. ამგვარად, აქტის შინაარსი და აპელანტის განმარტებები წინააღმდეგობრივი იყო. თუმცა, მთავარი ის იყო, რომ აქტი ეწინააღმდეგებოდა დანართებით გათვალისწინებულ პირობებსაც.

6.57. სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ნორმის შესაბამისად, მხარეთა მიერ ხელშეკრულებათა დანართებში გამოვლენილი ნებაც გონივრულად უნდა შეფასებულიყო.

6.58. პირველ ყოვლისა, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხარეები დანართი 4-ით არა „დგარების”, არამედ წერტილების” დამონტაჟებაზე შეთანხმდნენ. ამასთან, თითოეულ წერტილში გადასახდელი თანხის ოდენობაც მყარად დაადგინეს. თუ დანართ 4-ში მითითებული წერტილი „დგარს” ნიშნავდა და თითო ბინაში, თითო „დგარი“ უნდა ყოფილიყო, ცხადია, მხარეებისათვის ყველა „დგარის” რაოდენობა იმთავითვე ცნობილი იქნებოდა. ამიტომ, ნათელი იყო, რომ დანართი 4-ით გათვალისწინებული სამუშაოების საერთო ღირებულება, დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ჩათვლით, შეადგენდა 31 176,52 (322X27,17+322X27,17+322X28,32+2660+1900) ლარს.

ამ ვითარებაში, ყოვლად გაუგებარი იყო, თუ საერთოდ, რა საჭირო იყო ანაზღურების ზღვრული ოდენობის დადგენა ან რატომ განსაზღვრეს მხარეებმა ამ ოდენობად 80 000 ლარი, ანუ შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებაზე, თითქმის, 2,5-ჯერ მეტი თანხა.

ეს ადასტურებდა, რომ დანართში მითითებული „წერტილი” და აპელანტის მიერ დასახელებული „დგარი” ერთი და იგივე არ იყო და „წერტილების” რაოდენობა „დგარების” რაოდენობას მნიშვნელოვნად აღემატებოდა.

პალატა აღნიშნავდა, რომ ჩვეულებრივ, ყოველი საცხოვრებელი ბინისათვის გათვალისწინებული იყო, სულ მცირე, ვენტილაციისა და კანალიზაციის ორი, ხოლო წლის მიწოდების ოთხი წერტილი - ვენტილაციისა და კანალიზაციის თითო-თითო წერტილი უნდა ყოფილიყო ცალკე სამზარეულოსა და ცალკე სააბაზანოსათვის და წყლის მიწოდების თითო წერტილი - აბაზანის, ხელსაბანის, საპირფარეშოსა და სამზარეულოსათვის.

ამის შესაბამისად, გონივრულად, 322 ბინიან სახლში ვენტილაციისა და კანალიზაციის წერტილების საერთო რაოდენობა, 322X2=644, ხოლო წყლის წერტილების რაოდენობა 322X4=1288 მაინც უნდა ყოფილიყო.

აქ დასახელებული ციფრები კი, შემსრულებლის მიერ წარმოდგენილ ფორმა 2-ის მონაცემებს თითქმის სრულად ემთხვეოდა.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით ნათელი იყო, რომ დანართ 4-ში მითითებული „წერტილი” სწორედ ზემოხსენებულ სისტემას ნიშნავდა და შემსრულებლის მიერ წარმოდგენილ ფორმა 2-ში მითითებული მონაცემები სწორი იყო.

უდავოდ იქნა მიჩნეული ისიც, რომ შემსრულებელმა სარდაფში კანალიზაცია, წყალგაყვანილობა და ვენტილაცია დაამონტაჟა. ეს დგინდებოდა ზ---ის მიერ შესრულებული სამუშაოების აღწერის აქტიდანაც.

6.59. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოხსენებული აქტები აპელანტის პოზიციას არ ადასტურებდა, ამას არ ადასტურებდა არც მოწმის, გ-- ჩ--–ის ჩვენება, სხვა მტკიცებულებები აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. ამიტომ, პალატის აზრით, აპელანტის პოზიცია დაუსაბუთებელი იყო.

6.60. სამოქალაქო კოდექსის 645-ე მუხლის თანახმად, შემკვეთს, რომელიც არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია იმ თანხით შეამციროს საზღაური, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას.

6.61.შემსრულებლის მიერ მოთხოვნილი თანხა და მის მიერ შესრულებული სამუშაო, ძირითადად, შეესაბამებოდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობებს. მართალია, ეს სამუშაო ნივთობრივი ნაკლის მქონე იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, შემკვეთს მასზე უარი არ განუცხადებია და 2013 წლის 12 ივლისს დაადგინა დამატებითი შესრულების ვადა.

6.62. შემსრულებელს დამატებითი შესრულება არც ამ ვადაში განუხორციელებია და, ამის გამო, აპელანტს წარმოეშვა შესრულებული სამუშაოს ნაკლის გამო საზღაურის შემცირების უფლება. თუმცა, ის, თუ რა თანხით შეამცირა ნაკლმა ნაკეთობის ღირებულება, უნდა დაემტკიცებინა სწორედ აპელანტს. მითუმეტეს, რომ, როგორც აღინიშნა, ამის მტკიცება მოწინააღმდეგე მხარეს ობიექტურად აღარ შეეძლო.

