საქმის ნომერი: 2ბ/2658-18
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი, სადაზღვევო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ვანო წიკლაური,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელის საჩივარი სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია დაზღვევის ხელშეკრულებით ნაკისრი შეტყობინების ვალდებულების დარღვევას.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/2658-18 (2018-10-26), www.temida.ge
საქმის № 2ბ/2658-18

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       26 ოქტომბერი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ვანო წიკლაური

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

აპელანტი - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
წარმომადგენელი - კ. ნ., გ. ნ., ნ.მ., მ. ღ.

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,ს. დ. ა.“
წარმომადგენელი - ა. ბ.

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის განჩინება მტკიცებულების საქმეზე დართვაზე უარყოფის შესახებ

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სასარჩელო მოთხოვნა სს „ს. დ. ა.“-ს მიმართ 4194,75 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2017 წლის 23 მარტს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სს „ს. დ. ა.”-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N23/03/1 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში შეისყიდა ცესკოს ბალანსზე არსებული ა/მანქანის დაზღვევის მომსახურება და დაზღვეული იქნა ა/მანქანა Toyota Camry, სახელმწიფო ნომრით XX-XXX-XX.

2.2. წინამდებარე ხელშეკრულების დანართი N1 თანახმად, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზარალი ექვემდებარება ანაზღაურებას. სადაზღვევო შემთხვევად განიხილება დაზღვევის მოქმედების პერიოდში მომხდარი დაზღვეული რისკის დადგომის შედეგად წარმოქმნილი ზარალი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას :
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ 21-26)
- სადაზღვევო პირობები, დანართი N1 (ს.ფ 27-33)

2.3. საქართველოს შსს სამინისტროს გურიის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის მიერ 2017 წლის 7 აგვისტოს შედგენილი რეაგირების ოქმიდან დგინდება, რომ დაახლოებით 11:15 საათზე ლანჩხუთის რაიონის, სოფელ ჭყონაგორში 22-ე კილომეტრზე ავტომაგისტრალზე ნაპოვნი იქნა ქართული სანომრე ნიშანი XX-XXX-XX, გადამოწმებისას გაირკვა, რომ ს/ნიშანი ეკუთვნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას :
- რეაგირების ოქმი (ს.ფ 39-41)

2.4. 2017 წლის 08 აგვისტოს ქ.თბილისის საპატრულო პოლიციის საბურთალოს მიმართულების საპატრულო ეკიპაჟის მიერ შედგენილი რეაგირების ოქმის შესაბამისად, საპატრულო ეკიპაჟი გამოძახების შედეგად გამოცხადდა მისამართზე ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-20 კმ-ზე „ტ. ც. თ.“ სადაც ადგილზე იმყოფებოდა ს. კ.. მისი განმარტებით 2017 წლის 7 აგვისტოს მოძრაობდა ა/მანქანა Toyota Camry, სახელმწიფო ნომრით XX-XXX-XX. დაახლოებით დღის 12:00 საათზე მოძრაობის დროს ა/მანქანას მოხვდა სხვა ა/მანქანის მიერ ასხლეტილი ქვა. აღნიშნულის შემდგომ მანქანა გამოსცემდა ხმაურს. ტექნიკური დათვალიერების მიზნით თბილისში დაბრუნების შემდგომ 2017 წლის 8 აგვისტოს მიმართა „ტ. ც. თ.“-ს, რათა კომპეტენტურ დაწესებულებას დაედგინა გააჩნდა თუ არა ა/მანქანას ისეთი სახის დაზიანება, რომელიც ვიზუალურად ვერ დადგინდებოდა. დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ა/მანქანას გააჩნდა გარკვეული სახის დაზიანებები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას :
- რეაგირების ოქმი (ს.ფ 43-44)

2.5. 2017 წლის 9 აგვისტოს „ტ. ც. თ“-ს მიერ გაცემული N15406 ინვოისის თანახმად, ა/მანქანა Toyota Camry, სახელმწიფო ნომრით XX-XXX-XX დაზიანების შედეგად საჭიროებს შეკეთებას წყლის რადიატორი, სანომრე პლასტმასი, წინა ბამპერის ქვედა ე.წ „აბლიცოვკა“, კონდიციონერის რადიატორი, სათუნუქე სამუშაოები, ფრეონის ამოტუმბვა და ჩატუმბვა. დაზიანებებით მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 4194.75 ლარს. აქვე აღნიშნულია, რომ „ტ. ც. თ.“ შეძენილ ა/მანქანის დაზიანებისას სარემონტო სამუშაოები უნდა ჩაუტარდეს ცენტრის სერვისში, წინააღმდეგ შემთხვევაში ა/მანქანა მოიხსნება გარანტიიდან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას :
- N15406 ინვოისი (ს.ფ 47)

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.6. 2017 წლის 17 და 25 ოქტომბრის წერილით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიას უარი ეთქვა სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე, ვინაიდან სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზარალის ანაზღაურების შესახებ დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ შემთხვევა რეალურად მოხდა 2017 წლის 7 აგვისტოს. შეტყობინება დამზღვევის მხრიდან განხორციელდა მეორე დღეს, რითაც დაირღვა ხელშეკრულების დანართი N1- ის სადაზღვევო პირობების მე-4 მუხლის 4.1.1 პუნქტის „ა“ ქ/პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს შემთხვევის დადგომისას დაუყოვნებლივ შეტყობინების განხორციელებას მზღვეველის ცხელ ხაზზე.

ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევა, ხელშეკრულების დანართი N1-ის სადაზღვევო პირობების მე-5 მუხლის 5.1 პუნქტის 5.1.1 ქ/პუნქტის თანახმად, მიეკუთვნება იმ საგამონაკლისო შემთხვევათა რიცხვს, რომელიც სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ანაზღაურებას არ ექვემდებარება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას :
- N1105 და N1163 წერილები (ს.ფ 34-35)

2.7. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დანართი #1-ის მიხედვით სადაზღვევო შემთხვევას წარმოადგენს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული შემთხვევა, რომლის შედეგადაც დამდგარი ზარალი ექვემდებარება ანაზღაურებას.

სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია სადაზღვევო შემთხვევის თარიღის ასევე იმ გარემოების დადგენა მოსარჩელე ორგანიზაციის წარმომადგენელმა როდის შეიტყო სადაზღვევო შემთხვევის წარმოქმნის შესახებ.

ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არ უარყოფს დაზიანებული ავტომობილის მძღოლის მიერ 2017 წლის 07 აგვისტოს ასხლეტილი ქვის ზემოქმედების შედეგად ავტომობილის სანომრე ნიშნის დაკარგვის ფაქტის შეტყობას იმავე დღეს. ეს გარემოება ასახულია როგორც სასარჩელო განცხადებაში ისე მოსარჩელე ორგანიზაციის 2017 წლის 18 ოქტომბრის წერილში და 2017 წლის 07 აგვისტოს შედგენილ რეაგირების ოქმში.

შპს „ტ. ც. თ.”-ს #15406 ინვოისის შესაბამისად დაზიანებული ავტომობილის აღსადგენ სამუშაოებში შედის წინა ბამპერის ქვედა აბლიცოვკის გამოცვლა ასევე სანომრე პლასტმასის შეცვლა. მხარეებიც არ უარყოფენ, რომ ავტომობილის დასახელებული დეტალები დაზიანებულია.

სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას მასზედ, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დაზიანებული ავტომობილის სამართავად დანიშნულმა მძღოლმა 2017 წლის 07 აგვისტოს ვერ შეამჩნია ავტომობილის დაზიანებანი.

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მხარეთა მიერ წარმოდგენილ ფოტოსურათებს, რომლის შესაბამისად ეგრედ წოდებული „ბამპპერის ქვედა აბლიცოვკა“ და ავტომობილის სანომრე ნიშანი ერთ სიბრტყეზე და ფაქტობრივად რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებითაა განთავსებული. შესაბამისად, ავტომობილის მძღოლის მიერ სანომრე ნიშნის დაკარგვის აღმოჩენის შემთხვევაში მას აუცილებლად უნდა შეემჩნია ავტომობილის სხვა დაზიანებანი, როგორც მინიმუმ სანომრე პლასმასის დაზიანების ფაქტი.

ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლოს დასკვნით, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სადაზღვევო შემთხვევის შესახებ შეიტყო არა 08 აგვისტოს არამედ 07 აგვისტოს. აშკარაა, რომ მოსარჩელემ არ იმოქმედა ხელშეკრულების დანართი #1-ში ჩამოყალიბებული პირობების შესაბამისად, არ აცნობა მზღვეველს, დაძრა ავტომობილი, არ წარმოადგინა ავტომანქანის მძღოლის ალკოჰოლური თრობის უარმყოფელი მტკიცებულებანი და სხვა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას :
- 2017 წლის 07 აგვისტოს რეაგირების ოქმი (ს.ფ. 40-41)
- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 18 ოქტომბრის წერილი (ს.ფ. 37-38)
- ავტომობილის სურათი (ს.ფ. 53)

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.8. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს 2017 წლის 23 მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება და დანართი N1-ით გათვალისწინებული სადაზღვევო პირობები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლომ შენიშნა, რომ დაზღვევის ხელშეკრულების დადებამდე მხარეები უნდა შეთანხმდნენ დაზღვევის ინტერესსა და საგნის შესახებ, ზუსტად უნდა განისაზღვროს სადაზღვევო რისკი და სხვა მნიშვნელოვანი პირობები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის დეფინიციით მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, ძირითად კრიტერიუმს სადაზღვევო შემთხვევის შეფასებისათვის, ანუ იმისათვის, რომ სადაზღვევო რისკი განხორციელებულად და შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევა დამდგარად ჩაითვალოს, უნდა დადგინდეს, სადაზღვევო შემთხვევა შეიცავს თუ არა ხელშეკრულებით შეთანხმებულ საგამონაკლისო პირობებს, რამდენადაც ამგვარი შემთხვევა გამორიცხავს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

მოცემულ შემთხვევაში 2017 წლის 23 მარტის დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე, როგორც მზღვეველს ასევე დამზღვევს წარმოეშვათ გარკვეული უფლება- მოვალეობები. კერძოდ, ორივე მხარე ვალდებული არიან ჯეროვნად შეასრულონ ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები. ხელშეკრულების დანართი N1-ის 4.1 პუნქტის მიხედვით, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დამზღვევი ვალდებულია:
1. დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს მზღვეველს საინფორმაციო სამსახურის ცხელ ხაზს და მიაწოდოს სრული ინფორმაცია სადაზღვევო შემთხვევის შესახებ; 2.დაუყოვნებლივ გამოიძახოს საპატრულო პოლიცია; 3.არ დაძრას ა/მანქანა შემთხვევის ადგილიდან საპატრულო პოლიციის მისვლამდე, რათა შენარჩუნებული იქნეს შემთხვევის პირვანდელი სახე; 4.მიაწოდოს სადაზღვევო კომპანიას ინფორმაცია ა/მანქანის მძღოლის ალკოჰოლური თრობის შესახებ; დასახელებული პირობების დაუცველობის შემთხვევაში, წინამდებარე შეთანხმება აწესებს საგამონაკლისო შემთხვევებს, კერძოდ ამავე დანართის მე-5 მუხლის 5.1 პუნქტის თანახმად, არცერთ შემთხვევაში არ ანაზღაურდება დანაკარგი, დაზიანება ან პასუხისმგებლობა თუ დამზღვევი არღვევს სადაზღვევო ხელშეკრულების პირობებს.

დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევა დადგა 2017 წლის 7 აგვისტოს და აღნიშნული შემთხვევა ატარებდა იმდენად აშკარა ხასიათს, რომ ავტომობილის დაზიანება შესამჩნევი უნდა ყოფილიყო ავტომობილის ჩვეულებრივი, ზომიერად დაკვირვებული და წინდახედული მძღოლისთვის.

სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოციზია მასზედ, რომ სადაზღვევო შემთხვევა მოხდა 2017 წლის 7 აგვისტოს და მოსარჩელემ არ გაითვალისწინა ხელშეკრულებით დადგენილი პირობები, რითაც დაირღვა ხელშეკრულების დანართი N1-ის რამდენიმე არსებითი პირობა. კერძოდ: მოსარჩელე მხარე არ დაუკავშირდა სადაზღვევო კომპანიას, ავტომობილმა განაგრძო მოძრობა, ასევე შეუძლებელი გახდა ისეთი მნიშვნელოვანი გარემოების გამორკვევა როგორიცაა ავტომანქანის მძღოლის ალკოჰოლური თრობის განსაზღვრა.

სასამართლომ განმარტა, რომ მხარეები შებოჭილნი არიან სახელშეკრულებო ვალდებულებით და შეთანხმებული გარიგების პირობების დაცვა მხარეთა უპირველესი მოვალეობაა. სადაზღვევო ხელშეკრულების დანართი #1-ის 5-ე პუნქტი შეიცავს საგამონაკლისო შემთხვევებს, რომელთა არსებობის პირობებში მზღვეველი თავისუფლდება თანხის გადახდის ვალდებულებისგან. ერთ-ერთ ამგვარ საგამონაკლისო შემთხვევას მიეკუთვნება ხელშეკრულების პირობების დარღვევა, ასევე მზღვეველთან ავტომობილის მძღოლის ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების გამომრიცხავი მტკიცებულების წარუდგენლობის ფაქტი. როგორც აღინიშნა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ სახელშეკრულებო პირობები აშკარად დარღვეულია, რაც სადაზღვევო ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობას ადგილი არა აქვს, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

3.1. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სს „ს. დ. ა.“ შესაგებელში უთითებდა სადავო საკითხზე სპეციალური ცოდნის მქონე პირისთვის მიმართვის შესახებ, სს „ს. დ. ა.’’-მ სადავო საკითხთან მიმართებით კონსულტაციის პასუხი და დამატებითი მოსაზრებები სასამართლოს წარუდგინა 2018 წლის 21 თებერვალს, აღნიშნული დოკუმენტები მოსარჩელე მხარეს იმავე დღეს გადასცა, მთავარი სხდომა კი 2018 წლის 15 მარტს ჩაინიშნა.

აპელანტის მითითებით სადაზღვევო კომპანიამ 2017 წლის 17 ოქტომბრის №1105 წერილით საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აცნობა, რომ სადაზღვევო შემთხვევა დადგა 2017 წლის 7 აგვისტოს, ხოლო სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ შეტყობინება განხორციელდა 2017 წლის 8 აგვისტოს, რითაც დაირღვა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დანართი №1 - სადაზღვევო პირობების მე-4 მუხლის 4.1.1. პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტი, რომელიც ითვალისწინებს შემთხვევის დადგომის დროს დაუყოვნებლივ შეტყობინების განხორციელებას მზღვეველის ცხელ ხაზზე.

2017 წლის 16 ნოემბერს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ვინაიდან სს ,ს. დ. ა." სადავოდ არ ხდიდა მიყენებული ზიანის ოდენობას და არ მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ 2017 წლის 7 აგვისტოდან 8 აგვისტომდე შესაძლებელი იყო ავტომანქანის დაზიანების ხარისხის გაზრდა, ამიტომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს არ წარუდგინა ის მტკიცებულება, რაც სს ,ს. დ. ა."-ს ზემოაღნიშნულ მოსაზრებებს გააქარწყლებდა. 2018 წლის 21 თებერვალს სს ,ს. დ. ა."-ს წარმომადგენელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს წარუდგინა კონსულტაციის პასუხი და დამატებითი მოსაზრებები, სადაც მიუთითა, რომ სადაზღვევო კომპანიისათვის შეუძლებელი გახდა ზარალის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა, რადგან ზიანის ზრდა განაპირობა დაზიანებული ავტომანქანით მოძრაობამ. ვინაიდან ავტომანქანამ გაიარა არანაკლებ 400 კილომეტრი და ქვა ჩამოიტანა თბილისში, ტ. ც.-ში, ამიტომ ქვას ან მისგან დაზიანებულ ნაწილებს ექსპლუატაციის პროცესში შეეძლო დაზიანების ხარისხის ბევრად გაზრდა.

