საქმის ნომერი: 330310015793073 (3ბ/1612-15)
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მერაბ ლომიძე,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №330310015793073 (3ბ/1612-15) (2015-12-15), www.temida.ge
საქმის № 330310015793073 (3ბ/1612-15)

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       15 დეკემბერი, 2015 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მერაბ ლომიძე

სხდომის მდივანი - ხატია შალამბერიძე

აპელანტი (მოსარჩელე)-ნ. კ.
წარმომადგენელი-ზ. ჯ.

აპელანტი (მოპასუხე) -ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

აპელანტი (მოპასუხე) -ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური
წარმომადგენელი -გ. კ.

მესამე პირი - მ. კ.

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. კ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 27.10.14წ. №X-X/X XXX-XX №XXXXXX დადგენილებით განსაზღვრული ჯარიმა 10 000 ლარი შემცირდა 8 000 ლარამდე; დანარჩენ ნაწილში ნ. კ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 08.09.2014წ. ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის №XXXXXX მითითებით დაფიქსირდა სამშენებლო სამართალდარღვევა, კერძოდ, ქალაქ თბილისში, ლ.-ს ქუჩა №XX-ის მიმდებარედ განხორციელდა კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. ნ. კ.-ს განესაზღვრა 15 (თხუთმეტი) დღიანი ვადა უნებართვოდ განხორციელებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟისათვის ან შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად. ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 24.09.2014წ. №XXXXXX შემოწმების აქტის თანახმად, 08.09.2014წ. ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის №XXXXXX მითითებით დაფიქსირებული სამართალდარღვევა არ იქნა გამოსწორებული. ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 27.10.2014წ. №XXXXXX დადგენილებით ნ. კ. დაჯარიმდა 10 000 ლარით ქალაქ თბილისში, ლ.-ს ქ. №XX-ის მიმდებარედ კაპიტალური შენობა-ნაგებობის უნებართვოდ მშენებლობისათვის. ამავე დადგენილებით ნ. კ.-ს დაევალა უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი.



2.2. ნ. კ.-მ 05.11.2014წ. ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული 27.10.2014წ. №XXXXXX დადგენილების ბათილად ცნობა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 03.04.2015წ. №XXX ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ნ. კ.-ს ადმინისტრაციული საჩივარი. მოსარჩელეს განემარტა, რომ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 27.10.2014წ. №XXXXXX დადგენილება კანონიერია და არ არსებობს ადმინისტრაციული აქტის კანონმდებლობით დადგენილი ბათილობის საფუძველი.



2.3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 12.07.2015წ. №XXXXX საკუთრების უფლების მოწმობის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.06.2015წ. №XXXXXXXXXXXX ამონაწერის თანახმად, ქალაქ თბილისში, ლ.-ს ქუჩა №XX-ის მიმდებარედ 507 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე 2015 წლის 12 ივნისის მდგომარეობით უკვე არის მ. კ..


დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.4. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.



2.5. განსახილველ შემთხვევაში უდავოა და სარჩელშიც მითითებულია, რომ ნ. კ.-მ ქალაქ თბილისში, ლ.-ს ქუჩა №XX-ის მიმდებარედ ააშენა შენობა-ნაგებობა მშენებლობის ნებართვის გარეშე.



პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. ამავე კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 10 000 ლარით, ხოლო კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 8 000 ლარით.



საქმის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დადგენილება კანონშესაბამისია. ამავე დროს სასამართლომ უნდა შეაფასოს ის გარემოება, რომ სასამართლოში საქმის განხილვის დროს მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია სადავო შენობა-ნაგებობა, კერძო საკუთრებად დარეგისტრირდა, ხოლო კანონი კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე შენობა-ნაგებობის უნებართვოდ აშენებისათვის განსხვავებულ ჯარიმას ითვალისწინებს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლი ადგენს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ან გამაუქმებელ აქტებს აქვთ უკუქცევითი ძალა, ესე იგი ვრცელდებიან ამ აქტების გამოცემამდე ჩადენილ სამართალდარღვევებზეც. აქტებს, რომლებიც აწესებენ ან აძლიერებენ პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, უკუქცევითი ძალა არა აქვთ.



განსახილველ შემთხვევაში ნ. კ.-ს მიმართ გამოყენებული იქნა პასუხისმგებლობის დამდგენი აქტი, რომელიც მოქმედებდა სამართალდარღვევის ჩადენის დროს და ადგილას. ასევე უდავოა, რომ გამოცემულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც შეიცვალა საქმის გარემოებები და სადღეისოდ სახეზეა სამართალდარღვევის შემადგენლობა, რომლისათვისაც დაწესებულია შედარებით მსუბუქი სახდელის ზომა.



აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ პასუხისმგბელობა სამართალდარღვევისათვის უნდა განისაზღვროს საქმის განხილვის დროს არსებული ფაქტების გათვალისწინებით.



განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ ქალაქ თბილისში, ლ.-ს ქუჩა №XX-ის მიმდებარედ 507 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი 2015 წლის 12 ივნისს დარეგისტრირდა კერძო საკუთრებად, კერძოდ, მიწის ნაკვეთის მესაკუთრე გახდა მ. კ.



ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. კ.-ს მიმართ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 27.10.2014წ. №X-X/XXXX-XX №XXXXXX დადგენილებით განსაზღვრული ჯარიმა 10 000 ლარი უნდა შემცირდეს 8 000 ლარამდე.



3. ნ. კ.-ს სააპელაციო საჩივრის საფუძვლები


3.1. აპელანტის განმარტებით, 2014 წლის 27 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გამოცემული იქნა №XXXXXX დადგენილება, რომლითაც დაეკისრა 10 000 ლარიანი ჯარიმა და დაევალა შენობის დემონტაჟი. დადგენილებაში სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ პუნქტი. აღნიშნული კანონი მიღებულ იქნა 2012 წლის 08 მაისს და ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე და განისაზღვრა სანქციები. მშენებლობა (ქმედება) ჩადენილია კანონის ამოქმედებამდე გაცილებით ადრე, რის გამოც საჯარიმო სანქციები სამართალდარღვევაზე არ უნდა გავრცელდეს. ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედებდა კანონი ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ’’ , მანამდე კი კანონი ,,მშენებლობის ნებართვის შესახებ’’.

3.2. აპელანტის განმარტებით, 2009 წლის 24 მარტის ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ დადგენილების 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართავ არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებ­ლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექ­ტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა; ამავე დადგენილების 74-ე პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებ­ლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებო­ბის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამო­ყენების პერიოდის გასვლის შემდეგ. იმავე დადგენილების მე-19 მუხლის თანახმად, ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა 5 კლასად: ა) I კლასი – შენობა-ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს. იმავე დადგენილების 65-ე მუხლის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). I კლასს განეკუთვნება: ა) 60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა; ბ) 20 მ2-მდე მოცულობის, 10 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა; გ) გრუნტის ზედაპირიდან 4 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე.



3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები


3.3. აპელანტის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, რა დროსაც სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით.


3.4. აპელანტის განმარტებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 27 ოქტომბრის №XXXXXX დადგენილებით მოქალაქე ნ. კ. დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თბილისში, ქ. ლ.-ს ქუჩა №XX, №XX.XX.XX.XXX.XXX საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ კაპიტალური შენობა-ნაგებობის უნებართვო მშენებლობისთვის. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. ამავე კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, „უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შეობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 10 000 ლარით. მოსარჩელემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2014 წლის 5 ნოემბერს შეტანილ ადმინისტრაციულ საჩივარში და სასამართლოში წარმოდგენილ სარჩელში, ასევე ზეპირ მოსმენაზე განაცხადა, რომ სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობა ქ. თბილისში, ლ.-ს ქუჩა (№XX№XX.XX.XX.XXX.XXX საკადასტრო კოდის მიმდებარედ) წარმოებული იყო მის მიერ. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-14 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, რომელიც იმპერატიულად განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომელზეც ვრცელდება ამ კოდექსის მოქმედება, პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება იმ სუბიექტს, რომელმაც აწარმოა სადავო სამშენებლო სამუშაოები.



3.5. აპელანტის განმარტებით, საქმის მასალებიდან დგინდება, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ნ. კ.-ს მიმართ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა დაიწყო 2014 წლის 8 სექტემბერს №XXXXXX მითითების შედგენით, რომლითაც მოსარჩელეს განესაზღვრა 15 კალენდარული დღე წარმოებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის გაცემული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან დემონტაჟი. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“ იმავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 24 სექტემბერს შედგა №XXXXXX შემოწმების აქტი. აღნიშნული შემოწმების აქტით დადგინდა, რომ ნ. კ.-მ არ შეასრულა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 8 სექტემბრის №XXXXXX მითითება.



3.6. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, „თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობის მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.“ აღნიშნული ნორმის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2014 წლის 27 ოქტომბერს მიიღო №XXXXXX დადგენილება მოქ. ნ. კ.-ს 10 000 ლარით დაჯარიმებისა და უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელე ნ. კ.-ს მიერ ქ.თბილისში, ლერწმის ქ.№XX-ის, №XX№XX.XX.XX.XXX.XXX საკადასტრო კოდის მიმდებარედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი თვითნებურად იქნა დაკავებული და აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა განახორციელა ისე, რომ მას არ ჰქონდა მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი.



