საქმის ნომერი: ას-1141-2018
საქმეთა კატეგორიები: სამეწარმეო სამართალი, სამოქალაქო სამართლის პროცესი,
სასამართლო: საქართველოს უზენაესი სასამართლო
მოსამართლე: ბესარიონ ალავიძე(თავმჯდომარე), ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: არ ექვემდებარება გასაჩივრებას, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები: ას-75-408-09, ას-863-813-2015, ას-444-423-2015, ას-165-158-2013, ას-385-366-2015, ას-225-217-2012, ას-795-754-2013,
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: საწარმოს 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის მოთხოვნა დივიდენდის დაკისრებაზე არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საწარმოს ავტონომიურობის პრინციპის დარღვევის საფუძველი.
ციტირებისთვის: საქართველოს უზენაესი სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №ას-1141-2018 (2018-11-30), www.temida.ge
საქმის № ას-1141-2018

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       30 ნოემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე:
ბესარიონ ალავიძე
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე,

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „გ-ო“, დირექტორი ნ. კ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ი. ხ-ია (მოსარჩელე)

თავდაპირველი თანამოპასუხე - ნ. ხ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

კასატორი - ი. ხ-ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „გ-ო“, დირექტორი ნ. კ-ე, ნ. ხ-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმა

დავის საგანი - დივიდენდის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ი. ხ-იამ (შემშგომში - მოსარჩელე, აპელანტი, მეორე კასატორი ან პირველი პარტნიორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „გ-ოს“, ნ. კ-ისა და ნ. ხ-ას (შემდგომში - მოპასუხეები, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეები, შპს „გ-ო“, ასევე, წოდებული, როგორც კომპანია, ან პირველი კასატორი, ნ. კ-ე - როგორც დირექტორი, ხოლო, ნ. ხ-ა - მეორე პარტნიორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეთათვის, კომპანიის 2013-2015 წლების მიუღებელი (გაუნაწილებელი) სუფთა მოგებიდან მოსარჩელის კუთვნილი თანხის - 54 028,12 ლარის დაკისრება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე და მესამე მოპასუხე არიან კომპანიის 50%-50% წილის მფლობელი პარტნიორები. პარტნიორთა 100%-იანი თანხმობით, 2005 წლის 15 ივლისს დამტკიცებული წესდების ბოლო რედაქციის 6.3. და 6.4. პუნქტებით განსაზღვრულია კომპანიის დირექტორის უფლებამოსილებები, რომელიც, მართალია, არ შეიცავს სრულ ჩამონათვალს და იგი, პარტნიორთა შეუთანხმებლობის გამო, არ არის ამომწურავად გადაწყვეტილი. პარტნიორთა წილების გადანაწილების გამო, საერთო კრება პრაქტიკულად უმოქმედოა და მათი განსხვავებული პოზიციების გამო, გადაწყვეტილების მიღება ვერ ხდება, რითაც სარგებლობს დირექტორი, რომელიც წყვეტს თანხების განკარგვის საკითხსაც და ეს ზიანის მომტანია მთლიანად საზოგადოებისთვის. მოსარჩელის მიერ თანხების არამიზნობრივი განკარგვის თაობაზე პრეტენზიებს არ ეთანხმება მეორე პარტნიორი და მხარს უჭერს დირექტორის მხრიდან თანხის არამიზნობრივ ხარჯვას. მიუხედავად არაერთი მიმართვისა, დირექტორი მოსარჩელეს არ აწვდის სრულ ინფორმაციას საზოგადოების მიერ დადებული გარიგებებისა და ფინანსური ანგარიშების შესახებ. 2012 წლის 26 სექტემბრის ხელშეკრულებით, კომპანიას იჯარით აქვს გაცემული ქ.თბილისში, ხ-ის ქ №5-ში მდებარე კუთვნილი მიწის ნაკვეთი, იჯარის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა ჯამში 149 000 ლარი შეადგინა, თუმცა ამ თანხიდან მოგების სახით არც ერთი თეთრი არ მიუღია მოსარჩელეს. კომპანიის მიზნობრივი ხარჯის (დირექტორის ხელფასი - თვეში სავარაუდოდ, 300 ლარი და ბუღალტრული მომსახურება - თვეში 250 ლარი) გათვალისწინებით, მოსარჩელეს საკუთარი წილის პროპორციული მიუღებელი (გაუნაწილებელი) მოგების სახით მისაღები აქვს 54 028,12 ლარი.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. მეორე პარტნიორმა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა სასამართლოში, სადაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8, 38-ე, 46.21 მუხლებსა და საზოგადოების წესდების მე-7 მუხლზე მითითებით განმარტა, რომ დივიდენდის განაწილება პარტნიორთა დღის წესრიგში შეტანილი არასოდეს ყოფილა, ამგვარი პრეტენზიის წარდგენა გამართლებული იქნებოდა პარტნიორთა კრების მიერ საკითხზე მსჯელობისა და უარყოფითი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში. რაც შეეხება დირექტორის ქმედებას, მოპასუხის განმარტებით, ის ასრულებს საკუთარ მოვალეობას და მისი მხრიდან არამიზნობრივი ხარჯების გაწევის ფაქტი არ დგინდება;

