საქმის ნომერი: 3ბ/1844-16
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე(თავმჯდომარე), ნათია ქუთათელაძე, ქეთევან დუგლაძე,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №3ბ/1844-16 (2017-06-27), www.temida.ge
საქმის № 3ბ/1844-16

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       27 ივნისი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე:
გიორგი ტყავაძე
მოსამართლეები:
ნათია ქუთათელაძე, ქეთევან დუგლაძე,

სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი

აპელანტი _ შ. ლ.

წარმომადგენელი: ბ. ფ.

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი: მ. ლ.

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება

1.1 აპელანტის მოთხოვნა - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

შ. ლ.-ს (პირადი NXXXXXXXXXXX) სარჩელი, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.1. 16.12.2011წ. მდგომარეობით მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დაბა ასპინძა, ,,თოლერთა’’ მდებარე უძრავი ნივთის (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სათიბი, დაზუსტებული ფართობი 1552.00 კვ.მ, ობიექტი N1 საცხოვრებელი სახლი, ობიექტი N2 ბოსელი, საკადასტრო კოდი XX.XX.XX.XXX) მესაკუთრეა შ. ლ. (პ/ნXXXXXXXXXXX), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაცემლი საკუთრების უფლების მოწმობა NXXXX.


2.2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით, სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს’’ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების’’ კომისიის 09.08.2011წ. სხდომის NX ოქმი, ასპინძის რაიონის სოფელ საროში ე.წ. ,,თოლერთაში" არსებულ 1552კვ.მ. მიწის ნაკვეთზე შ. ლ.-ს საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში, ასევე ბათილად იქნა ცნობილი ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2011 წლის 12 დეკემბერს შ. ლ.-ს სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა №XXXX და ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასებისშემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.


2.3. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების’’კომისიის 02.10.2015წ. სხდომის NX ოქმით შ. ლ.-ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან აღნიშნული შენობები შ. ლ.-ს ფაქტობრივ მფლობელობაშია, არა როგორც თვითნებურად დაკავებული, არამედ გარიგების საფუძველზე გადაცემული, გარიგების პროცედურები კი დასრულებული არ არის. რაც შეეხება საკადასტრო ნახაზის მიხედვით შ. ლ.-ს მიერ წარმოდგენილ მიწის ნაკვეთს თვითნებურად დაკავების ფაქტი არ დგინდება, რადგან მიწა არ არის შემოღობილი და არანაირი ნიშნები არ არსებობს, რომ იგი ვინმეს მფლობელობაშია. კომისიის გადაწყვეტილებით კომისიამ უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ასპინძის სარეგისტრაციო სამსახურს მოთხოვნით,გაუქმებული იქნეს შ. ლ.-ს საკუთრების უფლება ,,თოლერთაში’’ მდებარე ს/კ XX.XX.XX.XXX რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე.

2.4. 05.11.2015წ. მდგომარეობით მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დაბა ასპინძა, ,,თოლერთა’’ მდებარე უძრავი ნივთის (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - სათიბი, დაზუსტებული ფართობი - 1552.00 კვ.მ, ობიექტი N1- საცხოვრებელი სახლი, ობიექტი N2 ბოსელი, საკადასტრო კოდი XX.XX.XX.XXX) მესაკუთრის ჩანაწერი გაუქმებულია, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი 23.06.2015 წლის ახალციხის რაიონული სასამართლოს N3/080-15წ გადაწყვეტილება.

2.5. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 თებერვლის NXX/XX მიმართვის თანახმად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის უფროსს ეცნობა, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების’’ კომისიამ 2015 წლის 02 ოქტომბრის სხდომაზე, ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ 2015 წლის 23 ივლისს N15812293-3/080 საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ხელახლა განიხილა შ. ლ.-ს განცხადება, დაბა ასპინძაში ე.წ. ,,თოლერთაში’’ მდებარე 1552 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული 679 კვ.მ შენობა-ნაგებობის საკუთრების უფლების აღიარებასთა დაკავშირებით, კომისიის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება შ. ლ.-ს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

