საქმის ნომერი: №2ბ/5663-18
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ვანო წიკლაური,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
ინსტანციური ისტორია: 2ბ/5663-18
მითითებული გადაწყვეტილებები: ას-537-846-09,
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: შპს „ე.კ."-სა და მ.ა-ს შორის დაიდო მოძრავი ქონების, კერძოდ, ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება. გამყიდველის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით დაიდო გირავნობისა და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები. გარკვეული პერიოდის შედგომ აღმოჩნდა, რომ ხელშეკრულების საგანი იყო ნაკლის მქონე. ავტომანქანა ექსპლუატაციისას გაფუჩდა. მყიდველმა გამყიდველს მისცა ვადა ნაკლის გამოსასწორებლად, თუმცა უშედეგოდ. მყიდველმა ნივთი გამყიდველს უკან დაუბრინა და აღარ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. გამყოდველმა სარჩელი შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა თანხის დაკისრება. მყიდველმა აღნიშნულ სარჩელზე აღძრა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა ვალდებულების არარსებობის დადგენა. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მყიდველის სარჩელი დაკმაყოფილდა, არარსებულად იქნა ცნობილი მყიდველის ვალდებულება გამყიდველის მიმართ, ხოლო გამყიდველს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. ორივე მხარემ გაასაჩივრა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. მყიდველმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა სასამართლოს გარეშე ხარჯების დაუკმაყოფილებლობის ნაწილში, ხოლო გამყიდველმა თავისი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია პირველი ინსტანციის მიერ უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობდა გამყიდველის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო მყიდველის სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, მხოლოდ 150 ლარის ნაწილში.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №№2ბ/5663-18 (2019-05-06), www.temida.ge
საქმის № საქმე № 330210016001583312
საქმის № №2ბ/5663-18

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       06 მაისი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ვანო წიკლაური

I. აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე. კ.“
წარმომადგენლები - გ.ზ., თ.ბ.

II. აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე - მ.ა., ლ.წ., ა.ჯ.
წარმომადგენელი - ი.პ.

დავის საგანი - ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობის არ არსებობის აღიარება, თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება და 2018 წლის 23 თებერვლის საოქმო განჩინება ექსპერტის მოწვევაზე უარის თქმის შესახებ

I აპელანტის მოთხოვნა - მ.ა.-ს სარჩელის დაკმაყოფილების და შპს „ე.კ.-ის’’ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ.ა.ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შპს „ე.კ.-ის’’ სარჩელის დაკმაყოფილება

II აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გასაჩივრებულ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით მ.ა.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „ე.კ.’’-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 2016 წლის 1 ივნისიდან აღიარებულ იქნა შპს „ე.კ.’’-ის წინაშე მ.ა.ს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობა 2016 წლის 1 ივნისის #XXXX/X ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, 2016 წლის 1 ივნისის ,,საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ’’ #XXXX/X ხელშეკრულებიდან, 2016 წლის 1 ივნისის #XXXX/X სესხის ხელშეკრულებიდან, 2016 წლის 1 ივნისის #XXXX/X სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2016 წლის პირველ ივნისს შპს „ე.კ.“-სა (გამყიდველი) და მ.ა.-ს (მყიდველი) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება #XXXX/X, რომლითაც ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა ავტოსატრანსპორტო საშუალება - მარკა SAAB, ტიპი - სედანი, მოდელი - 9.5, სატრანსპორტო საშუალების უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი: XXXXXXXX, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი: XXXXXXXX, გამოშვებული 2000 წელს. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 2 200 აშშ დოლარით. სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ.47).

2.2. 2016 წლის პირველ ივნისს მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდის უზრუნველსაყოფად 2016 წლის პირველ ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა „საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ №XXXXX/X“ ხელშეკრულება, „№XXXXX/X სესხის ხელშეკრულება“ და „№XXXXX/X შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ“.

„საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ“ ხელშეკრულების თანახმად, საკრედიტო ხაზის მაქსიმალური მოცულობა 2 500 აშშ დოლარით განისაზღვრა. ამავე ხელშეკრულების თანახმად, სესხით სარგებლობისათვის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით განისაზღვრებოდა.

მ.ა.-ს მიერ ნაკისრი სასესხო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გირავნობით დაიტვირთა გამსესხებლის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება - მარკა SAAB, ტიპი - სედანი, მოდელი - 9.5, სატრანსპორტო საშუალების უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი: XXXXXXXX, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი: XXXXXXXX, გამოშვებული 2000 წელს.

სესხის ხელშეკრულების თანახმად, სესხის ოდენობა 2295,00 აშშ დოლარით განისაზღვრა, 24 თვით, ყოველთვიურად გადასახდელმა თანხამ შეადგინა 151 აშშ დოლარი.

სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმების თანახმად, შპს „ე.კ.“-მა სესხის თანხა
2295,00 შშ დოლარი გადასცა მ.ა.ს, სესხით სარგებლობისათვის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 4%-ით.

მ.ა.-ს მიერ ნაკისრი სასესხო ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილი იქნა მოპასუხე კომპანიასა და ლ. წ.-ს, ასევე მოპასუხესა და ა.ჯ.-ს შორის გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებით.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 49-54);
სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 55);
შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ (ს.ფ. 56);
თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 59-64).

2.3. 2016 წლის 08 ივნისს ავტომანქანა დარეგისტრირდა მ.ა.-ს სახელზე. სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
გირავნობის მოწმობა (ს.ფ. 203).

2.4. 2016 წლის პირველ ივნისს მ.ა.-ს მიერ შეძენილმა, მის მფლობელობაში არსებულმა ავტომანქანამ რუსთავი-თბილისის საავტომობილო გზაზე ექსპლუატაციისას შეწყვიტა მუშაობა.

მხარეთა შორის სადავო არ არის გარემოება, რომ ხელშეკრულებების დადების დღესვე, 2016 წლის პირველ ივნისს გაფორმებული კომპენსაციის გადახდის შესახებ შეთანხმებით შპს „ე.კ.“-მა აღიარა გაყიდული ავტომანქანის ნაკლი, ძრავის დაზიანება და მყიდველს გადასცა ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია 400 აშშ დოლარი.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 100-121).
მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 155-161).
კომპენსაციის გადახდის შესახებ შეთანხმება (ს.ფ. 48).

2.5. 2016 წლის 28 ივნისს მ.ა-.ს წერილით შპს „ე.კ.“-ს განემარტა, რომ ავტომანქანისათვის აღმოჩენილი ნაკლი აღმოეფხვრა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში მყიდველი უარს იტყოდა ხელშეკრულებაზე.

2016 წლის 01 აგვისტოს მ.ა.ს წერილით შპს „ე.კ..“-ს ეცნობა, რომ მოსარჩელე გადიოდა ხელშეკრულებიდან. მოპასუხე მხარეს წერილების ჩაბარების შესახებ გარემოებები სადავოდ არ გაუხდია.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მ.ა.ს წერილები (ს.ფ. 68-69;74).

2.6. შპს „ე.კ.“-მა 2016 წლის ოქტომბერში მ.ა.-სგან დაიბრუნა ავტოსატრანსპორტო საშუალება - მარკა SAAB, ტიპი - სედანი, მოდელი - 9.5, სატრანსპორტო საშუალების უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი: XXXXXXXX, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი: XXXXXXXX.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მხარეთა ახსნა-განმარტება;
გირავნობის მოწმობა (ს.ფ. 203).

2.7. 2017 წლის 17 ოქტომბერს შპს „ე.კ.“-მა აღძრა სარჩელი მოპასუხეების მ.ა.-ს, ლ.წ.-სა და ა.ჯ.-ს მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის სოლიდარულად სესხის ძირითადი თანხის 2045,00 აშშ დოლარისა და საპროცენტო სარგებლის - 597,13 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, 2016 წლის პირველი ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ 2016 წლის პირველი ივნისის №XXXXX-X ხელშეკრულებიდან, 2016 წლის პირველი ივნისის №XXXXX-X სესხის ხელშეკრულებიდან, 2016 წლის პირველი ივნისის №XXXXX-X სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე. მოსარჩელემ მოითხოვა ასევე საპროცესო ხარჯების ანაზღაურებაც.

საქმეში არსებული შპს „ე.კ.“-ის მიერ გაცემული დავალიანების შესახებ ცნობის მიხედვით, დგინდება, რომ 2017 წლის 16 ოქტომბრის მდგომარეობით საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ 2016 წლის პირველი ივნისის №XXXXX-X ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებს გააჩნდათ დავალიანება სესხის ძირითადი თანხა 2045,00 აშშ დოლარი, სესხზე დარიცხული სარგებელი - 597,13 აშშ დოლარი.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
სარჩელი საქმეზე №2/28070-17 (ს.ფ. 1-16)
ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 54)

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.8. 2016 წლის 19 სექტემბრის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №XXXXXX ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილი ავტომობილის SAAB - 9.5, სახელმწიფო ნომრით XX-XXX- XX, გამოშვებული 2000 წელს, ვიზუალური და ტექნიკური შემოწმებით დადგინდა, რომ მწყობრიდან არის გამოსული ავტომობილის ძრავი, კერძოდ, გართულებულია მისი გაშვება, ძრავი მუშაობს მხოლოდ აქსელერატორზე ზემოქმედებით, მუშაობისას ვერ ხერხდება ბრუნების სტაბილიზაცია და აღენიშნება დეტონაცია. ძრავი გაუმართავ მდგომარეობაშია და მისი წარმოდგენილი სახით ექსპლუატაცია შეუძლებელია. კონკრეტული დაზიანებული დეტალების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ძრავის დეტალური დაშლის შემდეგ.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 100-121).
ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 81-85).

2.9. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ.ა. მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან მართლზომიერად გავიდა.

მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ფაქტი ნასყიდობის საგნის ნივთობრივი ნაკლის შესახებ, რაც გამოვლენილი იქნა მყიდველისათვის ნივთის გადაცემის შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმების დღესვე. ამასთან, დადგენილია, რომ ნასყიდობის საგნის ნაკლის აღმოფხვრის მიზნით გამყიდველმა მყიდველს გადაუხადა 400,00 აშშ დოლარი ხარვეზის გამოვლენისთანავე (იმავე დღეს). ამგვარად, გამყიდველმა აღიარა ნაკლიანი ნივთის მყიდველისათვის გადაცემა.

მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, როგორც უკვე აღინიშნა, დგინდება, რომ ვიზუალური და ტექნიკური შემოწმებით გამოვლინდა ავტომობილის ძრავის მწყობრიდან გამოსვლა, ძრავის გაუმართავი მდგომარეობა და მისი წარმოდგენილი სახით ექსპლუატაციის შეუძლებლობა.

სასამართლომ, შეაფასა რა საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 16 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნა სსკ-ის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის გათვალიწინებით, ამავე კოდექსის 105-ე, 172-ე მუხლების შესაბამისად, მიიჩნია, რომ გამყიდველმა ვერ უზრუნველყო ნასყიდობის საგნის ნაკლის აღმოფხვრა, ხოლო მის მიერ ამ მიზნით მყიდველისათვის გადახდილი თანხა 400,00 აშშ დოლარი ნაკლის აღმოფხვრისათვის არასაკმარისი აღმოჩნდა. საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 491-ე მუხლი ითვალისწინებს მყიდველის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას ნაკლიანი შესრულების შემთხვევაში (სკ-ის 352-ე მუხლის მიხედვით), ამავე კოდექსის 490-ე მუხლით გათვალისწინებული დამატებით შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მყიდველმა გამყიდველს 2016 წლის 28 ივნისის წერილით მისცა ნაკლის აღმოფხვრის შესაძლებლობა და შესაბამისად, დამატებითი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხოლო ამავე წლის პირველი აგვისტოს წერილით მყიდველი გავიდა ხელშეკრულებიდან.

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლი ითვალისწინებს დამატებითი ვადის განსაზღვრას საამისოდ აუცილებელი ვადის გათვალისწინებით, ხოლო სკ-ის 491-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულება მოიშლება სკ-ის 352-ე მუხლის შესაბამისად, რაც, თავის მხრივ, ითვალისწინებს 405-ე მუხლის პირობებით დამატებითი, ორკვირიანი ვადის განსაზღვრას (გარდა ამავე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა).


განსახილველ შემთხვევაში, მყიდველმა ავტომანქანის ნაკლის აღმოსაფხვრელად გამყიდველს განუსაზღვრა დრო 2016 წლის 28 ივნისიდან ამავე წლის პირველ აგვისტომდე, შესაბამისად გამყიდველს განესაზღვრა ერთ თვეზე მეტი დრო ნაკლის გამოსასწორებლად. სადავო არ არის გარემოება იმის შესახებ, რომ შპს „ე.კ.“-ს ავტომანქანის ნაკლი არ აღმოუფხვრია.

სასამართლომ მიიჩნია, რომ საპროცესო და მატერიალური საფუძვლების შესაბამისად, მყიდველმა ზიდა დამატებითი შესრულების მოთხოვნის განხორციელებისა და მისი უშედეგოობის, ისევე როგორც ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლისა და შეტყობინების განხორციელების მტკიცების ტვირთი, რის შესაბამისადაც განსახილველ შემთხვევაში არსებობს მყიდველის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლის ყველა წინაპირობა. რამდენადაც გამყიდველმა სკ-ის 490-ე, 491-ე, 352-ე მუხლების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო ნასყიდობის საგნის ნაკლის აღმოფხვრა, მყიდველს წარმოეშვა, ამავე მუხლების შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება, რაც მოსარჩელემ განახორციელა აღნიშნული ნორმებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შპს „ე.კ.“-მა გადასცა მ.ა.-ს ნასყიდობის საგანი, ავტომანქანა, რის სანაცვლოდაც მყიდველმა იკისრა ხელშეკრულებით შეთანხმებული თანხის გადახდის ვალდებულება.

სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, მყიდველს გააჩნია ნასყიდობის ფასის გადახდისა და ნასყიდობის საგნის მიღების (მფლობელობაში და საკუთრებაში) ვალდებულება.

განსახილველი დავის ფარგლებში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ფაქტი იმის შესახებ, რომ 2016 წლის პირველ ივნისს მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდის უზრუნველსაყოფად 2016 წლის პირველ ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, სესხის ხელშეკრულება და შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ, მიუხედევად აღნიშნული ხელშეკრულებებით სესხის გაცემის მიზნობრიობის განსაზღვრის არარსებობისა.

შესაბამისად, მხარეთა მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები თანმიმდევრულად ემსახურებოდა ერთიანი მიზნის მიღწევას, ხოლო ხელშეკრულებათა საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობები ქმნიდა ერთიან ჯაჭვს დასახული მიზნის მისაღწევად. ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მყიდველის მიერ ნაკისრი ნასყიდობის ფასის გადახდის ვალდებულება რეალურად გულისხმობდა მის უზრუნველსაყოფად გამსესხებლის შპს „ე.კ..“-ის (გამყიდველის) მიერ სესხად გაცემული თანხის, რითიც დაიფარა ნასყიდობის საფასური, შეთანხმებული პირობებით მსესხებლის (მყიდველის) მიერ გადახდას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება უნდა შესრულებულიყო სესხის გადახდის ვალდებულებით.

სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ეს მუხლი აფუძნებს გამყიდველის ძირითად ვალდებულებებს.

ამავე კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით - ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.

სსკ-ის 487-ე და 488-ე მუხლების თვალსაზრისით უმნიშვნელოა, რამდენად არსებითია ნაკლი. აღნიშნული ფაქტორი მნიშვნელოვანია მხოლოდ ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის წარმოშობასთან მიმართებით, ვინაიდან დარღვევის მნიშვნელობა ამ უფლების წარმოშობას გარკვეულწილად ზღუდავს.

განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების მატერიალური საფუძვლების გათვალისწინებით, მყიდველმა, უზრუნველყო ნივთის ნაკლის არსებობის მტკიცება მის მიერ ნივთის მიღების შემდეგ, თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ნაკლი ნივთის რისკის გადაცემის მომენტისათვის არსებობდა, რაც ასევე დადგინდა მყიდველის მიერ ნაკლის აღიარებით და მის აღმოსაფხვრელად თანხის გადახდით. ამასთან, ნაკლი იყო არსებითი, რამდენადაც ხარვეზი გამოუვლინდა ძრავს, ავტომანქანამ კი შეწყვიტა ფუნქციონირება.

სკ-ის 488-ე მუხლით დადგენილი გამყიდველის ძირითადი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მყიდველს წარმოეშვა 490-ე, 491-ე მუხლების შესაბამისი მეორადი მოთხოვნების განხორციელების უფლება (შესაბამისი თანმიმდევრობისა და წინაპირობების დაცვით).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 490-ე და 405-ე მუხლებიდან გამომდინარეობს დამატებითი შესრულების მოთხოვნის უპირატესი გამოყენება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა უშედეგოდ ჩაივლის, მყიდველს ეძლევა შესაძლებლობა, განახორციელოს ისეთი მეორადი მოთხოვნა, როგორიცაა ხელშეკრულებიდან გასვლა.

სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. ამავე კოდექსის 491-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით.

განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ გამყიდველმა სკ-ის 490-ე, 491- ე, 352-ე მუხლების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო ნასყიდობის საგნის ნაკლის აღმოფხვრა და ამასთან, დადგენილია მყიდველის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლის დამატებითი წინაპირობების არსებობა, მყიდველმა ხელშეკრულებიდან გასვლა განახორციელა მართლზომიერად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლი განსაზღვრავს ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგებს. ამ მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). სკ-ის 352-ე მუხლი მაინც წარმოადგენს სამართლებრივი შედეგების მომწესრიგებელ ნორმას ხელშეკრულებიდან გასვლის კანონისმიერი უფლებისათვის.

სასამართლომ განმარტა, რომ სკ-ის 491-ე მუხლში კანონმდებლის მიერ გამოყენებული ტერმინის „მოშლის“ მიუხედავად, ეს მუხლი სკ-ის 352-ე, 405-ე მუხლებზე, ანუ ხელშეკრულებიდან გასვლის ინსტიტუტზე მიუთითებს. შესაბამისად, სამართლებრივ შედეგებში გულისხმობს 352-ე მუხლით განსაზღვრულ შედეგს ანუ რესტიტუციას დ არა ხელშეკრულების მოშლას, ხელშეკრულების სამომავლოდ გაუქმებას რესტიტუციის გარეშე.

სასამართლომ განმარტა, რომ მხარის მიერ კანონისმიერი, თუ ხელშეკრულებით შეთანხმებული გასვლის უფლების გამოყენება ნამდვილ სახელშეკრულებო ურთიერთობას გარდაქმნის მიღებულის უკან დაბრუნების ურთიერთობად (რესტიტუციულ ურთიერთობად). გასვლის შემდეგ მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით ნაკისრი პირველადი ვალდებულებისაგან და გარდაიქმნებიან რესტიტუციის მოვალედ და რესტიტუციის კრედიტორად.

განსახილველ შემთხვევაში, მყიდველმა ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება იკისრა გამყიდველთან ამ მიზნით სესხის დაფარვის ვალდებულებით შეთანხმებული პირობებით, ხოლო გამყიდველმა მას ნაკლოვანი ნივთი მიაწოდა, შესაბამისად, გასვლის განცხადება გარდაქმნის ნამდვილ ნასყიდობას მიღებულის უკუქცევის ურთიერთობად. გასვლის უფლების გამოყენებისას ხელშეკრულების მხარეებმა მიღებული უნდა დააბრუნონ ნატურით. ნატურით დაბრუნების ვალდებულება არის ვალდებულებითი ხასიათის მოვალეობა, რომლის შინაარსიც დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიიღო მხარემ ხელშეკრულებით.