2.2. ამავე ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, არ ცნო სარჩელი კომპანიამ/მისმა დირექტორმა, დამატებით მიუთითა პარტნიორთა 2014 წლის 29 ივლისის კრების ოქმზე, დირექტორის მიერ პირველი პარტნიორისათვის 2014 წლის 26 ნოემბერსა და 9 დეკემბერს გაგზავნილ შეტყობინებებზე და აღნიშნა, რომ ეს მტკიცებულებები მოწმობს იმ ფაქტს, რომ დივიდენდის განაწილება არ სურდა თავად მოსარჩელეს, გარდა ამისა, კომპანია დაეთანხმა სარჩელში მითითებულ იმ გარემოებას, რომ მისი ქონება იჯარითაა გაცემული, თუმცა, 2013-2015 წლების სუფთა მოგება 10 720 ლარია.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების/დამატებითი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 26 584,5 ლარის გადახდა;

5.2. ამავე სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილებით, აპელანტს მეორე პარტნიორის სასარგებლოდ დაეკისრა საადვოკატო მომსახურების საფასურის - 1 097,74 ლარის ანაზღაურება.

6. კასატორების მოთხოვნა:

6.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კომპანიამ/მისმა დირექტორმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;

6.2. სააპელაციო სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმაც, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების/დამატებითი გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრების საფუძვლები და მიიჩნევს, რომ პირველი საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო, მეორე კასატორს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგი გარემოებების გამო:

1. საკასაციო განაცხადის მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:

ვიდრე საკასაციო სასამართლო პრეტენზიების საფუძვლიანობის კვლევას შეუდგება, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს საკასაციო სასამართლოში გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების საფუძვლები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე მოწმდება გადაწყვეტილების სამართლებრივი კანონიერება, რაც ამავე კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით რეგულირდება. პირველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის წარმატებას განაპირობებს მხარის მიერ საკუთარი პრეტენზიის იურიდიული საფუძვლიანობის დასაბუთება, რაც შეეხება მეორე ნორმას, ამ შემთხვევაში კანონმდებლის პოზიცია იმპერატიულია და სასამართლოს ყოველთვის ავალდებულებს, განსაზღვროს, ხომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ საფუძვლიანად მიიჩნია პირველი პარტნიორის მოთხოვნა კომპანიის მიმართ სასამართლო წესით დივიდიენდის დაკისრების თაობაზე, ამასთან, ვინაიდან საზოგადოების მეორე პარტნიორის მიმართ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აპელანტს მის სასარგებლოდ დააკისრა იურიდიული ხარჯების ანაზღაურება. სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება კომპანია და მოითხოვს ძირითადი გადაწყვეტილების გაუქმებას, ხოლო პროცესის ხარჯების (საადვოკატო მომსახურების ხარჯი) ანაზღაურების კანონიერებაზე პრეტენზიას აცხადებს პირველი პარტნიორი, კერძოდ:

1.1. (პირველი საკასაციო საჩივრის საფუძვლები)

1.1.1. საკასაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს აქვს თუ არა სასამართლოს ზოგადი უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში დივიდენდის განაწილების თაობაზე და, მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა თუ არა ამგვარი გადაწყვეტილების (დივიდენდის განსაზღვრისა და დაკისრების) გამოტანის წინაპირობა. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პარტნიორი არის სამეწარმეო საზოგადოების წევრი, რომელსაც გააჩნია კანონითა და საზოგადოების წესდებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები საზოგადოების მიმართ. პარტნიორი მმართველობითი უფლებამოსილების რეალიზაციას ახორციელებს საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოს - საერთო კრების მეშვეობით. მეწარმეთა შესახებ კანონის 91 მუხლით, განსაზღვრულია როგორც პარტნიორთა საერთო კრების მოწვევისა და ჩატარების წესი, ასევე - მისი კომპეტენცია, შესაბამისად, პარტნიორს სარჩელის უფლება შეიძლება წარმოეშვას მხოლოდ მაშინ, თუ დაირღვა ნორმით გათვალისწინებული მისი რომელიმე უფლება. მოსარჩელე სადავოდ არ ხდიდა არც კრების მოწვევის, არც მისი ჩატარებისა და არც კომპეტენციის კანონიერებას, ხოლო დივიდენდის განაწილების საფუძვლით სარჩელის აღძვრის უფლება პარტნიორს არ გააჩნია. პარტნიორთა მიერ გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით, ხოლო მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა კორპორაციის მართვის ორგანოს დისკრეციის სფეროს განეკუთვნება, ის განსაზღვრავს საზოგადოების საქმიანობის მიმართულებებს და სასამართლოში არ შეიძლება, დავის საგანსა და შეფასების ობიექტს წარმოადგენდეს მიღებული გადაწყვეტილების მოსალოდნელი ეფექტურობა საზოგადოებისთვის, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნებოდა სამეწარმეო საქმიანობაში უხეში ჩარევა და სასამართლო გამოვიდოდა იმ ორგანოს როლში, რომელიც უთითებს კერძო სამართლის იურიდიულ პირს, თუ როგორ უნდა განაწილდეს დივიდენდი საზოგადოებაში. მოცემულ შემთხვევაში, პარტნიორთა კრებას არ მიუღია გადაწყვეტილება დივიდენდის განაწილების თაობაზე, შესაბამისად, აპელანტს, როგორც საზოგადოების პარტნიორს - არ წარმოშობია დივიდენდის მიღების მოთხოვნის უფლება;

