ნახვები: 164
საქმის ნომერი: №2ბ/73-19
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ვანო წიკლაური,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
ინსტანციური ისტორია: 2ბ/73-19
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: შპს „ნ"-სა და შპს „ს.დ"-ს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „ნ"-ს უნდა შეესრულებინა გარკვეული სამუშაოები. მხარეთა შორის დამარებით დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, შპს „ნ"-მ შპს „ს.დ"-სგან იყიდა მასალა და გადაიხადა თანხის ნაწილი. გამყიდველის მოთხოვნის უზრურნველყოფის მიზნით დაიდო თავდებობის ხელშეკრულება. შპს „ს.დ"-მა სარჩელი შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მასალის ღირებულებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება. შპს „ს.დ"-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების ნაწილში. შპს „ნ"-მ აღძრა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული მასალის გამყიდველის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა. შპს „ნ"-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება შპს „ნ"-მ და თავდებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით, მოწინააღმეგე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და თავიანთი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა საქმისათვის მნიშნელობის მქონე გარემოებები და აპელანტთა სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №№2ბ/73-19 (2019-10-18), www.temida.ge
საქმის № № 330210016001424776
საქმის № №2ბ/73-19

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       18 ოქტომბერი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ვანო წიკლაური

აპელანტი - შპს ,,ნ.’’, გ.ო.
წარმომადგენელი - რ.მ.

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ს.დ.’’
წარმომადგენელი - ა.ჩ.

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შპს ,,ს.დ.’’ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ს.დ.“-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს „ნ.-ს“ და გ. ო.-ს შპს „ს.დ.“-ს სასარგებლოდ დაეკისრათ 7 369,6 ლარის ანაზღაურება. შპს „ს.დ.“-ს სარჩელი 22 129,39 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. შპს „ნ.-ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს „ს.დ.“-ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა 25.07 კუბ.მ 3 და 5 სმ-იანი ხის ფიცრები თანაბარი რაოდენობით და გადაეცა შპს „ნ.-ს“.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. შპს "ს.დ.“-სა (დამკვეთს) და შპს "ნ.-ს" (შემსრულებელს) შორის 2014 წლის 1 მაისს გაფორმდა "პროექტი ახალი დიღომის მეოთხე ეტაპზე ორსართულიანი დუპლექსის ბლოკი 25-ის მშენებლობის შესახებ“ ხელშეკრულება.

ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შპს "ნ.-ს” მიერ დამკვეთის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშოების განხორციელება წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობების დაცვით. სამშენებლო სამუშაოების შინაარსს შეადგენდა ორსართულიანი დუპლექსის (30 სახლი, ბლოკი 25) მშენებლობა.

ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, შემსრულებლის მიერ სამუშაოები უნდა დასრულებულიყო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერიდან არაუგვიანეს 2015 წლის 30 თებერვლისა.

ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება დადგინდებოდა შემსრულებლის მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით და არ აღემატებოდა 329 989,00 ლარს (დღგ-ის ჩათვლით).

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- 2014 წლის 1 მაისის "პროექტი ახალი დიღომის მეოთხე ეტაპზე ორსართულიანი დუპლექსის ბლოკი 25-ის მშენებლობის შესახებ“ ხელშეკრულება (ს.ფ. 21-27).

2.2. მხარეთა შორის არ არის სადავო, რომ შპს "ს.დ.“-სა და შპს "ნ.-ს" შორის 2015 წლის 9 სექტემბერს გაფორმდა შეთანხმება "პროექტი ახალი დიღომის მეოთხე ეტაპზე ორსართულიანი დუპლექსის ბლოკი 25-ის მშენებლობის შესახებ“ 2014 წლის პირველი მაისის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

ამ შეთანხმებით მხარეებმა დაადასტურეს, რომ "პროექტი ახალი დიღომის მეოთხე ეტაპზე ორსართულიანი დუპლექსის ბლოკი 25-ის მშენებლობის შესახებ“ 2014 წლის პირველი მაისის ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ნ.-მ“ შეასრულა 111 753,00 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) სამუშაოები და მიაწოდა დამკვეთს შესაბამისი მასალები.


შესრულებული სამუშაოების მოცულობა, სახეობა და ღირებულება განისაზღვრა შესრულებული სამუშაოების შესახებ შედგენილი ფორმა №2-ებითა და შესრულებული სამუშაოს შუალედური მიღება-ჩაბარების აქტებით.

მხარეები ამავე შეთანხმებით შეთანხმდნენ "პროექტი ახალი დიღომის მეოთხე ეტაპზე ორსართულიანი დუპლექსის ბლოკი 25-ის მშენებლობის შესახებ“ 2014 წლის პირველი მაისის ხელშეკრულების შეწყვეტაზე. მხარეებმა შეთანხმებაზე ხელმოწერით დაადასტურეს, რომ ერთმანეთის წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულება შესრულებულად ითვლებოდა.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს "ს. დ.“-ს წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (შპს "ს.დ.“-ს სარჩელი, ს.ფ. 9).
- შპს "ნ.-ს" წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (შპს „ნ.-ს“ შესაგებელი, ს.ფ.
142).
- 2015 წლის 9 სექტემბრის შეთანხმება "პროექტი ახალი დიღომის მეოთხე ეტაპზე ორსართულიანი დუპლექსის ბლოკი 25-ის მშენებლობის შესახებ“ 2014 წლის პირველი მაისის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ (ს.ფ. 127).

