საქმის ნომერი: 2ბ/3702-11
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: თინათინ ეცადაშვილი(თავმჯდომარე), ირაკლი ადეიშვილი, გოდერძი გიორგიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/3702-11 (2012-02-16), www.temida.ge
საქმის № 2ბ/3702-11

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       16 თებერვალი, 2012 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე:
თინათინ ეცადაშვილი
მოსამართლეები:
ირაკლი ადეიშვილი, გოდერძი გიორგიშვილი,

სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი

აპელანტი - მ. ა.
წარმომადგენელი - დ. ვ.
მოწინააღმდეგე მხარე - დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობა განთიადის თემის ტერიტორიული ორგანო
მესამე პირი - ნ. ო.
წარმომადგენელი - ლ. ჭ.

დავის საგანი - საკომლო ჩანაწერის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით მ. ა.-ს სარჩელი მოპასუხე დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობა განთიადის თემის ტერიტორიული ორგანოს მიმართ საკომლო ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

2.1. 1991 წლის 13 მაისს დ. ა.-ს კომლის წევრად რეგისტრირებულ იქნა ნ. ვ.-ს ასული ო. დაბადებული 1963 წლის 3 მარტს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საკომლო წიგნიდან (ს.ფ.77)
- მხარეთა ახსნა – განმარტება;

2.2. დ. ა.-ს ოჯახის საზოგადოებრივი კუთვნილება წარმოადგენს მუშის ოჯახს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საკომლო წიგნიდან (ს.ფ 81);

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

2.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივ აქტს.

2.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

2.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60(1) მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60(1) მუხლის მე-2 ნაწილი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობას უკავშირებს მხოლოდ ისეთ პროცედურულ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული აქტის გამოცემა პროცედურული დარღვევით ყოველთვის არ იწვევს ამ აქტის ბათილობას.

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ამ აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, თუმცა სასამართლომ ყურადღება მიაქცია რა ადმინისტრაციული სამართალწარმოების სპეციფიკას, ხაზი გაუსვა იმ მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის მახასიათებელი ინკვიზიციურობის ელემენტი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის დებულებიდან გამომდინარე, არ გამორიცხავს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის სავალდებულობას, რის საფუძველზეც, თითოეული მხარე ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი მოთხოვნები, უარყოს ან გააქარწყლოს მეორე მხარის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

სასამართლომ ჩათვალა, რომ შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა საკომლო წიგშნი ნ. ო.-ს დ. ა.-ს კომლის წევრად რეგისტრაციისას კანონის ან პროცედურის ისეთ არსებით დარღვევას, რაც გახდებოდა ჩანაწერის ბათილობის საფუძველი.

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების, ზემოაღნიშნული ნორმების ურთერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ნ. ო.-ს კომლის სახელზე განხორციელებული საკომლო ჩანაწერის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

2.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. აღნიშნული მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე არ დასტურდება და არც სასამართლო სხდომაზე იქნა წარმოდგენილი მოსარჩელის მიერ რაიმე მტკიცებულება იმ გარემოებების დასადგენად, რომ ნ. ო.-ს დ. ა.-ს კომლის წევრად რეგისტრაციისას ადგილი ჰქონდა კანონის ან კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება; შესაბამისად, სასამართლომ უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ სარჩელში მოყვანილი არგუმენტები.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა სააპელაციო წესით მ. ა.-ს მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით მ. ა.-ს სააპელაციო საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებაზე განსჯადობით განსახილველად გადმოეცა უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგი დასაბუთებით:

,,საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლის გადაწყვეტაც მის უფლებამოსილებას განეკუთვნება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.1. მუხლის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც, უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი განსაზღვრავს იმ ადმინისტრაციულ საქმეთა ჩამონათვალს, რომელსაც განიხილავს სასამართლო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად, ამოსავალია სადავო სამართალურთიერთობის შინაარსი, რის გასარკვევადაც არსებითია მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლის დადგენა - კერძო სამართლის თუ საჯარო სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე დავაა განსახილველი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის შემთხვევაში მოსარჩელე მ. ა. მოითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი საკომლო ჩანაწერი, რომლითაც 1991 წლის 13 მაისს დ. ა.-ს კომლის წევრად რეგისტრირებულ იქნა ნ. ვ.-ს ასული ო. დაბადებული, 1963 წლის 3 მარტს.