1.1.2. არასწორია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომლის თანახმადაც არსებობდა საზოგადოების პარტნიორთა კრების დისკრეციაში შეჭრის აუცილებლობა იმ საფუძვლით, რომ არსებობდა საწარმოს პარტნიორთა კრების მხრიდან საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას არაკეთილსინდისიერი მოქმედება, მოტყუება ან პირადი დაინტერესება. სასამართლოს დასკვნით, მოცემულ შემთხვევაში, ის შეიძლება, გამონაკლისის სახით შეიჭრას პარტნიორთა კრების დისკრეციის ფარგლებში, რადგანაც ორი პარტნიორი წლებია, ვერ თანხმდება გასანაწილებელი დივიდენდის ოდენობაზე და, რადგან არცერთი დამოუკიდებლად არ ფლობს ე.წ „საკონტროლო პაკეტს“, ისინი ობიექტურად ვერ შეძლებენ, დააკმაყოფილონ ისეთი წინაპირობა, როგორიცაა - კრებაზე გადაწყვეტილების მიღება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებენ, რომ როგორც კომპანია, ისევე - მეორე პარტნიორი იყო დივიდენდის განაწილების ინიციატორი, როდესაც საწარმომ წელი დაასრულა მოგებით, ხოლო გადაწყვეტილების მიღება ფერხდებოდა სწორედ მოსარჩელის მიერ. ამასთან, შეუთანხმებლობის მიზეზი იყო არა გასანაწილებელი თანხის ოდენობა, როგორც ამას სასამართლო აღნიშნავს, არამედ - მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია, რომ ჯერ უნდა დასრულებულიყო სასამართლო დავები. პარტნიორთა კრების ოქმებისა და წერილების მიხედვით, დივიდენდის განაწილებაზე მოსარჩელემ უარი, ერთ შემთხვევაში, საწარმოს წლიური ანგარიშის არქონის გამო, ხოლო, მეორე შემთხვევაში - მის მიერ წამოწყებული სასამართლო დავის გამო განაცხადა (2014 წლის 29 ივლისს ჩატარდა კომპანიის პარტნიორთა კრება. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი - 2013 წლის მოგების დივიდენდის სახით განაწილების თაობაზე მოიხსნა მოსარჩელის წარმომადგენლის ინიციატივით. 2015 წლის 27 იანვარს პირველმა პარტნიორმა მოიწვია კრება. მეორე პარტნიორის ინიციატივით, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს დაემატა საზოგადოების 2013 წლის მოგების დივიდენდის სახით განაწილების საკითხი. კრებამ იმსჯელა ამ საკითხზე, თუმცა, გადაიდო არა საკითხის განხილვა, როგორც ამას სასამართლო მიუთითებს, არამედ - გადაწყვეტილების მიღება იმ მოტივით, რომ მოსარჩელემ მოითხოვა წლიური ანგარიშის შედგენის შემდეგ დაბრუნებოდა კრება ამ საკითხს. 2015 წლის 2 თებერვალს კომპანიამ წერილობით შესთავაზა პირველ პარტნიორს დივიდენდის განაწილება. აღნიშნულ წერილზე კი, მან უპასუხა შემდეგი: „რაც შეეხება 2013 წლის დივიდენდის განაწილებას, ამ საკითხის განხილვას შევძლებთ მხოლოდ თქვენი და შპს „გ-ოს“ პარტნიორის ნ. ხ-ას წინააღმდეგ წარმოებული სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ“). წინამდებარე სარჩელის აღძვრის მომენტისთვის არ იყო დასრულებული მოსარჩელის მიერ ნახსენები დავა და სარჩელს არც წლიური ანგარიში ერთვის, ანუ არ იყო აღმოფხვრილი მოსარჩელის მიერ დასახელებული არცერთი მიზეზი, რის გამოც მან თითქოს უარი თქვა დივიდენდის განაწილებაზე. მოსარჩელის რეალურ ინტერესს წარმოადგენდა საწარმოს ფუნქციონირების შეჩერება (2012 წლის 28 აპრილს კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელი პირველი პარტნიორი, მეორე პარტნიორთან შეუთანხმებლად იწვევს პარტნიორთა კრებას და ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას საზოგადოების დირექტორის გათავისუფლების თაობაზე. დირექტორად ნიშნავს საკუთარ სიმამრ შ. ზ-ს. 2012 წლის 26 სექტემბერს შ. ზ-ი საზოგადოების ინტერესების აშკარა საზიანო პირობებით, იჯარის ხელშეკრულებას დებს მოსარჩელის ძმის ქვისლთან - თ. კ-თან და შპს „გ-ს“ გადასცემს კომპანიის ერთადერთ აქტივს. ეს უკანასკნელი მუშაობდა შპს „გ-ოში“, იცოდა საზოგადოების პარტნიორებს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის შესახებ და ინფორმაცია ჰქონდა დირექტორის უკანონოდ განთავისუფლების გამო, სასამართლოში მიმდინარე დავის თაობაზე, უფრო მეტიც, შპს „გ-ის“ იურიდიულ მისამართად მითითებულია ი. ხ-იას მეუღლისა და შ. ზ-ის ქალიშვილის - თ. ზ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მისამართი, რაც გამორიცხავს მათი მხრიდან კეთილსინდისიერ მოქმედებას. საზოგადოების პარტნიორმა ნ. ხ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში 2012 წლის 28 აპრილის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით და შევიდა კანონიერ ძალაში. მოცემულ დავაზე მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, რის შედეგადაც კომპანიის დირექტორს აეკრძალა საზოგადოების კუთვნილი ფულადი სახსრების განკარგვა. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულ იქნა არა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, არამედ - შეუზღუდავად, საწარმოს კუთვნილ მთელ ფულად სახსრებზე). გარდა ამისა, მოგების დივიდენდის სახით განაწილების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება პარტნიორთა კრების დისკრეციასა და ექსკლუზიურ კომპეტენციას წარმოადგენს. თუ სამეურნეო წლის დასრულების შემდგომ პარტნიორებმა ვერ მიაღწიეს გადაწყვეტილებას დივიდენდის განაწილების თაობაზე, თავისთავად ესეც გადაწყვეტილებად - დივიდენდის განაწილებაზე უარად მიიჩნევა. თუ სასამართლოს ლოგიკას გავიზიარებთ, მაშინ პარტნიორთა წილობრივ მონაწილეობას და თანაფარდობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან, თუნდაც 99%-მა მიიღოს გადაწყვეტილება მოგების საზოგადოებაში დატოვებისა და დივიდენდის განაწილებაზე უარის თქმის შესახებ, ერთი პროცენტი წილის მფლობელ პარტნიორს მაინც რჩება უფლება, თუ საწარმოს წლიური შედეგების მიხედვით დარჩა მოგება, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მისი წილის პროპორციული დივიდენდი, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილება მიიღო საწარმოს პარტნიორთა კრებამ ხმების უმრავლესობით.