2.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.02.2016 წლის NXXXXX მიმართვით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის უფროსს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით უძრავ ნივთზე, რომელიც იქნა წარდგენილი ელ.ვერსიით (ასპინძა სოფ. სარო, ,,თოლერთა’’ ფართობი 2745 კვ.მ და 3119 კვ.მ) მითითებული საკუთრების უფლება არ იყო რეგისტრირებული. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალა მის: ასპინძა, სოფელი საროში ,,თოლერთა’’ მიწის ნაკვეთი არ იძებნებოდა. ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური და აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის მიზანი იყო განაშენიანებულ ტერიტორიებზე მიწასათან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობის, კეთილმოწყობის ობიექტების, მიწისქვეშა და მიწისზედა საინჟინრო კომუნიკაციების ტექნიკური აღრიცხვა-დახასიათება, ინვენტარიზაცია (ძირითადი და მიმდინარე) და პასპორტიზაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების, კერძოდ ასპინძის რაიონის სოფელი საროს კოლმეურნეობის 1981 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, აღნიშნული ნაკვეთები წარმოადგენდნენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფერმით დაკავებულ ტერიტორიებს. ამასთან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემები არ იძლევა განცხადებაზე თანდართულ ნახაზზე წარმოდგენილ ტერიტორიაზე დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების მქონე უფლებარეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე ინფორმაციის სრულყოფილად მოძიების საშუალებას.

2.7. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 თებერვლის NX/X-XX ბრძანების თანახმად, განხორციელდა ბრძანებაში მითითებული ქონების სახელმწიფო სახელზე რეგისტრაციის მიზნით მიმართვა სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს’’ ასპინძის სარეგისტრაციო სამსახურისადმი, რათა განხორციელებულიყო სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია, თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზების და ელ.ვერსიების შესაბამისად კერძოდ: ა) ასპინძის მუნიციპალიტეტი, სახ. მარაგი ,,თოლერთა’’ მდებარე 3119 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა (431 კვ.მ. ფართი); ბ) ასპინძის მუნიციპალიტეტი, სახ. მარაგი ,,თოლერთა’’ მდებარე 2745 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა (284 კვ.მ ფართი); უფლებამოსილება მიენიჭა სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის უფროს სპეციალისტს, რათა განეხორციელებინა სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (მის: ქ.თბილისი, გ.ჭ.-ქ.NXX), მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში და შემდგომ სასამართლოში.

2.8. 02.03.2016წ. მდგომარეობით მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ასპინძის რაიონი, სახელმწიფო მარაგი, ,,თოლერთა’’ მდებარე უძრავი ნივთის (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 2745.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობა N1, საკადასტრო კოდი XX.XX.XX.XXX) მესაკუთრეა სახელმწიფო, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ბრძანება NX/X-XX.

2.9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 05 აპრილის NXXXXX გადაწყვეტილებით დადასტურდა მიწის ნაკვეთის დანიშნულების შეცვლის რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადების დასაბუთებულობა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3119 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მდებარე: ასპინძის მუნიციპალიტეტი, სახელმწიფო მარაგი, ,,თოლერთა’’, ს/კ XX.XX.XX.XXX მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ.

2.10. 06.04.2016წ. მდგომარეობით მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ასპინძის რაიონი, სახელმწიფო მარაგი, ,,თოლერთა’’ მდებარე უძრავი ნივთის (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 3119.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობა N1, საკადასტრო კოდი XX.XX.XX.XXX) მესაკუთრეა სახელმწიფო, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გადაწყვეტილება NXXXXX, ბრძანება NX/X-XX .


დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.11. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის „ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.“ ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ ქცეული აქტი, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ ქ/პ თანახმად, სახელმწიფო ქონება ეს არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე;

ასპინძის რაიონის სოფელ ხიზაბავრის საკრებულოს 2003 წლის 22 აპრილის NX ოქმის მიხედვით საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შ. ლ.-სათვის „მიესყიდა“ მწყემსების საცხოვრებელი ბინა და ბოსელი, ხოლო 2003 წლის 30 აპრილის თანხის გადახდის დამადასტურებელი NXX ქვითრით დასტურდება, რომ შ. ლ.-მ გადაიხადა შენობის ღირებულება 150 ლარი.

სასამართლომ ვერ გაიზირა, მოსარჩელის პოზიცია იმის შესახებ, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა წარმოადგენს შ. ლ.-ს საკუთრებას შემდეგ გარემოებათა გამო. სასამართლომ პირველ რიგში აღნიშნა, რომ საკუთრების უფლებას წარმოშობს მხარეთა შორის დადდებული გარიგება. 2003 წელს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით მიხედვით „თუ გარიგების ფორმა მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებას, მაშინ დამოწმება უნდა განახორციელოს ნოტარიუსმა, მოსამართლემ ან კანონით გათვალისწინებულმა სხვა პირმა.“ ამავე რედაქციის სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი „უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. რეგისტრაციისათვის განცხადების შეტანა შეუძლია როგორც გამსხვისებელს, ისე შემძენს“.

