ნახვები: 238
საქმის ნომერი: 2/5335-12
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: თამარ ჭუნიაშვილი,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2/5335-12 (2012-04-27), www.temida.ge
საქმის № 2/5335-12

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       27 აპრილი, 2012 წელი
თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
თამარ ჭუნიაშვილი

სხდომის მდივანი ხათუნა ჯამასპიშვილი


მოსარჩელე - (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) - ამხანაგობა ”მ. XXXX” თავმჯდომარე ე. დ.
წარმომადგენელი - ი. მ.

მოპასუხე - (შეგებებული საჩელით მოსარჩელე) - ი. ზ.
წარმომადგენელი - მ. ბ.

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

დავის საგანი შეგებებულ სარჩელში - საკუთრების უფლების აღიარება; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. თ.-ში ბ.-ს №XX-ში პირველ სართულზე მდებარე 87 კვ.მ.-იდან 62 კვ.მ. ფართის ი. ზ.-ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ.

მოსარჩელის და მისი წარმომადგენლის განმარტებით, მოპასუხე ი. ზ.-მ 1994 წელს ს. მ.-საგან შეიძინა 15 კვ.მ. ფართი, ტექ. ბიუროში არ დაურეგისტრირებია, 2008 წელს ახალი აზომვითი ნახაზის საფუძველზე საჯარო რეესტრში საკუთრებაში აღრიცხა 87 კვ.მ. მოპასუხეს ფაქტობრივად დაკავებული აქვს სახლის მთლიანი ნახევარსარდაფის ნახევარი ნაწილი და აცხადებს, რომ მას ეს ფართი შეძენილი აქვს ს. მ.-საგან და რომ ამხანაგობის წევრებს იმ ფართზე რაიმე სახის პრეტენზია არ შეიძლება გააჩნდეთ.
1.2. ა. ქ. თ.-ში, ბ.-ს ქ. №XX-ში მდებარე სადავოდ ქცეულ საცხოვრებელ ფართზე 87.00 კვ.მ. (ს/კ: XX.XX.XX.XXX.XXX.XX.XXX) მესაკუთრედ აღიარება.

1.2. ბ. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ”მ. XXXX-ს” 2012 წლის 25 აპრილის კრების ოქმის №XX ბათილად ცნობა.

(2012 წლის 06 აგვისტოს სხდომის ოქმი, 17:46:11.)
შეგებებული სარჩელით მოსარჩელის და მისი წარმომადგენლის განმარტებით ქ. თ.-ში, ბ.-ს ქ. №XX-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში საკუთრების უფლება ინდივიდუალურ საკუთრების საგანზე სხვა ამხანაგობის წევრებთან ერთად ეკუთვნის ი. ზ.-ს, 2011-2012 წლებში ამხანაგობა ”მ. XXXX-ს” თავმჯდომარემ ე. დ.-მ მიიჩნია, რომ უკანონოდ მოხდა ი. ზ.-ს მიერ ფართების დაზუსტება, რაზეც მოწვეულ იქნა ამხანაგობის კრება, ი. ზ.-საგან ე.წ. უკანონო მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართის გამოთხოვის მოთხოვნით. ი. ზ.-მ საკითხის განხილვისას დატოვა 2012 წლის 25 აპრილის კრება და მონაწილეობა არ მიუღია, ვინაიდან იგი ჩატარდა კანონის დარღვევით.


2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე ი. ზ.-მ და მისმა წარმომადგენელმა სარჩელის მოთხოვნა არ ცნო.

მათი განმარტებით ქ. თ.-ში, ბ.-ს ქ. №XX-ში არსებული უძრავი ქონება შეიძინა ს. მ.-საგან, დაზუსტებული ფართით დაარეგისტრირა და საჯარო რეესტრში გახდა 87 კვ.მ-ის მესაკუთრე.

2.2. შეგებებული სარჩელით მოპასუხე ამხანაგობა ”მ. XXXX-ს” თავმჯდომარემ და მისმა წარმომადგენელმა ი. მ.-მ სარჩელის მოთხოვნა არ ცნო.
მათი განმარტებით, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა აღიარებითი სარჩელის ნაწილში გაურკვევლია, დღეის მდგომარეობით იგი სადავო ფართის მესაკუთრედ რეგისტრირებულია, რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, 2012 წლის 25 აპრილს მოწვეულ კრებაზე უნდა გადაწყვეტილიყო ი. ზ.-ს უკანონოდ მისაკუთრებული ფართის ჩამორთმევის საკითხი, კრებას ესწრებოდა თავად ი. ზ..

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები


3.1.1. საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება


3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1 . საჯარო რეესტრის ამონაწერით ქ. თ.-ში, ბ.-ს ქ. #XX-ში მდებარე საცხოვრებელი ფართი 87.00 კვ.მ. 1994 წლის 18 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2008 წლის 20 მაისიდან რეგისტრირებულია ი. ზ.-ს სახელზე.

