საქმის ნომერი: 3ბ/779-16
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართლის პროცესი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მერაბ ლომიძე,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: არ ექვემდებარება გასაჩივრებას, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: ინდაქტის გასაჩივრების ვადის გაშვების მიზეზით საქმის წარმოების შეწყვეტის განჩინება გაუქმდა, რადგან არ ყოფილა წარმოდგენილი გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №3ბ/779-16 (2016-06-30), www.temida.ge
საქმის № 130310516001237701
საქმის № 3ბ/779-16

განჩინება
საქართველოს სახელით
       30 ივნისი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მერაბ ლომიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - მ. ხ.

დავის საგანი - სარჩელის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება - ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 05 აპრილის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებზე მითითება:

2016 წლის 04 თებერვალს ხაშურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. ხ.-მ მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 04 იანვრის გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2005 წლის 29 მარტის სარეგისტრაციო დოკუმენტი N69/XX/XX/XXX მიწის ნაკვეთზე ქ. კ.-ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2005 წლის 29 მარტის სარეგისტრაციო დოკუმენტი N69/XX/XX/XXX მიწის ნაკვეთზე დ. ხ.-ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 23 იანვრის სარეგისტრაციო დოკუმენტი N69/XX/XX/XXX მიწის ნაკვეთზე დ. ხ.-ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

ხაშურის რაიონული სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მოპასუხის წარმომადგენელმა იშუამდგომლა 2005 წლის 29 მარტის და 31 მარტის ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტაზე იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელისათვის ქ. კ.-ს და შემდეგ დ. ხ.-ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ადმინისტრაციული აქტების შესახებ ცნობილი იყო რამოდენიმე წლის წინ, როდესაც 2010 წლის ნოემბერში, საჯარო რეესტრის სააგენტოში წარდგენილ საჩივარს აქტებიც დაურთო და ამდენად, გაუშვა სარჩელის წარდგენისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით დადგენილი ერთ თვიანი ვადა.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 05 აპრილის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქმე, სარჩელის დაუშვებლობის გამო, უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით 69 XX XX XX ქ. კ.-ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2005 წლის 29 მარტის ადმინისტრაციული აქტის და იმავე უძრავ ნივთზე დ. ხ.-ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2005 წლის 31 მარტის ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში შეწყდა; მ. ქ.-ს დაუბრუნდა 2016 წლის 3 თებერვალს, ბანკ ,,რესპუბლიკის“ მეშვეობით, N1 საგადახადო დავალებით შეტანილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარიდან 25 (ოცდახუთი) ლარი.

ზემოაღნიშნული განჩინების მიღებისას რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 29 მარტის ადმინისტრაციული აქტით დარეგისტრირდა ქ. კ.-ს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით 69 XX XX XX და 2005 წლის 31 მარტის ადმინისტრაციული აქტით, იმავე ნივთზე დარეგისტრირდა დ. ხ.-ს საკუთრების უფლება.

2015 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საჯარო რეესტრის ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურმა შეაჩერა და 2016 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილებით, შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება მ. ხ.-ს განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც მოითხოვდა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების შეტანას.

საჯარო რესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა მ. ხ.-ს საჩივარი ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე.

რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო აღნიშნული საფუძვლით წყვეტს საქმის წარმოებას პროცესის ნებისმიერ სტადიაზე; ამავე კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გასაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში.