ამდენად, მითითებული მოსაზრების წარდგენის შემდეგ სადავო გახდა სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ოდენობა და მისი გამომწვევი მიზეზები. ვინაიდან დამატებითი მოსაზრება მოპასუხე მხარემ სასამართლოს წარუდგინა 2018 წლის 21 თებერვალს, ხოლო ამავე სხდომაზე მომავალი სხდომის (მთავარი სხდომის) თარიღად განისაზღვრა 15 მარტი, ცალსახაა, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საქმის მომზადების ეტაპზე ვერ წარადგენდა მტკიცებულებას, რაც მოპასუხე მხარის ზემოაღნიშნულ არგუმენტებს გააქარწყლებდა, შესაბამისად, სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი.

3.2. საქმის მოცემულობიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია ვალდებული იყო, დაედგინა სადაზღვევო შემთხვევის თარიღი და გამოერკვია, თუ როდის შეიტყო საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტი. სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ გაითვალისწინა სს ,ს. დ. ა."-ს პოზიცია და დაადგინა, რომ სადაზღვევო შემთხვევა დადგა 2017 წლის 7 აგვისტოს. სასამართლომ აგრეთვე უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ აღნიშნული შემთხვევა ატარებდა იმდენად აშკარა ხასიათს, რომ ავტომობილის დაზიანება შესამჩნევი უნდა ყოფილიყო ავტომობილის ზომიერად დაკვირვებული და წინდახედული მძღოლისათვის.

საქმის მოცემულობიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია ვალდებული იყო, დაედგინა სადაზღვევო შემთხვევის თარიღი და გამოერკვია, თუ როდის შეიტყო საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტი. სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ გაითვალისწინა სს ,ს. დ. ა."-ს პოზიცია და დაადგინა, რომ სადაზღვევო შემთხვევა დადგა 2017 წლის 7 აგვისტოს. სასამართლომ აგრეთვე უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ აღნიშნული შემთხვევა ატარებდა იმდენად აშკარა ხასიათს, რომ ავტომობილის დაზიანება შესამჩნევი უნდა ყოფილიყო ავტომობილის ზომიერად დაკვირვებული და წინდახედული მძღოლისათვის.

აპელანტის მითითებით საქმის მასალების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ 2017 წლის 7 აგვისტოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანა ,,ტოიოტა ქამრის”, ქუთაისი-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე მოძრაობის დროს მოხვდა სხვა ავტომობილის მიერ ასხლეტილი ქვა. მძღოლის მიერ ავტომობილის ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ავტომობილს აღარ ჰქონდა სანომრე ნიშანი, სხვა დაზიანებები ავტომანქანას არ აღენიშნებოდა. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ სანომრე ნიშნის დაკარგვა არ წარმოადგენს სადაზღვევო შემთხვევას, მომხდართან დაკავშირებით მძღოლმა დაუყოვნებლივ აცნობა მხოლოდ საპატრულო პოლიციას და არა სადაზღვევო კომპანიას. მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, 2017 წლის 8 აგვისტოს, მძღოლს ავტომანქანის სავალი ნაწილიდან მოესმა ხმაური, რის შემდეგ ტექნიკური დათვალიერების მიზნით მიმართა ,,ტ. თ”-ს სერვისცენტრს, რათა კომპეტენტურ დაწესებულებას დაედგინა, გააჩნდა თუ არა ავტომანქანას ისეთი სახის დაზიანება, რომელიც ვერ დადგინდებოდა ვიზუალური დათვალიერების შედეგად. „ტ. თ”-ს სერვისცენტრში ავტომანქანის სავალი ნაწილების დათვალიერების შედეგად, რადიატორის სიახლოვეს აღმოჩნდა ასხლეტილი ქვა, რამაც გამოიწვია ავტომანქანის სხვადასხვა დაზიანებები.

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სს „ს. დ. ა.“-ს შორის 2017 წლის 23 მარტს გაფორმებული №23/03/1 ხელშეკრულების მე-7 მუხლის 1.4. პუნქტის თანახმად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებული იყო, დაუყოვნებლივ დაკავშირებოდა სს ,ს. დ. ა.“-ს საინფორმაციო სამსახურის ცხელ ხაზს და მიეწოდებინა სრული ინფორმაცია სადაზღვევო შემთხვევის შესახებ. მითითებული პუნქტის საფუძველზე, მძღოლი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისთანავე ანუ ,,ტ. ც. თ.“-ს სერვისცენტრის მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბალანსზე რიცხული ავტომანქანის დაზიანების ფაქტის დადგენისთანავე, 2017 წლის 8 აგვისტოს, დაუყოვნებლივ დაუკავშირდა სს ,ს. დ. ა.“-ს საინფორმაციო სამსახურის ცხელ ხაზს და საპატრულო პოლიციას.

აპელანტის მითითებით საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სს ,ს. დ. ა.“-ს შორის 2017 წლის 23 მარტს გაფორმებული №23/03/1 ხელშეკრულების პირველი მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად ,,სადაზღვევო შემთხვევა“, რომლის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევა არის ფაქტობრივად დამდგარი შემთხვევა, როდესაც წინამდებარე ხელშეკრულება ითვალისწინებს ,,მიმწოდებლის“ მიერ ,,სადაზღვევო ანაზღაურების“ გადახდას. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს დასკვნას, რომ სადაზღვევო შემთხვევა რეალურად მოხდა 2017 წლის 7 აგვისტოს, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, ტერმინი სადაზღვევო შემთხვევა უნდა განიმარტოს, როგორც შემთხვევა, რომელმაც წარმოშვა მზღვეველის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის ვალდებულება. ამ მიმართებით აპელანტი განმარტავს, რომ მართალია 2017 წლის 7 აგვისტოს, ავტომანქანას მოძრაობის დროს მოხვდა სხვა ავტომობილის მიერ ასხლეტილი ქვა, მაგრამ ცალსახაა, რომ ამ დღეს ავტომანქანის ვიზუალური დათვალიერების შედეგად შეუძლებელი იყო მძღოლს დაედგინა, ავტომანქანას გააჩნდა თუ არა №15406 ინვოისში მითითებული დაზიანებები.

3.3. აპელანტი უთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლზე და განმარტავს, რომ დასახელებული ნორმის პირველი ნაწილით დადგენილი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების შესრულების უმთავრესი წინაპირობაა სადაზღვევო შემთხვევის დადგომა. ამასთან, კანონი მკაცრად ადგენს, რომ ვალდებულება დამზღვევის მიერ უნდა შესრულდეს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე. ასეთი მოწესრიგებით კანონმდებელი დამზღვევს მეტი გულისხმიერებისა და სიფრთხილისაკენ მოუწოდებს და მისგან დიდ ყურადღებას მოითხოვს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გამო. დამზღვევს უფრო მეტად მიუწვდება ხელი დაზღვევის ობიექტზე, ვიდრე მზღვეველს. ის დაზღვევის ობიექტზე გავლენისა და კონტროლის მეტი შესაძლებლობით სარგებლობს. ამიტომაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლი უნდა განიმარტოს ფართოდ და მასში დამზღვევის დაზღვევის ობიექტის მიმართ ზრუნვისა და მისი შენარჩუნების ვალდებულებაც უნდა გაერთიანდეს. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველი დაინტერესებულია ზიანის შემცირებითა და მისი ზუსტი ოდენობის დადგენით. მზღვეველი მის ვალდებულებას ასრულებს სადაზღვევო შემთხვევის დადგენისა და საზღაურის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ. მზღვეველი უფლებამოსილია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ დამზღვევისაგან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია სადაზღვევო შემთხვევის ან მისი მოვალეობის მოცულობის დასადგენად.

აპელანტი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ პირობაზე და განმარტავს, რომ დასახელებული ნორმა ცალსახად იცავს დამზღვევის ინტერესებს და კანონსაწინააღმდეგოდ ცნობს ხელშკრულებაში ისეთ დათქმას, რომლითაც ირღვევა დამზღვევის ინტერესები. კერძოდ, ბათილია ისეთი შეთანხმება, რომლითაც მზღვეველი თავისუფლდება ანაზღაურების ვალდებულებისაგან, თუკი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების დარღვევას არსებითად არ შეულახავს მზღვეველის ინტერესები. თუ მზღვეველის ინტერესები არსებითად არ დაირღვევა, ის არ გათავისუფლდება ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან. ასეთი მოწესრიგება ემსგავსება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 812-ე მუხლში გათვალისწინებულ წესს, რითაც კანონმდებელი დამზღვევის ინტერესს იცავს.

