საქმის ნომერი: 2ბ/6733-18
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: თამარ ალანია,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხისთვის გადასხდელი დავალიანების და დარიცხული პირგასამტეხლოს დაკისრებას. საქალაქო სასამართლოს მიერ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხემ მიღებული გადაწყვეტლება გაასაჩივრა და მოითხოვა პირგასამტეოლს საერთო ოდენობისა და პროცენტის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ვალდებულების დარღვევა სახეზეა როგორც მიწოდების ვადის დარღვევის ნაწილში , ასევე მიწოდებული საქონლის ოდენობასთან დაკავშირებით ანუ ადგილი აქვს არაჯეროვან შესრულებას. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს დაკისრებას ითვალისწინებდა ორივე შემთხვევაში, ოღონდ სხვადასხვა პროცენტული ოდენობით. კერძოდ, ვადის დარღვევისთვის 0.1%-ს და სხვა დარღვევებისთვის 1%-ს. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მიუხედავად ხელშეკრულების დარღვევისა, პირგასამტეხლო დაკისრებულ უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მოსარჩელის მიერ შეკვეთილი პროდუქციის ღირებულებიდან გამომდინარე. ამასთან, ვადის გადაცილებისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეამცირა 0.05% პროცენტამდე, ხოლო არაჯეროვანი შესრულების ნაწილში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა დატოვა 1%. შესაბამისად, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/6733-18 (2019-06-10), www.temida.ge
საქმის № 330210018002432110
საქმის № 2ბ/6733-18

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       10 ივნისი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
თამარ ალანია

სხდომის მდივანი - ოთარ ჯუგაშვილი

აპელანტი - შპს „ე. ბ. ა. წ.“

წარმომადგენელი/დირექტორი - ვ. ფ. (დირექტორი), ნ. წ.

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

წარმომადგენელი- ე. წ.

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ე. ბ. ა. წ.“ მიმართ სარჩელი აღძრა და მისთვის გადასახდელი დავალიანებისა და დარიცხული პირგასამტეხლოს სახით 15079,60 ლარის დაკისრება მოითხოვა.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „ე. ბ. ა. წ.“ სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიმართ 15079.60 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ე. ბ. ა. წ.“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ (პირგასამტეხლოს საერთო ოდენობისა და პროცენტის ნაწილში) გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის გასაჩივრებულ ნაწილში დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5. სსიპ ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს“ (შემსყიდველი) და შპს „ე. ბ. ა. წ.“-ს (მიმწოდებელი) შორის 2015 წლის 18 მაისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით, შესყიდვის ობიექტს ხელშეკრულებაზე თანდართული ფასების ცხრილის შესაბამისად ფარმაცევტული პროდუქტების შესყიდვა წარმოადგენდა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 73198 ლარით განისაზღვრა (3.1 პუნქტი). ხელშეკრულებით სამუშაოების დასრულების ვადა - ეტაპობრივად, INCOTERMS-2010-ით დადგენილი წესების თანახმად, DDP საწყობის პირობით შეთანხმდა. პროდუქციის მიწოდება შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა განხორციელებულიყო და მიწოდების საბოლოო ვადა 2015 წლის 30 ნოემბრამდე განისაზღვრა (6.1 პუნქტი). ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (15.2 პუნქტი) შეთანხმდა (ს.ფ. 18-27).

6. სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქონლის მიწოდებისას მიმწოდებელს სასაქონლო ზედნადები საქონლის აღწერით, საქონლის რაოდენობის, ერთეულის ფასის და საერთო ღირებულების მითითებით უნდა წარედგინა (6.3. და 6.3.1. პუნქტები). ფაქტიურად მიწოდებული საქონლის მიღება-ჩაბარება კი, კოორდინატორის ან უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ინსპექტირების აქტის საფუძველზე, მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული მიღება-ჩაბარების აქტით უნდა განხორციელებულიყო, რომელიც მიწოდებული საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთეულისა და შესაბამისი საერთო ფასის მიხედვით უნდა შედგენილიყო (6.5. პუნქტი) (ს.ფ. 18-27).

7. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება პირობების შეუსრულებლობისთვის შემდეგ სანქციებს ითვალისწინებდა: ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადების გადაცდენის, ან მიმწოდებლის მიერ პირობების გაუარესების შემთხვევაში მხარეებს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით დაეკისრებოდათ (10.1. პუნქტი). ხელშეკრულების მე-9 და მე-10 მუხლებით გათვალისწინებულ დარღვევათა გარდა, სხვა პირობების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით დაეკისრებოდა (10.2 პუნქტი) (ს.ფ. 18-27).

8. სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ე. ბ. ა. წ.“-ს მხრიდან შემსყიდველის სასარგებლოდ მიწოდება ეტაპობრივად განხორციელდა, 2015 წლის 24 ნოემბერს, 2015 წლის 4 დეკემბერს (ორჯერ), 2015 წლის 10 დეკემბერს და 2015 წლის 18 დეკემბერს; ამათგან, 24.11.2015 წლის და 04.12.2015 წლის მიწოდება ერთი შეკვეთის საფუძველზე, ხოლო 10.12.2015 წლისა და 18.12.2015 წლის მიწოდება მე-2 შეკვეთის საფუძველზე განხორციელდა (ს.ფ. 27-46).

9. მოსარჩელის მხრიდან შპს „ე. ბ. ა. წ.“–ს მიმართ პირგასამტეხლო დარიცხული იქნა ორი წესით: ა) პროდუქციის მიწოდებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გადაცდენისთვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%, რამაც 140 დღეზე 10247,72 აშშ დოლარი და 46 დღეზე - 4099,08 ლარი შეადგინა; ბ) სხვა პირობების (მოთხოვნილი საქონლის რაოდენობრივად ნაკლების მიწოდება) დარღვევისთვის ხელშეკრულების ღირებულების 1%, რაც ორჯერ 731,98 ლარს შეადგენდა (ს.ფ. 46-49).

10. თბილისის სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ აპელანტი მხარისთვის პირგასამტეხლოს დარიცხვის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არსებობდა.

პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის. პირგასამტეხლოს არსებობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება და მისი ფულადი თანხით გამოხატვა, რომელიც იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. აღნიშნული წინაპირობებიდან ორივე, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა (ს.ფ. 27-46). კერძოდ, მოდავე მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის შემდეგ სანქციებს ითვალისწინებდა: ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადების გადაცდენის, ან მიმწოდებლის მიერ პირობების გაუარესების შემთხვევაში მხარეებს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით დაეკისრებოდათ (10.1. პუნქტი). ხოლო, ხელშეკრულების მე-9 და მე-10 მუხლებით გათვალისწინებულ დარღვევათა გარდა, სხვა პირობების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით დაეკისრებოდა.

პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულების შეუსრულებლობა დადგენილია, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს მოწინააღმდეგე კომპანიის დირექტორმა განმარტა, რომ პირველი შეკვეთა მოსარჩელის მხრიდან 18 308,99 ლარის ოდენობის საქონელზე, ხოლო მეორე შეკვეთა 19 555,01 ლარის ოდენობის საქონელზე განხორციელდა, ხოლო საქმის მასალებში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებითა და ზედნადებებით მოპასუხის მხრიდან მხოლოდ 17 309,58 ლარის ოდენობით მიწოდება დასტურდება (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის სხდომის ოქმი). შესაბამისად სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გამოყენების ერთ-ერთი წინაპირობა - ვალდებულების დარღვევა - სახეზეა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის შეფასების საგანს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების მართლზომიერებისა და პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპის მართებულობის შეფასება წარმოადგენს წარმოადგენს.

11. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი, რომლის თანახმად პირგასამტეხლოს დარიცხვა ხელშეკრულების ღირებულებიდან (73 198,00 ლარიდან) უნდა მომხდარიყო, განსახილველ დავაში არ უნდა იქნეს გამოყენებული.

