საქმის ნომერი: №2ბ/2156-18
საქმეთა კატეგორიები: საოჯახო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: 2/8679-17, ას-621-2019, №2ბ/2156-18
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: მოსარჩელემ სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა დაკისრებული ალიმენტის თანხის შემცირება, დაკისრებული ალიმენტის საფუძველზე წარმოშობილი საალიმენტო დავალიანების გადახდისგან გათავისუფლება და ალიმენტის საფუძველზე წარმოშობილი საალიმენტო დავალიანების ხანდაზმულად ცნობა. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის თანხის განსაზღვრის შემდეგ, რადიკალურად შეიცვალა მისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა, კერძოდ, შეამცირა გადასახდელი ალიმენტის თანხა და ამასთან, ნაწილობრივ გაათავისუფლა ალიმენტის საფუძველზე საალიმენტო დავალიანების გადახდისგან. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხემ. მოსარჩელემ - სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის, ხოლო მოპასუხემ - დაკმაყოფილების ნაწილში. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა სააპელაციო საჩივრები დააკმაყოფილა ნაწილობრივ, მოსარჩელეს კიდევ შეუმცირა გადასახდელი ალიმენტის თანხა, ხოლო რაც შეეხება საალიმენტო დავალიანებას, შეამცირა ის თანხა, რომლის გადახდისგანაც გათავისუფლდა მოსარჩელე.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №№2ბ/2156-18 (2018-12-19), www.temida.ge
საქმის № № 330210017001865512
საქმის № №2ბ/2156-18

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       19 დეკემბერი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
თამარ ზამბახიძე

აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე - გ. ლ.
წარმომადგენელი - დ. კ., ნ. გ.

აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე - ლ. კ.
წარმომადგენელი - ს. ბ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.02.2018წ. გადაწყვეტილება

აპელანტ გ. ლ.-ის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

აპელანტ ლ. კ.-ის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ალიმენტის შემცირების და დაკისრებული ალიმენტის გადახდისგან გათავისუფლების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის 1.1, 1.2 პუნქტები), ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტ.2, ს.ფ.38,55)

დავის საგანი - ალიმენტის შემცირება, დაკისრებული ალიმენტის გადახდისგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. შემცირდეს მოსარჩელისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და გ. ლ.-ის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, ალიმენტის სახით დაეკისროს ყოველთვიურად 500 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრის მომენტიდან მის სრულწლოვანებამდე.
1.2. გათავისუფლდეს მოსარჩელე დაკისრებული ალიმენტის საფუძველზე წარმოშობილი საალიმენტო დავალიანების - 77 487 ლარის გადახდისაგან.
1.3. ცნობილ იქნეს ხანდაზმულად დაკისრებული ალიმენტის საფუძველზე წარმოშობილი 28 000 ლარის ოდენობით საალიმენტო დავალიანება.

2. სარჩელის საფუძვლები:

სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა მოსარჩელე გ. ლ-ის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. მოსარჩელის მატერიალური შემოსავალი გაცილებით დაბალია, ვიდრე იყო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროისათვის. ამასთან, იგი 2014 წლის 03 სექტემბრიდან იმყოფება ქორწინებაში ს. კ.-თან.


3. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.02.2018წ. გადაწყვეტილებით:
1. გ. ლ.-სა და მ. ლ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1.1. გ. ლ.-ს შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით 3500 ლარის ოდენობით დაკისრებული ალიმენტი და არასრულწლოვანი შვილის - XXXX წლის XX მაისს დაბადებული ს. ლ.-ს რჩენა-აღზრდისთვის დაეკისროს ალიმენტი ყოველთვიურად 1500 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან, კერძოდ,
2017 წლის 30 მარტიდან მის სრულწლოვანებამდე.
1.2. გ. ლ. გათავისუფლდა არასრულწლოვანი შვილის - XXXX წლის XX მაისს დაბადებული ს. ლ.-ს რჩენა-აღზრდისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის საფუძველზე წარმოშობილი 64 572.3 ლარის ოდენობით საალიმენტო დავალიანების გადახდისაგან.


5. აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:

5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.02.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ლ.-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

ალიმენტის სრული ოდენობით გადაუხდელობა გამოწვეული იყო მოსარჩელის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის არსებითი ცვლილებით. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრების შემდეგ მოსარჩელეს არ გააჩნდა შემოსავალი ერთი წლის განმავლობაში, ხოლო შემოსავლის გაჩენის შემდეგ მისი ყოველთვიური ანაზღაურება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ალიმენტის დადგენის დროს იყო. გ. ლ.-ს მამის ავადმყოფობითა და გარდაცვალებით გამოწვეულმა ხარჯებმა 1 000 000 ლარს მიაღწია, ამასთან, მის ვალდებულებაში შედის პენსიონერ დედაზე ზრუნვაც. გ. ლ.-ს წარმოეშვა სასესხო ვალდებულება 145 000 აშშ დოლარის ოდენობით, შეიცვალა მოსარჩელის ოჯახური მდგომარეობაც, იგი დაქორწინდა.

მოსარჩელე იღებს ბავშვთან დაკავშირებულ ყველა აუცილებელ ხარჯს. ბავშვი მშობლებთან თითქმის თანაბარი რაოდენობის დღეებს ატარებს. გ. ლ.-ს მიერ ბავშვისთვის ნაჩუქარი ბინის გაქირავებით ლ. კ. ყოველთვიურად იღებს შემოსავალს. ზემოაღნიშნული გარემოებები გ. ლ.-ს საალიმენტო დავალიანებისგან (77 487 ლარი) სრულად გათავისუფლების საფუძველს ქმნის, ხოლო ყოველთვიური ალიმენტის გონივრული ოდენობა შეადგენს 500 ლარს.

5.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.02.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. კ.-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ალიმენტის შემცირების და დაკისრებული ალიმენტისგან გათავისუფლების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის 1.1, 1.2 პუნქტები), ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება გ. ლ.-ს მიერ საფეხბურთო კლუბ „XXXX“-დან შემოსავლის მიღების ფაქტი და მისი ოდენობა. 11.12.2017წ. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გ. ლ.-ს დაევალა წარმოედგინა „XXX“-სა და „XXXX“-ში გაწევრიანების დღიდან მიღებული შემოსავლების შესახებ მტკიცებულებები, რაც მოსარჩელეს არ გაუკეთებია.

ფიზიკური პირის შემოსავლის ოდენობა არ შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ შრომითი ხელშეკრულებით. მით უფრო, როდესაც შრომით ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ შემოსავალი განისაზღვრება დაახლოებით 10 000 ლარით და ამავდროულად მოქმედებს პრემირების სისტემა. სასამართლოს დავალების მიუხედავად, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ამ ფაქტთან დაკავშირებული რაიმე მტკიცებულება და უგულვებელყო სასამართლოს დავალება. სასამართლომ აღნიშნული გარემოება არ გაითვალისწინა და მოსარჩელის საერთო შემოსავლად განსაზღვრა მხოლოდ „XXX“-ში ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ოდენობა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელის მამის მკურნალობისთვის ხარჯის გაწევის ფაქტი, თუმცა არ მომხდარა გაწეული ხარჯების რაიმე ფორმით დაბრუნების თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვა. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ 2013 წლიდან 2017 წლამდე მოსარჩელის დედის სახელზე დარეგისტრირდა რამდენიმე უძრავი ქონება, უმრავლესობა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული გარემოებებით დასტურდება, რომ გ. ლ.-ს ჰქონდა საკმაოდ დიდი შემოსავალი, თუნდაც 2017 წლის მარტამდე, როდესაც განხორციელდა ქონების მ. ლ.ს სახელზე რეგისტრაცია.

გაურკვეველია, რატომ უნდა იქნეს მიჩნეული მამის მკურნალობისთვის გაწეული ხარჯი მნიშვნელოვან ცვლილებად, თუ დასტურდება, რომ მოსარჩელემ შეიძინა ქონება დედისთვის, რომელიც პენსიონერია და თავად ვერ მოახერხებდა ნასყიდობის საფასურის გადახდას. ასევე წარმოდგენილი არ ყოფილა სათანადო მტკიცებულებები მთელი ამ პერიოდის მანძილზე (2013-2017 წლები) მიღებული ერთობლივი შემოსავლების შესახებ.