აპელანტის მითითებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოწესრიგებით კანონმდებელი იჭრება მხარეთა მიერ ნების ავტონომიის სივრცეში. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ იმის შესახებ, რომ დამზღვევის მიერ შეტყობინების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მზღვეველი გათავისუფლდეს ანაზღაურების ვალდებულებისგან. მზღვეველის მიერ აღნიშნული უფლების ბოროტად გამოყენების პრევენციის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის მე-3 ნაწილი აწესებს წინაპირობას მზღვეველის ინტერესების არსებითი დარღვევის სახით. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თუ დამზღვევის ვალდებულების დარღვევის შედეგად დაზღვეული ქონების დაზიანების ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ასეთ შემთხვევაში დარღვევა არსებითია. ზოგიერთ შემთხვევაში დროის დაყოვნებას დიდი გავლენა აქვს შედეგზე. მზღვეველი დაინტერესებულია ზიანის მაქსიმალური შემცირებით. თუ მას ერთმევა უფლება, განახორციელოს ზიანის შესამცირებლად აუცილებელი ღონისძიებები და ამის გამო თავად განიცდის ზიანს, დარღვევა არსებითად ჩაითვლება. მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ დარღვევა არსებითი იყო.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლი ცალსახად იცავს ქონების დამზღვევის ინტერესებს და ბათილია ისეთი შეთანხმება, რომლითაც მზღვეველი თავისუფლდება ანაზღაურების ვალდებულებისაგან, თუკი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების დარღვევას არსებითად არ შეულახავს მზღვეველის ინტერესები. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში დამზღვევის მხრიდან ადგილიც რომ ჰქონოდა მზღვეველისთვის სადაზღვევო შემთხვევის შესახებ შეტყობინების ვადის დარღვევას და რომ ვივარაუდოთ, რომ სადაზღვევო შემთხვევა დადგა არა 2017 წლის 08 აგვისტოს, არამედ წინა დღეს, ამ შემთხვევაშიც, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია სს "ს. კ. ა.”-ს უარი, აუნაზღაუროს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანი, გამომდინარე იქიდან, რომ შეტყობინების ვადის პირობის დარღვევის შემთხვევაშიც მოცემულ პერიოდში "ავტომანქანის" დაზიანების ხარისხი არ გაზრდილა და აქედან გამომდინარე, მზღვეველი ვერ გათავისუფლდება ანაზღაურების ვალდებულებისაგან.

აპელანტის განმარტებით საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, საქმის მასალების შესწავლის შედეგად ცალსახად დგინდება, რომ სს ,ს. დ. ა."-ს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში არ მიუთითებია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2017 წლის 23 მარტის ხელშეკრულების დანართის მე-4 მუხლის 4.1.1 პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტის დარღვევის შესახებ, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, საქმის განხილვის დროს დაედგინა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს ჰქონდა თუ არა ადგილი მძღოლის მიერ ალკოჰოლური თრობის უარმყოფელი მტკიცებულების წარდგენის ფაქტს.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

4.1.1. 2017 წლის 23 მარტს ერთი მხრივ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მეორე მხრივ სს „ს. დ. ა.”-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N23/03/1 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში შეისყიდა ცესკოს ბალანსზე არსებული ა/მანქანის დაზღვევის მომსახურება და დაზღვეული იქნა ა/მანქანა Toyota Camry, სახელმწიფო ნომრით XX-XXX-XX.

სადაზღვევო პირობებში სადაზღვევო შემთხვევა განმარტებულია როგორც შემთხვევა, რომლის შედეგადაც დამდგარი ზარალი ექვემდებარება ანაზღაურებას. სადაზღვევო შემთხვევად განიხილება დაზღვევის მოქმედების პერიოდში მომხდარი, დაზღვეული რისკის დადგომის შედეგად დამდგარი ზარალი.

დაზღვევის პირობების მე-4 პუნქტით მოწესრიგებულია მხარეთა ურთიერთობა სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, 4.1.1. პუნქტით გათვალისწინებულია დამზღვევის ვალდებულებები სადაზღვევო შემთხვევისას, კერძოდ, დამზღვევის ვალდებულებებს წარმოადგენს: ა) ,,მზღვეველს’’ საინფორმაციო სამსახურის ცხელ ხაზზე და დაუყოვნებლივ დაკავშირება და სადაზღვევო შემთხვევის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება; ბ) საპატრულო პოლიციის დაუყოვნებლივ გამოძახება; გ) საპატრულო პოლიციის მისვლამდე ავტომანქანის შემთხვევის მდგომარეობით შენარჩუნება; დ) ავტომანქანის მძღოლის თრობის ფაქტის დადგენა; ე) არაუგვიანეს 48 საათისა მზღვეველისთვის ზიანის დადგომის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადის წარდგენა; ვ) შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა. ამავე მუხლით გათვალისწინებულია მზღვეველის უფლებამოსილება დასახელებული მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისას უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე. (ტ.1.ს.ფ. 21-33)

4.1.2. უდავოა, რომ 08.08.2018 წელს მოსარჩელემ სადაზღვევო შემთხვევის შესახებ განცხადებით მიმართა სს ,ს. დ. ა.’’-ს. სადაზღვევო შემთხვევის აღწერაში დაზღვეული ავტომობილის მძღოლის მიერ მითითებულია, რომ 07.08.2018 წელს ქუთაისი-სამტრედიის გზაზე გადაადგილებისას ავტომანქანას წინა ბამპერზე სანომრე ადგილის ქვედა მხარეს მოხვდა ასხლეტილი ქვა. (ს.ფ. 45-46)

4.1.3. სს ,ს. დ. ა.’’-ს გენერალური დირექტორის 17.10.2017წ. და 25.10.2017 წერილებით საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უარი ეთქვა ანაზღაურების გაცემაზე, იმაზე მითითებით, რომ დამზღვევისთვის შემთხვევის შესახებ ცნობილი იყო 07.08.2017 წელს, თუმცა შემთხვევის შესახებ შეტყობინება განხორცილდა მომდევნო დღეს, რითაც დაირღვა ხელშეკრულების დანართი N1-ის სადაზღვევო პირობების მე-4 მუხლის 4.1.1 პუნქტის „ა“ ქ/პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს შემთხვევის დადგომისას დაუყოვნებლივ შეტყობინების განხორციელებას მზღვეველის ცხელ ხაზზე.

4.1.4. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოა საკითხი იმის შესახებ, თუ როდის გახდა ცნობილი დამზღვევისთვის (უფლებამოსილი მძღოლისთვის) სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ და დაარღვია თუ არა დამზღვევმა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ მზღვეველის ინფორმირების შესახებ ვალდებულება. კერძოდ, მხარეთა შორის სადავოა, დაირღვა თუ არა მზღვეველის მიერ სადაზღვევო პირობების 4.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება.

სარჩელში მითითებული ახსნა-განმარტების მიხედვით სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა 08.08.2017 წელს, კერძოდ, მას შემდეგ რაც ,,ტ. ც. თ.”-ს მიერ ავტომანქანის შემოწმების შედეგად მისი დაზიანების ფაქტი გამოვლინდა, საგულისხმოა, რომ სარჩელში მითითებული გარემოება სადაზღვევო შემთხვევის 08.08.2017 წელს გამოვლენის შესახებ სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით და სასამართლოში 21.02.2018 წელს წარდგენილი ,,დამატებითი მოსაზრებით’’ შედავებულია მოპასუხე მხარის მიერ, კერძოდ, სს ,ს. დ. ა.’’ სადაზღვევო ანაზღაურების ვალდებულებისგან გათავისუფლების საფუძვლად შესაგებელში და მოგვიანებით 21.02.2018 წელს მოსამზადებელ ეტაპზე წარდგენილ ,,დამატებით მოსაზრებაში’’ მიუთითებდა დამზღვევის მხრიდან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დანართი #1-ის 4.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების, კერძოდ, ა) ,,მზღვეველის’’ საინფორმაციო სამსახურის ცხელ ხაზზე დაკავშირების და სადაზღვევო შემთხვევის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდების; ბ) საპატრულო პოლიციის დაუყოვნებლივ გამოძახების; გ) საპატრულო პოლიციის მისვლამდე ავტომანქანის შემთხვევის მდგომარეობით შენარჩუნების შესახებ ვალდებულებების დარღვევაზე. ამდენად, გათვალისწინებით იმისა, რომ სარჩელში მითითებული გარემოება - დაზღვეული ავტომობილის დაზიანების ფაქტის 08.08.2017 წელს შეტყობის შესახებ შედავებულია არსებითი შესაგებლის წარდგენის გზით, სადავო კითხვაზე - თუ როდის გახდა ცნობილი დამზღვევისთვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ და დაირღვა თუ არა ხელშეკრულების დანართი #1-ის 4.1.1 პუნქტის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები, პასუხი საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების კვლევის შედეგად უნდა გაეცეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპია დამკვიდრებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.