2.3. შპს "ს.დ.“-სა და შპს "ნ.-ს" შორის გაფორმდა ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულებები: 2015 წლის 12 ივნისს გაფორმდა ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს "ნ.-მ" შპს "ს.დ.“-საგან" შეიძინა 13.508 კუბ. მ. ხის მასალა, 5403.2 ლარის ღირებულების; 2015 წლის 10 ივლისის ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, შპს "ნ.-ს" გადაეცა 3 კუბ.მ. ხის მასალა, 1200 ლარის ღირებულების; 2015 წლის 3 აგვისტოს ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, შპს "ნ.-ს" გადაეცა 2.05 კუბ. მეტრი ხის მასალა, 820 ლარის ღირებულების; 2015 წლის 13 აგვისტოს ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, შპს "ნ.-ს" გადაეცა 2 კუბ.მ ხის მასალა, 800 ლარის ღირებულების; 2015 წლის 18 აგვისტოს შპს "ნ.-სა" და შპს "ს.დ.“- ს შორის გაფორმდა ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულება, შპს "ნ.-მ" შეიძინა 6.51 კუბ. მ. ხის მასალა. მასალის საერთო ღირებულებამ შეადგინა 2604 ლარი; 2015 წლის 31 აგვისტოს ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, შპს "ნ.-ს" გადაეცა 3.642 კუბ.მ ხის მასალა, 1456.8 ლარის ღირებულების; 2015 წლის 21 სექტემბრის ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, შპს "ნ.-ს" გადაეცა 1,714 კუბ.მ ხის მასალა, 685.6 ლარის ღირებულების; 2015 წლის 27 ოქტომბრის ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, შპს "ნ.-ს" გადაეცა 10.91 კუბ.მ ხის მასალა,
4364 ლარის ღირებულების; 2015 წლის 11 დეკემბრის ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით; შპს "ნ.-ს" გადაეცა 4.21 კუბ.მ ხის მასალა, 1684 ლარის ღირებულების.

ამავე ხელშეკრულებების საფუძველზე მხარეთა შორის გაფორმდა ხის მასალის მიღება- ჩაბარების აქტები.


შპს "ნ.-ს" და შპს "ს.დ."-ს მიერ გაფორმებული ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით, ხის მასალის ნასყიდობაზე მყიდველს ჯამურად გადასახდელი ჰქონდა 19 017.6 ლარი, აღნიშნული თანხიდან შპს "ნ.-მ" გადაიხადა მხოლოდ 11 648 ლარი. შპს "ნ.-ს" შესასრულებელი აქვს ფინანსური ვალდებულება 7 369,6 ლარის ოდენობით.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს "ს.დ.“-ს წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (შპს "ს.დ.“-ს სარჩელი, ს.ფ. 9).
- შპს "ნ.-ს" წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (შპს „ნ.-ს“ შესაგებელი, ს.ფ. 142).
- ნასყიდობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 56-91).
- საგადახდო დავალებები (ს.ფ. 92-96).

2.5. 2015 წლის 7 სექტემბერს შპს „ს.დ.“-სა და გ. ო.-ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, თავდებობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები მოიცავდა შპს „ს.დ.“-სა და შპს „ნ.-ს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ სხვა ნებისმიერ სახის დავალიანებას, პირგასამტეხლო/ჯარიმა და ნებისმიერ სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ასევე სასამართლოს, აღსრულებისა და ამგვარი მოთხოვნებიდან გამომდინარე ნებისმიერ სხვა ხარჯს. თავდებმა იკისრა ვალდებულება არა მხოლოდ თავდებობის ხელშეკრულების დადების დროისათვის არსებულ ვალდებულებებზე, არამედ იმ ვალდებულებებზეც რომელიც წარმოიშობა სამომავლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის.

თავდებობით უზრუნველყოფილი მოთხოვნების რაოდენობრივად განსაზღვრული თანხა შეადგენდა 30 000 ლარს.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 7 სექტემბრის თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 131).

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.6. არ დგინდება შპს „ნ.“-ს მიერ დამკვეთისათვის 22 129,39 ლარის ღირებულების მასალების დაუბრუნებლობის ფაქტი.

