ნახვები: 671
საქმის ნომერი: 1გ/1240
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: გელა ბადრიაშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: არ ექვემდებარება გასაჩივრებას, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №1გ/1240 (2016-07-25), www.temida.ge
საქმის № 1გ/1240

განჩინება
საქართველოს სახელით
       25 ივლისი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
საგამოძიებო კოლეგია
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
გელა ბადრიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - თ. ზ.-ს საჩივარი ა.-ს რაიონული სასამართლოს მოსამართლე შალვა მჭედლიშვილის 2016 წლის 18 ივლისის განჩინებაზე, მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - შემთხვევის ადგილის დათვალიერების კანონიერების შესამოწმებლად პროკურორის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უართან დაკავშირებით,-

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების წარმოებაშია სისხლის სამართლის №------------ საქმე, ა.-ს რაიონის სოფელ ზ.-სთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში, 2016 წლის 17 ივლისს, 16:20 საათიდან 17:10 საათამდე დროის პერიოდში, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელმა თ. ვ.-მ ჩაატარა ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც ამოღებულ იქნა „ჩერის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - --- -- - --- და მიკრონაწილაკები ავტომანქანის მძღოლის სავარძლიდან.

2016 წლის 18 ივლისს, ა.-ს რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა თ. ზ.-მა და ითხოვა გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - შემთხვევის ადგილის დათვალიერების კანონიერად ცნობა.

ა.-ს რაიონული სასამართლოს მოსამართლე შალვა მჭედლიშვილის 2016 წლის 18 ივლისის განჩინებით, პროკურორის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

განჩინებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოსამართლის განჩინებას საჭიროებს მაშინ, როდესაც ის ტარდება სხვის მფლობელობაში (ან საკუთრებაში) არსებულ ტერიტორიაზე და მფლობელი პირი წინააღმდეგია მის მფლობელობაში (საკუთრებაში) არსებულ ტერიტორიაზე დათვალიერების ჩატარების. დათვალიერება და დათვალიერების შედეგად შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი ნივთის, ნივთიერებისა თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ამოღება საგამოძიებო მოქმედების შემადგენელი ნაწილია და ასეთ დროს ნივთის ამოღება არ წარმოშობს დათვალიერების, როგორც საგამოძიებო მოქმედების კანონიერების სასამართლოს მხრიდან შემოწმების საფუძველს (იხ. გასაჩივრებული განჩინება).

განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივრა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა თ. ზ.-მა. პროკურორი ითხოვს ა.-ს რაიონული სასამართლოს მოსამართლე შალვა მჭედლიშვილის 2016 წლის 18 ივლისის განჩინების გაუქმებას და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - შემთხვევის ადგილის დათვალიერების და ამ დათვალიერების დროს ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობას.

საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედება, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც ამოღებული იქნა „ჩერის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - --- -- - ---, ასევე, ავტომანქანის მძღოლის სავარძლიდან ამოღებულ იქნა მიკრონაწილაკები. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება განხორციელდა ა.-ს რაიონის სოფელ ზ.-სთან, საავტომობილო გზაზე, დათვალიერდა ასევე სხვისი კერძო საკუთრება, კერძოდ, „ჩერის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - --- -- - ---. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ დათვალიერება ეხება კერძო საკუთრებას, ის ტარდება სასამართლოს განჩინებით. განჩინება არ არის აუცილებელი, როდესაც მხარე დათვალიერებას ატარებს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ან მესაკუთრე (მფლობელი) წერილობით გამოხატავს თანხმობას. მოცემულ შემთხვევაში, გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ვერ მოხერხდა მესაკუთრის (მფლობელი) მოძებნა და მისი წინასწარი წერილობითი თანხმობის მიღება. სსსკ-ის 112-ე მუხლი პირდაპირ მიუთითებს, რომ თუ საგამოძიებო მოქმედების დროს ირღვევა ვინმეს საკუთრება ან მფლობელობა, აუცილებელია მისი კანონიერების შემოწმება სასამართლოს მიერ. შესაბამისად, თუ საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია კანონმდებლობის შესაბამისად და სისხლის სამართლის საქმის მასალებიდანაც დასტურდება, რომ ნამდვილად იყო გადაუდებელი აუცილებლობა, მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ, ხოლო თუ საგამოძიებო მოქმედება არ შეესაბამება კანონმდებლობას, მაშინ იღებს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობის და მიღებული ინფორმაციის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას. სასამართლომ არ გაითვალისწინა უზენაესი სასამართლოს მიერ დანერგილი პრაქტიკა გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების სავალდებულოდ შემოწმების თაობაზე და ის, რომ კომუნიკაციის ერთი მხარის თანხმობა არ არის საკმარისი საგამოძიებო მოქმედების კანონიერებისთვის (იხ. საჩივარი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს საჩივარი, რომელიც არ შეეხება აღკვეთის ღონისძიების შესახებ განჩინებას. შესაბამისად, აღნიშნული ნორმა იძლევა შესაძლებლობას საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შემოწმებასთან დაკავშირებული საჩივარი განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მასალები იძლევა პროკურორის საჩივარში მითითებული გარემოებების ზეპირი მოსმენის გარეშე სრულყოფილად შეფასების და ობიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას და არ არსებობს საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის აუცილებლობა.