განსახილველ შემთხვევაში სამოქალაქო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე მოსარჩელეს ეკისრებოდა იმ გარემოების სარწმუნოდ დადასტურება, რომ 07.07.2017 წელს დაზღვეული ავტომანქანით გადაადგილებისას ასხლეტილი ქვის მოხვედრის შედეგად დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის შესახებ მისთვის ცნობილი 08.08.2017 წელს ავტომობილის ,,ტ. ც. თ.’’ შემოწმების შედეგად გახდა.

უდავოა, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 23.03.2017 წლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით დაზღვეული ავტომანქანის სამართავად დანიშნულმა მძღოლმა საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს ავტომანქანის სანომრე ნიშნის დაკარგვის შესახებ 07.07.2017 წელს აცნობა.

საქართველოს შსს სამინისტროს გურიის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის 07.08.2017წ. რეაგირების ოქმით ირკვევა, რომ დაახლოებით 11:15 საათზე ლანჩხუთის რაიონის, სოფელ ჭყონაგორაში 22-ე კილომეტრზე ავტომაგისტრალზე ნაპოვნი იქნა ქართული სანომრე ნიშანი XX-XXX-XX, გადამოწმებისას გაირკვა, რომ ს/ნიშანი ეკუთვნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. (ს.ფ. 39-41)

შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს უფროსის სახელზე 07.08.2017 წელს შედგენილ ახსნა-განმარტებაში დაზღვეული ავტომანქანის მძღოლი განმარტავს, რომ 07.08.2017 წელს თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით ქუთაისი - სამტრედიის მონაკვეთზე დაკარგა წინა სანომრე ნიშანი. (ს.ფ. 42)

ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის 08.08.2017 წლის რეაგირების ოქმის თანახმად საპატრულო ეკიპაჟი გამოძახების საფუძველზე გამოცხადდა მისამართზე ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-20 კმ.-ზე „ტ. ც. თ.“, სადაც იმყოფებოდა ს. კ., რომელმაც განმარტა, რომ 2017 წლის 07 აგვისტოს მოძრაობდა ა/მანქანით Toyota Camry, სახელმწიფო ნომრით XX-XXX-XX, დაახლოებით დღის 12:00 საათზე მოძრაობისას იგრძნო, რომ წინიდან დაეჯახა გზიდან ასხლეტილი ქვა, შემდეგ ნახა, რომ წინა ნომერი აღარ ჰქონდა და მანქანა ხმაურით დადიოდა, მან ახალი ნომერი აიღო და შემდეგ მიმართა ცენტრს იმის გასარკვევად რა იწევდა ხმაურს. ცენტრში დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ ა/მანქანას გარკვეული სახის დაზიანებები გააჩნდა. 07.08.2017 წელს, მას შემდეგ რაც აღმოაჩინა, რომ მანქანის ნომერი დაკარგა, დაუყოვნებლივ აცნობა საპატრულო პოლიციას. (ს.ფ. 43-44)

ამდენად, 07.07.2017-08.08.2017 წელს მოვლენები შემდეგნაირად ვითარდება, 07.07.2017 წელს დაზღვეული ავტომობილის მძღოლი სოფელი ჭანეთიდან უკავშირდება შსს საპატრულო პოლიციას და აწვდის ინფორმაციას ავტომანქანის სანომრე ნიშნის დაკარგვის შესახებ, ამავე დღეს დაახლოებით დღის 11:15 საათზე ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჭყონაგორაში, 22-ე კილომეტრზე, ავტომაგისტრალზე შსს საპატრულო პოლიცია პოულობს სანომრე ნიშანს, რომელიც ეკუთვნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 08.08.2017 წელს დაზღვეული ავტომობილის მძღოლი ქ. რუსთავში იღებს ახალ ნომერს და მიმართავს ,,ტ. ც. თ.“-ს ავტომანქანის შემოწმების მოთხოვნით. ცენტრში ავტომანქანის შემოწმების შედეგად დაზიანების გამოვლენის შემდეგ ცენტრი იძახებს საპატრულო პოლიციას, პოლიციისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში კი მძღოლი განმარტავს, რომ ქუთაისი - ოზურგეთის გზაზე გადაადგილებისას ავტომანქანას მოხვდა გზიდან ასხლეტილი ქვა, შემდეგ ნახა, რომ ავტომანქანას წინა ნომერი აღარ ჰქონდა და ხმაურით დადიოდა.

მოსარჩელის განმარტებით ქმედებათა ამგვარი თანმიმდევრობა განპირობებული იყო ასხლეტილი ქვის შედეგად ავტომანქანისთვის მიყენებული დაზიანების უხილავობით, კერძოდ, მართალია 07.07.2017 წელს დაზღვეული ავტომობილის მძღოლმა დააფიქსირა ნომრის დაკარგვის ფაქტი, თუმცა გათვალისწინებით იმისა, რომ ავტომობილის სხვა დაზიანებები არ იყო თვალსაჩინო მძღოლს არ შეეძლო ავტომანქანის ნომრის დაკარგვასთან ერთად დაეფიქსირებინა, შემდეგ კი მიეთითებინა ასეთ დაზიანებებზე. მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით მოპასუხე მიუთითებს არგუმენტს მასზედ, რომ ქვის მოხვედრის და ამის შედეგად ავტომანქანის დაზიანების ფაქტი მოსარჩელისთვის მაშინვე უნდა გამხდარიყო ცნობილი, ამის შემდეგ მძღოლის ვალდებულებას წარმოადგენდა ხელშეკრულების დანართი #1-ის 4.1.1 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, ამგვარი ვალდებულების დარღვევის პირობებში შეუძლებელია იმის დადგენა ნამდვილად ქვის მოხვედრამ გამოიწვია თუ არა დაზიანება და რა ვითარებაში მოხვდა ქვა ავტომანქანას, კერძოდ, დამზღვევის მიერ მისი ვალდებულების დარღვევის პირობებში შეუძლებელია იმის დადგენა ხომ არ ჰქონდა ადგილი რისკის გამონაკლის შემთხვევებში დადგომას, როგორიცაა გაჩერებული ავტომობილის დაუდგენელ ვითარებაში დაუდგენელი პირის მიერ დაზიანება, ავტომანაქანის გამოყენება რალიში, შეჯიბრებაში, სამაშველო სამსახურში, არასაგზაო პირობებში. შესაბამისად, მოპასუხის (მზღვეველის) არგუმენტაციით სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის წინაპირობის შესაქმნელად ქვის მოხვედრისთანავე დამზღვევს ეკისრებოდა მზღვეველისთვის ინფორმაციის მიწოდების და ხელშეკრულების დანართი #1-ის 4.1.1 პუნქტის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნტებით გათვალისწინებული ვალდებულება, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი შეუძლებელი ხდება ზიანის გამომწვევი ნამდვილი მიზეზის დადგენა.

