საქმის ნომერი: 3ბ/301-16
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართლის პროცესი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მერაბ ლომიძე,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: არ ექვემდებარება გასაჩივრებას, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება გაუქმდა, რადგან აპელაციის შეფასებით, სათანადო არის თუ არა მოპასუხე, არა სარჩელის მიღების, არამედ სარჩელის არსებითი განხილვის ეტაპზე განსახილველი საკითხია.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №3ბ/301-16 (2016-03-31), www.temida.ge
საქმის № 330310015001177477
საქმის № 3ბ/301-16

განჩინება
საქართველოს სახელით
       31 მარტი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მერაბ ლომიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - მ. შ.

დავის საგანი - სარჩელის წარმოებაში მიღება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 იანვრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით
გასაჩივრებული განჩინების დასკვნებზე მითითება:


2015 წლის 07 დეკემბერს მ. შ.-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ნოტარიუს მ. მ.-ს მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი 1988 წლის 05 მაისის პრივატიზების ხელშეკრულება (დამოწმებული ნოტარიუს მ. მ.-ს მიერ), რომელიც ეხება უძრავ ქონებას მდებარე: ქ. თბილისში, გლდანის „ა“ მ/რ, კორპ. №XX, ბინა №XX.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 დეკემბრის განჩინებით სარჩელზე დადგენილი იქნა ხარვეზი და განისაზღვრა საპროცესო ვადა მის შესავსებად.

2015 წლის 29 დეკემბერს სასამართლოს ხარვეზის შესვების შესახებ განცხადებით მიმართა მ. შ.-მ, რომელმაც განმარტა, რომ მის მიერ წარდგენილ სარჩელზე მოპასუხე მხარეს წარმოადგენს სწორედ ნოტარიუსი მ. მ., რომლის მიერ პრივატიზაციის ხელშეკრულება შედგენილი და დამოწმებულ იქნა კანონის დარღვევით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 იანვრის განჩინებით სარჩელზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად დაწესებული საპროცესო ვადა გაგრძელებული იქნა შვიდი დღით, ვინაიდან მოსარჩელე მხარემ არ გაითვალისწინა სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებები.

2016 წლის 14 იანვარს მ. შ.-მ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მიმართა სასამართლოს და კვლავ მიუთითა, რომ მის მიერ წარდგენილ სარჩელზე მოპასუხე მხარეს წარმოადგენს სწორედ ნოტარიუსი მ. მ., რომლის მიერ პრივატიზაციის ხელშეკრულება შედგენილი და დამოწმებულ იქნა კანონის დარღვევით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 იანვრის განჩინებით მ. შ.-ს უარი ეთქვა მის მიერ 2015 წლის 07 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენილი სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.

ზემოაღნიშნული განჩინების მიღებისას საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილში ან/და 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით ან/და არ არის წარდგენილი სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა, ან/და სარჩელს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, სასამართლო გამოიტანს ხარვეზის შესახებ განჩინებას და მოსარჩელეს დაუნიშნავს ვადას მის შესავსებად. თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და მოსარჩელისათვის მისი დაბრუნების შესახებ, რაზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ასეთი განჩინების გამოტანის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მთლიანად უნდა დაბრუნდეს. სასამართლომ არაერთხელ დაუდგინა ხარვეზი მ. შ.-ს სარჩელს, თუმცა მოსარჩელემ არ გაითვალისწინა სასამართლოს მითითებები და არ მოიყვანა სარჩელი კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის თანახმად, სასარჩელო განცხადების წარმოებაში მიღებაზე მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი და სარჩელი თანდართულ მასალებთან ერთად უნდა დაუბრუნდეს უკან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 იანვრის განჩინება გასაჩივრებული იქნა მოსარჩელის მ. შ.-ს მიერ.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, 2015 წლის 7 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ნოტარიუს მ. მ.-ს მიმართ და მოითხოვა 1998 წლის 5 მაისის პრივატიზების ხელშეკრულების (დამოწმებული ნოტარიუს - მ. მ.-ს მიერ) ბათილობა, რომელიც ეხება უძრავ ქონებას მდებარე - თბილისი, გლდანის „ა“ მ/რ, კორ-XX, ბინა-XX.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იგი გლდანის „ა“ მ/რ, კორ.NXX, ბინა XX-ში ცხოვრობდა თავის ოჯახის წევრებთან ერთად, ბინას პრივატიზაცია ჩაუტარდა მამამისის - ა. გ.-ს ძე შ.-ს გარდაცვალების შემდეგ. არსებულის ირგვლივ ეჭვი ვერ აიღო იმის გამო, რომ იმ პერიოდში ჯერ კიდევ დედა გ. შ. მიჯაჭვული იყო საწოლს 6 თვე და უვლიდა მას დასთან ერთად. ბინაში ყოფნის პერიოდში ბინის კომუნალური გადასახადის ქვითრები მაშინაც და ახლაც მიდის მამამისის სახელზე. დედამისის გ. შ.-ს გარდაცვალების შემდეგ საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი იქნა რიგი დოკუმენტები და აღმოაჩინა, რომ ნოტარიუს მ.-ს სანოტარო ბიუროში გაფორმებული საპრივატიზებო ხელშეკრულება შედგენილი და დამოწმებულია დიდი დარღვევებით, კერძოდ, დანართი, რომელიც გამოითხოვა ნოტარიუსიდან, რომელიც თან ახლავს ფორმა N1 სახით ხელშეკრულებას, არ არის დაფიქსირებული ბინის მფლობელის პირადი ხელმოწერა, საუბარია იმ იურიდიულ პროცედურაზე, რაც უნდა ჩაეტარებინა ნოტარიუსს, ეს გამოყენებულია ახალი გარემოებით (მტკიცებულება - ამონაწერი საჯარო რეესტრის არქივიდან 10.02.2015წ.)