მოცემულ შემთხვევაში, სადავოდ არ გამხდარა და მოსარჩელე მხარემაც დაადასტურა, რომ ჯერ ქ. კ.-ს საკუთრების და შემდეგ დ. ხ.-ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სადავო აქტებს სათანადო წესით გაცნობილი იყო 2010 წლის ნოემბერში (მოსამზადებელი სხდომის ოქმი 14.03.2016 წ. სხდომა: 15:56:35-15:57:20, 15:58;03; 25.03.2016 წ. სხდომა: 14:28:15-14:28:53; მთავარი სხდომის ოქმი: 17:17:30-17:18:20). მოსარჩელემ, დაადასტურა რა შუამდგომლობაში აღნიშნული გარემოებები, მოითხოვა სარჩელის წარდგენისათვის დადგენილი ვადის გაშვების საპატიოდ ჩათვლა, რადგან მ. ხ. და მისი მეუღლე ავადმყოფობდნენ. წარმოადგინა სამედიცინო დაწესებულებიდან ცნობები იმის შესახებ, რომ 2012 წლის ივლისში სამი დღით თვითონ იყო მოთავსებული სტაციონარში 2013 წლის სექტემბერში, ხოლო ორი დღით მისი მეუღლე. ასევე, ცნობები სისხლის ანალიზის და მედიკამენტების დანიშვნის შესახებ, რომლებიც 2012 წლის ივლისით და აგვისტოთია დათარიღებული.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ მ. ხ.-მ სასამართლოში სარჩელი წარადგინა 2016 წლის 4 თებერვალს. მანამდე, წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, 2007 წლიდან (ს.ფ.75-86) დავობს ქ. კ.-ს და დ. ხ.-სათვის უძრავი ნივთის რეგისტრაციის კანონიერებაზე (2011 წელს სასამართლოსაც მიმართა ამ საკითხთან დაკავშირებულ დავაზე), 2010 წლის 15 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა შუამდგომლობაში აღნიშნული აქტების კანონიერების თაობაზე, რომელშიც, ისევე როგორც სარჩელში, აღნიშნავდა, რომ ამ აქტებით საკუთრების რეგისტრაციით სახლში შესასვლელი აღარ დარჩა. ასეთი გარემოებების არსებობისას, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ჯანმრთელობის შესახებ ცნობები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, არ ადასტურებს, რომ მან საპატიოდ გაუშვა სარჩელის წარდგენისათვის დადგენილი ერთთვიანი ვადა. მით უმეტეს ვადის გაშვება ეხება 2010 წლის ნოემბრიდან 2016 წლის 4 თებერვლამდე პერიოდს.

სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით, რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება. შესაბამისად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 (ასი) ლარიდან 25 (ოცდახუთი) ლარი უკან უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელე მხარეს.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 05 აპრილის განჩინება გასაჩივრებული იქნა მ. ხ.-ს წარმომადგენლის მ. ქ.-ს მიერ.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება, პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ და გარანტირებულ საკუთრების უფლებას, არღვევს საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებს „სამართლიანი სასამართლოს“ გარანტირებული უფლების შესახებ, არღვევს საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს -ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ. სწორედ ამიტომ, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 05 აპრილის განჩინება სარჩელის დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ უნდა გაუქმდეს და სასამართლომ მოსარჩელე მ. ხ.-ს საქმე N3-10 უნდა განიხილოს არსებითად.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, 2016 წლის 04 თებერვალს მ. ხ.-ს მიერ ხაშურის რაიონულ სასამართლოში განსჯადობის წესის დაცვით წარდგენილ იქნა სარჩელი, რომლის თანახმად მ. ხ. ითხოვს უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით 69.XX.XX.XXX ქ. კ.-ს საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2005 წლის 29 მარტის ადმინისტრაციული აქტის და იმავე უძრავ ნივთზე დ. ხ.-ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2005 წლის 31 მარტის ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობას. მ. ხ. აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნებს მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებებით ასაბუთებს: მოსარჩელე მ. ხ.-მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახლის ½ ნაწილი ქ. ხაშურში, მაისის ქუჩა N3-ში მიიღო მემკვიდრეობით დეიდისაგან 1997 წელს, აღნიშნული ქონება თავად მ. ხ.-ს დეიდის ნ. ღ.-ს საკუთრებას წარმოადგენდა 1947 წლიდან მოყოლებული. მემკვიდრეობით მიღებული ქონება, როგორც სამკვიდრო მოწმობიდან და ტექ. ბიუროს ჩანაწერებით ირკვევა, შეადგენდა 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ 92,3 კვ.მ. შენობა ნაგებობის ½ ნაწილს (იხ. სარჩელი, დანართი 2;3;4;5;6;7;8;9). ხაშურის ტექ. ბიუროს უფროსის ხვედელიძის მიერ 1997 წლის 27 ოქტომბერს გაცემული საცხოვრებელი სახლის პასპორტის მონაცემებით ასევე ირკვევა, რომ ქ. ხაშურში მაისის ქუჩა N3-ში მდებარე და მ. ხ.-ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შესასვლელი რ.-ს ქუჩიდან განისაზღვრებოდა 5.6 მ.-ით. (იხ.სარჩელი, დანართი 9). თუმცა დღეის მდგომარეობით მ. ხ.-ს საკუთრებას წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ 126 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელსაც რ.-ს ქუჩიდან შესასვლელი ფაქტობრივად აღარ გააჩნია. საუბარია არათუ საკუთრების უფლების მცირეოდენ ხელყოფაზე, არამედ ფაქტობრივად შესასვლელის გარეშე დატოვებულ საკუთრებაზე, რომელიც მემკვიდრეობით დატოვებული ქონების მეხუთედსაც აღარ წარმოადგენს დღეის მდგომარეობით, ქ. კ.-ს და შემდგომ ამავე უძრავ ქონებაზე დ. ხ.-ს უკანონოდ, ყოველგვარი ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის გარეშე რეგისტრირებული უფლების ხარჯზე.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი 69.XX.XX.XXX) ქ. კ.-ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 29 მარტის ადმინისტრაციული აქტი და ამავე ქონებაზე დ. ხ.-ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 31 მარტის ადმინისტრაციული აქტი, რომ ყოველგვარი სამართლებრივი ნომრების მოთხოვნის დაუცველად არის მიღებული და გამოცემული, ამას არა მხოლოდ მოსარჩელე მ. ხ. ამტკიცებს, არამედ აღნიშნული დეტალურად დაადასტურა და დაასაბუთა 2008 წლის 27 მარტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენარალურმა ინსპექციამ, რომელმაც დადო დასკვნა ზემოთ მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რეგისტრაციის დროს დაშვებული უკანონობების შესახებ. კერძოდ: იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურეობრივი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2005 წლის 22 მარტს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა მოქ. ქ. კ.-მ და მოითხოვა მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ხაშური, რ.-ს ქ. NXX/XX-ში, საკუთრების უფლების რეგისტრაცია, აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ქ. კ.-ს სახელზე გაცემულ საახრიცხვო ბარათში მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაიწერა 1972 წლის 27 აპრილს N2-2210 ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებული მ/შ კ.-ს მიერ (იხ. სარჩელი დანართი 15) და მშენებლობის გეგმა გაც. 03.07.2000წ. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მოქალაქე ქ. კ.-მ მოქ. ზ. ი.-საგან იყიდა ორსართულიანი სახლის 2/6 ნაწილი განლაგებული მიწის ნაკვეთზე საერთო ზომით საერთო სარგებლობის 148 კვ.მ., ხოლო 2000 წლის 03 ივლისის გეგმა წარმოადგენს რ.-ს NXX-ში ქ. პ.-ს ასული კ.-ს კუთვნილი ბინის პირველ სართულზე არსებული სასურსათო მაღაზიის გეგმას, რომლის თანახმად ქ. კ.-ს საკუთრებაში ფართი არ მომატებია (იხ. სარჩელი დანართი 29 დასკვნა გვ 2-3). თავდაპირველად ქ. კ.-ს სახელზე გაიცა სააღრიცხვო ბარათი, სადაც ის თანამესაკუთრედ იყო მითითებული თ. ლ.-სთან ერთად (იხ. სარჩელი დანართი 17), აღნიშნულ სააღრიცხვო ბარათში ქ. კ.-ს საკუთრებად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ჩაიწერა მიწის ნაკევთი 223 კვ.მ., საერთო საცხოვრებელი სახლი გან. 134 კვ.მ.-ის 4/6 ნაწილი. აღნიშნულ მონაცემებში შემდეგ გადახაზულია რიცხვი 134 და ჩაწერილია 80, ხოლო 4/6 ნაწილის შემდეგ ჩამატებულია 47,6 კვ.მ. ფაქტიურად საჯარო რეესტრის სააღრიცხვო ბარათი სავარჯიშო რვეულს არის დამსგავსებული, აღნიშნული დადასტურებულია იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნით (იხ. სარჩელი დანართი 29, დასკვნა გვ.3).