4.1.5. სააპელაციო პალატა საკითხის სწორი შეფასებისათვის ყურადღებას შეაჩერებს რამდენიმე უდავო გარემოებაზე, რომელთა ერთობლივი ანალიზიც იძლევა დასკვნის საფუძველს იმის თაობაზე, რომ მძღოლს არ შეეძლო 7 აგვისტოსვე, ე.ი. შემთხვევის დადგომისთანავე მიეწოდებინა ინფორმაცია მზღვეველისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ, ვინაიდან სადაზღვევო შემთხვევის შესახებ მძღოლს დასკვნა შეეძლო გაეკეთებინა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მან ტექნიკური დათვალიერებისათვის მიმართა "ტ. ც."-ს.

4.1.5.1. კერძოდ, პირველ რიგში სააპელაციო პალატა შენიშნავს, მოცემულ შემთხვევაში დაზღვეული ავტომობილი დაზიანება და სადაზღვევო შემთხვევა წარმოიშვა არა ავტოსაგზაო შემთხვევის, ანუ სხვა ავტომობილთან შეჯახების შედეგად, არამედ სხვა ავტომობლის მიერ ასხლეტილი ქვის დაზღვეულ ავტომობილზე მოხვედრის შედეგად.

ამასთნ, მნიშვნელოვანია რომ ავატომობილს ასხლეტილი ქვა მოხვდა არა მძღოლისათვის თვალსაჩინო ადგილას მაგ: საქარე მინაზე, რაც ასევე თვალსაჩინო დაზიანებას გამოიწვევდა და მანქანის მართვის მომენტშივე შენიშნავდა მძღოლი ამ დაზიანებას, არამედ ასხლეტილი ქვა მოხვდა ავტომობილის წინა ბამპერის ე.წ. ქვედა აბლიცოვკას (წინა სანომრე ნიშნის განთავსების ადგილის ოდნავ ქვევით), რაც მძღოლისათვის მანქანის მართვის მომენტში თვალსაჩინო ვერ იქნებოდა.

როგორც უკვე ეს მოგვიანებით, ე.ი. მეორე დღეს - 8 აგვისტოს, ტ. ც.-ში ავტომობილის ტექნიკური დათვალიერების შედეგად გაირკვა, ასხლეტილმა ქვამ დააზიანა წინა ბამპერის ქვედა "აბლიცოვკა", რის შემდეგაც, როგორც აღმოჩნდა, მან შეაღწია შიგნით და დააზიანა წყლის რადიატორი და კონდიციონერის რადიატორი. ამასთან მათი დაზიანება გამოიხატა იმაში, რომ რადიატორებმა მიიღეს მნიშვნელოვანი დეფორმაცია (შიგ ჩასხმული სითხე არ დაღვრილა, ჩატუმბული ფრეონი არ დაკარგულა).

ფაქტია, რომ მძღოლმა სანომრე ნიშნის დაკარგვის შესახებ გაიგო, არა მაშინვე თბილისი - სამტრედიის მაგისტრალზე მოძრაობისას, როდესაც ასხლეტილი ქვა მოხვდა მანქანას, არამედ 7 აგვისტოსვე, ოღონდ ოდნავ მოგვინაებით, როდესაც მძღოლი დანიშნულების ადგილზე ჩავიდა სოფ. ჭანეთში, და რა დროსაც მის მიერ გამოძახებულიც იქნა საპატრულო პოლიცია და დაფიქსირებული იქნა სანომრე ნიშნის დაკარგვის შესახებ გარემოება.

4.1.5.2. მართალია, 08.08.2017 წლის რეაგირების ოქმში დაზღვეული ავტომანქანის მძღოლი უთითებს 07.07.2017 წელს გადაადგილებისას ასხლეტილი ქვის მოხვედრის თაობაზე, თუმცა 08.08.2017 წელს მიცემულ ახსნა-განმარტებაში მძღოლის მიერ ქვის მოხვედრის ფაქტზე მითითება არ შეიძლება გაგებული იქნეს იმგვარად, რომ წინა დღით საპატრულო პოლიციისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში მძღოლმა ასხლეტილი ქვის მოხვედრის ფაქტი მიზანმიმართულად დამალა. ამ მიმართებით მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ 08.08.2017 წლის რეაგირების ოქმში მძღოლი ახსნა-განმარტებას ,,ტ. ც. თ.’’ ავტომობილის შემოწმების და ქვის აღმოჩენის შედეგად იძლევა, გარდა ამისა, ამ მიმართებით გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მძღოლის მიერ 07.07.2017 წელს ასხლეტილი ქვის მოხვედრის დაფიქსირების დადასტურებულად მიჩნევის პირობებშიც კი აღნიშნული ფაქტი ავტომანქანის ვიზუალურ მდგომარეობასთან ერთობლიობით, რომელიც საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალით დასტურდება (ს.ფ. 49; 51) არ არის საკმარისი იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ 07.07.2017 წელს მძღოლმა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ იცოდა, ან/და გულისხმიერი ქმედების შემთხვევაში უნდა სცოდნოდა. საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალის მიხედვით ავტომანქანაზე დაზიანებების შემჩნევა პრაქტიკულად შეუძლებელია განსაკუთრებულად ახლო ხედით გადაღებული ფოტომასალის გარეშე, აღნიშნული კი იძლევა დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის დახმარების გარეშე მძღოლისთვის ცნობილი ვერ იქნებოდა ავტომანქანის დაზიანების შესახებ. სააპელაციო სასამართლო მხედველობაში იღებს ასევე იმ გარემოებას, რომ 08.08.2018 წლის რეაგირების ოქმში მიცემული ახსნა-განმარტებით მძღოლი აღწერს 07.07.2017-08.08.2018 წელს განვითარებულ მოვლენათა მიმდინარეობას, შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტზე დაყრდნობით შეუძლებელია იმის ზუსტად განსაზღვრა კონკრეტულად რა მომენტიდან დაიწყო მანქანამ ხმაურით სვლა.

4.1.5.3. პალატა ხაზგასმით შენიშნვს, რომ აღნიშნული ფაქტების ლოგიკური ანალიზი მიუთითებს იმ შედეგზე, რომ ავტომობილმა დაზიანება მიიღო ისეთი ზემოქმედებით (სხვა ავტომობილის მიერ ასხლეტილი ქვის მოხვედრა წინა ბამპერის ქვედა აბლიცოვკაზე) და ისეთი სახის დაზიანება, რომელიც არ იყო თვალსაჩინო და არ წარმოშობდა იმის აუცილებლობას, რომ მძღოლს მოძრაობა შეეწყვიტა და გაეჩერებინა ავტომობილი თბილისი სამტრედიის ავტომაგისტრალზე. ფაქტია, რომ ამ დაზიანებას არ გამოუწვევია ავტომობილის გადაადგილების შეუძლებლობა. უფრო მეტიც, ფაქტია, რომ სოფ ჭანეთში ჩასვლის შემდეგაც მძღოლმა შეამჩნია, მხოლოდ სანომრე ნიშნის დაკარგვა და უშუალოდ ქვედა აბლიცოვკაზე მიყენებული დაზიანება არც იქ დაუფიქსირებია. შინაგანი რწმენისათვის, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ავტომობილის დაზიანებული ნაწილის ამსახველ ფოტომასალაზე (იხ. ს.ფ. 49 - 53), სადაც 49 და 51 გვერდზე წარმოდგენილ სურათებზე არც ისე ადვილად შესამჩნევია ავტომობილის წინა აბლიცოვკის (პალატა აქვე შენიშნავს, იმ უდავო გარემოებას, რომ ავტომობილ ისევ იმ დაზიანებული წინა ბამპერით და ქვედა აბლიცოვკით, აგრეთვე დაზიანებული რადიატორებით არის აღჭურვილი.) დაზიანებული წერტილის ამოცნობა. მისი ამოცნობა შესამჩნევია უკვე საქმეში, 53-ე გვერდზე წარმოდგენილ ფოტოსურათზე, სადაც, მხოლოდ დაზიანებულ წერტილზეა ფოკუსირება გაკეთებული. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სააპეალციო პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ ვინაიდან დაზიანებული ადგილი უშუალოდ სანომრე ნიშნის განთავსების ადგილის ოდნავ ქვევით მდებარეობს, მძღოლს ეს დაზიანება აუცილებლად უნდა შეემჩნია. მიუხედავად ამისა, იმ შემთხვევაშიც თუკი დავუშვებთ, რომ მძღოლს ეს დაზიანება უნდა დაეფიქსირებინა სოფ ჭანეთში ჩასვლის შემდეგ მაინც, როდესაც მან სანომრე ნიშნის დაკარგვა დააფიქსირა, პალატა მაინც არ იზიარებს იმ დასკვნის საფუძლიანობას, რომ სადაზღვევო შემთხვევის შესახებ მძღოლისათვის ცნობილი იყო 7 აგვისტოს მდგომარეობით და რომ მან დაარღვია მზღვეველისათვის შესაბამისი ინფორმირების ვალდებულება. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტებზე, რომ ასხლეტილი ქვის მოხვედრის შედეგად დაზიანდა არა მარტო წინა ბამპერის ქვედა აბლიცოვკა, არამედ ქვამ დააზიანა მანქანის როგორც წყლის, ასევე კონდიციონერის რადიატორებიც. ქვედა აბლიცოვკის დაზიანების მძღოლის მიერ დაფიქსირების შემთხვევაშიც კი, ვერ დავუშვებთ იმ ვარაუდას, რომ მძღოლი ასევე უნდა მიხვედრილიყო იმას, რომ ასხლეტილი ქვა შეაღწევდა მანქანის წინა ბამპერში და რომ შემდგომ ის გამოიწვევდა რადიატორების დაზიანებასაც.

