საქმის ნომერი: ას-1375-2021
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: გიორგი მიქაუტაძე(თავმჯდომარე), რევაზ ნადარაია, თამარ ზამბახიძე,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: არ ექვემდებარება გასაჩივრებას, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები: ას-454-426-2017, ას-454-426-2017,
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: თ.ტ–ძემ (შემდგომში მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ფ–ვას (შემდეგში მოპასუხის) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის გამოთხოვა. წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ მიუთითა, რომ არის ქონების მართლზომიერი მფლობელი, ვინაიდან მოსარჩელის შვილის - რ.ტ–ძის ჯერ კიდევ კანონიერი მეუღლეა და სადავო სახლში ცხოვრობს მოსარჩელის შვილთან ქორწინების შემდეგ. მოპასუხის მითითებით, აღნიშნულ სახლში იგი ცხოვრობს მცირეწლოვან შვილებთან ერთად და გამოსახლების შემთხვევაში დარჩება საცხოვრებლის გარეშე.ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლომ იმსჯელა ბავშვთა უფლებებზე, პაპა-ბებიას საალიმენტო ვალდებულებებზე და დაუპირისპირა აღნიშნული უფლებები საკუთრების უფლებას.
ციტირებისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №ას-1375-2021 (2022-06-16), www.temida.ge
საქმის № ას-1375-2021

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       16 ივნისი, 2022 წელი
თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე:
გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები:
რევაზ ნადარაია, თამარ ზამბახიძე,

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე



კასატორი – ნ.ფ–ვა (მოპასუხე)



მოწინააღმდეგე მხარე – თ.ტ–ძე (მოსარჩელე)



მესამე პირები – ნ.ტ–ძე, ბ.ტ–ძე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის და მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტის აჭარის ა.რ. ცენტრი



გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ოქტომბრის განჩინება



კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად



დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:



1. თ.ტ–ძემ (შემდგომში მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ფ–ვას (შემდეგში მოპასუხის) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ ......ში (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ......) მდებარე საცხოვრებელი სახლის გამოთხოვა და მისი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა.



სარჩელის საფუძვლები:



1.2. 2020 წლის 14 ივნისს მოპასუხემ, მოსარჩელის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ შეაღწია და დაეუფლა მოსარჩელის საკუთრებას. აღნიშნულის გამო მოსარჩელე მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში, გაუსაძლის პირობებში და ადგება ზიანი.



1.3. წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ მიუთითა, რომ არის ქონების მართლზომიერი მფლობელი, ვინაიდან მოსარჩელის შვილის - რ.ტ–ძის ჯერ კიდევ კანონიერი მეუღლეა და სადავო სახლში ცხოვრობს მოსარჩელის შვილთან ქორწინების შემდეგ. მოპასუხის მითითებით, აღნიშნულ სახლში იგი ცხოვრობს მცირეწლოვან შვილებთან ერთად და გამოსახლების შემთხვევაში დარჩება საცხოვრებლის გარეშე.



1.4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მეურნეობა-მზრუნველობისა და მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტის აჭარის ა/რ ცენტრი, ასევე არასრულწლოვნები - ნ.ტ–ძე და ბ.ტ–ძე.



1.5. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; აღკვეთილ იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ......ში მდებარე, N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების უკანონო ხელყოფა და დადგინდა ამ მიზნით ნ.ფ–ვას გამოსახლება მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონებიდან და გამოთავისუფლებული ფართის თ.ტ–ძისათვის ჩაბარება. მოსარჩელეს უარი ეთქვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე.



1.6. პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.



1.7. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება.



სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:



2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა თ.ტ–ძის კერძო საჩივარი დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის ნაწილში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.



2.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 07 ოქტომბრის განჩინებით ნ.ფ–ვას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.



სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:



2.2. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ......ში მდებარე N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულია თ.ტ–ძე.



