საქმის ნომერი: 2კ-438აპ.-16
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: საქართველოს უზენაესი სასამართლო
მოსამართლე: გიორგი შავლიაშვილი(თავმჯდომარე), ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: მხარეებმა ურთიერთსაპირისპირო პოზიციით მიმართეს სასამართლოს. დაცვის მხარე ითხოვს მსჯავრდებულის პროფესიული საქმიანობის კუთხით სრულად გამართლებას მაშინ როდესაც ბრალდება მიაჩნია, რომ პირმა ჩაიდინა სსკ-ის 116 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ბრალეული ქმედება. უზენაესმა სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებების, მოწმეთა და ექსპერტთა დასკვნის ანალიზის საფუძველდე ბრალდებული გაამართლა.
ციტირებისთვის: საქართველოს უზენაესი სასამართლო, განაჩენი, საქმე №2კ-438აპ.-16 (2016-12-31), www.temida.ge
საქმის № 2კ-438აპ.-16

განაჩენი
საქართველოს სახელით
       31 დეკემბერი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე:
გიორგი შავლიაშვილი
მოსამართლეები:
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე,

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ი. მ-ის

მსჯავრდებულ _ ი. დ-ის

ადვოკატ – დ. ბ-ის

გამართლებულ - გ. მ-ის

მონაწილეობით განიხილა პროკურორ ი. მ-სა და მსჯავრდებულ ი. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ბ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად, გ. მ-ს, _ დაბადებულს ---ს, ნასამართლობის არმქონეს, _ და ი. დ-ს, _ დაბადებულს --ს, ნასამართლობის არმქონეს, _ ბრალი დაედოთ იმაში, რომ ჩაიდინეს სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2. 2013 წლის 4 სექტემბერს, 13:00 საათზე, ქ. -ის სამშობიარო სახლში - შპს ,,---” მეან-გინეკოლოგებმა - გ. მ-მა და ი. დ-მა დაიწყეს პაციენტ ც. თ-ის საკეისრო კვეთა. საკეისრო კვეთისას მათ ც. თ-ეს დაუზიანეს თეძოს მარცხენა გარეთა ვენა, რა დროსაც, 13:40 საათზე, დაიწყო ინტენსიური სისხლდენა. გ. მ. და ი. დ. ვალდებულნი იყვნენ, დროულად ამოეცნოთ დაზიანებული სისხლძარღვი და დროულად მოეხდინათ მისი კომპრესია, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ უნდა გამოეძახებინათ სისხლძარღვთა ქირურგი, რომელიც აღადგენდა დაზიანებულ სისხლძარღვს. მათ არ შეასრულეს აღნიშნული მოთხოვნა და დროულად არ გამოიძახეს სისხლძარღვთა ქირურგი. მხოლოდ შემთხვევიდან რამდენიმე საათის შემდეგ, დაახლოებით 18:00 საათზე, გამოიძახეს იგი, რაც აღმოჩნდა დაგვიანებული და მიუხედავად კატასტროფის ბრიგადის მიერ აღმოჩენილი და აღდგენილი სისხლძარღვისა, პაციენტ ც. თ-ეს განუვითარდა მწვავე სისხლნაკლებობა, რამაც 2013 წლის 5 სექტემბერს, 01:10 საათზე, გამოიწვია მისი სიცოცხლის მოსპობა.

3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 აგვისტოს განაჩენით ი. დ. და გ. მ. ცნობილ იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ივნისის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 აგვისტოს განაჩენში შევიდა ცვლილება: ი. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სხვა ნაწილში სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორი – პროკურორი ი. მ. ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ივნისის განაჩენის გაუქმებას გ. მ-ის გამართლების ნაწილში და მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შემდეგ გარემოებათა გამო: თბილისის სააპელაციო სასამართლო, მართალია, მსჯელობს გ. მო-ის უდანაშაულობაზე, მაგრამ აღნიშნული მსჯელობა არ არის მყარი და არ ეყრდნობა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლო ყურადღებას არ ამახვილებს ბრალის ფორმულირებასა და იმაზე, რომ გ. მ-ის დანაშაული გამოვლინდა თვითიმედოვნებით განხორციელებულ რამდენიმე ქმედებაში. გ. მ-ს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ სამშობიარო სახლში იყო რემონტი, არ ჰქონდათ სათანადო საოპერაციო იარაღები, პაციენტისთვის არ ჰქონდათ ჩატარებული შესაბამისი სამედიცინო კვლევები მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, რასაც მოჰყვა კიდეც პაციენტის გარდაცვალება; შესაბამისად, მას შეცნობილი ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ვინაიდან ეს იყო მესამე საკეისრო კვეთა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას სათანადო პირობების, კვლევებისა და საოპერაციო იარაღების არარსებობის გამო, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა; მტკიცებულებების შესაბამისად, ვენა რომ ი. დ-სა და გ. მ-ის მიერ ოპერაციის კეთების დროს დაზიანდა, დგინდება იმითაც, თუ რა სურათი დახვდათ კატასტროფის ბრიგადის ექიმებს, როდესაც საოპერაციო ბლოკში შევიდნენ ც. თ-ის საკეისრო კვეთის ოპერაციაზე. კატასტროფის ბრიგადის ექიმების ჩვენებებით ნათელი ხდება, ვინ და რა დროს აღმოაჩინა დაზიანებული სისხლძარღვი; ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე ნათელი და ცხადია, რომ გ. მ-მა და ი. დ-მა ვერ აღმოაჩინეს დაზიანებული სისხლძარღვი, ვერ მიხვდნენ, თუ საიდან მოდიოდა სისხლი. მათ მხოლოდ ვარაუდის დონეზე მიაკვლიეს სისხლმდენ უბანს, ხოლო კონკრეტულად სისხლმდენი სისხლძარღვი ვერ აღმოაჩინეს; ი. დ. და გ. მ. ვალდებულნი იყვნენ, დროულად მოეხდინათ დაზიანებული სისხლძარღვის კომპრესია და ტამპონადა. მათ გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ იყო მასიური სისხლდენა და ითვალისწინებდნენ, რომ სისხლდენის შედეგად შესაძლებელი იყო პაციენტის სიკვდილი; შესაბამისად, ისინი ვალდებულნი იყვნენ, დროულად გამოეძახათ სისხლძარღვთა ქირურგი და პაციენტი არ დაიღუპებოდა.

6. კასატორი - მსჯავრდებულ ი. დ-ის ადვოკატი დ. ბ. ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ივნისის განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ ი. დ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ განაჩენი ი. დ-ის მსჯავრდების ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სააპელაციო პალატა გასცდა ბრალდების ფარგლებს და ი. დ-ს მტკიცებულებათა გარეშე, საკუთარი სუბიექტური მოსაზრებების საფუძველზე დასდო მსჯავრი მის მიერვე ფორმულირებულ ბრალდებაში, რითიც არსებითად დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები; სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით სათანადო დადასტურება ვერ ჰპოვა ი. დ-ის მიერ საქართველოს სსკ–ის 116–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენამ; შპს „---“ სამშობიარო სახლი, მასში განთავსებული სამედიცინო აპარატურა და ინვენტარი მთლიანად აკმაყოფილებდა დადგენილ ნორმებსა და სტანდარტებს; სასამართლო პროცესების დროს დადგინდა, რომ რემონტი მიმდინარეობდა საოპერაციო ბლოკიდან და პალატებიდან მეტალოპლასტმასის კარით იზოლირებულ ექიმების კაბინეტში, რომელსაც სულ სხვა შესასვლელი კარი ჰქონდა და არაფერი ჰქონდა საერთო საოპერაციო ბლოკთან. ასევე დადგინდა, რომ სამშობიარო სახლს ჰქონდა ორი სასუნთქი აპარატი, ხოლო ც. თ-ეს მშობიარობის წინ ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა; ექსპერტიზის დასკვნებითა და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ნაკლებსავარაუდოა მეანგინეკოლოგებს - გ. მ-სა და ი. დ-ს საკეისრო კვეთისა და საშვილოსნოს ექსტრიპიციისას დაეზიანებინათ მარცხენა თეძოს გარეთა ვენა, რადგან აღნიშნული ოპერაციის კეთებისას ექიმებს ამ სისხლძარღვთან შეხება არ ჰქონდათ; კატასტროფის მედიცინის ცენტრის ექიმების, მათ შორის ანგიოქირურგ ვ. ა-ის, ოპერაციაში ჩართვიდან ორი საათის შემდეგ სისხლის ნაკადმა იმატა. აღნიშნული ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ ც. თ-ის მარცხენა თეძოს გარეთა ვენა დაზიანდა ანგიოქირურგ ვ. ა-ის ოპერაციაში ჩართვის შემდგომ პერიოდში; ი. დ-სა და გ. მ-ს საკეისრო კვეთის დროს - 13.40 საათზე რომ დაეზიანებინათ ც. თ-ის მარცხენა თეძოს გარეთა ვენა, კატასტროფის ბრიგადის ექიმების ჩამოსვლამდე - 21:15 საათამდე, ე.ი. რვა საათის განმავლობაში პაციენტი 1500 მმ სისხლის გადასხმის პირობებში ვერ იცოცხლებდა; სასამართლომ არ შეაფასა კატასტროფის ცენტრის ექიმების ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები. ისინი შეგნებულად იტყუებოდნენ და განმარტავდნენ, რომ როდესაც 21.15 საათზე ჩაერთვნენ ც. თ-ის ოპერაციაში, მათ მისვლამდე ინტენსიური სისხლდენის შედეგად თითქოს პაციენტს განვითარებული ჰქონდა „დვს“ სინდრომი (სისხლის შეუდედებლობა), რაც მორიგი ტყუილია, რადგან სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გულის ღრუებსა და მსხვილ სისხლძარღვებში აღინიშნება სისხლი მცირე რაოდენობით, როგორც თხიერი, ასევე კოლტების სახით, ხოლო საშვილოსნოს ღრუში აღინიშნება სისხლი მცირე რაოდენობით, კოლტების სახით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში „დვს“ სინდრომი არ განვითარებულა; ც. თ-ის მშობიარობის ისტორია განმეორებით შეადგინა მძიმე მდგომარეობაში მყოფმა გ. მ-მა მეანგინეკოლოგ პ. ჟ-თან განხორციელებული სატელეფონო საუბრების საშუალებით. აღნიშნული ფაქტი მთლიანად დასტურდება შპს „---“ მიერ გაცემული, ი. დ-ის მობილური ტელეფონის შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ამონაწერით; ამასთან, საფუძველს მოკლებულია პროკურორის განმარტება, რომ ი. დ-მა და გ. მ-მა ვერ იპოვეს მათ მიერ დაზიანებული სისხლძარღვი, რაც გამოწვეული იყო თვითიმედოვნებით, ვინაიდან მათ საერთოდ არ დაუზიანებიათ სისხლძარღვი და, შესაბამისად, ვერც იპოვიდნენ; საშვილოსნოს ამოკვეთის ოპერაცია დაიწყო დაახლოებით 15:30 საათზე, დასრულდა დაახლოებით 16:50 საათზე, ხოლო საქმის არსებითი განხილვის დროს, 2014 წლის 22 ოქტომბერს, მოწმის სახით დაკითხულმა მ. კ-მა დაადასტურა, რომ 2014 წლის 4 სექტემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ლ. ლ-ას მობილურ ტელეფონზე ი. დ-მა დაურეკა გ. მ-ის ტელეფონით და სთხოვა კატასტროფის ცენტრის ექიმების დახმარება. მ. კ-ის ჩვენებით, მას, მართალია, დარეკილი ჰქონდა შპს “---“ სამორიგეო ნაწილში, მაგრამ აუცილებელი იყო სამორიგეო ნაწილშიც ოფიციალურად დაფიქსირებულიყო გამოძახება, რისთვისაც ექიმებს მისცა მედიცინის ცენტრის სამორიგეო ნაწილის ტელეფონი, სადაც ი. დ-ის ექიმებმა დარეკეს 17:51 საათზე, ხოლო ამასობაში ი. დ. ეძებდა ბრიგადის შემადგენლობას, შესაბამისად, კატასტროფის ბრიგადის დაგვიანებით გამოძახებაზე საუბარიც უსაფუძვლოა.

7. გამართლებული გ. მ. არ დაეთანხმა პროკურორის საკასაციო საჩივარს და წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის უცვლელად დატოვება მისი გამართლების ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორ ი. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ ი. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. პირველ ყოვლისა, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ი. დ-სა და გ. მ-თვის წარდგენილი ბრალდების შინაარსზე და მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით გათვალისწინებული სიცოცხლის მოსპობა - გაუფრთხილებლობითი დანაშაულია. მისი ჯგუფურად ჩადენა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული არ არის. ბრალდებაში არ არის გამოყოფილი, კონკრეტულად რას ედავება სახელმწიფო თითოეულ ბრალდებულს, რაში გამოიხატა თითოეული მათგანის ქმედება და რა კავშირშია თითოეული მათგანის მოქმედება/უმოქმედობა დამდგარ შედეგთან. ბრალდების ფორმულირებიდან გამომდინარე, სასამართლოს რჩება შთაბეჭდილება, რომ პროკურორი მათ გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჯგუფურად ჩადენას ედავება, რაც სცილდება სისხლის სამართლის კანონმდებლობას.

3. ბრალდების მხარემ პროცესზე ზეპირსიტყვიერად განმარტა, რომ წინდახედულების ნორმების დარღვევა გამოიხატა შემდეგში: სამშობიაროში არ იყო შესაბამისი პირობები, არ ჰქონდათ საჭირო ინსტრუმენტები, არ იყო საკმარისი რაოდენობის სისხლი, არსებობდა სასუნთქი აპარატის ტექნიკური წუნი, არ იყო კოორდინაცია სხვა პროფილის ექიმებთან, არ იყო ჩატარებული შესაბამისი წინასწარი კვლევები, რაც სააპელაციო პალატამაც გაიზიარა და მიიჩნია, რომ ყველა ამ ნიუანსის გათვალისწინების შემთხვევაში სავალალო შედეგი არ დადგებოდა, რაც ი. დ-ს, თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეეძლო გაეთვალისწინებინა და ევალებოდა კიდეც, მაშინ, როცა ბრალდების შესახებ დადგენილებაში ამ გარემოებებზე საერთოდ არ არის მითითებული.

4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია ბრალდებულის უფლება, ინფორმირებული იყოს წარდგენილი ბრალდების არსისა და საფუძვლების შესახებ, რაც მის მიერ დაცვის ჯეროვანი განხორციელების მიზანს ემსახურება. ,,{...} ბრალდებული ნებისმიერ შემთხვევაში უზრუნველყოფილ უნდა იქნეს საკმარისი ინფორმაციით, რაც საჭიროა მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდების სრულად აღსაქმელად შესაბამისი დაცვის მოსამზადებლად {...} რაც შეეხება ბრალდებაში ცვლილებების შეტანას, მათ შორის ბრალდების ,,საფუძვლის“ შეცვლას, ბრალდებული სათანადოდ და სრულად უნდა იყოს ინფორმირებული აღნიშნულის თაობაზე და მას საკმარისი დრო და შესაძლებლობა უნდა მიეცეს იმისათვის, რომ აღნიშნულ ცვლილებებზე სათანადო რეაგირება მოახდინოს და დაცვა ახალი ინფორმაციის ან ბრალდების საფუძველზე ააგოს.“[1] სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმეებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციისთვის დაცვის მხარისთვის დეტალურად იყოს ცნობილი მისთვის წარდგენილი ბრალდების არსი და საფუძველი.[2]

5. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თუ ბრალდებით განსაზღვრულ გარემოებებსა და სასამართლოში დადგენილ ფაქტებს შორის არ არის თანხვერდა, ეს აპრიორი არ გამორიცხავს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, მაგრამ არ შეიძლება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა იმ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებიდან გადახრით ბრალდების საგანს ემატება ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რამაც შესაძლოა, ხელყოს ბრალდებულის ფუნდამენტური უფლება - ჯეროვნად დაიცვას თავი წარდგენილი ბრალდებისგან.

6. ი. დ-სა და გ. მ-ს, წარდგენილი ბრალდებიდან გამომდინარე, უნდა ემტკიცებინათ ის ფაქტი, რომ საკეისრო კვეთისას არ დაუზიანებიათ პაციენტის თეძოს ვენა, შესაბამისად, არც ვალდებულება წარმოშობიათ მისი დროულად აღმოჩენისა და, ასევე, არ დაუგვიანიათ დამხმარე ბრიგადის გამოძახება. სასამართლო პროცესზე კი, ბრალმდებლის ზეპირსიტყვიერი განცხადებებიდან გამომდინარე, ისინი იძულებულნი გახდნენ, ემტკიცებინათ დამატებით სხვა მრავალი გარემოება, რაც უშუალო გავლენას ახდენდა მათ ბრალეულობაზე და გახდა კიდეც ი. დ-ის მსჯავრდების საფუძველი. კერძოდ: ის, რომ სამშობიაროში იყო სათანადო პირობები, ინსტრუმენტები, ჩატარებული იყო წინასწარი კვლევები და ა.შ., რაც საკასაციო პალატას შეუთავსებლად მიაჩნია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პარაგრაფის ა) და ბ) ქვეპუნქტებით დაცულ გარანტიებთან.