(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ. 17-18, 64, 119 )

3.2.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათებით, საცხოვრებელი სადგომი მდებარე თ.-ში, ბ.-ს ქ. №XX, საცხოვრებელი ფართი 15 კვ.მ. ირიცხება ს. მ.-ს სახელზე. აზომვითი ნახაზებით კი ი. ზ.-ს დაზუსტებული ფართია 87 კვ.მ.
(მტკიცებულება: ცნობა-დახასიათება, აზომვითი ნახაზი ს.ფ. 19 -22)

3.2.3. 1992 წლის 1 თებერვლის მინისტრთა კაბინეტის №XXX დადგენილების საფუძველზე ს. მ.-ს ხელშეკრულებით გადაეცა ბინა, სამსართულიანი სახლის პირველ სართულზე 15 კვ.მ. მდებარე ბ.-ს ქ. №XX-ში.
(მტკიცებულება: ხელშეკრულება, ს.ფ. 23,)

3.2.4. 1994 წლის 18 ოქტომბერს ი. ზ.-მ ს. მ.-საგან სანოტარო წესით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ბინა, მდებარე ბ.-ს ქ.XX-ში, ფართით 15/297-დი წილი, რომელიც არ აღურიცხია თავის სახელზე ტექ. ბიუროში.
(მტკიცებულება: ნასყიდობის ხელშეკრულება, ინფორმაცია, ს.ფ. 25-27.)

3.2.5. 2009 წლის 10 აპრილის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო კრების ოქმით ჩამოყალიბდა ბმა ,,მ.-XXXX’’ და მის თავმჯდომარედ არჩეული იქნა ე. დ., რომელიც არ წარმოადგენდა ბინის მესაკუთრეს, ამხანაგობის წევრს ლ. გ.-ს დაევალა ამხანაგობის სახელით მმართველთან ხელშეკრულების გაფორმება. ბმა შედგება 8 მესაკუთრისაგან, დამფუძნებელ კრებას ესწრებოდა 6 მესაკუთრე.
(მტკიცებულება : კრების ოქმი ს.ფ. 36-39)

3.2.6. 2012 წლის 25 აპრილს შედგა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ,,მ. XXXX’’-ის წევრთა კრება, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ი. ზ.-ს საკუთრებაში არსებული 87 კვ.მ ფართიდან უკანონოდ მითვისებული ფართის გამოთხოვის შესახებ. ოქმის მიხედვით კრებას ამხანაგობის 8 წევრიდან ესწრებოდა 5 წევრი.
(მტკიცებულება: ოქმი, ხელმოწერები ს.ფ. 36-39,148)

3.2.7. მოწმეების მ. კ.-ს, ლ. ს.-ს, რ. პ.-ს, ნ. ა.-ს, ლ. გ.-ს, ი. ს.-ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებებით სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ლ. ს. არის იგივე ს. მ., რომელმაც მიჰყიდა ბინა ზ.-ს, მართალია, ხელშეკრულებაში ეწერა 15 კვ.მ. მაგრამ მან ბინაში ცხოვრების დროს, ვინაიდან იქ არსებული სხვა ფართი არავისზე არ იყო რეგისტრირებული და იმ ბინების მაცხოვრებლები გადასული იყვნენ იქიდან, აღმასკომთან ზეპირი შეთანხმებით, როგორც მრავალშვილიანი ოჯახი, დაეუფლა მოპირდაპირედ არსებულ ოთახებს, ამოიღო კედლები და ოთახები გააერთიანა, ცხოვრობდა გარკვეული პერიოდი და შემდეგ გაყიდა. იმ დროს ამხანაგობა არ არსებობდა, ნ. ა. არის მესაკუთრე, მაგრამ იგი კრებას არ დასწრებია, შვილმა გ. ა.-მ მიიღო მონაწილეობა, ი. ზ.-მ და ი. ს.-მ კრება მიატოვეს, მ. კ.-ს განმარტებით, კრება მისი ინიციატივით იქნა მოწვეული, ითხოვდა კრების ოქმებს, კონფლიქტის წარმოშობის გამო ი. ზ.-მ დატოვა კრება, მოწმეს ხელი არაფერზე მოუწერია.
(მტკიცებულება: 06.08.2012 წლის, 21.08.2012 წლის სასამართლო სხდომის ოქმები 18:22:39 – 19:35:42:, 12:15:25 – 13:19:16 ს.ფ. 152 -178; 182-206)

სამოტივაციო ნაწილი


4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა


საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ძირითადი სარჩელით ამხანაგობა ”მ. XXXX” სასარჩელო მოთხოვნა თ.-ში ბ.-ს №XX-ში პირველ სართულზე მდებარე 87 კვ.მ-იდან 62 კვ.მ. ფართის ი. ზ.-ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ი. ზ.-ს მოთხოვნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ”მ. - XXXX”-ის 2012 წლის 25 აპრილის კრების ოქმი №12 ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს, 87 კვ.მ. ფართზე საკუთრების უფლების აღიარებაზე არ დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 172-ე, 312-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი, საქართველოს კანონი ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’ მე-4, მე-5, მე-6, 26-ე, 27-ე მუხლები.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1 . საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული ნორმა სამ შემადგენელ ელემენტს შეიცავს: პირველი: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მეორე: მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი, მესამე: მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. ერთი ელემენტის არ არსებობაც კი საფუძველია იმისა, რომ მოსარჩელეს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე უარი ეთქვას. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად კი რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ი. ზ. წარმოადგენს სადავო ბინის მესაკუთრეს და სასამართლოს აზრით, მოსარჩელის მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ფართის გამოთხოვის თაობაზე დაუსაბუთებელია.