2.3. მოსარჩელე თ.ტ–ძე არის მოპასუხის მამამთილი. მოსარჩელის შვილთან - რ.ტ–ძესთან ქორწინების შემდეგ ნ.ფ–ვა საცხოვრებლად გადავიდა მოსარჩელის კუთვნილ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ......ში (ს/კ N......) მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც ცხოვრობს არასრულწლოვან შვილებთან, ნ. და ბ.ტ–ძეებთან ერთად. ნ.ფ–ვა და მისი მეუღლე ფაქტობრივად დაშორდნენ ერთმანეთს და ცხოვრობენ ცალ-ცალკე.



2.4. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა იმ საკითხის გარკვევა-შეფასება, აპელანტს გააჩნდა თუ არა უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის უფლება და არსებობდა თუ არა რეგისტრირებული მესაკუთრის - თ.ტ–ძის ვინდიკაციური მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოება. პალატის განმარტებით, ერთმანეთს უპირისპირდება თ.ტ–ძის საკუთრების უფლება და ნ.ფ–ვას საცხოვრისის უფლება, რაც უკავშირდება არასრულწლოვანი შვილების დედასთან ცხოვრების უფლებას. პალატამ მიუთითა, რომ საცხოვრისის უფლება არ გულისხმობს სხვისი საკუთრებით სარგებლობასა და ფლობას და ამ გზით საცხოვრისის უფლების განხორციელებას.



2.5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის, როგორც მესაკუთრის ერთ-ერი უმნიშვნელოვანეს უფლებაზე, რომლის უზრუნველყოფა სავინდიკაციო სარჩელის შეტანის გზით ხდება. მოთხოვნა დაკმაყოფილდება შემდეგ შემთხვევაში: უნდა არსებობდეს ნივთის მესაკუთრე, უნდა არსებობდეს ნივთის მფლობელი და მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. ამდენად, დასახელებული ნორმების შესაბამისად, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ანუ ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე. პალატის მითითებით, დგინდებოდა მოსარჩელის სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ ყოფნისა და მოპასუხის მიერ აღნიშნული ქონების ფლობის ფაქტი, ხოლო მოპასუხის მიერ ვერ იქნა დადასტურებული მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოება - უძრავი ნივთის ფლობის მართლზომიერების შესახებ.



3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.



საკასაციო საჩივრის საფუძვლები:



3.1. კასატორების მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხე სადავო ფართში არ შეჭრილა უკანონოდ და იქ ცხოვრობს მას შემდეგ, რაც მოსარჩელის რძალი გახდა. ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, რომლებიც ცხოვრობენ დედასთან ერთად. სასამართლომ არ გაითვალისწინა მცირეწლოვანი ბავშვების უფლებები და კანონიერი, ჭეშმარიტი და ნამდვილი ინტერესები. არ გაითვალისწინა „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ის ფუნდამენტალური მოთხოვნები, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოში ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებს უზრუნველყოფს და იცავს მათი ინტერესების ხელყოფისგან.



3.2. სასამართლომ არ მოუსმინა საქმეში მესამე პირებად ჩართულ მცირეწლოვან ბავშვებს, ისე მიიღო გადაწყვეტილება, რითაც დაირღვა „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ იმპერატიული მოთხოვნები.



3.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ამავე სასამართლოს 2022 წლის 27 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:



4. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით, თ.ტ–ძის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:



5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).



6. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს (სუსგ N ას-251-2018, 08.02.2022 წ.).



7. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (სუსგ Nას-1163-2018, 08.02.2019 წ.; Nას-495-2020, 23.10.2020 წ ).



8. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშნვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:



8.1. სადავო უძრავი ქონება, მდებარე: ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ......ში, საკადასტრო კოდი N......., მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს.



8.2. მოპასუხე მოსარჩელის შვილის - რ.ტ–ძის რეგისტრირებული მეუღლეა. 2009 წლის 12 მაისს დაბადებული ნ.ტ–ძე და 2015 წლის 25 იანვარს დაბადებული ბ.ტ–ძე არიან მოპასუხის შვილები და ამავე დროს მოსარჩელის შვილიშვილები.



8.3. ნ.და ბ.ტ–ძეები ცხოვრობენ დედასთან - ნ.ფ–ვასთან ერთად, მოსარჩელის კუთვნილ სახლში. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ნ.ფ–ვას და მასთან მცხოვრებ ბავშვებს საკუთრებაში უძრავი ქონება და შესაბამისად სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ.