1.2. (მეორე საკასაციო საჩივრის საფუძვლები)

1.2.1. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი ქვითრები და იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, თუმცა, სასამართლომ ამ მტკიცებულებათა მიღებისას არ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლით და საპროცესო წესების დაუცველად დაუშვა ახალი მტკიცებულებები. მხარე ვალდებული იყო, ხსენებული მტკიცებულებები წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში. სასამართლოს მხრიდან ამგვარი მიდგომა ხელს უწყობს არაკეთილსინდისიერ მხარეს, დავის შედეგის გათვალისწინებით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში მოითხოვოს პროცესის ხარჯების ანაზღაურება. ამგვარი მიდგომა არღვევს მხარეთა შორის შეჯიბრებითობას, ამასთან, იურიდიული მომსახურების ხარჯის ზემდგომ სასამართლოში წარდგენის საპატიო მიზეზი ვერ გახდება ადვოკატის ცვლილება და სხვა სუბიექტური გარემოებები;

1.2.2. ზემოხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანისას არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი;

1.2.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, გადაწყვეტილება გამოტანილია 7-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით, რამდენადაც ძირითადი გადაწყვეტილება მიღებულია 2018 წლის 8 მაისს, მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა სასამართლოს პროცესის ხარჯების ანაზღაურების თხოვნით მიმართა 2018 წლის 12 ივნისს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამავე წლის 13 ივნისსაა მიღებული. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი დაუდგენია 2018 წლის 15 მაისის განჩინებით, თუმცა, ეს განჩინება მიღებულია ზეპირი მოსმენის გარეშე და ამის შესახებ არ უცნობებია მხარეებისათვის, შესაბამისად, ეს განჩინება საკასაციო პალატის მიერ მხედველობაში არ უნდა იქნას მიღებული საკითხის გადაწყვეტისას.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)), წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ სავალდებულო ძალა გააჩნია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად, კომპანია რეგისტრირებულია ჩუღურეთის რაიონის სასამართლოში 1995 წლის 15 დეკემბერს. მას ჰყავს ორი პარტნიორი: ი. ხ-ია 50% წილით და ნ. ხ-ა 50% წილით. საზოგადოების დირექტორია ნ. კ-ე;

2.2. სასარჩელო მოთხოვნაა კომპანიის, მისი დირექტორისა და მეორე პარტნიორისათვის საზოგადოების 2013-2015 წლების გაუნაწილებელი სუფთა მოგების სახით 54 028.12 ლარის დაკისრება. სარჩელის თანახმად, მოთხოვნილი თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს კომპანიის ანგარიშიდან, სადაც განთავსებული უნდა იყოს ის თანხები, რაც საზოგადოების პარტნიორს ეკუთვნის მოგების სახით;

2.3. კომპანიის წესდების 5.4. პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას წლიური შედეგების დამტკიცების და გამოყენების შესახებ. ამავე წესდების 7.1. და 7.2. პუნქტებით, წლიური შედეგები აისახება საზოგადოების ბალანსში და საბუღალტრო ანგარიშებში, რომელსაც დირექტორი დასამტკიცებლად წარუდგენს პარტნიორთა კრებას. დირექტორი ადგენს წლიურ და სამეურნეო მდგომარეობის შესახებ ანგარიშს, ასევე, წმინდა მოგების განაწილების შესახებ წინადადებას და წარუდგენს პარტნიორთა კრებას, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას მისი გამოყენების შესახებ;

