ნახვები: 917
საქმის ნომერი: 3ბ/128-15
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მერაბ ლომიძე,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №3ბ/128-15 (2015-05-21), www.temida.ge
საქმის № 3ბ/128-15

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       21 მაისი, 2015 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მერაბ ლომიძე

სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი
აპელანტი (მოსარჩელე) - რ. ს.
წარმომადგენელი - გ. ჭ.
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური
წარმომადგენელი - ა. თ.
მესამე პირი - ა. ი.
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება
1.1 აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. ს.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 4 სექტემბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის №882008191107-03 (26.06.2008) გადაწყვეტილების გაუქმება, რაზეც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 06 სექტემბრის №158489 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა რ. ს.-ს წარმომადგენელს 2013 წლის 4 სექტემბრის №143141/17 ადმინისტრაციული განცხადების (თავისი შინაარსით საჩივრის) განხილვაზე.
2.2. 2008 წლის 27 ივნისს რ. ს.-სა და ა. ი.-ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, რ. ს.-მ გაყიდა, ხოლო ა. ი.-მ იყიდა უძრავი ქონება, 501,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარე გარდაბნის რაიონი სოფ. მუღანლო. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება გასაჩივრდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა რ. ს.-ს სარჩელი. გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ზემდგომ ინსტანციის სასამართლოში.
2.3. უძრავი ქონება, 501,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარე გარდაბნის რაიონი სოფ. სართიჭალა, საკუთრების უფლებით აღრიცხულია ა. ი.-ს სახელზე.
2.4. 2008 წლის 26 ივნისის №8820081991107-03 გადაწყვეტილება უძრავ ნივთზე მდებარე, სოფელი სართიჭალა (საკადასტრო კოდი: XX.XX.XX.XXX) საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა.
2.5. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2008 წლის 23 ივნისს განცხადება უფლების რეგისტრაციის შესახებ წარდგენილია რ. ს.-ს მიერ.
2.6. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მიერ სასამართლოში არ წარდგენილა უფლების რეგისტრაციისას სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულება. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარგდენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურში 2008 წლის 23 ივნისს წარდგენილ განცხადებას და აზომვით ნახაზს ხელს აწერს არა რ. ს. , არამედ სხვა პირი. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ შეიძლება გაზიარებული იქნეს მოსარჩელის პოზიცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ვინაიდან 2008 წლის 23 ივნისის განცხადებას თანდართული აქვს დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და მიწის ნაკვეთის აზომვით ნახაზსაც ხელს აწერს რ. ს. . ამასთან, მოსარჩელეს არ მიუთითებია და არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, თუ როგორ მოხვდა მისი პირადობის მოწმობის ასლი არაუფლებამოსილ პირთან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასევე მნიშვნელოვანია მოსარჩელესა და მე-3 პირს შორის არსებული 2008 წლის 27 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელსაც ორივე მხარე ქართულად აწერს ხელს. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოპასუხის წარმომადგენელი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა მოსარჩელესა და მე-3 პირს შორის, სადაც მოსარჩელე ქართულად აწერს ხელს. ასევე, რ. ს.-ს ხელმოწერაა აზომვით ნახაზზე. მოპასუხის წარმომადგენელი ასევე მიუთითებს საქმის შეწყვეტის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ არაუფლებამოსილ ორგანოში იქნა წარდგენილ საჩივარი, ვინაიდან მოსარჩელეს საჯარო რეესტრის გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 6 სექტემბრის №158489 გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია ზემდგომ ორგანოში.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.7. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. სასამართლოს მითითებით, იმისათვის, რომ აქტი მიჩნეულ იქნეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, ზემოაღნიშნული დეფინიციის საფუძველზე, ის უნდა შეიცავდეს ოთხ ელემენტს: გამოცემული უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს პირის ან პირთა წრისაკენ და აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირთა სამართლებრივ მდგომარეობას. გამომდინარე იქიდან, რომ სადავო აქტი აკმაყოფილებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტისთვის დადგენილ კრიტერიუმს, სასამართლომ მიიჩნია, რომ მისი კანონიერების შემოწმება გარდა ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონისა, უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებთან შესაბამისობის თვალსაზრისით. ამასთან, სასამართლომ აღნიშნული უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2008 წლის 27 ივნისს რ. ს.