6.63.რადგან აპელანტმა თავისი პოზიცია ვერ დაამტკიცა, პალატამ მიიჩნია, რომ შემსრულებლის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და ანაზღაურებას ექვემდებარებოდა.

6.64. თუმცა, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

რადგან აპელანტის ვალდებულება ხელშეკრულებიდანაა წარმოშობილი, იგი არ არის ვალდებული მოწინააღმდეგე მხარეს გადაუხადოს ხელშეკრულებით შეთანხმებულ საზღაურზე უფრო მეტი ოდენობის თანხა.

როგორც ზემოთმოყვანილი ცხრილიდან ჩანს, შემსრულებელი ითხოვს მე-7 და მე-14 დანართებით გათვალისწინებული სამუშაოსათვის დანართით შეთანხმებულზე მეტი ღირებულების ანაზღაურებას, რისი გადახდის ვალდებულებაც, როგორც აღინიშნა, აპელანტს არა აქვს.

6.65. რადგან დადგენილია, რომ ხელშეკრულების საფუძველზე აპელანტს მოწინააღმდეგე მხარისათვის გადასახდელი ჰქონდა 446 815,55 ლარი, ხოლო მან გადაიხადა - 280 992 ლარი, შემკვეთს შემსრულებლისათვის გადასახდელი დარჩა 165 823,55 (446 815,55-280 992) ლარი.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ფორმა 2-ებში მოცემული ზედნადები ხარჯები არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობას.

6.66. პალატამ აღნიშნა, რომ ამ სახის კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში ზედნადები ხარჯებისა და მოგების განსაზღვრის წესს არც-ერთი ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებდა.

6.67. ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვის წესი დადგენილი იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის №1-1/1463 ბრძანებით „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის № 55 დადგენილებით „ტექნიკური რეგლამენტის - ,,სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ”, თუმცა ეს ორივე აქტი ადგენდა ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესს, მხოლოდ, სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას.

6.68. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით კი, მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა არ მომხდარა, ამიტომ, ამ წესის გამოყენების საფუძვლები არ არსებობდა და, სააპელაციო პალატის აზრით, დაუშვებელიც კი იყო. კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფოს ჩარევა და პირობების განსაზღვრა, პალატის აზრით, მხოლოდ, გამონაკლის და კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში იყო შესაძლებელი. ნარდობის ხელშეკრულების პირობების განსაზღვრისათვის კი კანონით რაიმე სახის შეზღუდვა დაწესებული არ იყო.

6.69. პალატამ არ გაიზარა აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მოწინააღმდეგე მხარის ინიციატივით დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები ეწინააღმედეგებოდა ფორმა 2-ების მონაცემებს.

6.70. სააპელაციო საჩივრიდან ირკვეოდა, რომ მოწმეთა განმარტებები აპელანტს მოჰყავდა ფრაგმენტულად, საერთო შინაარსისა და კონტექსტის გაუთვალისწინებლად. სხდომის ოქმის ჩანაწერიდან დგინდებოდა, რომ მოწმეთა დაკითხვის დროს მხარეებმა მათ მრავალჯერ დაუსვეს, ძირითადად, შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან და სამუშაოს შეწყვეტის მიზეზებთან დაკავშირებული შეკითხვები. თუ სამუშაოს შეწყვეტის მიზეზების თაობაზე ყველა მოწმემ ერთგვაროვანი პასუხი გასცა, შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან დაკავშირებით მათი პასუხები მიახლოებითი იყო და ეს ლოგიკურიც იყო. სასამართლომ აღნიშნა, რომ ყველა მოწმემ სამუშაოთა ძირითადი ნაწილის შესრულების ფაქტი დაადასტურა.

6.71. დადგენილი იყო, რომ 2013 წლის 17 მარტის ხელშეკრულების 5.3. პუნქტით მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო, სამუშაოს ღირებულების 0,3% დანართებით დადგენილი სამუშაოების ან ვადების დარღვევის შემთხვევაში.

6.72. 2013 წლის 12 ივლისის დანართი №20-ით მხარეებმა შეცვალეს სამუშაოს შესრულების ვადა და პირგასამტეხლოს დარიცხვის წესიც. ამ დანართის 5.1. პუნქტის თანახმად, თუ სამუშაო არ შესრულდებოდა „ვადაზე ადრე”, შემსრულებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, 350 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. დანართის 4.1. პუნქტის შესაბამისად, სამუშაო უნდა შესრულებულიყო 2013 წლის 15 ივლისიდან 2013 წლის 26 აგვისტომდე პერიოდში, ხოლო 5.2. პუნქტის თანახმად, ამ ვადის გასვლიდან 15 დღის შემდეგ შემკვეთს ჰქონდა ხელშეკრულების მოშლის უფლება.