საგამოძიებო კოლეგიამ განიხილა საჩივარი, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ტარდება მოსამართლის განჩინებით. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ასეთი საგამოძიებო მოქმედება შეიძლება ჩატარდეს სასამართლოს განჩინების გარეშე, გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, რის შემდეგაც მის კანონიერებას ამოწმებს სასამართლო. მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული ისეთი საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შემოწმების შემდეგ, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სასამართლოს გამოაქვს ერთ-ერთი განჩინება: (ა) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ; (ბ) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობის და მიღებული ინფორმაციის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ. გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული საკუთრების, მფლობელობის ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შემზღუდველი საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შემოწმებისას, სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღების უფლებას არ აძლევს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-6 ნაწილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა აირჩიოს ორიდან ერთ-ერთი ალტერნატივა, რაც, რა თქმა უნდა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს. ამიტომ, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მაგისტრატ მოსამართლეს ამ ორის გარდა, სხვა გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვს, მათ შორის, არ გააჩნია ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შესამოწმებლად პროკურორის შუამდგომლობის განხილვაზე უარის თქმის უფლებამოსილება.

ზემოთ აღნიშნულისგან განსხვავებულ წესს ადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადება, რომლის მიხედვითაც, თანამესაკუთრის ან თანამფლობელის ან კომუნიკაციის ერთი მხარის თანხმობა საკმარისია ამ ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების სასამართლოს განჩინების გარეშე ჩასატარებლად.

სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ 2016 წლის 14 ივლისის N1გ/1193 განჩინებაში განმარტა, რომ სსსკ-ის 112-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებაში გამოხატული დათქმა არ ეხება კერძო საკუთრების, მფლობელობისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელმყოფ ისეთ საგამოძიებო მოქმედებებს, როგორიცაა ჩხრეკა (პირადი ჩხრეკა) და ამოღება, ვინაიდან ამ საგამოძიებო მოქმედებების მარეგულირებელი სპეციალური ნორმები (სსსკ-ის 120-ე მუხ. მე-8 ნაწ., 121-ე მუხ. მე-2 ნაწ.) პირიქით, ითხოვს მათი კანონიერების შემოწმებას ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით. აღნიშნული გამომდინარეობს, აგრეთვე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 19 მაისის N609აპ-15 განაჩენიდან, რომლის მიხედვითაც, მესაკუთრის (მფლობელის) თანხმობა არ არის საკმარისი ჩხრეკის სასამართლოს განჩინების გარეშე ჩასატარებლად და თუნდაც მესაკუთრისა და კანონიერი მფლობელის თანხმობით ჩატარებული ჩხრეკისა და ამ ჩხრეკით მოპოვებული მტკიცებულებების კანონიერება ყოველთვის უნდა შეამოწმოს სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ იმავე გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ აღნიშნულ მოთხოვნებს ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 120-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილები (იხ. განაჩენი).

მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის სიღრმისეული ანალიზის, კერძოდ, საკუთრების, მფლობელობის ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელმყოფი საგამოძიებო მოქმედების მარეგულირებელი სპეციალური ნორმების შეფასების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ერთადერთი გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც თანამესაკუთრის, თანამფლობელის ან კომუნიკაციის ერთი მხარის თანხმობა საკმარისია ასეთი საგამოძიებო მოქმედების მოსამართლის განჩინების გარეშე ჩასატარებლად, არის დათვალიერება. ჩხრეკისა და ამოღებისგან განსხვავებით, სადაც ამ საგამოძიებო მოქმედებების მარეგულირებელი სპეციალური მუხლები სასამართლო კონტროლის აუცილებლობაზე მიუთითებს, დათვალიერების დროს, ამ საგამოძიებო მოქმედების მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმაში - სსსკ-ის 125-ე მუხლის მე-2 ნაწილში, აღნიშნულია, რომ სასამართლოს განჩინება არ არის აუცილებელი, როდესაც მხარე დათვალიერებას ატარებს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ან მესაკუთრე (მფლობელი) წერილობით გამოხატავს თანხმობას. მაშასადამე, ჩხრეკისა და ამოღებისაგან განსხვავებით, დათვალიერებაზე ვრცელდება განსხვავებული საპროცესო რეგულაცია და შეიძლება ითქვას, რომ თუ ჩხრეკა და ამოღება ყოველთვის მოითხოვს კონტროლს სასამართლოსგან (განჩინებას წინასწარ ან კანონიერების შემოწმებას გადაუდებელი აუცილებლობისას), დათვალიერების შემთხვევაში, ამის აუცილებლობა არ არსებობს თუ სახეზეა მესაკუთრის (მფლობელის) წერილობითი თანხმობა.

მოცემულ შემთხვევაში, პროკურორის შუამდგომლობა და საჩივარი ეხება გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - შემთხვევის ადგილის დათვალიერების (თანმდევი შედეგებით) კანონიერების შემოწმებას. დათვალიერება და მისი ჩატარების ზოგადი წესი მოწესრიგებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125-126-ე მუხლებით, ხოლო უშუალოდ შემთხვევისა და სხვა ადგილის დათვალიერებას არეგულირებს სპეციალური ნორმა, კერძოდ, სსსკ-ის 127-ე მუხლი, რომელიც კონკრეტულად ადგენს ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერება ტარდება იქ, სადაც მოხდა დანაშაული ან აღმოჩენილია მისი კვალი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საცხოვრებელ, სამსახურებრივ სადგომში ან დახურულ ტერიტორიაზე დათვალიერების მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ ჩატარების შემთხვევაში, მხარე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, რომელსაც ამ კოდექსის 112-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას გამოაქვს განჩინება დათვალიერების ჩასატარებლად. განჩინება ხელმოწერით უნდა გააცნონ პირს, რომლის ბინაშიც ტარდება დათვალიერება, ხოლო თუ დათვალიერება ტარდება იურიდიული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს მფლობელობაში - მის ხელმძღვანელს ან წარმომადგენელს. დასახელებული მუხლის მე-3 ნაწილის ადგენს, რომ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ამ მუხლით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედება შესაძლოა ჩატარდეს ამ კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით.

როგორც ვხედავთ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125-ე მუხლის მე-2 ნაწილში დათვალიერების ჩატარების დროს სასამართლოს განჩინების აუცილებლობაზე საუბარია მაშინ, თუ ის ეხება კერძო საკუთრებას, ხოლო უშუალოდ შემთხვევის ადგილის დათვალიერების მარეგულირებელი სპეციალური ნორმა - სსსკ-ის 127-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს ამ საკითხს და მე-2 ნაწილში უთითებს, რომ საცხოვრებელ, სამსახურებრივ სადგომში ან დახურულ ტერიტორიაზე დათვალიერების მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში, მხარე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს. შესაბამისად, დათვალიერების ჩატარებისას გამომძიებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ: (1) დათვალიერება, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, ტარდება სასამართლოს განჩინებით; (2) განჩინება არ არის აუცილებელი, როდესაც მესაკუთრე (მფლობელი) წინასწარ წერილობით გამოხატავს თანხმობას; (3) გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში ჩატარებული დათვალიერება, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, საჭიროებს შემდგომ სასამართლოს კონტროლს, ხოლო თუ ასეთ ვითარებაში სახეზეა მესაკუთრის წერილობითი თნხმობა, არ საჭიროებს შემდგომში კანონიერების შემოწმებას სასამართლოს მიერ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 127-ე მუხლის მე-2 ნაწილზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია განმარტავს, რომ უშუალოდ შემთხვევის ადგილის დათვალიერებასათან მიმართებაში, სასამართლოს განჩინება აუცილებელია მხოლოდ საცხოვრებელ, სამსახურებრივ სადგომში ან დახურულ ტერიტორიაზე დათვალიერების მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ ჩატარების დროს, რა დროსაც ასეთ მოქმედებაზე ვრცელდება სსსკ-ის 112-ე მუხლის რეგულაცია. იმ შემთხვევაში კი, თუ სახეზეა მფლობელ პირთა (მესაკუთრეთა) თანხმობა, სასამართლო კონტროლის განხორციელების აუცილებლობა არც საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე და არც მისი ჩატარების შემდგომ, არ არსებობს.