-სა და ა. ი.-ს შორის გაფორებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ა. ი.-ს საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება, 501,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე გარდაბნის რაიონი, სოფ. მუღანლო. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. იმავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში რ. ს.-ს წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციულმა ორგანომ იმსჯელა მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე და უარი განაცხადა მე-601-3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებაზე (ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო). განსახილველ შემთხვევაში სახეზეა კანონიერ ძალაში შესული აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტი და ფიზიკური პირის განცხადება, რომლითაც განმცხადებელი ადმინისტრაციული ორგანოსაგან ითხოვს ბათილად ცნოს ადმინისტრაციული აქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ გასაჩივრებულა და სადავოდ გამხდარი არ ყოფილა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ყველა ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე სამართლებრივი კონტროლის განხორციელების უფლებამოსილება სასამართლოს არ გააჩნია. სასამართლო იხილავს კანონით გათვალისწინებული წესით წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონშესაბამისობის საკითხს. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 06 სექტემბრის 158489 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს. გადაწყვეტილება განეკუთვნება 601-3 მუხლის ფარგლებში მიღებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. მისი ბათილად ცნობის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი ვერ უთითებს, თუ რომელ კანონს ეწინააღმდეგება გასაჩივრებული აქტი ან მისი მომზადების და გამოცემისას კანონმდებლობით დადგენილი რომელი მოთხოვნები დაირღვა.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ 2008 წლის 26 ივნისის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 882008191107-03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომლის საფუძველზედაც უძრავ ნივთზე მდებარე, სოფელი სართიჭალა, ფართობი 501,00 კვ.მ (ს.კ XX.XX.XX.XXX) განხორციელდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია რეფორმით მიღებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს. ამ უკანასკნელმა მოსარჩელის წარმომადგენელს უარი უთხრა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, რომლის თანახმადაც, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით. მითითებული ნორმა ადგენს საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებების გასაჩივრების წესს და იგი იმპერატიული ხასიათისაა.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 6 სექტემბრის 1588489 გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის სრული დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.
2.8. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება, კერძოდ, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის დავალება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მხრიდან კანონშესაბამისად იქნა მიღებული გადაწყვეტილება რ. ს.-ს წარმომადგენელ გ. ჭ.-ს 2013 წლის 4 სექტემბრის 143141/17 ადმინისტრაციული განცხადების (თავისი შინაარსით საჩივრის) განხილვის შესახებ და შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურისათვის 2008 წლის 26 ივნისის 882008191107-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის დავალების შესახებ. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ დაამახინჯა ფაქტები და უდავო ფაქტობრივ გარემოებად გამოაცხადა ის, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა 2013 წლის 4 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა ადმინისტრაციული საჩივრით და მოითხოვა ამავე სამსახურის მიერ 2008 წლის 26 ივნისს მიღებული №882008191107-03 გადაწყვეტილების გაუქმება, რაც არასწორია. მან სასამართლოში ხაზგასმით მიუთითა, რომ ეს არ იყო ადმინისტრაციული საჩივარი, იყო თხოვნა, განცხადება, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს ბათილად ეცნო მის მიერვე გამოცემული უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 6 სექტემბრის №158489 გადაწყვეტილებით, როგორც რ. ს.-ს წარმომადგენელს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციულ საჩივრად მიიღო განცხადება მის მიერვე გამოცემული უკანონო აქტის ბათილად ცნობის თხოვნით და თვითონვე თქვა უარი მის განხილვაზე. გარდა ამისა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 23 ივნისის განცხადება უფლების რეგისტრაციის შესახებ წარდგენილია რ. ს.-ს სახელით, მაგრამ სხვა პირის ხელმოწერით.