სასამართლო უფლებამოსილია გაათავისუფლოს ალიმენტის გადახდისგან ვალდებული პირი თუ არსებობს საპატიო მიზეზი. ასეთი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი შეიძლება გახდეს მატერიალური და ოჯახური პირობების გაუარესება, ავადმყოფობა და სხვა, რაც არ ნიშნავს მომავალში სავსებით განთავისუფლებას ალიმენტის გადახდისაგან. ალიმენტის გადახდისგან განთავისუფლება უკავშირდება ობიექტურ გარემოებებს. მაგალითად, როდესაც ვალდებული პირის ავადმყოფობა, შრომისუუნარობა სამსახურის დაკარგვა ან მატერიალური მდგომარეობის გაუარესება ობიექტურად უკარგავს მას შემოსავალს. თანამედროვე ღირებულებებთან კავშირში არ არის კანონის იმდაგვარი განმარტება, რომ მამის ავადმყოფობის პერიოდში მამას აღარ გააჩნია საალიმენტო მოვალეობანი.

სამოტივაციო ნაწილი:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის “ე” პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

7. გ. ლ.-სა და ლ. კ.-ს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი - XX.XX.XXXXწ. დაბადებული ს. ლ.


8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.09.2013წ. გადაწყვეტილებით გ. ლ.-ს არასრულწლოვანი შვილის - ს. ლ.ს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, რომლის გადახდევინება დაიწყო სარჩელის აღძვრის დღიდან - 2013 წლის 13 აგვისტოდან ბავშვის სრულწლოვანებამდე (ტ.1, ს.ფ.15-21).


9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.01.2014წ. განჩინებით:
1. სამოქალაქო საქმეზე №2ბ/6183-13 დამტკიცდა მორიგება ერთის მხრივ, აპელანტ გ. ლ.-სა და მეორეს მხრივ, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე ლ. კ.-ს შორის, შემდეგი პირობებით:
1.1. გ. ლ. კისრულობს ვალდებულებას მის შვილს ს. ლ.-ს გაუხსნას საბანკო ანაბარი და შვილის სრულწლოვანებამდე, ყოველთვიურად გადარიცხოს 1500 /ათასხუთასი/ ლარი ალიმენტის სახით;
1.2. გ. ლ. ასევე იღებს ვალდებულებას ს. ლ.-ს დედას ლ. კ.-ს ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის სახით გადაუხადოს 2000 /ორი ათასი/ ლარი ყოველთვიურად, ს. ლ.-ს სრულწლოვანებამდე;
1.3. ლ. კ. იღებს ვალდებულებას მიღებული 2000 /ორი ათასი/ ლარიდან უზრუნველყოს ბაღის საფასურის გადახდა, ხოლო სხვა წრეებზე სიარულის საფასურის გადახდა მოხდება გ. ლ.-ს მიერ;
1.4. მხარეები თანხმდებიან, რომ ს. ლ. სასკოლო ასაკამდე განაგრძობს სიარულს იმავე ბაღში (XXXX) სადაც იგი დავის მომენტში დადის ან მშობელთა შეთანხმებით სხვა კერძო ბაღში;
1.5 მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლებელია საანაბრო ხელშეკრულების ვადამდე დარღვევა (თანხის გამოტანა) ორივე მშობლის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე;
1.6. ბაღის თანხის გადახდა /ექვსი თვის საფასურის/ მოხდება გ. ლ.-ს მიერ, ხოლო ლ. კ.-ს ყოველთვიური გადასახდელი 2000 ლარიდან დაუქვითავს (პროპორციულად) გადახდილ თანხას ყოველთვიურად.
2. მხარეთა მორიგების გამო გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.09.2013წ. გადაწყვეტილება და სამოქალაქო საქმეზე №2ბ/6183-13 შეწყდა წარმოება (ტ.2, ს.ფ. 108-112). განჩინება შესულია კანონიერ ძალაში. მასზე სააღსრულებო ფურცელი გაიცა - 26.01.2016წ. (ტ.2, ს.ფ. 217).

ამდენად, აღსასრულებელ სასამართლო აქტს, რომლითაც მოსარჩელეს ეკისრება არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა, წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.01.2014წ. განჩინება, რომელზეც სააღსრულებო ფურცელი გაცემულია.

ამასთან, განჩინებაში მითითებული ორივე ვალდებულება - ბავშვის სრულწლოვანებამდე ყოველთვიურად გადასახდელი 2000 ლარი და მის სრულწლოვანებამდე ყოველთვიურად ანაბარზე შესატანი 1500 ლარი - ერთობლიობაში წარმოადგენს საალიმენტო ვალდებულებას. ანუ მორიგებით მამამ იკისრა ყოველთვიურად ჯამში 3500 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდა, დაკონკრეტდა პროცედურები.