7. თუმცა, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა შეფასების გარეშე არ დატოვებს ბრალმდებლის მიერ პროცესზე განმარტებული/დაზუსტებული ბრალის არცერთ მონაკვეთს, რაც, თავის მხრივ, აისახა გასაჩივრებულ განაჩენშიც და საფუძვლად დაედო ი. დ-ის მსჯავრდებას და მიაჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურება ვერ ჰპოვა გ. მ-სა და ი. დ-თვის წარდგენილმა ბრალდებამ ვერც ერთ ნაწილში, კერძოდ:

8. მოწმე მ. ჯ-ის ჩვენებით დგინდება, რომ იყო ექთანი შპს ”---” სამშობიარო სახლში და 2013 წლის 4 სექტემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. 13:00 საათზე დაიწყო პაციენტ ც. თ-ის საკეისრო კვეთა. საკეისრო კვეთის შედეგად ამოიყვანეს ახალშობილი, რის შემდეგაც დაიწყო საშვილოსნოს გაკერვა. საშვილოსნოს პირველი შრის კერვისას, საკეისრო კვეთის დაწყებიდან დაახლოებით 15 წუთში, სასუნთქი აპარატის ფუნქციონირებისას, გამოვლინდა ხარვეზი და ვინაიდან ი. დ-მა იცოდა მისი შეკეთება, ანესთეზიოლოგმა სთხოვა დახმარება, რის გამოც ი. დ. გამოეთიშა ოპერაციას, გადართო სასუნთქი აპარატი და დაახლოებით 10-15 წუთში დაბრუნდა საოპერაციო მაგიდასთან. ამ მომენტისათვის გ. მ. პაციენტს მუცელზე ნაკერებს ადებდა. ი. დ-ის დაბრუნების შემდეგ, მუცელზე ნაკერების დადებისას, მუცლის წინა კედლის მარცხენა მხრიდან გამოვლინდა სისხლის გაჟონვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. მ-მა უთხრა ი. დ-ს, რომ დაეთვალიერებინათ მუცლის ღრუ, რის გამოც კვლავ გაიხსნა მუცლის ღრუ და დაიწყეს მისი დათვალიერება. ამ დროს მას მოსთხოვეს მომჭერის მიწოდება სისხლდენის დასაფიქსირებლად. მომჭერის დადების შემდეგ სისხლდენა შეჩერდა, მაგრამ ნაკერის დადებისა და მომჭერის მოხსნის შემდეგ სისხლდენა სხვა ადგილიდან დაიწყო. ამ დროისათვის, იგი არ იყო ძლიერი და ატარებდა ზედაპირულ ხასიათს, ანუ ჩანდა სისხლდენის წყარო. ვინაიდან ვერ ხერხდებოდა სისხლდენის შეჩერება, გ. მ-მა მიიღო გადაწყვეტილება, გამოეძახებინათ ქირურგი - ნოდარ ლათიბაშვილი, რათა ამ უკანასკნელს აღმოეჩინა დახმარება. ნ. ლ. დაახლოებით 30 წუთის შემდეგ მოვიდა საოპერაციო ბლოკში და ჩაერთო ოპერაციაში. ნ. ლ-ის მოსვლის შემდეგ ი. დ. გამოეთიშა ოპერაციას. სწორედ ნ. ლ-ის მოსვლიდან დაახლოებით 30 წუთიდან - 1 საათის ინტერვალში მიღებულ იქნა საშვილოსნოს ამოკვეთის გადაწყვეტილება. ამოკვეთილი საშვილოსნო მოთავსდა საოპერაციო ბლოკში არსებულ სპეციალურ ურნაში. ვინაიდან, სისხლდენა ვერ შეჩერდა, გამოიძახეს კატასტროფის ბრიგადა. გამოძახება განხორციელდა დაახლოებით 16:00 საათის შემდეგ, თუმცა ზუსტად რა დროს, არ იცის. კატასტროფის ბრიგადა მოვიდა 21:00 საათის შემდეგ. კატასტროფის ბრიგადის წევრებს არანაირი ხელსაწყოები არ მოუტანიათ, მათ ნ. ლ-ს სთხოვეს გარკვეული იარაღები, თუმცა სამედიცინო ძაფის მოტანა არავის უთხოვია. კატასტროფის ბრიგადის მოსვლის შემდეგ მან დაურეკა მ. ჯ-ს და სთხოვა მოსვლა, რომელიც ასევე ჩაერთო ოპერაციაში და ასრულებდა მედდის მოვალეობას. ოპერაციის დროს არ მოუსმენია და არ გაუგია კატასტროფის ბრიგადის ექიმებისაგან, რომ დაზიანებული იყო თეძოს გარეთა ვენა, ასეთი რამ რომ ეთქვათ ხმამაღლა, აუცილებლად გაიგებდა. კატასტროფის ბრიგადის წევრები კონკრეტულად რა მანიპულაციებს ახორციელებდნენ, არ იცის, თუმცა მოისმინა, რომ ახსენებდნენ ვარიკოზულ ვენებს.

9. მოწმე ნ. გ-ის ჩვენებით დგინდება, რომ არის ექიმ-ანესთეზიოლოგი, ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება შპს ”---” სამშობიარო სახლთან და საჭიროების შემთხვევაში ასრულებდა ანესთეზიოლოგის მოვალეობას. 2013 წლის 4 სექტემბერს მას დაუკავშირდა ი. დ. და უთხრა, რომ უნდა ჩაეტარებინათ გეგმიური საკეისრო კვეთა და საჭირო იყო მისი მონაწილეობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოცხადდა შპს ”---” სამშობიარო სახლში, ოპერაციის დაწყებამდე გაესაუბრა პაციენტ ც. თ-ეს და მისგან აიღო ანამნეზი. ოპერაციის დაწყებიდან 5-6 წუთში ამოყვანილ იქნა ახალშობილი, რის შემდეგაც ი. დ-მა დაამუშავა საშვილოსნოს ღრუ. საშვილოსნოს შრეების დახურვისას, ოპერაციის დაწყებიდან დაახლოებით 25-30 წუთის შემდეგ, ”--” ტიპის ანესთეზიის აპარატს, რომლითაც მიმდინარეობდა მუშაობა, შეექმნა პრობლემები, კერძოდ, ცვლიდა სუნთქვის მოცულობას. ვინაიდან იმავე საოპერაციო ბლოკში ასევე იყო მეორე - ”---“ტიპის ანესთეზიის აპარატი, მან სთხოვა ი. დ-ს, აპარატი შეეცვალა. მართალია, აღნიშნული მის ფუნქციაში შედიოდა, მაგრამ ვინაიდან აპარატის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ მან პაციენტი გადაიყვანა ხელოვნურ, მექანიკურ მართვით სუნთქვაზე, იგი პაციენტს ვერ მიატოვებდა. ი. დ-მა დატოვა საოპერაციო ბლოკი, რის შემდეგაც გ. მ-მა განაგრძო ოპერაცია, რომელსაც ასისტენტობას უწევდა მედდა - მ. ჯ.. გ. მ-მა შეასრულა საშვილოსნოს შრეობრივად დახურვა, მუცლის ღრუს რევიზია და დაიწყო მუცლის კედლის აღდგენა, კერძოდ, მიმდინარეობდა პერიტორიუმის გაკერვა, რა დროსაც შემჩნეულ იქნა სისხლიანი გამონაჟონი. ამ დროისათვის ი. დ. უკვე დაბრუნებული იყო საოპერაციო ბლოკში. სისხლიანი გამონაჟონის გამო, გადაწყდა გახსნილიყო პერიტორიუმი, რის შემდეგაც გ. მ-მა და ი. დ-მა დაათვალიერეს მენჯის ღრუ, რა დროსაც დადგინდა, რომ მენჯის ღრუს მარცხენა მხარეს, უკანა ზედაპირიდან იყო სისხლიანი გამონაჟონი. ექიმების საუბრიდან გამომდინარე, სახეზე იყო სისხლიანი გამონაჟონი, სისხლი მოდიოდა ქსოვილებიდან, იგი არ იყო ინტენსიური ხასიათის და მომჭერის დადებისას ჩერდებოდა, მაგრამ ნაკერის დადებისას სისხლდენა იწყებოდა სხვა ადგილიდან. აღნიშნული მანიპულაციები ხორციელდებოდა საოპერაციო ბლოკში არსებული იარაღების გამოყენებით. მართალია, სისხლდენა იყო უმნიშვნელო, მაგრამ ვერ ხერხდებოდა რა მისი შეჩერება, საჭიროდ ჩათვალეს, დახმარების მიზნით გამოეძახებინათ ნ. ლ., ვინაიდან იგი არის საკმაოდ გამოცდილი ქირურგ-ოპერატორი. ნ. ლ. საოპერაციო ბლოკში გამოცხადდა დაახლოებით 14:30-დან 15:00 საათამდე დროის შუალედში. ნ. ლ-ის მოსვლის შემდეგ კვლავ ცდილობდნენ, მომჭერების გამოყენებით შეეჩერებინათ სისხლდენა, მაგრამ ეს შეუძლებელი გახდა. ამასთან, როგორც მათი საუბრიდან გამომდინარე გახდა ცნობილი, სისხლმდენ უბანთან უკეთ მუშაობის მიზნით, ერთობლივად გადაწყვიტეს საშვილოსნოს ამპუტაცია. კონკრეტულად ვინ განახორციელა ამპუტაცია, არ იცის. საშვილოსნოს ამპუტაციისას მომჭერი იყო დადებული და საშვილოსნოდან სისხლდენა შეჩერებული იყო, მაგრამ მისი ამპუტაციის შემდეგ მოიმატა სისხლდენამ და იგი გახდა ინტენსიური. თუმცა, მიუხედავად ამისა, აპარატზე სისხლნაკლებობა არ აღინიშნებოდა. საშვილოსნოს ამპუტაციის მიმდინარეობისას დაუკავშირდნენ კატასტროფის ბრიგადის წევრებს. სატელეფონო საუბარი განხორციელდა რეანიმატოლოგ მ. კ-თან, ასევე - გინეკოლოგ პ. ჟ-თან. უშუალოდ გ. მ. ესაუბრებოდა აღნიშნულ პირებს, უთითებდა, რომ მენჯის ღრუს მარცხენა უკანა მხრიდან, უკანა კედლიდან მოდიოდა სისხლი. აღნიშნულ პირთა რეკომენდაციით მოახდინეს აორტაზე ზეწოლა და კომპრესია, ასევე - დატამპონება, მაგრამ სისხლდენის შეჩერება ვერ ხერხდებოდა. ამ დროს ტრანსფუზიოლოგი იყო ადგილზე და ხორციელდებოდა სისხლის გადასხმა, ეტაპობრივად გადაისხა 1500-1600 მმ სისხლი. კატასტროფის ბრიგადის გამოძახების მომენტისათვის, აპარატებზე ასახული მონაცემების მიხედვით, იყო ნორმალური მდგომარეობა. მათი ჩამოსვლის მომენტისთვისაც სტაბილური მონაცემები იყო შენარჩუნებული - სისხლის ჟანგბადით გაჯერება იყო ნორმის ფარგლებში, ნორმის ფარგლებში იყო ასევე წნევისა და პულსის მონაცემები. კატასტროფის ბრიგადის მოსვლის შემდეგ, საწყისს ეტაპზე, აპარატებზე ცვლილებები არ ფიქსირდებოდა. კონკრეტულად, რა რაოდენობის სისხლი იქნა დაკარგული კატასტროფის ბრიგადის მოსვლამდე, ვერ იტყვის, რადგან დოლბანდები იყო გაჟღენთილი სისხლით, თუმცა, დიდი მოცულობით რომ დაკარგულიყო სისხლი, მიუხედავად იმისა, რა რაოდენობის სისხლი იქნებოდა გადასხმული, ეს აუცილებლად აისახებოდა აპარატის მონაცემებზე, მაგრამ აპარატზე რაიმე სახის ცვლილება არ ასახულა. კატასტროფის ბრიგადის ჩამოსვლის შემდეგ დამონტაჟდა სისხლის ამქაჩი და ოპერაციის მიმდინარეობისას ამოღებული იყო დაახლოებით 7 ლიტრი სისხლი. როგორც ადგილობრივი, ასევე ჩამოსული ექიმების საუბრიდან გამომდინარე, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ვინაიდან იყო მესამე საკეისრო კვეთა, ვენური წნულები იყო საკმაოდ გაფართოებული და ეს იყო თავდაპირველი სისხლდენის მიზეზი. კატასტროფის ბრიგადის ჩამოსვლის შემდეგ იგი კვლავ მონაწილეობდა ოპერაციაში, შესაბამისად, იყო საოპერაციო მაგიდასთან ახლოს და ესმოდა ექიმების საუბარი. ამ დროს მას არ მოუსმენია, რომ კატასტროფის ექიმებს ი. დ-სა და გ. მ-თვის ეთქვათ, რომ მათ გადაჭრეს ვენა. სამშობიაროს ის ნაწილი, სადაც მიმდინარეობდა ოპერაცია, მზად იყო პაციენტის მისაღებად. მას არ გაუგია, რომ კატასტროფის ბრიგადის წევრებს მოეთხოვათ ამოკვეთილი საშვილოსნოს დათვალიერება. ასევე, არ შეუმჩნევია, რომ კატასტროფის ბრიგადის ექიმებს გამოეყენებინათ რაიმე განსხვავებული სახის სამედიცინო ინსტრუმენტები.

10. მოწმე თ. ბ-ის ჩვენებით დგინდება, რომ არის ნეონატოლოგი და მუშაობდა შპს ”---” სამშობიარო კლინიკაში. 2013 წლის 4 სექტემბერსაც იმყოფებოდა აღნიშნულ სამშობიარო სახლში და ასრულებდა ნეონატოლოგის ფუნქციას. პაციენტ ც. თ-ის საკეისრო კვეთის ოპერაცია დაიწყო 13:00 საათზე. ოპერაცია, სავარაუდოდ, დაიწყო ი. დ-მა, რადგან სწორედ მისგან მიიღო ახალშობილი, რომლის ამოყვანა მოხდა ოპერაციის დაწყებიდან 5-7 წუთში. ამის შემდეგ მან ახალშობილი გადაიყვანა საოპერაციო ბლოკში არსებულ მაგიდაზე და განახორციელა პირველადი მანიპულაციები და დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ გაიყვანა საოპერაციო ბლოკიდან ახალშობილთათვის განკუთვნილ ოთახში. ოპერაციის დაწყებიდან დაახლოებით 1 საათსა და 15 წუთში გ. მ-მა დაუძახა მას და განუმარტა, რომ სჭირდებოდა ქირურგ ნ. ლ-ის დახმარება და სთხოვა მისი მანქანით მოყვანა. იგი დაუყოვნებლივ გაემართა კლინიკა ”---”, სადაც მუშაობდა ნ. ლ. და დაახლოებით 10 წუთში უკვე იმყოფებოდა მასთან, თუმცა, ვინაიდან ნ. ლ. დაკავებული იყო თავისი პაციენტით, დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში ელოდებოდა მას, რის შემდეგაც უშუალოდ მან მიიყვანა ნ. ლ. შპს ”---” სამშობიარო სახლში. მათი მისვლის მომენტისათვის იქნებოდა დაახლოებით 14:30-დან 14:45 საათამდე პერიოდი. მას შემდეგ, რაც ნ. ლ. ჩაერთო ოპერაციაში, საჭირო გახდა სპეციალური - ”---” ტიპის საოპერაციო ძაფი, რაც საჭიროა წვრილ სისხლძარღვებზე მუშაობისას და მის მოსატანად კვლავ გააგზავნეს კლინიკა ”----”. სწორედ იქ ყოფნის დროს მას კვლავ დაუკავშირდა გ. მ. და სთხოვა დაკავშირებოდა მის ნაცნობს - პ. ჟ-ს და გაეგო, შეძლებდა თუ არა ჩამოსვლასა და დახმარებას, რადგან ჰქონდა რთული შემთხვევა. იგი მართლაც დაუკავშირდა პ. ჟ-ს და უთხრა, რომ გ. მ-ს აინტერესებდა, შეძლებდა თუ არა ქალაქ წ. ჩამოსვლას ანგიოქირურგთან ერთად და დახმარებას. გ. მ-გან მიწოდებული ინფორმაციით, ანგიოქირურგი ესაჭიროებოდათ სისხლდენიდან გამომდინარე, რომელიც მოდიოდა მუცლის ღრუდან და ვერ ხერხდებოდა სისხლდენის წყაროს დადგენა. სატელეფონო საუბრისას პ. ჟ-მა მას უთხრა, რომ მოძებნიდა ანგიოქირურგს და კატასტროფის ბრიგადის ოფიციალური გამოძახების შემდეგ წამოვიდოდნენ. აღნიშნული სატელეფონო კომუნიკაცია პ. ჟ-თან შედგა დაახლოებით, 17:00 საათზე, 15 წუთით ადრე, ან გვიან. ეს ფაქტი მოხდა საშვილოსნოს ამპუტაციის შემდეგ, რადგან ”---” სწორედ ამის შემდეგ დასჭირდათ. როდესაც იგი დაბრუნდა კლინიკა ”---” და შევიდა საოპერაციო ბლოკში, მან გ. მ-ს უთხრა, რომ პ. ჟ. შეძლებდა ანგიოქირურგთან ერთად ჩამოსვლას, თუ ისინი დააფიქსირებდნენ გამოძახებას კატასტროფის ცენტრში. მას არ გაუგია, რომ ოპერაციის მსვლელობის დროს კატასტროფის ბრიგადის წევრებს დამატებით რაიმე ინსტრუმენტები მოეთხოვათ. მას კატასტროფის ბრიგადის წევრებისაგან ასევე არ მოუსმენია, ეთქვათ, რომ თეძოს გარეთა ვენა იყო დაზიანებული. რასაც ამბობდნენ და რაც ახსოვს, იყო შემდეგი - ”ასეთი ვარიკოზული ვენები არ გვინახავს”. ექიმის მიერ მიყენებულ დაზიანებაზე საუბარი არ ყოფილა. მისი შეხედულებით, სამშობიარო მომზადებული იყო პაციენტის მისაღებად. ოპერაციის ყურება შესაძლებელი იქნებოდა, თუ ვინმე ავიდოდა საოპერაციო ოთახის გვერდით, ეზოში მდგარ ხეზე, თუმცა ეს მხოლოდ თეორიულად იყო შესაძლებელი. მაგრამ ამ შემთხვევაშიც შესაძლებელი იყო მხოლოდ დაენახათ, თუ რა ხდებოდა საოპერაციოში, ხოლო მოსმენით ვერაფერს მოისმენდნენ, რადგან ფანჯარა წესით დახურული უნდა ყოფილიყო. იგი ასევე არ შესწრებია ფაქტს, რომ ოპერაციის დროს საშვილოსნო სადმე გადაეგდოთ.

