საქმის ნომერი: 3ბ/1655-14
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მერაბ ლომიძე,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №3ბ/1655-14 (2015-06-18), www.temida.ge
საქმის № 3ბ/1655-14

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       18 ივნისი, 2015 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მერაბ ლომიძე

სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი
აპელანტი (მოსარჩელე) - დ. ჩ.
წარმომადგენელი - ქ. უ.
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახური
წარმომადგენლები - გ. ო., ე. გ., ს. შ.
აპელანტი (მოპასუხე) - ი/მ ,,ი. გ.’’
წარმომადგენელი - მ. ნ.
თანამოპასუხე - ნ. გ.
წარმომადგენელი - მ. ნ.
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აპელანტ დოდო ჩოფიკაშვილის მოთხოვნა-გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
აპელანტ ირინე გოგოლის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა
აპელანტ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. ჩ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 1999 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება უძრავი ქონების (ს/კ XX.XX.XX.XXX) რეგისტრაციის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 2004 წლის 30 იანვრის უძრავი ქონების (ს/კ XX.XX.XX.XXX) რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს დაეკისრა მოსარჩელე დ. ჩ.-ს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.1. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2002 წლის 18 მარტის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ო. ს.-მ (შპს ,,ს.-ს’’ წარმომადგენელი) გაყიდა, ხოლო დ. ჩ.-მ იყიდა უძრავი ქონება, კერძოდ, ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანში, წ.-ს ქუჩაზე მდებარე შპს ,,ს.-ს’’ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან 1000 კვმ. მიწის ნაკვეთი.
2.2. 2002 წლის 6 ივნისს დ. ჩ.-მ განცხადებით მიმართა ბორჯომის რაიონის რეგისტრატორს და მოითხოვა ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
2.3. 06.06.2002 წლის მდგომარეობით მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, დ. ჩ.-ს საკუთრებაში ირიცხება დაბა ბაკურიანში, წ.-ს ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი №XX.XX.XX.XXX. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია 18.03.2002 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.
2.4. 30.12.1999 წლის მდგომარეობით მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით ი/ს ,,პ.- ს” და ი/მ ი. გ.-ს საკუთრებაში ირიცხება დაბა ბაკურიანში, წ.-ს ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი №XX.XX.XX.XXX. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ბორჯომის რაიონის 1993 წლის მიწის ბალანსი. მითითებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ ინახება მოპასუხე მხარესთან, მათ შორის, ადმინისტრაციულ ორგანოსთან.
2.5. 2004 წლის 23 იანვრის უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ი. გ.-მ გაყიდა, ხოლო ნ. გ.-მ იყიდა უძრავი ქონება, მდებარე ბორჯომის რაიონი დაბა ბაკურიანში, წ.-ს ქუჩაზე, 1000 კვმ. საკადასტრო კოდი №XX.XX.XX.XXX.
2.6. 2004 წლის 30 იანვარს ნ. გ.-მ განცხადებით მიმართა ბორჯომის რაიონის რეგისტრატორს და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. 30.01.2004 წლის მდგომარეობით მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით ნ. გ.-ს საკუთრებაში ირიცხება დაბა ბაკურიანში, წ.-ს ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი XX.XX.XX.XXX