განსახილველ შემთხვევაში, მყიდველმა მიიღო ავტომანქანა, ხოლო გამყიდველმა მოთხოვნის უფლება მყიდველის მიერ ნასყიდობის საფასურის გადახდის სანაცვლოდ ნაკისრი სასესხო ვალდებულებების შესრულებისა.

ამდენად, მოცემული ურთიერთობის ფარგლებში ნატურით დაბრუნება გამოიხატება ერთი მხრივ, მყიდველის მიერ მიღებული ნასყიდობის საგნის, ავტომანქანის გამყიდველისათვის დაბრუნებაში, ხოლო მეორე მხრივ, გამყიდველის მიერ, მის წინაშე წარმოშობილი მყიდველის სასესხო ვალდებულებების შესრულების მოთხოვნის უფლების ანულირებით.

2.12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

აღიარებით სარჩელს, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 178-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის შინაარსის განმსაზღვრელი კრიტერიუმებისა, წაეყენება დამატებითი წინაპირობა – ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა, ანუ, რა სამართლებრივი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი აღიარებითი სარჩელით, სხვაგვარად, უნდა შეფასდეს რა არის მოსარჩელის სამართლებრივი დაცვის ინტერესი.

აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის, იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე №ას-121-117-2016, 17 მარტი 2016).

მნიშვნელოვანია შეფასდეს, უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა მისი ინტერესის დაკმაყოფილებას.

სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის იურიდიული ინტერესი არის ნამდვილი, მიღწევადი და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გაუმჯობესდება მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა, რამდენადაც გათავისუფლდება შპს „ე.კ.“-ის წინაშე ნაკისრი სასესხო ვალდებულებების შესრულებისაგან. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფს მისი ნამდვილი იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილებას.

2.13. რაც შეეხება შპს „ე.კ.“-ის მოთხოვნას მოპასუხეებისათვის სოლიდარულად სესხის ძირითადი თანხის 2045,00 აშშ დოლარისა და საპროცენტო სარგებლის - 597,13 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, სასამართლომ 6.1-6.2. პუნქტებში განვითარებული მსჯელობის საფუძველზე მიიჩნია, რომ მ.ა.ს სარჩელის დაკმაყოფილება გამორიცხავს შპს „ე.კ.“-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულია შპს ,,ე.კ..’’-ის მიერ, რომელიც ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

3.1. აპელანტის აზრით სასამართლომ არასწორად დაადგინა ის გარემოება, რომ შპს "ე.კ."-ს მიერ ა.-სათვის გადაცემული ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია წარმოადგენდა გამყიდველის მიერ გაყიდული ავტომობილის ნაკლის აღიარებას. აპელანტის მითითებით მის მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ნასყიდობის საგანი არასდროს ყოფილა "ე.კ."-ის სახელზე რეგისტრირებული, რომ ავტომობილი წარმოადგენდა მესამე პირის სესხის უზრუნველყოფის საშუალებას და რომ მისი რეალიზაცია მოხდა მოგირავნის ძალით. იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო კოდექსის 497-ე მუხლის საფუძველზე გამორიცხული იყო გამყიდველის პასუხისმგებლობა ნივთის ნაკლის გამო გადაცემული 400 აშშ დოლარი წარმოადგენდა "ე.კ."-ის კეთილ ნებას და არა ნაკლის აღიარებას. აპელანტის მითითებით ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა, რაც არ უნდა აღმოჩენილიყო, არ იყო გამყიდველის პასუხისმგებლობა და ამდენად, საწინააღმდეგო მტკიცებულების წარდგენაც არ მომხდარა.

3.1.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა მ.ა.-ს მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის მართლზომიერება. გამყიდველმა მყიდველს ნასყიდობის საგანი გადასცა იმავე მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც გამოითხოვა მესამე პირის მფლობელობიდან. მყიდველი ინფორმირებული იყო იმის თაობაზე, რომ ავტომობილს ყიდულობდა ე.წ. "ავტოლომბარდის" ავტოსადგომიდან, სადაც განთავსებულია მხოლოდ ე.წ. "ჩამორთმეული" ავტომობილები. მყიდველისათვის ცნობილი იყო გამყიდველის სტანდარტული პირობის შესახებ, რომლის თანახმადაც ეს უკანასკნელი პასუხს არ აგებდა ნივთის ნაკლოვანების გამო.

3.1.2. აპელანტის აზრით სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მყიდველის მიერ ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება უნდა შესრულებულიყო სესხის გადახდის ვალდებულებით. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ რომ შპს "ე.კ.."-სა და მ.ა.-ს შორის არსებობდა ორი დამოუკიდებელი ურთიერთობა - ნასყიდობა და სესხი. აპელანტის აზრით ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივად სწორად მოშლის პირობებშიც სასესხო ურთიერთობის ნაწილში სრულად უნდა მომხდარიყო შპს "ე.კ."-ს მოთხოვნის დაკმაყოფილება, რამდენადაც სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დასაბუთებული და კანონიერია.

სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულია მ.ა.-ს, ლ.წ.-ს, ა.ჯ.-ს მიერ, რომელიც ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

3.2. აპელანტი არ იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებით დაადასტურა მხოლოდ საფოსტო მომსახურებაზე, სასამართლოში ტრანსპორტირებაზე გაწეული ხარჯების გადახდის ფაქტი, ხოლო სარჩელითა და შესაგებლით მოთხოვნილი სხვა სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების დამტკიცება მან ვერ შეძლო.

3.2.1. აპელანტები პრეტენზიას აცხადებენ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე იმ ნაწილში, რომლითაც მათ უარი ეთქვათ ექსპერტიზის დასკვნის მომზადების მიზნით გაწეული ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისთვის დაკისრებაზე. აპელანტების განმარტებით მართალია საქმეში წარმოდგენილი არ არის საექსპერტო მომსახურებაზე გაღებული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა აპელანტების მიერ დადებული საექსპერტო მომსახურების ხელშეკრულება, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონი და საქმეში არსებული საექსპერტო დასკვნა, „სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის N171 დადგენილებასთან ერთობლიობაში იძლევა პრეზუმფციის დაშვების საფუძველს, რომ აპელანტები ვერ მიიღებდნენ და სასამართლოში ვერ წარადგენდნენ ექსპერტის დასკვნას, თუ ისინი საექსპერტო მომსახურების ხარჯს არ აანაზღაურებდნენ. შესაბამისად, საექსპერტო მომსახურებაზე გაწეული ხარჯის გაწევა იმთავითვე პრეზუმირებულია, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნის არსებობის გამო.

3.2.2. აპელანტების განმარტებით გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განხილული არ ყოფილა შპს „ე.კ.“-ის სარჩელზე მათი, როგორც მოპასუხეების შუამდგომლობა, შპს „ე.კ.“-ის მიერ მათ წინააღმდეგ დაყენებულ სარჩელზე კეთილსინდისიერი წინააღმდგობის გაწევის გამო ადვოკატის დახმარებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების საკითხი. ამ მიმართებით აპელანტები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ შპს „ე.კ..“-ის სარჩელმა სასამართლო წარმატება საერთოდ ვერ ჰპოვა, ხოლო ამ სარჩელზე ლ.წ.-ს, ა.ჯ.-ს და მ.ა.-ს მიერ სასამართლოში შუამდგომლობა ადვოკატის დახმარებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საერთოდ გადაუწყვეტელი დარჩა.

3.2.3. აპელანტები პრეტენზიას აცხადებენ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე იმ ნაწილშიც, რომლითაც უარყოფილი იქნა მათი შუამდგომლობა სასამართლოს გარეშე პროცესის სხვა ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრებასთან დაკავშირებით. კერძოდ, შუამდგომლობა, რომლითაც ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შპს „ე.კ.’’-სგან სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯის სახით საქმის განხილვის უზრუნველსაყოფად პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის, შესაგებლის, წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლების ანაზღაურებას, შესაგებლის, შუამდგომლობების და თანდართული დოკუმენტების, ასევე სხვა მტკიცებულებების ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯების ანაზღაურებას, მათ აკინძვაზე გახარჯული ლითონის ამკინძავით შეკვრაზე გაღებული ხარჯების ანაზღაურებას, საქმის მასალების სასამართლოში გადაგზავნისას საფოსტო კავშირისათვის გაღებული დანახარჯის ანაზღაურებას, საფოსტო კავშირისას მასალების საფოსტო კონვერტით შესაფუთად გაწეული დანახარჯის ანაზღაურებას, სასამართლოში მოპასუხისა და მისი წარმომადგენლის სხდომებზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად ტრანპორტირებისთვის გაწეული დანახარჯის ანაზღაურებას ითხოვდნენ.

3.2.4. აპელანტები პრეტენზიას აცხადებენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც დავის ტიპი და მის საფუძველზე სასამართლო და სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების გამოთვლისა და ანაზღაურების წესი განისაზღვრა. აპელანტების აზრით სასამართლომ არასწორად დაადგინა აღიარებითი სარჩელის დროს სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯების გაანგარიშების წესი და შედეგად არასწორად გამოთვალა და გაანაწილა მოდავე მხარეთა შორის პროცესის ხარჯების სახეობაში შემავალი სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯები.

3.2.5. აპელანტები სადავოდ ხდიან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 თებერვლის საოქმო განჩინებას, რომლითაც უარყოფილი იქნა სასამართლო სხდომაზე დასკვნის განმარტების მიზნით ექსპერტის მოწვევა. აპელანტების განმარტებით მათ სურდათ კანონით დადგენილი წესით შეემოწმებინათ სასამართლო სხდომაზე ექსპერტიზის დასკვნა და კითხვები დაესვათ საქმეში არსებულ დასკვნასთან დაკავშირებით თუნდაც მისი კვალიფიკაციის, სანდოობის, კომპეტენციის და ობიექტურობის დადგენის მიზნით.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

4.1.1. აპელანტის მიერ სადავოდ არ გამხდარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უდავო გარემოებების სახით დადგენილი და გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.1 – 3.1.7 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ამ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე.