2.4. დივიდენდის განაწილების საკითხზე პარტნიორთა კრებას გადაწყვეტილება არ მიუღია (პარტნიორთა 2014 წლის 29 ივლისის კრების ოქმის დღის წესრიგში შეტანილ იქნა მოპასუხე საწარმოს 2013 წლის ფინანსური შედეგების განხილვისა და შემოსავლიდან დივიდენდის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი, რომელიც დღის წესრიგიდან მოიხსნა მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ. 2015 წლის 27 იანვრის პარტნიორთა კრების ოქმით ირკვევა, რომ კრების დღის წესრიგში შეტანილ საკითხებში ერთ-ერთს კვლავ 2013 წლის წმინდა მოგების დივიდენდად განაწილება წარმოადგენდა, რისი განხილვაც, დეტალების დაუზუსტებლობის გამო (ანგარიშების არქონის გამო), მოსარჩელის წარმომადგენელის ინიციატივით გადაიდო, რასაც კრების წევრები დაეთანხმნენ);

2.5. პარტნიორისა და საზოგადოების დირექტორის 2014-2015 წლების მიმოწერის თანახმად, პარტნიორთა შორის უთანხმოების საგანს და, შესაბამისად, დივიდენდის განაწილებაზე პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების არარსებობის საფუძველს, წარმოადგენს დივიდენდის ოდენობა, რაზეც მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

2.6. 2013-2015 წლებში მოპასუხე საწარმოში გაუნაწილებელი მოგების ოდენობა შეადგენს 53 169 ლარს.

3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:

როგორც უკვე აღინიშნა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის (პირველი საკასაციო საჩივარი), ისე - დამატებითი გადაწყვეტილების გზით იურიდიული მომსახურების ხარჯების დაკისრების კანონიერება (მეორე საკასაციო საჩივარი), შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თითოეულ საკითხს შეაფასებს ცალ-ცალკე.

3.1. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი კასატორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სასამართლო გასცდა საკუთარ დისკრეციას და დივიდიენდის განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებით დაარღვია პარტნიორთა კრების ავტონომიურობის პრინციპი, რის შედეგადაც მიღებულ იქნა იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება (სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). სასამართლო, პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტზე, რომლის თანახმადაც საწარმოს პარტნიორთა კრებას წმინდა მოგების პარტნიორებს შორის განაწილების საკითხზე არც კი უმსჯელია, იგი ორჯერ იქნა შეტანილი კრებაზე გადასაწყვეტ საკითხებს შორის, თუმცა ორჯერვე გამოწვეულ იქნა მოსარჩელის მიერ (იხ. სამოტივაციო ნაწილის პ.პ. 2.4.), ამ მხრივ რაიმე ფაქტობრივი გარემოება, რაც დაადასტურებდა პირველი პარტნიორის მხრიდან საკითხის ინიცირების შეუძლებლობას ან საკუთარი, როგორც პარტნიორისათვის, გარანტირებული კანონიერი უფლების რეალიზაციის შესაძლებლობას, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი. სარჩელის დაკმაყოფილებისა და პარტნიორთა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტა პალატამ იმ არგუმენტით დაასაბუთა, რომ კომპანია ორი პარტნიორის მიერ არის დაფუძნებული და ორივე მათგანი თანაბარი წილის მფლობელია საწესდებო კაპიტალში, ამასთან, რადგანაც პარტნიორებს შორის არ არსებობს ერთიანი კონსენსუსი, სავარაუდო იყო, რომ დივიდენდის განაწილების შესახებ პირველი პარტნიორის მოთხოვნა უარყოფილი იქნებოდა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განვითარებული მსჯელობა, შეიძლება ითქვას, გარკვეული ლოგიკურობით ხასიათდება, თუმცა საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ეწინააღმდეგება სამეწარმეო სამართლისათვის დამახასითებელ სუბსტანციურ პრინციპებს.

3.2. სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილი განამტკიცებს იურიდიული პირის, როგორც სამართალსუბიექტის დამოუკიდებლობის ზოგად პრინციპს და ყოველი კონკრეტული შემთხვევის რეგულირების მატერიალური საფუძველი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითაა განსაზღვრული. მითითებული კანონის მე-3 თავში მოცემულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მახასიათებელი სპეციალური წესები და 47-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პარტნიორთა კრება წარმოადგენს საზოგადოების მმართველობითი ფუნქციის განმახორციელებელ უმთავრეს ინსტრუმენტს. სწორედ საერთო კრებაზე ფორმირდება საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისეთი საკითხები, როგორიცაა: წარმოების სახეებისა და სამეურნეო საქმიანობის დაწყება და მათი შეწყვეტა; საწარმოს სარეგისტრაციო განცხადების მონაცემებსა და წესდებაში ცვლილებების მიღება; ფილიალების შექმნა და ლიკვიდაცია; ინვესტიციების განხორციელება, რომელთა ღირებულება ცალკე ან მთლიანად ერთ სამეურნეო წელიწადში აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს; ვალდებულებათა აღება, რომლებიც ცალკე ან მთლიანად აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს; ვალდებულებათა უზრუნველყოფა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას და რომელთა ღირებულება აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს; პროკურის გაცემა და გაუქმება; წლიური შედეგების დამტკიცება; აუდიტორის არჩევა; საწარმოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. მითითებული საკითხების გარდა, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, კრება იღებს გადაწყვეტილებას: ხელმძღვანელ პირთათვის მოგებასა და საერთო შემოსავალში მონაწილეობისა და პენსიის მიცემის პრინციპების განსაზღვრის შესახებ; იმ დამატებითი უფლებების გამოყენებაზე, რომლებიც საზოგადოებას დაფუძნებიდან ან საზოგადოების მართვიდან გამომდინარე აქვს დირექტორის ან/და პარტნიორის მიმართ, ასევე საზოგადოების წარმომადგენლობა იმ პროცესებში, რომლებსაც იგი დირექტორების წინააღმდეგ წარმართავს; შენატანების მოთხოვნის, დამატებითი შენატანების უკან დაბრუნების; დირექტორების დანიშვნა/გამოწვევის, მათთან ხელშეკრულებების დადება/შეწყვეტის, აგრეთვე, მათი ანგარიშების დამტკიცების; სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ, ასევე, ახალი/დამატებითი შენატანების გზით საწარმოს კაპიტალის გაზრდის გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. ამასთანავე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-5-მე-7 პუნქტები). „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით შეიძლება, დადგინდეს წლიური და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება (ცვლილებამდელი რედაქცია). ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, წლიური მოგების/დივიდენდის განაწილების საკითხის გადაწყვეტა შპს-ის მმართველობითი ორგანოს (საერთო კრება) კომპეტენციაა და ასეთ შემთხვევაში, პარტნიორის, მათ შორის, მცირე პარტნიორის უფლებადამცავ დანაწესს საერთო კრების მოწვევის განმსაზღვრელი ნორმები გვთავაზობს.