4.1.5.4. სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სს ,ს. დ. ა.’’-ს პოზიციას მასზედ, რომ ტრანსპორტი და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრის კონსულტაციური პასუხის (იხ. ს.ფ. 88-89) მიხედვით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის სადაზღვევო შემთხვევის ხასიათიდან - ავტომანქანის დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე შემთხვევის შესახებ ცნობილი უნდა ყოფილიყო 07.07.2017 წელს.

დასახელებული დოკუმენტით (იხ. ს.ფ. 88-89) ირკვევა, რომ კვლევა ჩატარებულია ავტომანქანის ფოტო სურათების და მისი დაზიანების-სათადარიგო ნაწილების სამუშაოს დასახელების ინვოისის განხილვის და შედარების საფუძველზე. კონსულტაციური პასუხის თანახმად დაზიანებები, რომლებიც წარმოდგენილია სურათით და შეფასების ინვოისით, ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე წარმოქმნილი დაზიანებები მძღოლისთვის ცნობილი უნდა გამხდარიყო დროის მცირე მონაკვეთში, (კერძოდ, გაგრილების სისტემის უწესივრობა, წყლის რადიატორის დაზიანება რაც აისახებოდა მძღოლის წინა მონიტორზე), რის გამოც ავტომობილს 400 კ.მ.-ის გავლამდეც წარმოექმნებოდა ტექნიკური პრობლემები და ავტომობილის გადაადგილება შეუძლებელი გახდებოდა. რაც შეეხება კონდიციონერის რადიატორის მწყობრიდან გამოსვლას, კონდიციონერის არ მუშაობაც აგვისტოს თვის დამახასიათებელი ტემპერატურული მდგომარეობიდან გამომდინარე აღნიშნული დაზიანებებით ავტომობილის ექსპლოატაცია მძღოლისთვის საგრძნობი იქნებოდა.

დამზიანებელ საგანთან - ქვასთან მიმართებით კონსულტაციურ პასუხში მითითებულია, რომ ფოტომასალით ძნელია დადგინდეს მისი ფიზიკური მონაცემები (ზომა, წონა) რითიც შეიძლება განისაზღვროს მისი დამზიანებელი ძალის მოქმედება. კონსულტაციური პასუხის მიხედვით დაზიანების აღწერით ინვოისით და ფოტო მასალის შესწავლით, მოცემულ ეტაპზე აღნიშნული არ ასახავს რეალობის არგუმენტირებულ დადასტურებას. აღნიშნულიდან გამომდინარე პასუხი შეიცავს რეკომენდაციას დაზიანებულ დეტალებზე საექსპერტო კვლევის ჩატარების შესახებ.

ამდენად, კონსულტაციური პასუხის ავტორი ერთი მხრივ უთითებს, რომ დაზიანებათა შესახებ მძღოლისთვის ცნობილი უნდა გამხდარიყო დროის მცირე მონაკვეთში, რაც საბოლოოდ გამორიცხავდა კიდეც ავტომანქანის გადაადგილების შესაძლებლობას, ხოლო მეორე შემთხვევაში ავტორი განმარტავს, რომ აღნიშნული პასუხი არ ასახავს რეალობის არგუმენტირებულ დადასტურებას, რადგან კვლევა ეფუძნება ინვოისს და ფოტო მასალას. უფრო მეტიც, პასუხის ავტორი რეკომენდაციას იძლევა დაზიანებულ ნაწილებზე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ.

ამრიგად, სააპელაციო სასამართლო, ტრანსპორტი და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრის კონსულტაციურ პასუხს სადავო გარემოების დასადგენად ვარგის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს და სადავო გარემოებასთან მიმართებით მტკიცებულებით ძალას ვერ მიანიჭებს მას, რადგან კონსულტაციური პასუხში მითითებული დასკვნა დაზიანებების მოკლე ვადაში შეტყობის და ავტომობილის გადაადგილების შეუძლებლობასთან მიმართებით გაქარწყლებულია თავად დასკვნის ავტორის მიერ.

შესამბამისად, საკითხის სწორი შეფასებისათვის მთავარია ის გარემოება, რომ ავტომობილის დაზიანება, როგორც უკვე ზევით მივუთითეთ არ იყო გამოწვეული ისეთი თვალსაჩინო ზემოქმედებით და თავის მხრივ ეს დაზიანებაც არ იყო ისეთი თვალსაჩინო, რომ ეს მოძრაობაში მყოფი ავტომობილის მძღოლს აშკარად შეემჩნია თბილისი სამტრედიის მაგისტრალზევე, მით უფრო, რომ დაზიანებას არ გამოუწვევია ავტომობილის გადაადგილების შეფერხება.

4.1.5.5. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის (სადაზღვევო კომპანიის) არგუმენტს დამზღვევის მიერ ინფორმირების ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებით, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა ავტომობილზე მიყენებული დაზიანებების ხასიათიდან გამომდინარე, კერძოდ ის ფაქტი რომ ეს დაზიანებები არ იყო თვალსაჩინო და არც ამ დაზიანებების გამომწვევი ზემოქმედება (ახლეტილი ქვის მოხვედრა) არ იყო თვალსაჩინო ავტომობილის მძღოლისათვის, პალატა ასკვნის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დამზღვევს მზღვეველისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება წარმოეშვა, არა 2017 წლის 7 აგვისტოდან, არამედ 2017 წლის 8 აგვისტოდან, როდესაც ავტომობილის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ასხლეტილმა ქვამ, რომელიც იმ მომენტისათვის ჯერ კიდევ დასახელებული ავტომობილის წინა ნაწილში იყო შერჩენილი, გამოიწვია, როგორც წინა აბლიცოვკის, ასევე რადიატორების დაზიანება. უდავოა, რომ დაზიანების გამოვლენიდან მალევე დამზღვევმა 8 აგვისტოსვე მოახდინა მზღვეველის ინფორმირება. პალატა აქვე დასძენს, რომ ვინაიდან ობიექტურად შუძლებელი იყო ავტომობილისათვის მიყენებული დაზიანებების დამზღვევის მიერ 2017 წლის 7 აგვისტოს დაფიქსირება და რამდენადაც ეს დაზიანებები გამოვლინდა მეორე დღესვე, პალატა მიიჩნევს, რომ დამზღვევი ასევე ობიექტურად მოკლებული იყო შესაძლებლობას მკაცრად დაეცვა ხელშეკრულების დანართი #1-ის 4.1.1 პუნქტით გათვალისწინებული მოვალეობები.