11. მოწმე ფ. ა-ის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს შპს “---” და არის ტრანსფუზიოლოგი. 2013 წლის 4 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათის შემდეგ, მივიდა შპს ”---” სამშობიარო სახლში, ვინაიდან ანესთეზიოლოგმა ნ. გ-მა გამოიძახა, რომელმაც განუმარტა, რომ მიმდინარეობდა ოპერაცია და შესაძლებელია, საჭირო გამხდარიყო სისხლის გადასხმა. სამშობიარო სახლში მისვლისას უთხრეს, რომ მოეძებნა დონორები და თუ საჭირო გახდებოდა, პაციენტისათვის უნდა გადაესხა სისხლი. რამდენიმე დონორის გასინჯვის შემდეგ იმავე სამშობიარო სახლის პირველ სართულზე არსებულ ლაბორატორიაში იღებდნენ სისხლს. ლაბორატორიის მდგომარეობა, სადაც იგი მუშაობდა, იყო დამაკმაყოფილებელი, იგი აღჭურვილი იყო ყველა შესაბამისი აპარატურითა და ინვენტარით. სისხლის აღება ხდებოდა შესაბამის მინის ბოთლებში, რომლებიც მას მისცა ი. დ-მა. შესაბამისი ჯგუფის სისხლის შერჩევას და დონორებისაგან მიღებას დასჭირდა დაახლოებით 1 საათი და სადღაც 17:10 წუთისთვის მიაწოდა სისხლი ექიმებს. დონორებისგან აიღო დაახლოებით 1500 მმ სისხლი. ამდენად, მან ოპერაციის მწარმოებელი ექიმებისათვის სისხლის მიწოდება დაიწყო დაახლოებით 17:00 საათიდან და გრძელდებოდა კატასტროფის ბრიგადის მოსვლამდე, დაახლოებით 21:00 საათამდე. ამასთან, მან მოითხოვა კატასტროფის ბრიგადას წამოეღო პლაზმა და სისხლის ბანკიდან -შესაბამისი სისხლი, რადგან, დონორისგან აღებულ სისხლთან შედარებით, უკეთესი იქნებოდა სისხლის ბანკში არსებული, დამუშავებული სისხლის გადასხმა. მისივე განმარტებით, კატასტროფის ბრიგადის ჩამოსვლის შემდეგ უფრო დიდი ოდენობით გადაუსხეს პაციენტს სისხლი.

12. მოწმე გ. ნ-ის ჩვენებით დგინდება, რომ იგი არის ექიმ - ქირურგი 32 წლის სტაჟით და მუშაობს შპს ---”. 2013 წლის 4 სექტემბერს, დაახლოებით 17:00 საათის შემდეგ, პირადი საქმის გამო, გ. მ-ის სანახავად მივიდა შპს ,,---” სამშობიარო სახლში. ვინაიდან განუმარტეს, რომ ბატონი გ. აკეთებდა ოპერაციას, ჩაიცვა შესაბამისი ხალათი და შევიდა საოპერაციო ბლოკში, სადაც მას დახვდნენ ი. დ. და გ. მ.. მის კითხვაზე, თუ რა ხდებოდა, გ. მ-მა და ი. დ-მა უპასუხეს, რომ ჩაატარეს საკეისრო კვეთა, მაგრამ, რადგან იყო მცირე სისხლდენა, არ ხურავდნენ ჭრილობას და გამოძახებული ჰყავდათ კატასტროფის ბრიგადა. თავადაც ნახა, რომ ჭრილობა იყო დატამპონებული, თუმცა, როგორც ექიმებმა განუმარტეს, ტამპონის აღების შემდეგ სისხლი იწყებდა ჟონვას. მან ურჩია კიდევაც დატამპონებული მუცლის ღრუ დაეხურათ, რაზედაც უპასუხეს, რომ რადგან გამოძახებული ჰყავდათ კატასტროფის ბრიგადა, ელოდებოდნენ მათ. ამ საუბრის შემდეგ მან მეუღლე წამოიყვანა სახლში და მოგვიანებით, საკუთარი ინიციტივით, დაბრუნდა სამშობიარო სახლში. დაახლოებით 21:00 საათზე მოვიდა კატასტროფის ბრიგადა. ისინი მოსვლისთანავე ჩაერთვნენ ოპერაციაში, მათ ასევე ეხმარებოდათ ადგილობრივი ქირურგი - ნ. ლ.. კატასტროფის ბრიგადას რაიმე დამატებითი სამედიცინო ინსტრუმენტები არ ჰქონიათ და იყენებდნენ საოპერაციო ბლოკში არსებულ სამედიცინო იარაღებს. მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა მუშაობა, დამონტაჟებული იყო სისხლის ამქაჩი, რომელსაც დაახლოებით 2 საათის შემდეგ შეეტყო, რომ სისხლის ნაკადმა იმატა. ამ დროს კატასტროფის ბრიგადის ექიმებმა იკითხეს, ხომ არ არის ვინმე, ვინც დაგვეხმარება, რაზედაც მან, როგორც ქირურგმა, განაცხადა თანხმობა, მოწესრიგდა და ჩაერთო ოპერაციაში. სისხლი ჭრილობაში საკმაო მოცულობით იყო, შესაბამისად, ჭირდა სისხლდენის კერის დადგენა, რადგან სისხლდენის არე დაფარული იყო სისხლით, რის გამოც ხდებოდა სისხლის ამოშრობა. მიმდინარეობდა კვანძების დადება, თუმცა სისხლდენა არ ჩერდებოდა. ოპერაციაში ჩართვის შემდეგ თვალში საცემ ანატომიურ ცვლილებას წარმოადგენდა სისხლძარღვთა ვარიკოზული გაგანიერება გარკვეულ უბანზე. ვარიკოზისათვის ასევე დამახასიათებელია შემდეგი ცვლილება, კერძოდ, სისხლძარღვის ერთი დაზიანება იწვევს სხვა დაზიანებებსაც. სწორედ ამ უბნიდან ხდებოდა დუნე, მაგრამ საკმაო მოცულობით სისხლდენა. მისი ოპერაციაში ჩართვიდან გარკვეული დროის - ალბათ, 1 საათისა და 30 წუთის შემდეგ დასვა კითხვა, თუ რატომ ვერ ხერხდებოდა სისხლდენის შეჩერება, ხომ არ სჯობდა ცენტრალური მაგისტრალური ვენა ან არტერია ”აეღოთ” და ასე შეეჩერებინათ სისხლდენა, რაზედაც მათ უპასუხეს, რომ, ალბათ, უკვე სისხლის შეუდედებლობა იყო დაწყებული და აზრი არ ჰქონდა ამის გაკეთებას. მან კი უპასუხა, თუ სისხლის შეუდედებლობა იყო დაწყებული, საერთოდ აზრს კარგავდა ნებისმიერი სახის მანიპულაცია, რის შემდეგაც იგი მალევე გამოეთიშა ოპერაციას. სწორედ ამ საუბრის შემდეგ გადაწყდა, ჩატარებულიყო ანალიზი სისხლის შედედებასთან დაკავშირებით. მანამდე, მისი იქ ყოფნის პერიოდში, ასეთი სახის ანალიზი არ ჩატარებულა. გამოსვლისას მან პაციენტის ახლობლებსაც უთხრა, რომ იყო სისხლის შეუდედებლობა. ოპერაციის დროს და მისი იქ ყოფნისას საუბარი არ ყოფილა მარცხენა თეძოს ვენის დაზიანებაზე.

13. მოწმე ბ. თ-ის ჩვენებით დგინდება, რომ ც. თ. იყო მისი მეუღლე. ორსულობის ბოლო ეტაპზე დანიშნეს საკეისრო კვეთა. დათქმულ დღეს მივიდნენ საავადმყოფოში, სადაც მიმდინარეობდა რემონტი. იკითხეს, რა ხდებოდა და მშობიარობის ოპერაცია დაინიშნებოდა თუ არა, რაზედაც უპასუხეს, რომ სამშობიარო ბლოკი ნორმალურ მდგომარეობაში იყო და არავითარი პრობლემა არ იქნებოდა. ოპერაციის წინ მის მეუღლეს აუღეს ანალიზები და უთხრეს, რომ ყველაფერი რიგზე იყო. ოპერაცია დაიწყო დაახლოებით 13:00 საათზე, ზუსტი დრო არ ახსოვს. ნახევარი საათის შემდეგ გამოვიდა ექიმი ან მედდა და უთხრა, რომ გოგო გაგიჩნდათო. ასევე უთხრეს, რომ მეუღლეც კარგად იყო. გავიდა ნახევარი საათი, მაგრამ არავინ არაფერს ეუბნებოდა, უთხრეს მხოლოდ, რომ პაციენტი იყო ნარკოზის ქვეშ და ელოდებოდნენ გამოსვლას. ამის შემდეგ, დაახლოებით 20-30 წუთის შემდეგ, გამოვიდა ექთანი, რომელმაც აუხსნა, რომ ყველაფერი კარგად იყო, თუმცა ნაკერიდან აქვს მცირე სისხლდენაო. გარკვეული დროის შემდეგ ი. დ. გამოვიდა და უთხრა, დაიძაბა სიტუაციაო. სისხლის დენა დაეწყოო, უნდა გავჭრათ მეორედო, თუმცა არწმუნებდა, რომ არაფერი სახიფათო არ იყო. ამ დროს შენიშნა, მოიყვანეს სხვა ექიმიც. დაახლოებით 2-3 საათის შემდეგ გამოვიდა ი. დ. და უთხრა, ძალიან სერიოზული პრობლემაა, გართულდა ყველაფერი და საშვილოსნო უნდა ამოვაჭრათო. თავიდან უარი უთხრა, მაგრამ შემდეგ ი. დ-მა განუმარტა, რომ თუ საშვილოსნოს არ ამოჭრიდნენ, პაციენტი გარდაიცვლებოდა, რის გამოც მან განაცხადა თანხმობა. მოგვიანებით დაინახა, თუ როგორ გადააგდეს ნაგავში ამოჭრილი საშვილოსნო. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ უთხრეს, რომ რეანომობილი იყო გამოძახებული და მოდიოდა. რეანომობილი საკმაოდ გვიან ჩამოვიდა, ჩამოსული ექიმები შევიდნენ სასწრაფოდ საოპერაციოში. კატასტროფის ბრიგადის ექიმებმა უთხრეს, ამ მხარეზე რატომ გაჭერით, რა გინდოდათო, ”ჩვენ მაგ ადგილას არ გაგვიჭრიაო” – იყო ექიმების პასუხი. ამ საუბრის შემდეგ საოპერაციო ბლოკში შეიტანეს გადაგდებული საშვილოსნო. ოპერაციას უკვე ჩამოსული ექიმები აგრძელებდნენ. რამდენ ხანს აკეთებდა კატასტროფის ბრიგადა ოპერაციას, არ ახსოვს.

14. მოწმე ც. ბ-ის ჩვენებით დგინდება, რომ ც. თ. იყო მისი და. დისგან იცოდა, რომ მესამე ორსულობის დროს კონსულტაციაზე დადიოდა ი. დ-სა და გ. მ-თან. ორსულობის პერიოდში ყველა პროცედურა ჰქონდა ჩატარებული, ანალიზებიც ჰქონდა აღებული, სრულიად ჯანმრთელი იყო, არანაირი პრობლემა არ ჰქონია. საკეისრო კვეთის შესახებ გადაწყვეტილება ც. თ-ემ მიიღო. ოპერაციის დღეს მივიდნენ საავადმყოფოში, რა დროსაც ნახეს, რომ სამშობიაროში მიმდინარეობდა რემონტი. ი. დ-მა ც. თ-ეს უთხრა, რომ გასინჯავდა, აიღებდა ანალიზებს და თუ რაიმე პრობლემა არ იქნებოდა, მეორე დღეს გაუკეთებდა ოპერაციას. ანალიზებმა დადებითი პასუხი აჩვენა, რის გამოც იმავე დღეს დანიშნეს ოპერაცია. ოპერაცია დაიწყო 12 საათიდან. ნახევარი საათის შემდეგ ი. დ-მა აცნობა ბავშვის დაბადება. რამდენიმე ხანში კვლავ შეხვდათ ი. დ., რომელმაც უპასუხა, რომ პაციენტი იყო კარგად, გადაკეტილი ჰქონდათ ვენა და ელოდებოდნენ სისხლის შედედებას. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ი. -მა უთხრა, საშვილოსნო დაზიანებულია და არის პრობლემები, რის გამოც უნდა მოხდეს მისი ამოჭრაო, რაზედაც ბ-მა უარი განაცხადა, ხოლო ი. დ-მა კი უპასუხა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პაციენტი დაიღუპებოდა. ამის შემდეგ ბ-მა განაცხადა თანხმობა. ექთანი გამოვიდა და თქვა, სისხლი გვჭირდებაო. დარეკეს სასწრაფოდ სოფელ ე-ში. ყველა იქ ამოვიდა, ვისაც შეეძლო, გაიკეთეს სინჯი, მინის ბოთლიც არ ჰქონდათ, რომ სისხლი აეღოთ. არანაირი ბინტი არ ჰქონდათ. როგორც ახსოვს, თხუთმეტი ადამიანისაგან აიღეს სისხლი. საშვილოსნოს ამოჭრის შემდეგ დაინახა, თუ როგორ გამოიტანა ექთანმა საშვილოსნო, რომელიც პოლიეთილენის პარკში იყო გახვეული და გადააგდო ნაგავში. მოგვიანებით უთხრეს, რომ რეანომობილი გამოძახებული იყო და სთხოვეს ”მარშრუტკა” მიეყვანათ ფანჯარასთან, რადგან ქარიშხალია გამოცხადებული და აკუმულატორის შუქი გვჭირდებაო. როცა რეანომობილი შემოვიდა საავადმყოფოს ეზოში, ფანჯრის ძირში იჯდა. როცა საავადმყოფოში შევიდნენ ექიმები, საშვილოსნო მოსთხოვეს. აიღეს ნაგავში ჩაგდებული საშვილოსნო. თვითონ აძვრა ”მარშრუტკაზე”, რომ გაეგო ყველაფერი, ექიმები ”დახვეულები” იყვნენ პაციენტს, საშვილოსნო გაშალეს მაგიდაზე, ამოწმებდნენ, ერთ-ერთმა ჩამოსულმა ექიმმა ი. დ-ს უთხრა, ”ბიჭო, საკეისრო კვეთას აკეთებდი, აქ რა გინდოდაო”.