3.7. აპელანტის განმარტებით, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ ქ.თბილისის მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევს, რომ არსებობდა მოქალაქე ნ. კ.-ს 10 000 ლარით დაჯარიმების სამართლებრივი საფუძველი. ასევე დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ საქალაქო სასამართლოში საქმის მიმდინარეობის პროცესში მხარემ წარმოადგინა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 ივნისს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა მ. კ.-ს სახელზე.



3.8. აპელანტი არ იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოში საქმის განხილვის დროს ვინაიდან ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია სადავო შენობა-ნაგებობა, კერძო საკუთრებად დარეგისტრირდა, ხოლო კანონი კერძო საკუთრებაში აშენებისათვის განსხვავებულ ჯარიმას ითვალისწინებს, ამიტომ უნდა მომხდარიყო დაკისრებული ჯარიმის შემცირება. სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დადგენილება კანონშესაბამისია, ერთადერთი არგუმენტაცია, რაც საფუძველი გახდა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა, არის ის გარემოება, რომ სასამართლოში საქმის წარმოების მიმდინარეობის პროცესში მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი. ზედამხედველბის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 27 ნოემბრის №XXXXXX დადგენილების გამოცემის დროისათვის აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, შესაბამისად, მხარის მიერ სწორედ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელდა უკანონო მშენებლობა. ვინაიდან დადგენილების შედგენის დროისათვის უკანონო მშენებლობა განხორციელებული იყო სახელმწიფო ტერიტორიაზე, არსებობდა ჯარიმის სახით 10 000 ლარის დაკისრების საფუძველიც.



3.9. აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ არასწორი განმარტება მისცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლი ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შემამსუბუქებელ ან გამაუქმებელ აქტებს, და არა ფაქტობრივი მდგომარეობის ცვლილებას. მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა რაიმე შემამსუბუქებელი ან გამაუქმებელი აქტის გამოცემა სამართალდარღვევის ჩადენის შემდგომ, რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს მიეთითებინა ზემოაღნიშნულ მუხლზე. ადმინსიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლი პირდაპირ განსაზღვრავს, რომ სახეზე უნდა იყოს ახალი აქტი, რომელიც გამოცემულია სამართალდარღვევის ჩადენის შემდგომ და ამსუბუქებს ან აუქმებს დაკისრებულ პასუხისმგებლობას. შესაბამისად აღნიშნულ ვითარებაში გაუგებარია სასამართლოს მითითება ზემოაღნიშნულ გარემოებაზე, რადგანაც ახალი აქტი არ გამოცემულა, არამედ მოხდა ფაქტობრივი გარემოების შეცვლა. ადმინისტრაციულ სამართდალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს სამართალდარღვევის ჩადენის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. დადგენილი გარემოებაა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისა და დადგენილების გამოცემის დროს არსებობდა 10 000 ლარით დაჯარიმების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძველი, რადგანაც დაჯარიმების დროს უნებართვო მშენებლობა აღმართულ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და ადმინისტრაციული წარმოების დროს ადმინისტრაციული ორგანო ჰიპოთეტურ ვარაუდებს ვერ დაუშვებდა, რომ ესა თუ ის მიწის ნაკვეთი ვინმეს საკუთრება შეიძლება გამხდარიყო. შესაბამისად, მხარის მიერ წარმოდგენილი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგენს არა აქტს, არამედ კონკრეტული გარემოების დამადასტურებელ დოკუმენტს.



3.10. აპელანტის განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანო სადავო დადგენილების გამოცემისას, გარდა ,,პროდუქტის უსაფრთოხების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა’’, ხელმძღვანელობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია იხელმძღვანელოს იმ ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებივი საფუძვლებით, რომლებიც აქტის გამოცემის დროს არსებობს, შესაბამისად, სადავო აქტის გამოცემის შემდგომ წარმოშობილი ფაქტობრივი გარემობა არ შეიძლება საფუძვლად დადებოდა სასამართლოს მხრიდან მსგავსი შინაარსის გადაწყვეტილების მიღებას. ამდენად, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ამასთან, არასწორად განმარტა კანონი.


3. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

3.11. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ანალოგიურ საქმეზე კანონიერ ძალაში შესულ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებას საქმეზე NXXXXXXXXXXXXXXX (1382-14). აღნიშნულ საქმეზე აბსოლიტურად იდენტური გარემოებებით, სააპელაციო პალატის მიერ აღდგენილი იქნა ჯარიმა თანხის ოდენობის ნაწილში სრულად.