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.7. რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. იმავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლერივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას. მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
2.8. რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრების უფლება დაცული და უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით, რომლის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მეორე მუხლი ადგენს, რომ რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით. ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტს წარმოადგენს სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი 1999 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, დაბა ბაკურიანში, წ.-ს ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი №XX.XX.XX.XXX.) რეგისტრირებულია ი/ს ,"პ.-ს" - ი/მ ი. გ.-ს საკუთრება. ამონაწერში უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტის გრაფაში მითითებულია - ბორჯომის რაიონის 1993 წლის მიწის ბალანსი. ანალოგიური ჩანაწერია გაკეთებული მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათში, რეგისტრაციის თარიღი მითითითებულია 3.12.1999წ. დადგენილია, რომ ი/ს ,,პ.-ს” - ი/მ ი. გ.-ს მითითებული უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცა ბორჯომის რაიონის 1993 წლის მიწის ბალანსის საფუძველზე, რომელიც მან გაასხვისა და ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება 2004 წლის 30 იანვარს დარეგისტრირდა ნ. გ.-ს სახელზე. შესაბამისად, დადგენილია, რომ მოპასუხე ი. გ.-ს საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს ბორჯომის რაიონის 1993 წლის მიწის ბალანსი. მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა ასევე ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხის უფლების სამართლებრივ საფუძვლად მითითებული დოკუმენტი, ადმინისტრაციული წარმოების მასალებში არ მოიპოვება და ამ დოკუმენტს ასევე არ ფლობს მოპასუხე მხარე.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო უთითებს, რომ ი/ს ,"პ.-ს" - ი/მ ი. გ.-ს საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი ბორჯომის რაიონის 1993 წლის მიწის ბალანსი არსებობდა 1999 წელს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შესახებ ჩანაწერის შექმნის დროს, თუმცა მხარე ვერ უთითებს რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით აკეთებს ამგვარ დასკვნას. ამდენად, საქმის განხილვის დროს ადმინისტრაციულ ორგანოსა და ი/ს ,,პ.-ს” - ი/მ ი. გ.-ს არ წარმოუდგენიათ საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებული მიწის ბალანსი, რის გამოც სასამართლოს არ მიეცა მისი გამოკვლევის შესაძლებლობა. მხარეებს ასევე არ მიუთითებიათ ვინ შეიძლება იყოს ამგვარი დოკუმენტის შემდგენი ორგანო ან პირი, ისე, რომ ე.წ. მიწის ბალანსით შესაძლებელი იყოს საკუთრების უფლების დადგენა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარატა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ჩანაწერის შექმნამდე უნდა გამოეკვლია არსებობდა თუ არა სამართლებრივი საფუძველი, კანონიერი დოკუმენტი ი/ს ,"პ.-ს" - ი/მ ი. გ.-ს საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. აღნიშნული გარემოება რეალურად შესაძლებელია გამორიცხავდეს მოპასუხის საკუთრების უფლების არსებობას ქონებაზე. შესაბამისად, უსაფუძვლოს ხდის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2004 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებას უძრავი ქონების ნ. გ.-ზე რეგისტრაციის შესახებ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერის საფუძველი არის ნასყიდობის ხელშეკრულება, თუ დადგინდება გამყიდველის სახელზე უფლების უკანონო რეგისტრაცია, აღნიშნულს მოჰყვება შესაბამისი თანმდევი შედეგი ამავე უძრავი ქონების ნ. გ.-ზე რეგისტრაციის ბათილად ცნობის სახით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კი არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ი/ს ,"პ.-ს"- ი/მ ი. გ.-ს სახელზე საკუთრების შესახებ ჩანაწერის შედგენის დროს საკუთრების ნამდვილი უფლების რეალურად არსებობის სრულყოფილად გამოკვლევის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო მიიღებდა სხვაგვარ გადაწყვეტილებას. ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სასამართლომ აღნიშნა, რომ სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტების კანონიერებას. რეგისტრაციას პრეიდუციული მნიშვნელობა აქვს, ის არის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის პირობა, რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი, რითაც რეგისტრაციის განმახორციელებელი კისრულობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობათა კომპლექსის დაცვის ვალდებულებას.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საკითხის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გამოიკვლიოს და იმსჯელოს საქმის განხილვით დადგენილი რიგი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე ი/ს ,,პ.”-ი/მ ი/მ ,,ი. გ.’’ წარმოადგენს თუ არა სადავო ქონების კანონიერ მესაკუთრეს, არსებობს თუ არა სადავო ქონებაზე მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი რაიმე კანონიერი დოკუმენტი. ზემოთაღნიშნული გარემოებების გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღებისათვის.
2.9. რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლა–შეფასების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა–შეფასების გზით მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე საკანონმდებლო აქტის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე და მტკიცებულებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოებისას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ
გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 1999 წლის 3 დეკემბრის უძრავი ქონების (ს/კ XX.XX.XX.XXX) რეგისტრაციის შესახებ ჩანაწერი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 2004 წლის 30 იანვრის უძრავი ქონების (ს/კ XX.XX.XX.XXX) რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, მხარის კანონიერი ინტერესის არსებობისას და მისი მოთხოვნით, ბათილად ცნოს ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი“. აღნიშნულიდან გამომდინარე მართალია 1999 წლის 3 დეკემბრის ჩანაწერი ძალადაკარგულია ამავე სამსახურის 2004 წლის 30 იანვარს განხორციელებული რეგისტრაციით, მაგრამ მოსარჩელის კანონიერი ინტერესის გათვალისწინებით სასამართლომ იმსჯელა 1999 წლის 3 დეკემბრის ჩანაწერის კანონიერების შესახებაც.