3.3. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას იმის შესახებ, რომ სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორს გააჩნია დივიდენდის მოთხოვნის უფლება, თუმცა, ყველა შემთხვევაში აღნიშნული არ შეიძლება იქნეს მიჩნეული საწარმოს ხელძღვანელობით უფლებამოსილებაში სასამართლოს მხრიდან ჩარევის ლეგიტიმურ საფუძვლად. საკითხის სამართლებრივად სწორად შეფასებისათვის ყურადღება უნდა გამახვილდეს თავად დივიდენდის ინსტიტუტზე. სამეწარმეო საქმიანობის მიზნის გათვალისწინებით, პარტნიორის ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება საზოგადოების საქმიანობიდან მოგების მიღებაა. ეს უფლება მოიცავს დივიდენდის მიღების ზოგად უფლებას (დივიდენდის მიღების უფლება) და კონკრეტული სამეურნეო წლის ბოლოს პარტნიორის მიერ საზოგადოების მოგების ნაწილის მოთხოვნის უფლებას (დივიდენდის მოთხოვნის უფლება). მათ შორის განსხვავება ისაა, რომ პირველი უფლება წარმოიშობა საზოგადოების პარტნიორად გახდომის მომენტიდან, ხოლო მეორე - საზოგადოების პარტნიორთა კრების მიერ მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან. ამდენად, წლიური შედეგების დამტკიცებისა თუ დივიდენდის განაწილების საკითხი საზოგადოების უფლებამოსილებას წარმოადგენს, რომელიც ფორმირდება საზოგადოების საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების სახით (იხ. სამოტივაციო ნაწილის პ.პ. 2.3.). დივიდენდის მოთხოვნის უფლების მარეგულირებელ ნორმას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი წარმოადგენს, რომელიც გულისხმობს როგორც დივიდენდის გაცემა-არგაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების, ისე - გასანაწილებელი დივიდენდის ოდენობის განსაზღვრის უფლებამოსილებასაც. აღნიშნული კანონი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში პარტნიორთა კრების მიერ დივიდენდის გაცემა-არგაცემის ან დივიდენდის ოდენობის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მარეგულირებელ ნორმებს არ შეიცავს და მათი მოწესრიგების შესაძლებლობას ითვალისწინებს კომპანიის წესდებით. ამდენად, უდავოა, რომ, როგორც კანონის, ისე, საწარმოს წესდების შესაბამისად, დივიდენდის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება საწარმოს დისკრეციაა, რაც გულისხმობს გასანაწილებელი მოგების ოდენობის განსაზღვრის დისკრეციასაც და ამ გადაწყვეტილების მიღებაში სასამართლო უნდა შეიჭრას, თუ უფლებამოსილ პირთა მხრიდან ადგილი ექნება არაკეთილსინდისიერ ქმედებებს, პარტნიორის უფლებების განზრახ უგულებელყოფას ან დისკრეციის ბოროტად გამოყენებას. უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო სამართლის მიზნებისათვის, პარტნიორთა გადაწყვეტილება ორმხრივი/მრავალმხრივი გარიგებაა (სკ-ის 50-ე მუხლი), რომელიც სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული გარიგების ნამდვილობის ყველა ელემენტს უნდა აკმაყოფილებდეს და სადავოობის შემთხვევაში, პარტნიორი, რომელიც არ ეთანხმება ამ გარიგებას, უფლებამოსილია, ისარგებლოს უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპით, რომელიც ვრცელდება ნებისმიერი დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების მიმართ. ერთ-ერთ საქმეში, საკასაციო პალატა არ დაეთანხმა საზოგადოების პარტნიორის მოთხოვნას სასამართლოს მეშვეობით დივიდენდის განაწილების თაობაზე და განმარტა, რომ პარტნიორს დივიდენდის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ სადავო პერიოდისათვის მოგების განაწილება საზოგადოებაში დივიდენდის გაცემის გზით განხორციელდა. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე დაყრდნობით, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „დივიდენდების გაცემა საწარმოს საქმიანობის ჩვეულებრივი პროცესი კი არ არის, არამედ განსაკუთრებული შემთხვევაა, რომელიც შესაბამისი პროცედურის დაცვით ხორციელდება. დივიდენდის გაცემის საფუძველი შეიძლება იყოს საწარმოში მოგების არსებობა და პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება პარტნიორებზე დივიდენდების გაცემის შესახებ. დივიდენდის სავალდებულო რეჟიმში მხოლოდ ერთ პარტნიორზე გაცემა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის... პარტნიორს დივიდენდის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ დამტკიცდებოდა, რომ კომპანიის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით მოხდა დივიდენდების განაწილება და მას, როგორც პარტნიორს, მისი წილის პროპორციული თანხა არ გაუნაწილეს, ან თუ ის მოითხოვს პარტნიორთა კრების მოწვევას და საწარმოს პარტნიორთა კრება მიიღებს გადაწყვეტილებას დივიდენდების განაწილების თაობაზე.“ (იხ. სუსგ-ებები: №ას-75-408-09, 2 ივლისი, 2009 წ; №ას-863-813-2015, 17 დეკემბერი, 2015 წელი).