2015 წლის 18 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-10 პუნქტით გათვალისწინებულია, როგორც პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი ასევე, მისი ოდენობა, რომლის თანახმად, მხარეებს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,01 %-ის ოდენობით უნდა დაეკისროთ.

პალატა მიუთითებს, რომ კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს.

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში სასამართლოსთვის მინიჭებული დისკრეცია თავისი ინიციატივით ჩაერიოს პირგასამტეხლოს ოდენობის გაანგარიშებაში შეზღუდულია, კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი ხელშეკრულებითაა შეთანხმებული, სასამართლო თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, მოკლებულია შესაძლებლობას პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი შეცვალოს. ანუ იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულებით მხარეები ცალსახად და არაორაზროვნად არიან შეთანხმებულნი პირგასამტეხლოს ოდენობის გამოთვლის პრინციპზე, ამ შემთხვევაში სასამართლო არ არის უფლებამოსილი საკუთარი გადაწყვეტილებით ხელშეკრულების მხარეებს პირგასამტეხლოს გამოთვლის სხვაგვარი პრინციპი დაუწესოს. სულ სხვა შემთხვევაა, როდესაც ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი შეთანხმებული არ არის და მხარეებმა კონსენსუსს მხოლოდ ოდენობის შესახებ მიაღწიეს, ამ შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს კრედიტორის მოქმედების ფარგლები და სამოქალაქო სამართალში მოქმედი კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე, განსაჯოს, თუ რამდენად სამართლიანი პრინციპით მოხდა პირგასამტეხლოს გამოთვლა.

როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში ასევე, სააპელაციო სასამართლოში მოდავე მხარეთა მიერ გამოთქმული ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ მიუხედავად ხელშეკრულების ღირებულების 73 198,00 ლარით განსაზღვრისა, მოსარჩელის მიერ რეალურად მხოლოდ 37 864 ლარის ოდენობის საქონლის შეკვეთა განხორციელდა. ხელშეკრულების 6.1 პუნქტის შინაარსობრივი და სიტყვა-სიტყვითი განმარტებით აშკარად დგინდება, რომ მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებათა რიგს მიეკუთვნებოდა, რომელიც მოსარჩელის მიერ შეკვეთის განხორციელების შემდგომ ეტაპობრივად, არაუგვიანეს 30 კალენდარულ დღეში უნდა შესრულებულიყო. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სახეზეა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება, მოსარჩელეს ხელშეკრულების ღირებულების სრული ოდენობით დაკვეთა არ განუხორციელებია და იგი ორი შეკვეთიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის თაობაზე დავობს, პალატა მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის გამოსათვლელად სწორედ 37 864 ლარი ანუ მოსარჩელის მიერ გაკეთებული შეკვეთების ოდენობა უნდა იქნეს გამოყენებული. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საკითხის ამგვარი გადაწყვეტა სწორედ მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გამოხატულ ნებას შეესაბამება, ვინაიდან მათ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გამოთვლა ხელშეკრულების ღირებულებიდან ივალდებულეს მოპასუხე კი მოსარჩელის მიერ შეკვეთის განუხორციელებლობის შემთხვევაში მიწოდებას ვერ განახორციელებდა. ამასთან, ყურადსაღებია, რომ სადავო ხელშეკრულების ვადა 2015 წლის 30 ნოემბერს ამოიწურა, მისი მოქმედება შეწყდა მისი მოქმედების პერიოდში კი მოსარჩელეს ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობის შეკვეთა მოპასუხისთვის არ დაუკვეთავს.