ამის გამო, ნათელი იყო, რომ, ამ დანართის მიხედვით, შემსრულებელს პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების და არა ვალდებულების ვადამდე შეუსრულებლობის გამო უნდა გადაეხადა.

6.73. 2013 წლის 17 მარტის ხელშეკრულების თანახმად, შემსრულებელს სამუშაოები უნდა დაესრულებინა, არაუგვიანეს, 2013 წლის 10 ივნისისა. დადგენილ იქნა, რომ ეს ვალდებულება შემსრულებელმა ჯეროვნად არ შეასრულა. ასევე, დადგენილ იქნა, რომ ხელშეკრულების პირობებში მხარეებმა ცვლილებები შეიტანეს 2013 წლის 12 ივლისს. ამის შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოწინააღმდეგე მხარეს აპელანტისათვის პირგასამტეხლო უნდა გადაეხადა 2013 წლის 10 ივნისიდან 12 ივლისამდე პერიოდისათვის.

6.74. ამასთან, სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით და მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეამცირა შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0,07%-მდე.

2013 წლის 10 ივნისიდან 12 ივლისამდე გასული იყო 32 დღე. ხელშეკრულებით შესასრულებელი სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენდა 670 114,34 ლარს. აქედან შემსრულებელმა შეასრულა 446 815,66 ლარის სამუშაო. ამის შესაბამისად, შესასრულებელი დარჩა 223 298,68 ლარის სამუშაო.

ამიტომ, 2013 წლის 10 ივნისიდან 12 ივლისამდე პერიოდისათვის მოწინააღმდეგე მხარეს აპელანტისათვის უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო: 223 298,68X0.07X32=5001,89 ლარი. პალატის აზრით, ვადის გადაცილების პერიოდის გათვალისწინებით, ეს თანხა ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად სავსებით საკმარისი იყო.

6.75. 2013 წლის 12 ივლისის შემდეგ შემსრულებელს წარმოეშობოდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, თუ სამუშაოს არ დაასრულებდა 2013 წლის 26 აგვისტომდე. ამის შესაბამისად, ამ ვადამდე მენარდეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება არ ჰქონია.

6.76. როგორც აღინიშნა, ორივე მხარის ნების გათვალისწინებით, ეს ხელშეკრულება შეწყდა 2013 წლის 20 აგვისტოდან მაინც (ტ. 1; ს.ფ. 121; 80). ამის შესაბამისად, 2013 წლის 26 აგვისტოსათვის მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება შეწყვეტილი იყო შემსრულებელს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება აღარ ჰქონდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2013 წლის 12 ივლისის შემდეგ შემსრულებელმა სამუშაოები ვეღარ გააგრძელა იმიტომ, რომ ამის საშუალება მას აპელანტმა აღარ მისცა. ამის გამო, ამ დროის შემდეგ ვალდებულების შესრულების ვადა შემსრულებლის ბრალით არ დარღვეულა.

6.77. ამიტომ, აპელანტის მოთხოვნა 2013 წლის 12 ივლისის შემდეგ პერიოდზე პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული.

VI. კასატორის მოთხოვნა და კასაციის საფუძვლები

7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა შპს “E--მა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

8. კასატორის მითითებით, შპს “E--–ის“ მტკიცების საგანი იყო შპს “E--–ის“ მხრიდან სამუშაოს ხარისხიანად შეუსრულებლობის შესახებ ფაქტობრივი გარემოება თავის მხრივ, შპს “E--–ის“ მტკიცების საგანს კი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულება და გასამრჯელოს მოთხოვნის უფლების არსებობა წარმოადგენდა.

9. სამოქალაქო კოდექსის 639–ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ნათელია, რომ როდესაც არის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ჯეროვნად ან არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე დამკვეთმა სათანადო მტკიცებულებით უნდა დაამტკიცოს ის ფაქტი, რომ შემსრულებელმა უხარისხოდ შეასრულა სამუშაოები, ხოლო თავის მხრივ, შემსრულებელმა უნდა დაამტკიცოს ის ფაქტი, რომ ვალდებულება ხარისხიანად შეასრულა.

10. დამკვეთის მიერ წარმოდგენილი დანართი №20–ით, მოწინააღმდეგე მხარის ნაწილობრივ აღიარებით და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ შემსრულებლის მიერ შესრულებული სამუშაოები არ შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და არის უხარისხო, ხოლო თავის მხრივ, შემსრულებლის მიერ წარდგენილი არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაოები არის ხარისხიანი, მართალია სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ის ფაქტი, რომ შესრულებელი სამუშაო არის უხარისხო, მაგრამ მაინც დააკისრა კასატორს თანხის გადახდა უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოში.

11. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131–ე მუხლი. სასამარლო პროცესზე მოწინააღმდეგე მხარემ აღიარა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- შპს „E--–ის “ მიერ ხდებოდა ხელშეკრულების ვადის დარღვევა და წარმომადგენლის განმარტებით ეს ნორმალურია მშენებლობის დროს.