2005 წლის 29 მარტს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაიცა ამონაწერი, სადაც ქ. კ.-ს საკუთრებად ფიქსირდება გადასწორებული მონაცემები. აღნიშნულ ამონაწერს, რომელშიც გადასწორებული მონაცემები არის მითითებული ხელს აწერს გ. ბ. (იხ. სარჩელი დანართი 29, დასკვნა გვ.3). გაურკვეველია, ყოველგვარ ლოგიკას და საფუძველს მოკლებულია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ. კ.-ს საკუთრებაში 2005 წლის 29 მარტს აღირიცხა საკუთრების უფლება 223 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე წილობრივი მონაცემებით 4/6 ნაწილი, მაშინ როდესაც 2005 წლის 29 მარტს გაცემულ საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტს ამონაწერს, საფუძვლად დაედო ქ. კ.-სა და ზ. ი.-ს შორის 1972 წლის 27 აპრილს გაფორმებული N2-2210 ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ქ. კ.-ს საკუთრებაში გადავიდა მიწის ნაკვეთი 148 კვ.მ. საერთო სარგებლობის წილობრივი მონაცემებით 2/6. უდაოა და ეჭვს არ იწვევს, რომ ქ. კ.-ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს მოხდა არაერთი კანონდარღვევა, სამსახურეობრივი გადაცდომა და ა.შ. რის შემდეგაც მოხდა ქ. კ.-ს საკუთრებაში მიწის ნაკვეთის ზედმეტობით რეგისტრაცია. ზემოთ მითითებული ყველა ეს გარემობა დადასტურებულია იუსტიციის სამინისტროს გენარალური ინსპექციის მიერ 2008 წლის 27 მარტის დასკვნით (იხ. სარჩელი დანართი 29 დასკვნა). 2005 წლის 29 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული ინდივიადულაურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ქ. კ.-ს საკუთრების უფლების შესახებ, რომელიც კანონის მოთხოვნათა სრული დარღვევით არის მიღებული, მოქალაქე მ. ხ.-ს წაერთვა საკუთრება და დღეის მდგომარეობით მას საკუთრება გააჩნია აბსტრაქტულად, საკუთრების ობიექტის გარეშე რაც ყოვლად დაუშვებელია.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საკასაციო სასამართლომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „მართალია, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.6 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.“ (საქმე №ბს-367-363(კ-12)), ყოველივე ზემოაღნიშნულის თანახამდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი იყვნენ სათანადოდ გამოერკვიათ რეგისტრაციისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია და სწორი მონაცემებით მოეხდინათ მოქალაქე ქ. კ.-ს რეგისტრაცია, თუმცა ეს მათ არ გაუკთებიათ. უფრო მეტიც, მათ შეგნებულად გადაასწორეს სააღრიცხვო ბარათებში მითითებული მონაცემები და შემდგომ გასცეს ამონაწერი გადასწორებული მონაცემების მითითებით, ხოლო აღნიშნულ ამონაწერს, რომელიც 2005 წლის 29 მარტს გაიცა, ხელს აწერს არაუფლებამოსილი პირი გ. ბ., რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნეტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის თავმჯდომარის თანამდებობიდან, 2005 წლის 28 მარტს გათავისუფლდა N51-ე ბრძანების საფუძველზე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებაც იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ არის დადგენილი და დადასტურებული (იხ. სარჩელი დანართი 29, დასკვნა გვ 11-12). (მოგეხსენებათ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლით გათვ. შემთხვევებზე არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადები).

