ნახვები: 564
საქმის ნომერი: 1გ-150
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: გელა ბადრიაშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: არ ექვემდებარება გასაჩივრებას, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №1გ-150 (2017-01-31), www.temida.ge
საქმის № 1გ-150

განჩინება
საქართველოს სახელით
       31 იანვარი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
საგამოძიებო კოლეგია
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
გელა ბადრიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე, განვიხილე კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორის - თ. ბ.-ს საჩივარი, მოსამართლის წინაშე მოქალაქე ბ. ა.-ს ძე ა.-ს მოწმედ დაკითხვის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლაბაზა დუიშვილის 2017 წლის 26 იანვრის განჩინებაზე,

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :
აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის №XXXXXXXXXXXX საქმე, შპს „მ. ო. კ.-ს“ კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში, 2017 წლის 26 იანვარს, კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა თ. ბ.-მ შუამდგომლობით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა გამოძიების ეტაპზე მოწმე ბ. ა.-ს ძე ა.-ს (დაბ. XX.XX.19XXწ., პ/ნXXXXXXXXXXX) მოსამართლის წინაშე სკაიპის მეშვეობით დაკითხვა.

მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ბ. ა.-ს მოწმედ დაკითხვის საფუძვლად შუამდგომლობაში მითითებული იყო: (1) მოწმე დიდი ხნით ტოვებს საქართველოს; (2) არსებითად განსახილველად საქმის სასამართლოში წარმართვისთვის აუცილებელი მტკიცებულებების სხვა წყაროებიდან მოპოვება არაგონივრულ ძალისხმევას საჭიროებს; (3) არსებობს ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაციის ფლობის ფაქტი და ეს პირი გამოკითხვაზე უარს ამბობს. იმავდროულად, შუამდგომლობაში პროკურორი უთითებდა, რომ ბ. ა.-ს დატოვებული აქვს საქართველო, იმყოფება თურქეთის რესპუბლიკაში და ის თანახმაა დაიკითხოს დისტანციურად ტექნიკური საშუალების გამოყენებით (სკაიპით) მაგისტრატი მოსამართლის წინაშე (იხ. შუამდგომლობა).

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლაბაზა დუიშვილის 2017 წლის 26 იანვრის განჩინებით, პროკურორის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. მოსამართლემ მიუთითა, რომ პროკურორის შუამდგომლობა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებთან, ვინაიდან ბ. ა. დიდი ხნით კი არ ტოვებს საქართველოს, არამედ უკვე დატოვებული აქვს. დაუსაბუთებელია აპელირება იმაზე, რომ მტკიცებულების სხვა წყაროდან მოპოვება არაგონივრულ ძალისხმევას საჭიროებს (იხ. განჩინება).

აღნიშნული განჩინება, 2017 წლის 27 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივრა კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა თ. ბ.-მ, რომელმაც ითხოვა მისი გაუქმება და შუამდგომლობაში მითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილება. საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შემოვიდა 2017 წლის 31 იანვარს.

როგორც საჩივარშია მითითებული, დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა მსჯელობა, თითქოს საქართველოს სსსკ-ის 114-ე მუხლი არ ითვალისწინებს მოწმის სკაიპის მეშვეობით დაკითხვის შესაძლებლობას. ის გარემოება, რომ საპროცესო კოდექსის კონკრეტულ მუხლში არ არის გაწერილი დისტანციური წესით დაკითხვის თაობაზე, არ გულისხმობს, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება არის აკრძალული. საპროცესო კოდექსის არცერთი ნორმა არ კრძალავს დისტანციური წესით მოწმის დაკითხვის შესაძლებლობას. ნორმის წინაპირობა, რომ მოწმე დიდი ხნით ტოვებს საქართველოს, გულისხმობს როგორც მომავალში ქვეყნის დატოვებას, ისე იმ შემთხვევას, როდესაც პირს უკვე დატოვებული აქვს საზღვარი. მოცემულ შემთხვევაში, არსებობს ქვეყნის საზღვრებს გარეთ მყოფი მოწმე, რომელსაც შეუძლია მისცეს გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია დანაშაულის შესახებ. იგი არ არიდებს თავს გამოძიებასთან თანამშრომლობას, მზად არის დაიკითხოს დისტანციური წესით, რისი ცალსახა აკრძალვაც არ არის საქართველოს სსსკ-ის 114-ე მუხლის დებულებებში. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, არსებობს ერთადერთი მექანიზმი, რომ იგი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხოს. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბ. ა. ფლობს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, იმავდროულად ის უარს არ აცხადებს გამოძიებას მიაწოდოს ინფორმაცია. არსებობს მხოლოდ დამაბრკოლებელი გარემოება, რომ მას დატოვებული აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია მოწმის დისტანციური დაკითხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით იმავე ან სხვა სასამართლოდან ან სხვა ადგილიდან, რაც წინასწარ ეცნობება მხარეებს. ბ. ა. თანხმობას აცხადებს მოხდეს მისი დისტანციური დაკითხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. იმის გამო, რომ მას შეუძლია გამოძიებას მიაწოდოს არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს მოცემულ საქმეზე სწრაფი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარებას, მიზანშეწონილია მოხდეს მისი დისტანციური დაკითხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე (იხ.საჩივარი).

