ნახვები: 307
საქმის ნომერი: ას-297-280-2010
საქმეთა კატეგორიები: საოჯახო სამართალი,
სასამართლო: საქართველოს უზენაესი სასამართლო
მოსამართლე: ნუნუ კვანტალიანი(თავმჯდომარე), ვასილ როინიშვილი, ლალი ლაზარაშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: არ ექვემდებარება გასაჩივრებას, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები: 2ბ/3410-18,
რეზიუმე:
ციტირებისთვის: საქართველოს უზენაესი სასამართლო, განჩინება, საქმე №ას-297-280-2010 (2010-06-14), www.temida.ge
საქმის № ას-297-280-2010

განჩინება
საქართველოს სახელით
       14 ივნისი, 2010 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე:
ნუნუ კვანტალიანი
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, ლალი ლაზარაშვილი,

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - გ. კ-ოვა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შ. და ე. კ-ოვები (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ნიშნობის საჩუქრის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. კ-ოვამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. და ე. კ-ოვების მიმართ ნიშნობასთან დაკავშირებული საჩუქრის - საოჯახო ავეჯის დაბრუნების ან მისი ღირებულების - 14400 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2007 წლის 21 ივლისს გ. კ-ოვა დაინიშნა ე. კ-ოვზე. ნიშნობის საჩუქრად მოსარჩელის ბებიამ - ზ. კ-ოვამ 14 400 ლარად ქ.თბილისში, ავეჯის მაღაზიაში შეიძინა საოჯახო ავეჯის კომპლექტი, რომელიც განათავსეს ქ.მარნეულში, სოფელ ... ქუჩის მესამე ჩიხის ¹3 მოპასუხეთა კუთვნილ სახლში. დანიშნულები არ დაქორწინებულან და მოსარჩელე ქორწინებაში იმყოფება სხვა პირთან. აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხეებმა ნიშნობის ზემოხსენებული საჩუქარი არ დაუბრუნეს.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის ბებიის სარჩელი მათ მიმართ იმავე საგანზე. ამასთან, ფაქტობრივად, მოსარჩელის ოჯახს არანაირი ნიშნობის საჩუქარი მათთვის არ გადაუციათ.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით გ. კ-ოვას სარჩელი დაკმაყოფილდა, შ. და ე. კ-ოვებს გ. კ-ოვას სასარგებლოდ დაეკისრათ ნიშნობასთან დაკავშირებული საჩუქრის - საოჯახო ავეჯის ან მისი ღირებულების შესაბამისი თანხის - 14400 ლარის უკან დაბრუნება.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შ. და ე. კ-ოვების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით გ.კ-ოვას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გაასაჩივრა გ. კ-ოვამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 იანვრის განჩინებით გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: შ. და ე. კ-ოვების სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2009 წლის 30 სექტემბერს, 12:00 საათზე. სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე გ. კ-ოვა, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მხარის გამოუცხადებლობის მიუხედავად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობისას. სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების გამო, ვინაიდან ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 103-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, საჩივარში მითითებულ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი ეკისრება საჩივრის ავტორს. მოცემულ შემთხვევაში საჩივარში მითითებულ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულებები გ.კ-ოვას სასამართლოსათვის არ წარუდგენია. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გ. კ-ოვას საჩივარი დაუსაბუთებელია.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა დაუსწრებელი გადაწყვეტილების დასაბუთება, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მეორე ნაწილისა და ამავე კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, დამტკიცებულად უნდა ჩაითვალოს აპელანტის ახსნა-განმარტებაში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2007 წლის 21 ივლისს გ. კ-ოვა დაინიშნა ე. კ-ოვზე. ნიშნობასთან დაკავშირებით გ. კ-ოვას ბებიამ ზ. კ-ოვამ ოჯახის სიძეს - ე. კ-ოვს აჩუქა ქ.თბილისში, ავეჯის მაღაზიაში ინდივიდუალურ მეწარმე “ეკატერინე ვაწაძისაგან” 14400 ლარად შეძენილი საოჯახო ავეჯი. ნიშნობის მიუხედავად, გ. კ-ოვა და ე. კ-ოვი არ დაქორწინებულან, ვინაიდან გ. კ-ოვა გათხოვდა სხვა პირზე. ზ. კ-ოვამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. კ-ოვის მიმართ და მოითხოვა ნიშნობასთან დაკავშირებული საჩუქრის უკან დაბრუნება. მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ზ. კ-ოვას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა ზემოაღნიშნული დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ ეს გარემოებები იურიდიულად ამართლებენ აპელანტების მოთხოვნას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ, ვინაიდან მოცემულ საქმეში გ. კ-ოვა წარმოადგენს არასათანადო მოსარჩელეს, რაც მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიიჩნია, კერძოდ, არასათანადო მოსარჩელედ ითვლება პირი, რომელსაც არ აქვს სარჩელით წამოყენებული მოთხოვნის უფლება. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1109-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის თანახმად განმარტა, რომ ნიშნობასთან დაკავშირებული საჩუქრის უკან დაბრუნების საფუძველს წარმოადგენს დანიშნულ პირთა დაუქორწინებლობა. ამასთან, საჩუქრის უკან გამოთხოვის უფლება აქვს გამჩუქებელს. ამდენად, დანიშნულ პირთა დაუქორწინებლობის შემთხვევაში ნიშნობასთან დაკავშირებული საჩუქრის უკან დაბრუნების (გამოთხოვის) თაობაზე აღძრული დავის დროს მოსარჩელედ გამოდის გამჩუქებელი.

