ნახვები: 37
საქმის ნომერი: 2ბ1522-11
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ვანო წიკლაური,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: 2/27-06
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ1522-11 (2011-07-29), www.temida.ge
საქმის № 2ბ1522-11

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       29 ივლისი, 2011 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ვანო წიკლაური

სხდომის მდივანი _ ციცინო როხვაძე, თინათინ ჩოხელი

აპელანტი - დ. გ.
წარმომადგენელი - ტ. კ.
მოწინააღმდეგე მხარეები - ზ. ჭ.
წარმომადგენელი _ მ. ბ.

დავის საგანი _ დელიქტიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება


1. აპელანტის მოთხოვნა

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება. საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

დ. გ.-მ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით სარჩელი აღძრა მოპასუხე ზ. ჭ.-ს მიმართ. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თავად მოსარჩელის მიერ მოძრაობის წესების დარღვევის გამო.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებითYმოსარჩელეს, დ. გ.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სარჩელზე უარის თქმის გამო გაუქმდა საქმეზე 2005 წლის 07 თებერვალს ქარელის რაიონული სასამართლოს მიერ #2/20 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

2.1.1. 2004 წლის 22 აგვისტოს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე ს. რ.-ს შესახვევთან მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც დ. გ.-ს მართვის ქვეშ მყოფი “ფორდ-ტრანზიტის” მარკის მიკროავტობუსი სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით XXX-XXX შეეჯახა ზ. ჭ.-ს შვილის თ. ჭ.-ს მართვის ქვეშ მყოფი “ი.-ს” ტიპის ტრაქტორს (იხ. სარჩელი და შესაგებელი ასევე მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).

2.12. “ი.-ს” ტიპის ტრაქტორის მესაკუთრე იყო მოპასუხე ზ. ჭ., რომელმაც თავის შვილს მართვის უფლების არმქონე თ. ჭ.-ს სამართავად გადასცა “ი.-ს” ტიპის ტრაქტორი, რომელთანაც მოხდა შეჯახება (იხ. სარჩელი და შესაგებელი ასევე მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).


2.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

2.2.1. სასამართლომ მიიჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა არ მოხდა ტრაქტორის მძღოლის თ. ჭ.-ს ბრალით.

მოსარჩელის განმარტებით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ტრაქტორის მძღოლის თ. ჭ.-ს ბრალით, თუმცა სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად “თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს” სასამართლოს მოსარჩელემ ვერ წარუდგინა თ. ჭ.-ს ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება ავტოსაგზაო შემთხვევაში, რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ტრაქტორის მძღოლს არ გააჩნდა ტრაქტორის მართვის უფლება არ წარმოადგენს ავტოსაგზაო შემთხვევაში მის ბრალეულობის დამდასტურებელ გარემოებას არამედ აღნიშნული მხოლოდ სამართალდარღვევაა, ხოლო რაც შეეხება შსს. საგამოძიებო დეპარტამენტის ქარელის ქვეგანყოფილების გამომძიებლის გ. ქ.-ს მიერ 2004 წლის 03 დეკემბერს გამოტანილ დადგენილებას სისხლის სამართლის საქმის არ აღძვრის შესახებ იგი ავტოსაგზაო შემთხვევის ბრალეულობის დამდასტურებელ მტკიცებულებად არ გამოდგება, ვინაიდან გამოტანილია მოკვლევის მასალებზე—ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით, რაც იმჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სისხლის სამართლის საქმეზეც კი, არ წარმოადგენდა მტკიცებულებას, ხოლო თვით გამომძიებელი გ. ქ.-ს მოწმის სახით დაკითხვისას მისივე განმარტებით მას ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალეული პირი არ გამოუვლენია და დადგენილება გამოიტანა, მხოლოდ სხეულის დაზიანების სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი ხარისხის არ არსებობის გამო.

2.2.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა არ მოხდა მიკროავტობუსის მძღოლის დ. გ.-ს ბრალით.