3. დ. ჩ.-ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ ი. გ.-ს და ი/ს „პ.-ს“ საკუთრებაში საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე მოხდა უძრავი ქონების, მდებარე ბორჯომი, დაბა ბაკურიანი, წ. ქ, საკ. კ. XX.XX.XX.XXX, 1000 კვ.მ. რეგისტრაცია. გადაწყვეტილებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ მოპასუხის განმარტებით, ი. გ.-ზე და ი/ს „პ.-ზე“ სადაო უძრავ ქონებაზე საკუთების უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებული „ბორჯომის რაიონის 1993 წლის მიწის ბალანსი“ სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში წარმოდგენილი არ არის, თუმცა ჩანაწერის შექმნის დროს აღნიშნული დოკუმენტი არსებობდა, მაგრამ მხარე ვერ უთითებს რა გარემოებაზე დაყრდნობით აკეთებს ამგვარ დასკვნას. სასამართლო ასევე უთითებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოეკვლია არსებობდა თუ არა სამართლებრივი საფუძველი, კანონიერი დოკუმენტი უძრავი ქონების ი/მ ი. გ.-ზე და ი/ს „პ.-ზე“ საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, იმისათვის, რომ არ დაეშვა, ერთი უძრავი ქონების მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. სასამართლოს განმარტებით, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ი/მ ი. გ.-ზე და ი/ს „პ.-ზე“ საკუთრების შესახებ ჩანაწერის შედგენის დროს საკუთრების ნამდვილი უფლების რეალურად არსებობის სრულყოფილად გამოკვლევის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო მიიღებდა სხვაგვარ გადაწყვეტილებას. აპელანტის მითითებით, მიუხედავად ზემოაღნიშნული მსჯელობისა, სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სადაო ჩანაწერები და ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმესთან დაკავშირებით გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა. აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნული წარმოადგენს გადაწყვეტილების უსწორობას, ვინაიდან, როგორც გადაწყვეტილებით ირკვევა, სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა ის გარემოება, რომ ი/მ ი. გ.-ზე და ი/ს „პ.-ზე“ სადაო მიწის ნაკვეთის აღრიცხვა მოხდა ყოველგვარი უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე. შესაბამისად, სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა უნდა მომხდარიყო თავისი გადაწყვეტილებით, რომლითაც სასამართლო დაადგენდა, წარმოადგენდა თუ არა ი/მ ი/მ ,,ი. გ.’’ და ი/ს „პ.“ სადაო ქონების კანონიერ მესაკუთრეს.
3.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ მის მიერ გამოყენებული მუხლებისა და ამ მუხლებზე სამართლებრივი შეფასებისას არასწორად განმარტა აღნიშნული მუხლები, ვინაიდან გადაწყვეტილება გამოიტანა სადაო საკითხის გადაუწყვეტლად. სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ ი. გ.-ს და ი/ს „პ.-ს“ საკუთრებაში საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე მოხდა უძრავი ქონების მდებარე ბორჯომი, დაბა ბაკურიანი, წ. ქ. საკ. კ. №XX.XX.XX.XXX, 1000 კვ.მ. რეგისტრაცია. გადაწყვეტილებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ მოპასუხის განმარტებით ი. გ.-ზე და ი/ს „პ.-ზე“ სადაო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებული „ბორჯომის რაიონის 1993 წლის მიწის ბალანსი“ სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში წარმოდგენილი არ არის, თუმცა, ჩანაწერის შექმნის დროს აღნიშნული დოკუმენტი არსებობდა, მაგრამ მხარე ვერ უთითებს რა გარემოებაზე დაყრდნობით აკეთებს ამგვარ დასკვნას. აპელანტის მითითებით, სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა უნდა მომხდარიყო თავისი გადაწყვეტილებით, ვინაიდან ნათელია, რომ საჯარო რეესტრის ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ უკანონოდ მოხდა უძრავი ქონების ი/მ ი. გ.-ზე და ი/ს „პ.-ზე“ აღრიცხვა. უფრო მეტიც, მოპასუხემ სხდომაზე მიუთითა, რომ საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებული „ბორჯომის რაიონის 1993 წლის მიწის ბალანსი“ სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არ ინახება, შესაბამისად, არსებობდა იმის სამართლებრივი საფუძველი, რომ სასამართლოს აღნიშნულ საკითხზე თვითონ მიეღო გადაწყვეტილება. მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გამოიწვევს მხოლოდ და მხოლოდ საქმის გაჭიანურებას. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმებული უნდა იქნეს აღნიშნულ ნაწილში, საქმეზე მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება და დ. ჩ.-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