სასამართლო მიუთითებს, რომ „საქართველოს სსრ სახალხო დეპუტატთა სადაბო, სასოფლო საბჭოს შესახებ“ 1968წლის 25 დეკემბრის კანონის 22-ე მუხლის თანახმად, რაისაბჭოს აღმასკომი დადგენილი წესით ახდენდა მოქალაქეთა ჩაწერა-ამოწერას, რეგისტრაციაში ატარებდა საკოლმეურნეო (გლეხთა) კომლის საოჯახო ქონებრივ გაყოფას, ამასთანავე, მიწის კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლი გაყრილად ან გაუქმებულად ითვლებოდა მხოლოდ აღმასკომში რეგისტრაციის მომენტიდან.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 5 მარტის №119 დადგენილებით კოლმეურნეობებმა შეწყვიტეს არსებობა და მასთან ერთად გაუქმდა საკოლმეურნეო კომლის სტატუსი. საკომლო მეურნეობის დეფინიცია მოცემულია ,,სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის 4.4 მუხლში, კერძოდ საკომლო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ანდა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტში 2003 წლის 20 ივნისის კანონით შეტანილი ცვლილების მიხედვით საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იქნეს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ უნდა იქნეს რეგისტრირებული.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სადღეისოდ კომლთან დაკავშირებული ადგილობრივი მმართველობის ორგანოს აქტი - საკომლო ჩანაწერი, რომლითაც 1991 წლის 13 მაისს დ. ა.-ს კომლის წევრად რეგისტრირებულ იქნა ნ. ვ.-ს ასული ო. დაბადებული, 1963 წლის 3 მარტს, თავისი ბუნებით არ პასუხობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ აქტის მოთხოვნებს, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებასა და მოვალეობას. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის პერიოდში საკომლო დავთარში (საკომლო წიგნში) სათანადო ჩანაწერის შეტანა არ განეკუთვნებოდა ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის კომპეტენციის სფეროს. საკომლო დავთარში რეგისტრაციის სამართლებრივი შინაარსი დეტერმინირებულია უფლების წარმომქმნელი კერძო-სამართლებრივი ხასიათის ქონებრივ-საოჯახო ურთიერთობებით. კერძოდ, სასარჩელო მოთხოვნა თავისი არსით ეხება კომლის ქონებაზე უფლებას, რაც თავისი ბუნებით წარმოადგენს კერძო-სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განხილული იქნეს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეზე, მოპასუხის სახით ადმინისტრაციული ორგანოს - დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობა განთიადის თემის ტერიტორიული ორგანოს მონაწილეობა არ ცვლის განსახილველი საქმის სამართლებრივ ბუნებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებული სამოქალაქო საქმე, რის გამოც იგი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად, განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას’’.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივი საფუძვლები

3.1. სასამართლოს არ გამოუკვლევია ის გარემოება, თუ რის საფუძველზე მოხდა ნ. ო-ს კ. ა.-ს კომლის წევრად ჩაწერა.

3.2. სასამართლოს არ დაუდგენია ნ. ო.-სა და ა. ა.-ს შორის ქორწინების რეგისტრაციის ფაქტი.
აპელანტის განმარტებით, ნ. ო. არც ფაქტობრივ და არც რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდა აპელანტის ძმასთან, შესაბამისად, იგი ვერ იქნებოდა ჩაწერის დროს ოჯახის რძალი. ამასთან, ნ. ო. 12 წელზე მეტია წასულია დმანისიდან, და მიღებული აქვს პირადობის მოწმობა მისამართის გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგისტრირებულია ქ.თბილისში.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება


4.1. დადგენილია, რომ 1991 წლის 13 მაისს დ. ა.-ს კომლის წევრად რეგისტრირებულ იქნა ნ. ვ.-ს ასული ო. დაბადებული 1963 წლის 3 მარტს.