-შპს „E–ის“ დირექტორმა და კომპანიის წარმომადგენელმა აღიარეს რომ ფორმა №2–ებში იყო შეცდომები (მაგალითად: თანხების ოდენობა), მაგრამ მათი არგუმენტით ეს შეიძლება გამოსწორდეს სასამართლოში ზეპირსიტყვიერად.

12. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201–ე მუხლის მე–4 ნაწილი, რადგან, როდესაც აღიძრა სარჩელი სასამართლოში ფაქტობრივ გარემოებებში ცალ–ცალკე იქნა მითითებული ზ-ისა და რ-- ც---ას აქტებზე და მასში დაცულ მონაცემებზე, ასევე იქნა მითითებული თუ, რა ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებდა აღნიშული აქტები. თუმცა, შესაგებელში მოპასუხეს არ მიუთითებია თავისი პოზიცია ამ მტკიცებულებების თაობაზე და არც საქმის განხილვისას არ დაუყენებია ისინი ეჭვქვეშ. შესაბამისად ეს გარემოებები კანონის თანახმად მიიჩნევა დადასტურებულად, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ გაამახვილა ყურადღება და უგულვებელყო კანონის ეს მოთხოვნა.

13. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180–ე მუხლი, ვინაიდან მხარე ითხოვდა მის მიერ შესრულებული ან შეუსრულებელი სამუშაოების არსებობა-არარსებობის დადგენას მას უნდა აღეძრა აღიარებითი სარჩელი, ხოლო თუ ამას არ გააკეთებდა სასამართლოს უარი უნდა ეთქვა მისთვის სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.

14. სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურად, ასევე, ერთობლიობაში შეფასებას. ამასთან, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია სასამართლო ვალდებულია, მხარეთა ახსნა–განმარტება და სხვა მტკიცებულებებიც შეაფასოს მათი შინაარსისა და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით. აღნიშნული კი, გულისხმობს ყველა იმ ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმების განხილვასა და გამორიცხვას, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

15. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად დაუსაბუთებელი დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლო ყოველთვის ვალდებულია მიუთითოს მოსაზრებებზე, რის გამოც, მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები არასარწმუნოდ.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის უნდა ჩაითვალოს დაუსაბუთებლად თუ მასში არ არის მითითებული რა მოსაზრებით ხელმძღვანელობდა სასამართლო, როცა საქმეში არსებული ესა თუ ის მტკიცებულება შეაფასა ასე და არა სხვაგვარად.

საქმეში წარმოდგენილია ფორმა 2–ები, რომლებსაც არცერთში არც თვე და არც რიცხვი არ აწერიათ თუ როდის არის შედგენილი;

წარმოდგენილი რამოდენიმე ფორმა 2, რომლებსაც თვით მოწინააღმდეგეც არ აწერს ხელს;

წარმოდგენილია ფორმა 2–ები, სადაც დედანი განსხვავდება თარგმანისაგან;

ერთ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო უთითებს, რომ მოწმე მ---ის ჩვენება არასანდოა, ხოლო მეორე შემთხვევაში უთითებს, რომ უტყუარად სარწმუნოა;

17. კასატორის მითითებით, საქმის განმხილველმა სასამართლომ ისე მიიჩნია სამუშაო შესრულებულად, რომ არც კი დაინტერესებულა გამოწერილი იყო თუ არა საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტი (რომლის მოთხოვნაც არაერთხელდ იყო დაყენებული სასამართლოში).

სასამართლო განხილვისას დადასტურდა და არც მოწინააღმდეგე მხარე უარყოფს, რომ მოსარჩელის/კასატორის მიერ წინასწარ გადახდილ იქნა 280 992 ლარი, რაც ადასტურებს, რომ საგადასახადო კოდექსის 157–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შპს “E--–ი“ წარმოადგენს დღგ–ს გადამხდელს როგორც მოწინააღმდეგე მხარე და სააპელაციო სასამართლო უთითებს ფორმა 2–ში მითითებული სამუშაოები მათ შეასრულეს 2013 წლის 12 ივლისსამდე. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 2013 წლის 17 მარტის ხელშეკრულების 8.1. მუხლის მიხედვით შპს “E--–ი“ ვალდებული იყო გამოეწერა საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურა, და მხოლოდ ამის შემდეგ უჩნდებოდა კასატორს ვალდებულება გადაეხადა თანხა მოწინააღმდეგე მხარისთვის. ასევე დანართ 2–ზე თანდართული ფორმა 2–ის მიხედვით მათ თითქოსდა მოგვაწოდეს (მოგვყიდეს) საქონელი, რაც ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს, რადგანაც მათ ამ შემთხვევაში, უნდა გამოეწერათ საგადასახადო ანგარიშ–ფაქტრა მაგრამ სააპელაციო სასამართლომ მაინც დაგვაკისრა საქონლის ღირებულება (ისე, რომ ამაზე გადაწყვეტილებაში საერთოდ არ უმსჯელია).