მოპასუხე უთითებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მიკროავტობუსის ძღოლის დ. გ.-ს ბრალით, თუმცა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად “თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს” სასამართლოს მოსარჩელემ ვერ წარუდგინა დ. გ.-ს ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება ავტოსაგზაო შემთხვევაში, რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოწმის გ. ე.-ს ჩვენებით მიკროავტობუსი ვითომ მიდიოდა გადაჭარბებული სიჩქარით სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან მოწმის ჩვენება არ დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, როგორიც არის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და საქმეზე გამომძიებლის მიერ ჩატარებული მოკვლევისას თვითმხილველებისათვის ჩამორთმეული ახსნა-განმარტებებით, ასევე არ არის წარმოდგენილი აღნიშნულ გზის მონაკვეთზე ნებადართული მოძრაობის სიჩქარის დამადასტურებელი მტკიცებულება, ხოლო რაც შეეხება მოწმე თ. ჭ.-ს ჩვენებას იგი საქმეში დაინტერესებული და ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე პირია, ამდენად ასევე მისი ჩვენებაც არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს სასამართლოს მიერ.

2.2.4. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი 2002 წლის 28 დეკემბერს სანოტარო წესით დამოწმებული მ. გ.-ს მიერ გაცემული ავტოტრანსპორტის მინდობილობით ავტოსატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მიკროავტობუსს, როგორც “საკუთრების მიმნდობი”, დ. გ.-ს, როგორც “მინდობილ მესაკუთრეს” ანიჭებს საკუთრების მინდობისა და მართვის ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებამოსილებებს 5 წლის ვადით 2007 წლის 20 დეკემბრამდე. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელე დ. გ.-ს მინდობილი მესაკუთრის უფლებამოსილებით აღჭურვის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმის განხილვის მომენტისათვის სასამართლოსათვის არ წარუდგენია დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენის შეთავაზების მიუხედავად, რის გამოც სასამართლოს 2011 წლის 30 მარტის საოქმო განჩინებით დადგენილ იქნა მოსარჩელე დ. გ.-ს არასათანადო მოსარჩელეობა.

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით “პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი”, ხოლო ამავე კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილით “თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად,ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან”, ამდენად დელიქტიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის აუცილებელია შემდეგ ელემენტთა ერთობლიობა: 1. დამდგარი ზიანი, 2. მიზეზობრივი კავშირი მოქმედებას (უმოქმედობასა) და დამდგარ ზიანს შორის და 3. მართლსაწინააღმდეგო განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედება (უმოქმედობა), მხოლოდ ამ ელემენტთა ერთობლიობა იძლევა სამართლებრივ საფუძველებს დელიქტიდან გამომდიანრე ზიანის ანაზღაურების დასაკისრებლად, ხოლო ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლებს. ამ შემთხვევაში აუცილებელ ელემენტთაგან არ გავაქვს მართლსაწინააღმდეგობა, ვინაიდან აღნიშნული გარემოება ვერც მოსარჩელის და ვერც მოპასუხე მხარის მიერ დადასტურებული არ ყოფილა მტკიცებულებებით, ამდენად არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, რაც შეეხება მოპასუხის მიერ თანხის გადახდით ვალდებულების შესრულების აღიარებას ზ. ჭ.-ს მიერ თანხა 500 ლარის ოდენობით გადახდილ იქნა 2009 წლის 10 დეკემბერს სააღსრულებლო ბიუროს ანგარიშზე მას შემდეგ, რაც საქმეზე მიმდინარეობდა იძულებითი აღსრულება, ამდენად იგი ვერ ჩაითვლება მოპასუხის მხრიდან ვალდებულების აღიარებად, ვინაიდან აღსრულება მიმდინარეობდა იძულების წესით და თანხა მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ გადაუხდია. აღნიშნულის გარდა სარჩელის არ დაკმაყოფილების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის მე-3 ნაწილი, ვინაიდან დ. გ. საქმის განხილვის დროისათვის არ სარგებლობდა მინდობილი მესაკუთრის უფლებამოსილებით, რის გამოც წარმოადგენდა არასათანადო მოსარჩელეს და იგი წინააღმდეგი იყო შეცვლილიყო სათანადო მოსარჩელით.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 მარტის გადაწყვეტიელბა სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. გ.-მ და საბოლოოდ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყევეტილების გაუქმება (იხ. 2011 წლის 20 ივლისის სხდომის ოქმი) და ხელახლა განსახილველად საქმის პირველ ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება.