10. 30.03.2017წ. აღძრული სარჩელით მოსარჩელე ითხოვს:
- შემცირდეს დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და იგი განისაზღვროს ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან 30.03.2017წ. მის სრულწლოვანებამდე.
- გათავისუფლდეს მოსარჩელე დაკისრებული ალიმენტის საფუძველზე წარმოშობილი საალიმენტო დავალიანების - 77 487 ლარის გადახდისაგან.

მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნებს აფუძნებს შემდეგ გარემოებებს:
- შეიცვალა მოსარჩელის ოჯახური მდგომარეობა - დაქორწინდა;
- მისი მატერიალური მდგომარეობა გაუარესდა;
- მოსარჩელეს მამის ავადმყოფობის გამო მოუწია დიდი ხარჯის გაწევა, აქვს დავალიანება;
- 77 487 ლარიდან 28 000 ლარის განთავისუფლების დამატებით საფუძვლად მითითებულია მოთხოვნის ხანდაზმულობა . ამდენად, შინაარსობრივად 28 000 ლარის ხანდაზმულად მიჩნევა არ წარმოდგენს დამოუკიდებელ მოთხოვნას (იხ.: დაზუსტებული სარჩელი, ტ.1, ს.ფ. 207-221; განცხადება, ტ.2, ს.ფ. 215-217).


11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.02.2018წ. გადაწყვეტილებით:
სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1.1. გ. ლ.-ს შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით 3500 ლარის ოდენობით დაკისრებული ალიმენტი და არასრულწლოვანი შვილის - XXXX წლის XX მაისს დაბადებული ს. ლ.-ს რჩენა-აღზრდისთვის დაეკისრა ალიმენტი ყოველთვიურად 1500 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან, კერძოდ,2017 წლის 30 მარტიდან მის სრულწლოვანებამდე.
1.2. გ. ლ. გათავისუფლდა არასრულწლოვანი შვილის - XXXX წლის XX მაისს დაბადებული ს. ლ.-ს რჩენა-აღზრდისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის საფუძველზე წარმოშობილი 64 572.3 ლარის ოდენობით საალიმენტო დავალიანების გადახდისაგან.

შესაბამისად, მოსარჩელე სააპელაციო საჩივრით ითხოვს ალიმენტის თაობაზე გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას. მოპასუხე კი ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას ალიმენტის შემცირების და მისი ნაწილის გადახდისაგან გათვისუფლების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.


12. გათვალისწინებით იმისა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შეცვლილია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.09.2013წ. გადაწყვეტილებით დაკისრებული საალიმენტო ვალდებულებები, ეს გადაწყვეტილება კი, როგორც უკვე აღინიშნა, გაუქმებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 08.01.2014წ. განჩინებით მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

სასამართლომ უნდა იმსჯელოს მორიგების დამტკიცების თაობაზე განჩინებით მხარის მიერ ნებაყოფლობით ნაკისრი ვალდებულების შემცირების და მისი ნაწილის გადახდისაგან გათავისუფლების წინაპირობების არსებობა-არარსებობაზე. უნდა განისაზღვროს ალიმენტის შემცირების და დავალიანების გადახდისაგან გათავისუფლების მოთხოვნის კანონიერება.


13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:
1. მშობელს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდის ალიმენტს,უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ.
2. იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

შესაბამისად, სასამართლომ უნდა დაადგინოს, შეიცვალა თუ არა გ. ლ.-ს მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა ალიმენტის დაკისრების დროიდან მისი შემცირების მოთხოვნის დაყენებამდე და თუკი ცვლილება არსებობს, უნდა შეფასდეს, არის თუ არა იგი ისეთი ხასიათის, რომ საფუძვლად დაედოს ალიმენტის ოდენობის შემცირებას ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1237-ე მუხლის თანახმად:
1. ალიმენტის გადახდისაგან განთავისუფლება ან ალიმენტის დავალიანების შემცირება შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.
2. სასამართლოს უფლება აქვს ალიმენტის გადამხდელი მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან, თუ დაადგენს, რომ ალიმენტის გადაუხდელობა გამოწვეული იყო ამ პირის ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით.

ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია გაათავისუფლოს ალიმენტის გადახდისაგან ვალდებული პირი, თუ არსებობს საპატიო მიზეზი. ასეთი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი შეიძლება გახდეს მატერიალური და ოჯახური პირობების გაუარესება, ავადმყოფობა და სხვა. ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლო შეფასების საგანია - ალიმენტის გადაუხდელობის საფუძველი არის თუ არა საპატიო მიზეზი.

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, მისი ოდენობის შემცირებისას თუ საალიმენტო დავალიანების ნაწილის გადახდისაგან გათავისუფლებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს იმ გარემოებით, რომ უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, ამასთან, მხედველობაში უნდა ინეს მიღებული ის ობიექტური გარემოებები, რაც შეიძლება შეფასდეს მშობლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად თუ მისი შესრულების გართულების გამომწვევ ობიექტურ წინაპირობად.


14. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის მასალებით დასტურდება საალიმენტო ვალდებულების განსაზღვრის შემდგომ მოსარჩელის ოჯახური და მატერიალური მდგომარეობის შეცვლის ფაქტი, კერძოდ:

14.1. მოსარჩელე XXXX წლის XX სექტემბერს დაქორწინდა ს. კ.-ზე (ტ.1, ს.ფ.112) და მეუღლეები იანვრის თვეში ელოდებიან ბავშვს (ტ.2, ს.ფ. 173,174).

14.2. მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ საალიმენტო ვალდებულების განსაზღვრის მომენტში მოსარჩელე ირიცხებოდა შპს ,,ს. კ. დ. თ.-ის“ შემადგენლობაში და მისი ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურება იყო 25 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით (დარიცხული);

14.3. საფეხბურთო კლუბ ,,XXXX“-ს და გ. ლ.-ს შორის 11.08.2014წ. გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ 2 სპორტულ სეზონზე, თუმცა ფეხბურთელს არასდროს მიუღია ხელფასი. კლუბი და ფეხბურთელი შეთანხმდნენ, რომ მათ შორის ხელშეკრულება შეწყდება 30.06.2015 წელს (ტ.1, ს.ფ.116).

14.4. მოსარჩელე 11.06.2016წ.-დან 31.05.2018წ.-მდე ირიცხებოდა რ.-ის საფეხბურთო კლუბ ,,XXXX“-ის შემადგენლობაში (ტ.1, ს.ფ. 123-139). გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრებით სადავოდ გამხდარი არ არის, რომ მოსარჩელის ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურება საქართველოს ბანკის მიერ დადგენილი უცხოური ვალუტის გაცვლის ოფიციალური კურსით შეადგენდა დაახლოებით 10 071 ლარს (ტ.1, ს.ფ. 294).

14.5. რ.-ის საფეხბურთო კლუბ ,,XXXX“-ის გენერალური დირექტორის 31.08.2018წ. ბრძანებით მოსარჩელესთან შეწყდა ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 175-177).

14.6. რაც შეეხება გ. ლ.-ს მოღვაწეობას საფეხბურთო კლუბ „XXX“-სთან (XXXX), როგორც მისი წარმომადგენელი განმარტავს, ეს არ იყო ცალკე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რ.-ის საფეხბურთო კლუბ ,,XXXX“-თან თანამშრომლობის დროს გარკვეული პერიოდი თამაშობდა ამ გუნდში (იხ.: 25.09.2018წ. სხდომის ოქმი, 11:30:26 – 11:31:12). ამასთან, ეს გარემოება თავიდანვე სადავო გახადა მოპასუხემ, აღნიშნულზე უთითებს სააპელაციო საჩივარშიც (ტ.1, ს.ფ.313), მოსარჩელეს კი არც თავისი ინიციატივით და არც თბილისის საქალაქო სასამართლოს 11.12.2017წ. საოქმო განჩინების (ტ.1, ს.ფ. 267) ფარგლებში კლუბ „XXX“-სგან შემოსავლების შესახებ რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

14.7. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელის დედის - ასაკით პენსიონერი მ. ლ.-ს სახელზე 2013- 2014 წლებში ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით აღირიცხა ორი უძრავი ქონება : 1. მცხეთა, ც. (საკადასტრო კოდი NXXXXXX). 2. თბილისი, დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობა (საკადასტრო კოდი NXXXXXX) (ტ.1, ს.ფ.247-250). მ. ლ-ს სახელზე სამკვიდრო მოწმობების საფუძველზე საკუთრების უფლებით ირიცხება ასევე გარკვეული უძრავი ნივთები (ტ.1, ს.ფ. 251-256).