3.2. აპელანტის მითითებით, 2008 წლის 23 ივნისს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა რ. ს.-ს სახელით გაკეთებული განცხადება და დოკუმენტები უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაციის შესახებ. განცხადებას ხელს აწერს არა რ. ს. , არამედ ვინმე ნ. და ეს კარგად ჩანს შეუიარაღებელი თვალითაც. იგივე ნ. იხდის სარეგისტრაციო თანხას და განცხადებაზე ხელმოწერის იდენტურად აწერს ხელს გადახდის ქვითარზე. სარეგისტრაციო სამსახურს ასევე წარედგინა რ. ს.-ს პირადობის ასლი და საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სადაც დაინტერესებული პირის სახელით არის ხელმოწერა „რ.“, პირადობის ასლზეც არის ხელმოწერა „რ.“ რ. ს.-ს განმარტებით, მას არ მიუმართავს საჯარო რეესტრისათვის უძრავი ქონების რეგისტრაციის თხოვნით, არ მიუცია რწმუნებულება არავისთვის და რომ განცხადებაზე და საკადასტრო ნახაზზე არსებული ხელმოწერები მას არ ეკუთვნის, და რომ მან საერთოდ არაფერი იცოდა მასზე რიცხული ქონების რეგისტრაციის შესახებ. მან ასევე აღნიშნა, რომ არ იცის ქართული წერა-კითხვა და იმ დოკუმენტებზე, სადაც ის ნამდვილად აწერდა ხელს, ამას აკეთებდა მისთვის წინასწარ დიდი შრიფტით დაწერილი ასოების გადახატვით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება უნდა შეიცავდეს განმცხადებლის ხელმოწერას. საჯარო რეესტრის გარდაბნის სამსახურისათვის წარდგენილ განცხადებაზე კი არ იყო რ. ს.-ს ხელმოწერა, სარეგისტრაციო სამსახურმა არ გამოიკვლია წარდგენილი დოკუმენტები და ისე დაარეგისტრირა ქონება, რითაც უხეშად დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78, 96 და 97 მუხლის მოთხოვნები და მიიღო კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რაც ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველია. ამ გარემოებებზე მითითებით მიმართა განცხადებით გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს, რომ გამოეყენებინა მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლება და ბათილად ეცნო მის მიერ გამოცემული უკანონო ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი. მაგრამ გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურმა თავისი 2013 წლის 6 სექტემბრის №158489 გადაწყვეტილებით უარი თქვა განცხადების განხილვაზე. უარის თქმის საფუძვლად კი მიუთითა, რომ განცხადება თავისი შინაარსით იყო ადმინისტრაციული საჩივარი და საჯარო რეესტრის კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოს წესით. სარეგისტრაციო ორგანოს გადაწყვეტილება უკანონოა და ბათილად უნდა იქნას ცნობილი შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლით განცხადებით მოთხოვნილი საკითხი სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას განეკუთვნება ის ვალდებულია არაუგვიანეს 5 დღისა მასალები და განცხადება გადაუგზავნოს უფლებამოსილ ორგანოს. ამავე კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს სრული უფლება ჰქონდა განეხილა მოთხოვნილი საკითხი და მიეღო გადაწყვეტილება. მაგრამ, როგორც განცხადებიდან ჩანს, მან განცხადება მიიღო ადმინისტრაციულ საჩივრად. ამ შემთხვევაში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და წყვეტს ადმინისტრაციული აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ზემდგომი ხელმძღვანელი თანამდებობის პირი, თუ ასეთი არის ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო თუ აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის მიერ და ადმინისტრაციული ორგანოს სახელით ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო. გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 26 ივნისის №882008191107-03 გადაწყვეტილება გამოტანილია სარეგისტრაციო სამსახურის სახელით და ამდენად, თუ განცხადება საჩივრად მიიღო, მას როგორც არაუფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, არ ჰქონდა მისი განხილვის ან მის განხილვაზე უარის თქმის უფლება. მას ის უნდა გადაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითებს, რომ სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის №158489 გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. სამოტივაციო ნაწილის მე-6 პუნქტში სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში რ. ს.-ს წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციულმა ორგანომ იმსჯელა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე და უარი განაცხადა მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებაზე. თვითონ აქტში გარკვევით არის მითითებული, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არც გახსენებია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილი. მან განცხადება საჩივრად მიიღო და არ იმსჯელა მის ბათილად ცნობაზე. ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის გარდაბნის სამსახურის 2013 წლის 6 სექტემბრის №158489 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ის განეკუთვნება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილის ფარგლებში გამოცემულს. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურმა უარი თქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე. ადმინისტრაციულ საჩივრის განხილვაზე უარის თქმას ითვალისწინებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლი და ამის უფლება აქვს საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს. გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური კი იყო და არის არაუფლებამოსილი. არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული აქტი არის უკანონო და ის მე-601 მუხლით ბათილად უნდა იყოს ცნობილი. სასამართლო სამოტივაციო ნაწილის ერთ პუნქტში აცხადებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ თავისი 2013 წლის 6 სექტემბრის №158489 გადაწყვეტილებით იმსჯელა ბათილად ცნობის შესახებ და გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევით. ამასთან, იმავე გადაწყვეტილებით სასამართლომ უარი უთხრა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლო ცრუობს, როცა მიუთითებს, რომ მას არ უჩვენებია, თუ რა კანონი დაარღვია ადმინისტრაციულმა ორგანომ 2013 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილების გამოცემისას, ვინაიდან მან სარჩელშიც და სასამართლო სხდომაზეც გარკვევით მიუთითა, რომ მისი განცხადება არ იყო ადმინისტრაციული საჩივარი, ის იყო უბრალოდ თხოვნა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ბათილად ეცნო მის მიერვე გამოცემული უკანონო ადმინისტრაციული აქტი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად და ამდენად მას უნდა განეხილა განცხადება და თუ მოთხოვნას საფუძვლიანად ჩათვლიდა, დაეკმაყოფილებინა, თუ არადა უარი ეთქვა მის დაკმაყოფილებაზე. ამით ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 თავი, კერძოდ, 178-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის შესაბამისადაც გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური არ არის უფლებამოსილი მის მიერვე გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტზე შეტანილ საჩივრის განხილვაზე, არც მისი დაკმაყოფილების და არც მის განხილვაზე უარის თქმის კუთხით. მას საჩივარი უნდა გადაეგზავნა ეროვნულ სააგენტოში და სწორედ ის იყო უფლებამოსილი მიეღო მსგავსი შინაარსის გადაწყვეტილება. მან ეს გარკვევით მიუთითა სარჩელშიც და სასამართლოშიც. თავის გადაწყვეტილებში კი სასამართლო საერთოდ არ მსჯელობს ამ გარემოებაზე.
3.3. აპელანტის მითითებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ასევე არ დაკმაყოფილდა მეორე სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრის გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს დავალებოდა გამოეცა ახალი აქტი მის მიერვე 2008 წლის 26 ივნისის №882008191107-03 მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ. ამ აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად იგი მიუთითებდა იმ ფაქტს, რომ წარდგენილ განცხადებაზე არ არის დაინტერესებული პირის ხელმოწერა, მასზე მიღებული გადაწყვეტილება თავისთავად უკანონოა, მაგრამ სასამართლოში მოპასუხის წარმომადგენელმა სასარჩელო მოთხოვნის უარის თქმის საფუძვლად მიუთითა, რომ კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, თუ პირმა როგორ უნდა მოაწეროს ხელი განცხადებას ან სხვა დოკუმენტს. მართალია კანონი არ განსაზღვრავს როგორ უნდა მოაწეროს ხელი კერძო პირმა კონკრეტულ დოკუმენტს, მაგრამ ეს არის იშვიათი მოვლენა, პრაქტიკაში ეს არ გამოიყენება და ყველა თავის სახელსა და გვარს სცემს პატივს. ამდენად, როცა რ. ს.-ს სახელით გაკეთებულ განცხადებაზე საჯარო რეესტრმა ნახა სხვა გვარით გაკეთებული ხელმოწერა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ის ვალდებული იყო გამოეკვლია ყველა გარემოება, თუ რითი იყო ის განპირობებული. მასვე ამ განცხადებასთან ერთად ჰქონდა რ. ს.-ს პირადობის ქსერო ასლი, სადაც არის ხელმოწერა „რ.“, მას ჰქონდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სადაც არის დაინტერესებული პირის ხელმოწერა „რ.“, მასვე ჰქონდა ასევე სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის ქვითარი, სადაც იყო თანხის გადამხდელის ხელმოწერა და მისი პირადი ნომერიც. ხელმოწერა იყო აბსოლუტურად იდენტური განცხადებაზე არსებული ხელმოწერისა. ამ ვითარებაში სარეგისტრაციო სამსახური 96-ე მუხლის შესაბამისად ვალდებული იყო გამოეკვლია ეს გარემოება და 97-ე მუხლის მიხედვით გასაუბრებოდა მაინც რ. ს.