დადგენილია, რომ მხარეები იმყოფებოდნენ ნარდობის ვალდებულებით- სამართლებრივ ურთიერთობაში. დადგენილია, რომ 2015 წლის 9 სექტემბრს მხარეთა შორის შედგა შეთანხმება "პროექტი ახალი დიღომის მეოთხე ეტაპზე ორსართულიანი დუპლექსის ბლოკი 25-ის მშენებლობის შესახებ“ 2014 წლის პირველი მაისის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს, რომ ზემოაღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში შპს ,,ნ.“-მა შეასრულა 111 753, 00 ლარის სამუშაო/მიაწოდა შესაბამისი მასალები. მხარეებმა შეთანხმებაზე ხელმოწერით დაადასტურეს, რომ ერთმანეთის წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულება შესრულებულად ითვლებოდა. მხარეებმა ამ შეთანხმებით დაადასტურეს, რომ შესრულებული სამუშაოს სახეობა, მოცულობა და ღირებულება განისაზღვრებოდა თანდართული ხარჯთაღრიცხვით. შეთანხმების დანართს წარმოადგენს ხარჯთაღრიცხვა 111 758, 50 ლარზე.

2015 წლის 9 სექტემბრის შეთანხმებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვის თანახმად, შესრულებულ სამუშაოებში ჩაითვალა ყველა ის სამუშაო და მასალა, რასაც ეფუძნება მოსარჩელის მოთხოვნა 22 129,39 ლარის თაობაზე. კერძოდ: 675 კგ. "სარტყელის არმატურა", ღირებულება - 911.25 ლარი, 1265 კგ. გულარის არმატურა - 2366.14 ლარი, "ხის კიბის მოწყობა შესაბამისი მოაჯირებით" მოცულობით 11 ცალი, ღირებულება - 3575 ლარი და 2250 გრძ.მ "კაბელი", ღირებულება - 8100 ლარი, 1940 გრძ.მ "ცედე პროფილი", ღირებულება საერთო ჯამში - 3880 ლარი, "ხის კიბის მოწყობა’’ მოცულობით 9 ცალი, ღირებულება - 2925 ლარი.

შესაბამისად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ შპს „ნ.-ს“ მიერ აღნიშნული მასალები გამოყენებული იქნა სრულად და თავად მხარეების მიერ ჩაითვალა 111 758,50 ლარის ღირებულების შესრულებულ სამუშაოებში.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო, სსსკ 102-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით, მტკიცების ტვირთის რეალიზება და ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა მის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.7. შპს „ს.დ.-ს“ სარჩელთან მიმართებაში სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა ექვემდებარება ნარდობის ხელშეკრულებისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ მოწესრიგებას, სახელშეკრულებო სამართლის ზოგადი ნორმების საფუძველზე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსის უპირატესი გათვალისწინებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 646-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მენარდე პასუხს აგებს შემკვეთის მასალის არასწორი გამოყენებისათვის. მენარდე მოვალეა წარუდგინოს შემკვეთს მასალის ხარჯვის ანგარიში და დაუბრუნოს მას დარჩენილი მასალა.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე შპს „ს.დ.“ მიუთითებს, რომ მენარდის მიერ არ დაბრუნებულა მასალები, რომლის ღირებულება მოსარჩელის მიერ განსაზღვრულია 22 129,39 ლარით. სასამართლომ მიუთითა, რომ 2015 წლის 9 სექტემბერს მხარეთა შორის შედგა შეთანხმება "პროექტი ახალი დიღომის მეოთხე ეტაპზე ორსართულიანი დუპლექსის ბლოკი 25-ის მშენებლობის შესახებ“ 2014 წლის პირველი მაისის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს, რომ ზემოაღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში შპს ,,ნ.-მ’’ შეასრულა 111 753,00 ლარის სამუშაო/მიაწოდა შესაბამისი მასალები. მხარეებმა შეთანხმებაზე ხელმოწერით დაადასტურეს, რომ ერთმანეთის წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულება შესრულებულად ითვლებოდა. მხარეებმა ამ შეთანხმებით დაადასტურეს, რომ შესრულებული სამუშაოს სახეობა, მოცულობა და ღირებულება განისაზღვრებოდა თანდართული ხარჯთაღრიცხვით. შეთანხმების დანართს წარმოადგენს ხარჯთაღრიცხვა 111 758, 50 ლარზე, სადაც ასახულია ყველა ის მასალა რასაც სარჩელში უთითებს მოსარჩელე. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მენარდის პასუხისმგებლობის საფუძველი სახეზე არ არის.

2.8. რაც შეეხება შპს „ს.დ.’’-ს მოთხოვნას ხის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივად მავალდებულებელი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ნასყიდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა სადავო არ არის. დადგენილია, რომ შპს "ნ.-ს" და შპს "ს.დ."-ს მიერ გაფორმებული ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით, ხის მასალის ნასყიდობაზე მყიდველს ჯამურად გადასახდელი ჰქონდა 19 017.6 ლარი, აღნიშნული თანხიდან შპს "ნ.-მ" გადაიხადა მხოლოდ 11 648 ლარი. შპს "ნ.-ს" შესასრულებელი აქვს ფინანსური ვალდებულება 7 369,6 ლარის ოდენობით.

შესაბამისად, გამყიდველის მოთხოვნა შეესაბამება სსკ 477-ე მუხლის დანაწესს - მყიდველის მიერ შეთანხმებული ფასის გადახდის ვალდებულების თაობაზე.


საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ან უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. სამოქალაქო კოდექსის 898- ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 7 სექტემბერს შპს „ს.დ.“-სა და გ. ო.-ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, თავდებობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები მოიცავდა შპს „ს.დ.“-სა და შპს „ნ.-ს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ სხვა ნებისმიერ სახის დავალიანებას, პირგასამტეხლო/ჯარიმა და ნებისმიერ სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. შესაბამისად, მოთხოვნა სოლიდარული პასუხისმგებლობის თაობაზე საფუძვლიანია.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

3.1. აპელანტები არ იზიარებენ სასამართლოს დასკვნას მოსარჩელის სასარგებლოდ მათთვის თანხის დაკისრების შესახებ და განმარტავენ, რომ 2015 წელს შპს ,,ნ.-ს’’ და შპს ,,ს.დ.-ს’’ შორის ხის ნასყიდობის შესახებ არაერთი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელს შპს ,,ნ.-სთვის’’ 47.5 კუბ. მეტრი ხის მასალა უნდა გადაეცა. აპელანტის განმარტებით შპს ,,ს.დ.ს’’ სასარგებლოდ გადახდილი აქვს 29,12 კუბ. მეტრი ხის მასალის ღირებულება ჯამში 11 648 ლარის ოდენობით, თუმცა გამყიდველს მისთვის არ გადაუცია გადახდილი თანხის ღირებულების ხის მასალა, აღნიშნულის გათვალისწინებით, სარჩელით სწორედ 11 648 ლარის ღირებულების ხის მასალის გამოთხოვა მოითხოვა შპს ,,ს.დ.-ს’’ უკანონო მფლობელობიდან. აპელანტის აზრით იმ პიროებში, როდესაც მას გადახდილი აქვს 11648 ლარი, ამასთან გამყიდველის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელით სწორედ გადახდილი ღირებულების ხის მასალის გამოთხოვა მოითხოვა შპს ,,ს.დ.-ს’’ უკანონო მფლობელობიდან სასამართლოს ამ უკანასკნელის მოთხოვნა დამატებით 7 369.6 ლარის დაკისრების შესახებ არ უნდა დაეკმაყოფილებინა.

3.2. აპელანტები პრეტენზიას აცხადებენ შპს ,,ნ.-სთან’’ ერთად გ.ო.სთვის შპს ,,ს.დ.-ს’’ სასარგებლოდ თანხის დაკისრებაზე და განმარტავენ, რომ ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გ.ო.-ს შპს ,,ნ.-ს“-თან ერთად სოლიდარული შესრულების ვალდებულება არ უკისრია.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

სააპელაციო პალატა აქვე შენიშანვს, რომ რამდენადაც დავის საგნის ღირებულება (დავის საგნის ღირებულება - 7 369,6 ლარს) მოცემულ შემთხვევაში არ აჭარბებს 20 000 ლარს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე დავა განხილული იქნა ერთპიროვნულად.

4.1 ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

4.1.1. სააპელაციო პალატა პირველ რიგში შენიშნავს, რომ თბილისის საქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ შპს „ნ.-ს“ და გ.ო.-ს სააპელაციო საჩივრით, რომლის ფარგლებშიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება უნდა შემოწმდეს მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილებულია შპს „ს.დ.-ს“ სარჩელი და შპს ნ.სათვის და გ.ო.სათვის სოლიდარულად ნასყიდობის ურთიერთობიდან გამომდინარე დაკისრებულია დავალიანების - 7 369,6 ლარის გადახდა (გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი და მე-2, ასევე მე-6 პუნქტები, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება არ არის გასაჩივრებული).

4.1.2. გასაჩივრებულ ნაწილში სააპელაციო პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და საბოლოო დასკვნას მოპასუხეებისათვის შპს ნ.-სათვის და გ.ო-.სათვის, ხის მასალის ღირებულების სახით 7 369,39 ლარის დაკისრების თაობაზე (რაც ასახულია გასაჩივრებული გადაწყვეტიელბის 6.2 პუნქტში).

4.1.2.1. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია და სადავოდ არ ხდება რომ:

