საქმის ნომერი: (3ბ/923-15)
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მერაბ ლომიძე(თავმჯდომარე), ნათია ქუთათელაძე, ქეთევან დუგლაძე,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №(3ბ/923-15) (2015-09-16), www.temida.ge
საქმის № 330310014468353
საქმის № (3ბ/923-15)

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       16 სექტემბერი, 2015 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე:
მერაბ ლომიძე
მოსამართლეები:
ნათია ქუთათელაძე, ქეთევან დუგლაძე,

სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს პრეზიდენტი
წარმომადგენელი - ფ. ზ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. ა.
წარმომადგენელი - გ. ფ.

თავდაპირველი თანამოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
წარმომადგენელი - ნ. პ.

თავდაპირველი თანამოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი - მ. ი.

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება

1.1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ა.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის მოქალაქეობის საკითხთა სამმართველოს 2007 წლის 03 ივლისის დასკვნა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის საკითხთა კომისიის 2007 წლის 03 ივლისის №XXX დადგენილება და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 08 აგვისტოს ბრძანებულება №XXX ლ. ა.-ს ნაწილში; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსარჩელე ლ. ა.-ს სასარგებლოდ დაეკისრათ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან - 50 ლარის გადახდა.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი ქალაქ სოხუმის მმროს მიერ 1997 წლის 30 ოქტომბერს გაცემული №XXXXXX დაბადების მოწმობით დგინდება, რომ ლ. ხ.-ს ძე ა. დაიბადა 1975 წლის 29 სექტემბერს ქ. სოხუმში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2001 წლის 05 აპრილს ლ. ა.-ს სახელზე გაცემული იქნა საქართველოს რესპუბლიკის პასპორტი, პ/ნ XXXXXXXXXXX, 2006 წლის 05 აპრილამდე მოქმედების ვადით.

2.2. საქმეში წარმოდგენილი განცხადების თანახმად, 2006 წლის 18 სექტემბერს ლ. ა.-მ მიმართა რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს და განუმარტა, რომ აფხაზეთის ომის დროს გადავიდა საცხოვრებლად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, საომარმა მოქმედებებმა განაპირობა პირადი დოკუმენტების ნაწილობრივ ლიკვიდირება, მათ შორის, სამხედრო ბილეთის, რის გამოც აღნიშნული დოკუმენტი არ გააჩნდა. რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოში ლ. ა.-ს მიერ გადახდილი იქნა საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ განცხადების მიღების საფასური.

2.3. საქმეში წარმოდგენილი განცხადების თანახმად, 2006 წლის 18 სექტემბერს ლ. ა.-მ მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს 1993 წლის 25 მარტის კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვა მისი საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხის გადაწყვეტა.

2.4. 2006 წლის 18 სექტემბერს საქართველოს საელჩომ რუსეთის ფედერაციაში მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტს და წარუდგინა ლ. ა.-ს განცხადება საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე.

2.5. მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის მოქალაქეობის საკითხთა სამმართველოს 2007 წლის 03 ივლისის დასკვნის შესაბამისად, მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ ლ. ა.-ს თხოვნის დაკმაყოფილება.

2.6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის საკითხთა კომისიის 2007 წლის 03 ივლისის №XXX დადგენილებით დამტკიცდა მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის, მოქალაქეობის საკითხთა სამმართველოს 2007 წლის 03 ივლისის დასკვნა ლ. ა.-ს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ. ლ. ა.-ს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ განცხადების წინასწარი განხილვის მასალა, დასკვნასთან ერთად, წარედგინა საქართველოს პრეზიდენტს.

2.7. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 08 აგვისტოს №XXX ბრძანებულებით, ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 31-ე და 33-ე მუხლების შესაბამისად, დაკმაყოფილდა ლ. ა.-ს (დაბადებული 1975 წლის 29 სექტემბერს საქართველოში, ქ. სოხუმში, მცხოვრები რუსეთის ფედერაციაში) თხოვნა საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ.

2.8. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 10 თებერვლის №XXXXXXXXX ხელწერის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: 1. ხელმოწერები ლ. ა.-ს სახელით, განლაგებული: განცხადებებზე 2006 წლის 18 სექტემბრის თარიღით რუსეთის ფედერაციის საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის სახელზე (ს/ფ 153), მარჯვენა მხარეს, გრაფაში ,,განმცხადებლის ხელმოწერა” და 2006 წლის 18 სექტემბრის თარიღით, საქართველოს პრეზიდენტის სახელზე (ს.ფ. 154) მარჯვენა მხარეს, გრაფაში ,,განმცხადებლის ხელმოწერა”, შესრულებულია არა ლ. ა.-ს, არამედ სხვა პირის მიერ; 2. ხელნაწერი ტექსტი განლაგებული: განცხადებაზე 2006 წლის 18 სექტემბრის თარიღით რუსეთის ფედერაციის საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის სახელზე (ს/ფ 153) და მცირე ჩანაწერი ,,განცხადება დაიწერა ჩემი კარნახით” განლაგებული 2006 წლის 18 სექტემბრის თარიღით შედგენილ განცხადებაზე, საქართველოს პრეზიდენტის სახელზე (ს.ფ. 154) მეათე გრაფის ბოლოს, მარცხენა მხარეს, შესრულებულია ერთიდაიგივე პირის მიერ; 3. უსახელო წერილების ხელნაწერი ტექსტები, რომლებიც იწყება და მთავრდება სიტყვებით ,,იცი აქ მჭირდება ..., ... რომ შენ ხომ” (ს/ფ 234) და ,,გამარჯობა დედა! ...” ”... უცებ გააგზავნეთ სასწრაფოა” (ს/ფ 235) შესრულებულია ერთიდაიგივე პირის მიერ.; 4. ხელნაწერი ტექსტები განლაგებული დასკვნის მეორე პუნქტში აღწერილ საბუთებზე: განცხადებაზე 2006 წლის 18 სექტემბრის თარიღით რუსეთის ფედერაციის საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის სახელზე (ს/ფ 153) და მცირე ჩანაწერი ,,განცხადება დაიწერა ჩემი კარნახით” განლაგებული 2006 წლის 18 სექტემბრის თარიღით შედგენილ განცხადებაზე, საქართველოს პრეზიდენტის სახელზე (ს.ფ. 154) მეათე გრაფის ბოლოს, მარცხენა მხარეს და დასკვნის მესამე პუნქტში აღწერილი საბუთები: უსახელო წერილების ხელნაწერი ტექსტები, რომლებიც იწყება და მთავრდება სიტყვებით ”იცი აქ მჭირდება ..., ... რომ შენ ხომ” (ს/ფ 234) და ”გამარჯობა დედა! ...” ”... უცებ გააგზავნეთ სასწრაფოა” (ს/ფ 235) შესრულებულია სხვადასხვა პირის მიერ.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.9. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