-ს ამ გარემოებებთან დაკავშირებით, რაც მას არ გაუკეთებია, სწორად ამაში მდგომარეობს მითითებული გადაწყვეტილების უკანონობა. სასამართლომ ასევე უკანონოდ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა წინა საგამოძიებო მასალების გამოთხოვის შესახებ, სადაც ნ. ადასტურებს, რომ განცხადებაზე მან მოაწერა ხელი. სასამართლომ ასევე უკანონოდ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობები გრაფიკული ექსპერტიზის დაკმაყოფილების შესახებ, რითაც უტყუარად დადგინდებოდა, რომ რ. ს.-ს სახელით წარდგენილ დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერები არ ეკუთვნოდა რ. ს.-ს. რაც შეეხება გადაწყვეტილებაში მითითებულ იმ გარემოებას, რომ რეგისტრაციის შემდეგ ნასყიდობის ხელშეკრულებით ქონება გადაფორმდა მესამე პირზე ა. მ.-ზე , ამ ნასყიდობის ხელშეკრულებით რ. ს. შეყვანილი იყო შეცდომაში, მან არ იცოდა მასზე ქონების რეგისტრაციის ფაქტი, მისივე განმარტებით, ა. მ.-მ ის ნოტარიუსთან წაიყვანა მოტყუებით, იმ მიზნით, რომ გაესწორებინათ ნაკვეთის ნომრები და სინამდვილეში კი მას ხელი მოაწერინეს ხელშეკრულებაზე, რომლის ნამდვილი შინაარსი მან არ იცოდა, ვინაიდან არ იცის ქართული წერა-კითხვა და არც ნოტარიუსს მოუთხოვია დამსწრე, რომელიც ამ აქტის გაფორმებას დაესწრებოდა და რ. ს.-ს მის ნამდვილ შინაარსს გააცნობდა. ამ გარემოებებთან დაკავშირებით გარდაბნის შინაგან საქმეთა სამმართველოში უკვე დაწყებულია გამოძიება და რამდენადაც მისთვის ცნობილია დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზებიც.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის განჩინებით რ. ს.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებით რ. ს.-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ ხელახლა განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ არასწორად განმარტა კანონი, რის შედეგადაც მიღებული იქნა ნაწილობრივ სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

ფაქტობრივი დასაბუთება

4.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2013 წლის 4 სექტემბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მოითხოვა გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს ბათილად ეცნო მის მიერვე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული, მაგრამ განმცხადებლის მოსაზრებით უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 26 ივნისის №882008191107-03 გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ს.-ს სახელზე მოხდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განმცხადებელი განცხადებაში მიუთითებდა, რომ მისი განცხადება არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ საჩივარს ან ახალ სარჩელს, არამედ წარმოადგენდა განცხადებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს სთხოვდა მის მიერვე მიღებული უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას. ამასთან, განმცხადებელი ითხოვდა კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობას არა ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე, არამედ იმის გამო, რომ ეს ადმინისტრაციული აქტი იყო უკანონო და ადმინიტრაციულ ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს მის მიერვე მიღებული უკანონო ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა.
4.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 06 სექტემბრის №158489 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა რ. ს.-ს წარმომადგენელს მისი 2013 წლის 4 სექტემბრის №143141/17 განცხადების განხილვაზე. მითითებულ გადაწყვეტილებაში ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ წარდგენილი განცხადება თავისი შინაარსით წარმოადგენდა ადმინისტრაციულ საჩივარს. რ. ს.-ს წარმომადგენელს უარი ეთქვა განცხადების განხილვაზე იმ მოტივით, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით.
4.3. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2008 წლის 26 ივნისის №8820081991107-03 გადაწყვეტილებით, უძრავ ნივთზე, მდებარე სოფელი სართიჭალა (საკადასტრო კოდი: XX.XX.XX.XXX) საკუთრების უფლება დარეგისტრირდა რ. ს.-ს სახელზე. რეგისტრაციის შესახებ მითითებული გადაწყვეტილება თავის დროზე არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.
4.4. 2008 წლის 27 ივნისს რ. ს.-სა და ა. ი.-ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, რ. ს.-მ გაყიდა, ხოლო ა. ი.-მ იყიდა უძრავი ქონება, 501,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე გარდაბნის რაიონი სოფ. მუღანლო.
4.5. უძრავი ქონება, 501,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარე გარდაბნის რაიონი სოფ. სართიჭალა, საკუთრების უფლებით აღრიცხულია ა. ი.-ს სახელზე.