- 2014 წლის 01 მაისს ერთი მხრივ შპს ,,ს.დ.-ს’’ და მეორე მხრივ შპს ,,ნ.-ს’’ შორის პროექტ ახალი დიღომის მეოთხე ეტაპზე ორსართულიანი დუპლექსის ბლოკი 25-29-ის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებები გაფორმდა, რომლის საგანსაც შპს ,,ს.დ.-ს’’ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შპს ,,ნ.-ს’’ მიერ სამშენებლო სამუშაოების წარმოება წარმოადგენდა, რომელიც 25-29 ბლოკებში ორსართულიანი დუპლექსის’’ ტიპის სახლების მშენებლობას მოიცავდა. (ტ.1.ს.ფ. 21-27)
- 2014 წლის 19 სექტემბერს ერთი მხრივ შპს ,,ს.დ.’’ და მეორე მხრივ შპს ,,ნ.-ს’’ შორის ხის მასალის გაცემის თაობაზე შეთანხმება გაფორმდა. აღნიშნული შეთანხმებით მხარეებმა დაადასტურეს რა მათ შორის 2014 წლის 01 მაისს პროექტ ახალი დიღომის ბლოკი 25, 26, 27, 28 და 29 მშენებლობის შესახებ ხელშერულების დადების ფაქტი, შეთანხმდენენ, რომ შპს ,,ს.დ.’’ მისი მარაგის (ხის მასალა) ფარგლებში შპს ,,ნ.-ს’’ მიაწვდიდა ხის მასალას, ეს უკანასკნელი კი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაობს დამკვეთის მიერ მიწოდებული მასალით შეასრულებდა. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ დამკვეთის მასალის რესურსი საკმარისი არ აღმოჩნდებოდა შპს ,,ნ.-ს’’ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სამუშაოები ამ უკანასკნელის მიერ შეძენილი მასალით დასრულდებოდა. (ტ.1.ს.ფ. 296-297)
- 2015 წლის 09 სექტემბერს ერთი მხრივ ,,ს.დ.-ს’’ და მეორე მხრივ შპს ,,ნ.-ს’’ შორის პროექტ ახალი დიღომის მეოთხე ეტაპზე ორსართულიანი დუპლექსის ბლოკი 25-ის მშენებლობლობის შესახებ 2014 წლის 01 მაისის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომლითაც 25-ე ბლოკის მშენებლობის ფარგლებში დადასტურებული იქნა შპს ,,ნ.ს’’ მიერ 111 753,00 ლარის სამუშაოების შესრულების და დამკვეთისთვის შესაბამისი მასალების მიწოდების ფაქტი. (ტ.1.ს.ფ. 127)

- 2015 წლის 12 ივნისს, 2015 წლის 10 ივლისს, 2015 წლის 03 აგვისტოს, 2015 წლის 13 აგვისტოს, 2015 წლის 18 აგვისტოს, 2015 წლის 31 აგვისტოს, 2015 წლის 21 სექტემბერს, 2015 წლის 27 ოქტომბერს და 2015 წლის 11 დეკემბერს ერთი მხრივ შპს ,,ნ.-ს’’ და მეორე მხრივ შპს ,,ს.დ.-ს’’ შორის ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმდა. 2015 წლის 12 ივნისის ხელშეკრულებით შპს "ნ.-მ" შპს "ს.დ.-საგან’’ შეიძინა 5403.2 ლარის ღირებულების 13.508 კუბ. მ. ხის მასალა; 2015 წლის 10 ივლისის ხელშეკრულებით 1200 ლარის ღირებულების 3 კუბ.მ. ხის მასალა; 2015 წლის 3 აგვისტოს ხელშეკრულების 820 ლარის ღირებულების 2.05 კუბ. მეტრი ხის მასალა; 2015 წლის 13 აგვისტოს ხელშეკრულების 800 ლარის ღირებულების 2 კუბ.მ ხის მასალა; 2015 წლის 18 აგვისტოს 2604 ლაროს ღირებულების 6.51 კუბ. მ. ხის მასალა.; 2015 წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულებით 1456,8 ლარის ღირებულების 3.642 კუბ.მ ხის მასალა; 2015 წლის 21 სექტემბრის ხელშეკრულებით 685,6 ლარის ღირებულების 1,714 კუბ.მ ხის მასალა; 2015 წლის 27 ოქტომბრის ხელშეკრულებით 4364 ლარის ღირებულების 10.91 კუბ.მ ხის მასალა; 2015 წლის 11 დეკემბრის ხელშეკრულებით 1684 ლარის ღირებულების 4.21 კუბ.მ ხის მასალა. თითოეული ხელშეკრულების საფუძველზე მასში მითითებულ ნასყიდობის საგანზე მხარეებს შორის გაფორმდა ხის მასალის მიღება-ჩაბარების აქტები.

ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე შპს ,,ს.დ.-ს’’ შპს ,,ნ.-სთვის’’ ჯამში 47,54 კუბ. მეტრი ხის მასალა უნდა მიეწოდებინა, რისთვისაც ამ უკანასკნელს შპს ,,ს.დ.-ს’’ სასარგებლოდ 19 017,6 ლარი უნდა გადაეხადა.
- შპს ,,ნ.-ს’’ შპს ,,ს.დ.-ს’’ სასარგებლოდ გადადილი აქვს 29. 12 კუბ. მეტრი ხის მასალის ღირებულება 11 648,00 ლარის ოდენობით (სააპელაციო პალატა ხაზგასმით შენიშნავს,რომ ამ ფაქტობრივ მოცემულობას ორივე მხარე ადასტურებს)

- განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ ხდება, რომ 2015 წლის 03 აგვისტოს და 2015 წლის 13 აგვისტოს ხის ნასყიდობის ხელშეკრულებების საგანი, ჯამში 4,05 კუბ. მეტრი ხის მასალა 26-ე ბლოკის მშენებლობაზე გაიხარჯა. ნიშანდობლივია ისიც, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შპს ,,ს.დ.-ს’’ უკანონო მფლობელობიდან 25.07 კუბ. მეტრი ხის მასალის გამოთხოვის და მისი შპს ,,ნ.-სთვის’’ გადაცემის ნაწილში სააპელაციო წესით გასაჩივრებული არ არის და ამ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

4.1.2.2. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, აგრეთვე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავს მოპასუხეებისათვის შპს „ნ.-სათვის“ და შესაბამისად გ.ო.სათვის შპს „ს.დ.-ს“ სასარგებლოდ 7 369,39 ლარის დაკისრების ფაქტობრივ საფუძველს. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ თანხის დაკისრება მოპასუხეებისათვის მართებული და საფუძვლიანი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურდებოდა ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ შპს „ს.დ.-მ“, როგორც გამყიდველმა შეასრულა თავისი ვალდებულება შპს "ნ.-ს", როგორც მყიდველის მიმართ და მას გადასცა ცხრავე ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ჯამში 47,54 კუბ. მეტრი ხის მასალა, რომლის მთლიანი ღირებულებაც შეადგენს 19 017,6 ლარს (საიდანაც ასევე უდავოა, რომ მყიდველს გადახდილი აქვს 29,12 კუბ.მ. ხის მასალის ღირებულება - 11648 ლარი). ფაქტია, რომ ამ ოდენობით ხის მასალა გამყიდველს (შპს "ს.დ.-ს") მყიდველისათვის შპს "ნ.-სათვის" არ გადაუცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამყიდველს არ დაეკისრებოდა მყიდველისათვის 25,07 კუბ.მ. ხის მასალის გადაცემის ვალდებულება, რა ნაწილშიც, როგორც უკვე აღინიშნა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. საკითხის სწორი შეფასებისათვის და გასაჩივრებულ ნაწილში სწორი გადაწყვეტილების მიღებისათვის, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გამოკვლეული უნდა იქნეს ფაქტობრივი გაერმოება მასზედ, თუ რა ოდენობით განახორციელა გამყიდველმა (შპს "ს.დ.-მ") ხის მასალის მიწოდება შპს "ნ.-სათვის", რომელსაც უდავოა რომ ხის მასალის შესაძენად გადახდილი აქვს გამყიდველისათვის 29,12 კუბ.მ. ხის მასალის ღირებულება - 11648 ლარი (ერთი კუბ.მ მასალის ღირებულება შეადგენს 400 ლარს.). უდავოა, რომ 47,54 კუბ.მ. ხის მასალიდან 4.05 კუბ. ხის მასალა შპს "ნ.-ს" გადაცემული აქვს. ასევე გასაჩივრებული გადაწყვეტიელბის კანონიერ ძალაში შესული ნაწილით, გამყიდველს დაკისრებული აქვს მყიდველისათვის კიდევ 25.07 კუბ.მ. ხის მასალის გადაცემა. შესაბამსიად გამოსაკვლევია - დარჩენილი (47,54 – 29.12 =18,37) 18,37 კუბ.მ. ხის მასალა, რომლის ღირებულების დაკისრებასაც მოითხოვს შპს "ს.დ.", გადაცემული აქვს თუ არა და შესაბამისად წარმოშობილი აქვს თუ არა შპს "ნ.-ს" როგორც მყიდველს ამ ოდენობის ხის მასალის ღირებულების - 7369,6 ლარის გადახდის ვალდებულება.

4.1.2.3. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარე (შპს ,,ს.დ.’’) 2015 წლის 03 აგვისტოს და 2015 წლის 13 აგვისტოს ხელშეკრულებების საგნის - 4.05 კუბ. მეტრი ხის მასალის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით გათვალისწინებული 25.07 კუბ. მეტრი ხის მასალის გარდა (რაც ჯამში შეადგენს 29,12 კუბ.მეტრ. ხის მასალას, რომლის ღირებულებაც - 11 648 ლარი უდავაოა, რომ გადახდილი აქვს შპს ნ.-ს), შპს ,,ნ.-სთვის’’ დამატებით 18.38 კუბ. მეტრი ხის მასალის გადაცემის დასადასტურებლად ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტებზე და იმ გარემოებაზე უთითებს, რომ შპს ,,ნ.-ს’’ ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე შეძენილი მასალა 2014 წლის 01 მაისს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოებისთვის უნდა გამოეყენებინა. მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებით იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,ნ.-ს’’ მიერ შესრულებულია ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დიდი ნაწილი, არსებობს პრეზუმფცია, რომ მას სადავო ხის მასალა გადაეცა.