14.8. მხარეთა შორის სადავო არ არის ფაქტი მასზედ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.01.2014წ. განჩინებით მხარეთა შორის მორიგების დამტკიცებამდე, კერძოდ 13.03.2013წ., გ. ლ.-მ თავის შვილს აჩუქა საცხოვრებელი ბინა (ტ.1, ს.ფ.16), რომელიც მოპასუხეს გაქირავებული აქვს და წარმოადგენს დამატებითი შემოსავლის წყაროს (ტ.2, ს.ფ.10; 92-100). გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრებით სადავოდ გამხდარი არ არის, რომ მოპასუხე მუშაობს სილამაზის სალონში ლაზერული ეპილაციის სპეციალისტად და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 200 ლარს (ტ.1, ს.ფ.295).

14.9. საქმის მასალების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილია (ტ.1, ს.ფ.295) და სააპელაციო საჩივრებით სადავოდ გამხდარი არ არის, რომ: მოსარჩელის მამას - ნ. ლ.-ს 2014 წელს დაუდგინეს მწვავე ონკოლოგიური დაავადება, რომელიც საჭიროებდა მუდმივ მკურნალობას და ზედამხედველობას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 2016 წლის 11 აგვისტოს ნ. ლ. გარდაიცვალა. 2014-2016 წლებში მკურნალობისა და გარდაცვალების ხარჯებმა ჯამში შეადგინა 672 379 ლარი, მათ შორის საქართველოში მკურნალობის ხარჯებმა - 2 641.28 ლარი, ისრაელში მკურნალობის ხარჯებმა - 528 155.516 ლარი, ისრაელში ტრანსპორტირების ხარჯებმა - 20 358.20 ლარი, სასტუმროში დარჩენის ხარჯებმა - 110 694.67 ლარი, ხოლო დაკრძალვის ხარჯებმა - 10 529.10 ლარი (ტ.1, ს.ფ. 39,40, 42-53, 56-58, 61 – 111).

14.10. 10.11.2015წ. სესხის ხელშეკრულებით, გ. გ.-მა მოსარჩელე გ. ლ.-ს სესხის სახით გადასცა ფულადი თანხა 145 000 აშშ დოლარის ოდენობით. მსესხებელმა გ. ლ.-მ იკისრა ვალდებულება, ნასესხები თანხა დაუბრუნოს გამსესხებელს არაუგვიანეს 2018 წლის 01 ივნისისა (ტ.1, ს.ფ.119, 120).

ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით პალატას მიაჩნია, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი. კერძოდ, გ. ლ.-ს უნდა შეუმცირდეს მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.01.2014წ. განჩინებით შეთანხმებული ალიმენტი - ჯამში 3500 ლარი. გ. ლ.-ს უნდა დაეკისროს XX.XX.XXXXწ. დაბადებული ს. ლ.-ს რჩენა-აღზრდისთვის ალიმენტის გადახდა თვეში 1 200 ლარის ოდენობით 30.03.2017წ.-დან მის სრულწლოვანებამდე.

ასევე, არსებობს საალიმენტო დავალიანების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლების საფუძველი. მამის მკურნალობაზე სრულწლოვანი შვილის მიერ სოლიდური თანხების გაღებამ გავლენა იქონია მისი, როგორც ალიმენტვალდებული პირის გადახდისუნარიანობაზე. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე გ. ლ ნაწილობრივ უნდა გათავისუფლდეს დაგროვილი დავალიანებისაგან (ოდენობის დასაბუთება იხ.: მე-15 პუნქტში).