3.3. აპელანტის განმარტებით, ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული. უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. ბორჯომის რაიონში, დაბა ბაკურიანში, წ.-ს ქუჩაზე, ს/კ: №XX.XX.XX.XXX სააღრიცხვო ბარათში გაკეთებული ორივე ჩანაწერი, როგორც 1999 წლიდან 03 დეკემბრის (განცხადების რეგისტრაციის №854/99), ასევე 2004 წლის 30 იანვრის (განცხადების რეგისტრაციის №102/04), შეესაბამება მოქმედ სამართლებრივ ნორმებს, რეგისტრაციის დროს სრულად არის გამოკვლეული ყველა სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოება. აღნიშნული ჩანაწერების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება, საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტი, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, 2004 წლის 30 იანვრის ჩანაწერს საფუძვლად უდევს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ნოტარიუსი ნ. გ. 23.01.2004წ. რეესტრის №X-XXX). სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა მითითებული სამართლებრივი ნორმებით.

3. ი/მ ,,ი. გ.-ს ’’ - ი/ს ,,პარალელის’’ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები
3.4. აპელანტის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანის ერთადერთი საფუძველი არის ის, რომ არ არსებობდა უფლების დამდგენი დოკუმენტი, კერძოდ, მიწის ბალანსი. ფაქტობრივად მხარე დაზარალდა მხოლოდ იმის გამო, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ ან აღარ ჰქონდა უფლების დამდგენი დოკუმენტი, რაც სრული აბსურდია, რადგან გაუგებარია რა შუაშია ეს საერთოდ, რადგან იმ დროს, როდესაც გაიცა საჯარო რეესტრის ამონაწერი ანუ მოხდა საჯარო რეესტრში საკუთრების რეგისტრაცია, ეს დოკუმენტი არსებობდა და სრულიად შესაძლებელია ეს დოკუმენტი ინახებოდეს სხვა წარმოების მასალებში, რადგან ეს არის მთელი რაიონის მიწის ბალანსი. მიწის ბალანსი გახდა რამოდენიმე ათეული უძრავი ქონების რეგისტრაციის საფუძველი, ე.ი. გამოდის, რომ სასამართლომ უნდა გააუქმოს ის რეგისტრაცია, რასაც საფუძვლად დაედო ეს მიწის ბალანსი, ასეთი რამოდენიმე ათასია, ამდენად, სასამართლო ვალდებული იყო ეხელმძღვანელა იმ ჩანაწერებით, რაც არსებობდა და მხოლოდ იმაზე მითითება, რომ ამ წარმოების მასალებში ეს მიწის ბალანსი არ იყო წარმოდგენილი, არის სრული აბსურდი და მასზე სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ რამოდენიმე ათეული წარმოების მასალები დღემდე ამოღებულია სამართალდამცავი ორგანოების მიერ და შესაბამისად შესაძლებელია მიწის ბალანსის დოკუმენტაციაც სწორედ იქ იყოს. შესაბამისად, მხოლოდ იმაზე დაყრდნობით, რომ რაღაც არ იყო სარეგისტრაციო მასალებში, არ შეიძლება მხარის საკუთრების ხელყოფის საფუძველი გამხდარიყო.