9. მოცემულ შემთხვევაში, ერთმანეთს უპირისპირდება თ.ტ–ძის საკუთრების უფლება და ნ.ფ–ვას საცხოვრისის უფლება, რაც უკავშირდება არასრულწლოვანი შვილების დედასთან ცხოვრების უფლებას.



10. საკასაციო პალატა, სადავო საკითხის მართებულად შეფასებისთვის, მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს ბავშვის უფლებების მარეგულირებელ კანონმდებლობაზე.



11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციაზე, რომლის მონაწილე სახელმწიფოებიც აღიარებენ, რომ ბავშვებს აქვთ განსაკუთრებული ზრუნვისა და დახმარების უფლება. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან, ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.



12. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის.



13. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციით აღიარებული ბავშვის უფლებების სრულფასოვნად რეალიზაციისათვის, 2020 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში ამოქმედდა ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც, კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად, მიზნად ისახავდა ბავშვის კეთილდღეობის მისაღწევად საქართველოში ერთიანი სახელმწიფოებრივი ხედვისა და სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებას. კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება.



14. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც არასრულწლოვანი ბავშვები დედასთან ერთად ცხოვრობენ პაპის კუთვნილ სახლში და საკუთრებაში უძრავი ქონება არ გააჩნიათ, ნ.ფ–ვას გამოსახლება გამოიწვევს მისი მცირეწლოვანი შვილების გამასახლებასაც, მიუხედავად იმისა, რომ სასარჩელო მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ ბავშვების მიმართ არ დაყენებულა. საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 1225-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს პაპისა და ბებიის საალიმენტო მოვალეობას შვილიშვილის მიმართ (პაპა და ბებია, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისაგან) და მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოცემული დავის ფარგლებში განსახილველ საკითხს არ განეკუთვნება აღნიშნული მუხლის შესაბამისად, პაპისათვის ალიმენტის დაკისრების შესახებ მოთხოვნა, აღნიშნული მუხლის სწორი, თანმიმდევრული, დასაბუთებული და ლოგიკური განმარტების შედეგად, მისი რეგულირების მიზანი მხოლოდ არასრულწლოვანისათვის მატერიალური საზრდოს დანიშვნა არაა, არამედ, მისი მოქმედების მასშტაბი უფრო ფართოა და მოიცავს არასრულწლოვანის უზრუნველყოფას საცხოვრებელით, მაშინ როდესაც, არასრულწლოვანს ამ სიკეთის მიღება თავის მშობლებისაგან არ შეუძლია (სუსგ. Nას-454-426-2017, 05.05.2017წ.). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის არასრულწლოვანი შვილიშვილები ცხოვრობენ დედასთან (მოპასუხესთან) ერთად მოსარჩელის კუთვნილ სახლში და სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ. ასეთი მოცემულობის არსებობისას, არასრულწლოვნის უფლებასთან მიმართებით, რომ პაპის მიერ უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრებლით, არ იკვეთება მესაკუთრის უპირატესი ინტერესი ნ.ფ–ვას, და შესაბამისად მისი არასრულწლოვანი შვილების უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვასთან მიმართებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სისტემური ანალიზის მიხედვით, შვილიშვილებზე ზრუნვის ვალდებულება პაპა-ბებიის მოვალეობაცაა, მით უფრო იმ შემთხვევაში, როდესაც დადგენილია, რომ ბავშვები ცხოვრობენ მხოლოდ დედასთან ერთად .