3.1. ფაქტობრივი საფუძვლები

3.1.1. სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ თ. ჭ.-ს მიერ განხორციელებული ქმედება იყო მართლსაწინააღმდეგო განზრახი გაუფრთხილებლობითი ბრალეული ქმედება და მისი კავშირი დამდგარ ზიანთან; აპელანტმა განმარტა, რომ აღნიშნულის გამო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასებები გააკეთა მოცემულ საქმეზე და გამოიტანა არასწორი გადაწყვეტილება.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები არ ყოფილა გამოკვლეული, რის გამოც სასამართლოს მიერ გაკეთებული იქნა დაუსაბუთებელი სამართლებრივი შეფასებები. აღნიშნულის გამო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტიელბის დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.



4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

4.1.1. 2004 წლის 22 აგვისტოს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე ს. რ.-ს შესახვევთან მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც დ. გ.-ს მართვის ქვეშ მყოფი “ფორდ-ტრანზიტის” მარკის მიკროავტობუსი სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით XXX-XXX შეეჯახა ზ. ჭ.-ს შვილის თ. ჭ.-ს მართვის ქვეშ მყოფი “იუმზეს” ტიპის ტრაქტორს (იხ. სარჩელი და შესაგებელი ასევე მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).

4.1.2. “იუმზეს” ტიპის ტრაქტორის მესაკუთრე იყო მოპასუხე ზ. ჭ., რომელმაც თავის შვილს მართვის უფლების არმქონე თ. ჭ.-ს სამართავად გადასცა “იუმზეს” ტიპის ტრაქტორი, რომელთანაც მოხდა შეჯახება (იხ. სარჩელი და შესაგებელი ასევე მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).

4.1.3. პალატა შენიშნავს, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია სწორად შეფასდეს იმ მაკვალიფიცირებელ გარემოებათა წრის განსაზღვრა, რომელთა გათვალისწინებითაც კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს სამოქალაქო კოდექსის 999-ემუხლის პირველი ნაწილის კვალიფიკაციის შესაძლებლობა. პალატა ამ მხრივ ყურადღებას შეაჩერებს შემდეგ ნორმებზე და მსჯელობაზე მოქმედი სამოქალქო კოდექსი ითვალისწინებეს გენერალური დელიქტის დეფინიციას, ასევე კოდექსით გათვალისწინებულია ცალკეული დელიქტების სპეციალური შემადგენლობები. გენერალური დელიქტის დეფინიცია მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992 – მუხლით გათვალისწინებულ ნორმაში, რომლის თანახმადაც, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგოდ, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სატრანსპროტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის – დელიქტისათვის გათვალისწინებულია სპეციალური ნორმა 999-ე მუხლის სახით. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოშობილი დელიქტისათვის დამახასიათებელია ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის წარმოშობის თავისებურება, ანუ იმისათვის, რომ დასახელებული ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამოყენების საფუძველი შეიქმნას, საკმარისია სამი ელემენტის – მართლსაწინააღმდეგო ქმედების; ზიანის და მიზეზობრივი კავშირის არსებობის დადასტურება. ამასთან ნორმით დაკონკრეტებულია ამგვარი ზიანის დადგომაზე პასუხისმგებელი პირი, მოთხოვნის ადრესატი – სატრანსპორტო საშუალების მფლობელი. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე პალატა დასკვნის სახით მიუთითებს, რომ დავის სწორი გადაწყვეტისათვის კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს 999-ე მუხლით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარმოებების არსებობა. მოცემულ შემთხვევაში ძირითადი ინტერესის საგანია მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომაში, განისაზღვროს გამომწვევი ქმედების მართლწინააღმდეგობა.