არ ვეთანხმებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 4.6 პუნქტში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ დანართი №6–ის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შპს “E-–ს“ უნდა დაესრულებინა 2013 წლის 10 ივნისამდე.

18. კასატორი არ ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 4.8 პუნქტში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ დანართი 20–ს შესაბამისად, ნათელია, რომ ჩამოთვლილი სამუშაოების გარდა სხვა სამუშაოები შპს “E--ს“ შესრულებული ჰქონდა.

19. კასატორი არ ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 4.46, 4.47 და 4.50 პუნქტებს, რომელშიც სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო არ არის, რომ შპს “E---მა“ აპელანტის სასარგებლოდ შეასრულა სულ 446 815,55 (526000+74548+38400+76567,84+39825+70000+25617,11+13751,6+20506) ლარის ღირებულების სამუშაო, პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას იმის თაობაზე, რომ შპს “E-–ს“ ზემოთ ხსენებული სამუშაოები ფორმა 2–ებში მითითებული მოცულობით არ შეუსრულებია. ამჟამად, 2013 წლის 17 მარტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სამუშაო შესრულებულია. საქმის მასალებით დგინდება, რომ სამუშაოთა ძირითადი ნაწილით სწორად შპს “E---–მა“ შეასრულა.

20. კასატორი არ ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 4.52 და 4.53 პუნქტებში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ სადავო არ არის, რომ მოწმეებმა, გ-–მა და ვ-–მა ძალზედ დამაჯერებლად განმარტეს, რომ სახლის ფასადი სწორედ მათ შელესეს და დაამუშავეს. ამ მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთს ავსებენ და ადასტურებს. ასე, მოწმე ხ-მა აღნიშნა, რომ სახლის ფასადის მხოლოდ ერთი მხარეს შელესა, ხოლო დანარჩენ მხარეს ე.წ. სვანების ბრიგადა მუშაობდა. ეს ბრიგადა სამუშაოს ჯფრო სწრაფად ასრულებდა ამიტომ, დამკვეთის წარმომადგენელი „ოლია“ მასაც იმავეს სთხოვდა.

20.კასატორი არ ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 4.55 პუნქტში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოწმე ა-ემ განმარტა, რომ სამუშაოს 90% უკვე შესრულებული ჰქონდა, თუმცა, ბოლომდე დასრულება ვეღარ მოახერხა, რადგანაც დამკვეთმა არ შეუშვა.

21. კასატორი არ ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 4.57 და 4.58 პუნქტებში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ ყველაზე სრულყოფილი კი სამუშაოთა მწარმოებლის მ--ის ჩვენება იყო, რომელსაც ლესვითი სამუშაოების გარდა, ლიფტის სახურავების, სანიაღვრეების, კანალიზაციის, იატაკის მოჭიმვის, სენსორული განათების ელექტროენერგიის გაყვანილობისა და ფანჯრების ჩასმის სამუშაოთა შესრულება დადასტურება ამ მოწმემ განაცხადა, რომ იფტის და სახურპავების მოწყშობასთან დაკავშირებით „შავი სამუშაოები შპს „“E –მა“ შეასრულა, თუმცა შემდეგ დამკვეთმა იგი სხვას დაასრულებინა კანალიზაციის მოწყობისათვის საჭირო სამუშაოებიდან აგვისტოში „გაითხარა 100 მეტრმი“, ხოლო დანარჩენი უკვე გაკეთებული იყო; ელექტროქსელიდან ნახევარზე მეტი შპს “E- –მა“ გაიყვანა, ხოლო სენსორული ნათურები ექვს სართულზე დაამონტაჟა; ასევე დაასრულა კეთდლების სამი ნაწილი და ჩასვა ფანჯრის რაფები.

22. კასატორი არ ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 4.59 და 4.60 პუნქტებში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ საინტერესოა, რომ შპს “E--–ის“ მიერ სამუშაოთა ძირითადიდ ნაწილის შესრულება, გარკვეულწილად, დასტურდება აპელანტი ინიციატივით დაკითხული ერთადერთი მოწმის, გ-- ჩ---ის ჩვენებითაც. კერძოდ, მოწმის თქმით: მოწინააღმდეგნე მხარის მიერ „კედლები არ იყო სწორად ნაშენები, პრობლემა იყო შელესვაზე, ძალიან ბევრი ფანჯარა დაამზადეს და ამ ფანჯრებში წყალი ჩადიოდა“9 რის გამოც „დეფექტების გამოსწორებისათვის“ მისცეს ვადაო. ამგვარად, ამ ჩვენებიდანაც ჩანს, რომ ყოველ შემთხვევაში, სამუშაოთა მნიშვნელოვანი ნაწილი, სწორედ, შპს „E-–ი“ შეასრულა და მათი დასრულებისათვის“ დეფექტების გამოსწორებაღა“ იყო საჭირო.