15. მოწმე მ. კ-ის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს შპს --” და არის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი. 2013 წლის 4 სექტემბერს იყო მორიგე კატასტროფის ცენტრში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. მისივე განმარტებით, კატასტროფის მედიცინის ცენტრში მუდმივად არ მორიგეობენ კონსულტანტები (ანუ ვიწრო სპეციალობის ექიმები, მათ შორის - ანგიოქირურგიც), საჭიროებიდან გამომდინარე, ხდება მათი მოძიება და გამოძახების ადგილზე გაყვანა. 2013 წლის 4 სექტემბერს, 17:51 წუთამდე, ანუ კატასტროფის ბრიგადის ოფიციალურ გამოძახებამდე, იგი იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. სასჯელაღსრულების დაწესებულების რეჟიმის გათვალისწინებით, მას მობილური ტელეფონი ჩაბარებული ჰქონდა მისაღებში. დაწესებულების დატოვებისას მას უთხრეს, რომ ზარი იყო შესული მის ტელეფონზე. ნახა, რომ ი. დ. ურეკავდა, რის გამოც მან მისი უმცროსი ექიმის - ლ. ლ-ას კუთვნილი მობილური ტელეფონით დაახლოებით 17:00 საათზე დაურეკა ი. დ-ს. საუბრისას ი. დ-მა უთხრა, რომ ესაჭიროებოდათ სისხლი და პლაზმა, რაზედაც უპასუხა, რომ თუ სისხლი და პლაზმა სჭირდებოდათ, გ. მ-ს ჰქონდა კოორდინატები უახლოესი პუნქტისა, რომელიც მდებარეობდა ქ. გ-ში, საიდანაც უფრო ადრე შეძლებდნენ მიეღოთ სისხლი და პლაზმა. ამასთან, ი. დ-ს უთხრა, რომ თუ დამატებით რამე ესაჭიროებოდათ, მისი სახელით დაერეკათ კატასტროფის ცენტრში და გაუწევდნენ დახმარებას. მისივე განმარტებით, 17:51 საათამდე, ანუ კატასტროფის ბრიგადის ოფიციალურ გამოძახებამდე, ანგიოქირურგის გამოძახებასთან დაკავშირებითაც იყო საუბარი, კერძოდ, როგორც კატასტროფის ცენტრის ოპერატორისგან გახდა მისთვის ცნობილი, ი. დ-ს განუმარტეს, რომ თავად უნდა დაკავშირებოდნენ ანგიოქირურგს და მათ შეეძლოთ მხოლოდ ამის შემდეგ წამოეყვანათ ანგიოქირურგი, ამავდროულად, მისცეს მისი კოორდინატები, რათა გამოეძახათ იგი. ამდენად, უშუალოდ ი. დ-მა და გ. მ-მა მიიღეს გადაწყვეტილება, მოეწვიათ პ. ჟ. და ვ. ა.. ამასთან, კატასტროფის ბრიგადის ოფიციალური გამოძახების რეგისტრაციამდე მოთხოვნილი სისხლისა და პლაზმის მიღების შესახებ შეთანხმებული იყო ი-ს სახელობის კლინიკასთან. ამის შემდეგ ოფიციალური შეტყობინება კატასტროფის მედიცინის ცენტრში შემოვიდა 17:51 საათზე, ხოლო დაახლოებით 18:00 - დან 18:05 დროის პერიოდში ბრიგადა გავიდა შეტყობინების მისამართზე. ბრიგადა თავდაპირველად გავიდა გინეკოლოგ პ. ჟ-ის ასაყვანად, შემდეგ - სისხლის ბანკში ”-- -” სისხლის ასაღებად, აიყვანეს ვ. ა-ც, რის შემდეგაც წავიდნენ ქ. წ-ში. ვ. ა-თან შეხვედრისას, ამ უკანასკნელს ხელში ეკავა მხოლოდ პოლიეთილენის პარკი, თუმცა, რა იყო მასში მოთავსებული, ზუსტად არ იცის. ამ პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე შედგა საუბარი მასა და „---“ სამშობიარო სახლის ექიმებს შორის. პირველი საუბარი შედგა იმ მომენტში, როდესაც სისხლს იღებდნენ, რა დროსაც ჰკითხეს, თუ სად იყვნენ, ხოლო მეორე საუბარი შედგა გზაში, რადგან, როგორც წესი, ისინი ინტერესდებიან პაციენტის მდგომარეობით. პირველად ბატონი ი. ესაუბრა, მეორედ საუბარი შედგა გ. მ-თან, რა დროსაც გ. მ-მა უთხრა მათ, რომ პაციენტი იყო მძიმე მდგომარეობაში და პულსაცია აღენიშნებოდა მხოლოდ საძილე არტერიაზე, რაც ნიშნავს, რომ პაციენტი იყო შოკურ მდგომარეობაში. რაც შეეხება სავარაუდო მიზეზს, გადაჭრით არ შეუძლია თქვას, მაგრამ სავარაუდო მიზეზი უნდა ყოფილიყო სისხლდენა, რადგან მიჰქონდათ სისხლი, ბიოლოგიური მასა, პლაზმა და ასევე, მიჰყავდათ ანგიოქირურგი. ადგილზე მისვლისას საოპერაციო ბლოკში მათ დახვდნენ - გ. მ., ი. დ., ნ. ლ. და გ. ნ., ასევე ანესთეზიოლოგი და სხვა მედპერსონალი. პაციენტს აღენიშნებოდა დაბალი არტერიული წნევა. პულსაცია აღინიშნებოდა მხოლოდ საძილე არტერიაზე, იყო შოკური მდგომარეობა. მათი მისვლის მომენტისათვის რა ოდენობის სისხლი იყო დაკარგული, არ შეუძლია თქვას, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ არტერიული წნევა იყო დაბალი, ძლიერი სისხლდენა არ იქნებოდა. მათი მისვლისას, მისულ და ადგილზე დამხვედრ ექიმებს შორის რა საუბარი შედგა, ზუსტად არ იცის, თუმცა ინფორმაცია ერთმანეთს გაუცვალეს. მასაც ანესთეზიოლოგთან ჰქონდა გასაუბრება. ანესთეზიოლოგმა განუმარტა, რომ ოპერაცია მიმდინარეობდა 13:00 საათიდან, ხოლო შოკური მდგომარეობა პაციენტს განუვითარდა ბოლო 1 საათი - საათ-ნახევრის შუალედში. სისხლის შედედებაზე ანალიზი ჩატარდა მათი მისვლიდან დაახლოებით 30 წუთში. კერძოდ, ტამპონების ამოღებისას შეამჩნიეს, რომ სისხლის კოლტები არ იყო, ამასთან, ვინაიდან წინასწარ ჰქონდა წაღებული ”ადე ეფ”-ი, რაც სწორედ სისხლის შესადედებლად გამოიყენება, დაიწყეს ”ადე ეფ”- ის გადასხმა და სხვა შესაბამისი მანიპულაციები. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სისხლი არ დედდებოდა. არც ქირურგიული ჩარევის შემდეგ შედედებულა სისხლი, რადგან მუშაობის პროცესში იღებდა დიდი რაოდენობით სისხლს. მათი ოპერაციაში ჩართვის შემდეგ სისხლდენამ მოიმატა იმის ხარჯზე, რომ გაზარდეს პაციენტის არტერიული წნევა. რაც უფრო მაღალია წნევა, დანაკარგი მეტია. მათი მუშაობის პერიოდში, 21:15 საათიდან 01:10 საათამდე, დაიკარგა დაახლოებით 7 ლიტრი სისხლი და ბიოლოგიური სითხე. ოპერაციის დროს ვენების ვარიკოზზე იყო საუბარი; უშუალოდ ოპერაციის მიმდინარეობისას აღნიშნულის თაობაზე საუბრობდა ვ. ა., მაგრამ თუ რატომ არ დაფიქსირდა ეს ავადმყოფობის ისტორიაში, არ შეუძლია თქმა, ვინაიდან ავადმყოფობის ისტორიის ცალკეულ მონაკვეთებს ავსებენ ის პირები, რომლებმაც შესაბამისი მანიპულაციები განახორციელეს და აქვთ შესაბამისი კომპეტენცია. ვერ იხსენებს ოპერაციის დროს ან პ. ჟ-ს ან ვ. ა-ს ეთქვათ, რომ მათ აღმოაჩინეს დაზიანებული, გადაჭრილი თეძოს ვენა. მათი ოპერაციაში ჩართვის შემდეგ კატასტროფის ბრიგადის ექიმებს დახმარებას უწევდნენ ნ. ლ., გ. ნ. და მედდა - მ. ჯ.. ოპერაციის დასრულებისა და სამშობიაროში განვითარებული ინციდენტის გამო, პოლიციის კორდონის მეშვეობით დატოვეს სამშობიარო და გაემართნენ თბილისში, სადაც შედგა ავადმყოფობის ისტორია. ამ დროს კატასტროფის ბრიგადის წევრებმა ერთად აღიდგინეს განვითარებული მოვლენები, თუ რა მანიპულაცია როდის და რის შემდეგ განხორციელდა და ასეთი ფორმატით შედგა ავადმყოფობის ისტორია. ამ დროს, როგორც ახსოვს, გ. მ. დაუკავშირდა პ. ჟ-ს, რა დროსაც საუბარი გაიმართა სამედიცინო ისტორიის შევსებაზე. რაც შეეხება ანესთეზიის აპარატის ფუნქციონირებას, მოწმის ჩვენებით დგინდება, რომ მათი მისვლისას მუშაობდა ”ნაროკომ პ”-ს ტიპი აპარატი, ხოლო საოპერაციო ბლოკში ასევ იყო მეორე - ”სიმენსის” ფირმის აპარატი. აპარატის ფუნქციონირებისას რაიმე პრობლემა არ წარმოშობილა.

16. მოწმე პ. ჟ-ს ჩვენებით დგინდება, რომ არის მეან-გინეკოლოგი, მუშაობს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, ასევე არის საქართველოს სამეანო-გინეკოლოგიური საბჭოს წევრი და ხელშეკრულების საფუძველზე - შპს „---” კონსულტანტი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განმარტა, რომ 2013 წლის 4 სექტემბერს, დაახლოებით 17:15 საათზე, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მობილური ტელეფონის მეშვეობით მას დაუკავშირდა შპს ”---” სამშობიარო სახლის ნეონატოლოგი და განუმარტა, რომ წნორში იყო ”რაღაც” შემთხვევა და გ. მ-ს სურდა მასთან საუბარი. ამის შემდეგ აღნიშნულმა პირმა ტელეფონი გადასცა გ. მ-ს, რომელმაც უთხრა, რომ ჩაატარა საკეისრო კვეთა, იყო სისხლის დენა, რის გამოც განახორციელა ექსტრიპაცია და ფიქრობს, რომ პაციენტს დაზიანებული აქვს თეძოს ვენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მან აუხსნა, რომ ვინაიდან ექსტრიპაცია მას უკვე გაკეთებული ჰქონდა, გინეკოლოგი აღარ ესაჭიროებოდა და მას სჭირდებოდა ანგიოქირურგი, რაზედაც გ. მ-მა უპასუხა: ,,გთხოვთ, მომიძებნოთ ანგიოქირურგი და თქვენც წამობრძანდითო”. მიუხედავად იმისა, რომ იმყოფებოდა შვებულებაში და არანაირი ვალდებულება არ ეკისრებოდა, ექიმის განსაცდელში დატოვება არ შეეძლო და გადაწყვიტა წასულიყო. ამავდროულად აუხსნა, რომ მისი ჩასვლა ამ ფორმით განხორციელებული გამოძახებით იყო შეუძლებელი და განუმარტა, რომ მათ შეტყობინება უნდა დაეფიქსირებინათ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე. ამ საუბრის შემდეგ იგი დაუკავშირდა ანგიოქირურგ დ. ბ-ეს და სთხოვა წაყოლა, მაგრამ იმის გამო, რომ იყო დაკავებული, მისცა ვ. ა-ის ტელეფონის ნომერი და იგი დაუხასიათა კარგ სპეციალისტად. ამის შემდეგ დაუკავშირდა ვ. ა-ს და სთხოვა ერთად წასულიყვნენ შესაბამისი გამოძახების შემდეგ. ამ საუბრიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მას უკვე დაუკავშირდნენ კატასტროფის ცენტრიდან და უთხრეს, მართლაც იცოდა თუ არა, რომ უნდა წასულიყო გამოძახებაზე ქ. წ-ში და აცხადებდა თუ არა თანხმობას, რაზედაც მან დადებითი პასუხი გასცა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაახლოებით 18:00 საათის შემდეგ მასთან მივიდა კატასტროფის ბრიგადა, დაგვიანების მიზეზი, სავარაუდოდ, იყო ის, რომ ბრიგადას უნდა აეყვანა რეანიმატოლოგი და ექიმი. ამის შემდეგ მათ თ-ში, გ-ის რაიონში, გაუარეს ანგიოქირურგ ვ. ა-ს. ამასობაში ტელეფონის საშუალებით გ. მ-ს აძლევდა მითითებას, რომ სასწრაფოდ მოეხდინათ მუცლის აორტის კომპრესია და იმ ადგილის ტამპონადა, საიდანაც იყო სისხლდენა, რათა სისხლის დანაკარგი მინიმუმამდე შემცირებულიყო. თბილისიდან დაახლოებით 18:10 საათიდან 18:15 საათამდე დროის პერიოდში გავიდნენ. მგზავრობის პერიოდში ასევე მყარდებოდა სატელეფონო კომუნიკაცია გ. მ-თან. ძირითადად, საუბარი მიმდინარეობდა ვ. ა-სა და გ. მ-ს შორის. გ. მ. აწვდიდა მათ ინფორმაციას პაციენტის მდგომარეობის შესახებ, სთხოვდა სასწრაფოდ ჩასვლას, რადგან პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული და სისხლდენა გრძელდებოდა. ვ. ა. უთითებდა, რომ მაქსიმალურად განეხორციელებინათ კომპრესია სისხლმდენ უბანზე დოლბანდების გამოყენებით. ადგილზე ჩასვლის შემდეგ პირდაპირ შევიდნენ საოპერაციოში, ვ. ა-მა გზაშივე გამოიცვალა ფორმა. საოპერაციოში ყოფნისას გ. მ. უხსნიდა პაციენტის კრიტიკულ მდგომარეობას. როგორც ახსოვს, გ-მ აუხსნა მათ, რომ დაიწყო საკეისრო კვეთის ოპერაცია, პაციენტს დაეწყო სისხლდენა, რის გამოც ჩაატარა საშვილოსნოს ექსტრიპაცია, რის შემდეგაც სისხლდენა გაგრძელდა, თუმცა არ ახსოვს, რომ ეხსენებინა თეძოს ვენა, ამბობდა, რომ მდგომარეობა იყო კრიტიკული, რაც ისედაც ნათელი იყო, რადგან, მონიტორზე ასახული მონაცემების მიხედვით, პაციენტს წნევა ჰქონდა 70-30-ზე. თუმცა, დეტალებზე არ უსაუბრიათ. ოპერაციის საწყის ეტაპზე მან განახორციელა მუცლის ღრუს რევიზია, ნანახი იქნა, რომ დატამპონებული იყო მარცხენა თეძოს მიდამო, თუმცა, მუცლის ღრუში იყო თავისუფალი სისხლი, რომელიც არ დედდებოდა, კოლტი მუცლის ღრუში არ იყო. სწორედ ამის გამო გახდა საჭირო მუცლის რევიზია, რაც მან განახორციელა და რასაც დიდი დრო არ დასჭირვებია. სისხლდენა შესაძლოა ყოფილიყო საშოს ტაკვიდან, რის გამოც დათვალიერდა საშოს ტაკვები, დანამატები და იოგები მარჯვენა მხარეს. აქ არ იყო სისხლმდენი უბანი. ტაკვიდან მცირედი ჟონვა იყო, რაც საგანგაშო არ იყო და შენიშნა, რომ მედძაბრისებრი იოგიდან, რომლის დაბოლოება იყო დანამატი, აღინიშნებოდა სისხლდენა, რის გამოც მოხდა მისი ამოკვეთა და შემდეგ -ლიგირება, რასაც დაახლოებით 10 წუთი დასჭირდა. ამის შემდეგ ოპერაციაში ჩაერთო ვ. ა.. ვ. ა-ის მუშაობის პროცესში აღმოჩნდა საკმაოდ სისხლმდენი უბანი და ასეთი მასიური სისხლდენის დროს საკმაოდ რთულია სისხლდენის უბნის მოძებნა, დაზიანებული იყო საშუალო და მსხვილი სახის სისხლძარღვები, ეს იყო ვენური სისხლდენა და არა – არტერიული. დაიწყო სისხლძარღვების გამოყოფა, რაც რთული იყო, შემდეგ – ლიგირება. ამის შემდეგ აღმოჩნდა, რომ დაზიანებული იყო თეძოს ვენა 3-5 მილიმეტრზე, რაც ვ. ა-მა გადაკვანძა. აქტიური სისხლდენის შეჩერების შემდეგ ვა-მა დაიწყო სხვა - საშუალო და მცირე ზომის სისხლძარღვებიდან სისხლდენის შეჩერება. ოპერაციის მიმდინარეობისას პრაქტიკულად შესაძლებელი გახდა სისხლდენის შეჩერება, მაგრამ, ვინაიდან გამონადენი სისხლის რაოდენობა იყო ბევრი, იკვეთებოდა თრომბოჰემორაგიული სინდრომისათვის, ანუ ,,დე ვე ეს“ სინდრომის დამახასიათებელი სისხლის შეუდედებლობა, რაც ართულებდა ოპერაციას. მთელი ოპერაციის დრო ვ. ა-მა მოანდომა ამ სისხლდენის შეჩერებას, მაგრამ, ვინაიდან მისი შეჩერება შეუდედებლობის გამო ვერ მოხერხდებოდა, მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება, განხორციელებულიყო ტამპონადა და დაეხურათ მუცლის ღრუ. მოწმის განმარტებით, მარცხენა თეძოს ვენის დაზიანება საკეისრო კვეთის დროს მოხდა, თუ საშვილოსნოს ექსტრიპაციისას, ამის ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია. მოწმის ჩვენებით ასევე დგინდება, რომ ვ. ა-ს ჰქონდა რამდენიმე საოპერაციო იარაღი, რომლებიც ფაქტობრივად არ გამოუყენებია და სარგებლობდა საოპერაციო ბლოკში არსებული ხელსაწყოებით. სპეციფიკური იარაღების გამოყენება არ დასჭირვებია, რადგან მას არ ჩაუტარებია სისხლძარღვის აღდგენის მანიპულაცია. მისივე განმარტებით, ვ. ა-მა მის თვალწინ დაათვალიერა ვენა და ამ დროს იქნა აღმოჩენილი დაზიანება. შესაბამისად, უშუალოდ მათ თეძოს ვენა არ დაუზიანებიათ და თუ ასეთი რამ მოხდებოდა, ამას იტყოდნენ. მისივე განმარტებით, არც ოპერაციის დროს და არც მანამდე, მათ ამოჭრილი საშვილოსნო არ მოუთხოვიათ. სამედიცინო ისტორია მათ ადგილზე ვერ შეავსეს წარმოშობილი კონფლიქტური ვითარების გამო. თუმცა, თ-ში ჩასვლისთანავე დაიწყეს ისტორიის წერა. სწორედ ამ დროს მას დაუკავშირდა გ. მ. და ჰკითხა, თუ რა მოხდა, რაზედაც მან უპასუხა - ,,განა თქვენ არ იცით, ბატონო გ., რა მოხდაო”, რადგან ჯერ კიდევ საოპერაციო ბლოკიდან გამოსვლისას უთხრა ,,ძალიან მოინდომეთ ბატონო გ., რატომ ჩახვედით იქით”. მისივე განმარტებით, კატასტროფის ბრიგადა ოპერაციას აკეთებდა დაახლოებით 3 საათისა და 30 წუთის განმავლობაში. ხოლო, რაც შეეხება ,,დე ვე ეს“ სინდრომს, ანუ სისხლის შეუდედებლობას, იგი შეიძლება განვითარდეს, როგორც 1 საათში, ისე – 3 საათში.