სასამართლომ აღნიშნა, რომ შ. ლ.-ს მიერ წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება იმას, რომ მას საკუთრებაში გააჩნდა გარკვეული ქონება, რომელიც სახელმწიფომ საკუთრებაში დაირეგისტრირა, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული დოკუმენტი სასამართლოში არ წარმუდგენია. მართალია საქმეში წარმოდგენილია და ასევე ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 ივლისის N3/080-15წ გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ არსებობს ოქმი, რომლის თანახმად შ. ლ.-ს მიესყიდა უძრავი ქონება თუმცა ეს არ წარმოადგენს საკუთრების (უფლების) დამდგენ კანონით დადგენილ დოკუმენტს და სასამართლოს მიერ ვერ იქნა მიჩნეული მოსარჩელის საკუთრების უფლების დამდგენ შესაბამის მტკიცებულებად.

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 თებერვლის NX/X-XX ბრძანება გამოცემული იქნა კანონის სრული დაცვით, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები


ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადაო აქტი მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. ამდენად სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 თებერვლის NX/X-XX ბრძანება გამოცემული იქნა კანონის სრული დაცვით, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.



3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობები


აპელანტი ითხოვს გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დაკმაყოფილდეს მისი მოთხოვნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 თებერვლის NX/X-XX ბრძანებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს NXXXXX გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.

აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილი. კერძოდ, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. შესაბამისად, დასახელებული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით არასწორ გადაწყვეტილებამდე მივიდა. სასამართლომ ასევე დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“ და ,,ე1“ მუხლის მოთხოვნები.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:

4.1. სააპელაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

4.4. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

4.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლიტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

4.6. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აფასებს, რა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას, მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას არ იზიარებს.

ფაქტობრივი დასაბუთება:

4.7. 16.12.2011წ. მდგომარეობით მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დაბა ასპინძა, ,,თოლერთა’’ მდებარე უძრავი ნივთის (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სათიბი, დაზუსტებული ფართობი 1552.00 კვ.მ, ობიექტი N1 საცხოვრებელი სახლი, ობიექტი N2 ბოსელი, საკადასტრო კოდი XX.XX.XX.XXX) მესაკუთრეა შ. ლ. (პ/ნXXXXXXXXXXX), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაცემლი საკუთრების უფლების მოწმობა NXXXX.

4.8. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით, სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს’’ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების’’ კომისიის 09.08.2011წ. სხდომის NX ოქმი, ასპინძის რაიონის სოფელ საროში ე.წ. ,,თოლერთაში" არსებულ 1552 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე შ. ლ.-ს საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში, ასევე ბათილად იქნა ცნობილი ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2011 წლის 12 დეკემბერს შ. ლ.-ს სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა №XXXX და ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასებისშემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

4.9. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების’’კომისიის 02.10.2015წ. სხდომის NX ოქმით შ. ლ.-ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან აღნიშნული შენობები შ. ლ.-ს ფაქტობრივ მფლობელობაშია, არა როგორც თვითნებურად დაკავებული, არამედ გარიგების საფუძველზე გადაცემული, გარიგების პროცედურები კი დასრულებული არ არის. რაც შეეხება საკადასტრო ნახაზის მიხედვით შ. ლ.-ს მიერ წარმოდგენილ მიწის ნაკვეთს თვითნებურად დაკავების ფაქტი არ დგინდება, რადგან მიწა არ არის შემოღობილი და არანაირი ნიშნები არ არსებობს, რომ იგი ვინმეს მფლობელობაშია. კომისიის გადაწყვეტილებით კომისიამ უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ასპინძის სარეგისტრაციო სამსახურს მოთხოვნით,გაუქმებული იქნეს შ. ლ.-ს საკუთრების უფლება ,,თოლერთაში’’ მდებარე ს/კ XX.XX.XX.XXX რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე.