23. კასატორი არ ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 4.61 პუნქტში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის 2013 წლის 12 ივლისს შემდეგ ამ ნაგებობაზე წვდომა აღარ გააჩნდა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები სწორედ შპს ე-–დ---მა დაასრულა. ამის შესაბამისად, იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რა სამუშაოები შესრულდა 2013 წლის 12 ივლისის შემდეგ, შეეძლო და უნდა წარმოედგინა კიდეც შპს „E---–ს“.

24. კასატორი არ ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 4.63, 4.64 და 4.65 პუნქტებში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ აპელანტმა თავისი პოზიციის დასადასტურებლად წარმოადგინა მხოლოდ რ-ც--ასა და ზ---ის მიერ შესრულებული სამუშაოს „აქტები“. კასატორი აღნიშნავს, რომ აქტებში დასახელებული პირები სასამართლოს სხდომაზე მოწმედ არ დაკითხულან და ამის შესაბამისად, როგორც მხარეებს, ასევე სასამართლოს მათი განმარტებების კრიტიკულად შეფასების შესაძლებლობა არ მისცემიათ. ამის გარეშე, კი „აქტების“ მტკიცებითი მნიშვნელობა მცირეა. ესეც რომ არ იყოს, ეს აქტები სულაც არ გამორიცხავს დანარჩენ სამუშაოთა შესრულებას საწარმოს მიერ დაქირავებული სხვა პირების მიერ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რ-- ც--ას მიერ შესრულებული სამუშაოთა აქტსა და დანართი №9–ის შესაბამის შესრულებული სამუშაოების აქტის მონაცემები გარკვეულწილად ერთმანეთს ემთხვევა. ასე მაგალითად, ორივე აქტის მიხედვით, 3X4 მოცულობის სპილენძის ელ.კაბელი გამოყენებულია 5987 მეტრი; 4X10 მოცულობის გამოყენებული კაბელის საწარმოს მიერ წარმოდგენილ აქტში ნაკლებია კიდეც – რ----- ც---ას აქტის მიხედვით, გამოყენებულია 165მ. ხოლო შპს „E---ის“ აქტის მიხედვით 160 გ.მ. ამ აქტებით ერთმანეთისაგან 1000–1000 გ.მ.–ით განსხვავდება 2X2,5 და 3X2,5 დიამეტრის გამოყენებული კაბელების სიგრძე და დამონტაცებული სენსორული განათებების რაოდენობა. ასევე, რ--- ც---ას მიერ შესრულებული სამუშაოების აქტში ასახული არ არის სხვადასხვა სახის ელექტრომოწყობილობის კერძოდ, ამომრთველებების, მრიცხველებისა და ალუმინის კაბელების მონტაცის ფაქტი, თუმცა, ამ მოწყობილობების მონტაცი დაადასტურა სასამართლოს სხდომაზე მოწმედ დაკითხული მ---ემ და ამ განმარტებას აპელანტის წარმომადგენელი არ შეწინააღმდეგებია.

25. კასატორი არ ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 4.67 პუნქტში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას თითქოს იმის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების წარმოადგენა რამდენი ცალი სენსორული განათების ნათურა იყო დამონტაჟებული სახლში, აპელანტს სავსებით ხელეწიფებოდა, თუმცა ეს მტკიცებულებები შპს „E–ს“ სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

26. კასატორი არ ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 4.68 და 4.69 პუნქტებში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, დანართი 9–ის შესაბამისად, ელექტროქსელის გაყვანის სამუშაოებისათვის დამკვეთს უნდა გადაეხადა 38000 ლარი. ამ დანართით განსაზღვრული არ იყო ანაზღაურება ცალკეული შესრულებული სამუშაოსათვის. აპელანტს არ მიუთითებია და არც საქმის მასალებიდან ჩანს, რომ შპს „E--ს“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეუსრულებია. პირიქით, სწორედ რ-- ც--ას მიერ შესრულებული სამუშაოს 2013 წლის 27 აგვისტოს აქტიდან დგინდება, რომ 2013 წლის 15 ივლისის შემდეგ, დასამონტაჟებელი იყო მხოლოდ დამიწების კონტურის 1 კომპლექტი. ფორმა 2–ის თანახმად, 1 ცალი კომპლექტის ღირებულება იყო 360 ლარი. ეს ენიშნავს, რომ შპს „E--–მა“, ყოველ შემთხვევაში, ელექტროსამონტაჟო სამუშაოები, ძირითადად, შეასრულა და, ამიტომ, მისი მოთხოვნა ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე თითქმის 13000 ლარით ნაკლები ანაზღაურების თაობაზე მართლზომიერია.