17. ვ. ა-ის ჩვენებით დგინდება, რომ არის სისხლძარღვთა ქირურგი, მუშაობს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. 2013 წლის 4 სექტემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ იყო გარკვეული პრობლემა წნორის სამშობიარო სახლში და საჭირო იყო ანგიოქირურგის დახმარება. იგი სახლიდან გავიდა დაახლოებით 18:00 საათზე; დაახლოებით 5-10 წუთის შემდეგ მას მიაკითხა კატასტროფის ბრიგადის ავტომობილმა, რომელშიც ისხდნენ გინეკოლოგი - პ. ჟ., ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი - მ. კ. და მისი დამხმარე უმცროსი ექიმი, სახელად ლ.. მგზავრობისას განხორციელდა რამდენიმე ზარი, ესაუბრებოდნენ როგორც მ. კ-ს, ისე მასაც. საუბრისას გაირკვა, რომ პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე, ჰქონდა ვენური სისხლდენა და, სავარაუდოდ, დაზიანებული იყო თეძოს ვენა – მაგისტრალური სისხლძარღვი. სახეზე იყო საკმაოდ გამოხატული სისხლდენა, რომლის შეჩერებაც ვერ ხერხდებოდა და საუბარი იყო იმაზეც, თუ რა მეთოდებით შეეძლოთ დროებით შეეჩერებინათ სისხლდენა, რა დროსაც უშუალოდ მან გაუწია კონსულტაცია, განეხორციელებინათ აორტის კომპრესია და სისხლმდენი უბნის დატამპონება. მისვლისთანავე, მომენტალურად ჩაებნენ ოპერაციაში, ჩაატარეს რევიზია, მოხდა დათვალიერება, პარალელურად, ადგილზე მყოფი ექიმებისგან იღებდნენ ინფორმაციას. ადგილზე მყოფმა ექიმებმა განუცხადეს, რომ იყო ძლიერი ვენური სისხლდენა, ხოლო არტერიული წნევის ნიშნები იყო სასიცოცხლო მაჩვენებლებზე დაბალი. ის და პ. ჟ. ოპერაციაში ჩაერთვნენ ერთდროულად, თუმცა, საწყის ეტაპზე უშუალოდ პ. ჟ-მა ამოკვეთა დანამატი, რაც იმ მომენტში ჩაითვალა საჭიროდ, გაგრძელდა ოპერაცია და ნახეს სისხლდენის წყარო - თეძოს ვენა, რაც წარმოადგენს მაგისტრალურ, მსხვილკალიბრიან ვენას. მათი მისვლის მომენტისათვის მუცლის ღრუ გახსნილი იყო, სისხლი იყო 500 მლ–ზე მეტი, ასევე ტამპონები გაჟღენთილი იყო სისხლით და მიუხედავად დატამპონებისა, გრძელდებოდა სისხლდენა. სატელეფონო საუბრისას ითქვა, რომ, სავარაუდოდ, შეიძლება ყოფილიყო თეძოს ვენა. ანალოგიური საუბარი იყო საოპერაციო ბლოკში, თუმცა, „მეტი კონკრეტიკა არ მომხდარა“. უშუალოდ მან ჩაატარა დაზიანებული ვენის ლიგირება. აღნიშნულ ვენაზე მის მისვლამდე სისხლდენის შეჩერების მიზნით არ ყოფილა ჩატარებული ლიგირება, ეს მანიპულაცია უშუალოდ მან განახორციელა. ასევე, გამოყოფილი არ ყოფილა აღნიშნული ვენა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა მისი ლიგირება. შესაბამისად, მისი მისვლის მომენტისათვის სისხლდენის წყარო არ იყო ნანახი. უშუალოდ იგი ოპერაციას აკეთებდა დაახლოებით 3,5 საათი. რადგან დაზიანებული იყო მაგისტრალური სისხლძარღვი, მოხდა მისი ლიგირება, რათა შეჩერებულიყო მასიური სისხლდენა. ასევე, უშუალოდ ოპერაციული ჩარევის გამო, იყო წვრილი და საშუალო კალიბრის სისხლძარღვებიდან სისხლდენა, რომელსაც აგრეთვე სჭირდება ლიგირება. რადგან ასეთი სისხლმდენი წყაროები იყო საკმაოდ მრავლად, საჭირო გახდა სხვა - წვრილი და საშუალო კალიბრის სისხლძარღვების ლიგირებაც. თუმცა, მიუხედავად ამისა, სისხლდენა არ შეჩერდა, რადგან სისხლი არ დედდებოდა. მათი ჩასვლის მომენტისათვის სისხლის შეუდედებლობა დაფიქსირდა ანესთეზიოლოგის მიერაც. ამავე მომენტისათვის სისხლი შეინიშნებოდა როგორც მუცლის ღრუში, ასევე იყო ქსოვილოვანი გამონადენიც, რაც დამახასიათებელია ეგრეთ წოდებული თრომბოჰემორაგიული სინდრომისთვის, რაც გულისხმობს იმას, რომ სხეულში სისხლის შედედება არ ხდება. აღნიშნული დაზიანების მის მიერ მიყენებას გამორიცხავს. სხვა მაგისტრალური სისხლძარღვის დაზიანება არ აღმოჩენილა. პაციენტს ვარიკოზი არ აღენიშნებოდა, სახეზე იყო გაძლიერებული ვენური ქსელი, რაც გამოწვეული იყო სისხლძარღვების ლიგირებით. ანუ, როდესაც ხდება მაგისტრალური სისხლძარღვის გადაკვანძვა, იქ სისხლის დინება ნელდება და ხდება სხვა წვრილი ვენებისა და კაპილარების გადატვირთვა. თუმცა, როგორც ასეთი – ვარიკოზი არ არსებობდა, რაც გულისხმობს ვენების დაგრძელებას, კლაკნილობას და კედლების გათხელებას. ამდენად, მის მიერ ჩატარებული ლიგირების შემდეგ სხვა ვენები და წვრილი კაპილარები გადაიტვირთა. ოპერაციის მსვლელობისას იყენებდა საოპერაციო ბლოკში არსებულ ინსტრუმენტებს. კონკრეტულად, რა დროს დაზიანდა ვენა, ვერ იტყვის, თუმცა საკეისრო კვეთის ჩატარებისას შესაძლებელია ვენის დაზიანება და ამაში რაიმე განსაკუთრებული არ არის. მათი მისვლის შემდეგ სისხლის დანაკარგმა შეადგინა 3 - 3,5 ლიტრი. ეს არ იყო მხოლოდ სისხლის დანაკარგი, რადგან თრომბოჰემორაგიული სინდრომის დროს უფრო დიდი რაოდენობით იკარგება ქსოვილური გამონადენი. რაც შეეხება თრომბოჰემორაგიულ სინდრომს, აღნიშნული დადასტურდა ანესთეზიოლოგის მიერ ჩატარებული კვლევით. ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ მან ოპერაციის მიმდინარეობისას ან უშუალოდ წასვლამდე თქვა, რომ დაზიანებული იყო თეძოს გარეთა ვენა; ყველა საჭირო ინსტრუმენტი და მათ შორის ძაფები, იყო ადგილზე, საოპერაციო ბლოკში. კატასტროფის ბრიგადის ექიმებს არ მოუთხოვიათ, შემოეტანათ ამოკვეთილი და გადაგდებული საშვილოსნო.

18. მოწმე ნ. კ-მ აჩვენა, რომ არის გინეკოლოგი, მინიჭებული აქვს სრული პროფესორის სტატუსი და გააჩნია 36 - წლიანი მუშაობის სტაჟი. მანვე დაადასტურა, რომ, როგორც ექსპერტი, მონაწილეობდა სსიპ „----” მიერ 2014 წლის 27 იანვარს გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის №-- დასკვნის მომზადებაში, რა დროსაც მან დაადგინა, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებით, საკეისრო კვეთა ჩატარდა ჩვენების მიხედვით და ტექნიკურად – სწორად; საშვილოსნოს ამოკვეთა იყო მართებული, ვინაიდან ოპერაციის დროს განვითარდა საშვილოსნოს ჰიპოტონია (საშვილოსნოს კუნთის მოდუნება) და სისხლდენა ვერ შეჩერდა. იმის გამო, რომ საშვილოსნოს ექსტრიპაციის ოპერაცია ოქმში დაწვრილებით არ არის ასახული, შეუძლებელია დადგინდეს, ოპერაციის ზუსტად რა ეტაპზე დაზიანდა მარცხენა თეძოს გარეთა ვენა. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ უშუალოდ საკეისრო კვეთის დროს ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ თეძოს გარეთა ვენა დაზიანდეს, ვინაიდან იგი ტოპოგრაფიულად სულ სხვაგან მდებარეობს, ხოლო საკეისრო კვეთის დროს განაკვეთი კეთდება საშვილოსნოს წინა კედელზე. ოქმის მიხედვით დასტურდება, რომ საკეისრო კვეთის შემდეგ საშვილოსნო ამოკვეთეს. ამდენად, თეძოს გარეთა ვენა, სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს დაზიანდებოდა. საშვილოსნოს ამოღება მასშტაბურად საკმაოდ დიდი ოპერაციაა. ჩვეულებრივ პირობებში - არაორსულ ქალზე, გეგმიური ექსტრიპაციისთვის მაქსიმუმ 2 საათია საჭირო, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ექსტრიპაცია განხორციელდა ორსულ პაციენტზე, ამ სახის მანიპულაციას დასჭირდებოდა 2 საათზე მეტი, დაახლოებით – 3 საათი. ზუსტად განსაზღვრა იმისა, თუ თითოეული მანიპულაციის ჩატარებას რა დრო სჭირდება, ძნელია, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით დგინდება, აღნიშნული მანიპულაციები უნდა დაწყებულიყო 13:40 წუთზე, ვინაიდან ანესთეზიოლოგის ჩანაწერების მიხედვით დასტურდება, რომ ამ დროს დამთავრდა საკეისრო კვეთა და სრულდებოდა საშვილოსნოს შრეების გაკერვა, რა დროსაც დაიწყო სისხლდენა საშვილოსნოდან და გადაწყდა მისი ექსტრიპაცია, ხოლო კატასტროფის ბრიგადა გამოძახებულ იქნა 18:00 საათზე, მიაჩნია, რომ კატასტროფის ბრიგადის გამოძახება დაგვიანდა 1 საათითა და 30 წუთით. ვინაიდან მსხვილ სისხლძარღვზე მუშაობის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულიყო საშვილოსნოს ამოკვეთის შემდეგ, რადგან, როგორც სამედიცინო ისტორიაშია ნათქვამი, საშვილოსნოს ექსტრიპაციის დამთავრების პერიოდში დაიწყო სისხლდენა მარცხენა ფართო იოგის სივრციდან. ლიგირების მიზნით გაიხსნა პარამეტრიუმის სივრცე, სისხლძარღვთა ლიგირება გაძნელდა. სწორედ აღნიშნული გახდა საფუძველი, დასკვნაში დაეფიქსირებინა თავისი მოსაზრება, რომ მეან-გინეკოლოგი ვალდებული იყო, დროულად ამოეცნო დაზიანებული სისხლძარღვი და დროულად მოეხდინა სისხლძარღვის კომპრესია, ტამპონადა და შემდგომ დაუყოვნებლივ გამოეძახა სისხლძარღვთა ქირურგი. ამასთან, რაიმე სახის დირექტივა, პროტოკოლი, რეკომენდაცია ან მითითება, თუ როდის და რომელ საათზე უნდა გამოიძახო დამხმარე, არ არსებობს. ექიმი თვითონ წყვეტს, როდის ვეღარ ართმევს თავს ქირურგიულ შემთხვევას და როდის უნდა დაუძახოს დამხმარეს. ამაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ შედეგის მიხედვით. რაც შეეხება იმ გარემოებას, შესაძლებელი იყო თუ არა კატასტროფის ბრიგადის მეან-გინეკოლოგს დაეზიანებინა თეძოს გარეთა ვენა, ამ საკითხზეც ვერ იმსჯელებს ჩანაწერთა სიმწირის გამო. როგორც ჩანაწერიდან ჩანს, კატასტროფის ბრიგადის მეან-გინეკოლოგმა ჩაატარა მუცლის ღრუს რევიზია და ამოიღო მარცხენა დანამატი. ამ დროს თეძოს გარეთა ვენის დაზიანება ფაქტობრივად გამორიცხულია. სისხლძარღვი შეიძლება დაზიანდეს, თუ ქირურგი ცდილობს, განახორციელოს მსხვილი არტერიის ლიგირება. გინეკოლოგიურ შემთხვევებში ეს არის თეძოს შიდა არტერია. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სამედიცინო ისტორიაში არ წერია, რომ ოპერაციის მწარმოებელ ექიმებს (ი. დ-სა და გ. მ-ს) ჰქონდათ მცდელობა, გადაეკვანძათ თეძოს შიდა არტერია. სამედიცინო ისტორიაში აღნიშნულია, რომ „ადგილი ჰქონდა მარცხენა განიერი იოგის ფურცლების გათიშვასა და შეეცადნენ სისხლძარღვის ლიგირებას“. კონკრეტულად, რომელ სისხლძარღვზეა საუბარი, არ წერია. მითითებულია, რომ სისხლდენა იყო მენჯის ღრუდან უფრო მარცხენა მხრიდან, დუნე, მაგრამ – ჭარბი. თუმცა, საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით დასტურდება, რომ ყველაფერი კეთდებოდა სისხლდენის შესაჩერებლად: ჩატარდა საშვილოსნოს ექსტრიპაცია ანუ ამოკვეთა, პარალელურად, მიმდინარეობდა სისხლისა და სისხლის შემცვლელების გადასხმა, მაგრამ, როდესაც ვერ მოხერხდა სისხლდენის შეჩერება, ქირურგმა გადაწყვიტა იმ ადგილის დატამპონება, ანუ სტერილური დოლბანდით კომპრესია, საიდანაც სისხლი მოდიოდა და ამავდროულად, ახდენდნენ მუცლის აორტის კომპრესიას, რათა შეეჩერებინათ სისხლის დანაკარგი. თუმცა, დატამპონებამ რომ სისხლდენის ბოლომდე შეჩერება ვერ შეძლო, ამაზე ის ფაქტი მეტყველებს, რომ მუცლის ღრუში 500 მმ სისხლი მაინც იყო ჩაღვრილი. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ როდესაც არის მაღალი რისკის ორსული, სასურველია, იგი გადაიგზავნოს ,,მაღალი დონის“ კლინიკაში, მაგრამ ისეთი დირექტივა, რომ წინასწარ იქნეს მოწვეული ქირურგი ან ანგიოქირურგი, არ არსებობს. ამასთან, ნ. კი-ამ განმარტა, რომ ბრალდებულების განმარტების შემდეგ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გავის ვენური წნულებიდან მოჟონავდა სისხლი, ედებოდა მომჭერები, კეთდებოდა ნაკერები, მაგრამ ისევ მოდიოდა სისხლი და შესაძლოა, სწორედ ეს მოქმედებები უსწრებდა წინ საშვილოსნოს მოდუნებას. ამასთან, მისი განმარტებით, ბადექონის მოშორების დროს შეიძლება ,დაზიანებულიყო გავის ვენის გარეთა წნული.