სააპელაციო პალატა არ იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის ზემოაღნიშნულ მსჯელობას და ამ მიმართებით ყურადღებას მიაპყრობს მხარეებს შორის 2014 წლის 19 სექტემბერს გაფორმებულ შეთანხმებაზე, რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს რა, მათ შორის არსებული ნარდობით სამართლებრივი ურთიერთობის ფაქტი, შეთანხმდნენ, რომ შპს ,,ნ.’’ სამუშაოებს დამკვეთის მიერ მიწოდებული ხის მასალით უზრუნველყოფდა. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ შპს ,,ს.დ.-ს’’ ხის მასალის მარაგი საკმარისი არ აღმოჩნდებოდა სამუშაოების დასასრულებლად, ამისთვის საჭირო რაოდენობის მასალას თავად შემსრულებელი შეიძენდა. ნიშანდობლივია აღინიშნოს ისიც, რომ ამ შეთანხმების გაფორმების შემდეგ მხარეებს შორის ხის მასალის ნასყიდობის შესახებ ცხრა ხელშეკრულება გაფორმდა, საიდანაც მხარეებმა მხოლოდ ორ მათგანში, 2015 წლის 03 აგვისტოს და 2015 წლის 13 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებაში მიუთითეს მასზედ, რომ ნასყიდობის საგანი, ორივე ხელშეკრულების ფარგლებში ჯამში 4.05 კუბ. მეტრი ხის მასალა შემსრულებელს (შპს ,,ნ.’’) 26-ე კორპუსის სახურავის სამხრეთ ნაწილის შესაფიცრად უნდა გამოეყენებინა. ამრიგად, სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარის მსჯელობას მასზედ, რომ აპელანტს ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულებების საგანი მხარეებს შორის ამ ხელშეკრულებების გაფორმებამდე დადებული ნარდობის ხელშეკრულებით (01.05.2014წ.) ნაკისრი ვალდებულების შესრულებისთვის უნდა გამოეყენებინა. საწინაღმდეგო დაშვების შემთხვევაში გაუგებარია ნარდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ და ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმებამდე რატომ გაფორმდა მხარეებს შორის სპეციალური შეთანხმება დამკვეთის ხის მასალის მარაგით სამუშაოების შესრულების და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში (მარაგის არყოფნის) შემსრულებლის მიერ შეძენილი მასალით სამუშაოების შესრულების შესახებ, ამასთან, ცხრა ხელშეკრულებიდან მხოლოდ და მხოლოდ ორ ხელშეკრულებში სპეციალურად რატომ მიეთითა ნასყიდობის საგნის კონკრეტული მიზნობრიობით გამოყენების შესახებ, თუკი ასეთი წესი მხარეებს შორის ისედაც არსებობდა.

რაც შეეხება ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე მხარეებს შორის გაფორმებულ ხის მასალის ნასყიდობის მიღება-ჩაბარების აქტებს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული დოკუმენტებით ნასყიდობის საგანზე - სადავო 18.37 კუბ. მეტრი ხის მასალის შემძენისთვის გადაცემის ფაქტი არ დასტურდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო უპირველეს ყოვლისა ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებს, რომ მხარეების მიერ მათ შორის გაფორმებულ ცხრავე ნასყიდობის ხელშეკრულების საგანზე გარიგების დადების დღესვე ხის მასალის მიღება-ჩაბარების აქტები გაფორმდა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულებებზე გარიგების გაფორმებისთანავე მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებისა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით დადასტურებულად არის მიჩნეული რა, რომ შემძენს ნასყიდობის საგნის ნაწილი 25.07 კუბ. მეტრი ხის მასალა (ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ შპს "ნ." უკანონო მფლობელობიდან 29.12 კუბ. მეტრი ხის მასალის გამოთხოვას მოითხოვდა (03.08.2015წ და 13.08.2015წ. ხელშეკრულების საგანი 4.05 კუბ. მეტრი ხის მასალა + 25.07 კუბ. მეტრი) არ გადასცემია, დადგენილია გამყიდველის უკანონო მფლობელობიდან 25.07 კუბ. მეტრი ხის მასალის გამოთხოვა და შემძენისთვის მისი გადაცემა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ შპს ,,ნ.-ს’’ სარჩელის წინააღმდეგ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში თავად შპს ,,ს.დ.-ს’’ მიერ დადასტურებულია ფაქტი მასზედ, რომ ნასყიდობის საგანი - ხის მასალა დასაწყობებული იყო რა, შპს ,,ს.დ.-ს’’ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ამავდროულად შპს ,,ნ.-ს’’ სამშენებლო მოედანსაც წარმოადგენდა და სწორედ ამ სამშენებლო მოედანზე ხდებოდა ნასყიდობის საგნის ხის მასალის შპს ,,ნ.-სთვის’’ მიწოდება, ნასყიდობის საგნის შპს ,,ნ.-სთვის’’ მიწოდების მიზნით მისი ტრანსპორტირება არ განხორციელებულა, რადგან ეს უკანასკნელი ნასყიდობის საგანს მშენებლობის მიზნით ადგილზე იყენებდა (იხ. შესაგებელი, ტ. 2. ს.ფ. 74-96).