- 2016 წლის 01 ივნისს ერთი მხრივ შპს ,,ე.კ..-ს’’ და მეორე მხრივ მ.ა.-ს შორის ნასყიდობის #XXXX/X ხელშეკრულება გაფორმდა, აღნიშნული ხელშეკრულებით მ.ა.-მ ავტოსატრანსპორტო საშუალება - მარკა SAAB, ტიპი - სედანი, მოდელი - 9.5, სატრანსპორტო საშუალების უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი: XXXXXXXX, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი: XXXXXXXX, გამოშვების წელი - 2000, შეიძინა. ნასყიდობის საგნის ფასი 2200 აშშ დოლარით განისაზღვრა.
- 2016 წლის 01 ივნისს ერთი მხრივ შპს ,,ე.კ.-ს’’ და მეორე მხრივ მ.ა.-ს შორის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №XXXXX/X, სესხის ხელშეკრულება №XXXXX/X და №XXXXX/X შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ გაფორმდა.
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის შესახებ 01.06.2016წ. ხელშეკრულებით საკრედიტო ხაზის მაქსიმალური მოცულობა 2500 აშშ დოლარით განისაზღვრა.
- მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გირავნობით დაიტვირთა გამსესხებლის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება - მარკა SAAB, ტიპი - სედანი, მოდელი - 9.5, სატრანსპორტო საშუალების უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი: XXXXXXXX, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი: XXXXXXXX, გამოშვებული 2000 წელს.
- მხარეებს შორის გაფორმებული №XXXXX/X სესხის ხელშეკრულებით სესხის ოდენობა 2295,00 აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც მსესხებელს 24 თვის ვადაში ყოველთვიურად 151 აშშ დოლარის გადახდით უნდა დაეფარა.

- 01.06.2016წ. სესხის ხელშეკრულებით მ.ა.-ს მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იქნა ასევე ერთი მხრივ შპს ,,ე.კ.-ს’’ და მეორე მხრივ ლ.წ.-ს და ა.ჯ.-ს შორის გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებით.

4.1.2. განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის სადავოა 01.06.2016წ. #XXXX/X ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, 01.06.2016წ. №XXXXX/X საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის შესახებ ხელშეკლრულებიდან, 01.06.2016წ. №XXXXX/X სესხის ხელშეკრულებიდან და 01.06.2016წ. №XXXXX/X სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებიდან მყიდველის/მსესხებლის - მ.ა.-ს გასვლის მართლზომიერების საკითხი.

4.1.3. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ.ა. 01.06.2016წ. #XXXX/X ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, 01.06.2016წ. №XXXXX/X საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან და მის საფუძველზე 01.06.2016 წელს გაფორმებული №XXXXX/X სესხის ხელშეკრულებიდან და სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებიდან მართლზომიერად გავიდა. შესაბამისად მისი მოთხოვნა 01.06.2016წ. #XXXX/X ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, 01.06.2016წ. №XXXXX/X საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის შესახებ ხელშეკლრულებიდან, 01.06.2016წ. №XXXXX/X სესხის ხელშეკრულებიდან და 01.06.2016წ. №XXXXX/X სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე 2016 წლის 01 ივნისიდან შპს ,,ე.კ.-ის’’ წინაშე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობის დადგენის თაობაზე დასაბუთებულია.

მ.ა.-ს მოთხოვნასთან მიმართებით სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს აპელანტების წარმომადგენლის 10.12.2018წ. განცხადებაზე, რომლის ფარგლებშიც მან დააკონკრეტა სასარჩელო მოთხოვნა და მიუთითა, რომ 01.06.2016წ. #XXXX/X ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, 01.06.2016წ. №XXXXX/X საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის შესახებ ხელშეკლრულებიდან, 01.06.2016წ. №XXXXX/X სესხის ხელშეკრულებიდან და 01.06.2016წ. №XXXXX/X სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობის დადგენასთან მიმართებით მოსარჩელის ინტერესი ამ გარიგებებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებისგან გათავისუფლება წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება, აგრეთვე სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის შემცირება, ან ერთი ნივთის ნაცვლად მეორე ნივთის მიკუთვნება მისთვის, ანდა ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლო აქვე შენიშნავს, რომ სარჩელის დაზუსტება, მოთხოვნის გამართულად ჩამოყალიბება იმ შემთხვევას არ წარმოადგენს, რომელიც დადგენილია სსსკ-ის 381-ე მუხლით და დაუშვებლად მიიჩნევს სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე დავის საგნის შეცვლას ან გადიდებას. ამ მიმართებით მხედველობაშია მისაღები საკასაციო სასამართლოს მიდგომაც, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ თავის ერთ-ერთ განჩინებით სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დავის საგანთან მიმართებით იურიდიული ინტერესის დაზუსტება სავსებით მართებულად მიიჩნია და განმარტა, რომ აღნიშნული თანხმობაშია პროცესის ეკონომიურობისა და ეფექტურობის პრინციპთან. (იხ 01.12.2009 წ. სუსგ #ას-537-846-09);

4.1.4. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 01.06.2016წ. #XXXX/X ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი ნაკლის მქონეა, რაც არსებული სახით ამ ნივთის ექსპლუატაციის შესაძლებლობას გამორიცხავს. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 16.09.2016წ. დასკვნის თანახმად გამოსაკვლევად წარდგენილი ავტომობილის SAAB - 9.5, სახელმწიფო ნომრით XX-XXX- XX, გამოშვებული 2000 წელს ვიზუალური და ტექნიკური შემოწმებით დადგინდა, რომ მწყობრიდან არის გამოსული ძრავა, კერძოდ: გართულებულია მისი გაშვება, ძრავა მუშაობს მხოლოდ აქსელერატორზე ზემოქმედებით, მუშაობისას ვერ ხერხდება ბრუნვის საბილიზაცია და აღენიშნება დეტონაცია. ძრავი გაუმართავ მდგომარეობაშია და მისი წარმოდგენილი სახით ექსპლუატაცია შეუძლებელია. კონკრეტული დაზიანებული დეტალების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ძრავის დეტალური დაშლის შემდეგ.

4.1.5. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ ნასყიდობის საგანმა მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დღესვე რუსთავი-თბილისის საავტომობილო გზაზე მოძრაობისას მუშაობა შეწყვიტა. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ მართალია გამყიდველი საზოგადოება სადავოდ არ ხდის გარიგების გაფორმების დღეს ნასყიდობის საგანზე ნაკლის გამოვლენის ფაქტს, რამაც არსებული მდგომარეობით ნივთის ექსპლოატაციის შესაძლებლობა შეუძლებელი გახადა, თუმცა ეს უკანასკნელი მიიჩნევს, რომ მიუხედავად გარიგების საგანზე ნაკლის გამოვლენისა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ხელშეკრულებიდან გასვლის მართლზომიერად მიჩნევის საფუძვლად, რადგან ნასყიდობის საგნის ნაკლის თაობაზე გამყიდველისთვის ცნობილი არ ყოფილა, ამასთან, გარიგების დადებამდე მყიდველს ჰქონდა ნივთის შემოწმების შესაძლებლობა, რაც განახორციელა კიდეც.

4.1.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის თანახმად, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივად და უფლებრივად ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. ამავე კოდექსის 490-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში.

ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მყიდველის პირველადი ინტერსია გამყიდველის მხრიდან მისთვის ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისი საგნის გადაცემა. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის და 487-489-ე მუხლების შესაბამისად, გამყიდველი ვალდებულია მყიდველს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი გადასცეს.

