საქმის ნომერი: 2ბ/2038-14
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ხათუნა არევაძე(თავმჯდომარე), ლილი ტყემალაძე, ვანო წიკლაური,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/2038-14 (2014-05-22), www.temida.ge
საქმის № 2ბ/2038-14

განჩინება
საქართველოს სახელით
       22 მაისი, 2014 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე:
ხათუნა არევაძე
მოსამართლეები:
ლილი ტყემალაძე, ვანო წიკლაური,

კერძო საჩივრის ავტორი – თ. ბ.
მოწინააღმდეგე მხარეები – რ. კ., დ. მ.
გასაჩივრებული განჩინება – თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება; ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

სააპელაციო სასამართლომ გამოარკვია:
2011 წლის 14 დეკემბერს თელავის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა თ. ბ.-მ მოპასუხეების _ რ. კ.-ს, დ. მ.-ს მიმართ და აღნიშნა, რომ 2003 წელს შეიძინა ქ. თელავში, ალაზნის გამზირზე მდებარე 750 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; ამ ნაკვეთზე მეუღლესთან ერთად ააშენა კომერციული ფართი, რომლის ფასადი სრულად დასრულდა, ხოლო შიგნით ნაგებობა კარკასულ მდგომარეობაში დარჩა თანხების უქონლობის და მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

მოსარჩელის განმარტებით, მისმა უახლოესმა ნათესავმა _ რ. კ.-მ, შეთავაზა მშენებლობის დასრულება ბანკიდან აღებული სესხით, რისი უზრუნველყოფის საშუალებაც სწორედ აღნიშნული უძრავი ქონება იქნებოდა. მხარემ მიუთითა, რომ ამ შეთანხმების განხორციელების მიზნით მან 2006 წლის 21 ნოემბერს რ. კ.-ს სახელზე გასცა მინდობილობა; რ. კ.-მ ბანკიდან აიღო სესხი, დაასრულა შენობა და ობიექტი შევიდა ექსპლუატაციაში, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კომერციული საქმიანობა ამ ობიექტში 2008 წლიდან მიმდინარეობდა და მოპასუხე იღებდა სოლიდურ შემოსავალს, მას (თ. ბ.-ს) არ აძლევდა სარგებელს; მოსარჩელის მხრიდან, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, თანხის მოთხოვნის თაობაზე მიმართვისას, მან განაცხადა, რომ სარგებელს ვერ იღებდა. თ. ბ.-ს სასარჩელო განცხადების მიხედვით, საჯარო რეესტრში მისვლისას მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2011 წლის 14 სექტემბერს რ. კ.-ს დასახელებული უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულებით გადაუფორმებია მეუღლის _ დ. მ.-სათვის.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეებს _ რ. კ.-სა და დ. მ.-ს შორის გაფორმებული 2011 წლის 14 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას და მხარეები არ ისახავდნენ მიზნად შედეგს, რაც მისგან მომდინარეობს; მოპასუხემ კანონსაწინააღმდეგოდ, ბოროტად გამოიყენა ნდობა მოსარჩელისა, რომელიც არასდროს არ ისახვდა მიზნად კომერციული ფართის გასხვისებას.

ზემოაღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, მოსარჩელემ – თ. ბ.-მ მოითხოვა რ. კ.-სა და დ. მ.-ს შორის გაფორმებული 2011 წლის 14 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც მოჩვენებითი გარიგების, ბათილად ცნობა.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ თელავის რაიონულ სასამართლოში მოცემული სარჩელის განხილვის მიზნით ჩატარდა რამდენიმე სხდომა; 2012 წლის 07 მარტის სხდომაზე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებით დამტკიცდა მხარეთა და მათ წარმომადგენელთა მიერ ხელმოწერილი, ამავე თარიღით შედგენილი მორიგების აქტი, რომლის მიხედვით მხარეები მორიგდნენ შემდეგი პირობებით:

1. მოსარჩელე თ. ბ.-მ იკისრა ვალდებულება დ. მ.-ს წინაშე, რომ მორიგების აქტზე ხელმოწერიდან 15 (თხუთმეტი) თვის განმავლობაში თავისუფალი გადახდის პრინციპით, თანხის ერთჯერადად გადახდის გზით, გადაუხდიდა 15 000 აშშ დოლარს, რის სანაცვლოდ, დ. მ. ვალდებული იქნებოდა უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თელავი, ა.-ს გამზირი, მიწის ნაკვეთი ფართით 750 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობაზე (განაშენიანების ფართი 187.2 კვ.მ) უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №XX.XX.XX.XXX ,გადაეცა მისთვის საკუთრების უფლება.

