ნახვები: 72
საქმის ნომერი: ას-211-2020
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: საქართველოს უზენაესი სასამართლო
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე(თავმჯდომარე), ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: არ ექვემდებარება გასაჩივრებას, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: განმცხადებელი და დაინტერესებული პირი დავობდნენ იმაზე, თუ ვინ უნდა ყოფილი მხარდამჭერი. დადგინდა, რომ განმცხადებელი 2005 წლიდან პირნათლად ასრულდებდა მხარდაჭერის მიმღების მეურვეობას, აქვს კარგი ურთიერთობა მხარდამჭერის მიმღებთან, რომელიც აცხადებდა, რომ თავს უსაფრთხოდ გრძნობს, ბედნიერი და უზრუნველია განმცხადებლის ოჯახში. აღნიშნულის საპირისპიროდ დაინტერესებული პირის მიმართ მხარდაჭერის მიმღებმა გამოხატა ნეგატიური დამოკიდებულება. განმცხადებელი ცნობილ იქნა მხარდამჭერად. კასაცია დაუშვებლად იქნა ცნობილი.
ციტირებისთვის: საქართველოს უზენაესი სასამართლო, განჩინება, საქმე №ას-211-2020 (2020-07-21), www.temida.ge
საქმის № ას-211-2020

განჩინება
საქართველოს სახელით
       21 ივლისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე:
თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე,

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - მ.ო-ი (დაინტერესებული პირი)

მოწინააღმდეგე მხარე - ჯ.ტ-ი (განმცხადებელი)

მხარდაჭერის მიმღებად საცნობი პირი - ქ.მ-ი

დაინტერესებული პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების სერვის ცენტრი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.11.2019წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით მხარდამჭერად მ.ო-ის დანიშვნა

მოთხოვნის არსი - პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, მხარდამჭერი პირის განსაზღვრა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. განმცხადებლის მოთხოვნა:


ჯ.ტ-მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „განმცხადებელი,“ „მხარდამჭერი“) განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ქ.მ-ი ცნობილ იქნეს მხარდაჭერის მიმღებად და იგი დაინიშნოს მის მხარდამჭერად განცხადებაში მითითებულ სფეროებში.

2. მოთხოვნის არსი:

ქ.მ-ს მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის გამო არ შესწევს უნარი დაიცვას საკუთარი უფლებები, განმცხადებელი მისი ოჯახის წევრია, იგი 23.08.2005წ. გადაწყვეტილებით დაინიშნა მეურვედ და ამ დროის შემდეგ პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას.

3. მხარდამჭერად ცნობის მოთხოვნით სასამართლოში განცხადება წარადგინა ასევე მ.ო-მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „დაინტერესებული პირი“, „კასატორი“).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.04.2019წ. გადაწყვეტილებით განცხადება დაკმაყოფილდა. ქ.მ-ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მხარდაჭერის მიმღები“) ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში:

- ნებისმიერი სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის, მათ შორის, საანაბრე-სადეპოზიტო ანგარიშზე დაგროვილი თანხის) დანიშვნა, აღდგენა, მიღება და განკარგვა, ამ მიზნით ნებისმიერ სახელმწიფო და კერძო, მათ შორის საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობა;

- მკურნალობაზე/რეაბილიტაციაზე თანხმობის გამოხატვა;

- მედიკამენტების შეძენა, მიღება (მათ შორის, სპეციალიზირებული სააფთიაქო დაწესებულებებში);

- სსსკ-ის 98-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური უფლებებით სასამართლოში წარმომადგენლობა, ადვოკატისათვის უფლებამოსილების მინიჭება;

- მხარდაჭერის მიმღები პირის კუთვნილი უძრავი ქონების მართვა (გასხვისების/უფლებრივად დატვირთვის გარეშე).

განმცხადებელი დაინიშნა მხარდამჭერად ზემოთ აღნიშნულ სფეროებში და მიენიჭა უფლებამოსილება განახორციელოს მისთვის, როგორც მხარდამჭერისათვის მინიჭებული უფლებები, მხარდასაჭერი პირისათვის შესაბამისი ნების გამოხატვაში დახმარების გზით. მხარდაჭერის ვადა (მისი გადასინჯვის პერიოდულობა) განისაზღვრა 5 (ხუთი) წლით.