27. კასატორი არ ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 4.70, 4.71, 4.72, 4.73 და 4.74 პუნქტებში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ ზ----ის მიერ შესრულებული სამუშაოების აღწერის აქტი ეხება სახლში საკანალიზაციო, სავენტილაციო და წყალგაყვანილობის სისტემის მონტაჟს. ეს სამუშაოები გათვალისწინებულია ხელშეკრულების დანართი №4–ით, პირველ ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ ზ--ის მიერ შესრულებულ სამუშაოების აღწერის აქტში მითითებული მონაცემები ეწინააღმდეგება თავად აპელანტის განმარტებებს. კერძოდ, აპელანტმა განმარტა, რომ სახლში იყო სულ 320 ბინა და 2 კომერციულდი ფართი და თითო ბინაში დამონტაჟდა თითო–თითოლ ვენტილაციის, წყლის სისტემისა და კანალიზაციის დგარი. ამის შესაბამისად, აშკარაა, რომ სულ სახლში თითოეული სახის დგარის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 322–ს, მაშინ აქტის თანახმად, ზ-ემ სახლში შიდა კანალიზაციისა და ვენტილაციის 340–340 დგარი დაამონტაცა – თუ თითოეულ ბინაში კანალიზაციისა და ვენტილაციის, მხოლოდ, ერთი დგარი უნდა ყოფილფიყო, მათი საერთო რაოდენობა 3490 ვერანაირად იქნებოდა. ამგვარად, აქტის შინაარსი და აპელანტის განმარტებები წინააღმდეგობრივია. თუმცა მთავარი ის არის, რომ აქტი ეწინააღმდეგება დანართებით გათვალისწინებულ პირობებსაც.

28. კასატორი არ ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 4.77, 4.78, 4.79, 4.80, 4.81, 4.82, 4.83, 4.84, და 4.85 პუნქტებში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ პირველ ყოვლისა აღსანიშნავია, რომ მხარეები დანართი 4–ით არა „დგარების“, არამედ “წერტილების“ დამონტაჟებაზე შეთანხმდნენ, ამასთან, თითოეულ წერტილში გადასახდელი თანხის ოდენობაც მყარად დაადგინეს. თუ დანართ 4–ში მითითებულდი „წერტილი“ „დგარს“ ნიშნავს და თითო ბინაში, თითო „დგარი“ უნდა ყოფილიყო, ცხადია, მხარეებისათვის ყველა „დგარის“ რაოდენობა იმთავითვე ცნობილი იქნებოდა. ამიტომ, ნათელია, რომ დანართი 4–ით გათვალისწინებული სამუშაოების საერთო ღირებულება, დატვირთვა–გადმოტვირთვის სამუშაოების ჩათვლით შეადგენდა 322X27+322X27, 17+322X28,32+2660+1900=31 176,52 ლარს. ამ ვითარებაში, ყოვლად გაგებარია, თუ საერთოდ, რა საჭირო იყო ანაზღაურების ზღვრული ოდენობის დადგენა ან რატომ განსაზღვრეს მხარეებმა ამ ოდენობად 80 000 ლარი, ანუ შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებაზე, თითქმის, 2,5–ჯერ მეტი თანხა. ეს დასტურდება, რომ დანართში მითითებული „წერტილი“ და აპელანტის მიერ დასახელებულდი „დგარი“ ერთი და იგივე არ არის და „წერტილების“ რაოდენობა „დგარების“ რაოდენობჰას მნიშვნელოვნად აღემატება. პალატა აღნიშნავს, რომ ჩვეულებრივ, ყოველი საცხოვრებელი ბინისათვის გათვალისწინებულია, სულ მცირე, ვენტილაციისა და კანალიზაციის ორი, ხოლო წყლის მიწოდების ოთხი წერტილი ვენტილაციისა და კანალიზაც(იის თითო–თითო წერტილი უნდა არსებობდეს ცალკე სამზარეულოსა და ცალკე სააბაზანოსათვის და წყლის მიწოდების თითო წერტილი –/ აბაზანის ხელსაბანის, საპირფარეშოსა და სამზარეულოსათვის. ამის შესაბამისად, გონივრულად, 322 ბინა სახლში ვენტილაციისა და კანალიზაციის წერტილების საერთო რაოდენობა, 322X2=644, ხოლო წყლის წერტილების რაოდენობა 322X4=1288 მაინც უნდა ყოფილიყო. აქ დასახელებული ციფრები კი შპს „E--–ის“ მიერ წარმოდგენილ ფორმა 2–ის მონაცემებს თითქმის სრულად ემთხვევა. ამგვარად, აშკარაა, რომ დანართ 4–ში მითითებულდი „წერტილი“ სწორედ ზემოხსენებულ სისტემას ნიშნავს და შპს „E--–ის“ მიერ წარმოდგენილ ფორმა 2–ში მითითებული მონაცემები სწორია.

29. კასატორი არ ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 4.89, 4.90 და 4.91 პუნქტებში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე რომ შპს „E--–ის“ მიერ მოთხოვნილი თანხა და მის მიერ შესრულებული სამუშაო, ძირითადად, შეესაბამება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობებს, მართალია, ეს სამუშაო ნივთობრივად ნაკლის მქონე იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, შემკვეთს მასზე უარი არ განუცხადებია და 2013 წლის 12 ივლისს დაადგინა დამატებითი შესრულების ვადა. შპს „E-–ს“ დამატებითი შესრულება არც ამ ვადაში განუხორციელებია და ამის გამო, აპელანტს წარმოეშვა შესრულებული სამუშაოს ნაკლის გამო საზღაურის შემცირების უფლება. თუმცა, ის თუ რა თანხით შეამცირა ნაკლმა ნაკეთობის ღირებულება, უნდა დაემტკიცებინა სწორედ აპელანტს, მითუმეტეს, რომ როგორც აღინიშნა, ამის მტკიცება მოწინააღმდეგე მხარეს ობიექტურად არ შეეძლო, რადგან აპელანტმა პოზიცია ვერ დაამტკიცა პალატას მიაჩნია, რომ შპს „E-–ის“ მოთხოვნა საფუძვლიანია და აპელანტმა მას შესრულებული სამუშაოს ღირებულება უნდა გადაუხადოს.