დავის ობიექტურად, მხარეთა უფლებების თანაზომიერი დაცვის ფარგლებში გადასაწყვეტად, აუციელებელია ყურადღება მიექცეს სამოქალაქო სამართალში მოქმედ კეთილსინდისიერების პრინციპს. ნებისმიერი სახის გარიგების სადავოობისას სასამართლო მხარეთა მართლზომიერი და კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტს ამოწმებს. გარიგების მონაწილეთა ქცევის კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვას სამი ფუნქცია გააჩნია: 1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე; 2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის ხარვეზის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე ხელშეკრულების პირობათა (რომლებიც მხარეთა მიერ ან/და კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია; 3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და „მაკორექტირებელი“ ფუნქცია. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც თავად მოსარჩელემ მასზე ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და მოპასუხეს არა 73 198 ლარის არამედ, 37 864 ლარის საქონელი დაუკვეთა, ხოლო მიმწოდებელს, ხელშეკრულების თანახმად, საკუთარი ინიციატივით შეთანხმებული პროდუქტის მიწოდების ბერკეტი არ გააჩნდა, პირგასამტეხლოს გამოთვლა სწორედ შეკვეთილი ოდენობიდან უნდა განხორციელდეს და ხელშეკრულების ფასადაც სწორედ აღნიშნული ოდენობა უნდა იქნეს მიჩნეული, რადგან გარიგების პირობების სწორედ ამგვარი განმარტება შეესაბამება მხარეთა უფლებების კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტს.

12. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში მოყვანილ მსჯელობას, მასზედ, რომ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, გამოხატულს საქონელის არასრულად მიწოდებაში, ადგილი არ ჰქონია. კომპანიის დირექტორმა, პირველი ინსტანციის სასამართლოში, საქმის ზეპირი განხილვის დროს განმარტა, რომ პირველი შეკვეთა მოსარჩელის მხრიდან 18 308,99 ლარის ოდენობის საქონელზე, ხოლო მეორე შეკვეთა 19 555,01 ლარის ოდენობის საქონელზე განხორციელდა, ხოლო საქმის მასალებში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებითა და ზედნადებებით მოპასუხის მხრიდან მხოლოდ 17 309,58 ლარის ოდენობით მიწოდება, ანუ არასრული მიწოდება, დასტურდება (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის სხდომის ოქმი). აღნიშნული განმარტება, თავისი არსით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მულით განმტკიცებული აღიარებაა, რომლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. საყურადღებოა, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. ამასთან, ამავე კოდექსის 133-ე მუხლის თანახმად, მხარეს შეუძლია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს (უარყოს) თავისი აღიარება, თუ დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას აპელანტი კომპანიის დირექტორის მიერ შეკვეთის ღირებულების აღიარება რა სახის შეცდომის შედეგი იყო და თუ რატომ არ უნდა გაეზიარებინა ის სასამართლოს. მხოლოდ ის გარემოება, რომ შეკვეთების ოდენობას სააპელაციო საჩივარში მხარე სხვა ციფრებში მიუთითებს, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი განხორციელებული შეკვეთების ოდენობის დადგენა შეუძლებელია, სააპელაციო საჩივრის დასაბუთებულად ცნობისთვის ვერ გამოდგება, ვინაიდან როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარის აღიარებით ხელმძღვანელობს, რომლის გაზიარებაზე უარის თქმის დასაბუთებული არგუმენტიც აპელანტ მხარეს არ წარმოუდგენია.

13. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, ხელშეკრულებით მხარეებმა პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც ვადის დარღვევისთვის (ხელშეკრულების ღირებულების 0,1%) ასევე, სხვა სახის გადაც დომისთვის (1%) (მაგ. არაჯეროვანი შესრულება) ივალდებულეს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.

პირგასამტეხლოს შემცირებაზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად, მხარისვე მიერ მითითებულ ფარგლებში და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ, შეუძლია გამოიყენოს სასამართლოს დისკრეცია, რაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას გულისხმობს.

პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონომიკურ შედეგებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც პირგასამტეხლოს პრაქტიკული შეფასების მიზნებს ემსახურება მდგომარეობს იმაში, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში იწყებს. აპელანტ მხარე (თავდაპირველი მოპასუხე) ვალდებულების ვადის დარღვევით შესრულება სადავოდ არ გაუხდია და საქმის ზეპირი განხილვის დროს დაეთანხმა მოსაზრებას მასზედ, რომ შეკვეთის მიწოდება ჯამში 181 დღიანი დაგვიანებით განახორციელა, თუმცა სადავოდ გახადა პირგასამტეხლოს ოდენობა, რასაც სააპელაციო პალატაც იზიარებს.