3.12. აპელანტის განმარტებით, უსაფუძვლოა სასამართლოს პოზიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლთან მიმართებაში. ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ პუნქტი ითვალისწინებს 10 000 ლარიან ჯარიმას უნებართვო მშენებლობისათის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლის გამოყენებას მაშინ ექნებოდა საფუძველი, თუ შემცირდებოდა ჯარიმის ოდენობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობისათვის. ვინაიდან აღნიშნული კუთხით რაიმე ცვლილებას ადგილი არ აქვს და ჯარიმის ოდენობა არის უცვლელი, შესაბამისად, არ არსებობს მე-9 მუხლით გათვალისწინებული კანონის უკუქცევითი ეფექტი. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია არა ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთი აღარ წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და ის არის კერძო საკუთრებაში, არამედ ის, რომ ნ. კ.ს მიერ უნებართვო სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მწის ნაკვეთზე, ხოლო ამ კუთხით საკანონმდებლო რეგულაცია არის უცვლელი და დღეის მდგომარეობითაც ანალოგიურ დარღვევაზე კანონი ითვალისწინებს იგივე ოდენობის ჯარიმას - 10 000 ლარის ოდენობით.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ არასწორად განმარტა კანონი, რის შედეგადაც მიღებული იქნა ნაწილობრივ სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

ფაქტობრივი დასაბუთება

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 08.09.2014წ. ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის №XXXXXX მითითებით დაფიქსირდა სამშენებლო სამართალდარღვევა, კერძოდ, ქალაქ თბილისში, ლ.-ს ქუჩა №XX-ის მიმდებარედ განხორციელდა კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. ნ. კ.-ს განესაზღვრა 15 (თხუთმეტი) დღიანი ვადა უნებართვოდ განხორციელებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟისათვის ან შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად. ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 24.09.2014წ. №XXXXXX შემოწმების აქტის თანახმად, 08.09.2014წ. ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის №XXXXXX მითითებით დაფიქსირებული სამართალდარღვევა არ იქნა გამოსწორებული. ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 27.10.2014წ. №XXXXXX დადგენილებით ნ. კ. დაჯარიმდა 10 000 ლარით ქალაქ თბილისში, ლ.-ს ქ. №XX-ის მიმდებარედ კაპიტალური შენობა-ნაგებობის უნებართვოდ მშენებლობისათვის. ამავე დადგენილებით ნ. კ.-ს დაევალა უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი.

4.3. ნ. კ.-მ 05.11.2014წ. ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული 27.10.2014წ. №XXXXXX დადგენილების ბათილად ცნობა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 03.04.2015წ. №XXX ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ნ. კ.-ს ადმინისტრაციული საჩივარი. მოსარჩელეს განემარტა, რომ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 27.10.2014წ. №XXXXXX დადგენილება კანონიერია და არ არსებობს ადმინისტრაციული აქტის კანონმდებლობით დადგენილი ბათილობის საფუძველი.

4.4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 12.07.2015წ. №XXXXX საკუთრების უფლების მოწმობის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.06.2015წ. №XXXXXXXXXXXX ამონაწერის თანახმად, ქალაქ თბილისში, ლ.-ს ქუჩა №XX-ის მიმდებარედ 507 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე 2015 წლის 12 ივნისის მდგომარეობით უკვე არის მ. კ..

სამართლებრივი დასაბუთება

4.5. საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. კ.ს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. კ.-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

4.6. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

4.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები კანონს არ ეწინააღმდეგებიან, ასევე, ისინი არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებენ მოსარჩელის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

4.8. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 10 000 ლარით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 8 000 ლარით.

4.9. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარ­ქიის ნებართვა, რომელიც, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკი­დებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრი­სით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებ­ლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექ­ტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. იმავე მუხლის 74-ე პუნქტის მიხედვით, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებ­ლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებო­ბის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამო­ყენების პერიოდის გასვლის შემდეგ. ზემოაღნიშნული დადგენილების მე-19 მუხლის თანახმად, ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა 5 კლასად: ა) I კლასი - შენობა-ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს. იმავე დადგენილების 65-ე მუხლის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). I კლასს განეკუთვნება: ა) 60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა; ბ) 20 მ2-მდე მოცულობის, 10 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა; გ) გრუნტის ზედაპირიდან 4 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. კ.-მ აწარმოა კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე კანონით დადგენილი სავალდებულო ნებართვის გარეშე. საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. კ.-ს მიერ კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობის ფაქტი დადგენილია საქმის მასალებით, მათ შორის, თვითონ ნ. კ.-ს ახსნა-განმარტებისა და საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათების ასლის საფუძველზე. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ნ. კ.-ს მსჯელობას მასზედ, რომ სადავო მშენებლობა თითქოს წარმოადგენდა პირველი კლასის მშენებლობას, რომელსაც არ ესაჭიროპებოდა მშენებლობის ნებართვა. საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო მშენებლობა წარმოადგენს არა პირველი კლასის მშენებლობას, არამედ კაპიტალურ შენობა-ნაგებობას, რისთვისაც აუცილებელი იყო შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამასთან, როგორც საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 24 ოქტომბრის №XXXXXX ოქმით ირკვევა, რომელსაც ხელს აწერს ნ. კ.-ც, ნ. კ.-მ თვითონვე განაცხადა ადმინისტრაციულ ორგანოში, რომ მან მშენებლობა დაასრულა 2014 წელს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