2. მოსარჩელე თ. ბ.-მ აიღო ვალდებულება რ. კ.-ს წინაშე, რომ შეასრულებდა შემდეგი სახის ვალდებულებას: ყოველთვიურად გადაიხდიდა რ. კ.-ს სასარგებლოდ 373 აშშ დოლარს, ან/და აღნიშნულ თანხას გადაიხდიდა სს ,,პ. ბ-ში”, რაც მოემსახურებოდა სს ,,პ. ბ.-სა” და რ. კ.-ს შორის დადებული 27.07.2011წ. NXX.XXX სესხის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანების დაფარვას.

ზემოაღნიშნული მორიგების პირობების უზრუნველყოფის მიზნით მხარეები შეთანხმდნენ, რომ :

3. მორიგების აქტის მე-2 პუნქტში მითითებული ვალდებულების შესრულების თ. ბ.-ს მიერ ისეთი დარღვევა, რომელსაც შესაძლოა გამოეწვია სს ,,პ. ბ.-ს” მიერ სასამართლოსათვის სასარჩელო განცხადებით მიმართვა რ. კ.-ს წინააღმდეგ სესხის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით, განიხილებოდა თ. ბ.-ს მხრიდან წინამდებარე მორიგების აქტის პირობების დარღვევად, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას დაეკარგებოდა მორიგების აქტის პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების 15 თვის განმავლობაში გამოსყიდვის უფლება.

4. მორიგების აქტის პირველ პუნქტში მითითებულ ვადაში უძრავი ქონების თ. ბ.-ს სახელზე აღრიცხვის შემდგომ თ. ბ.-ს იპოთეკით უნდა დაეტვირთა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თელავი, ა.-ს გამზირზე მიწის ნაკვეთის ფართით 750 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა განაშენიანების ფართით 187. 2 კვ.მ საკადასტრო კოდით NXX.XX.XX.XXX. ამავე მორიგების აქტის მე-2 პუნქტში მითითებული ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით რ. კ.-ს სასარგებლოდ.

5. მორიგების აქტის მე-4 პუნქტში მითითებული იპოთეკა გაუქმდებოდა მას შემდეგ, რაც თ. ბ.-ს მიერ მორიგების მე-2 პუნქტის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შედეგად შეწყდებოდა სს ,,პ. ბ.-სა” და რ. კ.-ს შორის 27.07.2011დადებული NXX.XXX სესხის ხელშეკრულება მისი შესრულების საფუძვლით.

6. დ. მ.-მ ვალდებულება იკისრა, რომ არ გაასხვისებდა ან უფლებრივად არ დატვირთავდა უძრავ ქონებას, მდებარე ქ. თელავი, ა.-ს გამზირი, მიწის ნაკვეთის ფართით 750 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა განაშენიანების ფართით 187.2 კვ.მ, საკადასტრო კოდი NXX.XX.XX.XXX, მორიგების აქტის პირველ პუნქტში გათვალისწინებული მოსარჩელის უფლების რეალიზაციამდე, ამავე პუნქტში გათვალისწინებული ვადით.

7. მორიგების აქტის გაფორმებიდან შემდგომი 15 (თხუთმეტი) თვის განმავლობაში ობიექტის ექსპლუატაციას, მდებარე ქ. თელავი, ა.-ს გამზირზე საკადასტრო კოდით NXX.XX.XX.XXX, განახორციელებდა მოსარჩელე თ. ბ.; ამასთან დ. მ. და თ. ბ. შეთანხმდნენ, რომ მორიგების პირველ პუნქტში მითითებული ვადის გასვლამდე, თ. ბ.-ს მიერ უძრავი ქონების მყიდველის მოძიების შემთხვევაში, დ. მ. ვალდებული იქნებოდა გაეფორმებინა ნასყიდობის ხელშეკრულება.

8. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაუქმებულიყო სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოხსნოდა უძრავ ქონებას, მდებარე ქ.თელავი, ა.-ს გამზირი, საკადასტრო კოდი NXX.XX.XX.XXX.