2.10. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ 1993 წლის 25 მარტის ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, მოქალაქეობა ნიშნავს პირის პოლიტიკურ სამართლებრივ კავშირს საქართველოს სახელმწიფოსთან, რაც გამოიხატება ურთიერთსანაცვლო უფლება-მოვალეობათა ერთიანობით, ემყარება ადამიანის ღირსების პატივისცემას, მისი უფლებებისა და თავისუფლებების აღიარებას. ეს კანონი საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქის უფლებათა დაცვას როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საქართველოში ამ კანონით დადგენილი წესით ყოველ ადამიანს აქვს საქართველოს მოქალაქეობის უფლება. არავის არ შეიძლება შეეზღუდოს მოქალაქეობის შეცვლის უფლება, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. არავის არ შეიძლება ჩამოერთვას საქართველოს მოქალაქეობა, ხოლო მე-7 მუხლის მიხედვით კი საქართველოს ფარგლებს გარეთ საქართველოს მოქალაქის ცხოვრება თავისთავად არ იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას.

1993 წლის 25 მარტის ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლებია: ა) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა; ბ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა; გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები. იმავე კანონის 31-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს აქვს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის უფლება. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხი წყდება ამ კანონის შესაბამისად. საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლაზე სახელმწიფოს წინაშე შეუსრულებელი მოვალეობის, სამხედრო ვალდებულების მოუხდელობის ან ქონებრივ ვალდებულებათა არსებობისას, რომლებიც დაკავშირებულია მოქალაქეთა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებით ინტერესებთან. არ შეიძლება საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა, თუ პირი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან მის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, რომელიც აღსრულებას ექვემდებარება.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი განცხადების თანახმად, 2006 წლის 18 სექტემბერს ლ. ა.-მ მიმართა რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს და განუმარტა, რომ აფხაზეთის ომის დროს გადავიდა საცხოვრებლად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, საომარმა მოქმედებებმა განაპირობა პირადი დოკუმენტების ნაწილობრივ ლიკვიდირება, მათ შორის სამხედრო ბილეთის, რის გამოც აღნიშნული დოკუმენტი არ გააჩნდა. რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოში ლ. ა.-ს მიერ გადახდილი იქნა საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ განცხადების მიღების საფასური.

საქმეში წარმოდგენილი განცხადების თანახმად, 2006 წლის 18 სექტემბერს ლ. ა.-მ მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს 1993 წლის 25 მარტის კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვა მისი საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხის გადაწყვეტა.

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2006 წლის 18 სექტემბერს საქართველოს საელჩომ რუსეთის ფედერაციაში მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტს და წარუდგინა ლ. ა.-ს განცხადება საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე.

1993 წლის 25 მარტის ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე, ხოლო 34-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისა და მოქალაქეობის აღდგენის შესახებ განცხადებები დაინტერესებულ პირებს შეაქვთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.

საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები პირები განცხადებას საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების მეშვეობით ან პირდაპირ უგზავნიან საქართველოს პრეზიდენტს. იმავე კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებასა და წარდგინებას განიხილავს და შესაბამის დასკვნას ამზადებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

2.11. საქალაქო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 09 ნოემბრის №637 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ” დებულებით (ძალადაკარგულია საქართველოს პრეზიდენტის 01.30.2009 №34 ბრძანებულებით) განსაზღვრულია ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა (საქართველოს მოქალაქეობის მიღება, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა, საქართველოს მოქალაქეობის დადგენა, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა) განხილვა-გადაწყვეტის, აგრეთვე, მოქალაქეობის საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების, მათი კონტროლისა და მოქალაქეობის საკითხთა სტატისტიკის წარმოების წესები. საქართველოს მოქალაქეობის მიღების, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. მოქალაქეობის საკითხებით დაინტერესებულ პირთა განცხადებებსა და კანონით უფლებამოსილ ორგანოთა წარდგინებას წინასწარ განსახილველად ამზადებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის დეპარტამენტი, რომელიც დასკვნას აღნიშნულის თაობაზე წარუდგენს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის საკითხთა კომისიას (შემდგომში - კომისია). კომისიის დადგენილება საქმის მასალასთან ერთად საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს მოქალაქეობის მიღების, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის, საქართველოს მოქალაქეობის დადგენის, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ განცხადებები დაინტერესებულ პირებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში შეაქვთ წერილობითი ფორმით. საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები პირები წერილობით განცხადებებსა და საკითხის განხილვისათვის საჭირო დოკუმენტებს შეიტანენ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში შესაბამის ქვეყნებში. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება ვალდებული არიან საბუთების მიღებიდან ერთ თვეში უზრუნველყონ მათი წარდგენა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.

საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 09 ნოემბრის №637 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ” დებულებით, მოქალაქეობის საკითხებზე საქმეთა განხილვის პროცესში მოპოვებული მასალის საფუძველზე იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის დეპარტამენტი ადგენს მოტივირებულ დასკვნას განცხადების, წარდგინების ან სხვა სახის მასალის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის მიზანშეწონილობის შესახებ. დასკვნა თანდართულ მასალასთან ერთად განიხილება კომისიის სხდომაზე და მტკიცდება კომისიის დადგენილებით. კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. კომისიის დადგენილებას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე.

საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 09 ნოემბრის №637 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ” დებულების მე-5 თავის 47-ე პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხთა განსახილველად დაინტერესებული პირი იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის დეპარტამენტში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს: ა) საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ყოფილი სსრკ-ს სიმბოლიკიანი პასპორტი, რეგისტრაციის (ჩაწერის) დამადასტურებელი დოკუმენტი) ასლს; ბ) ცნობას იმის თაობაზე, რომ იგი დადგენილი წესით არ არის გაწვეული სავალდებულო სამხედრო სამსახურის გასავლელად; დ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) 2 ფოტოსურათს ზომით 3 X 4.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის მსურველი პირი საქართველოს პრეზიდენტის სახელზე ავსებს დადგენილი ფორმის განცხადებას, ხოლო 48-ე პუნქტის მიხედვით კი საქართველოს მოქალაქეობის მიღების, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხთა განხილვის პროცესში იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის დეპარტამენტი იღებს ზომებს დაინტერესებული პირის ნასამართლობის შესამოწმებლად, საჭიროების შემთხვევაში კი, კომპეტენტური ორგანოებისაგან გამოითხოვს ცნობებს იმის შესახებ, არის თუ არა დაინტერესებული პირი მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში და ხომ არ არსებობს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი, რომელიც აღსრულებას ექვემდებარება. მოქალაქეებს, სახელმწიფო ორგანიზაციებსა და ორგანოებს, რომელთა მიმართაც საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის მსურველ პირს აქვს შეუსრულებელი მოვალეობები ან ქონებრივი ვალდებულებანი, უფლება აქვთ მიმართონ იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის დეპარტამენტს და წარუდგინონ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება, სასამართლოს გადაწყვეტილება, სააღსრულებო ფურცელი და სხვ.). იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის დეპარტამენტს უფლება აქვს შეაჩეროს საკითხის განხილვა მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებების შეწყვეტამდე.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2006 წლის 18 სექტემბერს საქართველოს საელჩომ რუსეთის ფედერაციაში მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტს და წარუდგინა ლ. ა.-ს განცხადება საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე. ასევე დადგენილია, რომ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შემდეგ, მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის, მოქალაქეობის საკითხთა სამმართველოს 2007 წლის 03 ივლისის დასკვნის შესაბამისად, მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ ლ. ა.-ს თხოვნის დაკმაყოფილება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის საკითხთა კომისიის 2007 წლის 03 ივლისის №XXX დადგენილებით დამტკიცდა მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის, მოქალაქეობის საკითხთა სამმართველოს 2007 წლის 03 ივლისის დასკვნა ლ. ა.-ს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ. ლ. ა.-ს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ განცხადების წინასწარი განხილვის მასალა, დასკვანსთან ერთად, წარედგინა საქართველოს პრეზიდენტს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 08 აგვისტოს №XXX ბრძანებულებით, ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 31-ე და 33-ე მუხლების შესაბამისად დაკმაყოფილდა ლ. ა.-ს (დაბადებული 1975 წლის 29 სექტემბერს საქართველოში, ქ. სოხუმში, მცხოვრები რუსეთის ფედერაციაში) თხოვნა საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 09 ნოემბრის №637 ბრძანებულებით დამტკიცებულ ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ” დებულებაზე, რომლითაც აქტის გამოცემის პერიოდში დადგენილი იყო, რომ მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებებს დაინტერესებული პირები წარადგენდნენ პირადად, რაც ემსახურებოდა იმას, რომ საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ პირს ნება პირადად უნდა გამოეხატა.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 10 თებერვლის №XXXXXXXXX ხელწერის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 1. ხელმოწერები ლ. ა.-ს სახელით, განლაგებული: განცხადებებზე 2006 წლის 18 სექტემბრის თარიღით რუსეთის ფედერაციის საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის სახელზე (ს/ფ 153), მარჯვენა მხარეს, გრაფაში ,,განმცხადებლის ხელმოწერა” და 2006 წლის 18 სექტემბრის თარიღით, საქართველოს პრეზიდენტის სახელზე (ს.ფ. 154) მარჯვენა მხარეს, გრაფაში ,,განმცხადებლის ხელმოწერა”, შესრულებულია არა ლ. ა.-ს, არამედ სხვა პირის მიერ. 2. ხელნაწერი ტექსტი განლაგებული: განცხადებაზე 2006 წლის 18 სექტემბრის თარიღით რუსეთის ფედერაციის საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის სახელზე (ს/ფ 153) და მცირე ჩანაწერი ,,განცხადება დაიწერა ჩემი კარნახით” განლაგებული 2006 წლის 18 სექტემბრის თარიღით შედგენილ განცხადებაზე, საქართველოს პრეზიდენტის სახელზე (ს.ფ. 154) მეათე გრაფის ბოლოს, მარცხენა მხარეს, შესრულებულია ერთიდაიგივე პირის მიერ. 3. უსახელო წერილების ხელნაწერი ტექსტები, რომლებიც იწყება და მთავრდება სიტყვებით ,,იცი აქ მჭირდება ..., ... რომ შენ ხომ” (ს/ფ 234) და ,,გამარჯობა დედა! ...” ”... უცებ გააგზავნეთ სასწრაფოა” (ს/ფ 235) შესრულებულია ერთიდაიგივე პირის მიერ. 4. ხელნაწერი ტექსტები განლაგებული დასკვნის მეორე პუნქტში აღწერილ საბუთებზე: განცხადებაზე 2006 წლის 18 სექტემბრის თარიღით რუსეთის ფედერაციის საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის სახელზე (ს/ფ 153) და მცირე ჩანაწერი ,,განცხადება დაიწერა ჩემი კარნახით” განლაგებული 2006 წლის 18 სექტემბრის თარიღით შედგენილ განცხადებაზე, საქართველოს პრეზიდენტის სახელზე (ს.ფ. 154) მეათე გრაფის ბოლოს, მარცხენა მხარეს და დასკვნის მესამე პუნქტში აღწერილი საბუთები: უსახელო წერილების ხელნაწერი ტექსტები, რომლებიც იწყება და მთავრდება სიტყვებით ,,იცი აქ მჭირდება ..., ... რომ შენ ხომ” (ს/ფ 234) და ,,გამარჯობა დედა! ...” ”... უცებ გააგზავნეთ სასწრაფოა” (ს/ფ 235) შესრულებულია სხვადასხვა პირის მიერ.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 10 თებერვლის №XXXXXXXXX ხელწერის ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ლ. ა.-ს ნება საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ არ გამოუხატავს, მას არც რუსეთის ფედერაციის საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურისათვის და არც საქართველოს პრეზიდენტისათვის არ მიუმართავს თხოვნით საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა ცალსახად და არაორაზროვნად მიუთითებს, რომ ხელმოწერები ლ. ა.-ს სახელით, განლაგებული: განცხადებებზე 2006 წლის 18 სექტემბრის თარიღით რუსეთის ფედერაციის საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის სახელზე (ს/ფ 153), მარჯვენა მხარეს, გრაფაში ,,განმცხადებლის ხელმოწერა” და 2006 წლის 18 სექტემბრის თარიღით, საქართველოს პრეზიდენტის სახელზე (ს.ფ. 154) მარჯვენა მხარეს, გრაფაში ,,განმცხადებლის ხელმოწერა”, შესრულებულია არა ლ. ა.-ს, არამედ სხვა პირის მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 10 თებერვლის №XXXXXXXXX ხელწერის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არ არსებობდა ლ. ა.-ს ნება საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე, მოსარჩელეს თხოვნით არ მიუმართავს უფლებამოსილი ორგანოსათვის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის მოქალაქეობის საკითხთა სამმართველოს 2007 წლის 03 ივლისის დასკვნა, ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის საკითხთა კომისიის 2007 წლის 03 ივლისის №XXX დადგენილება და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 08 აგვისტოს ბრძანებულება №XXX ლ. ა.-ს ნაწილში, ვინაიდან აღნიშნული აქტები ემყარებიან მხოლოდ განმცხადებლის თხოვნას საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე.