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სადაო უძრავ ქონებაზე (ს/კ 69.XX.XX.XXX) 2005 წლის 01 აპრილს, მოქალაქე ქ. კ.-სა და მოქალაქე დ. ხ.-ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. მოქალაქე დ. ხ.-მ 2005 წლის 01 აპრილს მიმართა ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით და მოითხოვა ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია. 2005 წლის 31 მარტს, მოქალაქე დ. ხ.-ს სახელზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა საკუთრების უფლება და სააღრიცხვო ბარათიც გაიცა სწორედ აღნიშნული თარიღით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოქალაქე დ. ხ.-ს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურმა იხელმძღვანელა მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებითა და მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზით, რომლის სიზუსტესაც ხელს არ აწერს უფლებამოსილი პირი, კერძოდ წარდგენილ მიწის აზომვით ნახაზს, როგორც უშუალოდ ნახაზიდან ირკვევა ხელს უნდა აწერდეს მაშინდელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სასმახურის თავმჯდომარე გ. ბ., თუმცა აღნიშნული პირის ხელმოსაწერი ადგილი ცარიელია და დოკუმენტს არც შესაბამისი სამსახურის ბეჭედი ახლავს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურმა აღნიშნულ შემთხვევაშიც უხეშად დაარღვია ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის წესებთან დაკავშირებით. კერძოდ: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურმა 2005 წლის 01 აპილით დათარიღებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წინა დღის თარიღით 31 მარტით მოახდინა დ. ხ.-ს საკუთრების უფლების რეგისტრაცია და სააღრიცხვო ბარათის გაცემა, ასევე სარეგისტრაციო ორგანომ საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოახდინა მიწის ნაკვეთზე იმ აზომვითი ნახაზის საფუძველზე, რომელსაც ხელს არ აწერს უფლებამოსილი პირი და რომელიც არ არის დამოწმებული კანონით დადგენილი სათანადო წესით. აღნიშნულ შემთხვევაში მტკიცებასაც კი არ საჭიროებს ის ფაქტი, თუ რა სახით და რა ფორმით არის დარღვეული კანონი 2005 წლის 31 მარტს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დ. ხ.-ს სახელზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, რომლითაც დასტურდება მისი საკუთრების უფლება, უძრავ ქონებაზე ს/კ 69.XX.XX.XXX (იხ. სარჩელი დანართი 29, დასკვნა გვ 3).

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მიუხედავად მსგავსი კანონდარღვევებისა, მიუხედავად მსგავსი უსამართლობისა, მიუხედავად აშკარად დარღვეული ადმინისტრაციული წარმოებისა, მიუხედავად აშკარად და თაღლითურად წართმეული საკუთრების უფლებისა, სასამართლომ არსებითად არც კი განიხილა მ. ხ.-ს სასარჩელო მოთხოვნა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილებაში ნათლად და გარკვევით არის ჩამოყალიბებული აზრი, საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებით ხანდაზმულობის ვადების შესახებ, სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილებიდან იკვეთება, რომ „სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების არგუმენტაცია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებით მოთხოვნებზე არ ვრცელდებოდა ხანდაზმულობის ვადა“, აღნიშნულს თავის გადაწყვეტილებაში დაეთანხმა საკასაციო სასამართლოც (საქმე №ბს-30-30(2კ-15)).