სამოტივაციო ნაწილი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, მოწმის დაკითხვის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ მაგისტრატი მოსამართლის განჩინება, ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 24 საათში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს ერთპიროვნულად, მისი შეტანიდან არაუგვიანეს 24 საათისა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ განიხილა საჩივარი, გაეცნო საჩივართან ერთად წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმის მასალებს, შეაფასა პროკურორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზანშეწონილობის საკითხი და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს გამოძიების სტადიაზე, მხარის შუამდგომლობით, გამოძიების ადგილის ან მოწმის ადგილსამყოფელის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე პირის მოწმედ დაკითხვას, თუ იგი დიდი ხნით ტოვებს საქართველოს. აღნიშნული საპროცესო ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე, მოწმის დაკითხვის ინიციატორმა მხარემ სასამართლოს უნდა დაუსაბუთოს, რომ მოწმედ დასაკითხი პირი, რომელიც დაკითხვის ინიცირების დროს იმყოფება საქართველოში, დიდი ხნით ტოვებს სამართალწარმოების ქვეყანას.

განსახილველ შემთხვევაში, პირი, რომლის მოწმედ დაკითხვასაც ითხოვს ბრალდების მხარე, არათუ ტოვებს საქართველოს, არამედ მას უკვე დატოვებული აქვს საქართველო და იმყოფება თურქეთიში, ქალაქ ს.-ში. აღნიშნული გარემოება დადგენილია შუამდგომლობით და წარმოდგენილი საქმის მასალებით.

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი მხარეს აძლევს შესაძლებლობას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმედ დაიკითხოს პირი, რომლისთვისაც ცნობილია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, დაკითხვის მომენტისთვის იმყოფება საქართველოში და მოსალოდნელია დიდი ხნით დატოვოს საქართველო. სისხლის სამართლის პროცესის აღნიშნული ნორმა არ ითვალისწინებს პირის მოწმედ დაკითხვას, როდესაც მას უკვე დატოვებული აქვს საქართველო.

საგამოძიებო კოლეგია განმარტავს, რომ მართალია, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლი ითვალისწინებს გამოძიების სტადიაზე, მხარის შუამდგომლობით, გამოძიების ადგილის ან მოწმის ადგილსამყოფელის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე პირის მოწმედ დაკითხვას საამისო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მაგრამ არც აღნიშნული მუხლი და არც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სხვა რომელიმე ნორმა არ ითვალისწინებს გამოძიების სტადიაზე, მხარის შუამდგომლობით, მოწმის სკაიპით დაკითხვას მოსამართლის წინაშე. ბრალდების მხარე შუამდგომლობასა და საჩივარში აპელირებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლზე, სადაც საერთოდ არაფერი წერია მოწმის დისტანციურად, სკაიპით დაკითხვაზე.

ერთადერთი ნორმა, რომელიც მოწმის დისტანციურ დაკითხვას შეეხება, არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული საპროცესო მოქმედების განხორციელების შესაძლებლობას მხოლოდ საქმის არსებითი განხილვის დროს და არა გამოძიების სტადიაზე. ეს რომ ასეა, ნათლად ჩანს სსსკ-ის 243-ე მუხლის სათაურით და ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, სადაც პირდაპირ არის მითითება საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის გამოუცხადებლობის ან მისი გამოცხადების შემთხვევაში, გამოძიების დროს მიცემული ჩვენების (მიღებული ინფორმაციის) გამოქვეყნების (ჩვენების აუდიო ან ვიდეო-ჩანაწერის მოსმენა-დემონსტრირება) შესაძლებლობაზე. ამ მუხლის მთლიანი კონსტრუქცია ეძღვნება მხოლოდ საქმის არსებით განხილვას და ის არ ვრცელდება გამოძიების სტადიაზე. აქვე, სასამართლო დასძენს, რომ სსსკ-ის 243-ე მუხლი მოთავსებულია საპროცესო კოდექსის იმ თავში, რომელიც შეეხება საქმის არსებით განხილვას და აღნიშნული ნორმა არ შეიცავს ბლანკეტურ მითითებას გამოძიების სტადიაზე მოწმის დაკითხვის ანალოგიური წესის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, თუ ის უნდა გავრცელდეს გამოძიების სტადიაზეც, ასეთ შემთხვევაში, პირდაპირ უნდა იყოს მითითებული მუხლში, რასაც ადგილი არ აქვს.

საჩივრის მოტივაციაზე, თითქოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არცერთი ნორმა არ კრძალავს გამოძიების დროს პირის დისტანციურად დაკითხვას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის საპროცესო სამართალში არ მოქმედებს პრინციპი „რაც აკრძალული არ არის, ის დაშვებულია“. კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, კანონმდებლობაში ხარვეზის არსებობისას დასაშვებია მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.