პალატა შენიშნავს, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევით გამოწვეული ზიანისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლბოის წარმოშობისათვის საკმარისია მხოლოდ სამი მაკვალიფიცირებელი ელემეტნის არსებობის დადგენა. პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამრთლოს მიერ გაკეთებულ მოპასუხის ქმედების მართლწინააღმდეგობის არ არსებობის შესახებ გაკეთებულ შეფასებას. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ამგვარი დასკვნა არ ეფუძვნება საქმის მასალებს. მეტიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების შესაბამის ნაწილში სასამართლო მსჯელობა შეეხება მხოლოდ მხარეთა არაბრალეულობის შესახებ საკითხს, საიდან გამომდინარეც პირველი ინსტანციის სასამართლო აკეთებს დასკვნას მოპასუხე მხარის ქმედების მართლწინააღმდეგობის არარსებობაზე.

პირველი ინსტნციის სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემობები მასზედ, რომ არცერთ მხარეს არ მიუძღვის ბრალი მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში თავის მხრივ ეფუძნება საქმეში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ საქმის არაღძვრის შესახებ დადგენილების შინაარსს. პალატა ხაზგასმით აღნიშანვს, რომ საჭიროება მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისა, არ მოითხოვდა მოპასუხის ბრალეულობის საკითხის კვლევას მიუთუმეტეს, რომ მხარეთა არაბრალეულობის შესახებ სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნები არ შეიძლებოდა გამხდარიყო მართლწინააღმდეგობის არარსებობის შესახებ სასამართლოს მიერ გაკეთებული შეფასების საფუძველი. პალატა შენიშანვს, რომ პირველი ინსტნციის სასამართლოს მიერ მოპასუხე მხარის ქმედების არამართლწინააღმდეგობის შესახებ დასკვნები ისე იქნა გაკეთებული, რომ საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით საერთოდ არ გამოკვლეულა საკითხი მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზების შესახებ და მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების ქმედების მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულების შესახებ საკითხი.

პალატა ამ კუთხით ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე და შესაბამის ნახაზზე (იხ. ტ II), რომლებიც შეიცავენ მნიშვნელოვან მონაცემებს, ინფორმაციას მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის თაობაზე. კერძოდ დასახელებული მტკიცებულებები, რომელთა ნამდვილობაც სადავო არ გამხდარა მხარეთა მიერ, შეიცავენ უტყუარ მონაცემებს იმ გარემოების შესახებ, რომ დ. გ.-ს მართვის ქვეშ მყოფი “ფორდ-ტრანზიტის” მარკის მიკროავტობუსი სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით XXX-XXX და ზ. ჭ.-ს შვილის თ. ჭ.-ს მართვის ქვეშ მყოფი “იუმზეს” ტიპის ტრაქტორი მოძრაობდნენ არა საპირისპირო მიმართულებით, არამედ თანხვედრი მიმართულებით, ხაშურიდან გორის მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია მონაცემები იმის თაობაზედ, რომ შეჯახება მოხდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში, კერძოდ შეჯახება მოხდა იმ დროს, როდესაც თ. ჭ. მისი მართვის ქვეშ მყოფი “იუმზეს” ტიპის ტრაქტორით ახდენდა მანევრირებას და სოფელ რ.-ს შესახვევში გადახვევას. როგორც აღნიშნული მტკიცებულებებიდან ირკვევა დ. გ., მისი მართვის ქვეშ მყოფი “ფორდ-ტრანზიტის” მარკის მიკროავტობუსი სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით XXX-XXX, ასევე ახდენდა გასწრების მანევრირებას, რა დროსაც მოხდა შეჯახება თ. ჭ.-ს მართვის ქვეშ მყოფი “იუმზეს” ტიპის ტრაქტორთან. თითოეული დასახელებული სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცულობის შესახებ საკითხის შეფასებისას, პალატის მოსაზრებით, ასევე გასათვალისწინებელია თავად შეჯახების ადგილის განლაგება, ასევე დასახელებული სატრანსპორტო საშუალებების საბოლოო განლაგების ადგილები. ასევე მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნეს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სატრანპორტო საშუალებებისათვის მიყენებული დაზიანებების ხარისხიც. აღნიშნული გარემოებების ურთიერთშეჯერება და ანალიზი პალატის მოსაზრებით იძლევა გარკვეული დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცულობის შესახებ საკითხთან დაკავშირებით, აღნიშნული კი თავის მხრივ საფუძვლად უნდა დაედოს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში თითოეული მხარის ქმედების მართლწინააღმდეგობის საკითხის შეფასებას. ამასთანავე პალატა აქვე მიუთითებს, რომ დასახელებულ მტკიცებულებებში დაცული მონაცემების სწორი შეფასებისათვის შესაძლებელია მიზანშეწონილი იყოს, ასევე სპეციალისტთა განმარტებების მოსმენაც (სამოქ. საპროც. კოდექსის 204-ე მუხლი). ამასთან საჭიროების შემთხვევაში (სამოქ.საპროც. კოდ –ის 162-ე მუხ.) იმისათვის, რომ დადგინდეს შეჯახებამდე დასახელებულ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის სიჩქარე და დაშორების მანძილი, შესაძლებელია მიზანშეწონილი (საკმარისი საკვლევი მასალის არსებობის შემთხვევაში) იყოს, ასევე ავტო-ტექნიკური სახის საექსპერტო კვლევის ჩატარებაც.