4.6. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2014 წლის 20 თებერვლის №94/გრ კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: 1. ხელმოწერა დოკუმენტზე, მითითებული №1 ცხრილში რიგითი ნომრით 1 შესრულებულია არა რ. ს.-ს, არამედ სხვა პირის მიერ. დადგენა საკითხისა აღნიშნული ხელმოწერა შესრულებულია თუ არა ა. ნ.-ს ან ა. ი.-ს მიერ შეუძლებელია, გამომდინარე იქიდან, რომ არ არის წარმოდგენილი აღნიშნული პირების მიერ შესაბამისი გრაფიკული გამოსახულებით შესრულებული ხელმოწერის ნიმუშები; 2. ხელმოწერები დოკუმენტებზე, მითითებული №1 ცხრილში რიგითი ნომრებით 2, 3, 4 და 5 სავარაუდოდ შესრულებულია ალი ნოვრუზოვის მიერ; 3. ხელმოწრები დოკუმენტებზე, მითითებული №1 ცხრილში რიგითი ნომრებით 6, 7 და 8 შესრულებულია რ. ს.-ს მიერ.

სამართლებრივი დასაბუთება

4.7. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 06 სექტემბრის №158489 გადაწყვეტილება გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევებით და არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 26 ივნისის №882008191107-03 გადაწყვეტილება ძალაში უნდა იქნეს დატოვებული.
4.8. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 06 სექტემბრის №158489 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება განიხილოს მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადება და ბათილად ცნოს მის მიერვე გამოცემული უკანონო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 26 ივნისის №882008191107-03 გადაწყვეტილება. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა იზიარებს საკასაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი განცხადება არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ საჩივარს, ვინაიდან მოთხოვნილი არ იყო ზემდგომ ადმინისტრაციული ორგანოს გაეუქმებინა ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი. ამ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვდა ადმინისტრაციულ ორგანოს გაეუქმებინა მის მიერვე გამოცემული უკანონო ადმინისტრაციული აქტი, რაც თავისი შინაარსით არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ საჩივარს და არც გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური წარმოადგენს სადავო აქტის ბათილობასთან დაკავშირებით საკითხის განმხილველ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს. გარდა ამისა, საკასაციო პალატამ მართებულად აღნიშნა, რომ თუ ადმინისტრაციულ ორგანომ რ. ს.-ს მიერ წარდგენილი განცხადება მიიჩნია ადმინისტრაციულ საჩივრად, იგი ვალდებული იყო განცხადება განსახილველად გადაეგზავნა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
4.9. ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ რ. ს.-ს წარმომადგენლის განცხადება წარმოადგენდა არა ადმინისტრაციულ საჩივარს, რომლითაც მხარე ითხოვს ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ ბათილად ცნოს ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაცილ-სამართლებრივი აქტი, არამედ რ. ს.-ს წარმომადგენლის განცხადება წარმოადგენდა მოსარჩელე მხარის მოთხოვნას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს ბათილად ეცნო მის მიერვე გამოცემული უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მიუხედავად იმისა, რომ იგი კანონიერ ძალაშია შესული. სადავოა საკითხი იმის შესახებ, მოსარჩელეს ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოში ასეთი განცხადების შეტანის უფლება და კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება იმავე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, ვინც ეს აქტი გამოსცა. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მოსაზრებით, მოსარჩელის წარმომადგენელს ასეთი განცხადების შეტანის უფლება არ ჰქონდა და ადმინისტრაციული ორგანოც არ იყო ვალდებული ეს განცხადება განეხილა არა მხოლოდ იმის გამო, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერთან დაკავშირებული დავები საჩივრდება პირდაპირ სასამართლოში, არამედ იმის გამოც, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი კანონიერ ძალაში იყო შესული. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული აქტი შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული საჩივრით ან კანონით დადგენილი წესით პირდაპირ სასამართლოში, ხოლო თუ დაინტერესებულმა პირმა ადმინისტრაციული აქტი გაასაჩივრა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით და ადმინისტრაციული აქტი უკვე კანონიერ ძალაშია შესული, ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ საჩივარს აღარ განიხილავს. კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციული აქტი შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ მაშინ, თუ იარსებებს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად. ამდენად, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როდესაც დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს და მოითხოვოს კანონიერ ძალაში შესული, მის მიერვე გამოცემული თუნდაც უკანონო ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, თუ სახეზე არ არის ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები. მიუხედავად მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციისა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში რ. ს.-ს წარმომადგენელს უფლება ჰქონდა მიემართა ადმინისტრაციული ორგანოსათვის და მოეთხოვა სადავო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 26 ივნისის №882008191107-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საკითხის განხილვა და შესწავლა. როგორც საკასაციო სასამართლომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მიუთითა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება - თავისი ინიციატივით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების საფუძველზე გადასინჯოს მის მიერ გამოცემული კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, განეკუთვნება მის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, მმართველობის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - კანონიერების პრინციპის პრიორიტეტულობისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფის ვალდებულებიდან გამომდინარე. აღნიშნული კომპეტენცია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციული ორგანოს აძლევს შესაძლებლობას წარსულში გამოცემული აქტების გადასინჯვის მეშვეობით, მათი უკანონობის დადგენის შემთხვევაში სახელმწიფოში აღადგინოს სამართლიანი და კანონიერი საჯარო მმართველობის სტანდარტი, რომელიც ამ აქტის ძალაში ყოფნით, მისი შედეგების შესაძლო აღსრულებით იგნორირებული, უგულვებელყოფილი ან დარღვეულ იქნა. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციული ორგანოს ეს უფლებამოსილება მინიჭებული აქვს სწორედ იმ გარემოების გამო, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლა გამორიცხავს ამგვარი აქტით დარღვეული უფლების, შელახული კერძო თუ საჯარო ინტერესის ადმინისტრაციული საჩივრის ან ადმინისტრაციული სარჩელის საპროცესო ინსტიტუტების მეშვეობით აღდგენის შესაძლებლობას, აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული კომპეტენცია გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით, კერძოდ, მოცემულ პროცედურაში აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოარკვიოს, მიუხედავად აქტის უკანონობისა, ექცევა თუ არა იგი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60I მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადებით განსაზღვრულ კატეგორიაში, რადგან გატარებული მმართველობითი ღონისძიების სტაბილურობის და პირის კანონიერი ნდობის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ობიექტად აცხადებს თვით კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და ადგენს მისი გაბათილების დაუშვებლობის სტანდარტს, პირის კანონიერი ნდობის არსებობის პირობებში. საკასაციო სასამართლომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.4 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცალსახად მიიჩნია, რომ თუ კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი აქტით ილახება სხვა პირის კანონიერი უფლებები, შეუძლებელია მისი სამართლებრივი შედეგების შენარჩუნება მესამე პირის კანონიერი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, რადგან ერთი აქტის მიმართ სხვადასხვა პირების კანონიერი უფლებებისადმი დიფერენცირებული მიდგომა, თანაც ამ უფლებების უპირატესობის დაუსაბუთებლობის პირობებში, სრულიად არასამართლიანია. საკასაციო სასამართლოს მითითებით, საჯარო მმართველობის კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფის მიზნიდან გამომდინარე, აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოების ეს კომპეტენცია ეფექტური ინსტრუმენტია და მისი კვალიფიციური და მიუკერძოებელი გამოყენება ადმინისტრაციულ ორგანოთა ფუნქციას წარმოადგენს, რომლის ჯეროვან და კანონშესაბამის რეალიზაციაზე ეროვნულმა სასამართლოებმა სრულფასოვანი და ობიექტური სასამართლო კონტროლის განხორციელება უნდა უზრუნველყონ.