2.12. საქალაქო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, ხოლო მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მისაღებად პირი ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი მოთხოვნა, დაბადების მოწმობა ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, ფოტოსურათი, ხოლო თუ წარდგენილი ან სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული დოკუმენტი არ ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას და საჭიროა მისი მოქალაქეობრივი კუთვნილების გადამოწმება – აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც შეიძლება წარდგენილი და გამოყენებული იქნეს დაბადების მოწმობის ნაცვლად, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პირადობისა და საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმებისა და გაცემის, უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო ამ უფლებამოსილებათა ან/და მათ განსახორციელებლად საჭირო ცალკეულ მოქმედებათა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ განხორციელების წესი, ვადები და ფარგლები − ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი. ეს წესი არეგულირებს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის (შემდგომში – რეგისტრაცია) და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის (შემდგომში – პასპორტი), საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის (შემდგომში – სამგზავრო პასპორტი) და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტის (შემდგომში – სამგზავრო დოკუმენტი) გაცემის საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

ზემოაღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირის პირველად რეგისტრაციის შემთხვევაში, გარდა დაბადების რეგისტრაციის დროს არასრულწლოვანი პირის რეგისტრაციის შემთხვევისა, ასევე როცა სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ მოიპოვება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ან რეგისტრაციის განხორციელების პროცესში შექმნილი ფოტოსურათიანი ჩანაწერი, ან ფოტოსურათის არსებობის მიუხედავად ვერ დგინდება პირის იდენტურობა განაცხადზე დართულ ფოტოსურათთან ხანდაზმულობის ან სხვა მიზეზის გამო, ფოტოსურათზე გამოსახული პირის იდენტურობა განაცხადში მითითებული პირის მონაცემებთან სააგენტოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით შეიძლება წერილობით დაადასტუროს ნებისმიერმა სრულწლოვანმა პირმა (ფოტოიდენტურობის დადასტურება), ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საბავშვო დაწესებულების ხელმძღვანელის, ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის, სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის, გამგეობის (მერიის) რწმუნებულის, პატიმრობის/ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სამხედრო ნაწილის მეთაურის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ ფოტოიდენტურობის დადასტურება ხდება წერილობით და მათი გამოცხადება სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე სავალდებულო არ არის. აღნიშნულ პირთა მიერ გაცემულ ფოტოიდენტურობის დამადასტურებელ დოკუმენტზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი ბეჭდით, ამასთან, დოკუმენტზე დაკრულ ფოტოსურათზე ბეჭედი უნდა დაისვას იმგვარად, რომ ბეჭდის ნაწილი გადადიოდეს ფოტოსურათზე და დარღვეული არ იყოს ბეჭდის მთლიანობა.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაევალოს მოპასუხე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გასცეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ლ. ა.-ს სახელზე უსაფუძვლოა, ვინაიდან პიროვნების ბიომეტრიული მონაცემებისა და ფოტოიდენტურობის დადასტურების გარეშე შეუძლებელია გაიცეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

2.13. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60[1] მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60[1] მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის მოქალაქეობის საკითხთა სამმართველოს 2007 წლის 03 ივლისის დასკვნა, ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის საკითხთა კომისიის 2007 წლის 03 ივლისის №XXX დადგენილება და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 08 აგვისტოს ბრძანებულება №XXX ლ. ა.-ს ნაწილში. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას დაევალოს მოპასუხე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გასცეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ლ. ა.-ს სახელზე, სასამართლომ მიიჩნია, ამ ნაწილში მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რამდენადაც საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელე ლ. ა.-მ განცხადება მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ, შესაბამისი მომსახურების მიღებისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითართან და სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად წარადგინა საქართველოს საელჩოში რუსეთის ფედერაციაში, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაგზავნილი იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამის შემდეგ, იმ დროს მოქმედი ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ დებულების სრული დაცვით განხილული იქნა ლ. ა.-ს განცხადება, სრულყოფილად ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული მასალების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ლ. ა.-ს მოთხოვნის დაკმაყოფილების და საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ.