4.10. 05.11.2015წ. მდგომარეობით მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დაბა ასპინძა, ,,თოლერთა’’ მდებარე უძრავი ნივთის (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - სათიბი, დაზუსტებული ფართობი - 1552.00 კვ.მ, ობიექტი N1- საცხოვრებელი სახლი, ობიექტი N2 ბოსელი, საკადასტრო კოდი XX.XX.XX.XXX) მესაკუთრის ჩანაწერი გაუქმებულია, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი 23.06.2015 წლის ახალციხის რაიონული სასამართლოს N3/080-15წ გადაწყვეტილება.

4.11. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 თებერვლის NXX/XX მიმართვის თანახმად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის უფროსს ეცნობა, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების’’ კომისიამ 2015 წლის 02 ოქტომბრის სხდომაზე, ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ 2015 წლის 23 ივლისს N15812293-3/080 საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ხელახლა განიხილა შ. ლ.-ს განცხადება, დაბა ასპინძაში ე.წ.,,თოლერთაში’’ მდებარე 1552 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული 679 კვ.მ შენობა-ნაგებობის საკუთრების უფლების აღიარებასთა დაკავშირებით, კომისიის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება შ. ლ.-ს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

4.12. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.02.2016 წლის NXXXXX მიმართვით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის უფროსს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით უძრავ ნივთზე, რომელიც იქნა წარდგენილი ელ.ვერსიით (ასპინძა სოფ. სარო, ,,თოლერთა’’ ფართობი 2745 კვ.მ და 3119 კვ.მ) მითითებული საკუთრების უფლება არ იყო რეგისტრირებული. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალა მის: ასპინძა, სოფელი საროში ,,თოლერთა’’ მიწის ნაკვეთი არ იძებნებოდა. ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური და აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის მიზანი იყო განაშენიანებულ ტერიტორიებზე მიწასათან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობის, კეთილმოწყობის ობიექტების, მიწისქვეშა და მიწისზედა საინჟინრო კომუნიკაციების ტექნიკური აღრიცხვა-დახასიათება, ინვენტარიზაცია (ძირითადი და მიმდინარე) და პასპორტიზაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების, კერძოდ ასპინძის რაიონის სოფელი საროს კოლმეურნეობის 1981 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, აღნიშნული ნაკვეთები წარმოადგენდნენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფერმით დაკავებულ ტერიტორიებს. ამასთან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემები არ იძლევა განცხადებაზე თანდართულ ნახაზზე წარმოდგენილ ტერიტორიაზე დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების მქონე უფლებარეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე ინფორმაციის სრულყოფილად მოძიების საშუალებას.

4.13. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 თებერვლის NX/X-XX ბრძანების თანახმად, განხორციელდა ბრძანებაში მითითებული ქონების სახელმწიფო სახელზე რეგისტრაციის მიზნით მიმართვა სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს’’ ასპინძის სარეგისტრაციო სამსახურისადმი, რათა განხორციელებულიყო სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია, თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზების და ელ.ვერსიების შესაბამისად კერძოდ: ა)ასპინძის მუნიციპალიტეტი, სახ. მარაგი ,,თოლერთა’’ მდებარე 3119 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა (431 კვ.მ. ფართი); ბ)ასპინძის მუნიციპალიტეტი, სახ. მარაგი ,,თოლერთა’’ მდებარე 2745 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა (284 კვ.მ ფართი); უფლებამოსილება მიენიჭა სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის უფროს სპეციალისტს, რათა განეხორციელებინა სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

4.14. 02.03.2016წ. მდგომარეობით მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ასპინძის რაიონი, სახელმწიფო მარაგი, ,,თოლერთა’’ მდებარე უძრავი ნივთის (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 2745.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობა N1, საკადასტრო კოდი XX.XX.XX.XXX) მესაკუთრეა სახელმწიფო, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ბრძანება NX/X-XX.

4.15. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 05 აპრილის NXXXXX გადაწყვეტილებით დადასტურდა მიწის ნაკვეთის დანიშნულების შეცვლის რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადების დასაბუთებულობა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3119 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მდებარე: ასპინძის მუნიციპალიტეტი, სახელმწიფო მარაგი, ,,თოლერთა’’, ს/კ XX.XX.XX.XXX მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ.

4.16. 06.04.2016წ. მდგომარეობით მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ასპინძის რაიონი, სახელმწიფო მარაგი, ,,თოლერთა’’ მდებარე უძრავი ნივთის (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 3119.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობა N1, საკადასტრო კოდი XX.XX.XX.XXX) მესაკუთრეა სახელმწიფო, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გადაწყვეტილება NXXXXX, ბრძანება NX/X-XX.