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მ. ხ.-მ სასამართლოს ასევე წარუდგინა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ მ. ხ.-მ გაიკეთა 2012 წელს ურთულესი ოპერაცია, მე-4 სტადიაში არსებული დაავადების (იხ. საქმე), ასევე წარადგინა ოპერაციამდე ჩატარებული სისხლის ანალიზის პასუხები, საიდანაც ნათლად ირკვევა, რომ მ. ხ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე, მისი ჰემოგლობინი სისხლში იყო განახევრებული და მას ფიზიკურად არ შეეძლო არც გადაადგილება და მითუმეტეს არც სასამართლო დავების წარმოება (იხ. საქმე). ასევე მ. ხ.-ს მიერ სასამართლოს წარედგინა იმავე პერიოდში მისი მეუღლის დ. კ.-ს მიერ ოპერაციის გაკეთების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სადაც ფიქსირდება, რომ მეუღლემაც ურთულესი ოპერაცია გაიკეთა (იხ. საქმე). პარალელურად მ. ხ.-ს შეტყობინეს, რომ კანონდარღვევებით მიღებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების გამოცემის შესახებ საქართველოს მთავარ პროკურატურაში იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის განცხადების საფუძველზე მიმდინარეობდა ძიება, პროკურორთან საუბრისას კი მ. ხ.-მ მიიღო განმარტება, „თუ მ. ხ. ადმინისტრაციული ან სამოქალაქო სამართალწარმოების გზით მიმართავდა სასამართლოს, პროკურატურა შეწყვეტდა ძიებას აღნიშნული საქმის ირგვლივ“, პროკურატურის განმარტება იმდენად დამაჯერებელი და სანდო იყო მ. ხ.-სათვის, რომ მან ხელი არ შეუშალა გამოძიებას სასამართლოსათვის მიმართვით და ელოდა პროკურატურის მიერ შესაბამის რეაგრებას მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ მ. ხ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა მალევე დამძიმდა და მან როგორც მოგახსენეთ გაიკეთა ურთულესი ოპერაცია, რის შემდეგაც ვეღარ მიმართა სასამართლოს აშკარად და უხეშად წართმეული საკუთრების უფლების დაცვის მიზნით. მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, მოსამართლე ზაზა რამიშვილმა არცერთი გარემოება არ გაითვალისწინა, არც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებული მსგავსი სახის უკანონო ქმედებები მიიღო მხედველობაში, არც კანონის მოთხოვნათა სრული დარღვევით მიღებულ და გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობაზე გაამხვილა ყურადღება, არც კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების ხანდაზმულობის ვადებზე იმსჯელა და განჩინებაში აღნიშნა, რომ მ. ხ. მხოლოდ სამი დღით იწვა საავადმყოფოში, ხოლო მისი მეუღლე ორი დღით და განმარტა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი იმ ფაქტობრივი გარემოების დასასაბუთებლად, რომ მ. ხ.-მ ვერც ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ვერც ოჯახური სიტუაციის გამო ვერ შეძლო კანონით დადგენილ ვადაში ადმინისტრაციული აქტების გასაჩივრება და ხანდაზმულობის ვადის გამო შეწყვიტა საქმის წარმოება.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოსამართლის მსჯელობა აფსოლუტურად არ შეესაბამება სამართლიანობის აღსადგენად მოწადინებული მოსამართლის მსჯელობას, ვინაიდან სასამართლოს წარედგინა ორი ურთულესი ოპერაციის (მე-4 სტადიის დაავადების) ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სასამართლოს წარედგინა ოპერაციამდე არსებული მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სისხლის ანალიზები) და განემარტა მოსამართლეს, რომ მ. ხ.-მ ფიზიკურად ვერ შეძლო სასამათლოსათვის მიმართვა 2016 წლის დასაწყისამდე. სასამართლოს ასევე წარედგინა აშკარა და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც აშკარად მიუთითებს კანონის უხეში დარღვევით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესახებ, რომლის საფუძველზეც ხელყოფილიქნა მემკვიდრეობით გადაცემული საკუთრების უფლება, თუმცა მოსამართლე ზაზა რამიშვილმა არ მისცა მ. ხ.-ს უფლება არსებითად ყოფილიყო განხილული მისი საქმე, სადაც გამოკვლევის გარეშეც ნათელია, თუ რა სახის დარღვევებით არის რეგისტრირებული 2005 წლის 29 მარტს მოქალაქე ქ. კ.