3.2. აპელანტის განმარტებით, არც საქართველოს იუსიტიციის სამინისტროს და არც საქართველოს პრეზიდენტს არ ჰქონდა საფუძველი ეჭვი შეეტანა ლ. ა.-ს ხელმოწერის ნამდვილობაში. შესაბამისად, ადმინისტარციული ორგანოების მიერ ადგილი არ ჰქონია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60[1] მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის წინაპირობას წარმოადგენს.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ არასწორად განმარტა კანონი, რის შედეგადაც მიღებული იქნა სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

ფაქტობრივი დასაბუთება

4.1. საქმეში წარმოდგენილი ქალაქ სოხუმის მმროს მიერ 1997 წლის 30 ოქტომბერს გაცემული №XXXXXX დაბადების მოწმობით დგინდება, რომ ლ. ხ.-ს ძე ა. დაიბადა 1975 წლის 29 სექტემბერს ქ. სოხუმში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2001 წლის 05 აპრილს ლ. ა.-ს სახელზე გაცემული იქნა საქართველოს რესპუბლიკის პასპორტი, პ/ნ XXXXXXXXXXX, 2006 წლის 05 აპრილამდე მოქმედების ვადით.

4.2. საქმეში წარმოდგენილი განცხადების თანახმად, 2006 წლის 18 სექტემბერს ლ. ა.-მ მიმართა რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს და განუმარტა, რომ აფხაზეთის ომის დროს გადავიდა საცხოვრებლად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, საომარმა მოქმედებებმა განაპირობა პირადი დოკუმენტების ნაწილობრივ ლიკვიდირება, მათ შორის, სამხედრო ბილეთის, რის გამოც აღნიშნული დოკუმენტი არ გააჩნდა. რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოში ლ. ა.-ს მიერ გადახდილი იქნა საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ განცხადების მიღების საფასური.

4.3. საქმეში წარმოდგენილი განცხადების თანახმად, 2006 წლის 18 სექტემბერს ლ. ა.-მ მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს 1993 წლის 25 მარტის კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვა მისი საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხის გადაწყვეტა.

4.4. 2006 წლის 18 სექტემბერს საქართველოს საელჩომ რუსეთის ფედერაციაში მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტს და წარუდგინა ლ. ა.-ს განცხადება საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე.

4.5. მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის მოქალაქეობის საკითხთა სამმართველოს 2007 წლის 03 ივლისის დასკვნის შესაბამისად, მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ ლ. ა.-ს თხოვნის დაკმაყოფილება.

4.6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის საკითხთა კომისიის 2007 წლის 03 ივლისის №XXX დადგენილებით დამტკიცდა მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის, მოქალაქეობის საკითხთა სამმართველოს 2007 წლის 03 ივლისის დასკვნა ლ. ა.-ს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ. ლ. ა.-ს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ განცხადების წინასწარი განხილვის მასალა, დასკვნასთან ერთად, წარედგინა საქართველოს პრეზიდენტს.

4.7. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 08 აგვისტოს №XXX ბრძანებულებით, ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 31-ე და 33-ე მუხლების შესაბამისად, დაკმაყოფილდა ლ. ა.-ს (დაბადებული 1975 წლის 29 სექტემბერს საქართველოში, ქ. სოხუმში, მცხოვრები რუსეთის ფედერაციაში) თხოვნა საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ.

4.8. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 10 თებერვლის №XXXXXXXXX ხელწერის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: 1. ხელმოწერები ლ. ა.-ს სახელით, განლაგებული: განცხადებებზე 2006 წლის 18 სექტემბრის თარიღით რუსეთის ფედერაციის საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის სახელზე (ს/ფ 153), მარჯვენა მხარეს, გრაფაში ,,განმცხადებლის ხელმოწერა” და 2006 წლის 18 სექტემბრის თარიღით, საქართველოს პრეზიდენტის სახელზე (ს.ფ. 154) მარჯვენა მხარეს, გრაფაში ,,განმცხადებლის ხელმოწერა”, შესრულებულია არა ლ. ა.-ს, არამედ სხვა პირის მიერ; 2. ხელნაწერი ტექსტი განლაგებული: განცხადებაზე 2006 წლის 18 სექტემბრის თარიღით რუსეთის ფედერაციის საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის სახელზე (ს/ფ 153) და მცირე ჩანაწერი ,,განცხადება დაიწერა ჩემი კარნახით” განლაგებული 2006 წლის 18 სექტემბრის თარიღით შედგენილ განცხადებაზე, საქართველოს პრეზიდენტის სახელზე (ს.ფ. 154) მეათე გრაფის ბოლოს, მარცხენა მხარეს, შესრულებულია ერთიდაიგივე პირის მიერ; 3. უსახელო წერილების ხელნაწერი ტექსტები, რომლებიც იწყება და მთავრდება სიტყვებით ,,იცი აქ მჭირდება ..., ... რომ შენ ხომ” (ს/ფ 234) და ,,გამარჯობა დედა! ...” ”... უცებ გააგზავნეთ სასწრაფოა” (ს/ფ 235) შესრულებულია ერთიდაიგივე პირის მიერ.; 4. ხელნაწერი ტექსტები განლაგებული დასკვნის მეორე პუნქტში აღწერილ საბუთებზე: განცხადებაზე 2006 წლის 18 სექტემბრის თარიღით რუსეთის ფედერაციის საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის სახელზე (ს/ფ 153) და მცირე ჩანაწერი ,,განცხადება დაიწერა ჩემი კარნახით” განლაგებული 2006 წლის 18 სექტემბრის თარიღით შედგენილ განცხადებაზე, საქართველოს პრეზიდენტის სახელზე (ს.ფ. 154) მეათე გრაფის ბოლოს, მარცხენა მხარეს და დასკვნის მესამე პუნქტში აღწერილი საბუთები: უსახელო წერილების ხელნაწერი ტექსტები, რომლებიც იწყება და მთავრდება სიტყვებით ”იცი აქ მჭირდება ..., ... რომ შენ ხომ” (ს/ფ 234) და ”გამარჯობა დედა! ...” ”... უცებ გააგზავნეთ სასწრაფოა” (ს/ფ 235) შესრულებულია სხვადასხვა პირის მიერ.