დასახელებული ნორმების ანალიზი ცალსახად მიგვანიშნებს იმაზე, რომ თუ შემთხვევის ადგილი არ მდებარეობს საცხოვრებელში, სამსახურებრივ სადგომში ან დახურულ ტერიტორიაზე, მისი დათვალიერებისას სასამართლოს კონტროლის განხორციელებას კანონი არ ითხოვს. მაგალითად, ტყეში, მინდორში, საჯარო თავშეყრის ადგილებში მდებარე შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, სასამართლოს განჩინების მოთხოვნა არ არის საჭირო და არც შემდგომში მისი კანონიერების შემოწმების აუცილებლობა დგება, ვინაიდან სსსკ-ის 127-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც შემთხვევის ადგილის დათვალიერების მარეგულირებელი სპეციალური მუხლია, სასამართლოს განჩინების აუცილებლობაზე საუბრობს მხოლოდ ისეთი დათვალიერებისას, რომელიც ტარდება საცხოვრებელ, სამსახურებრივ სადგომში ან დახურულ ტერიტორიაზე, ხოლო ტყე, მინდორი, საჯარო თავშეყრის ადგილები ან სხვა თავისუფალი სივრცე, სადაც მოქალაქეები თავისუფლად, სხვისი საკუთრების ხელყოფის გარეშე გადაადგილდებიან, არ ითვლება საცხოვრებელ, სამსახურებრივ სადგომად ან დახურულ ტერიტორიად და ვერ იქნება მიჩნეული კერძო საკუთრების (მფლობელობის) ხელყოფად. მაგრამ, თუ მიუხედავად ამისა, მხარე მაინც მიმართავს სასამართლოს და ითხოვს სასამართლო კონტროლის განხორციელებას ასეთი დათვალიერებისას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, მოსამართლე ან კანონიერად ცნობს ჩატარებულ დათვალიერებას ან ცნობს მას უკანონოდ, ხოლო მიღებულ ინფორმაციას დაუშვებლად.

განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ დათვალიერების შედეგად შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი ნივთის, ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ამოღება, საგამოძიებო მოქმედება დათვალიერების შემადგენელი ნაწილია და ასეთ დროს ნივთის ამოღება არ წარმოშობს დათვალიერების სასამართლოს მხრიდან შემოწმების საფუძველს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125-127-ე მუხლებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმ ნაწილში, რომ დათვალიერებისას აღმოჩენილი ნივთის, ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ამოღება, ცალკე არ წარმოშობს დათვალიერების კანონიერების შემოწმებას სასამართლოს მიერ, ვინაიდან იგი ამ საგამოძიებო მოქმედების - დათვალიერების (შემთხვევის ადგილის) შემადგენელი ნაწილია, მაგრამ ყველა შემთხვევაში დაცული უნდა იყოს საპროცესო კანონის მეორე მნიშვნელოვანი მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ თუ დათვალიერება ეხება კერძო საკუთრებას, სახეზე უნდა იყოს მესაკუთრის (მფლობელის) წერილობით გამოხატული თანხმობა. ანუ უნდა გაიმიჯნოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარების არეალი და გაირკვეს შემთხვევის ადგილი მდებარეობს თუ არა კერძო საკუთრებაში ან მფლობელობაში (საცხოვრებელ, სამსახურებრივ სადგომში ან დახურულ ტერიტორიაზე).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ შეამოწმა საჩივარში მითითებული მოცემულობა, საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა საგამოძიებო მოქმედების - ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის დათვალიერების, გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარების საფუძველი, ვინაიდან სახეზე იყო დასაბუთებული ვარაუდი, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას შესაძლოა აღმოჩენილიყო დანაშაულის აშკარა კვალი, ნივთიერი მტკიცებულება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დაყოვნებას შესაძლებელია გამოეწვია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან შეუძლებელი გამხდარიყო მათი მოპოვება. ამასთან, არ არსებობდა ამ საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად წინასწარ სასამართლოს ნებართვის აღების ან შემდგომში მისი კანონიერების შემოწმების აუცილებლობა, ვინაიდან ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილი მდებარეობდა საავტომობილო გზაზე, სადაც უამრავი ადამიანი გადაადგილდება, ის არის საჯარო სივრცე და არ მიეკუთვნება საცხოვრებელ, სამსახურებრივ სადგომს და დახურულ ტერიტორიას. მიუხედავად ამისა, როდესაც პროკურორმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და ითხოვა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შემოწმება, მაგისტრატი მოსამართლე ვალდებული იყო შეემოწმებინა მისი კანონიერება და ეცნო ის ან კანონიერად ან უკანონოდ თანმდევი შედეგებით.

სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია განმარტავს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ჩატარებული ამოღება, რომელიც შესაძლებელია უკავშირდებოდეს კერძო საკუთრებას ან მფლობელობას, არ ითვლება დამოუკიდებელ საგამოძიებო მოქმედებად, რომელიც ხელყოფს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიზანია სწორედ ის, რომ დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ და ამოღებულ იქნეს სისხლის სამართლის საქმისთვის ღირებული საგანი, ნივთიერება, კვალი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. სასამართლოს კონტროლის განხორციელებისას მოწმდება მთლიანად შემთხვევის ადგილის დათვალიერების კანონიერება და არა ცალკეული მოქმედებების, რომლებიც შესაძლოა რაიმეს ამოღებას უკავშირდებოდეს. ამიტომ, შემთხვევის ადგილის დათვალიერება საცხოვრებელი, სამსახურებრივი სადგომის ან დახურული ტერიტორიის გარეთ, თუნდაც მას მოყვეს ვინმეს საკუთრებაში არსებული ნივთების ამოღება, არ წარმოშობს მასზე სასამართლოს კონტროლის აუცილებლობას. მაგალითად, მკვლელობის შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რასაც თან ახლავს მკვლელობის იარაღის ამოღება, საჭიროებს კანონიერების შემოწმებას თუ ის მდებარეობს საცხოვრებელ ბინაში, ხოლო ასეთი მოქმედების ჩატარება ტყეში თუ ამ შემთხვევაშიც დანაშაულის იარაღია ამოღებული, სასამართლოს შემდგომ კონტროლს არ საჭიროებს.

მოცემულ შემთხვევაში, ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად დაზიანებული ავტომანქანის და ამ ავტომანქანის მძღოლის სავარძლიდან ქსოვილის ბოჭკოს (მიკრონაწილაკების) ნიმუშების ამოღება არ საჭიროებდა სასამართლოს კონტროლს, ვინაიდან ეს მოქმედებები თან ახლდა ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის დათვალიერებას, რომელიც მდებარეობდა საჯარო სივრცეში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და პროცესუალური საფუძვლები პროკურორის საჩივრის დასაკმაყოფილებლად, რის გამოც უნდა გაუქმდეს ა.-ს რაიონული სასამართლოს მოსამართლე შალვა მჭედლიშვილის 2016 წლის 18 ივლისის განჩინება ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ პროკურორის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ (იმ საფუძვლით, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება არ საჭიროებს კანონიერების შემოწმებას) და კანონიერად უნდა იქნას ცნობილი შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი გამომძიებლის თ. ვ.-ის მიერ მოსამართლის განჩინების გარეშე სისხლის სამართლის N------------ საქმეზე, გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება - ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის დათვალიერება თანმდევი შედეგებით, რა დროსაც ამოღებულ იქნა „ჩერის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - --- -- - --- და მიკრონაწილაკები ავტომანქანის მძღოლის სავარძლიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3, მე-20, 112-ე, 125-127-ე, 207-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

პროკურორ თ. ზ.-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს ა.-ს რაიონული სასამართლოს მოსამართლე შალვა მჭედლიშვილის 2016 წლის 18 ივლისის განჩინება, მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შესამოწმებლად პროკურორის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ;

კანონიერად იქნას ცნობილი საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი გამომძიებლის - თ. ვ.-ის მიერ მოსამართლის განჩინების გარეშე სისხლის სამართლის N------------ საქმეზე, გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება - შემთხვევის ადგილის დათვალიერება თანმდევი შედეგებით;

განჩინების ასლები გაეგზავნოს და გადაეცეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ პირებს და ორგანოებს;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.