6.2. ა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა და სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.სასამართლოს მიაჩნია,რომ ვინაიდან ძირითადი სარჩელის მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ფართის გამოთხოვის შესახებ არ დაკმაყოფილდა, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ი. ზ.-ს მესაკუთრედ აღიარების თაობაზე მოთხოვნა უსაფუძვლოა.


6.2. ბ. ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსოების (სარდაფები, სხვენები და ა.შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსოებზე (სარდაფები, სხვენები და აშ) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსოს ადგილმდებარეობის დადგენა, მოცემულ შემთხვევაში, ი. ზ.-ს საკუთრება საჯარო რეესტრში აღრიცხულია 2008 წელს, ამხანაგობა კი შეიქმნა 2009 წელს.

ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შემადგენელი მიწის ნაკვეთი, სახლის ნაწილი და ის შენობა-ნაგებობები, დანადგარები, საინჟინრო ქსელები, მოწყობილობები, რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) წარმოადგენს.

,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი ობიექტების სარგებლობაში გადაცემისათვის კანონი ითვალისწინებს ამხანაგობის ყველა წევრის ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების არსებობას. ბუნებრივია, ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობაა საჭირო საერთო ქონების გასხვისებისათვის. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი. ზ.-სათვის სადავო კრების ოქმით მის საკუთრებაში არსებული ფართის ჩამორთმევას არ ესწრებოდა ამხანაგობის რამდენიმე წევრი, თავად ი. ზ.-მ დატოვა ამხანაგობის კრება, ამხანაგობის წევრის ნ. ა.-ს ნაცვლად კრებას დაესწრო მისი შვილი გ. ა., რომელიც ამხანაგობის წევრს არ წარმოადგენს. კრების ოქმში დაფიქსირებულია, რომ კრებაზე საკითხის გადაწყვეტას მხარი დაუჭირა 100 %-მა, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

კანონის 26-ე მუხლის მიხედვით, ამხანაგობის საქმიანობას უძღვება ამხანაგობის თავმჯდომარე და ის იწვევს და უძღვება ამხანაგობის წევრთა კრებას და უზრუნველყოფს კრების გადაწყვეტილებების შესრულებას. 27-ე მუხლის თანახმად, კრების მოწვევის შესახებ ამხანაგობის წევრებს უნდა ეცნობოს წერილობით.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი თავისი ბუნებით გარიგების ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. აღნიშნული კატეგორიის დავებზე ვრცელდება გარიგების ბათილობისათვის კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლები, 54-ე მუხლის თანახმად კი ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.


7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ვინაიდან ძირითადი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოპასუხეზე ბაჟის დაკისრების საფუძველი არ არსებობს. შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ”მ.- XXXX-ს” უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 100 ლარი.


8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

2012 წლის 02 მაისის განჩინებით მოსარჩელის განცხადებით სასამართლოს გამოყენებული აქვს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ, ყადაღა დაედო ი. ზ.-ს საკუთრებაში არსებულ 87.00 კვ.მ ფართის რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. თ., ბ.-ს ქ. №XX, სარეგისტრაციო ზონა – თბილისი XX, სექტორი – კ. XX, კვარტალი – XX, ნაკვეთი – XXX/XXX, კოდი - XX/XXX,
ფართი 87.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი № XX.XX.XX.XXX.XXX.XX.XXX;. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ-უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. ვინაიდან ძირითადი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა


1. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ”მ. XXXX-ის” (თავმჯდომარე ე. დ.) სარჩელი თბილისში ბ.-ს №XX-ში პირველ სართულზე მდებარე 87 კვ.მ-იდან 62 კვ.მ. ფართის ი. ზ.-ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ.
2. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ი. ზ.-ს შეგებებული სარჩელი.
2.1. უარი ეთქვას ი. ზ.-ს სადავოდ ქცეული მისი საკუთრების უფლების აღიარებაზე 87 კვ.მ. ფართზე (ს/კ XX.XX.XX.XXX.XXX.XX.XX) მდებარე თ.-ში, ბ.-ს ქ. № XX-ში.
2.1. ბათილად იქნეს ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ”მ. - XXXX”-ის 2012 წლის 25 აპრილის კრების ოქმი №X.
3. დაეკისროს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ”მ. XXXX-ს” (თავმჯდომარე ე. დ.) ი. ზ.-ს სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა.
4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 02 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ი. ზ.-ს საკუთრებაში არსებულ 87 კვ.მ. ფართს, მდებარე ქ. თ.-ში, ბ.-ს ქ. №XX-ში, სარეგისტრაციო ზონა თბილისი XX, სექტორი კრწანისი XX, კვარტალი XX, ნაკვეთი XXX/XXX, კოდი XX/XXX.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.