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გამჩუქებელს წარმოადგენს ზ. კ-ოვა - გ. კ-ოვას ბებია, რომელმაც მისი შვილიშვილის ნიშნობასთან დაკავშირებით სიძეს - ე. კ-ოვს აჩუქა 14400 ლარად ღირებული საოჯახო ავეჯი. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეში სწორედ ზ. კ-ოვაა სათანადო მოსარჩელე, ანუ პირი, რომელსაც აქვს ნიშნობასთან დაკავშირებული საჩუქრის მოპასუხეთაგან გამოთხოვის უფლება. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან, გ. კ-ოვა არ არის სადავო ნივთის გამჩუქებელი, შესაბამისად, იგი არასათანადო მოსარჩელეა, ანუ მას არა აქვს სარჩელში მითითებული მოთხოვნის უფლება, ამიტომ მისი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება გ. კ-ოვამ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. სასამართლომ საქმე განიხილა ისე, რომ კასატორი და მისი წარმომადგენელი საქმის განხილვაზე კანონით დადგენილი წესით არ მოუწვევია. სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, ვინაიდან გ.კ-ოვას უკანონოდ ჩამოერთვა მისი კუთვნილი ნივთები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. კ-ოვას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარის საქმის განხილვაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ფაქტი თავისთავად დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას არ გამოიწვევს, ვინაიდან ამ შემთხვევაშიც სასამართლო ვალდებულია, სამართლებრივად შეაფასოს სარჩელში მითითებული, დადასტურებულად ცნობილი გარემოებები და გამოარკვიოს, შეესაბამება თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა კანონით ამ ტიპის ურთიერთობათა მომწესრიგებელი ნორმების დანაწესს. თუ აღმოჩნდება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უკანონოა, სასამართლო სარჩელს არ დააკმაყოფილებს.

ანალოგიური პრინციპით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. აღნიშნული ნორმით კანონმდებელი უშვებს შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას გაზიარებულ იქნას სააპელაციო საჩივარში დასახელებული გარემოებანი, თუ ისინი იურიდიულად ამართლებენ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ შ. და ე. კ-ოვების სააპელაციო საჩივრის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარის - გ. კ-ოვას გამოუცხადებლობის გამო დადასტურებულად მიიჩნია სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომ 2007 წლის 21 ივლისს გ. კ-ოვა დაინიშნა ე. კ-ოვზე.

ნიშნობასთან დაკავშირებით გ. კ-ოვას ბებიამ - ზ. კ-ოვამ სიძეს - ე. კ-ოვს აჩუქა ქ.თბილისში, ავეჯის მაღაზიაში ინდივიდუალურ მეწარმე “ეკატერინე ვაწაძისაგან” 14400 ლარად შეძენილი საოჯახო ავეჯი.

ნიშნობის მიუხედავად, გ. კ-ოვა და ე. კ-ოვი არ დაქორწინებულან და გ. კ-ოვა გათხოვდა სხვა პირზე.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ზ. კ-ოვას სარჩელი შ. კ-ოვის მიმართ ნიშნობასთან დაკავშირებული საჩუქრის უკან დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ გ. კ-ოვა სადავო ქონების გამოთხოვის თაობაზე მოთხოვასთან მიმართებით არასათანადო მხარეა, კერძოდ:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, სასამართლო საქმის განხილვას შეუდგება დაინტერესებული პირების განცხადებით.

