საქმის ნომერი: საქმე №4/ა-1039-15
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მერაბ ლომიძე,
გადაწყვეტილების სახე: დადგენილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, დადგენილება, საქმე №საქმე №4/ა-1039-15 (2016-01-29), www.temida.ge
საქმის № საქმე №4/ა-1039-15

დადგენილება
საქართველოს სახელით
       29 იანვარი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო

შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მერაბ ლომიძე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე მერაბ ლომიძემ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ.მ.-ის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის №4-479-15 დადგენილებაზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

რუსთავის საქალაქო სასამართლოში 2015 წლის 28 სექტემბერს თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურიდან შევიდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები მ.მ.-ის მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე.

ქალაქ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის დადგენილებით მ.მ. (პ/ნ XXXXXXXXXXX) ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევის ჩამდენად და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნული დადგენილების მიღებისას საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971-ე მუხლის თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან თავის არიდების მიზნით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

სასამართლომ მიიჩნია, რომ 2015 წლის 22 სექტემბერს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სპეციალისტის ლ. ჩ-ის მიერ, 2015 წლის 25 სექტემბერს დილის 09:00 საათზე, მ.მ.-ის გამწვევ კომისიაზე სავალდებულო გამოცხადების შესახებ ეუწყა მის დედას - ი.ა.-ს მ.მ. მითითებულ დროს გამწვევ კომისიაზე არ გამოცხადდა.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ.მ. მხილებულია იმ ქმედების ჩადენაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971-ე მუხლის პირველი ნაწილით და იწვევს აღნიშნული ნორმით განსაზღვრული სახდელის დადებას.

მ.მ.-მა შუამდგომლობით მიმართა ქალაქ რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა გასაჩივრების ვადის აღდგენა.

ქალაქ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის დადგენილებით მ.მ.-ის განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ დაკმაყოფილდა.

ქალაქ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის დადგენილება გასაჩივრებული იქნა მ.მ.-ის მიერ.

საჩივრის ავტორის განმარტებით, სამედიცინო შემოწმებისა და გამწვევი კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო იმის გამო, რომ იგი 2015 წლის 23 სექტემბრიდან 01 ოქტომბრამდე სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზ გ.ს.-ის კურთხევით და ხელშეწყობით, როგორც ამ ტაძრის სტიქაროსანი, იმყოფებოდა ახალციხის ეპარქიაში ტაძრების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ აურიდებია თავი სამხედრო ვალდებულებისათვის და არ ჩაუდენია ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო მხოლოდ საპატიო მიზეზით, რაც შემდგომში სასამართლომ მხედველობაში მიიღო გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენის საკითხის გადაწყვეტისას და აღნიშნული გარემოება საპატიოდ ჩათვალა.

საჩივრის ავტორის განმარტებით, მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, არ აქვს შესაძლებლობა გადაიხადოს დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი, იგი არის მრავალშვილიანი ოჯახის წევრი, ჰყავს სამი არასრულწლოვანი და-ძმა, პირადად არ აქვს არანაირი შემოსავალი, ხოლო მის ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა გადაიხადოს მისთვის დაკისრებული სახდელი.

საჩივრის ავტორი ითხოვს გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის დადგენილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზეც დგინდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობა ან არარსებობა, პირის ბრალეულობა მის ჩადენაში და სხვა გარემოებები. მტკიცებულებებს წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება და სხვა დოკუმენტები.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971-ე მუხლის თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან თავის არიდების მიზნით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ.მ.-ს გაეგზავნა უწყება ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში 2015 წლის 22 სექტემბერს 11 საათზე გამოცხადების შესახებ, რომელიც 2015 წლის 18 სექტემბერს ჩაჰბარდა მ.მ.-ის დედას - ი.ა. -ს.

დადგენილია, რომ 2015 წლის 25 სექტემბერს ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მიერ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი NXX მ.მ.-ის მიმართ, მასზედ, რომ 2015 წლის 25 სექტემბერს არ გამოცხადდა გამწვევ კომისიაზე და არც გამოუცხადებლობის მიზეზი შეატყობინა, რითაც დაირღვა ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მოთხოვნა.

საქმეში არსებული სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზის გ.ს.-ის ცნობით ირკვევა, რომ 2015 წლის 23 სექტემბრიდან 01 ოქტომბრამდე და 2015 წლის 17 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით მ.მ. იმყოფებოდა ახალციხის ეპარქიაში ტაძრების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისთვის.

საქმეში არსებული 2015 წლის 27 ოქტომბრის NXX-XX/XXXX ცნობით ირკვევა, რომ მ.მ. 2015 წლის 21 ოქტომბერს გაწვეულ იქნა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის გამწვევი კომისიის მიერ, მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ ცნობილი იქნა ვარგისად სამხედრო სამსახურისათვის და ჩაირიცხა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენინტენციურ დეპარტამენტში.

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით, ასევე თვით სამართალდამრღვევის ჩვენებებით დადგენილია, რომ მ.მ.-ის მიერ ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რაც გამოიხატა იმაში, რომ იგი არ გამოცხადდა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო განყოფილებაში გამწვევ სამედიცინო კომისიაზე, რითაც თავი აარიდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდას.

ამასთან, სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაშინ საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მცირემნიშვნელოვან სამართალდარღვევად შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით აკრძალული ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც მართალია შეიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ ქმედებაში გამოხატული ბრალეულობის ხარისხის, დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით, მისი გულწრფელი აღიარების საფუძველზე, მიზანშეუწონელს ხდის მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მთავარ მიზანს წარმოადგენს არა სუბიექტის დასჯა, არამედ პრევენციული და აღმზრდელობითი ღონისძიებების განხორციელება, რათა შემდგომში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი გადაცდომა. ყოველი კონკრეტული საქმის განხილვის პროცესში, სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს არსებული სიტუაციის თავისებურება, გადაცდომის ხასიათი და სახდელის შეფარდების პროცესში იხელმძღვანელოს თანაზომიერების პრინციპით, რაც გამოიხატება კანონით დაცულ ინტერესებს შორის ბალანსის დადგენაში.

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მკაცრი სახის სახდელის გამოყენება და სამართალდამრღვევის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებაზე თავშეკავება უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, უკეთუ ნაკლებად მკაცრი სახის სახდელი ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სამართალდამრღვევი ადრე მხილებული არ არის ადმინისტრაციულ გადაცდომაში, პირმა აღიარა და დაადასტურა გადაცდომის ჩადენის ფაქტი, ასევე ამ დროისთვის იგი გაწვეულია სამხედრო სამსახურში და ჩაირიცხა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენინტენციურ დეპარტამენტში. ყოველივე აღნიშნული კი სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იძლევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის №4-479-15 დადგენილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი დადგენილება; მ.მ. (პირადი ნომერი XXXXXXXXXXX) ცნობილი უნდა იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971-ე მუხლის პირველი ნაწილით და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22–ე მუხლის საფუძველზე მ.მ. უნდა გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და უნდა მიეცეს სიტყვიერი შენიშვნა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე, 273-ე, 278-ე, 279-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.მ.-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის №4-479-15 დადგენილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი დადგენილება;
3. მ.მ. (პირადი ნომერი XXXXXXXXXXX) ცნობილ იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971-ე მუხლის პირველი ნაწილით, მაგრამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22–ე მუხლის საფუძველზე მ.მ. გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და მიეცეს სიტყვიერი შენიშვნა;
4. დადგენილება საბოლოოა და არ საჩივრდება.


მოსამართლე მერაბ ლომიძე