თელავის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოდგენილი მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს, რის გამოც დაამტკიცა მხარეთა შორის მორიგება და შესაბამისად , სამოქალაქო
საქმის წარმოება თ. ბ.-ს სარჩელზე მოპასუხეების რ. კ.-ს და დ. მ.-ს მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე შეწყდა.

2012 წლის 7 მარტის განჩინებით მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ მხარეებს განემარტათ, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება; განჩინებაში მითითებულია, რომ მორიგების პირობების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში აღსრულება მოხდებოდა იძულებითი წესით;
საქმის მასალებით ირკვევა, რომ მხარეებს სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის განჩინება მათ შორის დავაზე მიღწეული მორიგების დამტკიცების თაობაზე, არ გაუსაჩივრებიათ და შესაბამისად, აღნიშნული განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში;

ი. ბ.-მ 2012 წლის 24 მაისს განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. განმცხადებელმა ასევე მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების აღსრულების შეჩერება.

ი. ბ.-მ მიუთითა, რომ იგი წარმოადგენდა თ. ბ.-ს მეუღლეს; სასამართლოს მიერ მხარეთა მორიგების დამტკიცების თაობაზე მიღებული განჩინებით დაირღვა მისი უფლება; კერძოდ, განმცხადებლის განმარტებით, მორიგება უშუალოდ ეხება ქონებას, რომელიც ქორწინების პერიოდშია შეძენილი და აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოადგენს თანასაკუთრებას, რომელზედაც მასსა და თ. ბ.-ს გააჩნიათ თანაბარი უფლებები; განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მან ვერ გააკონტროლა მეუღლის მოქმედება; ამ გარემოებით ამასთან, თ. ბ.-ს მდგომარეობით, ისარგებლეს მოწინააღმდეგე მხარეებმა _ რ. კ.-მ, დ. მ.-მ და თ. ბ.-ს ხელი მოაწერინეს კაბალურ მორიგების აქტზე; იმის გათვალისწინებით, რომ ქონება, რომელზეც გაფორმდა მორიგების აქტი, წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას, სასამართლოს ი. ბ. დავის განხილვისას უნდა მიეწვია დაინტერესებულ პირად.

აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით განმცხადებელმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

თელავის რაიონულის სასამართლოს 2012 წლის 14 ივნისის განჩინებით, ი. ბ.-ს განცხადება, თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 07 მარტის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა;

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლზე, რომლის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ:
ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში;
ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე;
გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლზე და განმარტა, რომ ქმედუნარიანობა არის ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. ამავე მუხლის მე-5 ნაწილი მიუთითებს, რომ უუნაროდ მიიჩნევა პირი, რომელიც ჭკუასუსტობის ან სულით ავადმყოფობის გამო სასამართლოს მიერ ასეთად იქნება აღიარებული. განსახილველი ნორმების დეფინიციიდან გამომდინარე, პირის ქმედუუნაროდ ცნობისათვის აუცილებელია სასამართლოს გადაწყვეტილება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. სასამართლომ აღნიშნა, რომ არც საქმის სასამართლოში განხილვის დროს (2011-2012 წელი) და არც განცხადების განხილვისას, მხარის მიერ წარდგენილი არ არის თ. ბ.-ს ქმედუუნარობის დამადასტურებელი სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც მის მიერ ხელმოწერილი მორიგების აქტის ნამდვილობას საეჭვოდ გახდიდა.

რაც შეეხება განმცხადებლის მითითებას, რომ იგი სასამართლოში საქმის წარმოების დროს იყო იმ ქონების თანამესაკუთრე, რომელიც წარმოადგენდა დავის საგანს და აღნიშნულიდან გამომდინარე იგი სასამართლო სხდომაზე მიწვეული უნდა ყოფილიყო, როგორც დაინტერესებული პირი, სასამართლო მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლზე, 312-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ თ. ბ.-ს მიერ 2011 წლის 14 დეკემბერს აღძრულ სასარჩელო განცხადებას ერთვის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სადაც უძრავი ქონების მდებარე ქ. თელავი, ა.-ს გამზირზე, მიწის ნაკვეთის ფართი 750 კვ.მ და მასზე არსებული შენობა ნაგებობის (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი XX.XX.XX.XXX) ერთპიროვნულ მესაკუთრეს წარმოადგენს თ. ბ. და მასზე ი. ბ.-ს თანასაკუთრება არ არის რეგისტრირებული.