სამოტივაციო ნაწილი
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რის შედეგადაც მიღებული იქნა სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

ფაქტობრივი დასაბუთება

4.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2002 წლის 18 მარტის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ო. ს.-მ (შპს ,,ს.-ს’’ წარმომადგენელი) გაყიდა, ხოლო დ. ჩ.-მ იყიდა უძრავი ქონება, კერძოდ, ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანში, წ.-ს ქუჩაზე მდებარე შპს ,,ს.-ს’’ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან 1000 კვმ. მიწის ნაკვეთი. ხელშეკრულების დამოწმებისას ნოტარიუსმა მიუთითა, რომ მითითებულ უძრავ ქონებაზე შპს ,,ს.-ს’’ საკუთრების უფლება დადასტურებულია საჯარო რეესტრიდან ამონაწერით. ამდენად, საქმის მასალებით დგინდება, რომ მიწის ნაკვეთის გასხვისებისას, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მის მესაკუთრეს წარმოადგენდა შპს ,,ს..’’
4.2. 2002 წლის 6 ივნისს დ. ჩ.-მ განცხადებით მიმართა ბორჯომის რაიონის რეგისტრატორს და მოითხოვა ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. 06.06.2002 წლის მდგომარეობით მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, დ. ჩ.-ს საკუთრებაში ირიცხება დაბა ბაკურიანში, წ.-ს ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი №XX.XX.XX.XXX. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია 18.03.2002 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.
4.3. 30.12.1999 წლის მდგომარეობით მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით ი/ს ,"პ.-ს" და ი/მ ი. გ.-ს საკუთრებაში ირიცხება დაბა ბაკურიანში, წ.-ს ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი №XX.XX.XX.XXX. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ბორჯომის რაიონის 1993 წლის მიწის ბალანსი. მითითებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ ინახება მოპასუხე მხარესთან, მათ შორის, ადმინისტრაციულ ორგანოსთან.
4.4. 2004 წლის 23 იანვრის უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებით ი. გ.-მ გაყიდა, ხოლო ნ. გ.-მ იყიდა უძრავი ქონება, მდებარე ბორჯომის რაიონი, დაბა ბაკურიანი, წ.-ს ქუჩაზე, 1000 კვმ. საკადასტრო კოდი №XX.XX.XX.XXX.
4.5. 2004 წლის 30 იანვარს ნ. გ.-მ განცხადებით მიმართა ბორჯომის რაიონის რეგისტრატორს და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. 30.01.2004 წლის მდგომარეობით მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ნ. გ.-ს საკუთრებაში ირიცხება დაბა ბაკურიანში, წ.-ს ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი XX.XX.XX.XXX.
4.6. საქმის მასალებით დგინდება, რომ დ. ჩ.-ს მიერ შპს ,,ს.-სგან’’ შეძენილი მიწის ნაკვეთი და ი. გ.-ს სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული მიწის ნაკვეთი, რომელიც შემდეგ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიჰყიდა თავის დედას ნ. გ.-ს, წარმოადგენს ერთი და იგივე უძრავ ქონებას.