4.1. მხარდაჭერის მიმღებს აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივ/ინტელექტუალური) დარღვევები.

4.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 10.12.2018წ. დასკვნის საფუძველზე დადგენილია, რომ მხარდაჭერის მიმღებს აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივ/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. მისი მოქმედებები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მნიშვნელოვნად. მისი სოციალური ადაპტაციის ხარისხი მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული. მხარდაჭერის მიმღების მდგომარეობის გაუმჯობესება-გაუარესების შესაძლებლობა მინიმალურია, პრაქტიკულად არ არის მოსალოდნელი. მას ესაჭიროება მხარდამჭერი ნებისმიერი სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის, საარსებო შემწეობის) დანიშვნის/აღდგენის/მიღების განკარგვის მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის სფეროში, ამავე მიზნით საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობის სფეროში; მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის სფეროში; მედიკამენტების (მათ შორის რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების) მიღებისა და შეძენის სფეროში, სასამართლოში დავის წარმოების და მოძრავ/უძრავი ქონების განკარგვის სფეროში, ასევე უფლებათა და მოვალეობათა სხვა სფეროებში, რომელთაც განსაზღვრავს სასამართლო. დასკვნის მიხედვით, მხარდაჭერის მიმღებს შეუძლია განახორციელოს სხვადასხვა უფლებები და გამოხატოს შესაბამისი ნება მხარდამჭერის დახმარებით თვითონ.

4.3. განმცხადებელი წარმოადგენს მხარდაჭერის მიმღების ახლო ნათესავს. იგი 23.08.2005წ.-დან დანიშნულია მხარდაჭერის მიმღების მეურვედ. განმცხადებელს მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ან შესრულებისაგან თავის არიდების გამო არ ჰქონია ჩამორთმეული ან შეზღუდული მშობლის უფლება-მოვალეობები, არც მეურვისა და მზრუნველის მოვალეობისაგან არ ყოფილა გათავისუფლებული. იგი არის პრაქტიკულად ჯანმრთელი, არ იმყოფება შპს "ფ.ჯ. და ნ.პ.ც-ის" ფსიქიატრიულ-ამბულატორიულ აღრიცხვაზე, არ არის ნასამართლევი, ძებნაში არ იმყოფება, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტის ან მათდამი დამოკიდებულების გამო, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არ იმყოფება.

4.4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელდა მეურვის მოვალეობებისაგან განმცხადებლის გათავისუფლების შესახებ წარდგენილი კასატორის საჩივრის განხილვა, თუმცა მეურვის მოვალეობებისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.

4.5. 16.04.2019წ. სასამართლო სხდომაზე სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს წარმომადგენელი და მხარდაჭერის მიმღებად საცნობის პირის ადვოკატი დაეთანხმნენ მოთხოვნას მხარდაჭერის მიმღებად ცნობის და განმცხადებლის მხარდამჭერად დანიშვნის თაობაზე. ამავე სხდომაზე მხარდაჭერის მიმღებმა თავად დააფიქსირა სურვილი მხარდამჭერად განმცხადებლის დანიშვნის შესახებ. იგი წინააღმდეგია მხარდამჭერად კასატორის დანიშვნაზე. მხარდაჭერის მიმღებმა განმარტა, რომ განმცხადებელი კეთილსინდისიერად ასრულებდა მეურვის ვალდებულებებს, ზრუნავდა მასზე და სურს, რომ სწორედ ის, და არა სხვა ნათესავი, დაინიშნოს მის მხარდამჭერად.

4.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 1275-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 12771-ე, 1280-ე, 1283-ე, 1289-ე მუხლებზე და განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ექსპერტიზის დასკვნის, სხდომაზე გამოკითხული ექსპერტების განმარტებებითა და მხარდაჭერის მიმღებ პირთან დამყარებული კომუნიკაციიდან გამომდინარე, მას არ შეუძლია საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვა, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება და საჭიროებს მხარდაჭერას. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით და თავად მხარდაჭერის მიმღები პირის განმარტებით არ დადგინდა დამაბრკოლებელი გარემოება, რაც განმცხადებლის მხარდამჭერად დანიშვნას გამორიცხავდა. პიროვნული თვისებების, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარის, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულების, მხარდაჭერის მიმღების ინტერესების და ნების გათვალისწინებით სასამართლომ მხარდამჭერად განმცხადებლის დანიშვნა მიიჩნია მიზანშეწონილად.

გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა დაინტერესებულმა პირმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.11.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველის ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები, სამართლებრივი შეფასება და დამატებით განმარტა შემდეგი:

5.1. დაინტერესებულმა პირმა ვერ დაადასტურა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება განმცხადებლის მიერ მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შესახებ. აღნიშნულის საპირისპიროდ მხარდამჭერის სასარგებლოდ მიუთითებს უშუალოდ კონტროლისა და მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანო - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარდაჭერის მიმღებთან მეურვეობის განხორციელება წლების მანძილზე სადავო საკითხს წარმოადგენდა, არაერთი საჩივარი იყო წარდგენილი შესაბამის ორგანოში, თუმცა მეურვეობის განხორციელებიდან, 23.08.2005წ.-დან დღემდე მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებასთან მიმართებით განმცხადებლის არცერთი გადაცდომა არ დაფიქსირებულა.

5.2. სასამართლომ მიუთითა, რომ მხარდაჭერის მიმღებმა როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას ცალსახად დააფიქსირა, რომ მისი სურვილია მხარდაჭერა გააგრძელოს განმცხადებელმა. პალატამ ყურადღება გაამახვილა ასევე იმ გარემოებაზე, რომ მხარდაჭერის მიმღები ავლენს აშკარად უარყოფით დამოკიდებულებას დაინტერესებული პირის მიმართ. სასამართლომ სოციალური მომსახურების სააგენტოს პოზიციის, თავად მხარდასაჭერი პირის და მისი წარმომადგენლის პოზიციის გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიიჩნია მხარდამჭერად განმცხადებლის დანიშვნა.

5.3. სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ განმცხადებელი ოჯახთან ერთად ცხოვრობს მხარდაჭერის მიმღების საკუთრებაში, ვერ მიიჩნევა მხარდაჭერის განხორციელების დამაბრკოლებელ გარემოებად, რამეთუ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მხარდაჭერის მიმღები აღჭურვილია ყველა საბაზისო საჭიროებით და განმცხადებელი მასზე ჯეროვან მხარდაჭერას ახორციელებს.

5.4. განმცხადებლის მიერ მხარდაჭერის მიმღების კუთვნილი ქონების განკარგავასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, ქონება კვლავ აღრიცხულია მხარდაჭერის მიმღების საკუთრებაში. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარდამჭერს სასამართლოს გადაწყვეტილებით შეზღუდული აქვს მხარდაჭერის მიმღების კუთვნილი ქონების გასხვისების და სხვაგვარი დატვირთვის შესაძლებლობა, რაც ამ მხრივ გამორიცხავს დაინტერესებული პირის პრეტენზიებს. სასამართლომ მიუთითა ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 12.11.2013წ. გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დასტურდება, რომ საერთო სამკვიდროდან გამომდინარე ქონებრივი დაინტერესება გააჩნია კასატორსაც, რომლის წინააღმდეგ დავას აწარმოებდა განმცხადებელი, როგორც მეურვე.

საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე დაინტერესებულმა პირმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მხარდამჭერად მისი დანიშვნა, შემდეგი საფუძვლებით:

6.1. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა კასატორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი უხეშად არღვევს კანონს მეურვეობის და მზრუნველობის შესახებ. მან მხარდაჭერის მიმღებს გაუყიდა ქონება, დატვირთა იპოთეკით, რასაც კანონი ცალსახად უკრძალავს. სასამართლომ მხარდამჭერის ასეთი უკანონო ქმედება გაამართლა იმ მოტივით, რომ დღეს ეს ქონება ირიცხება ისევ მხარდაჭერის მიმღების სახელზე.

6.2. განმცხადებლის და მისი ოჯახის დაინტერესების ერთადერთი მიზეზი მხარდაჭერის მიმღების ქონებაა. განმცხადებელი ოჯახთან ერთად ცხოვრობს მის სახლში და სარგებლობს ყველა იმ სიკეთით, რაც მხარდაჭერის მიმღებს გააჩნია.