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლზე და განმარტა, რომ მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კოდექსის 1159-ე მუხლის მიხედვით თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.

ამავე კოდექსის 1160-ე მუხლის თანახმად მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ: ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ; ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას. მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი.

ამასთან, სასამართლომ განუმარტა განცხადებელს, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 07 მარტის განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტის მიხედვით გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ უძრავი ქონება, რომელიც დღეის მდგომარეობით ირიცხება მოპასუხე დ. მ.-ს სახელზე საკუთრების უფლებით უკან უბრუნდება თ. ბ.-ს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ი. ბ.-ს განცხადება კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 ივნისის განჩინებით ი. ბ.-ს განცხადება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებებზე 2012 წლის 27 ივნისს კერძო საჩივარი წარადგინა ი. ბ.-სა და თ. ბ.-ს წარმომადგენელმა - რ. ჭ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება.

თ. ბ.-ს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 26 სექტემბრის განჩინებით დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული განჩინებებით არ განსაზღვრულა თ. ბ.-ს უფლებები და ვალდებულებები.

სააპელაციო სასამართლომ კერძო საჩივრის ავტორს განუმარტა, რომ საქმეზე, რომელზეც მის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, საქმის წარმოების განახლების საკითხი შეიძლება დაისვას მხოლოდ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-432-ე მუხლებით დადგენილი წესით.
რაც შეეხება ი. ბ.-ს კერძო საჩივარს, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 ივნისის განჩინებები გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების განცხადებაზე უარის თქმის და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლზე, 312-ე მუხლზე, მე-12 მუხლის პირველ ნაწილზე და ასევე აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ თ. ბ.-ს აღენიშნებოდა გარკვეული შეზღუდული შესაძლებლობა, ეს არ გამორიცხავდა მის მიერ თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განხორციელების უნარის ქონას. იგი წარმოადგენდა ქმედუნარიან პირს, ვინაიდან აღნიშნულის საწინააღმდეგო განმცხადებლის მიერ შესაბამისი მტკიცებულებით ვერ იქნა დადასტურებელი.

2014 წლის 24 თებერვალს თელავის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა თ. ბ.-მ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო №2/622-11 სამოქალაქო საქმეზე თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

1. სისხლის სამართლის №XXXXXXXXXXX საქმეზე თელავის რაიონული პროკურორის 2013 წლის 07 ივლისის დადგენილებით, დადგინდა, რომ რ. კ.-სა და დ. მ.-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებითი გარიგებაა; ეს გარემოება ადასტურებს, რომ მხარეთა შორის თელავის რაიონული სასამართლოს 2102 წლის 07 მარტის განჩინებით დამტკიცებულ მორიგებას საფუძვლად ედო ამგვარი ნასყიდობის ხელშეკრულება. სასამართლოში ამ მტკიცებულების წარდგენა იმ პერიოდში შეუძლებელი იყო.