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საჯარო რეესტრის არქივში არ არსებობს ამ დოკუმენტის ორიგინალი, არსებობს ასლი, რომელიც ახლავს სასარჩელო განცხადებას და რომელსაც არ აჩენს თვით ნოტარიუსიც, აღარაფერს ამბობს ბინის ორდერზე, რომელშიც შემავალი ყველა ოჯახის წევრი უნდა მიეწვია და ჩამოერთმია თანხმობა. თუ დავეყრდნობით ქალაქის არქივის ამონაწერს, რომლის ასლიც დევს საქმის მასალებში, კერძო საჩივრის ავტორისათვის გაურკვეველია, თუ რომელ იურიდიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით დაამოწმა ნოტარიუსმა ეს ხელშეკრულება?

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, აუდიტის მიერ შედგენილი საექსპერტო დასკვნა, ბინის ახალი აზომვითი ნახაზი არ მიიღო სანოტარო საქმის წარმოებაში, სადაც მიუთითებდა ხელი მოეწერა ზოგად სამკვიდრო მოწმობაზე და ცდილობდა მის განზრახ შეცდომაში შეყვანას. ასევე ნოტარიუსის მიერ გაგზავნილ წერილის პასუხშიც ნათლად ჩანს, რომ თავისი გაფუჭებული საქმის თავიდან აცილებას ცდილობს. განმეორებით 2015 წლის 23 ივნისს პირადად იყო ნოტარიუსთან მიღებაზე, რათა გაერკვია მისი სამკვიდრო მოწმობის წარმომავლობის და დასრულების საკითხი. პარალელურად გაუგზავნა დაზღვეული კონვერტით წერილი და მიღებული წერილის პასუხი ახლავს მის განცხადებას. კვლავ გააგზავნა მორიგი წერილი და ითხოვა გაცემული იქნეს ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იძულებულია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მისი დარღვეული უფლების აღდგენა, ვინაიდან უკანონო საპრივატიზებო ხელშეკრულების გამო ვერ აღსრულდება აწ. გარდაცვლილი დედის ნება ბინის თაობაზე, რომელიც უანდერძა შვილებს 1999 წელს. ვერც ბინა და ვერც ქონება ვერ გაიყოფა თანაბარწილად, რაშიც ლომის წვლილი მიუძღვის ნოტარიუსს.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, დედა გ. შ. გარდაიცვალა 2014 წლის 14 ნოემბერს, რომელიც ცხოვრობდა გლდანის „ა“ მ/რ, კორ-XX, ბინა-XX. ამ ბინაში ცხოვრობდნენ ბავშობიდან მის მშობლებთან და დასთან - მ. შ.-სთან ერთად. ბინის ორდერის მიხედვით, მამამისს ა. შ.-ს 1975 წლიდან მიეცა აღნიშნული ბინა, ბინის ორდერში მითითებული იყვნენ: მამამისი ა. შ., დედამისი გ. შ., საჩივრის ავტორი მ. შ., მისი და მ. შ.. მამამისი გარდაიცალა 1995 წლის 21 აპრილს. დედამისის გარდაცვალების შემდგომ, საჯარო რეესტრიდან გამოითხოვა სათანადო დოკუმენტაცია, საიდანაც გაარკვია, რომ დღეისათვის საკუთრების უფლება აღნიშნულ ბინაზე რეგისტრირებული არ არის. აღმოჩნდა, რომ ბინის საპრივატიზაციო ხელშეკრულება გაფორმებული ნოტარიუს მ. მ.-ს ბიუროში, გაკეთდა დარღვევებით, კერძოდ: იგი ჩაწერილი იყო ამ ბინაში და მისი გვერდის ავლით პრივატიზება მოხდა დედამისზე და მის დაზე. პრივატიზების ხელშეკრულება დამოწმდა ნოტარიუს მ. მ.-ს მიერ. პრივატიზების ხელშეკრულების ასლი და არა დედანი ინახება საჯარო რეესტრის ტექ. აღრიცხვის არქივში. განაცხადი ბინის პრივატიზების შესახებ ნოტარიუსთან შეტანილია 1998 წლის 12 მარტს, ბინიდან ამოეწერა 1998 წლის 20 მარტს, პრივატიზების ხელშეკრულება გაფორმებულია 1998 წლის 20 მარტს, იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ ჩაწერილი იყო აღნიშნულ ბინაში. აქედან გამომდინარე, ნოტარიუსმა მ.