19. მოწმე კ. ა-ის ჩვენებით დგინდება, რომ არის სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ცოცხალ პირთა და გვამების გამოკვლევათა სამმართველოს უფროსი. მანვე დაადასტურა, რომ როგორც ექსპერტი, მონაწილეობდა სსიპ „----” მიერ 2014 წლის 27 იანვარს გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის №--- დასკვნის მომზადებაში, რა დროსაც მან დაადგინა, რომ ოპერაციის მწარმოებელი ვალდებული იყო, დროულად ამოეცნო დაზიანებული უბანი და დროულად მოეხდინა მისი ტამპონირება, კომპრესირება ან დამჭერით შეკავება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვერ შეძლებდა მის აღდგენას, გამოეძახა შესაბამისი პროფილის ქირურგი, კონკრეტულ შემთხვევაში – სისხლძარღვთა ქირურგი. სამედიცინო ისტორიაში არ არის მითითებული, რომ აღმოაჩინეს დაზიანებული უბანი. ამდენად, დასტურდება, რომ არ ჩატარებულა შესაბამისი ტამპონირება და სხვა მანიპულაციები. იქიდან გამომდინარე, რომ შპს ”---” სამშობიარო სახლის ექიმების შედგენილ სამედიცინო ისტორიაში არ არის მითითებული, რომ დაზიანებული იყო მარცხენა თეძოს გარეთა ვენა, დასტურდება, რომ მათ ნახეს სისხლდენის კერა. თუმცა, სისხლდენის ფაქტი ცხადყოფს, რომ ვენა იყო დაზიანებული. ამდენად, დროულად რომ აღმოეჩინათ დაზიანებული კერა და შეეჩერებინათ სისხლდენა, პაციენტის გადარჩენის შანსი გაიზრდებოდა. მისივე განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნაში მის მიერ გამოყენებული ტერმინი ”დროულად” მოიაზრებს არა დამხმარე ბრიგადის გამოძახებას, არამედ გულისხმობს იმას, რომ დროულად უნდა ენახათ სისხლმდენი უბანი და შეეჩერებინათ იგი შესაძლებლობის ფარგლებში. აღნიშნული ვალდებულება გააჩნდათ ოპერაციის მწარმოებელ ექიმებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ სახის ვალდებულებას კონკრეტულად რაიმე დოკუმენტი არ აწესებს. მისი შეფასებით, კატასტროფის ბრიგადა იმიტომ გამოიძახეს საშვილოსნოს ექსტრიპაციის შემდეგ, რომ ექიმებმა ვერ აღმოაჩინეს დაზიანებული ვენა, რის გამოც იგი გამორიცხავს ვენის დაზიანებას კატასტროფის ბრიგადის ექიმების მიერ. გარდა ამისა, ვინაიდან სამედიცინო ისტორიის მიხედვით ირკვევა, რომ მუცლის ღრუ იყო დატამპონებული და შიგ ჩაღვრილი იყო სისხლი, მიაჩნია, რომ სწორედ ოპერაციის ჩამტარებელმა პირებმა დააზიანეს ვენა. მართალია, მას გადაჭრით არ შეუძლია თქვას, თუ ვინ დააზიანა ვენა, მაგრამ მისთვის ძნელად წარმოსადგენია, რომ ვენა კატასტროფის ბრიგადის ექიმებს დაეზიანებინათ.

20. ანალოგიური სახის ჩვენება მისცა ექსპერტმა კ. ც-მა, რომელმაც დაადასტურა, რომ კ. ა-თან ერთად მონაწილეობდა სსიპ „----” მიერ 2014 წლის 27 იანვარს გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის №--- დასკვნის მომზადებაში, რა დროსაც მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დაზიანებული სისხლძარღვის დროულად კომპრესიისა და ტამპონადის შემთხვევაში ც. თ-ის გადარჩენის შანსი გაიზრდებოდა. ამასთან, განმარტა, რომ არ შეუძლია ზუსტად განსაზღვროს, თუ როდის დაზიანდა თეძოს ვენა, მაგრამ ვინაიდან კატასტროფის ბრიგადა გამოიძახეს და სწორედ კატასტროფის ბრიგადის ჩანაწერებში არის პირველად დაფიქსირებული ვენის დაზიანების ფაქტი, მისი ვარაუდით, მანამდე - ანუ კატასტროფის ბრიგადის გამოძახებამდე - მოხდა ვენის დაზიანება.

21. მოწმის სახით დაკითხულ ლ. ა-ის ჩვენებით დგინდება, რომ როგორც ექსპერტი, მონაწილეობდა სსიპ „----” მიერ 2014 წლის 27 იანვარს გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის №--- დასკვნის მომზადებაში, რა დროსაც მან დაადგინა, რომ პაციენტს სისხლი გადაუსხეს დროულად და სწორად, იმ პირობით, რომ დანამდვილებით გადასხმულია იდენტური (თანამოსახელე) ჯგუფისა და რეზუსის სისხლი და სისხლის კომპონენტები. წარმოდგენილ მასალებში არ არის კომპონენტების ტრანსფუზიის ოქმები, არის მხოლოდ ჩანაწერები ოპერაციის ოქმში, რომლის მიხედვითაც, 13:40 საათიდან მიმდინარეობდა სისხლისა და სისხლის შემცვლელების მასიური გადასხმა და ანესთეზიოლოგის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სასიცოცხლო ჩვენებით გადასხმულია თანამოსახელე ჯგუფისა და რეზუსის სისხლი. მან დასკვნა გამოიტანა აღნიშნულ ჩანაწერებზე დაყრდნობით. ტრანსფუზიოლოგის მიერ კომპონენტების ნაცვლად მთლიანი სისხლის გადასხმა მართებულია იმ შემთხვევაში, თუ კლინიკას კომპონენტების მარაგი არ აქვს. მასიური მწვავე სისხლდენისას არ არის კომპონენტების დამზადების დრო და სასიცოცხლო ჩვენებისას დასაშვებია მთლიანი სისხლის გადასხმა. ასეთ დროს აუცილებელი პირობაა იდენტური (თანამოსახელე) სისხლის გადასხმა. მთლიანი სისხლი უზრუნველყოფს ჟანგბადის მიწოდებას და სისხლის მოცულობის გაზრდას. მისივე ჩვენებით დგინდება, რომ სამედიცინო ისტორიის მიხედვით, სისხლის გადასხმა ტრანსფუზიოლოგმა დაიწყო სისხლდენის დაწყებისთანავე. სისხლი რომ არ გადაესხათ, აუცილებლად დადგებოდა ფატალური შედეგი, ვინაიდან სისხლის დაკარგვა 600 მლ–ზე მეტი მოცულობით, წარმოადგენს კრიტიკულ მაჩვენებელს და უნდა გაკეთდეს ტრანსფუზია. სისხლდენის მიზეზის განსაზღვრა არ წარმოადგენს მის კომპეტენციას. ერთადერთი სახელმძღვანელო დოკუმენტი იყო შპს ”---” სამშობიარო კლინიკის სამედიცინო ისტორიის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სისხლის დანაკარგმა შეადგინა 3500 -დან 4000 მლ-მდე, რაც შეიძლება ჩაითვალოს მასიურ სისხლდენად, რა დროსაც საჭიროა სისხლის ან სისხლის შემცვლელი ხსნარების გადასხმა. ამის პარალელურად, საჭიროა სისხლდენის მიზეზის აღმოფხვრა, რადგან თუ სისხლდენა გრძელდება, მხოლოდ გადასხმა შედეგს ვერ გამოიღებს. რაც შეეხება თრომბოჰემორაგიულ სინდრომს, იგი შეიძლება განვითარდეს მასიური სისხლდენისა და სისხლისა და სისხლის შემცველი ხსნარების მასიური გადასხმის დროს, იმის გამო, რომ ხდება შედედებისა და ჰემოსტატიური ფაქტორების მქონე სისხლის კარგვა და მისი ჩანაცვლება ასეთი ფაქტორების არმქონე სისხლით. თრომბოჰემორაგიული სინდრომი შეიძლება ასევე განვითარდეს იმ შემთხვევაში, თუ ხდება მხოლოდ სისხლის შემცვლელი ხსნარების გადასხმა. სამედიცინო ისტორია არ იყო სრულყოფილი, მან ვერ ნახა ვერც ერთი ოქმი სისხლისა და სისხლის კომპონენტების გადასხმის შესახებ, მაშინ, როცა სავალდებულოა, თითოეული გადასხმისას შეივსოს შესაბამისი ოქმი. იმ გათვლით, რომ კატასტროფის ბრიგადის მოსვლამდე დაკარგული იყო 4 ლიტრი სისხლი, ამ ოდენობის სისხლი შეიძლება დაიკარგოს ატონიური სისხლდენისას. ამ დროს სისხლდენა ყველა სისხლძარღვიდან მიდის. მწვავე სისხლნაკლებობა შესაძლებელია, განვითარდეს როგორც წვრილ სისხლძარღვთა მრავლობითი დაზიანებით, ასევე - მსხვილი კალიბრის სისხლძარღვის დაზიანების შედეგად.

22. მოწმის სახით დაკითხულმა ა. კ-მა თავისი ჩვენებით დაადასტურა სსიპ „----„ 2013 წლის 26 სექტემბრის №--- დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა შემდეგი: ც. თ-ის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული საკეისრო კვეთის შემდგომ ატონიური სისხლდენისა და მარცხენა თეძოს გარეთა ვენის დაზიანების გამო. თეძოს გარეთა მარცხენა ვენა დაზიანებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედების შედეგად, მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს. მისივე განმარტებით, საშვილოსნოს ექსტრიპაცია - ამოკვეთა ჩატარდა მას შემდეგ, რაც განვითარდა ატონიური სისხლდენა და ვერ მოხერხდა მისი კონსერვატორულად ანუ მედიკამენტებით შეჩერება. ამის გათვალისწინებით, საშვილოსნოს ამპუტაცია ამ შემთხვევაში არის პირდაპირი ჩვენება. მასალების შესწავლის შედეგად ასევე დადგინდა, რომ სისხლდენის შეჩერება ვერ მოხერხდა, ამის გამო განხორციელდა მისი დატამპონება, ხდებოდა კომპრესია და სისხლძარღვის მიჭყლეტა ხერხემლის სვეტზე, თუმცა, მიუხედავად ამისა, ვერ ხერხდებოდა სისხლდენის სრული შეჩერება, რის გამოც ლოგიკური იყო ანგიოლოგების გამოძახება. ამდენად, თითოეული ქმედება განხორციელდა სწორად და თანმიმდევრულად. ნებისმიერი სისხლდენის შეჩერების მიზნით, ვენური თუ კაპილარული სისხლდენის დროს, გამოიყენება ანალოგიური მეთოდები: მიჭყლეტა, დატამპონება, გადაკვანძვა. სამედიცინო დოკუმენტებში მითითებული ფაქტის მიხედვით, სისხლდენა ამ მიდამოდან დაიწყო ექსტრიპაციის დროს, ანუ მეორე ოპერაციის დასრულებისას. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ამ პერიოდში უნდა დაზიანებულიყო თეძოს გარეთა ვენა და ამის გამო გამოიძახეს ანგიოქირურგები. მისივე განმარტებით, ნებისმიერი ქირურგიული ოპერაცია არის ქირურგიული აგრესია და ლოგიკურია, რომ საკეისრო კვეთისას იქნებოდა გარკვეული რაოდენობის სისხლის დანაკარგი. სისხლის დანაკარგი იქნებოდა ექსტრიპაციის დროსაც, უფრო მეტი – ატონიური სისხლდენის გამო და სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე მიუთითა, რომ სიკვდილის მიზეზი არის მწვავე სისხლნაკლებობა, რაც განვითარდა ატონიური სისხლდენისა და თეძოს გარეთა ვენის დაზიანების გამო. რომელმა უფრო დიდი როლი ითამაშა - ატონიურმა სისხლდენამ, თუ მარცხენა თეძოს გარეთა ვენის დაზიანებით გამოწვეულმა სისხლდენამ, ამ საკითხის გადაწყვეტა სცდება ექსპერტიზის შესაძლებლობის ფარგლებს. მართალია, ატონიური სისხლდენა საშვილოსნოს ამოკვეთით აღმოიფხვრა, მაგრამ ორგანიზმს უკვე დააკლდა გარკვეული რაოდენობის სისხლი. ამის შემდეგ, სხვა სახის სისხლდენა რომ არ განვითარებულიყო და სისხლის გადასხმის შედეგად დაკარგული სისხლი შევსებულიყო, ფატალური შედეგი - პაციენტის გარდაცვალების სახით -დადგებოდა თუ არა, ამ საკითხის განსაზღვრა რეანიმატოლოგის კომპეტენციას მიეკუთვნება. კატეგორიული მტკიცება, თუ როდის და ვინ დააზიანა თეძოს გარეთა ვენა, მას არ შეუძლია. თუმცა, საგულისხმოა, რომ დენა აღნიშნული მიდამოდან დაიწყო ექსტრიპაციის დასრულებისას. გვამის დათვალიერებისას რომ ყოფილიყო ვენის ხილული პათოლოგია, ამას აუცილებლად აღწერდა, ეჭვის შემთხვევაშიც კი სპეციალური კვლევა ტარდება. თუმცა, ვენის ვარიკოზული დაავადების აღმოჩენა შეიძლება ცოცხალი ადამიანის გამოკვლევისას, გვამის შემთხვევაში შეუძლებელია ამის მტკიცება. დაზიანებული ვენის ირგვლივ რაიმე სხვა მსხვილი კალიბრის ვენის დაზიანება მას არ უნახავს, იყო მცირე კალიბრის ვენების დაზიანება.

23. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კ-ის სამხარეო მთავარი სამმართველოს ს-ის რაიონული სამმართველოს ქ. წ-ის პოლიციის თანაშემწე-გამომძიებელ გ. ჯ-ის ჩვენებით დგინდება, რომ შეტყობინების საფუძველზე გავიდა შემთხვევის ადგილზე და დაათვალიერა იგი. შენობაში თითქმის ყველაფერი დანგრეული და დაზიანებული იყო, ყველა ოთახი იყო დარბეული. საოპერაციო ოთახში ესვენა მდედრობითი სქესის გვამი, რომელიც ექსპერტმა დაათვალიერა. იმავე ღამეს გადაიგზავნა მიმართვა სამედიცინო ისტორიის გამოთხოვის მიზნით, რადგან გვამზე საჭირო იყო ექსპერტიზის ჩატარება, ხოლო ამისათვის ექსპერტი ითხოვდა ავადმყოფობის ისტორიას. ამდენად, ავადმყოფობის ისტორია გვამის გადასვენებამდე იქნა წარმოდგენილი.

24. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კ-ის სამხარეო მთავარი სამმართველოს ს-ის რაიონული სამმართველოს ქ. წ-ის პოლიციის თანაშემწე-გამომძიებელ ე. ბ-ის ჩვენებით დგინდება, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შემოსული შეტყობინების საფუძველზე იმყოფებოდა შემთხვევის ადგილას, მთლიანად ესწრებოდა შემთხვევის ადგილის დათვალიერების პროცესს, მაგრამ მონაწილეობა არ მიუღია. უბრალოდ, იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, ვინაიდან დაძაბული სიტუაცია იყო. შენობა არის ორსართულიანი, მისი მინები იყო დამსხვრეული. საოპერაციო ოთახში ესვენა ც. თ-ის გვამი. ოთახში იყო სისხლისმაგვარი ლაქებით დალაქული ზეწრები, სამუშაო იარაღები. ოთახს ფანჯარა ჰქონდა ეზოს მხარეს, ფანჯარა იყო დახურული.

25. მოწმე გ. ხ-ის ჩვენებით დგინდება, რომ გამოძახების შემდეგ შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად გამომძიებელთან ერთად შევიდა შენობაში, რომელიც იყო დარბეული, შუშები - ჩამსხვრეული; საოპერაციოში ესვენა ქალის გვამი. როგორც ახსოვს, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა, მართალია, მუშები არ უნახავს, მაგრამ სამშენებლო იარაღები ნახა.