4.10. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საკასაციო სასამართლომ სწორად გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ წინამდებარე სარჩელის საგნიდან გამომდინარე, სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს საკითხი, აქვს თუ არა დაინტერესებულ პირს საპროცესო უფლება, განცხადებით მიმართოს აქტის გამომცემი ადმინისტრაციულ ორგანოს თხოვნით - გადასინჯოს მის მიერ მიღებული, უკვე კანონიერ ძალაში შესული აქტის კანონიერება, მოიცავს თუ არა კონსტიტუციურ პრინციპის მარეალიზებელი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლით გათვალისწინებული - ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, იმ უფლებასაც, რომ პირმა მოსთხოვოს, მიანიშნოს, სთხოვოს ორგანოს ე.წ. საკუთარი უფლებამოსილების გამოყენება. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობის მიზანი სწორედ იმგვარი ნორმატიული სტანდარტების შექმნაა, რომელიც უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვას /ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1.2. მუხლი/. საკასაციო სასამართლომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო მმართველობის მიზნიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობით დაინტერესებული პირი აღჭურვილია რა კანონიერი ნდობის უფლების პრინციპით, რაც ნიშნავს, რომ მას გააჩნია კანონიერი მოლოდინი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების - მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერების სტანდარტთან შესაბამისობაზე, ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლების კონსტიტუციური რანგის პრინციპი განმარტებული უნდა იქნეს ფართო გაგებით, პირს გააჩნია უფლება - არა მხოლოდ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების მოთხოვნით მიმართოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს ან სასამართლოს, არამედ თვით კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადასინჯვის თხოვნით, შეთავაზებით მიმართოს, რომლის გაზიარება-არგაზიარება, ბუნებრივია, ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივ შეფასებას ექვემდებარება. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაინტერესებული პირების მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლების პრინციპის ამ ფორმითაც რეალიზების შესაძლებლობის განმარტება-გაგების ლეგიტიმაცია ხელს შეუწყობს სახელმწიფოში ადმინისტრაციულ ორგანოთა გადაწყვეტილებების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის პრაქტიკის დამკვიდრებას, მით უფრო საკანონმდებლო ხარვეზის პირობებში, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ ადგენს ადმინისტრაციული წარმოების სპეციფიკურ სახეს - აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თავისი ინიციატივით გადასინჯვასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებას. საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ საქმეში მოსარჩელე რ. ს.-ს წარმომადგენლის მიერ სწორედ ამ ფორმით იქნა რეალიზებული ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლების პრინციპი, რასაც ადეკვატური სამართლებრივი შეფასება უნდა მოჰყოლოდა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, შედეგად, მას უნდა დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება - კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თავისი ინიციატივით გადასინჯვასთან დაკავშირებით, უზრუნველეყო დაინტერესებული პირების მოწვევა პროცედურაში და მიეღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, აქტის ბათილად ცნობის ან აქტის ბათილად არცნობის თაობაზე, შესაბამისი დასაბუთებით. საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების გათვალისწინებით სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 06 სექტემბრის №158489 გადაწყვეტილება, რომლითაც არ იქნა განხილული რ. ს.-ს განცხადება, შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს უნდა დაევალოს, საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, სადავო საკითხზე ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება, კანონით დადგენილ ვადაში და კანონით დადგენილი წესით არსებითად განიხილოს რ. ს.-ს წარმომადგენლის გ. ჭ.-ს 2013 წლის 4 სექტემბრის №143141/17 განცხადება და განცხადებაში დაყენებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით გამოსცეს დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
4.11. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 26 ივნისის №882008191107-03 გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა რ. ს.-ს სახელზე. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა, საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, სადავო საკითხზე ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება და კანონით დადგენილ ვადაში და კანონით დადგენილი წესით არსებითად განიხილოს რ. ს.-ს წარმომადგენლის გ. ჭ.-ს 2013 წლის 4 სექტემბრის №143141/17 განცხადება, შესაბამისად, ამ ეტაპზე არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 26 ივნისის №882008191107-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან სწორედ ამ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საკითხზე აქვს დავალებული ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და მის კანონიერებაზე მსჯელობა.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ რ. ს.-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; რ. ს.-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 06 სექტემბრის №158489 გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს უნდა დაევალოს, საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით სადავო საკითხზე ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება, კანონით დადგენილ ვადაში და კანონით დადგენილი წესით არსებითად განიხილოს რ. ს.-ს წარმომადგენლის გ. ჭ.-ს 2013 წლის 4 სექტემბრის №143141/17 განცხადება და განცხადებაში დაყენებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით გამოსცეს დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; არ უნდა დაკმაყოფილდეს რ. ს.-ს სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 26 ივნისის №882008191107-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში.

6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელწმიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. რ. ს.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. რ. ს.-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 06 სექტემბრის №158489 გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს, საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, სადავო საკითხზე ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება, კანონით დადგენილ ვადაში და კანონით დადგენილი წესით არსებითად განიხილოს რ. ს.-ს წარმომადგენლის გ. ჭ.-ს 2013 წლის 4 სექტემბრის №143141/17 განცხადება და განცხადებაში დაყენებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით გამოსცეს დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
5. არ დაკმაყოფილდეს რ. ს.-ს სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 26 ივნისის №882008191107-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში;
6. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.


მოსამართლე მერაბ ლომიძე