6.3. სასამართლო არასწორად დაეყრდნო მხარდაჭერის მიმღების განმარტებებს, ვინაიდან როგორც სამედიცინო დასკვნით დგინდება, იგი არის არაადეკვატური, არ შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი და ადვილად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ. ამით სარგებლობს განმცხადებელი და აიძულებს მხარდაჭერის მიმღებს თქვას ის, რაც მისთვის ხელსაყრელია. მხარდაჭერის მიმღები მთლიანად მოქცეულია განმცხადებლის და მისი მეუღლის ზეგავლენის ქვეშ.

6.4. სასამართლო დაეყრდნო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცნობას ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ, რაც არ გამორიცხავს აღრიცხვაზე არმყოფი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას.

6.5. კასატორმა იშუამდგომლა მხარდამჭერის ნარკოდამოკიდებულების გამოსარკვევად სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.03.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად სწორად შეაფასა იგი.

12. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის (ძალაშია 2014 წლის 12 აპრილიდან) (შემდეგში „კონვენცია“) პრეამბულით კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები ითვალისწინებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში ჩამოყალიბებულ პრინციპებს, რომლებიც ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელ ღირსებასა და ფასეულობას, ასევე მათ თანასწორობასა და განუყოფელ უფლებებს აღიარებენ თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძვლად; აღიარებენ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასა და ადამიანის უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტებში განაცხადა და დაადასტურა ყველა ადამიანის უფლება, ყოველგვარი განსხვავებულობის გარეშე ისარგებლოს აღნიშნული დოკუმენტებით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით. კონვენციის პრეამბულით აღიარებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განსხვავებულობა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხელშეწყობის აუცილებლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირის, მათ შორის, ინტენსიური დახმარების საჭიროების მქონეთა მიმართ.

13. კონვენცია აწესებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებების და ძირითად თავისუფლებათა სრული რეალიზებისათვის ხელშეწყობას, ყოველი პიროვნების თანასწორობას კანონის წინაშე და კანონის ძალით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებაუნარიანობას სხვებთან თანასწორად, ცხოვრების ყველა სფეროში. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის და ეფექტურ ზომას, რათა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლება საკუთრების ფლობასა და მემკვიდრეობით მიღებაზე, საკუთარი ფინანსური საქმეების მართვაზე, საბანკო სესხების, საიპოთეკო, სხვა ფინანსური კრედიტების თანაბარ მისაწვდომობაზე და უზრუნველყოფენ, რომ არ მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის საკუთრების თვითნებურად ჩამორთმევა.

14. განსახილველ შემთხვევაში ის ფაქტი, რომ მხარდაჭერის მიმღებს გარკვეულ სფეროებში სჭირდება მხარდაჭერა, გადაწყვეტილებით დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის. გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ის არის სსკ-ის მე-12 მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი და ესაჭიროება მხარდამჭერი. სსკ-ის 12771 მუხლის თანახმად, მხარდაჭერის მიმღებს ენიშნება მხარდამჭერი.

15. საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს მხოლოდ ის, თუ ვინ განახორციელებს უკეთესად მხარდაჭერას, ვისი დანიშვნა შეესაბამება მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს - განმცხადებლის თუ კასატორის.

16. სსკ-ის 1280-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:

სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები. ეს გადაწყვეტილება მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას, ხოლო მხარდაჭერის მიმღების არასრულწლოვანების შემთხვევაში - აგრეთვე მისი მშობლის მითითებას.

17. ამდენად, მხარდამჭერი პირის არჩევისას, სასამართლო ყურადღებას აქცევს ისეთ საკითხებს, როგორიცაა მხარდამჭერად დასანიშნი პირის პიროვნული თვისებები, მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების უნარი, მხარდაჭერის მიმღების ინტერესები, ნება და ა.შ.

18. პროცესის მონაწილე სუბიექტები არ უარყოფენ, რომ ბოლო წლებში (დღემდე) მხარდაჭერის მიმღები ცხოვრობს განმცხადებელთან ერთად.

19. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ განმცხადებელი წარმოადგენს მხარდაჭერის მიმღების ახლო ნათესავს. იგი 23.08.2005წ.-დან დანიშნულია მხარდაჭერის მიმღების მეურვედ. განმცხადებელს მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ან შესრულებისაგან თავის არიდების გამო არ ჰქონია ჩამორთმეული ან შეზღუდული მშობლის უფლება-მოვალეობები, არც მეურვისა და მზრუნველის მოვალეობისაგან არ ყოფილა გათავისუფლებული. იგი არის პრაქტიკულად ჯანმრთელი, არ იმყოფება შპს "ფ.ჯ. და ნ.პ.ც-ის" ფსიქიატრიულ-ამბულატორიულ აღრიცხვაზე, არ არის ნასამართლევი, ძებნაში არ იმყოფება, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტის ან მათდამი დამოკიდებულების გამო, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არ იმყოფება.

20. საყურადღებოა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის კვლევით ნაწილში გადმოცემული სოციალური მუშაკის შეფასება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მხარდაჭერის მიმღებს 23.08.2005წ. მეურვედ დაენიშნა განმცხადებელი. ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრი უკვე წლებია ახორციელებს აღნიშნული შემთხვევის მონიტორინგს და ამ ხნის განმავლობაში მეურვის მხრიდან დარღვევები, ყურადღების ნაკლებობა, ან სამეურვეო პირის საჭიროებების უგულებელყოფას ადგილი არ ჰქონია. მხარდაჭერის მიმღები უზრუნველყოფილია ყველა საბაზისო საჭიროებებით, მეურვე პირნათლად ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს. მეურვე უზრუნველყოფს პერიოდულად მის სამედიცინო შემოწმებას და მკურნალობას, აქვთ ერთი მეურნეობა. განმცხადებლის მეუღლე ცდილობს მხარდაჭერის მიმღები მაქსიმალურად ჩართოს საოჯახო საქმეებში. იგი გამოიყურება კარგად, არის სუფთად ჩაცმული და მოწესრიგებული, გასაუბრებისას გამოთქვა კმაყოფილება მეურვისა და ოჯახის მიმართ და აღნიშნა, რომ განმცხადებელი მასთან იზრდებოდა და ძალიან უყვარს, იგი შეჩვეულია განმცხადებლის ოჯახს და თავს უსაფრთხოდ გრძნობს მათ გარემოცვაში. მხარდაჭერის მიმღებმა განაცხადა, რომ არის ბედნიერი და უზრუნველი. ვიზიტის შედეგად გამოიკვეთა, რომ განმცხადებლის ოჯახსა და მხარდაჭერის მიმღებს შორის არის მიჯაჭვულობა, ნდობა და დაცულობის შეგრძნება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალურმა მუშაკმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მხარდამჭერად დანიშვნა (ტ.2, ს.ფ. 62,63). პალატა მიუთითებს, რომ სასამართლო განხილვისას სოციალური მუშაკის ზემოაღნიშნულ განმარტებას მხარი დაუჭირა სააგენტოს წარმომადგენელმა და გამართლებულად მიიჩნია მხარდამჭერად სწორედ განმცხადებლის დანიშვნა. განმცხადებლის მხარდაჭერად დანიშვნას დაეთანხმა ასევე მხარდაჭერის მიმღებად საცნობის პირის ადვოკატი.

21. როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომებზე მხარდაჭერის მიმღებმა თავად დააფიქსირა სურვილი მხარდამჭერად განმცხადებლის დანიშვნის შესახებ. იგი წინააღმდეგია მხარდამჭერად კასატორის დანიშვნაზე. მხარდაჭერის მიმღებმა განმარტა, რომ განმცხადებელი კეთილსინდისიერად ასრულებდა მეურვის ვალდებულებებს, ზრუნავდა მასზე და სურს, რომ სწორედ ის, და არა სხვა ნათესავი, დაინიშნოს მის მხარდამჭერად. სააპელაციო სასამართლოს 21.11.2019წ. სხდომაზე მხარდაჭერის მიმღებმა დააფიქსირა რა კეთილგანწყობა და სურვილი განმცხადებელმა გააგრძელოს მისი მხარდაჭერა, გამოავლინა უარყოფითი დამოკიდებულება კასატორის მიმართ (იხ.: 21.11.2019წ. 14:18:13- 14:19:15).

22. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით (იხ.: საქმე№2/4/532,533, 08.10.2014წ. გადაწყვეტილება), ქმედუუნარობა ინდივიდუალიზებული პროცესია. შესაბამისად, კანონმდებლობის მიზანი უნდა იყოს ქმედუუნარო პირების დახმარება გადაწყვეტილების მიღების საკითხში და არა ყველა სფეროში მათი ნების სრული ჩანაცვლება. მეურვეების უფლებამოსილება მკაცრად უნდა შემოიფარგლებოდეს იმ საკითხებით, რომლებშიც ადამიანს არ გააჩნია ნების ფორმირების შესაძლებლობა, ხოლო ქმედუუნარო პირებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ გადაწყვეტილებები მათი შეუზღუდავი უნარების ფარგლებში, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, მეურვის თანხმობით.

23. გასათვალისწინებელია, რომ, მართალია, სასამართლოს გადაწყვეტილებით განმცხადებელი დაინიშნა მხარდამჭერად უძრავი ქონების მართვის სფეროში, თუმცა გასხვისების/უფლებრივად დატვირთვის გარეშე, რაც ამ მხრივ გამორიცხავს მხარდაჭერის მიმღები პირის აქტივების გასხვისების შესაძლებლობას. აქვე საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 12.11.2013წ. გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დასტურდება, რომ საერთო სამკვიდროდან გამომდინარე ქონებრივი დაინტერესება გააჩნია კასატორსაც. აღნიშნულ დავაში მოსარჩელეს წარმოადგენდა მხარდაჭერის მიმღები, რომლის წარმომადგენლობასაც ახორციელებდა განმცხადებელი, ხოლო ერთ-ერთ მოპასუხეს - კასატორი, რომლის მიერაც გასაჩივრებულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ე. მ-ს დანაშთი ქონების ½ ნაწილზე მხარდაჭერის მიმღების მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე (ტ.3, ს.ფ. 88-105).

24. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მხარდამჭერის დანიშვნით მხარდაჭერის მიმღების ინტერესების დაცვის ამოწურვა არ ხდება, რადგანაც საკითხი, თავისი სოციალური არსითა და ქვეყანაში პირის უფლებების დაცვის ლეგიტიმური ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროებს გარკვეულ ზედამხედველობასა და რეგულირებას. სასამართლო, ბუნებრივია, არ წარმოადგენს ამ პროცესის უშუალო მეთვალყურეს, თუმცა, მოვლენათა განვითარების შესწავლა-ზედამხედველობას კანონმდებელი ავალდებულებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. სსკ-ის 1289-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მხარდამჭერის ძირითადი ვალდებულება (მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში), ასევე სსკ-ის 1293-ე მუხლით გათვალისწინებული დახმარება გარიგების დადებისას და სხვა, ექვემდებარება გადამოწმებას კანონით დადგენილი წესით (სსკ-ის 13051-13055 მუხლები), გარდა ამისა, კანონი ადგენს ქმედით მექანიზმს დაწესებული მხარდაჭერის შეწყვეტისათვის (სსკ-ის 13041 მუხლი), ისევე, როგორც ითვალისწინებს მხარდაჭერის მიმღების მოთხოვნის წარდგენას სასამართლოსათვის საკუთარი მოვალეობებისაგან მხარდამჭერის გათავისუფლების თაობაზე (სსკ-ის 1301-ე მუხლის მე-2 ნაწილი) (იხ.: სუსგ. №ას-982-914-2017, 14.05.2018წ.).

25. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობას მასზე, რომ, მხარდაჭერის მიმღების საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სფეროებში მიზანშეწონილია მხარდამჭერად განმცხადებლის დანიშვნა.

26. რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას მხარდამჭერის ნარკოდამოკიდებულების გამოსარკვევად სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ფაქტების მითითების და საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას. საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას, კანონმდებლობით ასეთი შესაძლებლობა გათვალისწინებული არ არის. სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

27. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (იხ.: სუსგ. №ას-982-914-2017, 14.05.2018წ.). ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.

29. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინამძღვრები.

30. რადგან კასატორი, ისევე როგორც განმცხადებელი, ითხოვდა მხარდამჭერად დანიშვნას, სსსკ-ის 36318 მუხლის მე-4 ნაწილით წინამდებარე საქმეზე იგი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ო-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.