4.1.5.6. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ სს ,ს. დ. ა.’’-ს პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში და მოსამზადებელ ეტაპზე წარდგენილ ,,დამატებით მოსაზრებაში’’ ხელშეკრულების დანართი #1-ის 4.1.1 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის, კერძოდ, დაზღვეული ავტომობილის მძღოლის თრობის ფაქტზე არ მიუთითებია . მისი შედავება შემოიფარგლებოდა ძირითადად იმაზე მითითებით, რომ მოსარჩელე მხარემ დაარღვია ხელშეკრულების დანართი #1-ის 4.1.1 პუნქტის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების თანახმად „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები“. სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ- ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს. ამრიგად, გათვალისწინებით იმისა, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულების დანართი #1-ის 4.1.1. პუქტის ,,დ’’ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევაზე, მითითებული არ ყოფილა, მაშინ როდესაც დასახელებული პუნქტით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებების დარღვევაზე მოპასუხე თითოეულზე ცალ-ცალკე უთითებდა (იხ. 21.02.2018წ. ,,დამატებითი მოსაზრება’’) ამ გარემოებაზე მითითება სასამართლოს მთავარ სხდომაზე და მითუმეტეს აპელირება მასზე მეორე ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე გამორიცხავს ამ საფუძვლით ხელშეკრულების ამ საფუძვლით დარღვევის ფაქტის დადასტურებულად მიჩნევას.

ამგვარად, პალატა ასკვნის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მზღვეველს (მოპასუხეს) არ შეუძლია მოსარჩელის მოთხოვნის უარსაყოფად, მიუთითოს მოსარჩელის, როგორც დამზღვევის მხრიდან ხელშეკრულების დანართი #1-ის 4.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე. სააპელაციო სასამართლო ზემოთ მითითბული ფაქტობრივი გარემოებების და მსჯელობის კვალობაზე მიიჩნევს, რომ დამზღვევის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას.

4.1.6. 2017 წლის 9 აგვისტოს „ტ. ც. თ.“-ს მიერ გაცემული N15406 ინვოისის თანახმად, ა/მანქანა Toyota Camry, სახელმწიფო ნომრით XX-XXX-XX დაზიანების შედეგად საჭიროებს შეკეთებას წყლის რადიატორი, ფრეონი, სანომრე პლასტმასი, წინა ბამპერის ქვედა ე.წ „აბლიცოვკა“, კონდიციონერის რადიატორი, სათუნუქე სამუშაოები, ფრეონის ამოტუმბვა და ჩატუმბვა. დაზიანებებით მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 4194.75 ლარს. აქვე აღნიშნულია, რომ „ტ. ც. თ.“ შეძენილ ა/მანქანის დაზიანებისას სარემონტო სამუშაოები უნდა ჩაუტარდეს ცენტრის სერვისში, წინააღმდეგ შემთხვევაში ა/მანქანა მოიხსნება გარანტიიდან. ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სასარჩელო მოთხოვნა მისი კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე დასაბუთებულია, მიყენებული ზიანის ოდენობა კი წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, 4194.75 ლარია. საგულისხმოა, რომ ზიანის ოდენობის გასაქარწყლებლად აპელანტს სარწმუნო შედავება არც პირველ და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში არ განუხორციელებელია, ამ მიმართებით მოწინააღდეგე მხარე იმ გარემოებაზე მიუთითებდა, რომ ზიანი სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ ინფორმაციის მეორე დღეს მიწოდების და დაზიანებული ავტომანაქანის ექსპლუატაციით გაიზარდა, რაც გაზიარებული არ იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ განხორციელდა სადაზღვევო რისკი და დამდგარია სადაზღვევო შემთხვევა, შესაბამისად, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად წარმოშობილი ზიანი უნდა დაექვემდებაროს ანაზღაურებას. მზღვეველს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სადაზღვევო თანხის გაცემა 4194.75 ლარის ოდენობით.

4.1.7. განსახილველ შემთხვევაში ტრანსპორტი და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრის კონსულტაციური პასუხის უარყოფის მიზნით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 15.03.2018 წლის საოქმო განჩინებას ასაჩივრებს, რომლითაც ამ უკანასკნელს უარი ეთქვა მტკიცებულებების მიღების თაობაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მხარეთა და მათ წარმომადგენელთა შუამდგომლობები და განცხადებები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის ან გამოთხოვის შესახებ სასამართლომ შეიძლება განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეს არ შეეძლო მათი წარმოდგენა, აგრეთვე თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარმოდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე, ან თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი შუამდგომლობებისა და განცხადებების წარმოდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე. ასეთ შემთხვევაში საქმის განხილვა მხარეთა თხოვნით ან სასამართლოს ინიციატივით შეიძლება გადაიდოს. ამდენად, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ შუამდგომლობებს ახალი მტკიცებულებების წარდგენის შესახებ სასამართლო იმ შემთხვევაში განიხილავს თუ დადგინდება, რომ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეს არ შეეძლო მათი წარმოდგენა, ან თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარმოდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე, მოსამზადებელ სტადიაზე ახალი მტკიცებულებების წარდგენის შეუძლებლობის, აგრეთვე ახალი მტკიცებულებების წარმოდგენის საფუძვლის მთავარ სხდომაზე წარმოქმნის ფაქტი შუამდგომლობის ავტორმა უნდა ამტკიცოს. შესაბამისად, მხოლოდ ამ გზით მიაღწევს იგი მითითებული ნორმით გათვალისწინებულ შედეგს, კერძოდ, მთავარ სხდომაზე ახალი მტკიცებულებების საქმეზე დართვას.

ამ მიმართებით, პალატა ყურადღებას ამახვილებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 27.02.2018 წლის მოსამზადებელ სხდომაზე მიღებულ განჩინებაზე, რომლითაც სხვა მტკიცებულებებთან ერთად საქმის მასალებს მტკიცებულების სახით დაერთო სადაზღვევო კომპანია ,,ა.’’ მიერ 21.02.2018 წელს წარდგენილი ,,ტრანსპორტი და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრის’’ კონსულტაციური პასუხი. ამავე სხდომაზე მიღებული განჩინებით მთავარი სხდომა 15.03.2018 წელს დაინიშნა.

დადგენილია, რომ 14.03.2018 წელს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით ტრანსპორტი და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრის კონსულტაციური პასუხის გასაბათილებლად საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 13.03.2018 წ. და შპს ,,ტ. ც. თ.”-ს’’ 14.03.2018 წ. წერილების საქმეზე დართვა ითხოვა.

გასაჩივრებული საოქმო განჩინებით მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ დასაბუთებული ვერ იქნა მოსამზადებელ სხდომაზე მტკიცებულებების წარუდგენლობის საპატიო მიზეზი.

განჩინების გაუქმების საფუძვლად მხარე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც მიღებული იქნა მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები იმავე დღეს დასრულდა და აღნიშნულ სხდომაზე მიღებული განჩინებით მთავრი სხდომა დაინიშნა, შესაბამისად, მან დაკარგა შესაძლებლობა მოსამზადებელ ეტაპზე საპასუხო მტკიცებულება წარედგინა.

პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საოქმო განჩინებით აპელანტთან (მოსარჩელესთან) მიმართებით, დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1 მუხლით დადგენილი შეჯიბრებითობის პრინციპი, კერძოდ, მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საქმეზე დართვის შემდეგ ამ მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ მთავარ სხდომაზე ახალი მტკიცებულებების მიღებაზე უარის თქმით მოსარჩელეს შეეზღუდა სამართლებრივი საშუალება გაექარწყლებინა მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულება, თუმცა განსახილველ შემთხვევაში პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს ისე ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რომ საქმეზე დართული მტკიცებულება (კონსულტაციური პასუხის) მოსარჩელის საწინააღმდეგოდ შეფასებული არ ყოფილა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია სადავო საკითხის გადასაწყვეტად, ამდენად, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის - საპროცესო ეკონომიის - რეალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით რაც საბოლოოდ, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ არ არსებობს გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

6. საპროცესო ხარჯები

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან. გათვალისწინებით იმისა, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად, სარჩელი დაკმაყოფილდა და სს „ს. დ. ა.”-სსაქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სასარგებლოდ დაეკისრა - 4 194.75 ლარის გადახდა, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სს „ს. დ. ა.”-სსარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 293,63 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს შემდეგი სახით;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. სს „ს. დ. ა.”-ს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სასარგებლოდ დაეკისროს 4 194.75 ლარის გადახდა;

5. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის საოქმო განჩინების გაუქმების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

6. სს „ს. დ. ა.”-სსარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 293,63 ლარის გადახდა.

7. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.