4.10. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არ არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოსარჩელისათვის დაკისრებული ჯარიმის შემცირების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ამ ნაწილში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს და ნ. კ.-ს მთლიანად უნდა ეთქვას უარი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობდა დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის - 10000 ლარის 8000 ლარამდე შემცირების საფუძველი. კერძოდ, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლადრღვევათა კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ან გამაუქმებელ აქტებს აქვთ უკუქცევითი ძალა, ესე იგი ვრცელდებიან ამ აქტების გამოცემამდე ჩადენილ სამართალდარღვევებზეც. აქტებს, რომლებიც აწესებენ ან აძლიერებენ პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, უკუქცევითი ძალა არა აქვთ. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ, მართალია სამშენებლო საქმიანობის კონტროლის რეგულაციები დადგენილია სპეციალური კანონით, მაგრამ ამ კანონით განსაზღვრული სამართალდარღვევა თავისი ბუნებით წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და მასზე ასევე ვრცელდება ის ზოგადი ნორმები, რომელიც დადგენილია სამართალდარღვევისათვის. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისათვის შემამსუბუქებელ ან გამაუქმებელ აქტებს აქვთ უკუქცევითი ძალა, ანუ ვრცელდება ამ აქტების გამოცემამდე ჩადენილ სამართალდარღვევებზე. სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებული ან შემსუბუქებელია პასუხისმგებლობა სამართალდარღვევის ჩადენისთვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა. სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არა მხოლოდ ორგანოს მიერ მისი გამოყენების დროს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოების ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს. მიუხედავად ამისა, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ მოცემულ შემთხვევაში არასწორად მოხდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლის განმარტება. ცალსახაა, რომ, მითითებული მუხლის თანახმად, თუ ადგილი აქვთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან გამაუქმებელი აქტების გამოცემას, არა მხოლოდ ადმინისტრაციული წარმოების დროს, არამედ სასამართლოში საქმეების განხილვის დროსაც, მათ უნდა მიენიჭოთ უკუქცევითი ძალა, ესე იგი ისინი გავრცელდებიან ამ აქტების გამოცემამდე ჩადენილ სამართალდარღვევებზეც. თუმცა, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის არც შემამსუბუქებელი და არც გამაუქმებელი აქტების გამოცემას. ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს დაჯარიმებას 10000 ლარით, თუ უნებართვო მშენებლობა წარმოებულია სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ხოლო იმავე ნორმა ითვალისწინებს დაჯარიმებას 8000 ლარით, თუ უნებართვო მშენებლობა წარმოებულია კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე. ამ ნორმასთან მიმართებაში არანაირ ცვლილებას ნორმის შემსუბუქების თვალსაზრისით მოსარჩელის დაჯარიმებიდან დღემდე პერიოდში ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს დღეს დაკანონებული აქვს მიწის ნაკვეთი, რომელზეც მოახდინა უნებართვო მშენებლობა, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ეს გარემოება არ წარმოადგენს ჯარიმის შემცირების საფუძველს, ვინაიდან თავის დროზე უნებართვო მშენებლობა მან მოახდიანა სწორედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და ამ მიწის ნაკვეთის ლეგალიზება (საკუთრებაში გადაცემა), სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გავლენას ვერ მოახდენს დაკისრებული ჯარიმის ოდენობის შემცირების საკითხზე. დაკისრებული ჯარიმის ოდენობა შემცირდებოდა მხოლოდ მაშინ, თუ ადგილი ექნებოდა სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობისათვის კანონით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობის შემცირებას, კანონში ცვლილების შეტანის გზით, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. კ.-ს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. კ.-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტ ნ. კ.-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ნ. კ.-ს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ნ. კ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. აპელანტ ნ. კ.-ს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს გადახდილად, ხოლო აპელანტები ქალაქ თბილისის მერია და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.