15. პაპისა და ბებიის მიერ შვილიშვილზე ზრუნვისა და მისი რჩენის მოვალეობა არ არის უცხო არც ევროპული სამართლის ქვეყნებისთვის. მაგალითად, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის (BGB) 1601-ე პარაგრაფის მიხედვით, პირდაპირი ხაზით ნათესავები ვალდებული არიან, არჩინონ ერთმანეთი. გერმანიის უზენაესმა ფედერალურმა სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, პაპა და ბებია მოვალენი არიან დაეხმარონ დამატებითი სახსრებით მის არასრულწლოვან შვილიშვილს, მაშინაც კი, როდესაც ბავშვის მშობლებს აქვთ გარკვეული სახის შემოსავალი. განქორწინებულმა მშობლებმა კონკრეტული გარემოებების არსებობისას ნაკლები სახსრებით უნდა დაეხმარონ თავიანთ შვილს, როდესაც პაპა და ბებია ფინანსურად იმგვარ მდგომარეობაში არიან, რომ მათ ასევე შეუძლიათ შვილიშვილების რჩენისა და ზრუნვისთვის სახსრები გაიღონ. სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებლის მიერ ნათესაური კავშირების გამო რჩენისა და ზრუნვის მოვალეობის დაწესება თაობათაშორისი სოლიდარობის პრინციპის გამოხატულებაა. ამდენად, პაპა და ბებია მოვალენი არიან იზრუნონ შვილიშვილზე და მათ სასიკეთოდ სოციალური ვალდებულები აიღონ, რაც სამოქალაქო-სამართლებრივი ზრუნვის მოვალეობაში გამოიხატება (Beschluss vom 27. Oktober 2021 - XII ZB 123/21).



16. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მცირეწლოვან ბავშვებს, რომელთა გამოსახლება თანხვედრაშია დედის გამოსახლებასთან და მხარეებს შორის, არ არის მხოლოდ მესაკუთრესა და უკანონო მფლობელს შორის ურთიერთობა, არამედ იგი მოიცავს ასევე პაპისა და შვილიშვილების ურთიერთობასაც (ურთიერთრჩენის თვალსაზრისით) და სწორედ ამიტომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები „წინ უსწრებს“ საკუთრების უფლებას (სუსგ. Nას-454-426-2017, 05.05.2017წ.).



17. სადავო საკითხთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ საკასაციო პალატამ თავისი ერთ-ერთი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა მესაკუთრის სარჩელი, რომლითაც იგი ითხოვდა მოპასუხის (რძლის) არასრულწლოვან შვილებთან ერთად გამოსახლებას. დავაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მოპასუხის და მისი ორი არასრულწლოვანი შვილის გამოსახლებას სადავო ბინიდან მოითხოვდა იმ მოტივით, რომ მოპასუხე არ უვლიდა მას. მოპასუხეს არ გააჩნდა სხვა საცხოვრებელი ბინა და იგი თავის ორ არასრულწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობდა სადავო ბინაში. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იყო გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა იყო გაუმართლებელი. საკასაციო პალატის მითითებით, პაპას საალიმენტო ვალდებულებების გარდა აქვს მოვალეობაც, რომ შვილიშვილებს შეუქმნას ცხოვრებისათვის ჯანსაღი გარემო და იმ ვითარებაში, როდესაც მოპასუხეს და მის არასრულწლოვან შვილებს არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი სახლი, პაპის ზნეობრივი მოვალეობაა იზრუნოს შვილიშვილებზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე არამართლზომიერად იყენებდა მესაკუთრის უფლებებს (სუსგ. Nას-545-728-08, 12.09.2008წ).



18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 05 მაისის Nას-454-426-2017 განჩინებით განმარტებულია, რომ მოცემულ შემთხვევაში, განსახილველი დავა შეეხება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვასა და საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთას, თუმცა, განსახილველ დავასა და ზემოთმოხმობილ სასამართლო პრაქტიკას აერთიანებთ არასრულწლოვანი ბავშვების უფლების განხორციელებაში (იზრდებოდნენ ოჯახურ გარემოში, დედასთან და ჰქონდეთ საცხოვრებელი ადგილი და შესაბამისი პირობები) შესაბამისი პირების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების არსებობა, როგორიცაა უპირატესად, თავად მშობლები და იმავდროულად, პაპა - ბებია. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, მოპასუხის სტადიის შეფასებისა და უწინარესად, სამართლებრივი კვაფიკაციის ვალდებულების გათვალისწინებით, მოხმობილი სასამართლო პრაქტიკა, განსახილველ საქმეზე საკუთრების უფლების შეზღუდვის პროპორციულობისა და გონივრულობის თვალსაზრისით, რელევანტურია.



19. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დავის ერთ მხარეზე არსებობს მოსარჩელის საკუთრების დაცვის ლეგიტიმური ინტერესი (საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლისა და ევრო კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის, სსკ-ის 170-172-ე მუხლების სამართლებრივი საფუძვლით), ხოლო ამ უფლების საპირწონედ, წარმოდგენილია მესაკუთრის არასრულწლოვანი შვილიშვილების მწვავე საჭიროება საცხოვრებელ ბინაზე (თავშესაფარზე), სადაც ისინი შეძლებენ ოჯახურ გარემოში - დედასთან ერთად ცხოვრებასა და გაზრდას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები, რომლის დასაცავად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბავშვის უფლებათა კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კრიტერიუმები, რომელიც ვერ იქნება შესრულებული, თუ ისინი არ იქნებიან უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ადგილით. შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გამოებების გათვალისწინებით, მოსარჩელის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში მისივე არასრულწლოვანი შვილიშვილების ცხოვრების პირობებში, არსებობს საკუთრების კონსტიტუციური უფლების დროებით შეზღუდვის მწვავე სოციალური საჭიროება, რაც გამოწვეულია მესაკუთრის შვილიშვილების საცხოვრებლის ქონის აუცილებლობით.



20. ზემოთ მითითებულ მსჯელობასთან ერთად საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ასევე საქმეში წარმოდგენილ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვეპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის და მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტის აჭარის ა/რ სააგენტოს ხელვაჩაურის წარმომადგენლობის 2020 წლის 12 მარტის დასკვნაზე, რომელიც მოპასუხესა და მის მეუღლეს - რ.ტ–ძეს შორის არსებულ სამოქალაქო საქმეზე (დავის საგანს წარმოადგენდა შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და ალიმენტის დაკისრება) არის შედგენილი. აღნიშნული დასკვნის თანახმად, საცხოვრებელი სახლი, სადაც ნ.ფ–ვა ქმართან და სამ შვილთად ერთად ცხოვრობდა, არის სამსართულიანი კაპიტალური ქვის შენობა (მოცემიულ საქმეზე სადავო სახლი), რომლის პირველ სართულს ოჯახი საცხოვრებლად არ იყენებს. ნ.ფ–ვას ქმრის - რ.ტ–ძის გადმოცემით, იგი გეგმავდა, სახლის მეორე სართულის გაქირავებას, ხოლო მესამე სართული გამოყენებულია საცხოვრებლად. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული დასკვნიდან გამომდინარე, საცხოვრებელი სახლი მისი დიდი ფართის, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ მესამე სართულს იყენებენ საცხოვრებლად, მეორე სართულის გაქირავება შესაძლებელია, ხოლო პირველ სართულს დასკვნის გაცემის დროისათვის არ იყენებდნენ საცხოვრებლად, შესაძლებელია, რომ სადავო სახლში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად (იზოლირებულად) იცხოვრონ როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხემ თავის არასრულწლოვან შვილებთან ერთად. აღნიშნული კი უზრუნველყოფს, როგორც მესაკუთრის მიერ მისი საკუთრებით სარგებლობის უფლებას, ასევე ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვას - უზრუნველყოფილი იყვნენ საცხოვრებლით, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს საკუთრების უფლებასა და ბავშვების (რომლებიც არის მოსარჩელის შვილიშვილები) საუკეთესო ინტერესებს შორის ბალანსის დაცვას.



21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არის ლეგიტიმური და წარმოადგენს საკუთრების უფლებაში ჩარევის პროპორციულ, გონივრულ და აუცილებელ ზომას.



22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.



23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.



24. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხეს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში წინასწარ გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 230 (80+150) ლარი, რისი ანაზღაურებაც მოსარჩელეს უნდა დაეკისროს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი



საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და



გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :



1. ნ.ფ–ვას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;



2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;



3. თ.ტ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;



4. თ.ტ–ძეს (.......) ნ.ფ–ვას (........) სასარგებლოდ დაეკისროს 230 (80+150) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;



5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.