3.4. საკასაციო სასამართლო უარყოფს მეორე კასატორის პრეტენზიებს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სასამართლოსგარეშე ხარჯების (იურიდიული მომსახურების ხარჯი) გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის დარღვევით საქმისათვის დართვის თაობაზე და ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამატებითი გადაწყვეტილება შეეხება არა პირველი ინსტანციის სასამართლოში, არამედ - სააპელაციო განხილვის ეტაპზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების საკითხს. უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლით დადგენილი მტკიცებულებათა სააპელაციო განხილვის ეტაპზე წარდგენის შეზღუდვა ძირითადად შეეხება არა პროცესის ხარჯების ანაზღაურების საკითხს, არამედ, მატერიალურ-სამართლებრივი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურებას, ამ ნორმის სხვაგვარი განმარტება ალოგიკურიცაა, ვინაიდან საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე მხარეთათვის უცნობია გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და ზემდგომ ინსტანციებში დავის გაგრძელების ფაქტი, შესაბამისად, მხარე წინასწარ ვერც გაიღებს იურიდიული მომსახურების ხარჯებს და ბუნებრივია, მას უფლების პრევენციული დაცვა არც მოეთხოვება. სააპელაციო წარმოების დაწყება მოდავე მხარეთა დისპოზიციური ნების გამოვლინებაა და ხარჯების გაღებაც დამოკიდებულია იმაზე, გაასაჩივრებს თუ არა ერთ-ერთი მხარე ან ორივე მათგანი გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ალოგიკურია, მოდავე სუბიექტს სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპისათვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა მოეთხოვოს პირველი ინსტანციის სასამართლოში.

3.5. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული დამატებითი გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას, რომელიც პროცესის ხარჯების კლასიფიცირებას შეეხება, აღნიშნული განმარტება სრულად ემყარება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკას (იხ. სუსგ-ებები: №ას-165-158-2013, 27 იანვარი, 2014 წელი; №ას-444-423-2015, 30 ოქტომბერი, 2015 წელი). მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მეორე პარტნიორმა სააპელაციო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურების თაობაზე, წარადგინა იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, თითოეული ინსტანციის სასამართლოში იურიდიული მომსახურების ღირებულება განსაზღვრულია 3 688 ლარით, ასევე, წარდგენილია სააპელაციო წარმოების ეტაპზე ნ. ხ-ას მიერ წარმომადგენლისათვის ზემოხსენებული თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება. ეს მტკიცებულებები, როგორც ზემოთ აღინიშნა (იხ. სამოტივაციო ნაწილის პ.პ. 3.4.), სწორად იქნა დასაშვებად ცნობილი სააპელაციო პალატის მიერ, რადგანაც ასახავდნენ სააპელაციო განხილვის (და არა პირველი ინსტანციის წესით განხილვის) ეტაპზე ხარჯების გაწევის ფაქტს. გარდა ამისა, უდავოა, რომ მეორე პარტნიორის მიმართ სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი არ არის წარმოდგენილი, თუმცა საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ დივიდენდის დაკისრების შესახებ სარჩელზე პასუხისმგებელ პირს კომპანიის პარტნიორი არ წარმოადგენს), შესაბამისად, სახეზეა მოგებული მხარის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით (იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა) გათვალისწინებული წინაპირობები, თუმცა, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს არ უმსჯელია ამ ხარჯის საკითხზე.