2. თ. ბ.-მ ვალდებულებებიდან უპირატესობა მიანიჭა სს ,,პ. ბ.-თან” არსებულ ვალდებულებას, რადგან მისი შესრულების შეფერხების ან გაჭიანურების შემთხვევაში, ბანკი თავის ინტერესებს უდავოდ დაიკმაყოფილებდა და იპოთეკით დატვირთული ქონების გასხვისების საშიშროება უფრო დიდი იყო. მხარეს, სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლება ჰქონდა, აერჩია რომელი ვალი დაეფარა. ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თავდაპირველად უნდა შესრულდეს ის მოთხოვნა, რომელიც მოვალისათვის შესასრულებლად ყველაზე მძიმეა.
განმცხადებლის განმარტებით, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ბანკის ვალის დაფარვა მისთვის უფრო მძიმე იყო.
3. თ. ბ. მიუთითებს, რომ მის მიერ რ. კ.-ს სახელზე გაცემული მინდობილობით, მხარემ 2011 წლის 27 თებერვალს სს ,,პ. ბ.-თან” დადო სესხისა და იპოთეკის №XX.XXX ხელშეკრულება და აიღო კრედიტი 20 632,41 აშშ დოლარის ოდენობით; მან ეს თანხაც მიისაკუთრა. განმცხადებლის განმარტებით, ქონების დაკარგვის შიშით, იგი იძულებული გახდა წასულიყო მორიგებაზე და 2012 წლის 07 მარტის თელავის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სს ,,პ. ბ.-ს” თელავის სერვის ცენტრში, რ. კ.-ს სასარგებლოდ ყოველთვიურად იხდიდა 373 აშშ დოლარს. განმცხადებლის განმარტებით, მისი მხრიდან ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებას ადასტურებს ბანკის მიერ 2013 წლის 11 იანვარს გაცემული ამონაწერი. თ. ბ. აღნიშნავს, რომ ბანკმა მას, იმ ინფორმაციის გაცემაზე, თუ ვის მიერ დაიფარა კრედიტი, უარი უთხრა. განმცხადებლის შეფასებით, ეს გარემოება მნიშვნელოვანია, რადგან სასამართლოს განჩინების მე-5 პუნქტის მიხედვით, ნაკისრი ვალდებულების შესრულების გამო წყდება ხელშეკრულების მოქმედება და მას ეძლევა ქონების დაბრუნების რეალური შესაძლებლობა. ამავე განჩინებით დ. მ.-ს ეკრძალება ქონების გასხვისება. თვითონ სესხის დაფარვის ფაქტი, დიდი ალბათობით, ქონების გასხვისების საშიშროებაზე მიუთითებდა; განმცხადებელი აღნიშნავს, რომ შედეგმაც არ დააყოვნა და 100 000 აშშ დოლარის ქონება უძრავი ქონება ზ. მ.-ზე გაიყიდა 55000 აშშ დოლარად, ისევ აშკარა კანონდარღვევით.

თ. ბ. მიუთითებს, რომ დ. მ.-ს მხრიდან აშკარაა კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობების იგნორირება, რაც მის არაკეთილსინდისიერებას ამტკიცებს და რასაც ხელი შეუწყო ასევე ბანკის არაკეთილსინდისიერმა დამოკიდებულებამაც.
სამოქალაქო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, მოვალეს აქვს უფლება ვადამდე შეასრულოს ვალდებულება, თუკი პატივსადები მიზეზით კრედიტორი უარს არ იტყვის შესრულების მიღებაზე. თ. ბ.-ს განცხადებით, მეტიც, კანონმდებელი ითვალისწინებს მესამე პირის მხრიდან ვალდებულების შესრულებას, მაგრამ ისიც მისი, როგორც მოვალის თანხმობით.
სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით. მსგავსი შეტყობინება კი განმცხადებლის მტკიცებით მას არ მიუღია.

განმცხადებელი თ. ბ. აღნიშნავს, რომ რ. კ. და დ. მ. მორიგების მომენტშიც არ იყვნენ გულწრფელები, ისინი ანგარების მოტივით მოქმედებდნენ და არ აინტერესებდათ დადებული პირობის ბოლომდე კეთილსინდისიერად შესრულება. მათი მიერ გამოხატული ნება მოჩვენებითი იყო, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მორიგება მოჩვენებითია. შედეგი ამტკიცებს, რომ მათ სასამართლო შეიყვანეს შეცდომაში.
განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მხარესთან მორიგებისას ვერ გათვლიდა რ. კ.-სა და დ. მ.-ს არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას, რადგან ვერ წარმოიდგენდა, მათი მხრიდან სასამართლოს მიერ დამტკიცებული პირობების უარყოფას; განმცხადებელი მიიჩნევს, რომ რ. კ.-სა და დ. მ.-ს მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენება სახეზეა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ზეპირი განხილვის გარეშე შეისწავლა თ. ბ.-ს განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად და 2014 წლის 26 თებერვლის განჩინებაში აღნიშნა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 07 მარტის განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, უსაფუძვლოა;

კერძოდ, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მესამე ნაწილზე და აღნიშნა, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტები და მტკიცებულებები არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ მხარემ არ იცოდა აღნიშნული ფაქტის თაობაზე, ამასთან, მას თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე;
თელავის რაიონულ სასამართლოს 2012 წლის 24 მაისს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა ი. ბ.-მ. განმცხადებელმა, მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 07 მარტის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება. განმცხადებელმა ასევე მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების აღსრულების შეჩერება.

თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ი. ბ.-ს განცხადება თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 07 მარტის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლებაზე; ასევე არ დაკმაყოფილდა ი. ბ.-ს მოთხოვნა სასამართლოს განჩინების აღსრულების შეჩერების თაობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ი. ბ.-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 ივნისის განჩინებები განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის განახლების განცხადებაზე უარის თქმის და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ.

თ. ბ.-ს მხრიდან არ შესრულდა თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 07 მარტის განჩინებით დამტკიცებული მხარეთა შორის მორიგების პირობებით გათვალისწინებული ვალდებულება (მორიგების აქტზე ხელმოწერიდან 15 (თხუთმეტი) თვის განმავლობაში თავისუფლი გადახდის პრინციპით, თანხის ერთჯერადად გადახდის თაობაზე.

დ. მ.-ს მხრიდან შესრულებულია იმავე განჩინებით ნაკისრი ვალდებულება (არ გაასხვისებინა ან უფლებრივად არ დაეტვირთა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თელავი, ა.-ს გამზირზე მიწის ნაკვეთის ფართით 750 კვ.მ. და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა განაშენიანების ფართით 187.2 კვ.მ. საკადასტრო კოდით №XX.XX.XX.XXX. მორიგების აქტის პირველ პუნქტში გათვალისწინებული მოსარჩელის უფლების რეალიზაციამდე ამავე პუნქტში გათვალისწინებული ვადით).

სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებელმა თ. ბ.-მ ვერ მიუთითა გარემოებები და ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა შესახებაც თავისი ბრალის გარეშე არ შეეძლო გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა და რომლებიც ადრე რომ წარედგინა სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

შესაბამისად, თელავის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა №2/622-11 სამოქალაქო საქმეზე, თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 07 მარტის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

თელავის რაიონულ სასამართლოში 2014 წლის 21 მარტს კერძო საჩივარი წარადგინა თ. ბ.-მ; კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 თებერვლის განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განხილვის მიზნით იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლისათვის.

კერძო საჩივრის ავტორი 2014 წლის 26 თებერვლის განჩინებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს, ასევე განმარტავს, რომ მოსამართლე - ლ. დ.-ს არ ჰქონდა უფლება განეხილა აღნიშნული საქმე, რადგან მან ყადაღის დადებასთან დაკავშირებით საჩივარი 2013 წლის 6 ნოემბრის განჩინებაზე ზეპირი მოსმენით განიხილა და აღნიშნული განჩინება თავისივე 2013 წლის 28 ნოემბრის განჩინებით უსაფუძვლოდ გააუქმა. თ. ბ. მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლზე და განმარტავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არაუფლებამოსილი პირის მიერ არის გამოტანილი.

თ. ბ. არ ეთანხმება თელავის რაიონული სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მან არ შეასრულა მორიგების პირობა გადაეხადა 15 თვეში 15 000 აშშ დოლარი დ. მ.-ს სასარგებლოდ. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მის მიერ წარმოდგენილი, განცხადებაზე თანდართული დოკუმენტები სასამართლომ არ შეაფასა და არ უმსჯელია განჩინების მიღებისას მათ შესახებ.