კანონის ზემოხსენებული დანაწესიდან გამომდინარე, პირს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს თავისი კანონიერი უფლებების დასაცავად და იგი სათანადო მოსარჩელედ ჩაითვლება, თუ სადავო საკითხი უშუალოდ, პირდაპირ ეხება და ლახავს მის კანონიერ ინტერესებს. პირის აღნიშნული უფლება გარანტირებულია მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით.

განსახილველ შემთხვევაში სადავოს წარმოადგენს ის გარემოება, უფლებამოსილი იყო თუ არა გ.კ-ოვა, მოეთხოვა თავის ნიშნობაზე ბებიის მიერ ნაჩუქარი ქონების ყოფილი დანიშნულისაგან დაბრუნება.

სამოქალაქო კოდექსის 1109-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ნიშნობასთან დაკავშირებული საჩუქრები დაუქორწინებლობის შემთხვევაში მხარეებს უკან უბრუნდებათ.

მითითებული ნორმა ასახავს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ტრადიციას, რომ დაქორწინების მსურველ პირთა ნათესავებმა და ახლობლებმა სამომავლო ქორწინების აღსანიშნავად დაასაჩუქრონ მომავალი მეუღლეები, რაც ეფუძნება ვარაუდს, რომ დანიშნული წყვილი გარკვეული პერიოდის შემდეგ უთუოდ იქორწინებს, თუმცა კანონმდებელი ნიშნობის ფაქტს რაიმე სავალდებულო სამართლებრივ შედეგს, დაქორწინებას არ უკავშირებს და ადგენს ნიშნობის საჩუქრის (რაც ხშირ შემთხვევაში ძვირად ღირებულ ნივთებია) მხარეთათვის დაბრუნების წესს. იმის გათვალისწინებით, რომ ნიშნობის მხარეებს წარმოადგენენ დასაქორწინებელი პირები, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზემოხსენებული საჩუქრის დაბრუნების შესახებ მოთხოვნის წარდგენა შეუძლია ნიშნობის ერთ-ერთ მხარეს, რომლის მიმართ პატივისცემის გამოხატვის მიზნითაც შესდგა ჩუქება.

დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ ნიშნობის საგნის გამოთხოვაზე უფლებამოსილია გამჩუქებელი. მოცემულ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენს თვით ჩუქების ფაქტი და, შესაბამისად, დავა მჩუქებელსა და დასაჩუქრებულს შორის არ არის, რა დროსაც დავის სუბიექტებს სწორედ ეს პირები წარმოადგენენ (იხ. სამოქალაქო კოდექსის 529-ე 530-ე მუხლები). განსახილველი სარჩელი წარდგენილია დასაჩუქრებულის მიერ, რომელიც, სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ნაჩუქარი ნივთის მესაკუთრეა და მისი საკუთრების უფლება მოცემულ ნივთზე სადავოს არ წარმოადგენს - მჩუქებელი საჩუქრის დაბრუნებას დასაჩუქრებულისაგან არ ითხოვს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სადავო ნივთი საჩუქრად გადაცემულია საკუთრებაში ნიშნობასთან დაკავშირებით, ხოლო ნიშნობის მხარეებს კი წარმოადგენდნენ გ. და ე. კ-ოვები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 1109-ე მუხლის მესამე ნაწილით, ნიშნობის საჩუქრის უკან გამოთხოვაზე უფლებამოსილი პირები მხოლოდ ნიშნობის მხარეები არიან და არა მჩუქებელი, რომელმაც ნაჩუქარი ნივთი ნებაყოფლობით საკუთრებაში გადასცა ნიშნობის მხარეებს. მჩუქებელს ნაჩუქარ ნივთზე პრეტენზია შეიძლება წარმოეშვას მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს, განჩინების კვლევით ნაწილში მითითებულ დებულებათა გათვალისწინებით იურიდიულად ამართლებდა თუ არა განსახილველ სააპელაციო საჩივარში მითითებული და მოწინააღმდეგე მხარის - გ.კ-ოვას გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად ცნობილი გარემოებანი აპელანტების მოთხოვნას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. კ-ოვას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 იანვრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.