სამართლებრივი დასაბუთება

4.9. სააპელაციო პალატა პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ თავდაპირველად ლ. ა.-ს სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა როგორც მისი მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ასევე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დავალდებულება მის სახელზე გაეცა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ლ. ა.-ს სარჩელი მისი მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა, ხოლო სარჩელი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დავალდებულების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ლ. ა.-ს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ნაწილში, ხოლო გადაწყვეტილება პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დავალდებულებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელე მხარის მიერ არ გასაჩივრებულა, ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში და შესაბამისად, სააპელაციო პალატა ვეღარ იმსჯელებს რამდენად კანონიერად ეთქვა ლ. ა.-ს უარი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დავალდებულებაზე მის სახელზე გაეცა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

4.10. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო აქტების გამოცემის პერიოდში მოქმედი 1993 წლის 25 მარტის ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის პრეამბულის თანახმად, მოქალაქეობა ნიშნავს პირის პოლიტიკურ სამართლებრივ კავშირს საქართველოს სახელმწიფოსთან, რაც გამოიხატება ურთიერთსანაცვლო უფლება-მოვალეობათა ერთიანობით, ემყარება ადამიანის ღირსების პატივისცემას, მისი უფლებებისა და თავისუფლებების აღიარებას. ეს კანონი საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქის უფლებათა დაცვას როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. იმავე ორგანული კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საქართველოში ამ კანონით დადგენილი წესით ყოველ ადამიანს აქვს საქართველოს მოქალაქეობის უფლება. არავის არ შეიძლება შეეზღუდოს მოქალაქეობის შეცვლის უფლება, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. არავის არ შეიძლება ჩამოერთვას საქართველოს მოქალაქეობა, ხოლო მე-7 მუხლის მიხედვით, საქართველოს ფარგლებს გარეთ საქართველოს მოქალაქის ცხოვრება თავისთავად არ იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას.

4.11. 1993 წლის 25 მარტის ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლებია: ა) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა; ბ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა; გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები. იმავე კანონის 31-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს აქვს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის უფლება. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხი წყდება ამ კანონის შესაბამისად. საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლაზე სახელმწიფოს წინაშე შეუსრულებელი მოვალეობის, სამხედრო ვალდებულების მოუხდელობის ან ქონებრივ ვალდებულებათა არსებობისას, რომლებიც დაკავშირებულია მოქალაქეთა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებით ინტერესებთან. არ შეიძლება საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა, თუ პირი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან მის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, რომელიც აღსრულებას ექვემდებარება.

4.12. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი განცხადების თანახმად, 2006 წლის 18 სექტემბერს ლ. ა.-მ მიმართა რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს და განუმარტა, რომ აფხაზეთის ომის დროს გადავიდა საცხოვრებლად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, საომარმა მოქმედებებმა განაპირობა პირადი დოკუმენტების ნაწილობრივ ლიკვიდირება, მათ შორის, სამხედრო ბილეთის, რის გამოც აღნიშნული დოკუმენტი არ გააჩნდა. რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოში ლ. ა.-ს მიერ გადახდილი იქნა საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ განცხადების მიღების საფასური. საქმეში წარმოდგენილი განცხადების თანახმად, 2006 წლის 18 სექტემბერს ლ. ა.-მ მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს 1993 წლის 25 მარტის კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად მოითხოვა მისი საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხის გადაწყვეტა. 2006 წლის 18 სექტემბერს საქართველოს საელჩომ რუსეთის ფედერაციაში მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტს და წარუდგინა ლ. ა.-ს განცხადება საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე.

4.13. 1993 წლის 25 მარტის ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე, ხოლო 34-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისა და მოქალაქეობის აღდგენის შესახებ განცხადებები დაინტერესებულ პირებს შეაქვთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები პირები განცხადებას საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების მეშვეობით ან პირდაპირ უგზავნიან საქართველოს პრეზიდენტს. იმავე კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებასა და წარდგინებას განიხილავს და შესაბამის დასკვნას ამზადებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

4.14. საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 09 ნოემბრის №637 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ” დებულებით (ძალადაკარგულია საქართველოს პრეზიდენტის 01.30.2009 №34 ბრძანებულებით) განსაზღვრულია ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა (საქართველოს მოქალაქეობის მიღება, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა, საქართველოს მოქალაქეობის დადგენა, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა) განხილვა-გადაწყვეტის, აგრეთვე, მოქალაქეობის საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების, მათი კონტროლისა და მოქალაქეობის საკითხთა სტატისტიკის წარმოების წესები. საქართველოს მოქალაქეობის მიღების, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. მოქალაქეობის საკითხებით დაინტერესებულ პირთა განცხადებებსა და კანონით უფლებამოსილ ორგანოთა წარდგინებას წინასწარ განსახილველად ამზადებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის დეპარტამენტი, რომელიც დასკვნას აღნიშნულის თაობაზე წარუდგენს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის საკითხთა კომისიას (შემდგომში - კომისია). კომისიის დადგენილება საქმის მასალასთან ერთად საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს მოქალაქეობის მიღების, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის, საქართველოს მოქალაქეობის დადგენის, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ განცხადებები დაინტერესებულ პირებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში შეაქვთ წერილობითი ფორმით. საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები პირები წერილობით განცხადებებსა და საკითხის განხილვისათვის საჭირო დოკუმენტებს შეიტანენ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში შესაბამის ქვეყნებში. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება ვალდებული არიან საბუთების მიღებიდან ერთ თვეში უზრუნველყონ მათი წარდგენა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.