თ. ბ. კერძო საჩივარში უთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ თელავის რაიონული პროკურორის 2013 წლის 7 ივლისის დადგენილება, რომლითაც დადგინდა როლანდ კობრიშვილისა და დ. მ.-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებითობა, წარმოადგენს ახალ გარემოებას და მის წარდგენას 2012 წლის 7 მარტის განჩინების გამოტანისას ვერ შესძლებდა.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განიხილა თ. ბ.-ს კერძო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს; შესაბამისად, თელავის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს ძალაში შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამ მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ამავე კოდექსის 390-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. ამ მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წინამძღვრები.
მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნული ნორმის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე”-„ვ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
ამდენად, მითითებული ნორმა ადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების, ანუ ფაქტობრივად საქმის ხელახლა განხილვის შესაძლებლობას, თუ მხარისათვის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ცნობილი გახდება საქმის განხილვისას მისთვის უცნობი რაიმე გარემოება, ან მტკიცებულება, რომლებიც საქმის განხილვის სტადიაზე ცნობილი თუ იქნებოდა სასამართლოსათვის, გამოიწვევდა სხვაგვარი, მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების დადგენას.
ასეთ მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული სისხლის სამართლის NXXXXXXXXXXXX საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ 2013 წლის 7 ივლისის დადგენილება, (მასში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის საქმე თ. და ი. ბ.-ების მიმართ განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურორის 2012 წლის 4 დეკემბრის დადგენილებით საქართველოს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. ჩატარებული გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ რ. კ.-ს მიერ ქ. თელავში, ა.-ს გამზირზე მდებარე 750 კვ.მ. კომერციული ფართი, მასზე არსებული შენობა - ნაგებობით გადაცემულია დ. მ.-ზე, არა მოტყუებით, არამედ თ. ბ.-ს მიერ 2006 წლის 21 ნომებრის სანოტარო აქტით გაცემული მინდობილობის საფუძველზე; დადგენილებაში მითითებულია, რომ, მართალია, 14.09.2011 წელს რ. კ.-სა და დ. მ.-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება არის მოჩვენებითი გარიგება, რომელიც დადებულია იმ გაზრახვის გარეშე, რომ მას მოჰყვეს შესაბამისი იურიდიული შედეგები, თუმცა აღნიშნული საჭიროებს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით საქმის განხილვას და მის შეფასებას სასამართლოს მიერ).
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2011 წლის 14 დეკემბერს თელავის რაიონულ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში 14.09.2011 წელს რ. კ.-სა და დ. მ.-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას თ. ბ. მოითხოვდა სწორედ იმ საფუძვლით, რომ მისი შეფასებით, აღნიშნული ხელშეკრულება წარმოადგენდა მოჩვენებით გარიგებას; ამასთან, სააპელაციო სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ მითითებული სარჩელის სასამართლოში წარდგენის შემდეგ მხარეები მორიგდნენ და შესაბამისად, მათ შორის დავა შეწყდა მათი და ასევე წარმომადგენლების მხრიდან ხელმოწერილი მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების შედეგად; შესაბამისად, სასამართლოს არ მიუღია სარჩელზე გადაწყვეტილება მისი დაკმაყოფილების ან უარყოფის თაობაზე და არ დამდგარა სასამართლოს მხრიდან ნასყიდობის ხელშეკრულებაზე მსჯელობის, მისი სამართლებრივი შეფასების საჭიროება, მოსარჩელის მხრიდან ამგვარი ნების არარსებობის და მისი მხრიდან მორიგების პირობებზე თანხმობის გაცხადების გამო.
წარმოდგენილი მასალების და განმცხადებლის მოსაზრებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარისათვის (განმცხადებლისათვის) საქმის წარმოების მორიგებით დასრულების შემდეგ, არ გამხდარა ცნობილი ისეთი გარემოების არსებობის შესახებ, რაც სსს კოდექსის 423-ე მუხლის შესაბამისად, შექმნიდა მხარეთა შორის მორიგებით დასრულებულ დავაზე საქმის წარმოების განახლების პროცესუალურ წინაპირობას;
აქვე სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების, ამ შემთხვევაში, მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განჩინების, გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით სასამართლოში წარდგენილი განცხადების განხილვის პროცესუალურ რეჟიმში, არ არსებობს პროცესის მონაწილე პირთა მხრიდან მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების კვლევის საჭიროება; აქედან გამომდინარე, განმცხადებლის მითითება იმის თაობაზე, რომ მან შეასრულა მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულება, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ კი არა, არ წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების წინაპირობას;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419–ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი სასამართლო კერძო საჩივრის თაობაზე განჩინებას იღებს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე; სასამართლოს შეუძლია დაადგინოს კერძო საჩივრის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს შეუწყობს საქმის გარემოებების გარკვევას.
მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი კერძო საჩივრის (საქმის წარმოების განახლების თაობაზე მხარის მიერ მითითებული არგუმენტების და დასახელებული გარემოების) და საქმის მასალების მიხედვით, არ არსებობს კერძო საჩივრის ზეპირი განხილვის საჭიროება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე, არ გასაჩივრდება.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 394-ე, 419-ე, 420-ე,423-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ბ.-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ამ საქმეზე თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 განჩინება დარჩეს უცვლელი.
3. განჩინება არ საჩივრდება.