15. მოსარჩელე დაზუსტებული სარჩელით ითხოვს გათავისუფლდეს დაკისრებული ალიმენტის საფუძველზე წარმოშობილი საალიმენტო დავალიანების - 77 487 ლარის გადახდისაგან (ტ.1, ს.ფ.211; 290). მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია დაანგარიშება, რომელშიც დეტალურად არის მოცემული ინფორმაცია სადავოდ გამხდარ - 13.09.2013წ.-დან სარჩელის შეტანამდე პერიოდში დაგროვილი საალიმენტო დავალიანების და მოსარჩელის მიერ ალიმენტის სახით გადახდილი თანხების შესახებ (ტ.1, ს.ფ. 215-217). აღნიშნულ დაანგარიშება გამოკვლეული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 19.12.2018წ. სასამართლო სხდომაზე. დაანგარიშება სადავოდ არ გაუხდია მოპასუხის წარმომადგენელს და დაეთანხმა მას (იხ.: სხდომის ოქმი CD დისკზე).

აღნიშნული დაანგარიშების თანახმად:
- 13.09.2013წ. – 13.02.2014წ. პერიოდში, ექვსი თვის განმავლობაში გადასახდელი ალიმენტი შეადგენდა 21 000 ლარს, საიდანაც გადახდილია 19 910.19 ლარი (9000 ლარი განთავსებულია ანაბარზე, 8000 ლარი გადახდილია ალიმენტის სახით, 2910.19 ლარი გადახდილია ბაღის საფასური. დარჩენილი დავალიანება შეადგენს 1088.81 ლარს.
- 13.03.2014წ. -13.08.2016წ. პერიოდში, 30 თვის განმავლობაში გადასახდელი ალიმენტი შეადგენდა 105 000 ლარს, საიდანაც გადახდილია 50 580.58 ლარი (1500 ლარი განთავსებულია ანაბარზე, 37 090 ლარი გადახდილია ალიმენტის სახით, 9845.58 ლარი - ბაღის საფასური, 1140 ლარი - ცურვის საფასური, 900 ლარი - „ბ.-ბ.-ს“ საფასური, 105 ლარი -ექიმის ხარჯი. დარჩენილია დავალიანება 54 419 .42 ლარი.
- 13.09.2016წ. – 13.03.2017წ. პერიოდში, 7 თვის განმავლობაში გადასახდელი ალიმენტი შეადგენდა 24 500 ლარს, საიდანაც გადახდილია 2784 ლარი (2000 ლარი გადახდილია ალიმენტის სახით, 560 ლარი არის ცეკვის გადასახადი, ხოლო 224 ლარი ექიმის ხარჯი). დარჩენილი დავალიანება შეადგენს 21 716 ლარს (ტ.2, ს.ფ. 216,217).

მოსარჩელე გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გათავისუფლდა 2014 წლის მარტის თვიდან (მამის მკურნალობის დაწყების პერიოდი) 2016 წლის აგვისტოს ბოლომდე (მამის გარდაცვალებამდე) წარმოშობილი დავალიანების - ჯამში 64 572.30 ლარის გადახდისაგან (ტ.1, ს.ფ.303). ამასთან, თავად მოსარჩელის დაანგარიშებით, რომელსაც მოპასუხეც ეთანხმება, ამ პერიოდის საალიმენტო დავალიანება შეადგენს მხოლოდ 54 419.42 ლარს (ტ.2, ს.ფ.216-217).

პალატა განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდისგან განთავისუფლების მოთხოვნით აღძრული სარჩელის საფუძვლიანობაზე მსჯელობისას სასამართლო იკვლევს კონკრეტულ პერიოდში ვალდებული პირის მიერ ალიმენტის გადაუხდელობის საპატიო მიზეზს და ასეთის არსებობის შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას ამ დროის განმავლობაში გადაუხდელი ალიმენტისაგან მოსარჩელის განთავისუფლების თაობაზე. ამდენად, დაუსაბუთებელია მოსარჩელის წარმომადგენლის მსჯელობა მასზედ, რომ ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელე განთავისუფლთა 64 572.30 ლარის საალიმენტო ვალდებულებისგან, როდესაც რეალურად გააჩნდა 54 419.42 ლარის დავალიანება, სხვაობა, 10 152.88 ლარის ოდენობით უნდა გამოაკლდეს მომდევნო პერიოდის დავალიანებას (ტ.2, ს.ფ.217).

შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელე უნდა გათავისუფლდეს 54 419.42 ლარის გადახდისაგან. რაც შეეხება 2016 წლის აგვისტოს ბოლოდან სარჩელის შეტანამდე პერიოდს, არ არსებობს დროის ამ მონაკვეთში მოსარჩელის საალიმენტო ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველი.