სამართლებრივი დასაბუთება

4.17. საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესწავლის შედეგად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ შ. ლ.-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 თებერვლის NX/X-XX ბრძანება ასპინძის მუნიციპალიტეტში, სახ. მარაგი ,,თოლერთა“ მდებარე მიწის ნაკვეთებზე არსებული შენობა-ნაგებობების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის ნაწილში და დაევალოს მოპასუხე მხარეს - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

4.18. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 თებერვლის NX/X-XX ბრძანების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. აღნიშნული ბრძანების თანახმად, განხორციელდა ბრძანებაში მითითებული ქონების სახელმწიფო სახელზე რეგისტრაციის მიზნით მიმართვა სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს’’ ასპინძის სარეგისტრაციო სამსახურისადმი, რათა განხორციელებულიყო სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია, თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზების და ელ.ვერსიების შესაბამისად კერძოდ: ა)ასპინძის მუნიციპალიტეტი, სახ. მარაგი ,,თოლერთა’’ მდებარე 3119 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა (431 კვ.მ. ფართი); ბ)ასპინძის მუნიციპალიტეტი, სახ. მარაგი ,,თოლერთა’’ მდებარე 2745 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა (284 კვ.მ ფართი).

4.19. დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 თებერვლის NX/X-XX ბრძანების საფუძველზე საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ასპინძის რაიონში, (სახელმწიფო მარაგი, ,,თოლერთა’’) მდებარე უძრავი ნივთის (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 2745.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობა N1, საკადასტრო კოდი XX.XX.XX.XXX) მესაკუთრეა სახელმწიფო, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ბრძანება NX/X-XX.

საქმეში წარმოდგენილია 2011 წლის 04 მარტის საარქივო ცნობა, რომლის თანახმად ახალციხის არქივში დაცული ასპინძის რაიონის ხიზაბავრის საკრებულოს 2003 წლის 22 აპრილის NX ოქმის დადგენილებით დასტურდება, რომ მიეყიდა ,,თოლერთაში" მდებარე საცხოვრებელი ბინა ბოსლით, შ. ს.-ს ძე ლ.-ს.

4.20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150–ე მუხლის თანახმად, ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირი, რომელიც არის შენობის მესაკუთრე ასევე არის ამ შენობის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.

4.21. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“.

4.22. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ბრძანების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საქმის გარემოებები სრულყოფილად არ იქნა შესწავლილი, კერძოდ, სახელმწიფოს სახელზე უძრავი ნივთის რეგისტრაციის თაობაზე მიმართვამდე მოპასუხეს არ გამოუკვლევია უძრავი ნივთის ნაწილი ხომ არ იყო სხვა პირის საკუთრება.

4.23. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ,,სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე”. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, სასამართლოს აქტი სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის, სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

ამდენად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტი, მათ შორის ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება (საქმე N3/080-15) შესასრულებლად სავალდებულოა სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის’’ აღნიშნული გადაწყვეტილებაში კი მითითებულია, რომ ასპინძის რაიონის სოფელს ხიზაბავრის საკრებულოს 2003 წლის 22 აპრილის NX ოქმით მიეყიდა ,,თოლერთაში“ საცხოვრებელი ბინა ბოსლით, შ. ს.-ს ძე ლ.-ს. ამასთან სს ,,სახალხო ბანკის ასპინძის ფილიალში 2003 წლის 30 აპრილს NXXX ქვითრით შ. ლ.-მ გადაიხადა 150 ლარი ხიზაბავრის საკრებულოს ანგარიშზე შენობის ღირებულება.

4.24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.

სააპელაციო პალატა მიუთითებს მხარეებს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოში საქმის განხილვისას (საქმე N3/080-15) მონაწილეობდნენ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო’’ და შ. ლ. ისევე როგორც ამ საქმის განხილვისას.

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 თებერვლის NX/X-XX ბრძანების გამოცემისას აღნიშნული სააგენტოსთვის ცნობილი იყო ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების თაობაზე, თავად იყო საქმის მხარე, თუმცა ამ გარემოებებისათვის მოპასუხეს არ მიუცია სათანადო შეფასება.

4.25. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, "წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას". ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, "ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს".

როგორც ზემოთ აღინიშნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ-ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.

4.26. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი .

მითითებული ნორმიდან გამომდინარე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 თებერვლის NX/X-XX ბრძანება ასპინძის მუნიციპალიტეტში, სახ. მარაგი ,,თოლერთა“ მდებარე მიწის ნაკვეთებზე არსებული შენობა-ნაგებობების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის ნაწილში და დაევალოს მოპასუხე მხარეს - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან მიმართებით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე და არსებობს მოსარჩელეთა გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადო შეფასება უნდა მისცეს სოფელს ხიზაბავრის საკრებულოს 2003 წლის 22 აპრილის NX საოქმო გადაწყვეტილებას, რომლითაც მიეყიდა ლ.-ს შენობა ბოსლით, ასევე სახალხო ბანკის 2008 წლის 11 ნოემბრის NXXX ცნობას, რომლის თანახმად სს ,,სახალხო ბანკის ასპინძის ფილიალში 2003 წლის 30 აპრილს NXXX ქვითრით შ. ლ.-მ გადაიხადა 150 ლარი ხიზაბავრის საკრებულოს ანგარიშზე შენობის ღირებულება.

გარდა აღნიშნულისა გამოსაკვლევია ის გარემოებაც იყო თუ არა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება უძრავი ქონების პრივატიზების შესახებ. 2003 წელს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით მიხედვით „თუ გარიგების ფორმა მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებას, მაშინ დამოწმება უნდა განახორციელოს ნოტარიუსმა, მოსამართლემ ან კანონით გათვალისწინებულმა სხვა პირმა.“ სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის 2003 წელში მოქმედი რედაქციის თანახმად, კონკურსით, აუქციონითა ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას (გარდა აუქციონის ფორმით აქციების გაყიდვისა), მყიდველსა და გამყიდველს შორის იდება სანოტარო წესით დამოწმებული შესაბამისი ხელშეკრულება, იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზებისას კი_საიჯარო ხელშეკრულება.

4.27. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას იმის შესახებ რომ გასაჩივრებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 თებერვლის NX/X-XX ბრძანებას მთლიანად იქნეს ბათილად ცნობილი, ნაწილობრივ უსაფუძვლოა, რადგან სოფელს ხიზაბავრის საკრებულოს 2003 წლის 22 აპრილის NX საოქმო გადაწყვეტილებაში მითითებულია მხოლოდ შენობაზე ბოლით. ამდენად, მხოლოდ შენობების ფართის ნაწილში უნდა იქნეს ბათილად ცნობილი გასაჩივრებული ბრძანება სადავო საკითხის გადაუწყვეტად და დანარჩენი ფართის ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა, ვინაიდან მოსარჩელეს ფართის სხვა ნაწილზე უფლება საერთოდ არ უდგინდება.

4.27. აპელანტი სააპელაციო საჩივარში უთითებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს NXXXXX გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი გაზარდოს მოთხოვნა მოპასუხის თანხმობის გარეშე. ამასთან ეს მოთხოვნა მიმართულია სხვა მოპასუხის მიმართ, ამდენად სააპელაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნული NXXXXX გადაწყვეტილების კანონიერების თაობაზე.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრით ნაწილობრივ გაბათილებული იქნა სასამართლოს დასკვნები სარჩელის უსაფუძვლობის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.

6. საპროცესო ხარჯები:

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 55-ე მუხლების თანახმად, შ. ლ.-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 250 ლარის ნახევარი 125 ლარი (პირველი ინსტანციის სასამართლოში 100 ლარი, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში 150 ლარი) უნდა დაეკისროს მოპასუხეს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ.

6.2. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელე მოითხოვდა ადვოკატის მომსახურების გადახდილი 1000 ლარის მოპასუხისთვის დაკისრებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საქმის სირთულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი თანხის ნაწილი 125 ლარი. აღნიშნული თანხის ოდენობის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:


1. შ. ლ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შ. ლ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 თებერვლის NX/X-XX ბრძანება ასპინძის მუნიციპალიტეტში, სახ. მარაგი ,,თოლერთა“ მდებარე მიწის ნაკვეთებზე არსებული შენობა-ნაგებობების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის ნაწილში და დაევალოს მოპასუხე მხარეს - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან მიმართებით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

4. მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 125 ლარის და ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 125 ლარის გადახდა (ჯამში 250 ლარის) მოსარჩელის სასარგებლოდ;

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. #32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს (მდებარე, თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა) მეშვეობით.