26. ბრალდებულმა ი. დ-მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აჩვენა, რომ 2013 წლის 4 სექტემბერს სამშობიარო სახლში მომხდარი ინციდენტისა და დარბევის შედეგად პაციენტ ც. თ-ის სამედიცინო ისტორიისა და დოკუმენტაციის ნაწილი დაიკარგა, რადგან აღნიშნული დოკუმენტაცია ინახებოდა წინასაოპერაციო დარბაზში. ამასთან, დაადასტურა ის ფაქტი, რომ ც. თ. ორსულობის მე-20 კვირიდან იყო მისი პაციენტი. მისივე განმარტებით, სწორედ ოპერაციის დაწყებამდე შეივსო წინასაოპერაციო ანამნეზი და, ამავდროულად, უშუალოდ პაციენტისგან წერილობითი ფორმით მიიღეს თანხმობა საკეისრო კვეთის ჩატარების თაობაზე. ოპერაციის დაწყებამდე გაკეთდა სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, ჩატარდა გამოკვლევა პროთრომბინზე, რა დროსაც არანაირი უკუჩვენება არ დაფიქსირებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2013 წლის 4 სექტემბერს, 13:00 საათზე, დაიწყო საკეისრო კვეთის ოპერაცია. ოპერაცია თავად დაიწყო; მასთან ერთად ოპერაციაში მონაწილეობდნენ - გ. მ., პედიატრი თ. ბ., მედდები - მ. ჯ. და მ. ჯ., ანესთეზიოლოგი ნ. გ. და სანიტარი მ. ბ.. უშუალოდ მის მოვალეობაში შედიოდა საკეისრო კვეთის ჩატარება, ნაყოფის ამოყვანა, საშვილოსნოს მთლიანობის აღდგენა, ხოლო გ. მ-ს ჰქონდა დამხმარის ფუნქცია. საკეისრო კვეთა დაიწყო უშუალოდ მან და გაკვეთა მუცლის ღრუ, სამედიცინო ინსტრუმენტებს აწვდიდა საოპერაციო მედდა, ხოლო გ. მ. ეხმარებოდა შესაბამისი მანიპულაციების განხორციელებაში, რათა უფრო სწრაფად ამოეყვანათ ნაყოფი. მუცლის ღრუს გახსნისას ინახა ბადექონი, რომელიც, ზოგადად მოძრავია, მაგრამ ამ შემთხვევაში აღინიშნებოდა მიხორცება. ახალშობილის ამოყვანის მიზნით, გადაიჭრა ბადექონი, რომელიც უშუალოდ ვინ გადაჭრა, ზუსტად არ ახსოვს. რადგან ასისტენტი - გ. მ. ეხმარებოდა, ერთ-ერთი მათგანი ადებდა მომჭერს, ხოლო მეორე - კვეთდა. საშვილოსნო მდებარეობს არა მენჯის ღრუში, არამედ - მუცლის ღრუში, მუცლის ზედაპირზე, კანიდან 1,5 სმ-ის მოშორებით. შემდეგ მან გაკვეთა საშვილოსნოს წინა კედელი და ამოიყვანა ნაყოფი. ამის შემდეგ ასისტენტმა ჭიპლარზე დაადო 2 მომჭერი და გადაიკვეთა. ნაყოფის ამოყვანის შემდეგ ხელით მოაშორა მომყოლი, გამოასუფთავა საშვილოსნო და დაიწყო საშვილოსნოს გაკერვა სამ შრედ. პირველი შრე უშუალოდ მან გაკერა, მაგრამ ოპერაციის დაწყებიდან დაახლოებით 25 წუთის შემდეგ, ვინაიდან პრობლემა შეიქმნა ანესთეზიის აპარატზე, იგი იძულებული გახდა, ოპერატორის ფუნქცია გადაებარებინა არანაკლები გამოცდილებისა და პრაქტიკის მქონე გ. მ-თვის, ხოლო თვითონ საოპერაციო ბლოკში მდგარი მეორე ანესთეზიის აპარატზე გადართო პაციენტი. უშუალოდ ანესთეზიოლოგი ამ მანიპულაციას ვერ განახორციელებდა, რადგან ამ დროს პაციენტი გადაყვანილი იყო ხელით მართვად მექანიკურ სუნთქვაზე. ამავდროულად, როგორც მცირე საშტატო განაკვეთის კლინიკას, მას შიდა ბრძანებით ჰქონდა დავალებული ანესთეზიის აპარატურაზე მეთვალყურეობა და ყველაზე კარგად იგი ერკვეოდა ამ საკითხში. აპარატის გადართვას დასჭირდა დაახლოებით 3-5 წუთი, ხოლო ხელების სტერილიზაციას – 8-10 წუთი, რის შემდეგაც იგი დაბრუნდა საოპერაციო მაგიდასთან, რა დროსაც ოპერაციას უკვე წარმართავდა გ. მ., ხოლო ასისტენტობას უწევდა მ. ჯ.. მან უკვე მ. ჯ. ჩაანაცვლა და გახდა ასისტენტი. ოპერაციის საბოლოო დამთავრებისათვის საჭირო იყო დაახლოებით 30-40 წუთი. საშვილოსნოს გაკერვის დასრულებას დასჭირდებოდა დაახლოებით 20-25 წუთი. მისი შემოსვლის მომენტისათვის უკვე მესამე შრის აღდგენას ახორციელებდა გ. მ., სწორედ ამაში მიეხმარა იგი. მესამე შრე გაიკერა, დათვალიერდა, სისხლდენა არ შეინიშნებოდა. შემდგ გაასუფთავეს საშვილოსნო და დაიწყეს მუცლის ღრუს დახურვა. მუცლის ღრუს დახურვამდე, რადგან ბადექონი მომჭერებს შორის იყო გადაკვეთილი, საჭირო გახდა მისი მთლიანობის აღდგენა, ვინაიდან იყო შეხორცება და არსებობდა შესაძლებლობა, ამას გამოეწვია გაუვალობა. ბადექონი ნაწილობრივ ამოიკვეთა. აღნიშნული მანიპულაცია მუცლის ზემოთ ჩაატარა გ. მ-მა მისი დახმარებით, რასაც დაახლოებით 10-15 წუთი დასჭირდა. მუცლის ღრუს დახურვა დამთავრებული არ იყო, როცა შეამჩნიეს მენჯის ღრუს მარცხენა, უკანა გვერდითა კედელთან, ზედა მხარეს, ბადექონის აშრევების ადგილზე, მცირე სისხლიანი გამონადენი. ამიტომ აღარ დახურეს მუცლის ღრუ, რადგან, მართალია, იყო მცირე სისხლიანი გამონადენი, მაგრამ საჭიროდ ჩათვალეს მისი შეჩერება. ამის გამო, გ. მ-მა დაადო მომჭერი, ხოლო ძაფით - კვანძი, ანუ შეასრულა ლიგირება. მაგრამ მას შემდეგ, რაც მომჭერი მოიხსნა, სისხლდენამ გადაინაცვლა ლიგირებული მონაკვეთის ქვევით, ისევ განხორციელდა ლიგირება, მაგრამ სისხლდენა ქვედა მხარეს მიდიოდა. 2 თუ 3 ცდის შემდეგ ჩათვალეს, რომ იყო არაორდინალური შემთხვევა და მ-მა მოითხოვა ქირურგის - ნ. ლ-ის დახმარება - კონსულტაცია. ეს მოხდა დაახლოებით 14:00 საათზე. გამოიძახეს ნ. ლ., რომელიც დაახლოებით 25-30 წუთის შემდეგ მოვიდა. ამ დროის განმავლობაში დადებული იყო მომჭერები და სისხლდენაც შეჩერებული იყო. სისხლდენა, მისი აზრით, გავის ვენური წნულიდან მომდინარეობდა და სწორედ ამის გამო მოიწვიეს ქირურგი. ნ. ლ-ის მოსვლის შემდეგ მან ასისტენტის ფუნქცია დაუთმო მას, ხოლო თავად ჩამოშორდა ოპერაციას. ოპერაციაში ნ. ლ-ის ჩართვის შემდეგ, დაახლოებით 15:00 - დან 15:30 საათამდე დროის შუალედში, ჩაატარეს საშვილოსნოს ამპუტაცია. თუ რატომ მიიღეს ამ სახის გადაწყვეტილება გ. მ-მა და ნ. ლ-მა, ზუსტად არ იცის. ოპერაციის მსვლელობისას მან მხოლოდ მოისმინა, რომ საშვილოსნო მოდუნდა და ამის გამო მიიღეს ამ სახის გადაწყვეტილება. ანგიოქირურგის გამოძახება სწორედ ამის შემდეგ გახდა საჭირო, რადგან თავდაპირველად სისხლდენა იყო მცირე მასშტაბის. დაახლოებით 17:00 საათზე ოპერატორმა - გ. მ-მა გამოიძახა კატასტროფის ბრიგადა, უფრო სწორედ, გ. მ-მა მოითხოვა მათი გამოძახება, ხოლო მან ტექნიკური მხარე უზრუნველყო. ოპერატორი სტერილურ გარემოში ვერ განახორციელებდა სატელეფონო კომუნიკაციას. კატასტროფის ბრიგადა შედგებოდა ვ. ა-ის, პ. ჟ-ის, მ. კ-სა და დამხმარე ექიმ-თანაშემწისაგან. კატასტროფის ბრიგადის მოსვლის შემდეგ, მათი მოთხოვნით, დააყენეს სისხლის ამქაჩი. იგი ვ. ა-ს ეხმარებოდა - აწვდიდა სამედიცინო ინსტრუმენტებს. ის და გ. მ. ფაქტობრივად ჩამოცილებულნი იყვნენ ოპერაციის მიმდინარეობას. კატასტროფის ბრიგადის ასისტენტის ფუნქციას ასრულებდა ნ. ლ., ხოლო დაახლოებით 1 საათში მოითხოვეს კიდევ ერთი ასისტენტი, რის გამოც ოპერაციაში ჩაერთო გ. ნ.. რაც შეეხება სისხლის დანაკარგს, უშუალოდ საკეისრო კვეთისას დაიკარგებოდა დაახლოებით 400-500 მმ სისხლი, ზუსტი მოცულობა არ იცის, თუმცა, კატასტროფის ბრიგადის მოსვლის შემდეგ, ვინაიდან სისხლის შეგროვება ამქაჩის მეშვეობით ხორციელდებოდა რეზერვუარში, მისი ოდენობის განსაზღვრა იყო შესაძლებელი და შეადგინა 7 ლიტრი. რაც შეეხება ვარიკოზულ ვენებს, ვარიკოზული ვენები მას არ უნახავს, მაგრამ აღნიშნულზე საუბრობდა ანგიოქირურგი. გამომძიებელმა იგი გაიყვანა შემთხვევის ადგილზე დარბევის ფაქტთან დაკავშირებით, რის გამოც სამედიცინო ისტორიის ის ნაწილი, რომელიც მას უნდა დაეწერა, დაწერა გ. მ-მა პოლიციის შენობაში. ისტორიის პირველ ნაწილს, რომელიც უშუალოდ მას ეხება და დაწერილია გ. მ-ის მიერ, იგი ეთანხმება, მაგრამ რაც შეეხება ისტორიის მეორე ნაწილს, არ ეთანხმება, ვინაიდან დაიწერა პოლიციის განყოფილებაში კატასტროფის ბრიგადის წევრების კარნახით.

27. --- სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის №--- დასკვნის თანახმად, ც. თ-ის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული საკეისრო კვეთის შემდგომი ატონიური სისხლდენისა და მარცხენა თეძოს გარეთა ვენის დაზიანებათა გამო. სამედიცინო დოკუმენტების მიხედვით, სიკვდილი დადგა 05.09.2013 წლის 01:10 საათზე, რაც არ ეწინააღმდეგება გვამის გამოკვლევისას ნანახ გვამურ მოვლენებს. თეძოს მარცხენა გარეთა ვენის დაზიანება მიყენებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედების შედეგად, მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს – 05.09.2014 წელს.

28. --- ექსპერტიზის №--- დასკვნის თანახმად, სამედიცინო დოკუმენტაციების ჩანაწერებით ოპერაცია - საკეისრო კვეთა ჩატარდა ჩვენების მიხედვით და ნაწარმოებია სწორად. საშვილოსნოს ამოკვეთა იყო მართებული, ვინაიდან ოპერაციის დროს განვითარდა საშვილოსნოს ჰიპოტონია და სისხლდენის შეჩერება არ არის მითითებული. რაც შეეხება საშვილოსნოს ექსტრიპაციას, ეს ოპერაცია ოპერაციის ოქმში დაწვრილებით არ არის აღწერილი. ამავე ოქმის მიხედვით შეუძლებელია დადგინდეს, ოპერაციის ზუსტად რა ეტაპზე დაზიანდა მარცხენა თეძოს გარეთა ვენია, ვინაიდან ც. თ-ეს ორჯერ გადატანილი ჰქონდა საკეისრო კვეთა, ოპერაციის წარმოება ტექნიკურად დაკავშირებული იყო დიდ სირთულეებთან და ასეთ შემთხვევაში მსხვილი სისხლძარღვის დაზიანება მოსალოდნელი იყო. მიუხედავად ამისა, მეან–გინეკოლოგი ვალდებული იყო, დროულად ამოეცნო დაზიანებული სისხლძარღვი და დროულად მოეხდინა დაზიანებული სისხლძარღვის კომპრესია, ტამპონადა და შემდგომ დაუყოვნებლივ გამოეძახა სისხლძარღვთა ქირურგი. დროულად რომ მომხდარიყო დაზიანებული სისხლძარღვის კომპრესია და ტამპონადა, გაიზრდებოდა ც. თ-ს გადარჩენის შანსი.

29. შპს „---„ 2013 წლის 4 სექტემბრის რეგისტრაციის №-- ბარათით, რაზეც წინასასამართლო სხდომის ეტაპზე ბრალდებისა და დაცვის მხარე შეთანხმდნენ როგორც უდავო სახის მტკიცებულებაზე, დასტურდება, რომ შპს ”---” სამშობიარო სახლის მთავარი ექიმის - ი. დ-ის მიერ 18:00 საათზე დაფიქსირებული შეტყობინების საფუძველზე ექიმი მ. კ., ექთანი - ლ. ლ., მეან-გინეკოლოგი - პ. ჟ. და ანგიოქირურგი - ვ. ა. გამოძახების ადგილზე გავიდნენ 18:05 საათზე.

30. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სამშობიაროში სათანადო პირობების, ოპერაციისათვის საჭირო სათანადო იარაღებისა და პაციენტისთვის აუცილებელი შესაბამისი კვლევების ჩაუტარებლობის ფაქტი ვერ დადგინდა, ვინაიდან აღნიშნული გარემოებები არ დაუდასტურებია სამედიცინო პერსონალის არც ერთ წევრს, პირიქით, მოწმე მ. ჯ-მა აჩვენა, რომ კატასტროფის ბრიგადის წევრებს არანაირი ხელსაწყოები არ ჩამოუტანიათ. მოწმე ნ. გ-მა აჩვენა, რომ სამშობიაროს ის ნაწილი, სადაც მიმდინარეობდა ოპერაცია, მზად იყო პაციენტის მისაღებად, ასევე, არ შეუმჩნევია, რომ მათ გამოეყენებინოთ განსხვავებული სამედიცინო იარაღები. მოწმე თ. ბ-მა მიუთითა, რომ სამშობიარო მომზადებული იყო პაციენტის მისაღებად. მოწმე ფიქრია აბულაშვილმა განმარტა, რომ სისხლს სამშობიარო სახლის პირველ სართულზე მდებარე ლაბორატორიაში იღებდა. ლაბორატორიის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, აღჭურვილი ყველა შესაბამისი აპარატურითა და ინვენტარით. გარდაცვლილის მეუღლემ, მოწმე ბ. თ-ემ აჩვენა, რომ ოპერაციის წინ მის მეუღლეს აუღეს ანალიზები და უთხრეს, რომ ყველაფერი რიგზე იყო. გარდაცვლილის დის, ც. ბ-ის ჩვენებით ირკვევა, რომ ორსულობის პერიოდში პაციენტს ყველა პროცედურა ჰქონდა ჩატარებული, ხოლო ანალიზები - აღებული. მოწმე მ. კ-მა განმარტა, რომ საოპერაციო ბლოკში მათი მისვლისას მუშაობდა ,,ნაროკო პ-ს“ ტიპის აპარატი და მისი ფუნქციონირებისას რაიმე პრობლემა არ წარმოშობილა. მოწმე პ. ჟ-მა აჩვენა, რომ ვ. ა-ს ჰქონდა რამდენიმე საოპერაციო იარაღი, რომლებიც ფაქტობრივად არ გამოუყენებია და სარგებლობდა საოპერაციო ბლოკში არსებული ხელსაწყოებით. მოწმე ვ. ა-აც მიუთითა, რომ ყველა საჭირო ინსტრუმენტი და მათ შორის - ძაფები იყო ადგილზე, საოპერაციო ბლოკში.

31. საკასაციო პალატა აღნიშნავს: მხოლოდ ის ფაქტი (რასაც ბრალდებულებიც არ უარყოფენ), რომ სამშობიარო სახლის გარკვეულ მონაკვეთში მიმდინარეოდა სარემონტო სამუშაოები, არ იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ სამშობიაროში არ იყო ოპერაციის ჩასატარებლად აუცილებელი პირობები. ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ (მაგალითად, ექსპერტის დასკვნა, რევიზიის აქტი, საგამოძიებო ექსპერიმენტი და სხვ.), რომ რემონტის მიმდინარეობა აფერხებდა ოპერაციის პროცესს. მეტიც, ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით პალატას უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ სამშობიარო მზად იყო ოპერაციის ჩასატარებლად და პაციენტიც მომზადებული იყო საკეისრო კვეთისთვის.

32. ბრალდების იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომ გ. მ-მა და ი. დ-მა საკეისრო კვეთის დროს პაციენტს დაუზიანეს თეძოს მარცხენა ვენა, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მოწმეების - ნ. კ-ას, მ. ჯ-ის, ნ. გ-სა და ფ. ა-ის ჩვენებებზე, კერძოდ: ექსპერტმა ნ. კ-ამ განმარტა, რომ უშუალოდ საკეისრო კვეთის დროს ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ თეძოს გარეთა ვენა დაზიანდეს, ვინაიდან იგი ტოპოგრაფიულად სულ სხვაგან მდებარეობს, ხოლო საკეისრო კვეთის დროს განაკვეთი კეთდება საშვილოსნოს წინა კედელზე. მოწმე მ. ჯ-სა და ნ. გ-ის ჩვენებებით დასტურდება, რომ სისხლდენა (უშუალოდ საკეისრო კვეთის დამთავრების შემდეგ) არ იყო ძლიერი და ატარებდა ზედაპირულ ხასიათს. მოწმე ფ. ა-ს ჩვენებით ირკვევა, რომ სამშობიაროში მივიდა დახლოებით 16 საათის შემდეგ, სისხლის მიწოდება კი დაახლოებით 17 საათიდან დაიწყო. აღნიშნული ჩვენებების შეფასების საფუძველზე საკასაციო პალატა გამორიცხავს ბრალდების მხარის ვერსიას თეძოს მარცხენა ვენის საკეისრო კვეთის დროს დაზიანებისა და ინტენსიური სისხლდენის დაახლოებით 13:30 საათიდან დაწყების შესახებ.

33. რაც შეეხება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ პაციენტის თეძოს ვენა ი. დ-ს დაუზიანდა საშვილოსნოს ექსტრიპაციისას, ამასთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ მოწმე მ. ჯ-ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ნ. ლ-ის მისვლის შემდეგ ი. დ. გამოეთიშა ოპერაციას. თავად ი. დ-ც მიუთითებს, რომ ლ-ის მისვლის შემდეგ იგი გამოეთიშა ოპერაციას და საშვილოსნოს ამპუტაცია გ. მ-მა და ნ. ლ-მა გააკეთეს, რასაც ადასტურებს გამართლებული გ. მ-ც. შესაბამისად, საკასაციო პალატისთვის გაუგებარია, თუ რატომ შეერაცხა ბრალად საშვილოსნოს ექსტრიპაციისას თეძოს ვენის შესაძლო დაზინება ი. დ-ს, რომელიც არ მონაწილეობდა აღნიშნულ მანიპულაციაში, მით უმეტეს იმის გათვალისიწინებით, რომ სააპელაციო პალატა იმავე განაჩენში მიუთითებს გ. მ-ის ბრალეულობის დაუდასტურებლობაზე იმ მოტივით, რომ ვერ დადგინდა, ვინ დააზიანა თეძოს ვენა - გ. მო-მა თუ ნ. ლ-მა.