პირგასამტეხლოს მიზანი დარღვეული უფლების შეძლებისდაგვარად აღდგენა და არა კრედიტორის გამდიდრებაა, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სააპელაციო სასამართლო მხედველობაში იღებს რა, ხელშეკრულების შესრულების არსს, მის ღირებულებას, აპელანტის უფლებრივ მდგომარეობას (სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ერთ-ერთი პრეტენდენტია, რომელსაც სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პირობების შეცვლის შეზღუდული შესაძლებლობა გააჩნია) ასევე, ითვალისწინებს პირგასამტეხლოს ფუნქციას, ასკვნის, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შესრულების ვადის დარღვევასთან მიმართებით რეალურად განხორციელებული შეკვეთის ღირებულებიდან ანუ 37 864 ლარიდან უნდა გამოითვალოს, და ამავდროულად 0,05%-დე უნდა შემცირდეს, შესაბამისად აპელანტ მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ მიწოდების ვადის დარღვევის გამო პირგასამტეხლოს სახით 3 426,69 ლარი უნდა დაეკისროს (37 864 * 0,05/100*181=3426, 69).

რაც შეეხება, არაჯეროვან შესრულებას (შეკვეთების არასრულ მიწოდებას) ამ მიმართებითაც მხარისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლო რეალურად განხორციელებული შეკვეთის ღირებულებიდან ანუ 37 864 ლარიდან უნდა გამოითვალოს, თუმცა არ უნდა შემცირდეს, ვინაიდან დარღვევის ხასიათთან მიმართებით პირგასამტეხლოს 1%-ით დაკისრება, რაც ჯამში 378,64 ლარს შეადგენს შესაბამოდ მაღალ ოდენობას არ წარმოადგენს (37864 * 1/100 = 378,64).

14. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.

განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ აპელანტის (თავდაპირველი მოსარჩელე) მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას პირგასამტეხლოს ხელშეკრულების არა სრული ოდენობიდან, არამედ რეალურად განხორციელებული შეკვეთიდან, გამოთვლის მართებულობა და დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობის შეუსაბამობა უნდა ემტკიცებინა, სასამართლოს აზრით, ამ ნაწილში აპელანტმა მტკიცების ტვირთი წარმატებით დასძლია, თუმცა არაჯეროვანი შესრულების არარსებობის თაობაზე მოთხოვნის მართებულობა ვერ დაადასტურა ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში აპელანტი საწარმოს დირექტორმა 37 864 ლარის ოდენობის შეკვეთის განხორციელება აღიარა, ხოლო საქმის მასალებში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით აპელანტის მიერ მხოლოდ 17 309,58 ლარის შესრულება დასტურდება, ამიტომ სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ე. ბ. ა. წ“–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე გადასახდელი ბაჟის სახით 113 ლარის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს. რაც შეეხება აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილ ბაჟს, სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს შპს „ე. ბ. ა. წ.“–ის სასარგებლოდ აპელანტის დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად ბაჟის ნაწილის - 447,75 ლარის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს, ხოლო აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი დარჩენილ ნაწილში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად უნდა ჩაითვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 386-ე 55-ე, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლებით და მუხლებით იხელმძღვანელა და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ე. ბ. ა. წ.“–ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. შპს „ე. ბ. ა. წ.“–ს სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 3805,33 ლარი (პირგასამტეხლო 0,05%, 181 დღიანი ვადაგადაცილებისთვის - 3 426.69, პირგასამტეხლო 1% არაჯეროვანი შესრულებისთვის - 378, 64 ლარი );

5. შპს „ე. ბ. ა. წ.“–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი ბაჟის სახით 113 ლარის გადახდა;

6. სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შპს „ე. ბ. ა. წ.“–ის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად 447,75 ლარის ოდენობით, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი დარჩენილ ნაწილში ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

8. გადაწყვეტილების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება მისი გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.