სამართლებრივი დასაბუთება

4.7. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
4.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში რაიონულმა სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად არასწორად სცნო ისინი ბათილად და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არასწორად დაავალა, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელმა არაერთხელ განმარტა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე ი/ს ,"პ.-ს" - ი/მ ი. გ.-ს საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი - ბორჯომის რაიონის 1993 წლის მიწის ბალანსი სარეგისტრაციო წარმოების მასალებში არ იძებნება. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუძლია რაიმე ახალი გარემოების დადგენა, რის გამოც სასამართლო თვითონ იყო ვალდებული საქმის მასალების საფუძველზე სადავო ფაქტობრივი გარემოებებისათვის მიეცა შეფასება და დავის საგანთან დაკავშირებით არსებითად მიეღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული ორგანოსათვის სადავო საკითხის ხელახალი განხილვის დავალდებულების გარეშე.
4.9. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 1999 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება უძრავი ქონების (ს/კ XX.XX.XX.XXX) რეგისტრაციის შესახებ გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით და არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 2004 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება უძრავი ქონების (ს/კ XX.XX.XX.XXX) რეგისტრაციის შესახებ გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.10. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 1999 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება უძრავი ქონების (ს/კ XX.XX.XX.XXX) რეგისტრაციის შესახებ კანონს ეწინააღმდეგება, ასევე, ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესებს, რის გამოც არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 2004 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება უძრავი ქონების (ს/კ XX.XX.XX.XXX) რეგისტრაციის შესახებ კანონს არ ეწინააღმდეგება, ასევე, ის არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებსენ მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.11. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ი. გ.-ს საკუთრებაში უძრავი ქონების (ს/კ XX.XX.XX.XXX) რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 1999 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. უფლების დამდენ დოკუმენტად ანუ რეგისტრაციის განხორციელების ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულია ბორჯომის რაიონის 1993 წლის მიწის ბალანსი, ხოლო სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ’’ საქართველოს კანონი. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ” ქვეპუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. იმავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრის წარმოებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სააგენტო, რომელიც არის ამ კანონით განსაზღვრული საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანო. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი მიუთითებს, რომ სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს რეგისტრაცია, ხოლო იმავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
4.12. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ო’’ ქვეპუნქტის თანახმად, მართლზომიერი მფლობელი არის დაინტერესებული პირი, რომლის სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა სარეგისტრაციო ობიექტზე ყადაღის, განკარგვის აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციამდე, ამასთანავე, სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა ამ კანონის ამოქმედებამდე, ან ყადაღის, განკარგვის აკრძალვის მიუხედავად სარეგისტრაციო დოკუმენტის გამოცემა, მიღება ან შედგენა უშუალოდ არის განსაზღვრული საქართველოს კანონმდებლობით, ასევე პირი, რომელიც არის ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის საგნის მესაკუთრის უფლებამონაცვლე. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ცალსახად არის დადგენილი, რომ პირის მართლზომიერი მფლობელობის უფლებას წარმოშობს ისეთი სახის სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც იძლევა საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამასთან, ი. გ.-ს სახელზე მიწის ნაკვეთის სადავო რეგისტრაციის დროისათვის მოქმედი ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ’’ საქართველოს კანონის (რომელიც მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლადაა მითითებული) პირველი მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთი არის ამ კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით რომელიმე შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა ან სათანადო წესით მათი დამოწმებული ასლი.
4.13. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ი. გ.-ს საკუთრებაში უძრავი ქონების (ს/კ XX.XX.XX.XXX) რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 1999 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების
ფაქტობრივ საფუძვლად ანუ უფლების დამდენ დოკუმენტად მითითებულია ბორჯომის რაიონის 1993 წლის მიწის ბალანსი, თუმცა აღნიშნული მიწის ბალანსი არც სარეგისტრაციო წარმოების მასალებში და არც მხარეებთან დაცული არ არის. სასამართლოს არაერთი მცდელობის მიუხედავად, მხარეებმა ვერ შეძლეს სადავო რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული ბორჯომის რაიონის 1993 წლის მიწის ბალანსის სასამართლოში წარმოდგენა. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. გ.-ს საკუთრებაში უძრავი ქონების რეგისტრაცია მოხდა არარსებული უფლების დამდგენი დოკუმენტზე დაყრდნობით, რაც რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს. გარდა ამისა, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი 1999 წლის 30 დეკემბრის სარეგისტრაციო გადაწყვეტილების საფუძველზე არასწორად აღირიცხა ი. გ.-ს სახელზე საკუთრების უფლებით, ვინაიდან ამ დროისათვის მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა შპს ,,ს.-ს’’ საკუთრებას. კერძოდ, საქმის მასალებით დგინდება და მოსარჩელემაც მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ 1958 წლის 18 ოქტომბრის საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 682-ე და 1968 წლის 19 ნოემბრის 580-ე დადგენილების საფუძველზე, სადავო მიწის ნაკვეთი გადაეცა ჯერ ცეკავშირს მშენებლობისათვის, ხოლო შემდეგ ცეკავშირმა გადასცა შპს ,,ს.-ს’’ საკუთრებაში. ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ 1999 წელს სადავო მიწის ნაკვეთი არასწორად აღიცხა ი. გ.-ს საკუთრებაში, ვინაიდან ამ დროისათვის მის მესაკუთრეს უკვე წარმოადგენდა შპს ,,ს.’’, საიდანაც, თავის მხრივ სადავო მიწის ნაკვეთი შეიძინა დ. ჩ.-მ . შესაბამისად, არა მხოლოდ არ არსებობს და საქმის მასალებში წარმოდგენილია არ არის 1999 წლის 30 დეკემბრის რეგისტრაციის ფაქტობრივი საფუძველი - ბორჯომის რაიონის 1993 წლის მიწის ბალანსი (უფლების დამდგენი დოკუმენტი), საიდანაც დადასტურდებოდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მოსარგებლეს წარმოადგენდა ი. გ., არამედ ასევე არ არსებობდა ამ დროისათვის სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძველიც, ვინაიდან ამ დროისათვის მის მესაკუთრეს უკვე წარმოადგენდა შპს ,,ს.’’. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 1999 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება უძრავი ქონების (ს/კ XX.XX.XX.XXX) რეგისტრაციის შესახებ გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით და არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.14. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 2004 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც სადავო მიწის ნაკვეთი, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა ნ. გ.-ს სახელზე. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ნ. გ.-ს სახელზე რეგისტრაციის საფუძველი გახდა 2004 წლის 23 იანვრის უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ი. გ.-მ გაყიდა, ხოლო ნ. გ.-მ იყიდა უძრავი ქონება, მდებარე ბორჯომის რაიონი დაბა ბაკურიანში, წ.-ს ქუჩაზე, 1000 კვმ. საკადასტრო კოდი №XX.XX.XX.XXX. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ სადავო რეგისტრაციის განხორციელების საფუძველი - 2004 წლის 23 იანვრის უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება დღესაც ძალაშია და გაუქმებული არ არის, რის გამოც სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ასეთ ვითარებაში არ არსებობს უფლების დამდგენილი დოკუმენტის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 2004 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ. ჩ.-ს , ი/მ ,,ი. გ.-ს ’’ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; დ. ჩ.-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფიდლეს ნაწილობრივ; ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 1999 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება უძრავი ქონების (ს/კ XX.XX.XX.XXX) რეგისტრაციის შესახებ, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 2004 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება უძრავი ქონების (ს/კ XX.XX.XX.XXX) რეგისტრაციის შესახებ უნდა დარჩეს ძალაში.

6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტებს დ. ჩ.-ს , ი/მ ,,ი. გ.-ს ’’ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს უკან უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი, კერძოდ: დ. ჩ.-ს დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე და სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი (75+50) 125 ლარი, ი/მ ,,ი. გ.-ს ’’ დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი 75 ლარი, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი 75 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ. ჩ.-ს , ი/მ ,,ი. გ.-ს ’’ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. დ. ჩ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 1999 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება უძრავი ქონების (ს/კ XX.XX.XX.XXX) რეგისტრაციის შესახებ, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 2004 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება უძრავი ქონების (ს/კ XX.XX.XX.XXX) რეგისტრაციის შესახებ დარჩეს ძალაში;
5. აპელანტებს დ. ჩ.-ს , ი/მ ,,ი. გ.-ს ’’ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს უკან დაუბრუნდეთ მათ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი, კერძოდ: დ. ჩ.-ს დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე და სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი (75+50) 125 ლარი, ი/მ ,,ი. გ.-ს ’’ დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი 75 ლარი, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი 75 ლარი;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.


მოსამართლე მერაბ ლომიძე