16. მოსარჩელე, როგორც უკვე აღინიშნა, სარჩელით ითხოვდა ჯამში საალიმენტო დავალიანების - 77 487 ლარის გადახდისაგან გათავისუფლებას, მაგრამ აქედან 28 000 ლარის ნაწილში უთითებდა კიდევ ერთ დამოუკიდებელ საფუძველს - დავალიანების ხანდაზმულობას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1235-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ალიმენტის დავალიანების გადახდევინება წარსული დროისათვის შეიძლება არა უმეტეს სამი წლის სააღსრულებო ფურცლის გადასახდელად წარდგენამდე.
აღნიშნული მუხლი აწესრიგებს ისეთ ურთიერთობას, როცა გაცემულია სააღსრულებო ფურცელი და გადახდევინება უნდა მოხდეს არა აღსასრულებლად მისი წარდგენის მომენტიდან, არამედ გასული დროის სამწლიანი ვადის ფარგლებში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.01.2014წ. განჩინებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცა 26.01.2016წ. (ტ.2, ს.ფ. 214). მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, სააღსრულებო ფურცელი მაშინვე იყო წარდგენილი სააღსრულებო ბიუროში. მხარეები სადავოდ არ ხდიან გარემოებას მასზედ, რომ სააღსრულებო ფურცლის წარდგენის მომენტში აღსასრულებელი ალიმენტის ოდენობა არ აღემატებოდა სამ წელს (იხ.: 19.12.2018წ. სხდომის ოქმი CD დისკზე, 15:17:57- 15:19:31). ამდენად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1235-ე მუხლზე დაყრდნობით ხანდაზმულობის გამო ალიმენტის გადახდისგან განთავისუფლების საფუძველი.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

ვინაიდან გ. ლ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და ალიმენტის ოდენობა ნაცვლად შეთანხმებული 3500 ლარისა განისაზღვრა 1200 ლარით, ამასთან, მოსარჩელე გათავისუფლდა 54 419.42 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდისგან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ვ“, ქვეპუნქტების შესაბამისად განსაზღვრული დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით და ამავე კოდექსის 53-ე და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 2460.5 ლარის ოდენობით ( 3500-1200=2300; 2300X12 = 27600; 27600 + 54 419.42 =82019,42; 82019,42-ის 3% = 2460.5 ლარს).

ვინაიდან წინამდებარე გადაწყვეტილებით გ. ლ.-ს ნაცვლად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ალიმენტის სახით დაკისრებული 1500 ლარისა, ეკისრება 1200 ლარის გადახდა, დგინდება, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“, ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი კმაყოფილდება 3600 ლარის ნაწილში (300X12=3600). ამდენად, ლ. კ.-ს გ. ლ.-ს სასარგებლოდ ამავე კოდექსის 53-ე და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 144 ლარის ოდენობით ( 3600-ის 4%).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ვინაიდან წინამდებარე გადაწყვეტილებით ლ. კ.-ის სააპელაციო საჩივარი კმაყოფილდება 10152,88 ლარის ნაწილში (მოსარჩელე ნაცვლად 64 572.3 ლარისა თავისუფლდება 54 419.42 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდისგან), გ. ლ.-ს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით 406,11 ლარის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმე თა პალატამ
გადაწყვიტა:


1. გ. ლ.-ს და ლ. კ.-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.02.2018წ. გადაწყვეტილება ალიმენტის ოდენობის შემცირების, ალიმენტის დავალიანების გადახდისგან გათავისუფლების ნაწილში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1., 1.2., 1.3., მე-2 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. გ. ლ.-ს შეუმცირდეს მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.01.2014წ. განჩინებით შეთანხმებული ალიმენტი - ჯამში 3500 ლარი. გ. ლ.-ს დაეკისროს XX.XX.XXXწ. დაბადებული ს. ლ.-ს რჩენა-აღზრდისთვის ალიმენტის გადახდა 1200 ლარის ოდენობით 30.03.2017წ.-დან მის სრულწლოვანებამდე.
4. გ. ლ. გათავისუფლდეს ალიმენტის დავალიანებიდან 54 419.42 ლარის გადახდისაგან.
5. ლ. კ.-ს გ. ლ.-ს სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 2460.5 ლარის ოდენობით.
6. ლ. კ.-ს გ. ლ-ს სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 144 ლარის ოდენობით.
7. გ. ლ.-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით 406,11 ლარის გადახდა.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.