მოცემულ შემთხვევაში, კანონის ანალოგიით გამოყენება შეუძლებელია, ვინაიდან მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის დაკითხვის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სსსკ-ის 114-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კანონმდებელი უშვებს საქმის არსებითი განხილვის დროს მოწმის გამოუცხადებლობის შესაძლებლობას გარდაუვალი მოვლენების დადგომის შემთხვევაში, რაც შეუძლებელს გახდის საქმის არსებითი განხილვის დროს მოწმის სასამართლოში გამოცხადებას. ასეთ შემთხვევაში, საპროცესო კოდექსი დასაშვებად მიიჩნევს მოწმის ჩვენების, როგორც მტკიცებულების გამოყენების შესაძლებლობას განაჩენის გამოტანის დროს, თუ ის მოწმედ ერთხელ მაინც, თუნდაც გამოძიებოს დროს არის დაკითხული მოსამართლის წინაშე. მოსამართლის წინაშე მოწმის დაკითხვას აქვს დატვირთვა მისი მაღალი ლეგიტიმაციის თვალსაზრისით და არა იმისთვის, რომ უბრალოდ ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედება. ამიტომ, მსგავს სიტუაციაში, კანონის ანალოგიით გამოყენების დაშვება საერთოდ დაუკარგავს აზრს მოსამართლისთვის მოწმის წარდგენის ინსტიტუტს.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლო მომჩივნის ყურადღებას მიაპყრობს იმაზე, რომ ბ. ა.-სთან გამომძიებლის სატელეფონო გასაუბრების ოქმის მიხედვით, ეს უკანასკნელი „უახლოეს პერიოდში ვერ მოახერხებს საქართველოში ჩამოსვლას, რადგან აქვს საქმეები“. როგორც ვხედავთ, საკითხი ეხება მოწმის მხოლოდ უახლოეს პერიოდში ვერ გამოცხადების პრობლემას და არა იმას, რომ ის დიდი ხნით ტოვებს საქართველოს. საქართველოს სსსკ-ის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ეს გარემოება არ არის მოსამართლის წინაშე პირის მოწმედ დაკითხვის საფუძველი.

საგამოძიებო კოლეგია არ იზიარებს მოსაზრებას იმის შესახებაც, თითქოს სიტყვები „დიდი ხნით ტოვებს“ გულისხმობს როგორც მომავალში საქართველოს დატოვებას, ისე იმ შემთხვევასაც, როდესაც პირს უკვე დატოვებული აქვს საქართველო. ნორმის აღნიშნული ჩანაწერი ეხება მხოლოდ იმ შემთხვევას, როდესაც მოწმე მომავალში აპირებს საქართველოს ტერიტორიის დატოვებას, რაც დიდი ალბათობით, შეუძლებელს გახდის მის გამოცხადებას საქმის არსებითად განხილვის დროს. სწორედ ამიტომ იძლევა ეს ნორმა მოწმის დაკითხვის შესაძლებლობას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. შესაბამისად, ეს წინაპირობა არ გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც მოწმეს უკვე დატოვებული აქვს საქართველო. ელემენტარულად, ეს არ გამომდინარეობს არც ნორმის გრამატიკული განმარტებიდან.

სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდა დასახელებული გარემოებებისა, პროკურორის შუამდგომლობა ურთიერთწინააღმდეგობრივია. შუამდგომლობის დიდი ნაწილი ეთმობა იმის დასაბუთებას, რომ მოწმე თანახმაა სკაიპის მეშვეობით დაკითხვაზე, ხოლო მეორეს მხრივ, მოსამართლის წინაშე მოწმის დაკითხვის საფუძვლად შუამდგომლობაში მითითებულია სსსკ-ის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოება ანუ შემთხვევა, როდესაც პირი უარს აცხადებს გამოკითხვაზე (იხ. შუამდგომლობა).

საგამოძიებო კოლეგია განმარტავს, რომ მოსამართლის წინაშე მოწმის დაკითხვისგან განსხვავებით, ბრალდების მხარეს უფლება აქვს ტექნიკური საშუალების - სკაიპის გამოყენებით, დისტანციური წესით თვითონ გამოკითხოს მოწმე საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ. აღნიშნულთან დაკავშირებით შესაძლებელია სსსკ-ის 113-ე მუხლის ანალოგიით გამოყენება, ვინაიდან ეს არ ათავისუფლებს მხარეს მოწმის სასამართლოში წარდგენის ვალდებულებისაგან საქმის არსებითად განხილვის დროს.

და ბოლოს, წარმოდგენილი საქმის მასალებისა და მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით, ბ. ა. ფაქტობრივად იმხილება იმ დანაშაულში, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება. ასეთ შემთხვევაში, მისი მოწმედ დაკითხვის მცდელობა და მით უმეტეს, სკაიპის მეშვეობით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა, ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის პროცესის ძირითად პრონციპებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგამოძიებო კოლეგიას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, დასაბუთებულია, ხოლო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 97-ე - 98-ე, 114-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

პროკურორის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლაბაზა დუიშვილის 2017 წლის 26 იანვრის განჩინება, დარჩეს უცვლელად;

განჩინების ასლები დაუყოვნებლივ გადაეცეს საჩივრის ავტორს და გასაჩივრებული განჩინების გამომტან მაგისტრატ მოსამართლეს;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.