30. კასატორი არ ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 4.95 პუნქტში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ რადგან დადგენილია, რომ ხელშეკრულების საფუძველზე აპელანტს მოწინააღმდეგე მხარისათვის გადასახდელი ჰქონდა 446 815,55 ლარი, ხოლო მან გადაიხადა 280 992 ლარი,შპს „E-–ს“ შპს „E--–ისათვის“ გადასახდელი თანხა დარჩა 446 815,55–280 992=165 823,55 ლარი.

31. კასატორი არ ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 4,96, 4,97, 4.98 და 4.99 პუნქტებში ჩამოყალიბებულ შემდეგ მსჯელობას: პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ფორმა 2–ებში მოცემული ზედნადები ხარჯები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას. ამ სახის კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში ზედნადები ხარჯებისა და მოგების განსაზღვრის წესს არც-ერთი ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებს. ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესს დადგენილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის №1–1/1463 ბრძანებით „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას და ზედნადები ხარჯებისა გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებით „ტექნიკური რეგლამენტის „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას და ზედნადები ხარჯებისა გეგმიური მოგების განსაზღვრის“ წესის დამტკიცების შესახებ“. თუმცა, ეს ორივე აქტი ადგენს ზედნადები ხარჯებისა გეგმიური მოგების განსაზღვრის წესს, მხოლოდ, სამშენებლო სამუშაოები სახელმწიფო შესყიდვისას, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით კი, მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა არ მომხდარა, ამიტომ ამ წესის გამოყენების საფუძვლები არ არსებობდა და პალატის აზრით, დაუშვებელიც კი იყო. კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ჩარევა და პირობების განსაზღვრა, პალატის აზრით, მხოლოდ, გამონაკლის და კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაშია შესაძლებელი. ნარდობის ხელშეკრულების პირობების განსაზღვრისათვის კი, კანონით რაიმე სახის შეზღუდვა დაწესებული არ არის.

სამოტივაციო ნაწილი:

VIII. საკასაციო პალატის დასკვნები:


32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 05 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

33. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განსახილველად დაინიშნა ზეპირი მოსმენა 2015 წლის 16 დეკემბერს, მხარეთა დასწრებით. 16 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე საკასაციო პალატამ მხარეებს განუსაზღვრა ერთი კვირის ვადა მორიგების მიზნით.

სასამართლოს მიერ დადენილ ვადაში მხარეებმა განცხადებით მომართეს საკასაციო სასამართლოს, რომლითაც განმარტეს, რომ მათ შორის, მორიგება ვერ შედგა.

34. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოში თავდაპირველი სარჩელის საგანს შპს “E--სა“ და შპს “E--ს“ შორის 2013 წლის 17 მარტს დადებული ნარდობის ხელშეკრულებისა და მისი დამატებითი შეთანხმების შეწყვეტილად აღიარება; მოპასუხისათვის 280,992 ლარისა და პირგასამტეხლოს - 351,580 ლარის გადახდის დაკისრება წარმოადგენდა; შეგებებული სარჩელის მოთხოვნას კი - შპს “E--ისათვის“ 242,489.13 ლარის გადახდის დაკისრება.

35. თავდაპირველი სარჩელსა და შეგებებულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით საქმის განმხილველმა სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობამ შპს “E--ს“ შპს “E---ის“ სასარგებლოდ დააკისრა 5001.89 ლარის გადახდა, ხოლო შპს “E--ს“ შპს “E--ის“ სასარგებლოდ კი - 165,823.66 ლარის გადახდა.

36. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზია ემყარება იმავე გარემობებს, რასაც ემყარებოდა სააპელაციო საჩივარი, რომელთანაც დაკავშირებით დადგენილ იქნა იმგვარი ფაქტობრივი გარემოებები, რამაც სარჩელისა და შეგებებული სარჩელის ერთად განხილვის შედეგად განაპირობა მათი ნაწილობრივი დაკმაყოფილება.

37. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან და მათ სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით კი, კასატორის მიერ წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც თავის შინაარსით შესაძლებელს გახდიდა საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით.

ზემოთმითითებული ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

38. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ნარდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილ სამართლებრივ დანაწესებთან დაკავშირებით არსებობს სტაბილური სასამართლო პრაქტიკა.

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

41. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს “E-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ შპს “E-ს“ უკან დაუბრუნდეს 2015 წლის 02 ოქტომბერს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (8000 ლარი) 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.