3.6. პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ დამატებითი გადაწყვეტილება გამოტანილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული 7-დღიანი ვადის დარღვევით. ამ მხრივ, სამართლებრივ საფუძვლიანობასაა მოკლებული მისი არგუმენტი, რომ სასამართლომ მხედველობაში არ უნდა მიიღოს 2018 წლის 15 მაისის განჩინების არსებობა, არამედ, უნდა იხელმძღვანელოს საქმეში არსებული მეორე პარტნიორის განცხადებით, რომელიც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან თითქმის, ერთი თვის შემდეგაა წარდგენილი. საკასაციო პალატა მოიშველიებს დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკას, რომლის თანახმადაც დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა, სასამართლოს მიერ ხარვეზით გამოტანილი გადაწყვეტილების გამოსწორების საშუალებაა, კერძოდ, თუ სასამართლომ ძირითადი გადაწყვეტილებით არ გადაწყვიტა სასამართლო ხარჯების საკითხი, მას შეუძლია, ეს ხარვეზი გამოასწოროს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანით. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის ინიციატივა შეიძლება მომდინარეობდეს როგორც სასამართლოს, ასევე მხარისაგან, ამასთან, კანონი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება, დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამდენად, კანონი განსაზღვრავს მხოლოდ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმის ვადას, მაგრამ არაფერს ამბობს თავად დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის ვადაზე. საკასაციო პალატის მოსაზრებით, საკითხის დასმის შემდეგ, დამატებითი გადაწყვეტილება გონივრულ ვადაში უნდა იქნეს გამოტანილი. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმის ვადასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ საიდან უნდა ავითვალოთ 7-დღიანი ვადა. მითითებული ვადის დენის დაწყებას კანონი უკავშირებს გადაწყვეტილების გამოცხადებას და არა მხარისათვის მის ჩაბარებას (იხ. სუსგ-ებები: №ას-225-217-2012, 25 ივნისი, 2012 წელი; №ას-795-754-2013, 29 ნოემბერი, 2013 წელი; №ას-385-366-2015, 14 მაისი, 2015 წელი).

3.7. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ სააპელაციო სასამართლომ შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7-დღიანი ვადის დაცვით, 2018 წლის 15 მაისის განჩინებით საკუთარი ინიციატივით განსაზღვრა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე, რაც ადასტურებს იმას, რომ სასამართლო უფლებამოსილი იყო, 2018 წლის 13 ივნისს გამოეტანა დამატებითი გადაწყვეტილება. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ დამატებითი გადაწყვეტილება ემყარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 261-ე მუხლის სწორ გამოყენება-განმარტებას.

4. მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღების/დამატებითი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების პროცესუალური დასაბუთება:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს მხრიდან საწარმოს ავტონომიურობის პრინციპის მხოლოდ იმ დასაბუთებით დარღვევის ნაწილში, რომ 50-50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორები შეთანხმებას ვერ მიაღწევდნენ, მით უფრო, როდესაც პარტნიორთა კრებას არც კი უმსჯელია დივიდენდის განაწილების საკითხზე, არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა. ამასთანავე, რადგანაც არ იკვეთება, მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევის ან სხვა საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევის გამო, საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის დაბრუნების წინაპირობები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად (საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები), პალატა უფლებამოსილია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება: ვინაიდან საზოგადოების წმინდა მოგების განაწილება საწარმოს პარტნიორთა კრების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხია, იგი სწორედ პარტნიორთა კრებაზე უნდა იქნას განხილული, ხოლო მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, ერთ-ერთი მხარის პრეტენზიის ფარგლებში, ბუნებრივია, შესაძლოა სასამართლოს მსჯელობის საგნად იქცეს. რაც შეეხება დამატებითი გადაწყვეტილების საკითხს, როგორც უკვე ითქვა, იგი კანონშესაბამისია, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის საფუძველზე (საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას) პალატა უცვლელად ტოვებს მას.

5. სასამართლო ხარჯები:

5.1. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განჩინებით, შპს „გ-ოს“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე დაკმაყოფილდა და კასატორს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, გადაუვადდა 1 329,22 ლარის გადახდა. საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილებით ი. ხ-იას უარი ეთქვა რა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, სასამართლომ შემაჯამებელი გადაწყვეტილებით უნდა განსაზღვროს პროცესის ხარჯები.

5.2. პალატა განმარტავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 55-ე მუხლების ფართო განმარტებიდან გამომდინარე, ზემოხსენებული საკითხის რეგულაცია შემდეგია: წაგებულ მხარეს ეკისრება მოგებული მხარისათვის იმ ხარჯების ანაზღაურება, რომელიც გაწია ამ უკანასკნელმა, ხოლო, თუკი სახელმწოიფო ბიუჯეტში არ არის გადახდილი ბაჟი, ამ თანხას, დავის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, გაიღებს ის მხარე, რომელიც არ არის გათავისუფლებული ამ ხარჯისაგან და გადაწყვეტილებაც მის წინააღმდეგაა მიმართული. ამ განმარტებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორისათვის გადავადებული 1 329,22 ლარი სახელმწფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სწორედ ი.ხ-იას. რაც შეეხება მის მიერ დამატებითი გადაწყვეტილების წინააღმდეგ წარდგენილ საკასაციო საჩივარზე გადახდილ ბაჟს, ის უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში, რადგანაც მისი პრეტენზიები არ ყოფილა გაზიარებული სასამართლოს მხრიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „გ-ოსა“ და მისი დირექტორის - ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. სარჩელის დაკმაყოფილებისა და პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

2.1. ი. ხ-იას სარჩელი შპს „გ-ოს“ მიმართ, 2013-2015 წლების სუფთა მოგებიდან დივიდენდის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2.2. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

3. ი. ხ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

4. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილება.

5. ი. ხ-იას (რუსეთის მოქალაქის პ/№4-..., პასპორტის №7-...) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.07.2018წ. განჩინებით შპს „გ-ოსათვის“ გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 1 329,22 ლარის ანაზღაურება.

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.