4.2. დ. ა.-ს ოჯახის საზოგადოებრივი კუთვნილება წარმოადგენს მუშის ოჯახს.

4.3. დადგენილია, რომ მოსარჩელე მ. ა.-ს სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს, ბათილად იქნეს ცნობილი საკომლო ჩანაწერი, რომლითაც 1991 წლის 13 მაისს დ. ა.-ს კომლის წევრად რეგისტრირებულ იქნა ნ. ვ.-ს ასული ო. დაბადებული, 1963 წლის 3 მარტს.

4.4. „საქართველოს სსრ სახალხო დეპუტატთა სადაბო, სასოფლო საბჭოს შესახებ“ 1968 წლის 25 დეკემბრის კანონის 22-ე მუხლის თანახმად, რაისაბჭოს აღმასკომი დადგენილი წესით ახდენდა მოქალაქეთა ჩაწერა-ამოწერას, რეგისტრაციაში ატარებდა საკოლმეურნეო (გლეხთა) კომლის საოჯახო ქონებრივ გაყოფას, ამასთანავე, მიწის კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლი გაყრილად ან გაუქმებულად ითვლებოდა მხოლოდ აღმასკომში რეგისტრაციის მომენტიდან.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 5 მარტის №119 დადგენილებით კოლმეურნეობებმა შეწყვიტეს არსებობა და მასთან ერთად გაუქმდა საკოლმეურნეო კომლის სტატუსი. საკომლო მეურნეობის დეფინიცია მოცემულია ,,სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის 4.4 მუხლში, კერძოდ საკომლო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ანდა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტში 2003 წლის 20 ივნისის კანონით შეტანილი ცვლილების მიხედვით საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იქნეს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ უნდა იქნეს რეგისტრირებული.

მოცემულ შემთხვევაში პალატა მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 1991 წლის 13 მაისს დ. ა.-ს კომლის წევრად რეგისტრირებულ იქნა ნ. ვ.-ს ასული ო. დაბადებული 1963 წლის 3 მარტს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. აღნიშნული მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, მ. ა.-მ საქართველოს სსკ-ის 102.3. დებულებიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა, რომ არსებობდა საკომლო ჩანაწერის, რომლითაც 1991 წლის 13 მაისს დ. ა.-ს კომლის წევრად რეგისტრირებულ იქნა ნ. ვ.-ს ასული ო. დაბადებული, 1963 წლის 3 მარტს ბათილად ცნობის საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ არ არსებობს ნ. ა.-ს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

5.1. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და 26-ე მუხლები, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით დადგენილი განსჯადობის წესები, ვინაიდან მ. ა.-ს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული საქმე ექვემდებარებოდა განხილვას სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლით განისაზღვრება იმ კატეგორიის საქმეთა ჩამონათვალი, რომელთა განხილვა და გადაწყვეტა უნდა მოხდეს აღნიშნული კოდექსით დადგენილი საპროცესო წესებით. ამასთან, არსებითი ელემენტი, რომლის შედეგადაც დავა მიჩნეულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმედ, არის დავის გამომდინარეობა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა თვლის, რომ მ. ა.-ს სასარჩელო მოთხოვნა არ მიეკუთვნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეებს და არც დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

პალატას მიაჩნია, რომ მოცემული საქმე წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დავას და მისი გადაწყვეტა უნდა მოხდეს სამოქალაქო საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესების დაცვით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი გამოტანილია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმებზე დაყრდნობით. ამდენად, საქმის განმხილველმა სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული განსჯადობის წესების დარღვევით ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის არაგანსჯადი საქმის განხილვა იწვევს საქმის განმხილველი სასამართლოს არაკანონიერ შემადგენლობას, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მ. ა.-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება მ. ა.-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

6. საპროცესო ხარჯები

აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 150 ლარის ოდენობით რჩება სახელმწიფო ხაზინაში.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა:


1. მ. ა.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. მ. ა.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.





თავმჯდომარე თინათინ ეცადაშვილი

მოსამართლეები გოდერძი გიორგიშვილი

ირაკლი ადეიშვილი