საქმის ნომერი: 4/ა-95-15
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მერაბ ლომიძე,
გადაწყვეტილების სახე: დადგენილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, დადგენილება, საქმე №4/ა-95-15 (2017-02-27), www.temida.ge
საქმის № 4/ა-95-15

დადგენილება
საქართველოს სახელით
       27 თებერვალი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მერაბ ლომიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. ბ.-ს საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის თიანეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 05 ნოემბრის №4-ა/94-14 დადგენილებაზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2014 წლის 24 სექტემბერს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის მიერ მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში თიანეთის მუნიციპალიტეტში წარდგენილი იქნა სამართალდარღვევის მასალები ნ. ბ.-ს მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლადარღვევის ჩადენის თაობაზე.

მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის თიანეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 05 ნოემბრის №4-ა/94-14 დადგენილებით ნ. ბ. (მცხოვრები: თიანეთი, ხაშურის ქ.#X, პირადი №XXXXXXXXXXX) ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ხე-ტყის კონფისკაციის გარეშე. ნ. ბ.-ს დაეკისრა გარემოსათვის მიყენებული ზიანის 38 ლარის გადახდა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის მიერ 2014 წლის 10 სექტემბერს შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №XXXXXX მასზედ, რომ ნ. ბ.-მ თიანეთის სატყეო უბნის ზარიძეების სატყეოს კვარტალ №XX-ში უკანონოდ დაამზადა 1მ3 ნაყარი შეშა.

სასამართლომ საქმეში არსებული მასალების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და პასუხისგებაში მიცემული პირის განმარტების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია ნ. ბ.-ს მიერ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე საშეშე მერქნის უკანონოდ ტყით სარგებლობის ფაქტი, რაც წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას.

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის დამზადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ბ.-მ უკანონოდ, ნებართვის გარეშე, ოჯახის საჭიროებისათის უკანონოდ დაამზადა 1მ3 ნაყარი შეშა, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე და სახდელის სახით უნდა შეეფარდოს ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, ჩამორთმეული ხე-ტყის კონფისკაციის გარეშე.

სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-40 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულმა სამართალდარღვევამ ქონებრივი ზიანი მიაყენა მოქალაქეს, საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას ან სახელმწიფოს, მაშინ მოსამართლე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის სახდელის დადების საკითხის გადაწყვეტისას ვალდებულია სამართალდამრღვევს იმავდროულად დააკისროს მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

სასამართლომ განმარტა, რომ გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშება შედგენილია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №54 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკუკრი რეგლამენტის - ,, გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის მეთოდიკის’’ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ბ.-ს უნდა დაეკისროს გარემოსათვის მიყენებული ზიანის სახით 38 ლარის გადახდა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის თიანეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 05 ნოემბრის №4-ა/94-14 დადგენილება გასაჩივრებული იქნა ნ. ბ.-ს მიერ.

საჩივრის ავტორის მითითებით, სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა არ გაითვალისწინეს, რომ ჰქონდა დამზადების ქვითარი და ამზადებდა შეშას, რაც არ იყო დატვირთული სატრანსპორტო საშუალებაზე და მხოლოდ მეტყევესთან შეთანხმებით შესაბამისი საბუთის გაცემის შემდეგ მოახდენდა ტრანსპორტირებას.

საჩივრის ავტორის განმარტებით, არის სოციალურად დაუცველი და არ აქვს საშუალება გადაიხადოს დაკისრებული ჯარიმა.

საჩივრის ავტორი ითხოვს გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის თიანეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 05 ნოემბრის №4-ა/94-14 დადგენილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა გაეცნო წარმოდგენილ საჩივარს, საქმეში არსებულ მასალებს და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების, აგრეთვე ამ კოდექსის 234[1] მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების გამო საჩივრისა და პროტესტის განხილვისას შეამოწმებს მიღებული დადგენილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზეც დგინდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობა ან არარსებობა, პირის ბრალეულობა მის ჩადენაში და სხვა გარემოებები. მტკიცებულებებს წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და სხვა მასალები.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის მიერ 2014 წლის 10 სექტემბერს შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №XXXXXX მასზედ, რომ ნ. ბ.-მ თიანეთის სატყეო უბნის ზარიძეების სატყეოს კვარტალ №XX-ში უკანონოდ დაამზადა 1მ3 ნაყარი შეშა.

დადგენილია, რომ ნ. ბ.-ს ქმედებით გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 38 ლარი.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის დამზადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

სააპელაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ნ. ბ.-ს მიერ ჩადენილი იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლადარღვევა.

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაშინ საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.

სააპელაციო პალატას ნ. ბ.-ს მიერ ჩადენილი სამართალდარღვევით გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობის, ასევე სამართალდამრღვევის მიერ ჩადენილი ქმედების სამართალდარღვევის ხასიათის, დამრღვევის პიროვნების, მისი ქონებრივი მდგომარეობის, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ ნ. ბ.-ს მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა შეფასებული უნდა იქნეს მცირემნიშვნელობის მქონედ და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22–ე მუხლის საფუძველზე ნ. ბ. უნდა გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და უნდა მიეცეს სიტვიერი შენიშვნა.

ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად, ნ. ბ. ვალდებულია აანაზღაუროს გარემოსათვის მიყენებული ზიანი 38 ლარის დოენობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის თიანეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 05 ნოემბრის №4-ა/94-14 დადგენილება ნ. ბ.-სათვის ჯარიმის სახით 500 ლარის დაკისრების ნაწილში სამართალდარღვევის მცირე მნიშვნელობის გამო და ამ ნაწილში შეწყდეს საქმის წარმოება, ხოლო გასაჩივრებული დადგენილება ძალაში უნდა დარჩეს ნ. ბ.-სათვის ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული გარემოსათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის 38 ლარის ანაზღაურების ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე, 273-ე, 276, 278-ე, 279-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ბ.-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სამართალდარღვევის მცირე მნიშვნელობის გამო, გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის თიანეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 05 ნოემბრის №4-ა/94-14 დადგენილება ნ. ბ.-სათვის ჯარიმის სახით 500 ლარის დაკისრების ნაწილში, ნ. ბ.-ს გამოეცხადოს სიტყვიერი შენიშვნა და ამ ნაწილში შეწყდეს სამართალდარღვევის საქმის წარმოება;
3. მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის თიანეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 05 ნოემბრის №4-ა/94-14 დადგენილება ძალაში დარჩეს ნ. ბ.-სათვის ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული გარემოსათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის 38 ლარის ანაზღაურების ნაწილში.
4. დადგენილება საბოლოოა და არ საჩივრდება.