4.1.7. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნასყიდობის საგნის მყიდველისთვის გადაცემიდან მცირე დროში (გარიგების დადების დღესვე) ნივთს გაუმართაობა წარმოეშვა, რამაც მისი შემდგომი ექსპლოატაცია შეუძლებელი გახადა. სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტი საზოგადოების მსჯელობას მასზედ, რომ კომპენსაციის გადახდის შესახებ 01.06.2016წ. შეთანხმების ფარგლებში მყიდველისთვის 400 აშშ დოლარის გადახდა გამყიდველის კეთილ ნებას წარმოადგენდა და აღნიშნული არ შეიძლება მიჩნეული იქნეს გამყიდველის მიერ გარიგების საგნის ნაკლის აღიარებად, რადგან მან როგორც მოგირავნემ, რომელმაც ნივთი სწორედ ამ სტატუსით გაასხვისა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა ნივთის ნაკლის თაობაზე, ამასთან, მყიდველს გარიგებაზე ხელმოწერით დადასტურებული ჰქონდა შეთანხმებული ხარისხის საგნის საკუთრებაში მიღება. აპელანტის აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო გარიგების მხარეს - გამყიდველს შპს ,,ე.კ.’’ წარმოადგენს, რომელმაც მ.ა.-სთან გაფორმებული გარიგების საფუძველზე ამ უკანასკნელისთვის ნასყიდობის საგანზე საკუთრების უფლების გადაცემის ვალდებულება იკისრა. სააპელაციო სასამართლო ხაზგამისთ აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებით გამყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულების, რომლის ფარგლებშიც მან მყიდველისთვის ნასყიდობის საგნის საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება იკისრა, უფრო მეტიც, იმ უდავო გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ გამყიდველი ნივთის გაყიდვაზე უფლებამოსილ სუბიექტს წარმოადგენდა, ფაქტი მასზედ, რომ ნივთი გამყიდველის სახელზე რეგისტრირებული არ ყოფილა ან/და გამყიდველმა ნივთი როგორც მოგირავნემ ისე გაასხვისა ამ უკანასკნელის, როგორც გამყიდველის ვალდებულებაზე მყიდველისთვის უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთის გადაცემის შესახებ გავლენას ვერ მოახდენს. ამ მიმართებით სააპელაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 03.05.2012წ. განჩინებაზე საქმეზე ას-344-329-2012, სადაც საკასაციო პალატამ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ გამყიდველი არის ნებისმიერი პირი, რომელმაც ნასყიდობის ხელშეკრულებით მყიდველის წინაშე შესაბამისი ვალდებულების შესრულება იკისრა. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ ასეთად სააღსრულებო ბიუროც მიიჩნია, რომელიც სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოვალის ქონებას აუქციონზე ასხვისებდა. სადავო საკითხის, კერძოდ, ნასყიდობის საგანზე მყიდველისთვის საკუთრების უფლების გადაცემის შემდეგ გამოვლენილ ნაკლზე უნდა დაეკისროს თუ არა პასუხისმგებლობა გამყიდველ საზოგადოებას გამორკვევის მიზნით სააპელაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს გამყიდველი საზოგადოების წარმომადგენლების განმარტებაზე, რომლის ფარგლებშიც მათ დაადასტურეს ფაქტი მასზედ, რომ ნასყიდობის საგანი, რომელიც ავტომობილს წარმოადგენდა, გამყიდველმა საზოგადოებამ მისი ძირითადი ფუნქციური დანიშნულებით გაყიდა. ნიშანდობლივია აღინიშნოს ისიც, რომ მითითებული განმარტების ფარგლებში აპელანტი საზოგადოების წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ფაქტს მასზედ, რომ მართალია ცალკეულ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალება ჯართის სახითაც გაუყიდიათ, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში გარიგება ჯართზე დადებული არ ყოფილა. ამდენად, 1. გამყიდველის კანონით (სსკ 487-ე მუხლი) გათვალისწინებული ვალდებულების, რომლის მიხედვითაც მას მყიდველისთვის ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთის გადაცემის ვალდებულება ჰქონდა, 2. ასევე, იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ ნასყიდობის საგანს ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენდა, რომელიც უდავოა, რომ გამყიდველმა მისი ძირითადი ფუნქციური დანიშნულებით (ჩვეულებრივი სარგებლობისთვის) გაყიდა, მეტიც, გარიგების გაფორმების დღეს გარიგების საგანზე გაუმართაობის გამოვლენის შემდეგ ნაკლის გამოსწორების მიზნით გამყიდველმა მყიდველს კომპენსაციის სახით 400 აშშ დოლარი გადასცა, სააპელაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გარიგებაში არსებული დათქმა, რომ მყიდველმა შეთანხმებული ხარისხის ნივთი მიიღო, გარიგების დადების შემდეგ ნივთზე გამოვლენილ ნაკლთან დაკავშირებით, რომელიც უდავოა, რომ მიუხედავად ნივთის შემოწმებისა მხოლოდ ნივთის ექსპლოატაციაში მიღების შემდეგ, გამოვლინდა და ამ ნივთით სარგებლობის შესაძლებლობას საერთოდ გამორიცხავს, ნასყიდობის საგანზე გამოვლენილ ნაკლთან დაკავშირებით გამყიდველი საზოგადოების პასუხისმგებლობას ვერ გამორიცხავს. ამ მიმართებით პალატა კიდევ ერთხელ მიზანშეწონილად მიიჩნევს ხაზი გაუსვას ფაქტს მასზედ, რომ ნასყიდობის საგანს ჩვეულებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენდა, რაც სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში გამყიდველს მყიდველისთვის ჩვეულებრივი სარგებლობისთვის ვარგის ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემის ვალდებულებას აკისრებოდა, აქვე სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ უდავო გარემოებაზეც, რომ მყიდველმა გარიგების გაფორმებამდე ნასყიდობის საგანი შეამოწმა, ნაკლი კი მხოლოდ ნივთის ექსპლოატაციის პროცესში გამოვლინდა. სააპელაციო სასამართლო შენიშნავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით ნივთის ნაკლის გამო პასუხისმგებლობის გამორიცხვა (სსკ 497-ე მუხლი) შეიძლება გავრცელდეს იმ ნაკლზე, რომელიც მყიდველს ჩვეულებრივი ყურადღების გამოჩენის შემთხვევაში შეეძლო და უნდა აღმოეჩინა. ამასთან, პასუხისგებლობის გამორიცხვა მაშინ ჩაითვლება შეთანხმებულად, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ აღნიშნულის თაობაზე მითითებული არ არის, სახელშეკრულებო პირობის შინაარსიდან ეს გამომდინარეობს. მაგ: „ნაყიდია დათვალიერების შედეგად“; „შემოწმებულია“; ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობის გამორიცხვა უნდა გავრცელდეს მხოლოდ ისეთ ნაკლზე, რომელიც დათვალიერებისა თუ შემოწმების შედეგად თვალსაჩინო და შეცნობადია. (იხ. Gnos, Anspruchskonkurrenz im schweizerischen Produktehaftpflichtrecht, 1997,S. 43; იხ. MüKo/ Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 444, Rn. 7) სააპელაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ნივთზე გამოვლენილ ნაკლს ძრავის გაუმართაობა წარმოადგენს, რაც ამ ნივთით სარგებლობის შესაძლებლობას სრულიად გამორიცხავს. განსახილველ შემთხვევაში გარიგების დადებასთან მიმართებით მყიდველის ინტერესის და იმ უდავო გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მხარეებს შორის 01.06.2016წ. დადებული გარიგების საგანს ჩვეულებრივი სარგებლობისთვის ვარგისი სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენდა, უდავოა, რომ მყიდველმა გარიგების დადებამდე ნასყიდობის საგანი შეამოწმა/დაათვალიერა, ნივთზე გაუმართაობა კი მხოლოდ მისი ექსპლოატაციის პროცესში გამოვლინდა სააპელაციო სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ მიუხედავად მყიდველის წინდახედულობისა და ნასყიდობის საგნის წინასწარ დათვალიერებისა თუ შემოწმებისა, ნასყიდობის საგნის ნაკლი (ძრავის დაზიანება) იმგვარი სახის დეფექტს წარმოადგენდა, რისი აღმოჩენაც მიუხედავად ნასყიდობის საგნის დათვალიერებისა/შემოწმებისა თვალსაჩინო და მარტივად შეცნობადი ვერ იქნებოდა, შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებაში არსებული ჩანაწერი მასზედ, რომ მყიდველმა შეთანხმებული ხარისხის ნივთი მიიღო ნივთის ნაკლთან მიმართებით გამყიდველის პასუხისმგებლობას ვერ გამორიცხავს, რადგან როგორც არაერთხელ აღინიშნა ნაკლი მისი მახასიათებლების გათვალისწინებით ხილული არ იყო და ის არა ნივთის წინასწარ შემოწმების, არამედ უშუალოდ ამ ნივთით სარგებლობის პროცესში გამოვლინდა.

4.1.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 491-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით.

ამავე კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ შპს ,,ე.კ.-სს’’ ნასყიდობის საგანზე გამოვლენილი ნაკლის შესახებ მყიდველის 28.06.2016წ. წერილით ეცნობა, აღნიშნული წერილით ირკვევა, რომ მყიდველმა გამყიდველ საზოგადოებას ნასყიდობის საგნის ნაკლის გათვალისწინებით გამოვლენილი ნაკლის აღმოფხრა ან ნასყიდობის საგნის იმავე თვისებების მქონე ნივთით ჩანაცვლება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მიუთითა, რომ უარს იტყოდა ხელშეკრულებაზე. უდავოა, რომ მყიდველის მოთხოვნას ნასყიდობის საგნის ჩანაცვლების ან ნაკლის გამოსწორებასთან დაკავშირებით გამყიდველი საზოგადოების მხრიდან გარდა იმისა, რომ 30.06.2016წ. წერილით გამყიდველმა ნივთის ნაკლთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არ არსებობაზე მიუთითა, რეაგირება არ მოჰყოლია. 01.08.2016წ. წერილით მ.ა.-მ შპს „ე.კ..-ს’’ აცნობა, რომ გადიოდა ხელშეკრულებიდან. ამდენად, ნასყიდობის საგანზე გამოვლენილი ხარვეზის გათვალისწინებით შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულებიდან გასვლამდე დასტურდება ნასყიდობის საგანზე გამოვლენილი გაუმართაობის აღმოსაფხვრელად მიმწოდებლისთვის დამატებითი ვადის მიცემის ფაქტი.

სააპელაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს ,,ე.კ.-ის’’ მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულება, რომელიც მყიდველისათვის ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთის გადაცემას ითვალისწინებდა და მოცემულ სამართალურთიერთობაში წინმსწრებ ვალდებულებას წარმოადგენდა, ჯეროვნად არ განხორციელებულა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მიუხედავად მყიდველის მიერ დამატებითი ვადის მიცემისა შპს ,,ე.კ..-მა’’ არ შეასრულა ნივთობრივად უნაკლო ნივთის მიწოდების ვალდებულება, სააპელაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მხარე 01.06.2016წ. #XXXX/X ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, 01.06.2016წ. №XXXXX/X საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან და მის საფუძველზე 01.06.2016 წელს გაფორმებული №XXXXX/X სესხის ხელშეკრულებიდან და სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებიდან მართლზომიერად გავიდა.