პალატა თვლის, რომ იმ პირობებში, როდესაც არ გამოკვლეული ყოფილა საქმეში წარდგენილი მტკიცებლებები და შესაბამისი შეფასებები არ მიცემია საქმისათვის მნიშვნელოვან ზემოთ მითითებულ გარემოებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა მხარეთა ქმედებაში მართლწინააღმდეგობის ელემენტის არ არსებობის თაობაზე, მოკლებულია დასაბუთებულობას. ფაქტია, რომ სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას გარკვეული მანევრის, ერთ შემთხვევაში - შეხვევის მანევრის, და მეორე შემთხვევაში - გასწრების მანევრის, განხორციელებისას მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. სწორედ ამ მანევრის განხორციელებისას თითოეული მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცულობის შესახებ საკითხის მიხედვით უნდა შეფასდეს თითოეული მძღოლის (მხარის) ქმედების მართლწინააღმდეგობა და შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა.

აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნეს, რომ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის პირველი ინსტნციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების პროცესუალურ სამართლებრივი საფუძველი.

პალატა აქვე დასძენს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში მესამე პრის სახით ჩართვის თაობაზე მ. გ.-ს მიერ გამოვლენილი ნების გათვალისწინებით უნდა შეაფასოს მ. გ.-ს საქმეში თანამოსარჩელედ ჩართვის პროცესუალური საფუძველი და მიზანშეწონილობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე.


5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივრი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე დასაბუთებულია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოს.

6. საპროცესო ხარჯები
იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება, ამასთან საქმე ხელახლა (არსებითად) განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, საქართველოს სამოქალაქო საპოროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 4-ე ნაწილის თანახმად მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის სსკ-ის 53-ე მუხლის მიხედვით. ამდენად მხარეთა მიერ გაღებული ხარჯების (მათ შორის სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახ.ბაჟის – 160 ლარის) განაწილება უნდა განხორციელდეს სსსკ –ის 53-ე მუხლის I ნაწილით დადგენილი დანაწესის შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:


1. დ. გ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება. დ. გ.-ს სარჩელის გამო სამოქალაქო საქმე ზ. ჭ.-ს მიმართ დელიქტიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით (ქ.თბილისის, გრ.რობაქიძის გამზ. #7ა).

4. გადაწყვეტიელბის გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.