4.15. საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 09 ნოემბრის №637 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ” დებულებით, მოქალაქეობის საკითხებზე საქმეთა განხილვის პროცესში მოპოვებული მასალის საფუძველზე იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის დეპარტამენტი ადგენს მოტივირებულ დასკვნას განცხადების, წარდგინების ან სხვა სახის მასალის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის მიზანშეწონილობის შესახებ. დასკვნა თანდართულ მასალასთან ერთად განიხილება კომისიის სხდომაზე და მტკიცდება კომისიის დადგენილებით. კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. კომისიის დადგენილებას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე. ზემოაღნიშნული დებულების მე-5 თავის 47-ე პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხთა განსახილველად დაინტერესებული პირი იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის დეპარტამენტში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს: ა) საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ყოფილი სსრკ-ს სიმბოლიკიანი პასპორტი, რეგისტრაციის (ჩაწერის) დამადასტურებელი დოკუმენტი) ასლს; ბ) ცნობას იმის თაობაზე, რომ იგი დადგენილი წესით არ არის გაწვეული სავალდებულო სამხედრო სამსახურის გასავლელად; დ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) 2 ფოტოსურათს ზომით 3 X 4. ამდენად, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის მსურველი პირი საქართველოს პრეზიდენტის სახელზე ავსებს დადგენილი ფორმის განცხადებას, ხოლო 48-ე პუნქტის მიხედვით კი საქართველოს მოქალაქეობის მიღების, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხთა განხილვის პროცესში იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის დეპარტამენტი იღებს ზომებს დაინტერესებული პირის ნასამართლობის შესამოწმებლად, საჭიროების შემთხვევაში კი, კომპეტენტური ორგანოებისაგან გამოითხოვს ცნობებს იმის შესახებ, არის თუ არა დაინტერესებული პირი მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში და ხომ არ არსებობს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი, რომელიც აღსრულებას ექვემდებარება. მოქალაქეებს, სახელმწიფო ორგანიზაციებსა და ორგანოებს, რომელთა მიმართაც საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის მსურველ პირს აქვს შეუსრულებელი მოვალეობები ან ქონებრივი ვალდებულებანი, უფლება აქვთ მიმართონ იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის დეპარტამენტს და წარუდგინონ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება, სასამართლოს გადაწყვეტილება, სააღსრულებო ფურცელი და სხვ.). იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის დეპარტამენტს უფლება აქვს შეაჩეროს საკითხის განხილვა მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებების შეწყვეტამდე.

4.16. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2006 წლის 18 სექტემბერს საქართველოს საელჩომ რუსეთის ფედერაციაში მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტს და წარუდგინა ლ. ა.-ს განცხადება საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე. ასევე დადგენილია, რომ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შემდეგ, მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის, მოქალაქეობის საკითხთა სამმართველოს 2007 წლის 03 ივლისის დასკვნის შესაბამისად, მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ ლ. ა.-ს თხოვნის დაკმაყოფილება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის საკითხთა კომისიის 2007 წლის 03 ივლისის №XXX დადგენილებით დამტკიცდა მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის, მოქალაქეობის საკითხთა სამმართველოს 2007 წლის 03 ივლისის დასკვნა ლ. ა.-ს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ. ლ. ა.-ს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ განცხადების წინასწარი განხილვის მასალა, დასკვანსთან ერთად, წარედგინა საქართველოს პრეზიდენტს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 08 აგვისტოს №XXX ბრძანებულებით, ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 31-ე და 33-ე მუხლების შესაბამისად დაკმაყოფილდა ლ. ა.-ს (დაბადებული 1975 წლის 29 სექტემბერს საქართველოში, ქ. სოხუმში, მცხოვრები რუსეთის ფედერაციაში) თხოვნა საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ.

4.17. საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 09 ნოემბრის №637 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ” დებულებით აქტის გამოცემის პერიოდში დადგენილი იყო, რომ მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებებს დაინტერესებული პირები წარადგენდნენ პირადად, რაც ემსახურებოდა იმას, რომ საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ პირს ნება პირადად უნდა გამოეხატა.