4.1.9. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტი საზოგადოება სადავოდ ხდის მასსა და მ.ა.-ს შორის 01.06.2016 წელს დადებული ხელშეკრულებებიდან მ.ა.-ს გასვლის მართლზომიერებას, უფრო მეტიც, აპელანტი საზოგადოება ნასყიდობის საგნის ნაკლზე მითითებით შეუძლებლად მიიჩნევს სესხის ხელშეკრულებიდან მსესხებლის გასვლის მართლზომიერად მიჩნევას და განმარტავს, რომ სესხის შესახებ გარიგება წარმოადგენდა რა დამოუკიდებელ ხელშეკრულებას, ნასყიდობის საგანზე თუნდაც ნაკლის დადასტურება არ შეიძლება სესხის ხელშეკრულებიდან მსესხებელი მხარის გასვლის მართლზომიერად მიჩნევის საფუძველი გახდეს. აპელანტი საზოგადოების აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს იმ უდავო გარემოებაზე, რომ 01.06.2016 წ. სესხის ხელშეკრულების დადების მიზანს იმავე დღეს მხარეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების დაფინანსება წარმოადგენდა. ამდენად, მართალია 01.06.2016 წელს მხარეებს შორის ორი სამართლებრივად დამოუკიდებელი ხელშეკრულება (სესხი, ნასყიდობა) გაფორმდა, თუმცა იმ უდავო გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ სესხის ხელშეკრულების გაფორმების ერთადერთ მიზანს მხარეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების დაფინანსება წარმოადგენდა სააპელაციო სასამართლო ნასყიდობის და სესხის ხელშეკრულებებს შორის მჭიდრო ეკონომიკური კავშირს დადასტურებულად მიიჩნევს. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მიუხედავად აპელანტი საზოგადოების მხრიდან მასსა და მ.ა.-ს შორის 01.06.2016 წელს დადებულ გარიგებებს შორის ეკონომიკური კავშირის არსებობის დადასტურებისა, ეს უკანასკნელი სესხის ხელშეკრულებიდან მსესხებლის გასვლის მართლზომიერად მიჩნევის დამაბრკოლებლად იმ გარემოებაზე უთითებს, რომ რადგან გარიგებები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გაფორმდა, ამასთან, სესხის ხელშეკრულებაში სესხის აღების მიზნობრიობა პირდაპირ მითითებული არ ყოფილა, მსესხებელს სესხად აღებული თანხის განკარგვა მისი შეხედულებისამებრაც შეეძლო. სააპელაციო სასამართლო დასახელებულ არგუმენტს სესხის ხელშეკრულებიდან მსესხებლის მართლზომიერად გასვლის დამაბრკოლებელ არგუმენტად ვერ მიიჩნევს შემდეგ გარემოებათა გამო: კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მხარეებს შორის სესხის და ნასყიდობის შესახებ გარიგებები ერთი და იმავე დღეს 01.06.2016 წელს გაფორმდა, უდავოა ასევე, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულება გარიგების დადებისთანავე 01.06.2016 წელს სრულად დაიფარა, მხარეები სადავოდ არც იმ გარემოებას ხდიან, რომ 01.06.2016 წელს სესხის ხელშეკრულების გაფორმების მიზანს იმავე დღეს მათ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების დაფინანსება წარმოადგენდა, უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ფაქტი მასზედ, რომ სესხის ხელშეკრულებაში მითითებული თანხა მსესხებელის მფლობელობაში გადავიდა და ამ უკანასკნელმა ნასყიდობის საფასური სესხის თანხის უშუალოდ მისთვის გადაცემის შემდეგ დაფარა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო გარიგებებში გამსესხებელ და გამყიდველ სუბიექტს ერთი და იგივე საზოგადოება წარმოადგენდა, ამასთან, უდავოა, რომ სესხის გაცემის მიზანს მხარეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების დაფინანსება წარმოადგენდა, ფაქტი მასზედ, რომ სესხის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ სესხის თანხა მსესხებელს გადაეცა, რაც მას თანხის მისი შეხედულებისამებრ განკარგვის შესაძლებლობას ანიჭებდა გამსესხებელს უნდა ემტკიცებინა. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით დადასტურებული ვერ იქნა სადავო გარემოება მასზედ, რომ სესხის თანხა მ.ა.-ს გადაეცა და ამ უკანასკნელმა ნასყიდობის ფასი მხოლოდ ამის შემდეგ დაფარა.

საბოლოოდ, იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია, რომ სესხის ხელშეკრულების აღების ერთადერთ მიზანს მხარეებს შორის იმავე დღეს გაფორმებული ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულების დაფინანსება წარმოადგენდა, და დადასტურებულია, რომ სესხის თანხა მსესხებლის მფლობელობაში გადაცემის გარეშე პირდაპირ ნასყიდობის საფასურის დაფარვას მოხმარდა, ასევე, ის ფაქტი, რომ გამყიდველმა მყიდველს ნაკლიანი ნივთი მიაწოდა, რაც ამ ნივთით სარგებლობის შესაძლებლობას გამორიცხვას, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში გამყიდველის მიერ მყიდველისთვის მიწოდებული შესრულება ამ უკანასკნელს, როგორც ნასყიდობის, ასევე სესხის ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას ანიჭებდა, რადგან სესხის და ნასყიდობის ხელშეკრულებებს შორის ისეთი მჭიდრო ეკონომიკური კავშირია რომ, რომ არა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისადმი ინტერესი, მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება საერთოდ არ დაიდებოდა.

სააპელაციო სასამართლო აქვე ყურადღებას მიპყრობს იმ უდავო გარემოებაზე, რომ 2016 წლის ოქტომბრის თვეში ნასყიდობის საგანი გამყიდველ საზოგადოებას უკან გადაეცა. ნიშანდობლივია აღინიშნოს ისიც, რომ მ.ა-.ს მიერ 28.06.2016წ. განცხადებაში მითითებული გარემოება ნაკლის გამოსწორების მიზნით გამყიდველის მიერ გადაცემული 400 აშშ დოლარით ავტომობილის ნაწილების შეძენის და ავტომობილზე გამოვლენილი ნაკლის აღმოფხვრის სამუშაოების წარმოებისთვის, (რაც საბოლოოდ არასაკმარისი აღმოჩნდა) გახარჯვის შესახებ მოპასუხე/აპელანტი საზოგადოების მხრიდან შედავებული არ ყოფილა. ამდენად, გათვალისწინებით იმისა, რომ ნასყიდობის საგანი გამყიდველს უკან დაუბრუნდა, დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ მყიდველისთვის კომპენსაციის სახით გადაცემული 400 აშშ დოლარი ავტომობილზე გამოვლენილი ნაკლის აღმოფხვრის სამუშაოებს წარმოებას მოხმარდა, (რაც საბოლოოდ საკმარისი არ აღმოჩნდა ნაკლის აღმოსაფხვრელად) სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტი საზოგადოების მსჯელობას, რომ ხელშეკრულებიდან მყიდველის გასვლის შემთხვევაში მისთვის ავტომობილის შეკეთების მიზნით გადაცემული 400 აშშ დოლარი გამყიდველისთვის დაბრუნებას უნდა დაექვემდებაროს.

4.1.10. რაც შეხება მ.ა.-ს, ლ.წ.-ს და ა.ჯ.-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, აპელანტები გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე პრეტენზიას იმ ნაწილში აცხადებენ, რომლითაც უარი ეთქვათ შპს ,,ე.კ..’’-ის სარჩელზე წინააღმდეგობის გაწევის ნაწილში იურიდიულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის, ექსპერტიზის ხარჯის, საქმის განხილვის უზრუნველყოფის მიზნით გაწეული სხვა ხარჯის მოპასუხე მხარისთვის დაკისრებაზე. გარდა ამისა, აპელანტები მიიჩნევენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დავის ტიპი არასწორად განსაზღვრა, რამაც გავლენა მოახდინა სასამართლო და სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების გამოთვლაზე და შესაბამისად ანაზღაურებაზე. სააპელაციო საჩივრის ობიექტია ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს 23.02.2018წ. საოქმო განჩინებაც, რომლითაც მოსარჩელის წარმომადგენელის შუამდგომლობა ექსპერტის დაკითხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

4.1.11. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი მოთხოვნა ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისთვის გაწეული ხარჯის - 300 ლარის, შპს ,,ე.კ.-ის’’ სარჩელზე წინააღმდეგობის გაწევის გამო ადვოკატისთვის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის, საქმის განხილვის უზრუნველყოფის მიზნით გაწეული ხარჯის (მოცემულ საქმეზე 1. სარჩელის, შესაგებლის წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლების ხარჯის; 2. შესაგებლის, შუამდგომლობების და თანდართული დოკუმენტების, ასევე სხვა მტკიცებულებების ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯების; 3. მათ აკინძვაზე გახარჯული ლითონის ამკინძვით შეკვრაზე გაღებული ხარჯის; 4. საქმის მასალების სასამართლოში გადაგზავნისას საფოსტო კავშირისთვის გაღებული დანახარჯის; 5. სასამართლოში მოპასუხის და მისი წარმომადგენლის სხდომებზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად ტრანსპორტირებისთვის გაწეული ხარჯის) მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ დასაბუთებულია და იგი ექსპერტიზის დასკვნის მომზადების ხარჯის - და საქმის განხილვის უზრუნველყოფის მიზნით გაწეული ხარჯის დაკისრების ნაწილში, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

4.1.12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებით გათვალისწინებული ნორმის თანახმდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; (სსსკ-ის 44-ე მუხლი). ამავე მუხლის მე-3 ნაწილი განმარტავს თუ რას წარმოადგენს სასამართლოსგარეშე ხარჯები, კერძოდ, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