34. სააპელაციო პალატის მიერ მოშველიებულ ,,საექიმო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც: ”დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს, გადააბაროს პროფესიული საქმიანობისას შესასრულებელი ამოცანა სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს ან სასწავლო მიზნით ექიმის ფუნქციის შემსრულებელს, რომელსაც არ გააჩნია საამისოდ აუცილებელი ოფიციალური დოკუმენტი, თუ ის დარწმუნებულია, რომ სამედიცინო პერსონალს, რომელსაც დაავალა სამუშაოს შესრულება, აქვს სათანადო ცოდნა და პროფესიული უნარ-ჩვევები. ასეთ შემთხვევებში სამედიცინო მომსახურების ხარისხზე პასუხისმგებელია გადამბარებელი”, - პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული კანონის მოთხოვნა ვერ გახდება ი. დ-ის პასუხისმგებლობის საფუძველი, ვინაიდან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრად პერსონიფიცირებულია და ქმედება პირს შეერაცხება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად ხელყო კანონით დაცული სიკეთე. სააპელაციო პალატის ლოგიკის გაზიარების შემთხვევაში გამოდის, ი. დ-ს რომ არ დაეგვიანებინა (სააპელაციო პალატის შეფასებით) კატასტროფის ბრიგადის გამოძახება და პაციენტის გადარჩენა მაინც ვერ მოხერხებულიყო კატასტროფის ბრიგადის არაკომპეტენტურობის ან შეცდომის გამო, პაციენტის სიცოცხლის მოსპობისთვის პასუხს მაინც ი. დ. აგებდა, რაც უსაფუძვლოა და არ შეესაბამება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არსსა და მიზნებს.

35. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ექიმები - ი. დ. და გ. მ. მიიჩნევენ, რომ პაციენტის თეძოს ვენა დააზიანეს კატასტროფის ბრიგადის წარმომადგენლებმა, კერძოდ ვ. ა-მა, თუმცა კატასტროფის ბრიგადის წევრებს მიაჩნიათ, რომ ვენა დააზიანეს ,,---“ სამშობიაროს ექიმებმა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არ აქვს ეჭვის შეტანის საფუძველი არც ერთი მათგანის ჩვენებაში, ხოლო რაიმე სხვა მტკიცებულება, თუ კონკრეტულად, ვინ და როდის დაუზიანა პაციენტს ვენა, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. კერძოდ: ექსპერტმა კ. ა-ა განმარტა, რომ მას გადაჭრით არ შეუძლია განაცხადოს, თუ ვინ დააზიანა ვენა, მაგრამ მისთვის ძნელად წარმოსადგენია, რომ ვენა დაეზიანებინათ კატასტროფის ბრიგადის ექიმებს. ექსპერტმა ნ. კ-ამ მიუთითა, რომ თეძოს გარეთა ვენა, სავარაუდოდ, საშვილოსნოს ამოკვეთისას დაზიანდებოდა. ექსპერტმა კ. ც-მა აღნიშნა, რომ ზუსტად არ შეუძლია განსაზღვროს, თუ როდის დაზიანდა ვენა, მაგრამ ვინაიდან გამოიძახეს კატასტროფის ბრიგადა და სწორედ მათ ჩანაწერებში დაფიქსირდა პირველად დაზიანებული ვენა, ვარაუდობს, რომ იგი კატასტროფის ბრიგადის გამოძახებამდე დაზიანდა. ექპერტმა ა. კ-აც დაადასტურა, რომ კატეგორიულად არ შეუძლია თქვას, თუ ვინ და როდის დააზიანა ვენა, თუმცა საგულისხმოა, რომ სისხლდენა ამ მიდამოდან დაიწყო ექსტრიპაციის დასრულებისას. ამდენად, წარმოდგენილი ექსპერტები მხოლოდ ვარაუდობენ, თუ როდის დაზიანდა თეძოს ვენა და მით უმეტეს, ვარაუდის დონეზეც არ იციან, ვინ დააზიანა იგი, რის გამოც საკასაციო პალატა კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, დადგენილად მიიჩნიოს მისი დაზიანება ი. დ-სა და გ. მ-ის მიერ საშვილოსნოს ექსტრიპაციის ჩატარებისას, ვინაიდან ეს მტკიცება არ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, რის გამოც, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, 259-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 273-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველი.

36. რაც შეეხება დაზარალებულის ნათესავების - მეუღლისა და დის მიერ მიცემულ ჩვენებებს, რომ თითქოსდა მათ მოისმინეს უშუალოდ კატასტროფის ბრიგადის ექიმებისგან ოპერაციის მიმდინარეობისას ხმამაღლა ნათქვამი ფრაზა - ”აქ რა გინდოდათ, რატომ გადაჭერითო”, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მოწმე მ. კ-მა აჩვენა, რომ ვერ იხსენებს ოპერაციის დროს ან პ. ჟ-ნს ან ვ. ა-ს ეთქვათ, რომ მათ აღმოაჩინეს დაზიანებული გადაჭრილი თეძოს ვენა. მ. ჯ-მა განაცხადა, რომ ოპერაციის დროს კატასტროფის ბრიგადის ექიმებს თეძოს გარეთა ვენა არ უხსენებიათ. ასეთი რამ რომ, ეთქვათ აუცილებლად გაიგებდა. ნ. გ-მა აჩვენა, რომ საოპერაციო მაგიდასთან ახლოს იდგა და ექიმების საუბარი ესმოდა. არ მოუსმენია კატასტროფის ექიმებს ეთქვათ, რატომ გადაჭერით ვენაო. თ. ბ-მა აღნიშნა, რომ არ მოუსმენია ექიმებს ეთქვათ, რომ თეძოს გარეთა ვენა იყო დაზიანებული. მოწმე გ. ნ-მა განმარტა, რომ ოპერაციის დროს საუბარი არ ყოფილა მარცხენა თეძოს ვენის დაზიანებაზე. ამასთანავე, პალატა მიუთითებს იმაზეც, რომ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ საოპერაციოს ფანჯარა იყო დახურული და, შესაბამისად, პაციენტის ნათესავები ვერ მოისმენდნენ ოთახში მიმდინარე საუბარს.

37. ვ. ა-ის ჩვენების იმ ნაწილთან მიმართებით, რომ თითქოს ჯერ კიდევ სატელეფონო საუბრისას გაირკვა, რომ, სავარაუდოდ, დაზიანებული იყო თეძოს ვენა, პალატა მიუთითებს, რომ ასეთ შემთხვევაში პალატისთვის გაუგებარი ხდება, სისხლდენის წყაროზე ინფორმირებულობის პირობებში, რატომ ჩაერთო ოპერაციაში ჯერ პ. ჟ., რომელმაც დანამატები ამოკვეთა, და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთო ოპერაციაში ვ. ა., რომელმაც დაიწყო სისხლდენის წყაროს ძებნა.

38. პალატა ყურადღებას ამახვილებს წარდგენილ ბრალდებაზე იმ კონტექსტშიც, რომ დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ი. დ-სა და გ. მ-ს ერთმნიშვნელოვნად ედავება იმას, რომ ”ისინი ვალდებულნი იყვნენ, დროულად ამოეცნოთ დაზიანებული სისხლძარღვი და დროულად მოეხდინათ მისი კომპრესია”. ბრალდების შესახებ დადგენილებაში გამოყენებული სიტყვა ”ვალდებულება” იმ კონტექსტში, რომ ბრალდებულებს უნდა შეესრულებინათ ინტელექტუალური შესაძლებლობიდან გამომდინარე ქმედება (დაზიანებული სისხლძარღვის დროული აღმოჩენა), არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს არც თვითიმედოვნებად და არც დაუდევრობად. სამედიცინო მანიპულაციებისას ისეთი ქმედების დროულად ვერ შესრულება, როგორიც არის დაზიანებული სისხლძარღვის აღმოჩენა, შეიძლება განხილულ იქნეს როგორც არაშესაბამისი კომპეტენციის მქონე პირის მიერ ისეთი ქმედების განხორციელებაზე პასუხისმგებლობის აღება, რომლის განსახორციელებლად მას შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია არ გააჩნია და, შესაბამისად, მისი მხრიდან წარმოადგენს წინდახედულობის ნორმით აკრძალულ ქმედებას, რაც გამოიხატება თვითიმედოვნებაში. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდება ამ მიმართებით არც გ. მ-სა და არც ი. დ-ს არ აქვთ წარდგენილი, ხოლო, თავის მხრივ, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს ბრალდების ფარგლებს, პალატა ამ მიმართულებით არ მსჯელობს.

39. რაც შეეხება დამხმარე ბრიგადის გამოძახების დაგვიანების ფაქტს, საკასაციო პალატა, მართალია, არ იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ პაციენტის თეძოს ვენა დააზიანეს ,,----“ ექიმებმა, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ინტენსიური სისხლდენის დაწყების შემდეგ, იმ ვითარებაში, როდესაც თვითონ ვერ გაუმკლავდნენ შექმნილ რთულ მდგომარეობას, პაციენტის სიცოცხლის გადარჩენის მიზნით მათ ნამდვილად წარმოეშვათ ვალდებულება, გამოეძახათ დამხმარე ბრიგადა. თუმცა, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტი ინტენსიური სისხლდენის 13:40 საათიდან დაწყების შესახებ, არ დადასტურდა გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: ი. დ-ის, მ. ჯ-ის, ნ. გ-სა და თ. ბ-ის ჩვენებებით ირკვევა, რომ საკეისრო კვეთის დამთავრების შემდეგ შეინიშნებოდა მცირე სისხლიანი გამონადენი, რაც ექსპერტ ნ. კ-სა და ბრალდებულ ი. დ-ის ჩვენებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სავარაუდოდ, მოჟონავდა გავის ვენური წნულებიდან, რომელიც შესაძლოა ბადექონის მოშორების დროს დაზიანდა. ანესთეზიოლოგ ნ. გ-ის ჩვენებით ასევე ირკვევა, რომ შემდეგ სისხლდენამ მოიმატა და გახდა ინტენსიური საშვილოსნოს ამპუტაციის შემდეგ. აღნიშნული ჩვენებებისა და ტრანსფუზიოლოგ ფიქრია აბულაშვილის ჩვენების საფუძველზე, რომლის თანახმადაც, სისხლის გადასხმის საჭიროება დადგა 16:00 საათის შემდეგ, პალატას მიაჩნია, რომ ინტენსიური სისხლდენა დაიწყო სწორედ მეორე ოპერაციის - საშვილოსნოს ექსტრიპაციის დამთავრების შემდეგ (რამაც სააპელაციო პალატას მისცა საფუძველი დასკვნისთვის, რომ პაციენტის ვენა სწორედ ამ დროს დაზიანდა). შესაბამისად, კატასტროფის ბრიგადის გამოძახების ვალდებულება, პალატის მოსაზრებით, სწორედ საშვილოსნოს ექსტრიპაციის დასრულების შემდეგ წარმოიშვა. ინფორმაციას იმის შეხაბ, თუ რა დროს დაიწყო საშვილოსნოს კვეთა (ექსტრიპაცია), იძლევიან მოწმის სახით დაკითხული პირები: მ. ჯ., ნ. გ., თ. ბ. და ი. დ.. აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერებით დასტურდება, რომ დაახლოებით 14:30 - დან 14:45 საათამდე დროის შუალედში, მცირე სისხლდენის შეჩერების მიზნით, დასახმარებლად მიიწვიეს ქირურგი ნ. ლ., რომელიც გ. მ-თან ერთად ჩაერთო ოპერაციაში და მხოლოდ ამ მომენტის შემდეგ, სავარაუდოდ, 30 წუთიდან 1 საათის ინტერვალში, ვინაიდან არ შეიკუმშა საშვილოსნო და განვითარდა ატონიური სისხლდენა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საშვილოსნოს ექსტრიპაციის შესახებ.

40. აღნიშნულთან მიმართებით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ უშუალოდ სასამართლო განხილვის ეტაპზე ბრალდების მხარემ გამოსაკვლევ მტკიცებულებათა ნუსხიდან მოხსნა მოწმე ნ. ლ-ის ჩვენების გამოკვლევის საკითხი, რომლის დაკითხვის შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნებოდა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების დადგენა: მისი ოპერაციაში ჩართვის რეალური მიზეზის დადგენა, საშვილოსნოს ექსტრიპაციის დაწყებისა და დამთავრების ზუსტი დროის განსაზღვრა და ასევე, შესაძლებელი იქნებოდა კატასტროფის ცენტრის თანამშრომელთა მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს გამოვლენილ ფაქტებსა და გარემოებებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება. ამასთან, ის გარემოება, რომ საშვილოსნოს ექსტრიპაცია განხორციელდა დაახლოებით 15:00 საათის შემდეგ, ასევე დასტურდება ბ. თ-ის ჩვენებითაც, როდესაც იგი უთითებს, რომ დაახლოებით 2-3 საათის შემდეგ გამოვიდა ი. დ. და უთხრა, რომ იყო სერიოზული პრობლემა და საშვილოსნო უნდა ამოეჭრათ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაშიც, თუ გავითვალისწინებთ, რომ კატასტროფის სამედიცინო ცენტრში ოფიციალური გამოძახება დაფიქსირდა 17:51 საათზე, აღნიშნული დრო, ექსპერტ ნ. კ-ას მიერ საშვილოსნოს კვეთისთვის განსაზღვრული დროის - 3 საათის გათვალისწინებით, არ არის დაგვიანებული. მაგრამ, მიუხედავად ამისა, სასამართლო ობიექტური შეფასების გარეშე ვერ დატოვებს იმ გარემოებას, რომ როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ისე საქმეში წარმოდგენილი შპს ”---” ამოღებული შემავალი და გამავალი ზარების ამსახველი ნუსხით დასტურდება, რომ დამხმარე ჯგუფის მობილიზება შპს ”---“ სამშობიარო სახლის ექიმებმა დაიწყეს დაახლოებით 17:00 საათზე. კერძოდ, პირველი სატელეფონო კონტაქტი მ. კ-თან შედგა 17:02 საათზე. დაახლოებით ამავე პერიოდში განხორციელდა პირველი კონტაქტი პ. ჟ-თან, კერძოდ, როგორც მისი ჩვენებით დასტურდება, 2013 წლის 4 სექტემბერს, დაახლოებით 17:15 საათზე, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მობილური ტელეფონის მეშვეობით მას დაუკავშირდა შპს ”---” სამშობიარო სახლის ნეონატოლოგი და განუმარტა, რომ წნორში იყო ”რაღაც” შემთხვევა და გ. მ-ს სურდა მასთან საუბარი. ის გარემოება, რომ გ. მ. და ი. დ. 17:51 საათამდე აქტიურად ეძებდნენ დამხმარე სპეციალისტებს, დასტურდება ვ. ა-ის ჩვენებითაც, რომლის თანახმადაც, 2013 წლის 4 სექტემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ იყო გარკვეული პრობლემა წ-ის სამშობიარო სახლში და საჭირო იყო ანგიოქირურგის დახმარება. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია შპს „---” თანამშრომელ მ. კ-ის ჩვენებაც, რომლითაც დგინდება, რომ კატასტროფის მედიცინის ცენტრში მუდმივად არ მორიგეობენ კონსულტანტები (ანუ ვიწრო სპეციალობის ექიმები, მათ შორის - ანგიოქირურგიც). საჭიროებიდან გამომდინარე, ხდება მათი მოძიება და გამოძახების ადგილზე გაყვანა. აღნიშნული გარემოება ასევე დადასტურდა პ. ჟ-სა და ვ. ა-ის ჩვენებებითაც. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პ. ჟ., რომელიც იმ დროს იმყოფებოდა შვებულებაში და ვ. ა., რომელიც იმ დღეს ისვენებდა, კატასტროფის მედიცინის ცენტრის სარეგისტრაციო ბარათის მიხედვით, 18:00 საათზე შესული შეტყობინების საფუძველზე, 18:05 საათის მდგომარეობით, უკვე ირიცხებოდნენ კატასტროფის ბრიგადის შემადგენლობაში, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რეალურად დამხმარე ჯგუფი შპს ”----„ სამშობიარო სახლის ექიმებმა საკუთარი ძალებით მოიძიეს და ამის შემდეგ გამოძახების ფორმალური მხარეც დააფიქსირეს.

41. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს რა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილს, რომელიც განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რაც ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ[3], ასევე - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებებს, რომ მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, ნათელი და ურთიერთკავშირში მყოფი დასკვნებიდან, რომლებიც უდავო, საკმარისად მტკიცე და ზუსტ ხასიათს ატარებს და არ შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ თეორიულ ჰიპოთეზას[4], მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ი. დ-სა და გ. მ-ის მიერ ც. თ-თვის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტი, რის გამოც მსჯავრდებული ი. დ. ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო გამართლებულ გ. მ-ის მიმართ სააპელაციო პალატის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. პროკურორ ი. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. მსჯავრდებულ ი. დ-ის ადვოკატის - დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

4. მსჯავრდებული ი. დ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

5. ი. დ. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

6. გამართლებულ ი. დ-ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.




[1] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Mattoccia v. Italy, №23969/94.

[2] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1999 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Pelissier and Sassi v. France, №25444/94.

[3] იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

[4] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე Labita v. Italy №26772/95, 2000 წლის 1 მარტი და Fyodorov and Fyodorova v. Ukraine №39229/03, 2011 წლის 7 ივლისი.