4.18. განსახილველ შემთხვევაში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 10 თებერვლის №XXXXXXXXX ხელწერის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ: 1. ხელმოწერები ლ. ა.-ს სახელით, განლაგებული: განცხადებებზე 2006 წლის 18 სექტემბრის თარიღით რუსეთის ფედერაციის საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის სახელზე (ს/ფ 153), მარჯვენა მხარეს, გრაფაში ,,განმცხადებლის ხელმოწერა” და 2006 წლის 18 სექტემბრის თარიღით, საქართველოს პრეზიდენტის სახელზე (ს.ფ. 154) მარჯვენა მხარეს, გრაფაში ,,განმცხადებლის ხელმოწერა”, შესრულებულია არა ლ. ა.-ს, არამედ სხვა პირის მიერ. 2. ხელნაწერი ტექსტი განლაგებული: განცხადებაზე 2006 წლის 18 სექტემბრის თარიღით რუსეთის ფედერაციის საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის სახელზე (ს/ფ 153) და მცირე ჩანაწერი ,,განცხადება დაიწერა ჩემი კარნახით” განლაგებული 2006 წლის 18 სექტემბრის თარიღით შედგენილ განცხადებაზე, საქართველოს პრეზიდენტის სახელზე (ს.ფ. 154) მეათე გრაფის ბოლოს, მარცხენა მხარეს, შესრულებულია ერთიდაიგივე პირის მიერ. 3. უსახელო წერილების ხელნაწერი ტექსტები, რომლებიც იწყება და მთავრდება სიტყვებით ,,იცი აქ მჭირდება ..., ... რომ შენ ხომ” (ს/ფ 234) და ,,გამარჯობა დედა! ...” ”... უცებ გააგზავნეთ სასწრაფოა” (ს/ფ 235) შესრულებულია ერთიდაიგივე პირის მიერ. 4. ხელნაწერი ტექსტები განლაგებული დასკვნის მეორე პუნქტში აღწერილ საბუთებზე: განცხადებაზე 2006 წლის 18 სექტემბრის თარიღით რუსეთის ფედერაციის საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის სახელზე (ს/ფ 153) და მცირე ჩანაწერი ,,განცხადება დაიწერა ჩემი კარნახით” განლაგებული 2006 წლის 18 სექტემბრის თარიღით შედგენილ განცხადებაზე, საქართველოს პრეზიდენტის სახელზე (ს.ფ. 154) მეათე გრაფის ბოლოს, მარცხენა მხარეს და დასკვნის მესამე პუნქტში აღწერილი საბუთები: უსახელო წერილების ხელნაწერი ტექსტები, რომლებიც იწყება და მთავრდება სიტყვებით ,,იცი აქ მჭირდება ..., ... რომ შენ ხომ” (ს/ფ 234) და ,,გამარჯობა დედა! ...” ”... უცებ გააგზავნეთ სასწრაფოა” (ს/ფ 235) შესრულებულია სხვადასხვა პირის მიერ.

4.19. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60[1] მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“.

4.20. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

4.21. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

4.22. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში არსებობს სარჩელის არა სრულად დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი, არამედ არსებობს ამ ნაწილში სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხეებისათვის, თავიაანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, იმავე საკითხზე ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალდებულების სამართლებრივი საფუძველი. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან ადგილი აქვს არა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60[1] მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვას, არამედ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოებისას სათანადოდ არ გამოიკვლიეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღეს ამ გარემოებათა სათანადო შეფასების და ურთიერთშეჯერების გარეშე“. შესაბამისად, ლ. ა.-ს მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე გამოცემულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს საფუძვლად დაედო ისეთი არსებითი ხასიათის გარემოებები, რომლებიც კანონით დადგენილი წესით არ იყო სათანადოდ გამოკვლეული, რასაც სადავო საკითხზე სხვა სახის გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა შედეგად. კერძოდ, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს არ გამოუკვლევიათ და არ შეუსწავლიათ, განცხადება მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ შეტანილი იყო თუ არა თვითონ ლ. ა.-ს მიერ, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში კანონმდებლობა ადგენდა განმცხადებლის მიერ განცხადების უშუალოდ შეტანის ვალდებულებას. შესაბამისად, არ იყო დადგენილი მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ არსებობდა თუ არა თვითონ ლ. ა.-ს ნამდვილი ნება. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 10 თებერვლის №XXXXXXXXX ხელწერის ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ლ. ა.-ს ნება საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ არ გამოუხატავს, მას არც რუსეთის ფედერაციის საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურისათვის და არც საქართველოს პრეზიდენტისათვის არ მიუმართავს თხოვნით საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა ცალსახად მიუთითებს, რომ ხელმოწერები ლ. ა.-ს სახელით, განლაგებული: განცხადებებზე 2006 წლის 18 სექტემბრის თარიღით რუსეთის ფედერაციის საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის სახელზე (ს/ფ 153), მარჯვენა მხარეს, გრაფაში ,,განმცხადებლის ხელმოწერა” და 2006 წლის 18 სექტემბრის თარიღით, საქართველოს პრეზიდენტის სახელზე (ს.ფ. 154) მარჯვენა მხარეს, გრაფაში ,,განმცხადებლის ხელმოწერა”, შესრულებულია არა ლ. ა.-ს, არამედ სხვა პირის მიერ. აქედან გამომდინარე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, თავიაანთი კომპეტენციის ფარგლებში, იმსჯელონ საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 10 თებერვლის №XXXXXXXXX ხელწერის ექსპერტიზის დასკვნაზე და ამ დასკვნის საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერებით დაადგინონ, არსებობდა თუ არა ლ. ა.-ს ნამდვილი ნება საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე და უშუალოდ მოსარჩელეს მიმართული ჰქონდა თუ არა განცხადებით უფლებამოსილი ორგანოსათვის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება მხოლოდ გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ლ. ა.-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის მოქალაქეობის საკითხთა სამმართველოს 2007 წლის 03 ივლისის დასკვნა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის საკითხთა კომისიის 2007 წლის 03 ივლისის №XXX დადგენილება, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 08 აგვისტოს №XXX ბრძანებულება ლ. ა.-ს ნაწილში და საქართველოს პრეზიდენტს და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაევალოთ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, თავიაანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონით დადგენილ ვადაში და კანონით დადგენილი წესით, იმავე საკითხზე გამოსცენ ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. აქედან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ლ. ა.-ს სასარგებლოდ თანაბარწილად უნდა დაეკისროთ მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს პრეზიდენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება მხოლოდ გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ლ. ა.-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის მოქალაქეობის საკითხთა სამმართველოს 2007 წლის 03 ივლისის დასკვნა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის საკითხთა კომისიის 2007 წლის 03 ივლისის №XXX დადგენილება, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 08 აგვისტოს №XXX ბრძანებულება ლ. ა.-ს ნაწილში და საქართველოს პრეზიდენტს და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალოთ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, თავიაანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონით დადგენილ ვადაში და კანონით დადგენილი წესით, იმავე საკითხზე გამოსცენ ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
5. საქართველოს პრეზიდენტს და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ლ. ა.-ს სასარგებლოდ თანაბარწილად დაეკისროთ პირველი ინსტანციის სასამართლოში მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.