-ს საკუთრება, შემდგომ 2005 წლის 31 მარტს კი იმავე ქონებაზე დ. ხ.-ს საკუთრება, რომლის საფუძვლზეც ხელყოფილ იქნა მ. ხ.-ს მამა-პაპისეული მემკვიდრეობით მიღებული საკუთრება და დღეს მ. ხ. ფაქტობრივად საკუთარ ეზოში შესასვლელის გარეშე არის დატოვეული, მიუხედავად ამისა, მოსამართლემ მაინც არ განიხილა მ. ხ.-ს საქმე არსებითად, რითაც თავის მხრივ დაარღვია საერთაშორისო დონეზე აღიარებული ადამიანის უმთავრესი უფლება, „სამართლიანი სასამართლოს უფლება“, მოსამართლემ მ. ხ.-ს ფაქტობრივად მოუსპო სამართლიანი სასამართლოს უფლება, წაართვა სამართალი და არ აღადგინა მართლმსაჯულება.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა წარდგენილი და დადასტურებული ფაქტის გათვალისწინებით, მ. ხ.-ს უნდა მიეცეს უფლება არსებითად იქნას განხილული მისი საქმე სასამართლოში და უნდა მიეცეს უფლება აღდგენილ იქნას სამართლიანობა. შეუძლებელია ხამდაზმულობის ვადა გავრცელდეს მემკვიდრეობით მიღებულ საკუთრებაზე, შეუძლებელია არსებითად არ იქნას განხილული საკუთრების შესახებ სასამართლო დავა და შეუძლებელია მხოლოდ ხანდაზმულობის ვადის გაშვებაზე მითითებით ადამიანს წაერთვას საქართველოს უზენაესი კანონით, კონსტიტუციით მინიჭებული და გარანტირებული „საკუთრების უფლება“, რომლის თანახმად საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. აღნიშნულის საფუძველზე დაუშვებელია ადამიანს, სამუდამოთ მოვუსპოთ სამართლიანობის აღდგენის უფლება, დაუშვებელია არ მივცეთ საშუალება იბრძოლოს უზენაესი კანონით, კონსტიტუციით გარანტირებული და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის მხრიდან წართმეული, დამახინჯებული საკუთრების უფლების აღდგენისთვის, დაუშვებელია მას არ მოუსმინოს სასამართლომ და არსებითი განხილვის გარეშე უარი უთხრას სარჩელის დასაშვებობაზე, გასაჩივრების 30 დღიანი ვადის დარღვევის გამო, მითუმეტეს მაშინ როდესაც ადგილი აქვს კანონის მოთხოვნათა სრული დაღვევით მიღებულ და გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულ პოზიციას ადასტურებს სააპელაციო და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, სადაც ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა, „საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებით მოთხოვნებზე არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა“.

კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 05 აპრილის განჩინება და დაბრუნდეს საქმე არსებითად განსახილველად.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება:

სააპელაციო სასამართლომ გააანალიზა საქმის მასალები, შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 05 აპრილის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-ე-25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო აღნიშნული საფუძვლით წყვეტს საქმის წარმოებას პროცესის ნებისმიერ სტადიაზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში – უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს. იმავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ვერ დგინდება, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომელზეც წარმოებაც შეწყვიტა რაიონულმა სასამართლომ, მოსარჩელეს გაგზავნილი და ჩაბარებული აქვს ოფიციალურად კანონით დადგენილი წესით. ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სარჩელზე წარმოების შეწყვეტის საფუძველი, რის გამოც კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 05 აპრილის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 419-420-ე, 390-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ. ხ.-ს წარმომადგენლის მ. ქ.-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს გასაჩივრებული ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 05 აპრილის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.