-მ არ მოახდინა ბინის ორდერში ჩაწერილი პირების გადამოწმება და ისე შეადგინა საპრივატიზებო ხელშეკრულება. ნოტარიუსი დღესაც არ ითვალისწინებს იმას, რომ ის არის ამ ოჯახის კანონისმიერი-ანდერძისმიერი მემკვიდრე, ამის დასტურია დედამისის მიერ 1999 წლის 12 ოქტომბერს შედგენილი ანდერძი, სადაც დედამისი ნათლად აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ გლდანის „ა“ მ/რ, კორ-XX, ბინა-XX უანდერძა მას და მის დას თანაბარწილად. ბინის ორდერის და ანდერძის ორიგინალები ინახება მასთან, რადგან სწორედ დედამისმა გადასცა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ნოტარიუსი ითხოვდა სამკვიდროზე მის ხელმოწერას, მან ვერ გასცა კონკრეტული პასუხი, თუ როგორ სამკვიდრო მოწმობაზე აწერინებდა ხელს ზოგადზე თუ ანდერძისმიერზე, ვინაიდან ვერ მიაღწია ვერანაირი შეთანხმება მასთან, დატოვა იგი და 25 ივნისს მიმართა წერილობით, სადაც მიუთითა, რომ მისგან ითხოვენ ხელის მოწერას როგორც სამკვიდრო მოწმობაზე. მიკერძოებულად ეთანხმებით დის აზრს და არ ინტერესდებით აღნიშნული ბინა ზუსტად რამდენ ფართს შეადგენს კვადრატულ მეტრებში, ამიტომაც სთხოვა ნოტარიუსის მიერ აუდიტის მოწვევა და ბინის შეფასება. წინააღმდეგ შემთხვევაში მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება, სანამ არ დაზუსტდება ფართი და შეფასდება ბინის ღირებულება აუდიტის მიერ. მიმდინარე წლის 6 ივლისს კლავ ეწვია ნოტარიუსს და წარუდგინა იმ საბუთების ნუსხა, რაც წერილობითი ფორმით დაევალა. იგივე დოკუმენტაცია რაც მან წარადგინა, აგრეთვე მის დასაც უკვე ჰქონდა წარდგენილი იმავე ნოტარიუსთან და მისგან განმეორებით რაში დასჭირდა იგივე საბუთების წარდგენა მისთვის გაუგებარია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, უკანონოდ გაკეთებული საპრივატიზებო ხელშეკრულების მიზეზით ვერ აღსრულდება გარდაცვლილი დედამისის ანდერძი, გლდანის „ა“ მ/რ, კორ. XX, ბინა-XX-ის თანაბარწილად გაყოფასთან დაკავშირებით. ნოტარიუსი მ. განზრახ ცდილობს მის შეცდომაში შეყვანას, რომ ხელი მოაწეროს იმ დოკუმენტებზე, რაც თავის დროზე უკანონოდ თვითონვე დაამოწმა. ნოტარიუსი - მ.-ს მიერ ჩადენილი ქმედებით მოესპო ყველანაირი უფლება მოითხოვოს მისი კუთვნილი წილი მის ბინაში, რაც ეკუთვნის წესის და კანონის თანახმად, რომელიც არის გარდაცვლილი მამის დანატოვარი და რასაც ამყარებს გარდაცვლილი დედის ანდერძიც. ამ ეტაპზე იგი ვერ მოაწერს ხელს იმ სამკვიდრო მოწმობას, სადაც არ იქნება კონკრეტულად დაზუსტებული ფართის მოცულობა. უნდობლობას უცხადებს ნოტარიუსს - მ.-ს მიერ, მისი მისამართით ჩადენილი უკანონო ქმედებების გამო და ითხოვს, სასამართლოს მიერ, დაევალოს ნოტარიუს მ. მ.-ს, რათა ორ დას შორის, მათი დედის - გ. შ.-ს ანდერძის შესაბამისად, მოახდინოს თანაბარწილად ბინის გაყოფა. ასევე, გაუქმდეს 1998 წლის 5 მაისის პრივატიზების ხელშეკრულება, რომელიც ეხება გლდანის „ა“ მ/რ, კორ-XX, ბინა-XX და რომელიც დამოწმებულის ნოტარიუს - მ. მ.-ს მიერ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებით სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო უფლების დარღვევის შეახებ. 1998 წლის 5 მაისის პრივატიზების ხელშეკრულებიც შესახებ, მისთვის ცნობილი გახდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 10 თებერვლის N28740 წერილით.