განსახილველ შემთხვევაში წინამდებარე გადაწყვეტილებით დადასტურებულად მიჩნეული გარემოებების, კერძოდ იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ: 1. შპს ,,ნ.-სთვის’’ ნასყიდობის საგნის მიწოდება შპს ,,ს.დ.-ს’’ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხდებოდა და მის სასარგებლოდ ტრანსპორტირება არ განხორციელებულა, 2. მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით შპს ,,ნ.-ს’’ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, როგორც წესი დამკვეთის მიერ მიწოდებული ხის მასალით უნდა შეესრულებინა, 3. 2014 წლის 19 სექტემბერს შეთანხმების შემდეგ მხარეებს შორის გაფორმებული ცხრა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან მხოლოდ ორ მათგანშია მითითებული შეძენილი ხის მასალებით, ჯამში 4.05 კუბ.მ. მასალით ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების (26-ე კორპუსის ჭერის შეფიცვრა) შესრულების შესახებ, 4. შპს ,,ნ.-ს’’ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, რომლითაც ის შპს ,,ს.დ.-ს’’ უკანონო მფლობელობიდან 29.12 კუბ. მეტრი ხის მასალის გამოთხოვას და მისთვის გადაცემას მოითხოვდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით 2015 წლის 03 აგვისტოს და 2015 წლის 13 აგვისტოს ხელშეკრულებებით განკარგული 4.05 კუბ. მეტრი ხის მასალის გარდა, მხარეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილია მხოლოდ 25.07 კუბ. მეტრი ხის მასალის შპს ,,ს.დ.-ს’’ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და შპს ,,ნ.-სთვის’’ გადაცემა, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე შპს ,,ს.დ.-ს’’ მიერ შპს ,,ნ.-სთვის’’ 25.07 კუბ. მეტრი და 4.05 კუბ. მეტრი ხის მასალის გარდა, დამატებით 18.38 კუბ. მეტრი ხის მასალის გადაცემა არ დასტურდება, აღნიშნული კი შპს ,,ნ.-სთვის’’ შპს ,,ს.დ.-ს’’ სასარგებლოდ სადავო თანხის 7 369,6 ლარის დაკისრებას გამორიცხავს.



4.1.3. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა იმაში გამოიხატება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ იმ პირობებში, როდესაც თავადვე დადგინა, რომ გამყიდველს (შპს ს.დ.) თავის მხრივ არ ჰქონდა შესრულებული სრულად მყიდველისათვის (შპს ნ.-სათვის) გაყიდული ხის მასალის - 47,54 კუბ.მ. მასალის გადაცემის ვალდებულება, ფაქტობრივად მყიდველს დააკისრა გამყიდველის მიერ მყიდველისათვის არ გადაცემული 18,37 კუბ.მ. ხის მასალის ღირებულება - 7 369,39 ლარის ოდენობით.

სააპელაციო პალატა ზემო პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და მსჯელობის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ შპს ,,ნ.-ს’’ შპს ,,ს.დ.-ს’’ მიმართ მათ შორის გაფორმებული ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე 7 369,6 ლარის ანაზღაურების ვალდებულება არ გააჩნია, რამდენადაც მისთვის გამყიდველის (შპს "ს.დ.-ს") მიერ არ ყოფილა გადაცემული 18,37 კუბ.მ. ხის მასალა. აღნიშნული კი საფუძველს აცლის 18,37 კუბ.მ. ხის მასალის ღირებულების - 7 369,39 ლარის შპს "ნ.-სათვის" დაკისრების შესახებ შპს "ს.დ.-ს" სასარჩელო მოთხოვნას და მოცემულ შემთხვევაში შპს "ს.დ." სკ-ის 477-ე მუხლის მე-2 ნაწლის საფუძველზე არ არის უფლებამოსილი მოპასუხეებისაგან მოითხოვოს იმ 18,37 კუბ.მ. ხის მასალის ღირებულების - 7 369,39 ლარის ანაზღაურება, რომელიც არ გადაუცია შპს "ნ.-სათვის". შესაბამისად, საკმარისი ფაქტობრივი საფუძვლის არარსებობის გამო სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს;

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

5.1. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღების და შპს ,,ს.დ.’’ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს ,,ნ.-ს’’ მიერ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 295 ლარი. გათვალისწინებით იმისა, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შპს ,,ს.დ.-ს’’ შპს ,,ნ.-ს’’ სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 295 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს. ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,ს.დ.-ს’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მასზე გადახდილი სახ. ბაჟი მოსარჩელისათვის უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს ,,ნ.-ს’’ და გ.ო.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში (გადაწყვეტილების პირველი, მეორე და მეექვსე პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს ,,ს.დ.-ს’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. შპს ,,ნ.-სთვის’’ და გ.ო.-სთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 7369.6 ლარის დაკისრების შესახებ შპს ,,ს.დ.-ს’’ სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმყოფილდეს;
5. შპს ,,ს.დ.-ს’’ მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟ მისთვის ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
6. სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში შპს ,,ს.დ.-ს’’ შპს ,,ნ.-ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 295 ლარის გადახდა.
7. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.