მითითებული ნორმების შესაბამისად ნათელია, რომ მოდავე მხარეებისათვის სასამართლოში საქმის განხილვა დაკავშირებულია მთელ რიგ ხარჯებთან, რომელთა გადანაწილების მექანიზმი საპროცესო კანონმდებლობით რეგულირდება და რომელიც, წანამდებარე საქმეში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა. აღნიშნული რეგულირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებით. მითითებული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტი სადავოდ არ ხდის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას მასზედ, რომ მას სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი სასამართლოსგარეშე ხარჯების რეალურად გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოში არ წარმოუდგენია. ამ მიმართებით მხედველობაშია მისაღები, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილი, იმპერატიულად ადგენს შუამდგომლობის ავტორის ვალდებულებას, სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 16.09.2016წ. დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების საგანზე ექსპერტიზა მ.ა.-ს მოთხოვნის საფუძველზე ჩაატარა. სააპელაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ ფაქტსაც, რომ მართალია სსსსკ-102-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა არც სარჩელის, შესაგებლის წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისთვის გაწეული ხარჯის, მათი ასლების მომზადებისთვის გაღებული ხარჯის, ლითონის ამკინძვით შეკვრაზე გაღებული ხარჯის, გასაჩივრებულ ნაწილში საქმის მასალების სასამართლოში გადაგზავნისას საფოსტო კავშირისთვის გაღებული ხარჯის და სასამართლოში მოპასუხის გამოცხადების უზრუნველსაყოფად ტრანსპორტირებისთვის გაწეული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები, თუმცა ამ შემთხვევაშიც სააპელაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ საქმეში წარმოდგენილია სარჩელი, შესაგებელი წერილობითი განცხადებები, რომლებიც თავის მხრივ აკინძულია ლითონის ამკინძავი საშუალებებით, საქმეში ასევე წარმოდგენილია საფოსტო კონვერტები, რაც თავის მხრივ საფოსტო კავშირის გამოყენებაზე მიუთითებს, სასამართლო სხდომის ოქმებიდან დგინდება ასევე სხდომაზე მოპასუხე მხარის (ა.ჯ.) გამოცხადების ფაქტი. აღნიშნული გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით აპელანტების/შუამდგომლობის ავტორების სასარგებლოდ იძლევა პრეზუმფციის დაშვების საფუძველს, რომ მათი მხრიდან გაღებულია ექსპერტიზის დასკვნის მომზადების და საქმის განხილვის უზრუნველყოფის მიზნით გაწეული ხარჯი. (სარჩელის, შესაგებლის წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისთვის, შესაგებლის, შუამდგომლობების და თანდართული დოკუმენტების, ასევე სხვა მტკიცებულებების ასლების მომზადებისთვის, მათი აკინძვისთვის, საფოსტო კავშირისთვის, სასამართლოში მოპასუხის სხდომებზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად ტრანსპორტირებისთვის გაწეული ხარჯი).

ამრიგად, სააპელაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს აპელანტების არგუმენტს სასამართლოსგარეშე ხარჯების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობის თაობაზე და აღნიშნულთან დაკავშირებით მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას. ერთ-ერთ საქმეზე, სადაც მხარეს წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტი არ ჰქონდა წარდგენილი, საკასაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ არსებობდა მოგებული მხარისათვის სასამართლოსგარეშე ხარჯის ანაზღაურების წინაპირობები. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „როგორც წესი, მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან... ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და შპს ,,ე.კ.-ს’’ მ.ა.-ს სასარგებლოდ ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისთვის გაწეული ხარჯის 300 ლარის, ხოლო მ.ა.-ს, ლ.წ.-ს და ა.ჯ.-ს სასარგებლოდ სარჩელის, შესაგებლის, წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისთვის გაწეული ხარჯის, მათი ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯის, მათი აკინძვისთვის გაწეული ხარჯის, საფოსტო კავშირისთვის გაღებული ხარჯის, ასევე მოპასუხის სასამართლოში გამოცხადებისთვის (ტრანსპორტირებისათვის) გაწეული ხარჯის სახით, ჯამში - 150 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შპს ,,ე.კ.-ის სარჩელზე წინააღმდეგობის გაწევის გამო იურიდიული დახმარებისთვის გაწეული ხარჯის და სასამართლო სხდომებზე წარმომადგენლის გამოცხადების უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯის მოპასუხისთვის დაკისრების ნაწილში. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.12.2017წ. განჩინებით მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მ.ა.ს სარჩელი შპს ,,ე.კ.-ის მიმართ ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობის აღიარების და შპს ,,ე.კ.-ის’’ სარჩელი მ.ა.-ს მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით ერთ წარმოებად გაერთიანდა. შესაბამისად, მ.ა.-ს და შპს ,,ე.კ.-ის სარჩელების განხილვა ერთი სასამართლო წარმოების ფარგლებში მოხდა, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია აპელანტების წარმომადგენლის რესურსის დაზოგვაზე. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობის აღიარების მოთხოვნით სარჩელის არსებობის პირობებში თანხის დაკისრების მოთხოვნით შპს ,,ე.კ.-ის სარჩელის უარყოფის მიზნით შესაგებლის შედგენა, სადაც პრაქტიკულად ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობის აღიარების მოთხოვნით აღძრულ სარჩელში მითითებული გარემოების მითითება მოხდა, წარმომადგენლის მხრიდან დროის და ინტელექტუალური რესურსის დიდ ხარჯვას აღარ მოითხოვდა. რაც შეხება სასამართლო სხდომებზე წარმომადგენლის გამოცხადებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნას სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამგვარი ხარჯი, ადვოკატის დახმარებისთვის გაწეულ ხარჯებში შედის და ცალკე ანაზღაურებას არ ექვემდებარება. მხედველობაშია მისაღები, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის მოთხოვნა 259,70 ლარის ნაწილში დაკმაყოფილდა.

4.1.13. აპელანტის მითითებაზე, რომ დავა - სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების არარსებობის აღიარებაა და შესაბამისად არაქონებრივი ხასიათის დავას წარმოადგენს, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქონებრივ-სამართლებრივი დავების დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა უდევს მას საფუძვლად, საპროცესო მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე, ფულადი ღირებულების მქონე ნივთებზე, ან უფლებებზე. საპროცესო მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს ქონებრივ - სამართლებრივად იმ შემთხვევებში, როცა მას საფუძვლად ქონებრივი ხასიათის სამართლებრივი ურთიერთობა უდევს, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის სარჩელი იქნა სასამართლოში წარდგენილი (აღიარებითი, მიკუთვნებითი თუ სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლისკენ მიმართული). ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობა არის ყველა ის ურთიერთობა, რომლის მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება ფულადი თანხით, ან ფულადი ღირებულების მქონე საგნების შენარჩუნება. არაქონებრივ-სამართლებრივი დავების გამიჯვნა ქონებრივ-სამართლებრივი დავებისაგან ხდება გამორიცხვის მეთოდით და მოიცავს ყველა იმ შემთხვევას, რომელიც ქონებრივ-სამართლებრივ დავას არ წარმოადგენს. არაქონებრივ-სამართლებრივია ყველა დავა, როდესაც საქმე ეხება მხოლოდ პირად ან მის სოციალურ გარემოსთან დაკავშირებულ უფლებებს ყოველგვარი ეკონომიკური სარჩულის გარეშე. მოცემული განმარტება შესაბამისობაშია მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკასთან (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება: #ას-1384-1306-2012; ას-476-452-2013).

მოცემულ შემთხვევაში მ.ა.-ს მოთხოვნას წარმოადგენს დადგინდეს 2016 წლის 01 ივნისიდან შპს ,,ე.კ..-ის’’ წინაშე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობა 01.06.2016წ. #XXXX/X ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, 01.06.2016წ. №XXXXX/X საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის შესახებ ხელშეკლრულებიდან, 01.06.2016წ. №XXXXX/X სესხის ხელშეკრულებიდან და 01.06.2016წ. №XXXXX/X სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე და ვალდებულების შესრულებისგან გათავისუფლება. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია დასახელებული ხელშეკრულებების საფუძველზე მისი ვალდებულებების არარსებობის აღიარებაზე, კერძოდ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გამსესხებლის მიმართ სესხის თანხის დაბრუნების ვალდებულების და ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გამყიდველისთვის ნასყიდობის ფასის გადახდის ვალდებულების არ არსებობის აღიარებისკენ. გამომდინარე იქიდან, რომ მ.ა.-ს სარჩელის აღძვრის მიზანს ხელშეკრულებიდან მართლზომიერად გასვლაზე მითითებით ფულადი ვალდებულების შესრულებისგან გათავისუფლება წარმოადგენს სააპელაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს აპელანტის მსჯელობას მსაზედ, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა არაქონებრივ-სამართლებრივია.

4.1.14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 თებერვლის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა ექსპერტების დაკითხვის თაობაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215.1-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე, შუამდგომლობას დააყენებს სასამართლო სხდომაზე. შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული; მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან.

ამავე კოდექსის 171.1-ე მუხლის თანახმად, მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ გაეცნონ ექსპერტის დასკვნას. მათივე თხოვნით ექსპერტის დასკვნა გამოქვეყნდება სასამართლო სხდომაზე. მხარეებს შეუძლიათ გამოთქვან თავიანთი მოსაზრება, ხოლო დასკვნის განმარტებისა და შევსების მიზნით ექსპერტს შეიძლება მიეცეს შეკითხვები. შუამდგომლობა ექსპერტების მოწვევის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებას, რომ დასკვნა საჭიროებს ექსპერტის მიერ მის განმარტებასა და შევსებას.

განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ ნასყიდობის საგანზე გამოვლენილი ნაკლის გათვალისწინებით (ძრავის გაუმართაობა) მისი არსებული სახით ექსპლოატაცია შეუძლებელია. ნიშანდობლივია აღინიშნოს ისიც, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ნივთზე ნაკლის გამოვლენის და ამ საფუძვლით მისი გამოყენების შეუძლებლობის ფაქტი სადავოდ არც მოპასუხე მხარეს გაუხდია, ეს უკანასკნელი სადავდ იმ გარემოებას ხდიდა, რომ ნასყიდობის საგანზე გარიგების დადების შემდეგ გამოვლენილ ნაკლზე პასუხისმგებლობა მას არ უნდა დაკისრებოდა. სააპელაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის, საიდანაც დგინდება, რომ ნასყიდობის საგნის ძრავის გაუმართაობის გამო მისი გამოყენება შეუძლებელია, სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ საქმეში წარმოდგენილი დასკვნის ირგვლივ დასკვნის განმარტების და შევსების მიზნით სასამართლო სხდომაზე ექსპერტის დაკითხვის საფუძველი არ არსებობდა. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

1. 5.1. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ე.კ.-ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. მ.ა.-ს, ლ.წ.-ს და ა.ჯ.-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი, მე-3, მე-6, მე-7, პუნქტების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

6. საპროცესო ხარჯები

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ.ა.-ს, ლ.წ.-ს და ა.ჯ.-ს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 150 ლარი. გათვალისწინებით იმისა, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით, მ.ა.-ს, ლ.წ.-ს და ა.ჯ.-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ, ექსპერტიზის ჩატარებისთვის გაწეული ხარჯის და საქმის განხილვის უზრუნველყოფის მიზნით გაწეული ხარჯის მოთხოვნის ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შპს ,,ე.კ..’’-სს მ.ა.-ს, ლ.წ.-ს და ა.ჯ.-ს სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 60 (დაკმაყოფილებული ნაწილი პროპორციულად) ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ აპელანტმა მხარემ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 3000 ლარის ოდენობით და სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯის სახით მოცემულ საქმეზე მინდობილობების, დავალების ხელშეკრულების, იურიდიული მომოსახურების ხელშეკრულების, ადვოკატის სახელზე შედგენილი განცხადების და სხვა დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებისათვის გაღებული სანოტარო ხარჯი - 70 ლარის ოდენობით, სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის, საქმის განხილვისას აპელანტებისა და მისი წარმომადგენლების სასამართლო სხდომაზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად, სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით გადაადგილების გამო ტრანსპორტირებაზე გაღებული ხარჯის - 100 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება, მტკიცებულებათა მოძიება-მოპოვებაზე გაღებული ხარჯების ანაზღაურება რაც აუცილებელი გახდა წერილობითი და სხვაგვარი მტკიცებულებების მისაღებად - 20 ლარის ოდენობით, საქმის განხილვის უზრუნველსაყოფად მეორე ინსტანციის სასამართლოში სარჩელის, წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისათვის - 70 ლარის, სააპელაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების, ასევე სხვა მტკიცებულებების ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯებისათვის - 40 ლარის, მათ აკინძვაზე გახარჯული ლითონის ამკინძვით შეკვრაზე გაღებული ხარჯებისათვის - 0.10 ლარის, საქმის მასალების სასამართლოში გადაგზავნისას საფოსტო კავშირისათვის გაღებული დანახარჯის - 60 ლარის, საფოსტო კავშირისას მასალების საფოსტო კონვერტით შესაფუთად გაწეული დანახარჯის - 10 ლარის, ასევე აპელანტების და მისი წარმომადგენლის სასამართლოში გამოცხადებისას, მათი გამოცხადების პერიოდში აუცილებელ კვებაზე გაწეული გაზრდილი დანახარჯების ანაზღაურება - 100 ლარის, სასამართლოში მოცდენილი (დაკარგული) დროის ანაზღაურება - 5 000 ლარის ოდენობით, საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების სააღსრულებო ორგანოში აღსრულების უზრუნველსაყოფად სააღსრულებო ხარჯის ანაზღაურება - 200 ლარის ოდენობით ანაზღაურების თაობაზე იშუამდგომლა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის თანახმად, მხარისთვის იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმა არ შეიძლება ემყარებოდეს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მას გაწეული ხარჯების თაობაზე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარეს წარმოდგენილი არ აქვს მტკიცებულება იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდის თაობაზე, სასამართლოს შეუძლია ივარაუდოს, რომ ამგვარი მომსახურება უფასო არ იქნებოდა, შესაბამისად მხარეს შეიძლება მიაკუთვნოს იურიდიული მომსახურების ხარჯებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება გონივრულობის ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მ.ა.-ს, ლ.წ.-ს და ა.ჯ.-ს მიერ არც სააპელაციო სასამართლოში არ ყოფილა ადვოკატის მომსახურების და სხვა სასამართლოს გარეშე ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუმცა, გათვალისწინებით იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას აპელანტები უზრუნველყოფილნი იყვნენ ადვოკატის მომსახურებით, ამასთან, საქმეში წარმოდგენილია აპელანტების წერილობითი განცხადებები, სააპელაციო შესაგებელი აკინძული სახით, საქმის მასალებით ირკვევა ასევე საფოსტო კავშირის გამოყენების ფაქტი, ამასთან, საქმეში წარმოდგენილია მ.ა.-ს და ა.ჯ.-ს მიერ ი.პ.-ს სახელზე სანოტარო წესით დამოწმებული რწმუნებულებები, საიდანაც ირკვევა, რომ თითოეული დოკუმენტის შედგენისთვის გადახდილია 13.80 ლარი სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტებს უნდა აუნაზღაურდეთ სანოტარო წესით დამოწმებული რწმუნებულების, დახარჯული ფურცლების, მათ ასაკინძად გაღებული ხარჯის, ასევე საფოსტო კონვერტის და მომსახურების საფასური 70 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება აპელანტების და მისი წარმომადგენლის სასამართლოში გამოცხადებისას, მათი გამოცხადების პერიოდში აუცილებელ კვებაზე გაწეულ ხარჯებს, სასამართლოში მოცდენილი (დაკარგული) დროის ანაზღაურებას, დავალების და იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების, ადვოკატის სახელზე შედგენილი განცხადების და სხვა დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებისათვის გაღებული სანოტარო ხარჯებს, ასევე სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით გადაადგილების გამო ტრანსპორტირებაზე გაღებული ხარჯს, მტკიცებულებათა მოძიება-მოპოვებაზე გაღებული ხარჯს და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად გასაწევ სააღსრულებო ხარჯს სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან შუამდგომლობის ავტორის მიერ საქმეში სსსკ-ია 102-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით წარმოდგენილი არ ყოფილა ხარჯის გაწევის ფაქტი, უფრო მეტიც, საქმის მასალებით არ დგინდება აპელანტების სასამართლოში გამოცხადების (ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ სასამართლო სხდომაზე ისინი ადვოკატით იყვნენ წარმოდგენილნი), დავალების და იურიდიული მომსახურების შესახებ წერილობითი დოკუმენტის, შედგენისა და მათი სანოტარო წესით დამოწმების ფაქტი, ადვოკატის სახელზე შედგენილი სხვა დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმების ფაქტი, საქმეში ახალი მტკიცებულებების წარმოდგენის ფაქტი. რაც შეეხება წარმომადგენლის მიერ სასამართლოში გამოცხადების მიზნით გაღებულ ხარჯს (ტრანსპორტირება, კვება) და სასამართლოში მოცდენილი (დაკარგული) დროის ანაზღაურების მოთხოვნას სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აღნიშნული ხარჯი ადვოკატის დახმარებისთვის გაწეულ ხარჯებში შედის და ცალკე ანაზღაურებას არ ექვემდებარება. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის მოთხოვნა 259,70 ლარის ნაწილში, ხოლო წინამდებარე გადაწყვეტილებით 400 ლარის ნაწილში დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს ,,ე.კ..-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. მ.ა.-ს, ლ.წ.-ს და ა.ჯ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.1. მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი, მე-3, მე-6, მე-7, პუნქტების შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

2.2. მ.ა.-ს დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდეს;
დადგინდეს 2016 წლის 01 ივნისიდან შპს ,,ე.კ..-ის’’ წინაშე მ.ა.-ს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობა 01.06.2016წ. #XXXX/X ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, 01.06.2016წ. №XXXXX/X საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის შესახებ ხელშეკლრულებიდან, 01.06.2016წ. №XXXXX/X სესხის ხელშეკრულებიდან და 01.06.2016წ. №XXXXX/X სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე.

2.3. მოსარჩელე მ.ა. გათავისუფლდეს 01.06.2016წ. #XXXX/X ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, 01.06.2016წ. №XXXXX/X საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის შესახებ ხელშეკლრულებიდან, 01.06.2016წ. №XXXXX/X სესხის ხელშეკრულებიდან და 01.06.2016წ. №XXXXX/X სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებისგან.

2.4. ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისთვის გაწეული ხარჯის ანგარიშში შპს ,,ე.კ.-ს’’ მ.ა.ს სასარგებლოდ დაეკისროს 300 ლარის გადახდა.

2.5. პირველ ინსტანციაში გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით შპს ,,ე.კ.-სს’’ მ.ა.-ს, ლ.წ.-ს და ა.ჯ.-ს სასარგებლოდ (სარჩელის, შესაგებლის წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლების ხარჯის; 2. შესაგებლის, შუამდგომლობების და თანდართული დოკუმენტების, ასევე სხვა მტკიცებულებების ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯების; 3. მათ აკინძვაზე გახარჯული ლითონის ამკინძვით შეკვრაზე გაღებული ხარჯის; 4. საქმის მასალების სასამართლოში გადაგზავნისას საფოსტო კავშირისთვის გაღებული დანახარჯის; 5. სასამართლოში მოპასუხის სხდომებზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად ტრანსპორტირებისთვის გაწეული ხარჯის) დაეკისროს 150 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში აპელანტებს უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

3. მ.ა.-ს, ლ.წ.-ს და ა.ჯ.-ს მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახ. ბაჟის ანგარიშში შპს ,,ე.კ..-ს’’ დაეკისროს 60 ლარის გადახდა.

4. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯის ანგარიშში შპს ,,ე.კ.-სს’’ მ.ა.-ს, ლ.წ.-ს და ა.ჯ-.ს სასარგებლოდ დაეკისროს 70 ლარის გადახდა.

5. იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანგარიშში შპს ,,ე.კ."-სს მ.ა.-ს, ლ.წ.-ს და ა.ჯ.-ს სასარგებლოდ დაეკისროს 400 ლარის გადახდა.

6. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.