კერძო საჩივრის ავტორის ითხოვს გაუქმდეს 1998 წლის 5 მაისის პრივატიზების ხელშეკრულება, რომელიც დამოწმებულია ნოტარიუს მ. მ.-ს მიერ.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება:

სააპელაციო სასამართლომ გააანალიზა საქმის მასალები, შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე წარმოებაში მიღების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარჩელში უნდა აღინიშნოს მოსარჩელის, მისი წარმომადგენლის (თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს), მოპასუხის, მოწმის, სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ შორის, მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილში ან/და 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით ან/და არ არის წარდგენილი სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა, ან/და სარჩელს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, სასამართლო გამოიტანს ხარვეზის შესახებ განჩინებას და მოსარჩელეს დაუნიშნავს ვადას მის შესავსებად. თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და მოსარჩელისათვის მისი დაბრუნების შესახებ, რაზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ასეთი განჩინების გამოტანის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მთლიანად უნდა დაბრუნდეს.

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე სასამართლომ უნდა შეამოწმოს, სარჩელში მოსარჩელეს დასახელებული ჰყავს თუ არა მოპასუხე. ხოლო საკითხი იმის შესახებ, მოსარჩელის მიერ მითითებული მოპასუხე არის თუ არა სათანადო მოპასუხე, უნდა გაირკვეს სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, საქმის არსებითად განხილვის დროს. შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული მოპასუხე არ არის სათანადო მოპასუხე, მაშინ სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ბათილად იქნეს ცნობილი 1988 წლის 05 მაისის პრივატიზების ხელშეკრულება (დამოწმებული ნოტარიუს მ. მ.-ს მიერ), რომელიც ეხება უძრავ ქონებას მდებარე: ქ. თბილისში, გლდანის „ა“ მ/რ, კორპ. №XX, ბინა №XX. მოსარჩელე სარჩელში მოპასუხედ ასახელებს ნოტარიუს მ. მ.-ს. სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ მოცემულ დავაში სათანადო მოპასუხეს წარმოადგენდეს არა ნოტარიუსი, არამედ ის ადმინისტრაციული ორგანო, ვინც გააფორმა სადავო პრივატიზაციის ხელშეკრულება (მისი უფლებამონაცვლე). თუმცა, სააპელაციო პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სათანადო მოპასუხეობის საკითხი უნდა გადაწყვდეს არა სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე, არამედ წარმოებაში მიღების შემდეგ, საქმის განხილვის დროს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 419-420-ე, 390-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ. შ.-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 იანვრის განჩინება და საქმე წარმოებაში მიღების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.